საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ნეტარი ხუცესი (თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)
ლელა ჩხარტიშვილი

ქრისტიანის მთელი ცხოვრება მზადაა უფალთან წარსადგომად

წმიდა ილია მართალი წერდა: ,,ერთგულება მხოლოდ დიდბუნებოვან კაცთა თვისებაა, რაც ერთხელ ირწმუნეს და აღიარეს, თავიანთი სიცოცხლის საგნად გაიხადონ, თავიანთი ცხორება ფეხქვეშ მას დაუგონ და, თუ საჭიროება მოითხოვს, თავიც შესწირონ ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირთ, ვიდრე საკუთარი თავი და სიცოცხლე''.

ჩვენი ისტორია სავსეა დიდი საქმეებით, დიდი მამაცობითა და მამულისათვის თავდადების საოცარი მაგალითებით. ღმერთის, ღვთივმონიჭებული მამულისა და ღვთივკურთხეული მეფის ერთგულება იყო საფუძველი ქართველი ერის  მარადიული არსებობისა, უშრეტი წყარო სიტყვაკაზმული მწერლობისა. ქრისტეს ერთგულება, რომელიც თავისთავად მოიცავს სამშობლოსა და მოყვასის ერთგულებას, ჩვენი წინაპრებისათვის იყო ის დროშა, რომელიც ,,ასწიეს მათ და წაიმძღვარეს, როგორც უკვდავი ხალხის მშვენება და მით უძლებდნენ ჭირს, მტრის სიმძლავრეს, სიკვდილს, დაცემას, გადაშენებას''. თავგანწირვა და ერთგულება მაცხოვნებელი წყაროა, რომელსაც ადამიანი ქრისტეს გზაზე გადაჰყავს. ქრისტიანის რწმენა განისაზღვრება იმით, თუ როგორ შესაწირს გაიღებს იგი ქრისტესთვის, ანდა თუნდაც, რას მიართმევს იგი თავის სამშობლოს ძღვნად და საჩუქრად. ამის საოცარი მაგალითი გვიჩვენა წმიდა თევდორე მღვდელმა (კველთელი), რომელმაც თავი დასდო ქრისტესა და მამულისათვის.

«ქართლის ცხოვრებაში» მეტად მწირი ცნობებია დაცული ამ უდიდესი მოწამის შესახებ. თევდორე კველთელი XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი გახლდათ საქართველოსთვის. ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდა ქალაქ ბაღდადის გამო. 1608 წლის დასაწყისში ოსმალეთმა სპარსეთს ბაღდადი წაართვა, შემდეგ კი სამცხე-საათაბაგოც მიიტაცა და იმავე წლის ივნისში ოსმალთა და ყირიმელ თათართა ჯარი ახალციხიდან სრულიად მოულოდნელად შემოესია საქართველოს. ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ მეორე. იგი მცირე ამალით ცხირეთის ციხეში (ქვემო ქართლი), თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და განიზრახეს, უმოკლესი გზით ჩუმად შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყრათ საქართველოს მეფე, დაეტყვევებინათ და ამ გზით მთელი ქვეყანა დაემორჩილებინათ.

ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: ,,ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმან სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს''. იმჟამად მცხოვრები წმინდა ადამიანების ლოცვისა და მეოხების წყალობით თუ მოახდინა უფალმა ეს სასწაული. ისიც ფაქტია, რომ უფალი მრავალგვარად სწყალობდა და შეეწეოდა განსაცდელში ჩავარდნილ ერს. ,,სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემეტოს მადლი''. სხვადასხვა მძიმე შეცოდებათა გამო უფლის მიერ ჩვენს ერზე მოწევნული სასჯელის გამოსყიდვას ისეთი ნათლითშემოსილი ადამიანების მსხვერპლი დასჭირდა, როგორებიც იყვნენ, იმ ავბედით ჟამს საქართველოს მიწასა და ცაზე გამობრწყინებული, უფლის მიერ ჩვენი ერის განსასპეტაკებლად მოვლენილი მოწამეები – წმიდა ლუარსაბი და წმიდა თევდორე მღვდელი.

წმიდა ლუარსაბმა მაშინ ოსმალთა ჯარის თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა... ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასგომოდნენ.

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში თათრებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე (,,ლუარსაბ მეფის წამებაში'' ეს პიროვნება სვიმონ ხუცესის სახელით იხსენიება). თევდორეს შესახებ მემატიანე წერს, რომ იგი იყო ,,პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფის თვისისა''. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისაგან გადასარჩენად. ოსმალებმა თევდორე მღვდელს ცხირეთისაკენ გზის ჩვენება და მეგზურობა მოსთხოვეს, განზრახვის შესრულების შემთხვევაში საჩუქარს და ჯილდოს დაჰპირდნენ, თუ არა და წამებით სიკვდილი გარდაუვალი იყო. განგებამ თევდორე მღვდელი მოწამეობრივი არჩევანის წინაშე დააყენა

