დამპყრობთა ნების აღმასრულებლები ქართველთა სახელმწიფოს წინააღმდეგ (ნაწილი პირველი) ორმანიანის ჰიპოთეზის შემდეგი მთავარი დებულება ეხება სომხური ეკლესიის ,,გამარჯვებას’’ ქართულ ეკლესიაზე, რაც მისი რწმუნებით, დაკავშირებულია ამ უკანასაკნელის ავტოკეფალიის გაუქმებასთან ერთმორწმუნე რუსული ეკლესიისაგან. მაგრამ, რადგან რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობა მხოლოდ ბოლო საუკუნეებს განეკუთვნება, ქართულ ეკლესიასთან სომხური ეკლესიის დამოკიდებულების საკითხი რუსული ეკლესიის გარეშე თავისთავადაც იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სარწმუნოებრივი მრწამსის გამართლებისა და გამტყუნების თვალსაზრისით, მით უფრო, რომ მისი დებულება სწორედ ამ ეკლესიებს გულისხმობს, როდესაც გვამცნობს: ,,თითქმის 1300 წლიანი ბრძოლა ქართული და სომხური ეკლესიებისა სომხების გამარჯვებით დამთავრდა’’. მაგრამ, ვიდრე ამ საბრძოლო ბატალიების შესატყვისი ტერმინების განმარტებაზე გადავიდოდეთ და ნათელვყოფდეთ, თუ სინამდვილეში ვისი გამარჯვებით დამთავრდა ეს ბრძოლა, ჯერ იმ მიზეზ-შედეგობრიობის არსში გავერკვეთ, რაც ამ ორი ერის ამოსავალ პრინციპებს განსაზღვრავდა სარწმუნოებრივ დავაში არგუმენტების მოხმობისას, იმ პერიოდისათვის, როდესაც ეკლესიებს შორის საბოლოო განხეთქილების პირობების წარმოშობა ხდებოდა. წინა თავში უკვე მოვუთხრეთ მკითხველს, რომ მას შემდეგ, რაც სპარსი დამპყრობლებისაგან დაშინებული და მოქრთამული სომხური ეკლესიის მესვეურები განუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, თავიანთი ვასალური ერთგულების ჯილდოდ მიიღეს კონფესიური პრივილეგირების უფლება, რადგან სპარსელები ყველა ქრისტიან ქვეშევრდომ ქვეყანას აიძულებდნენ მიეღოთ ე.წ. ,,სომხური სარწმუნოება’’, რომელიც სპარსთა პოლიტიკური ბატონობის იარაღს წარმოადგენდა დაპყრობილ ქვეყნებში და დამპყრობლის ამგვარ საეკლესიო პოლიტიკას ჩვეული თავდადრეკილი მორჩილებით ახორციელებდა სომხური ეკლესია.* ამრიგად, სომხებმა არათუ თვით დათმეს რჯული და გადაუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არამედ მეზობელი ქვეყნების გადაბირებაცა და მათი იდეოლოგიურად სპარსეთის მორჩილებაში ჩაყენებაც იდეს თავს, რაც, ცხადია, სიუზერენის პოლიტიკური ზეგავლენის ზრდას ემსახურებოდა. სათაანდო სარწმუნოებრივი მიზანდასახულობა ავლენდა თავს მათს, ერთი შეხედვით, სასულიერო მისიონერულ მოღვაწეობაში. საუკეთესო მადასტურებელი მაგალითი ამგვარი დამოკიდებულებისა გახლავთ ფრაგმენტი მოსე ეპისკოპოსის წერილიდან აბრაამ სომეხთა კათალიკოსის მიმართ, რომელსაც იგი ახარებდა: ,,იყოს თქვენ სასიქადულოდ ქრისტეს მიმართ, თუ მე მომეცემა მადლი უფლისაგან, რომ ვიქადაგო ქართლიდან ალბანთა ქვეყნამდი, გამოუკვლეველი სიდიადე ქრისტეს დიდებისა და ესოდენი ხალხი შეგძინო’’. როგორც ხედავთ, აქ უნებურად გამხელილია მთავარი საგანი სომეხი სასულიერო მოღვაწის მცდელობისა - ,,ესოდენი ხალხის შეძენის’’ შესახებ - მეზობლებისაგან ჭეშმარიტი აღმსარებლობის დათმობის ხარჯზე. მსგავსი ფაქტები საკმაოდ უხვად მოიპოვება სომხურ საისტორიო წყაროებში, რომლებიც მეტყველებენ სომეხთაგან ,,ბარბაროსულ’’ (მსგავსი სახელდება აცხოველებდა და მნიშვნელობას მატებდა ,,მისიონერულ’’ მოღვაწეობას) ქვეყნებში - იბერიასა და ალვანეთში ,,განმანათლებლური’’ მისიით განწესებულ სომეხთა შესახებ.** ასეთი ,,მისიონერული მოღვაწეობა’’ სრულიად განსაკუთრებულ აქტუალობას იძენდა VI საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც საქვეყნოდ გაცხადდა სომეხთა ადრინდელი განაზრახი და რაც დვინის II საეკლესიო კრებაზე ქართველები და ალბანელები (მოგვიანებით სომეხთაგან ბარბაროსებად შერაცხულნი) გაემიჯნენ სომხების მწვალებლურ ეკლესიას. ამ მოვლენას თვით სომხური საეკლესიო ქრონიკა (XIV საუკუნისა) შემდეგი სახით გადმოგვცემს: ,,უფალი ნერსეს ბაგრევანდელი სოფელ აშტარაკიდან - 5 წელი. მან მოიწვია კრება დვინში სპარსელთა მეფის ბრძანებით ბერძენთაგან გამოსაყოფად... ამ კრებაზე ქართველები განდგნენ სომხებთან ერთობისაგან’’. ეს ფაქტი სომეხთა ჭეშმარიტ სარწმუნოებისაგან განდგომისა სათანადოდაა შეფასებული ქართულ საეკლესიო მატიანეშიც, რაც თავის ასახვას ჰპოვებს ,,საქართველოს სამოთხეში’’: ,,უარყოფობისა სომეხთა მიერ წმ. მართლმადიდებლობისასა 551 წ. კავშირი სიყუარულისა და ერთობისა სარწმუნოებისა სრულიად დაირღვა და იმ დროიდგან, ვიდრე აქამომდე შური და მტერობა ფრიადი დაემკვიდრა სომეხთა - ერთმხრივ და ბერძენთა და ქართველთა თანა - მეორეს მხრივ’’. ხოლო ამ მოვლენიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ კიდევ ერთ მრავლისმეტყველ ცნობას გვთავაზობს VII საუკუნის დამლევის უსახელო თხზულება, რომელსაც ეწოდება: ”Narratio de rebus Armeniae”, სადაც აღნიშნულია, რომ ,,574 წელს ბიზანტიიდან სომხეთში დაბრუნებულმა მონოფიზიტმა სომხებმა ქართველებსა და ალბანელებს სთხოვეს მათთან ერთად ქალკიდონიანობას წინააღდგომოდნენ, მაგრამ ალბანელებსაც და ქართველებსაც უარი უთქვამთ’’. ამრიგად, VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართველებს ფაქტიურად უკვე გარკვეული ჰქონდათ თავიანთი სარწმუნოებრვი პოზიცია და ფრანგი მეცნიერის, ჟერარ გარიტის სამართლიანი შეხედულებით, ”Narratio”-ს ეს მნიშვნელოვანი ცნობა იმის მაჩვენებელია, რომ სომხურ ეკლესიასთან საბოლოო განხეთქილებამდე ქართლის ეკლესია აშკარად ქალკედონურ პოზიციებზე იმყოფებოდა. ამიტომაც იყო, რომ ამ ხანებში სომხურმა ეკლესიამ გაააქტიურა საეკლესიო ექსპანსია და განსაკუთრებით ქმედით ღონისძიებებს მიმართავდა სწორედ VI საუკუნის მიწურულიდან - პოლიტიკური ვითარება მათთვის იმჟამად ყოველნაირად ხელსაყრელი იყო: ირანის შაჰის, ხოსრო II-ის კარზე ფრიად მოსურნენი იქნებოდნენ, თუ ქართველები მშვიდობიანად გადავიდოდნენ მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე, ხოლო ინიციატივას თვით სომხები იჩენდნენ, რომლებიც შაჰის ამ ნება-სურვილს ქართლის მმართველ წრეებზე ზემოქმედების საშუალებად იყენებდნენ. ამ საქმეში მათ გავლენიანობითა და პოლიტიკურ ხვანჯებში გამოცდილი ღირსებით შემკული პიროვნება ესაჭიროებოდათ წინამძღოლად და ისიც დროულად მოიძებნა სომეხთა კათალიკოსის, აბრაამის სახით. ეს ის აბრაამ კათალიკოსი გახლავთ, რომელიც, როგორც გახსოვთ, ხოსრო მეფემ ,,კათალიკოსად დაიდგინა’’, როდესაც ,,აიძულა შეჩუენებად კრება ხალკიდონისა’’ სპარსეთის კრებაზე. სხვათა შორის, იგივე აბრაამი თავმჯდომარეობდა დვინის 608 წლის კრებას ქართველთა წინააღმდეგ. მაგრამ ამ კრების გამართვამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, იგი მცდელობას არ აკლებდა ქართველთა მონოფიზიტურ კონფესიასთან დასაახლოებლად, რამაც შედეგად დაახლოების ნაცვლად 606-608 წლების ცნობილი კონფლიქტი გამოიღო, რომელიც ბოლოსდაბოლოს სომხურ-ქართული ეკლესიების საბოლოო განხეთქილებით დასრულდა. ბუნებრივია, იგი სარწმუნოებრივ არგუმენტებს ვერ წაუყენებდა ქართველ კათალიკოსს, არამედ ასრულებდა რა თავისი უშუალო მბრძანებლის, სპარსთა უმაღლესი ხელისუფლის დავალებას, კონფესიათა შეჯერების შედეგად სიმართლის დადგენით კი არ მიუთითებდა ერთ-ერთი მათგანის მართებულობაზე, ღვთიური ჭეშმარიტების ცნობით, არამედ, ამის ნაცვლად, უფლისაგან დაწესებულ ეკლესიურ ერთობას ცვლიდა მიწიერი იერარქიის საფუძველზე შექმნილი ძალადობაზე დაფუძნებული ერთობით. ამიტომ, იგი საყვედურობდა კირიონს - ქართველთა კათალიკოსს: ,,დაუჯერებლად გვეჩვენა: უცხო სახელმწიფოსთან (ე.ი. ბიზანტიასთან - ზ.ქ.) რომ შექმნა მეფეთა-მეფის (სპარსეთის - ზ.ქ.) მონათაგანმა სიყვარული - ერთობა და ბუნებით თანამოაზრეს გაშორდე, მართლაც რომ ძლიერ მძიმეა’’. ამ მიმართვიდანაც ჩანს ავტორისაგან სარწმუნოებრივ სფეროში გარკვევის მცდელობის მოჩვენებითი ხასიათი და დავის მთელი საზრისი დადის მარტივ პოლიტიკურ ანგარიშამდე. ცხადია, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი ,,სარწმუნოებრივი’’ ცილობა ქართველთა კათალიკოსთან თანხმობას ვერ დაამყარებდა და, როდესაც აბრაამმა ვერაფერი გააწყო და პირიქით, საკადრისი პასუხი მიიღო მართლმადიდებლობიდან მწვალებლური გადახვევების გამო, მაშინ ქართველთა წინააღმდეგ სხვა ხერხს მიმართა და, როგორც არსენი კათალიკოსი გვამცნობს: ,,მაშინ სომეხთა შეასმინეს ქართლი მეფესა თანა სპარსთასა ვითარმედ ჰრომთა უპყრია სარწმუნოებაი’’; ესე იგი, სომხებმა დაასმინეს ქართველები სპარსელთა წინაშე, შენი მტრის სარწმუნოების აღმსარებლები არიანო. და არათუ დაასმინეს, თუ გავითვალისწინებთ სომეხი ისტორიკოსის, ლაზარე ფარპეცის გადმოცემას, რომ სპარსეთის მეფეები სომხების გარდა, პოლიტიკური მოსაზრებით, ალბანელებსა და ქართველებსაც ატანდნენ ძალას, რათა მათ ბერძნული ქრისტიანობისათვის ეღალატნათ, დასმენას კიდევ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ქართველების შეუსმენლობისა და დაუმორჩილებლობის ფონზე, სომხები თავიანთ უსიტყვო მორჩილებას უსვამდნენ ხაზს მბრძანებლის წინაშე, რითაც იოლად აიცილებდნენ თავიდან მის მიზეზიან თუ უმიზეზო რისხვას და მიმართავდნენ მას ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რათა სპარსელების მხრიდან გულისწყრომა შემდეგ ქართველებზე საომარი მოქმედების საბაბადაც გამოეყენებინათ. ამ მიზნით სომეხ კლერიკალებს სმბატ მარზპანი ჰყავდათ შეგულებული. როგორც თანამედროვე მკვლევარი, ზ. ალექსიძე აღნიშნავს: ,,სმბატ მარზპანი სპარსეთის მეფის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და მისი საქმის კურსში ჩაყენება რას ნიშნავდა, თუ არ ,,შესმენას’’?! როდესაც მოსე ცურტავის ეპისკოპოსი აგულიანებს შაჰის დიდმოხელეს, ეროვნებით სომეხ სმბატ მარზპანს (რომელიც შაჰმა სომხეთში გამოგზავნა სარწმუნოებისა და საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად), პასუხად ეს უკანასკნელი, თავისი მოღვაწეობის განსადიდებლად თავიდანვე სიამაყით აღნიშნავს, რომ ჯერხნობით არ სცალია: ,,მე საჩქაროდ კარზე მიწვევს მეფეთ-მეფე’’, ხოლო შემდეგ, დახეთ, როგორი თვითდაჯერებით მიაგებს სიტყვას სპარსთა სამსახურში დაწინაურებული სომეხი მოხელე: ,,...შენ ამბობ: -ატრნერსეს, ვაჰანს და მათ ძმებს არ უქნიათ, გამოდი და განეწყვე მათ წინააღმდეგ... მე არ შემიძლია ავიღო მახვილი და მთელ ქართლს შევებრძოლო. ხოლო ეგ შენი სული და საქმე ჯერ ღმრთის წყალობას მიანდე, შემდეგ უფალ კათალიკოსს, რადგან მომწერა, კირონს*** ორჯერ მივწერეო. დაე, კიდევ მისწეროს ორჯერ და სამჯერ, ვინ იცის, იქნება გამოსწორდნენ... უკეთუ ისევ სიხელეს იქნებიან და ჩვენთან ერთობისაგან განეშორებიან, მათი სისხლი უფალმა ღმერთმა მათგანვე მოიკითხოს და ჩვენ უბრალონი ვიყოთ... თუ დაუმორჩილებლობის შესახებ გავიგებთ და უფალი ღმერთი მარჯვე დროს მოგვცემს, ვინ იცის, ეგებ აქვე მიიღონ საზღაური ღმრთისა ხორციელ უფალთაგან’’. როგორც ხედავთ, როდესაც სარწმუნოებრივად არ ჰყოფნით სომხებს არგუმენტები, ქართველებს ,,ხორციელ უფალთა ხელით’’, ანუ სპარსთა მეშვეობით ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამგვარ დასმენებს და მუქარებს მოჰყვა შედეგად ,,სპარსეთის კრების’’ მოწვევის გადაწყვეტილება, რომლის უმთავრესი განხილვის საგანი იყო სპარსეთის სახელმწიფოს ხელქვეით მყოფი ქრისტიანი ქვეყნებისა და ტომების აღმსარებლობის საკითხი - შედეგად, - ,,სომხური’’ სარწმუნოების დაკანონებით, ქალკედონის დადგენილების შეჩვენებითა და მართლმადიდებელთა დევნით. რაც შეეხება სომხური ეკლესიის შემდგომ ნაბიჯს, რაკი ვერც ლიქნითა და ვერც შესმენით ვერა გააწყეს რა ქართველებთან, ერთპირად დაწყევლეს და მოიკვეთეს თავიანთი ჩრდილოელი მეზობელი. აი, რაგვარ ანათემას გადასცა სპარსთა ერთგულმა აბრაამ კათალიკოსმა ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ თავისი ერთმორწმუნე ქართველები და რა დაუბარა თავის სამწყსოს: ,,სრულიად არ ეზიაროთ მათ არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც დედა-მძუძეობაში, არც სალოცავად წასვლით ჯვარში და არც მათი ჩვენს ეკლესიაში მიღებით. მათთან ქორწინებისაგანაც სრულიად განეშორეთ; მხოლოდ იყიდეთ და მიჰყიდეთ...” როგორც დასკვნა ზემოთაღწერილი მოვლენებისათვის მოგვყავს სტეფანოს ორბელიანის უწყება: ,,დვინში ორჯერ [შედგა] კრება აბრაამ კათალიკოსის [ხელმძღვანელობით] ბილწი კირონის მიერ ქართველთა გამოყოფისა და ალბანელთა ჩამოცილების გამო... სადაც სრულიად აღმოფხვრეს თანხმობა და აღრევა ქალკედონიტებთან და საშინელი წყევლით აგვიკრძალეს მათთან დაახლოება და ზიარება’’. ასე რომ, სპარსთა სარწმუნოებრივი პოლიტიკის ერთგულმა ხელშემწყობმა სომხურმა ეკლესიამ, რომელიც ქმედით იარაღს წარმოადგენდა მათ ხელში ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჯერ დაყვავებით სცადა თავის ცდუნებაში ქართველთა ჩათრევა, შემდეგ ბეზღებაზე და დასმენაზე გადავიდა და ბოლოს, როდესაც ბეზღებითაც ვერაფერი გააწყო, სავსებით დასაშვებია - სპარსელებისავე წაქეზებით, შეაჩვენა ქართველები და განიშორა ისინი კეთილმეზობლური ურთიერთობისაგან. ამ ვითარების აღმნიშვნელია უხტანესის გულწრფელი სინანული იმის თაობაზე, რომ: ,,აბრაამ სომეხთა კათალიკოსის დროს ქართველები სომხებთან ერთობას გამოეყვნენ წყეული კირიონის მიერ, აგრეთვე ბერძნები და იტალია მათთან ერთად’’. ახლა კი ალბათ დადგა დრო, რათა გავეცნოთ იმ პიროვნებას, ვისაც ასეთი დაუფარავი სიძულვილით მოიხსენიებს სომეხი მეისტორიე. იგი გახლდათ საქართველოს კათალიკოსი კირიონი, რომელსაც მართლაც ფასდაუდებელი, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მწვალებლურ სომხურ ეკლესიასთან ურთიერთობის შეწყვეტაში, და რამდენადაც იგი ზემოთ აღწერილ პერიოდში ქართულ ეკლესიას ედგა სათავეში და მის მრწამსსა და მიზანდასახულობებს განასახიერებდა, ჩვენ საგანგებოდ შევჩერდებით მის მოღვაწეობაზე, რაც იმდროინდელი ქართული ეკლესიის მაღალი ღირსების შესანიშნავი დასტურიც გახლავთ. პირველი თავიდან თქვენ ალბათ გახსოვთ ქართველი კათალიკოსის მალაქია ორმანიანისეული შეფასება: ,,მათმა პატრიარქმა კირიონმა, თუმცაღა აღზრდილი და ხელდასხმული იყო სომხურ საპატრიარქოში, გადაწყვიტა გამოყოფოდა ამ საპატრიარქოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეერთებოდა იმპერატორის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად’’. უნდა აღინიშნოს, რომ დებულების უკანასკნელი თეზა ორმანიანის ორიგინალური ნააზრევი არ არის, იგი ძველი დროის სომეხი ისტორიკოსის - უხტანესის შეფასების პერიფრაზი გახლავთ: ,,კირონმა თავისი ნება ორად გაჰყო, გადაიხარა რა ბერძენთა მხარეს, თაყვანს სცემდა და აამებდა მავრიკე კეისარს’’. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო და მავრიკე კეისარი, ერთმორწმუნეობის მიუხედავად, ქართველებისაგან არავითარ სარწმუნოებრივ მაამებლობას არ საჭიროებდა. პირიქით, ის მავრიკე კეისარი, რომელსაც თურმე კირიონი ,,თაყვანს სცემდა და აამებდა’’ (და სინამდვილეში, რომლის სავარაუდო სომხური წარმომავლობითაც დღემდე ამაყობენ სომხები) დაეხმარა ხოსრო II-ს და ,,ამ დახმარების სამადლობელად ხოსრო II-მ, სომეხი ისტორიკოსის სებეოსის სიტყვით, იბერიის მომეტებული ნაწილი ქ. თბილისამდე მავრიკე კეისარს გადასცა. ეს უნდა მომხდარიყო ...591 წელს’’. როგორც პლატონ იოსელიანი თავის ,,ქართული ეკლესიის ისტორიაში’’ აღნიშნავს: ,,მავრიკე იმპერატორის მფარველობით სარგებლობდნენ სომხები, რომელთაც სურდათ საქართველოშიც გაევრცელებინათ მონოფიზიტური სწავლება, რის მეოხებითაც მავრიკე ვარაუდობდა აგრეთვე ერთობისაგან განმდგარი სირიელების შერიგებას ბერძნებთან. მაგრამ კირიონმა, საქართველოს კათალიკოსმა, დაუპირისპირა მათ ქალკედონისა და შემდგომი კრებები, წყევით აღკვეთა ყოველგვარი ურთიერთობა ცდუნებულებთან და ამგვარად შეინარჩუნა რწმენის სიწმინდე და ერთიანობა’’. ასე რომ, როდესაც ორმანიანი კათალიკოს კირიონს ბრალდებად უყენებდა, რომ ეს უკანასკნელი თურმე სიუზერენის გულის მოსაგებად თმობდა სარწმუნოებრივ პრინციპებს - თუ იგი ეყრდნობოდა თვით კირიონის მსჯელობას, სადაც ქართველი კათალიკოსი აცხადებს: ,,კონსტანტინეპოლი წმინდა იოანეს საყდარი და კეისრის სახლია, რა სარწრმუნოებაც იქ იქადაგება, ჩვენც მას ვემსახურებითო’’ (29:156-157), ოდნავ მეტი გულისხმიერება რომ გამოეჩინა, უთუოდ ამოიცნობდა ამ სიტყვებში იმ ღვთაებრვ სიბრძნეს, რასაც კირიონი ამცნობდა სახარებისეული შეგონებიდან: ,,მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა’’ (მათე. 22,21). ორმანიანი კი უხტანესის მიბაძვით იმას ხომ აცხადებს, რომ კირიონი კეისარს ასხამდა ხოტბას, მაგრამ ღმერთსაც თუ მისთვის საკადრის პატივს მიაგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი აღმსარებლობით, ამის დანახვა და აღნუსხვა მის გეგმებში, ცხადია, არ შედის. ხოლო თუ რა სახმილი სწვავდათ ქართველი მღვდელმთავრის ,,განდგომილებით’’ უკმაყოფილო ახლო თუ შორეული წარსულის სომეხ ისტორიკოსებს, ამის გარკვევა სრულიადაც არ გახლავთ ძნელი და სინამდვილეში, თუ რომელი ხალხი და ვისი საეკლესიო იერარქნი იყვნენ განმსჭვალულნი მსგავსი მაამებლური სულისკვეთბით, ეს ზემოთმოყვანილი ფაქტებითაც იყო დადასტურებული, როდესაც სომხებმა ჯერ დაასმინეს ქართული ეკლესია დამპყრობლების წინაშე, ხოლო შემდეგ, სპარსელების ქომაგობით ანგარისშსწორებითაც დაემუქრნენ. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კირიონმა გადაწყვიტა ,,გამოყოფოდა სომხურ საპატრიარქოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეერთებოდა’’, თუ რაგვარი ,,ერთობა’’ ჰქონდათ ქართველებსა და სომხებს საპატრიარქოთა დონეზე, ამ თემაზე დაწვრილებით ქვემოთ, მომდევნო თავებში გვექნება საუბარი, ხოლო, როდესაც კირიონ კათალიკოსს აყვედრის ორმანიანი, რომ თურმე იგი ,,აღზრდილი და ხელდასხმული იყო სომხურ საპატრიარქოში’’, კიდეც რომ ასე ყოფილიყო - ერთმორწმუნეობისათვის ამგვარ შემთხვევაში დაბრკოლება არა არის რა, სამაგიეროდ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლისათვის მწვალებლებთან ერთობა რჯულის კანონით არის აღკვეთილი, როგორი კეთილი ურთიერთობებიც არ უნდა არსებულიყო წარსულში’’.**** მას შემდეგ, რაც უკვე გავეცანით იმ გამანადგურებელ შეფასებებს, რითაც წყევლა-კრულვასთან ერთად ამკობენ კირიონ კათალიკოსს სომეხი მემატიანეები, მისი საქმიანობისა და ღვაწლის მიმოხილვამდე იმ შეფასებასაც გავეცნოთ, როგორადაც მის ღვაწლს ახასიათებენ ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიაში. აი, რას წერს მ. საბინინი თავის ნაშრომში ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია’’ კირიონსა და მისი დროის საქართველოზე: ,,თუმცა სამეფო მორყეული იყო საძირკვლამდე, მაგრამ, სამაგიეროდ, იმ დროს ეკლესიას სათავეში ედგა დიდად განვითარებული, მართლმადიდებლობის თავდადებული მოშურნე და ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებაში ღრმად დაჯერებული ენერგიული და უშიშარი პიროვნება, რომელსაც მტრის ვერანაირი ხვანჯები ვერ გადაიბირებდნენ თავის მხარეზე’’. კიდევ უფრო აღმატებულია ექვთიმე თაყაიშვილის შეფასება: ,,კირიონი რომ არა, ჩვენ ნამდვილად გავსომხდებოდით. დიდი საქმე ქნა ეროვნული თვალსაზრისით. ნამეტანი გონიერი, მაგარი და გამჭრიახი კაცი ყოფილა, როგორც გავს! ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ!'' სრულიად ახალგაზრდა იყო კირიონი , მას ჯერ სამი ათეულიც არ შესრულებოდა, როდესაც ავიდა საკათალიკოსო კათედრაზე და ასვლისთანავე დაუყოვნებლივ მოიწვია მცხეთაში სრულიად ივერიის ეპისკოპოსთა კრება. კრებაზე კათალიკოსმა გაუმხილა მთელ სასულიერო წოდებას სომხური ეკლესიის ბიწიერი ცდომილებანი და მკაცრად განუწესა ყველა ქართველს... წმინდად შეენახათ ეკლესიის მამათა გადმოცემანი და მტკიცედ მდგარიყვნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. იმ დროიდან მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არ მოუკლია მზრუნველობა მართლისა სარწმუნოების აღმსარებელთა მიმართ, მაგრამ სრულიად დაუფასებელი ღვაწლი კათალიკოს კირიონს მიუძღვის 606-608 წლებში სომხურსა და ქართულ ეკლესიებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გადაჭრაში ქართველთათვის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების სასარგებლოდ, როდესაც მან გადამჭრელი ზომები მიიღო სპარსული პოლიტიკის გამტარებელი სომხური ეკლესიის წინააღმდეგ და ქართული ეკლესია იხსნა რჯულგანდგომილებისაგან. კონფლიქტი, რომლის ამსახველ სომეხ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლეებს უკვე გაეცანით ზემოთ, დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა სომხური ეკლესიის წიაღში და მათ მიერვე იყო ინსპირირებული. თვისტომთაგან წაქეზებულ სომხური წარმოშობის ცურტავის ეპისკოპოსს დაუწყია ერისა და წარჩინებულთა ქირდვა ქალკედონური აღმსარებლობის გამო. პასუხად: ,,კირიონმა... მოიწვია მცხეთაში ეპისკოპოსებისა და ქვეყნის დიდებულთაგან შემდგარი საეკლესიო კრება, სადაც მოსე ცურტაველი მხილებულ იქნა მწვალებლობაში და... ჩამოერთვა საეპისკოპოსო კათედრა’’. კირიონმა მოსეს ნაცვლად ცურტავის ეპისკოპოსად ტომით ქართველი - სტეფანე დაადგინა და, ამას გარდა, ცურტავის სომხურენოვან თემში მღვდელმსახურების აღსრულება ქართულ ენაზედაც სავალდებული გახადა. საქართველოდან გაქცეულმა მოსე ეპისკოპოსმა იჩივლა სომხური ეკლესიის იერარქებთან და სომეხთა კათალიკოსის ,,ადგილის მცველს’’ ვრთანეს ქერდოლს სთხოვა შემწეობა, რასაც მისი უკმეხი და მუქარიანი წერილი მოჰყვა ქართული ეკლესიის მისამართით. პასუხად კირიონმა ,,ხელმეორედ მოიწვია კრება მცხეთაში, სადაც წაიკითხეს მონოფიზიტური სულისკვეთებით განმსჭვალული ვრთანესის წერილი და კიდევ ერთხელ გადასცეს ანათემას სომხური ეკლესია. საჯაროდ იქნა გაცხადებული ქალკედონის წმინდა კრებაზე დამკვიდრებული სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, რომელიც წინა კრებების თანაბარფასეულ კრებად იქნა მიჩნეული და ყველა დამსწრეს ფიცით ჩამოერთვა აღთქმა, ურყევად მდგარიყვნენ ივერიის ეკლესიის მრწამსზე, რომელიც ყველაფერში ეთანხმება მსოფლიო ეკლესიას’’. ცხადია, სომხეთში აგრე იოლად ვერ შეურიგდებოდნენ პოზიციების დათმობას და სომხეთის ეკლესიის მესვეურებმა და მთავრებმა მოსე ეპისკოპოსისა და მონოფიზიტური სარწმუნოების დასაცავად თავი გამოიდეს და კირიონ კათალიკოსისა და მთავრების დასაყოლიებლად ფართო წერილობით პოლემიკას მიმართეს, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჩვენთვის ცნობილი აბრაამ სომეხთა კათალიკოსი. ხოლო, რაგვარი ღირსებით დაიცვა კირიონ კათალიკოსმა მართლმორწმუნეობრივი აღმსარებლობა კათალიკოს აბრაამის შემოტევებისაგან, მასზე შესანიშნავად მეტყველებს მისი საპასუხი ეპისტოლეები კათალიკოსისადმი. თუ შევადარებთ კირიონის წერილებში მოტანილ არგუმენტებსა და ბერძენთა მრავალგზის შეგონებებს სომხური ეკლესიის მიმართ (იხ. თავი პირველი), უეჭველად დავინახავთ საერთო თვალსაზრისს, ხოლო თუკი სადმე კიდევ თანხვდება სიუზერენისა და ვასალის ინტერესები, მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ღვთიური ჭეშმარიტების გააზრებაში. აი, რას წერს კირიონ კათალიკოსი: ,,ერთობა იყო ქართველთა და სომეხთა შორის და წმინდა უფლის გრიგოლის მთელ სამწყსოში ერთობა იყო იერუსალიმის სარწმუნოებასთან, რომლითაც რომაელნი ცხოვრობენ. სხვა რამ სიტყვა და ხმა არავისგან ყოფილა შიგ, ხოლო ეხლა საიდან გაჩნდა? რომის მამამთავარი წმინდა პეტრეს საყდარზე ზის, ალექსანდრიელი - წმინდა მარკოზ მახარებლისა, ანტიოქიისა - წმინდა ლუკა მახარებლის, კონსტანტინოპოლელი - წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და იერუსალიმელი - უფლის ძმის წმინდა იაკობისაზე. რა სარწმუნოებაც მათ ეპყრათ, ჩვენც [ის] მოგვცეს, ჩვენ და ჩვენი მამები აქამდე ვიცავდით, ეხლა რისთვის დავტოვოთ იგი და თქვენ გერწმუნოთ? სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც, რომელნიც ურიცხვნი არიან, მეფენი და მთავარნი და მთელი მართლმადიდებელი ქვეყნები, ყველა ესენი როგორ უნდა მივატოვოთ და მხოლოდ თქვენ შეგიერთდეთ?.. ...ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა ამ საყდრის [დაკავების] ჟამი, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება ერთი იყო და მთელი სარწმუნოება იერუსალიმიდან გვქონდა და გვაქვს, როგორც ეწერა. მაგრამ რა სარგებელი ექნება კაცს, თუ ყოველ მცნებას აღასრულებს და ერთს დაიკლებს? მაშინ ხომ მთელი სჯული შეიშლება!’’. ეს ორი ფრაგმენტი კირიონ კათალიკოსის მეორე და მესამე საპასუხო ეპისტოლეებიდანაა, რომლებიც მეტყველებენ, ერთის მხრივ, ქართული ეკლესიის არა ანგარებითს დამოკიდებულებაზე დიდი იმპერიის იდეოლოგიის იარაღთან (რასაც ორმანიანი სწამებდა კირიონს), არამედ თანაზიარობას ჭეშმარიტი აღმსარებლობის მექონი ხალხებისა. ამის თაობაზე სამართლიანად ასკვნის ივანე ჯავახიშვილი, რომ: ,,კჳრიონ კათალიკოსი სარწმუნოების მართლმადიდებლობის კრიტერიუმად, მაშინდელი მოძღვრების თანახმად, იმას სთვლიდა, რასაც მსოფლიო ეკლესიის საპატრიარქო საყდრების უმრავლესობა მისდევდა, რადგან ამ საყდრების დამაარსებლად მოციქულები იყვნენ და ითვლებოდნენ და ამის წყალობით სამოციქულო გადმოცემა შეიძლება შეუწყვეტლივ დაცული ყოფილიყო’’ . მეორეს მხრივ, ლოგიკურია მკვლევარ ზ. ალექსიძის მიერ დასმული კითხვა: თუ ხუთი საპატრიარქოსა და ქართული ეკლესიის მრწამსი ერთმანეთს ემთხვევა, მაშ რატომღა უნდა გაუწიოს კირიონმა ანგარიში სომხეთის ეკლესიას? და, საერთოდაც, როცა ორმანიანისთანა მკვლევარები ოდითგანვე სომხურ ეკლესიაზე დაქვემდებარებას უკიჟინებენ ქართულ ეკლესიას (რის, საპასუხო არგუმენტებიც მომდევნო თავებში იქნება განხილული), განა საკმაოდ გადაჭრით არ აძლევს ამ კითხვაზე პასუხს კირიონ კათალიკოსის რიტორიკული კითხვა: ,,მთელი სარწმუნოება იერუსალიმიდან გვქონდა და გვაქვს. [ამ სარწმუნოებას] ჩვენ და ჩვენი მამები აქამდე ვიცავდით, ეხლა რისთვის დავტოვოთ იგი და თქვენ გერწმუნოთ?’’ მას შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ როგორ ბეჯითად ასაბუთებს ქართველთა კათალიკოსი თანადგომას ბერძენთა და ყოველთა მართლმადიდებელთა რელიგიური პრინციპების მიმართ და სომხებს მტკიცებათა საფუძველს არ უტოვებს, ოდინდელი თუ აწინდელი უფლებამოსილებანი განავრცონ ქართულ ეკლესიაზე, ვნახოთ ახლა თუ როგორი დიპლომატიური სიბრძნით იყენებს იგი შედარებით რჯულშემწყნარებელი სპარსი მონარქის ხოსროს მმართველობის პერიოდს კვლავაც (?) ისევ მხოლოდ საკუთარი სარწმუნოების განსამტკიცებლად: ,,...ჩვენიცა და თქვენი მამებიც მეფის მონები იყვნენ და იერუსალიმის სარწმუნოება ჰქონდათ - სწერს ის აბრაამ სომეხთა კათალიკოსს, ,,მეფის’’ სახელით სპარსეთის შაჰის მოხსენიებით - ჩვენც და თქვენც, აგრეთვე, თუმცაღა მეფეთა-მეფის მონები ვართ, სარწმუნოება იერუსალემისა გვაქვს და გვექნება. თუმცა აქამდე... იყვნენ უფალნი, ეხლა რაოდენ უფრო ნეტარნი ვართ, რომლებიც მეფეთა მეფის სამსახურს ვეწიეთ. რადგან, რაც ცა და დედამიწა არსებობს, არ ყოფილა არც ერთი უფალი, რომელსაც ყოველი ტომისათვის თავისი კანონები მიენდოს, როგორც ამ უფალმა მიანდო, მეტადრე ჩვენი, ქრისტიანეთა სარწმუნოება, ხოლო ჩვენ თავისუფალ ქვეყანას უფრო მეტად [მიანდო], ვიდრე ყველა [სხვა] ქვეყანას და ჩემ კეთილ თავს უმეტესად, ვიდრე ყველა ჩემ მოყვასთ. მეფეთა-მეფე ისევე უფალია რომაელთა, როგორც არიელთა ქვეყნის და ასე არ არის, როგორც თქვენ მოიწერეთ, რომ სხვადასხვა არიან სამეფონიო’’. ქართლის კათალიკოსის ეს დიპლომატიური წიაღსვლა ერთდროულად - თავისი ქვეყნის სომხეთზე აღმატებულ პოლიტიკურ უპირატესობაზეც მიუთითებს სიუზერენთან მიმართებაში, მიუხედავად სომეხთაგან სპარსეთის კარზე პრივილეგირებულობის მიღწევის მცდელობისა (”...ჩვენ თავისუფალ ქვეყანას უფრო მეტად [მიანდო], ვიდრე ყველა სხვა ქვეყანას’’) და დამპყრობელი ქვეყნის შედარებით ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკის (შაჰმა ქრისტიანული აღმსარებლობის თავისუფლება გამოაცხადა) მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისათვის გამოყენების ნიმუშსაც გვაძლევს და ისევ და ისევ მაცხოვრის იმ შეგონებისადმი ერთგულების დასტურიცაა, რაც ცალკერძ საერო მბრძანებლისა და ცალკერძ - უფლის მიმართ სათანადო პატივის მიგებაში გამოიხატება. მაგრამ, ყოველი მცდელობისდა მიუხედავად, ვერ გამოიღო კირიონ კათალიკოსის სიტყვამ თავისი ნაყოფი. ამაოდ დაშვრა კეთილი მოძღვარი. და, როდესაც შეატყო, რომ მართალი სიტყვა ვერ შეასმინა სომხებს, ძალზე დელიკატურად დაემშვიდობა მათ: ,,...თუ გსურს, ერთობა და სიყვარული დავიცვათ და ჩვენს მიმართ მშვიდობით იცხოვროთ, როგორც ჩვენი და თქვენი მამები ცხოვრობდნენ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისათვის. ხოლო, თუ სხვაგვარად გნებავთ იფიქროთ, მეტს ნუ გაირჯებით და ამისთვის მეტს ნუღარ მოგვწერთ. თუ შემდეგ მე სომხეთზე გზით გავლა მომიწევს ოდესმე - ღმერთი თუ მაღირსებს, რომ იერუსალემს წავიდე წმინდა ადგილთა თაყვანისსაცემად, თორემ სხვა რამ საქმე არა მაქვს... ...ხოლო უკეთუ გსურს გამოიძიო ჩვენი სარწმუნოება და გაიცნო, ვათარგმნინე და მოვატანინე ოთხ კრებათა წიგნები, რომლებითაც რომაელნი ხელმძღვანელობენ და წმინდა ანასტასსა და წმინდა სიონშიც იგი იქადაგება. უნდა თუ არა ვინმეს ჩვენი სარწმუნოება ეს არის’’ (მეორე და მესამე ეპისტოლეების პასუხების დასასრულები). მორჩა და გათავდა! - ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით კირიონ კათალიკოსმა სამუდამოდ მოუკვეთა ქართულ ეკლესიას ურთიერთობა მწვალებლურ სომხურ ეკლესიასთან. ხოლო მოგვიანებით ეს თავდადება მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი საქართველოს კათალიკოსმა დაამტკიცა თავისი დაპირისპირებითაც თვით ,,სპარსული კრების’’ მიმართ, რადგან: ,,კირიონ ქართლის კათალიკოსი კრებაზე არ გამოცხადებულა, სპარსული ორიენტაცია არ აუღია და ქალკედონის კრებისთვის არ უღალატია’’. ----------------------------------------------------------------------------------------- *ამ თვალსაზრისით, გარკვეულად ერთმანეთს თანხვდება სპარსელებისა და სომხების ინტერესები კავკასიის მიმართ: ერთის მხრივ - ცნობილია, თუ როგორ შთააგონებდა ჰაზარაპეტი მიჰრნერსეპი ირანის შაჰს იეზდიგერდს: ,,თუ ჩვენს რჯულს მიაჩვევთ [სომხებს], დაუახლოვდებიან მას და შეძლებენ მის ცნობას; აქამდე თუ შემცდარნი იყვნენ, ახლა [სწორ] გზას დაადგებიან, შემდეგ თქვენც შეგიყვარებენ... ხოლო კეისარს, მის რჯულსა და ქვეყანას კი განუდგებიან და განშორდებიან. მაშინ ჩვენთან ეგ ქვეყანა მტკიცე სიყვარულითა და თანხმობით იქნება, ხოლო, როდესაც სომხეთი მტკიცედ იქნება ჩვენი, მაშინ სწორედ ქართლიცა და ალბანეთიც ჩვენი იქნება’’ (ლაზარ ფარპეცის გადმოცემით). იმავე ავტორის ცნობით, სპარსეთის შაჰს წერილი გაუგზავნია სომხეთის თავკაცებისათვის: ,,რადგანაც თქვენ სასარგებლო და ჩვენთვის საყვარელი ქვეყანა ხართ, ჩვენ გვნებავს, რომ ჩვენი მართალი და ჭეშმარიტი რჯული ისწავლოთ და მიიღოთ... ხოლო, როდესაც თქვენც ჩვენსავით სცნობთ ჩვენს ჭეშმარიტ რჯულს, ქართლი და ალბანეთი ჩვენი და თქვენი ნების იქით გადასვლას ვერ გაბედავენ”. სიუზერენის მსგავსი პოზიცია ერთობ ხელსაყრელი იყო სომხებისათვის, რადგან მას შემდეგ, რაც 428 წელს სპარსელებმა მეფობა გააუქმეს სომხეთში, სომეხთა მეფეების პრეტენზია, თავიანთი გავლენისათვის დაექვემდებარებინათ მთელი კავკასია, თითქოს მემკვიდრეობით გადაეცათ სომხური ეკლესიის ,,მამამთავრებს’’, როგორც სომეხთა კათალიკოსებს უწოდებდნენ; ხოლო, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: ,,სომხეთის მმართველი წრეების ერთი ძირითადი მოსაზრებათაგანი ის ყოფილა, რომ ქართველები სპარსეთის ქრისტიანებსა და სომხებს არ უნდა ჩამოშორებოდნენ და მათთან უეჭველად ერთობა დაეცვათ’’. ** ჩვენ კი ვიკითხოთ, თუ ეს ,,ბარბაროსული’’ ქვეყნები თვით მეექვსე საუკუნის ბოლოსათვის შესაძენია სომეხთა კათალიკოსის სამწყსოსა და სპარსი დამპყრობლებისათვის, რაგვარად თავსდება ამ ვითარებასთან მალაქია ორმანიანის დანაქადი. (იხ. პირველი თავი), რომ ,,საქართველო და კავკასიის ალვანეთი, რომლებიც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე სომხეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, შევიდნენ სომხური საპატრიარქოს გამგებლობის საზღვრებში’’? თუ საკუთარ რჯულზე მოსაქცევად მომავლისათვის გამხდარა საქადაგებლად საქმე, მაშასადამე, თავის დროზე მხოლოდ სურვილი ყოფილა ამ ხალხების დაქვემდებარებისა და არავითარი სომხური საპატრიარქოს გამგებლობის საზღვრებში არ არის ქართლის ეკლესია საგულვებელი. თუ ოდესღაც ამ ეკლესიებს მხოლოდ სარწმუნოებრივი ერთობა აკავშირებდათ, ბუნებრივია, რომ ამ ერთობის დარღვევას მოჰყოლოდა ურთიერთობათა მოშლაც. ***საქართველოს კათალიკოსის სახელს, რომლის ღვაწლზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, სხვადასხვა ტრანსკრიფციით მოიხსენიებენ სხვადასხვა ავტორები: არსენი საფარელი - კჳრიონ, ვახუშტი - სვიმეონ (კვირიონ), ივ. ჯავახიშვილი - კვირონ, ზ. ალექსიძე - კირონ, კ. კეკელიძე - კირიონ და ა.შ. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ამ უკანასკნელ ფორმას, რომელსაც ატარებდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალიის პირველი პატრიარქი - კირიონ II (საძაგლიშვილი). ფრიად სავარაუდოა, რომ მისგან ამით გამოხატული ყოფილიყო სულგანათლებული კირიონ კათალიკოსისადმი თაყვანისცემა! ****საგულისხმოა, რომ თვით აბრაამ სომეხთა კათალიკოსი საქართველოდან იყო წარმოშობით: ,,აბრაამ კათალიკოს სომეხთა იყო სოფლისაგან საქართველოსა, რომელსა ახპატ ეწოდების. გარნა ნათესავით სომეხი’’. |