. ერთ მხარეს იყო მარადიული სიკვდილის მომასწავებელი ღალატი ღვთისა და მამულისა, რომელიც ჯოჯოხეთს უმზადებს ადამიანს. ,,ჯოჯოხეთი კი კუბოა როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვისაც'' (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი), მეორე მხარეს კი იყო ზეციური მოძღვრისა და ღვთივკურთხეული მეფის ერთგულება – მარადიული ყოფისა და ღვთაებრივი სიხარულის მომნიჭებელი. მოკვდავური, ადამიანური ბუნებისთვის კი ძნელად სატვირთი, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებასაც უდიდესი სიმტკიცე, თავდაუზოგავი შემართება, საკუთარი თავის უარყოფა, ღვთის სიყვარული და უსაზღვრო რწმენა სჭირდება. ,,ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოისა''. ამ გადაწყვეტილების მიღება წამებში მოხდა. ქრისტიანის მთელი ცხოვრება მზადებაა უფალთან წარსადგომად. ამ თითებზე ჩამოსათვლელმა წამებმა ნათლად წარმოაჩინა წმიდა თევდორე მღვდლის მგზნებარე სარწმუნოება, ცეცხლოვანება, მისი ,,გულის განმზადებულება'', წყურვილი უფალთან მყოფობისა, მასთან სიახლოვისა. ამ არჩევანით დაიწყო მისთვის სისხლიანი გოლგოთის გზა განმაღრთობელი უღლის ქვეშ. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ციხესთან დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გადავუხვევთ და მეფეს იდუმალად დავადგებითო თავს. დიდი ხნის სიარულის მერე, როცა ,,გზასა ძნელსა და იწროთა და კლდოვანთა და სხვასა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვინეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს'', ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. მათ ხუცესი შეიპყრეს. ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. თევდორეს იმედი ჰქონდა, რომ თავისი სიკვდილით ქვეყანას უბედურებისაგან იხსნიდა და ეს იმედი გამართლდა კიდეც.

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო – წმინდა მეფე ლუარსაბ II-ს საშუალება მისცა დრო მოეგო. მან ციხეში გამაგრება მოასწრო. თბილისის მოურავმა, გიორგი სააკაძემ, ჯარი შეკრიბა და სხერტის ჭალაში მტერს შეებრძოლა. თავიდან ქართველებს ბრძოლა უჭირდათ, რადგანაც მხოლოდ ახლომახლო სოფლებმა მოაშველეს მეომრები, მაგრამ თანდათან გამოჩდნენ ბრძოლის ველზე გლეხებიც, აზნაურებიც, თავადებიც და მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.თათრებმა გორს მიაშურეს, უნდოდათ, ხიდზე გასულიყვნენ და ქალაქი დაერბიათ, მაგრამ გორელებმა დროზე ჩაშალეს ხიდი და თათრები გაღმა არ გაუშვეს. მაშინ მტერი სურამს მიაწყდა. აქაც ზემო ქართლის ჯარი გადაეღობა გზაზე. თათრებმა მხარი იბრუნეს და ბორჯომის ხეობაში შევიდნენ. მაგრამ საშინელ მახეში გაებნენ. ისინი მტკვრის ხეობის გაყოლებით ახალციხისკენ დაიძრნენ და სოფელ ტაშისკართან დაბანაკდნენ. გიორგი სააკაძემ მტერს ახალციხისაკენ მიმავალი გზა მოუჭრა და აიძულა, ბრძოლაში ჩაბმულიყო. ზემო ქართლელთა და ქართველთა მთავარ ჯარს შორის მომწყვდეული რიცხვმრავალი მტერი ქართველებმა ტაშისკართან სასტიკად დაამარცხეს. მათმა უმრავლესობამ სიცოცხლე ბრძოლის ველზე დატოვა, დანარჩენები კი დაატყვევეს. ამ სახით გადარჩა ჩვენი ქვეყანა მტრის ხელით აოხრებას. აი, ასეთი დიდებული ნაყოფი მოიტანა თევდორე მღვდლის თავდადებამ.

ქართველმა ერმა და ეკლესიამ თევდორე მღვდელი წმიდანთა დასში შერაცხა და ხსენების დღედ 8 (21) ივნისი დააწესა.

წმინდა თევდორე მღვდლის თავდადებას მხოლოდ იმ დროისათვის არ გამოუღია ნაყოფი. წმიდა ილია მართლის თქმით, ,,ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სწრაფვა, თავისი ღირსება...'' ასეთი შარავანდითმოსილი გმირების ცხოვრებით და მაგალითებით სულდგმულობს და ,,ერობს'' ერი. ჩვენი ერის ღირსება ასეთი ადამიანების არსებობით განისაზღვრება. ,,ისტორია თავისი გულის ფიცარზე აღბეჭდავს ერის სულისა და გულის მოძრაობას და ამ აღბეჭდვით, როგორც სარკე, იმ ღონესა და საგზალს გვიჩვენებს, რომელიც ამა თუ იმ ერს აქვს მომადლებული დღეგრძელობისა და გაძლიერებისათვის''. სწორედ ასეთ წინაპართა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან ადუღაბებს ისტორია ,,ჩვენი ვინაობის ტანს'', მკვიდრ მიწას – ,,ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად''. ისინი გვინათებენ გზას, შეგვახსენებენ არსებობის აზრსა და საგანს, წმიდათაწმიდა მისწრაფებებს, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ, რისკენ უნდა ვისწრაფოთ, რა გავიმაგროთ, რას გამოვესარჩლოთ, რისთვის გავწიროთ თავი. სამშობლოსათვის თავდადებულ წმიდანთა მაგალითი არის განძი და საუნჯე, წარსულისაგან გადმოლოცვილი ერის გასამხნევებლად და სანუგეშოდ.  

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq