საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

საქართველოს გაერთიანების ჩაშლა ერეკლესთან გამართულ დარბაზობაზე
მ. ნადიდგორალი

...ნომერ პირველი პრობლემა – საქართველოს გაერთიანება – არა მარტო იდეურად იყო მომწიფებული იმ დროს მოწინავე ქართველი ერის წრეებში, არამედ იგი ხორცს ისხამდა პრაქტიკულადაც. როგორც ითქვა, ერეკლესა და სოლომონის მოღვაწეობის პირველ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოც და დასავლეთ საქართველოც ძირითადად უკვე გაერთიანდნენ ცალ-ცალკე ამ უკანასკნელთა ძალაუფლების ქვეშ. უფრო მეტიც, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოს იმ დროისათვის ემორჩილებოდა განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები. ერთი სიტყვით, საჭიროღა იყო საქართველოს ორივე სამეფოს შეერთება და ამ ნიადაგზე გაერთიანებული საქართველოს აღდგენა. მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, ერეკლემ ვერ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად.

,,ბევრს ხელმწიფეს უნატრია ამისთანა წადილი დანაწილებულის ერისა, რომელიც საქართველომ გამოუცხადა ერეკლესა, მაგრამ ნატვრა რომ ვერ ასრულებია დიდის ხნის განმავლობაში ხელში ხმალი სჭერია, უღვრია თავისივე ხალხის სისხლის ნაკადულები და ძალდატანებით შეუერთებია იგი ერთის სკიპტრის ქვეშა. იტალიის შეერთებას მოუნდა არა ერთი შინაური ომი, გერმანიამ შეადგინა ერთი იმპერია მხოლოდ მას უკან, რაც ბისმარკმა კრუპის ზარბაზნებით და ბერდანის თოფებით დააჯერა ნემცების ერთობის საჭიროება... ჩვენში კი წაღმა მსვლელობა მიიღო საქმემ. თვითონ ხალხმა, თვითონ ერმა იგრძნო ერთობის საჭიროება და მეფისაგან მოითხოვა ერთ-მთავრობის დაფუძნება. მაგრამ მეფემ უარი სთქვა იმაზედ, რასაც სხვა გვირგვინოსანნი მხოლოდ ხანგრძლივი სისხლის ღვრით მოეწეოდნენ ხოლმე'' (ი. გოგებაშვილი, რანი ვიყავით გუშინ? გვ. 60-61).

შორს სად მივდივარ. ავიღოთ მაგალითი თვით საქართველოს ისტორიის წარსულიდან. დავით კურაპალატმა, ბაგრატ III-მ, დავით აღმაშენებელმა, და გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს გაერთიანების საკითხი თავის დროზე ხმლით გადაჭრეს. მოძმეთა სისხლის ღვრა მოუხდა აგრეთვე საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში გიორგი სააკაძეს ბაზალეთში, რომელიც მარცხით დამთავრდა. ერეკლეს კი თვით ერი შეეხვეწა გაეერთიანებინა საქართველო, და მან უარყო ეს თხოვნა თავისი ცოლ-შვილის საამებლად. ,,ქვის გული უნდა საქართველოს შვილს, რომ ეს ისტორიული მოვლენა, სავსე მაღალი ტრაგიკული მნიშვნელობითა, გაიცნოს ისე, რომ დარდით და ნაღველით არ აივსოს'' (ი. გოგებაშვილი, იქვე, გვ. 50). მაშ, გავეცნოთ ჩვენც დაწვრილებით მართლაცდა უაღრესად გულსატკენ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა მსჯელობა ერთის მხრივ ქვეყნის გაერთიანების მომხრე ერის ღირსეულ მამულიშვილთა და მეორე მხრივ გაერთიანების მოწინააღმდეგე გაჯიუტებულ მეფე-დედოფალს შორის.

იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა 1784 წელს ისე, რომ ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. მეფის გვირგვინისათვის ბრძოლა გაჩაღდა ორ პრეტენდენტებს დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. მართალია გამარჯვება დავით გიორგის ძეს დარჩა, მაგრამ ბრძოლა მათ შორის მაინც არ შემწყდარა. დამარცხებულ დავით არჩილის ძეს მხარს უჭერდა ერეკლე მეორე, რამდენადაც ეს უკანასკნელი შვილიშვილი იყო მისი. ამ ვითარებაში დასავლეთ საქართველოს მოწინავე წრეებში ჩაისახა იდეა საქართველოს გაერთიანებისა. ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ასე გადმოგვცემს ამ ღირსშესანიშნავ ამბავს: ,,შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოზ ქუთათელი, სარდალი ქაოხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდნენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თავის – და სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდნენ მეფესა, რომელ ყოვლად სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა, თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიათ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესა და უხარიათ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან ჯარისა გაოხრებულისა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირადად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. (პლ. იოსელიანი ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 146). ვიდრე თათბირი გაიმართებოდა, ცხადია იმერთა დელეგაციის მოსვლის მიზანი ცნობილი გახდა დარეჯან დედოფლისათვის. ამასთან უეჭველია ისიც, თათბირის დაწყებამდე დარეჯანსა და ერეკლეს შორის უკვე მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება აღნიშნულ საკითხზე, სადაც დარეჯანი, როგორც შემდეგ გამოირკვა, სასტიკი წინააღმდეგი წავიდა საქართველოს გაერთიანებისა თავისი შვილიშვილის დავით არჩილის ძის სასარგებლოდ. ასეთ ვითარებაში ,,დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელ მთავარი, თავადნი, სარდალნი, სახლთუხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი'' (იქვე, გვ. 15-16).

როგორც ჩანს, დარეჯანის საწინააღმდეგო პოზიცია უკვე ცნობილი იყო თათბირის მონაწილეთათვის და ამდენად გასაგებიც იმ მერყეობის მიზეზი, რომელიც დარეჯანის ზეგავლენით ერეკლემ გამოიჩინა თათბირზე. სწორედ ამიტომ მეფე-დედოფლის საუბრის შინაარსით წინასწარ ინფორმირებულმა ჭაბუამ პირდაპირ მოუწოდა მეფეს, რომ დაეგმო ქვეყნის საზიანო უკუღმართი აზრი და ემოქმედნა გაბედულად. ,,მეფე სდუმდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილითა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა – აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდმო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერისა. ,,ნუ ჰყოვნი, მეფეო! იტყოდა ჭაბუა, – მეფე ერისათვის და ერი მეფისათვის. ერი იმერთა ითხოვდა ერთობასა და კავშირსა. ვითარ იტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვნასა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილიშვილსა ჩემსა? ასეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპველი ქვეყნისა. ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო საუკუნოდ მოამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება''. (იქვე, გვ. 15). იმერეთის სარდალს ქაიხოსრო წერეთელს როცა დაუნახავს, რომ ჭაბუა ორბელიანის საფუძვლიანი არგუმენტაციით დასაბუთებული მჭევრმეტყველური სიტყვის შემდეგ, ერეკლე მაინც მდუმარედ იჯდა, სიტყვა აუღია და მეფისათვის შემდეგი მოუხსენებია: ,,ბატონო მეფევ, უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, – მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება იყოლიოს თავისად მეფე თვისი, ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შედგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერე თქვენით – ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, ხომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებას“ (იქვე, გვ. 16).

თათბირზე საქართველოს გაერთიანების საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ერთადერთ პიროვნებას, იოანე მუხრანბატონს. უნახავს რა, რომ მეფე თანხმობის დასტურს არ იძლეოდა და იცოდა ალბათ დასმულ საკითხზე მეფე-დედოფლის შეხედულება და სურვილი, ამ უკანასკნელთა საამებლად მლიქვნელურად გამოსულა და უთქვამს: ,,დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რით ვექმნეთ პატრონად ქვეყნისა, რომელსაც ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილიშვილი მეფისა?“(იქვე, გვ. 16).

იოანე მუხრანბატონის ლაჩრულსა და პირფერულ სიტყვას უკიდურესად აღუშფოთებია ქართლ-კახეთის სამეფოს მთავარსარდალი დავითი, რომელსაც თავისი ღირსშესანიშნავი პასუხით ადგილზევე დაუსამარებია იგი. აი, ეს პასუხიც: ,,მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისის ხმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მისცემს ღმერთად სხვასა მუხრანის ბატონსა, რომლისა ხმალი უფრო მჭრელი იქნება'' (იქვე, გვ. 16) მთავარსარდლის ამ სიტყვით ნაწყენი დარჩენილა მეფე ერეკლე და თათბირი მიუტოვებია. ამის შედეგად შეკრების დანარჩენი მონაწილენიც დაშლილან.

თათბირს არ დასწრებია დარეჯან დედოფალი, მაგრამ იგი, როგორც უაღრესად დაინტერესებული პიროვნება, ცხადია გაფაციცებით უცდიდა მის შედეგს. ხოლო როცა გაუგია, რომ თათბირის თითქმის ყველა  მონაწილემ საქართველოს გაერთიანებას დაუჭირა მხარი, არ მოსწონებია. განსაკუთრებით დავით სარდლისა და ჭაბუა ორბელიანის გამოსვლით დარჩენილა უკმაყოფილო. ამიტომ დარეჯანს თავისთან დაუბარებია ჭაბუა ორბელიანი და მრისხანე საყვედურით მიუმართავს საქართველოს გაერთიანებაზე მხარდაჭერისათვის. მაგრამ ჭაბუას არც დედოფალთან დაუხევია უკან და იქაც მტკიცედ დაუცავს თავისი აზრი. ,,არა ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული მეფისა და სამეფოისა. ჰაზრი ჩემი დაშთება უცვლელად, მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, შთავიტან თანა საფლავსა'' (გვ. 17).

ნახეს რა იმერეთის წარმომადგენლებმა, რომ საკითხის დადებითად გადაჭრა დარეჯანზე იყო დამოკიდებული, ისინი სპეციალურად ეახლნენ თურმე დედოფალს და სთხოვეს მხარი დაეჭირა საქართველოს გაერთიანებისათვის. ,,ქუთათელი და გენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მოუთხრობდეს დედოფალსა იმერეთისა მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა. დედოფალი ბრძანებდა უარსა და იტყოდა ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილიშვილისა ხელთაგან'' (იქვე, გვ. 17).

მეორე თათბირი გამართულა სამი დღის შემდეგ. თათბირზე პირველი ჭაბუა ორბელიანი გამოსულა და კვლავ საქართველოს გაერთიანებისათვის დაუჭერია მხარი. შემდეგ სიტყვა ანტონ მეორე კათალიკოსს უთხოვია და ჭაბუა ორბელიანის პოზიცია დაუცავს. ამის შემდეგ ერეკლეს თავისი მემკვიდრისათვის მიუმართვს: ,,რასა იტყვი, გიორგი, შენ?“ გიორგი ბატონიშვილის, როგორც მომავალი მეფის აზრს უეჭველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადაწყვეტისას. საყურადღებოა, რომ გიორგისაც საქართველოს გაერთიანებისათვის დაუჭერია მხარი და შესანიშნავი ლოგიკურობით დაუსაბუთებია ერთობის აუცილებლობა. ,,ხელმწიფეო ჩემო! – მიუმართავს გიორგის მეფისათვის, – ,,სიტყვა ჩემი ვითარცა ჰხედავ, იქმნება მრავალთათვის წინააღმდეგი და მაინც გავბედე მოგახსენოთ: ,,შეერთება იმერეთისა და ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა, თუ გნებავთ უძლეველობა. არს მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, – იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ისრაელთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად მეფობა სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, – ბრძანებს მაცხოვარი“ (იქვე, გვ. 17). გიორგის სიტყვა დიდად მოიწონეს თურმე თათბირის მონაწილეებმა.

ბოლოს სიტყვა ისევ ჭაბუა ორბელიანს აუღია. ამ უზადო პატრიოტს მდაბლად, მაგრამ მკაფიოდ მოუთხოვია მეფისათვის იმერეთის დესპანის თხოვნის დაკმაყოფილება. მაშინ მეფე წამომდგარა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მოკლედ განუცხადებია: ,,თხოვასა ამას ვერ მივიღებ, მტერი მადგას კარსა, ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიც უნდა იყოს შვილიშვილი ჩემი. იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთისა თანა'' (იქვე, გვ. 17-18).

ამგვარად, ,,თვით მეფე ერეკლე მეორე... წინ აღუდგა დასავლეთისა და აღმოსავლეთის საქართველოს შეერთებას, რომელსაც ერთპირად და მხნედ ჰთხოულობდნენ იმერნი და ამერნი და, ქვეყნის საუბედუროდ ჩაშალა ეს ბრძნული წადილი ერისა და იმ ეგოისტურ წვრილმანი მიზეზის გამო, რომ თავის შვილიშვილისათვის არ ეწყენინებინა და არ მოეკლო იმერეთის ტახტზედ ფარფაშობა'' (ი. გოგებაშვილი, რანი ვიყავით გუშინ? გვ. 5).

ასე უკუღმართად დაბოლოვდა ერეკლესა და დარეჯანის წყალობით ეს დიდებული წამოწყება საქართველოს გაერთიანებისა. იმავე 1790 წელს ქართლ-კახეთის 4 ათასიანი ჯარის დახმარებით იმერეთის სამეფო ტახტიდან გადააგდეს დავით გიორგის ძე და მეფედ დასვეს დარეჯანის შვილიშვილი დავით არჩილის ძე, რომელმაც სოლომონ II-ის სახელწოდება მიიღო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ერეკლეს ბრმა თაყვანისმცემლები ყველა ღონისძიებებით ცდილობენ, რომ მის დანაშაულებრივ უარს საქართველოს გაერთიანების შესახებ რაიმე გამართლება მოუძებნონ, ხოლო რაც მთავარია უგულებელჰყონ მეტად საჩოთირო ფაქტი იმის შესახებ, რომ ერეკლემ ცოლის გავლენით უარყო იმერეთის შეერთება. მაგალითად, იასე ცინცაძე თავის წიგნში – აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, აღნიშნული ფაქტის შესახებ სწერს: ,,ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დარეჯან დედოფალი თავისი შვილიშვილის იმერეთში გამეფების მომხრე არ იყო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მან მოახვია თავს გვირგვინოსან მეუღლეს თავისი აზრი და საქართველოს გაერთიანებაზე უარი ათქმევინაო'' (გვ. 62). იასე ცინცაძე ერეკლეს უარს საქართველოს გაერთიანებაზე თურქეთის მხრივ შესაძლო საწინააღმდეგო პოზიციითა და მოსალოდნელი კონფლიქტის საშიშროებით ხსნის. შეუძლებელი იყო ,,1790 წლის პირობებში საქართველოს გაერთიანების წინადადებაზე დათანხმებაო'', სწერს იგი და შემდეგ დაასკვნის: ,,იმერეთის შემოერთების საკითხის სირთულე ამაში გამოიხატებოდა და არა იმის მტკიცებაში – გაერთიანებული სახელმწიფო სჯობია თუ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულიო'' (გვ. 62. იქვე).

რა თქმა უნდა, მიამიტ მკითხველს ადვილად დაარწმუნებს იასე ცინცაძე ამგვარი დემაგოგიური მსჯელობით, მაგრამ ვინც გაცნობია ერეკლეს ბოლო პერიოდის მოღვაწეობის არაერთ უარყოფით მხარეებს, ეგრე ადვილად არ წამოეგება ამ იაფფასიანი არგუმენტაციის ანკესზე. ერეკლე რომ დარეჯან დედოფლის ძლიერ გავლენაში იმყოფება, ის ფაქტი მარტო იმით კი არ მტკიცდება, რომ დარეჯანმა თავისი შვილიშვილის სასარგებლოდ უარი ათქმევინა ერეკლეს საქართველოს გაერთიანებაზე, არამედ იმ მხრივაც, რომ ერეკლემ თავისი ცოლის პირდაპირი მითითებით შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის ოდითგანვე არსებული კანონი, რათა დარეჯანის ყველა შვილსა და შვილიშვილს მიეღოთ მეფობა რიგრიგობით, რითაც საშინელი შფოთი და ამბოხი დაბადა ქვეყანაში, იმავე დარეჯანის ზეგავლენით, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის წინ ერეკლემ ქართლ-კახეთის სამეფო მრავალრიცხოვან ბატონიშვილებზე დაანაწილა და ამ გზით დასცა და დაანგრია ქვეყანა. საინტერესოა რას გვეტყოდა იასე ცინცაძე – როცა ერეკლე ბატონიშვილებზე ანაწილებდა ისედაც ერთ მუჭა ქვეყანას, იცოდა თუ არა, ანდა სჭირდებოდა თუ არა მას მტკიცება, ,,რომ გაერთიანებული სახელმწიფო სჯობია, თუ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული? ხომ არ სურს ჩვენს პატივცემულ მეცნიერს, ერეკლეს ეს რეაქციული მოქმედებაც თურქეთიდან მოსალოდნელი საშიშროებით ახსნას? როგორც ვთქვით, იასე ცინცაძე ერეკლეს უარს იმერეთის შეერთებაზე იმით ,,ასაბუთებს'', რომ თურქეთი წინ აღუდგებოდა საქართველოს გაერთიანებასო. ,,ირანი თუ ანარქიას განიცდიდა და საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერეოდა, ოსმალეთშიც ხომ იგივე მდგომარეობა არ იყოო. ამიტომ 1790 წლის პირობებში საქართველოს გაერთიანების წინადადებაზე დათანხმება შეუძლებელი იყოო'', – სწერს ი. ცინცაძე (გვ. 62)

ამასთან დაკავშირებვით, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს მოვახსენოთ, რომ 1787-1791 წლებში, ე.ი. სწორედ იმ დროს, როცა თბილისში საქართველოს გაერთიანების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, რუსეთსა და ოსმალეთს შორის გააფთრებული ბრძოლები სწარმოებდა და ამ ბრძოლაში რუსეთისაგან რამდენიმეჯერ სასტიკად დამარცხებულ თურქეთს საქართველოს საქმეებში ჩარევა კი არა, საკუთარი ტერიტორიების დაცვა უჭირდა. ი. ცინცაძემ იცის, რომ დღევანდელი მკითხველი არც ისე მოუმზადებელია, რომ ის ვეღარ გაარკვიოს, თუ რა საშიშროება იყო მოსალოდნელი თურქეთიდან ასე საგანგებოდ მითითებულ 1790 წელს და ამიტომ  იძულებულია ქვემოთ აღნიშნოს, რომ ამ დროს თურქეთი რუსეთთან ომში იყო ჩართული. ,,მაგრამ ომი სულ ხომ არ იქნებოდაო'' – წერს იგი, – და როცა დასრულდებოდა, მერე შეიძლება თურქეთს გამოელაშქრა საქართველოს წინააღმდეგო და ამის გამო არ შეიძლებოდა დათანხმებულიყო ერეკლე საქართველოს გაერთიანებაზეო'' (გვ. 62).

ი. ცინცაძის ამგვარი მსჯელობა იმ ანეგდოტს ჰგავს, რომელშიც ერთი ჭკუათხელი ქალის ამბავია მოთხრობილი: თურმე ერთი ახალგაზრდა ქალი მდინარის პირას იჯდა და გულამოსკვნილი ქვითინებდა, გამვლელებმა ჰკითხეს, რა გატირებსო? როგორ თუ რა მატირებსო, მიუგო ქალმა – რომ გავთხოვდები და შვილი მეყოლება, მერე ჩემი შვილი რომ გაიზრდება და აქ წამოვიდეს საბანაოდ და დაიხრჩოსო? ი. ცინცაძის ლოგიკით, იმ საცოდავი ქალის გამოსავალი ალბათ ის იქნებოდა, რომ მას გათხოვებაზე ხელი აეღო. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი დიდებული წინაპარი დავით აღმაშენებელი საკმაოდ მტკიცე ნებისყოფისა, ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამასთან მას ი. ცინცაძეზე უფრო ჭკვიანი დამრიგებლები ჰყავდა, თვარა ამ უკანასკნელის იქნება-მაგრამას ფილოსოფიით რომ ეხელმძღვანელა, მაშინ მას არ უნდა შემოეერთებინა თურქთა მფლობელობაში მყოფი საქართველოს მიწა-წყალი, რადგან შესაძლოა მისი ეს მოქმედება ,,სწყუროდა'' სულთანს და საქართველოზე გამოელაშქრა. როგორც ცნობილია იმ პერიოდისათვის ეს არ მოხდა. ხოლო შემდეგ გაერთიანებული საქართველოს ძალებით დავით აღმაშენებელმა კუდით ქვა ასროლინა თურქმენებს არა მარტო საქართველოდან, არამედ სრულიად ამიერკავკასიიდანაც.

ი. ცინცაძის თქმით, იმერეთი არ იყო სუვერენული სახელმწიფოო. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის მიხედვით, იგი თურქეთის გავლენის სფეროს ეკუთვნოდაო და ამიტომ თურქეთი არ დაეთანხმებოდა მის აღმოსავლეთ საქართველოსთან შეერთებასო. ჯერ ერთი, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. მეორეც, იმერეთი იმ დროს დამოუკიდებელი სამეფო იყო და იგი სრულებითაც არ ემორჩილებოდა თურქეთს. მართალია ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროდ იცნო, მაგრამ ამ ფაქტს საქმის რეალური მხარე არ შეუცვლია, ე.ი. ფაქტიურად იმერეთი თურქეთის გავლენას არ დამორჩილებია. მაგრამ, აქ მთავარი მაინც ისაა, რომ თურქეთის საკითხი, როგორც იმერეთის შემოერთების ხელშემშლელი ფაქტორისა, თათბირზე საერთოდ არც დამდგარა. ხოლო ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი საშიშროება თურქეთის მხრივ არ არსებობდა. მით უმეტეს, თუ გაერთიანებული საქართველო ხელს აიღებდა რუსეთის ორიენტაციაზე, რომელსაც საქართველოსათვის ზიანის მეტი არაფერი მოჰქონდა. მაგრამ, კიდევაც რომ შექმნილიყო ასეთი საფრთხე იმერეთის შემოერთების შედეგად, ერეკლეს შეეძლო საქმის გართულების შემთხვევაში დაეტოვებინა იმერეთი და უარი ეთქვა გაერთიანებული საქართველოს მეფობაზე. როგორც ზემოთ ვნახეთ, აკი ურჩია კიდეც მეფე ერეკლეს იმერეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ქაიხოსრო წერეთელმა, რომ ,,უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, – მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა... ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შესდგებაო''. ი. ცინცაძე ხატავს რა, ისტორიული წყაროთი მოტანილი მასალის ლოგიკურობას, სადაც ერეკლე ყველა კუთხიდან მტყუნდება, სხვა გამოსავალს რომ ვეღარ პოულობს, ამ წყაროში შეაქვს ეჭვი, ,,სწორი არ უნდა იყოს ეს ცნობაო''.

ამგვარად, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისათვის,  თითქოს ოსმალეთი წინ აღუდგებოდა საქართველოს გაერთიანებას. პირიქით, კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების საშიშროებასთან დაკავშირებით თურქეთი ყოველთვის მარტო იმას ეხვეწებოდა ქართველ მეფეებს, რომ ისინი რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში რუსებს არ მიმხრობოდნენ და საქართველოში არ შემოეშვათ ისინი. საქართველოს ხელმძღვანელნი თუ ამ თხოვნას შეუსრულებდნენ, თურქეთის მთავრობა არა მარტო ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა, არამედ გაცილებით უფრო მეტ სიკეთესაც პირდებოდა. თუ რამდენ დათმობაზე მიდიოდნენ თურქეთის ხელმძღვანელები ოღონდაც ზემოთ აღნიშნული თხოვნა შეესრულებინა ქართველებს, ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ ასეთ მაგალითს: გიორგი XII-ის მეფობის დროს თბილისში მოვიდნენ თურქეთის წარმომადგენლები წინადადებით, რომ საქართველო ჩამოსცილდებოდა რუსეთს. ამის სამაგიეროდ ისინი გიორგი XII-ს ჰპირდებოდნენ ,,ახალციხისა და სრულიად სამცხისაცა შეერთებასა სამეფოისთანა მეფისა, ვითარცა იყო ძველად. მეფემან იწყინა და უბრძანა სრულიად უარი'' (პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 117). გიორგი XII-ემ თურქეთის დესპანთა გულის მოსაკლავად მათ თვალწინ დაიბარა თავისი კაცები და უბრძანა წასულიყვნენ და გაეკეთებინათ დარიალის გზა, რომ რუსები შეუფერხებლად მოსულიყვნენ საქართველოში. ,,მაშინ ჩერქეზიშვილმან დავით, კაცმან სიტყვამარჯვემან და ახალციხისა ფაშისა მახლობელმან, მოახსენა მეფეს: ბატონო მეფევ და კარისკაცნო: ,,რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისისა? ,,დახშვა კარისა ამის, უბრძანა მეფემან, – იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა, ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქმნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ'' (იქვე გვ. 117-118).

გიორგი XII გაცილებით უფრო მეტად იყო გონებადახშული ქრისტიანული დოგმებით, ვიდრე ერეკლე II. ამიტომ მკითხველისათვის სრულიადაც არ უნდა იყოს გასაკვირი ის ალილუია, რაც მან ჩერქეზიშვილის გონებამახვილური რეპლიკის საპასუხო სიტყვაში ჩამოაბულბულა.

ამგვარად, თურქეთი არა თუ საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი შეიძლება ყოფილიყო, თუკი საქართველო თავს დაანებებდა რუსეთს, არამედ იგი წარსულ საუკუნეებში მიტაცებული ტერიტორიების უკან დაბრუნებასაც კი ჰპირდებოდა. თურქეთი რომ არავითარ დამაბრკოლებელ მიზეზს არ წარმოადგენდა საქართველოს გაერთიანების საკითხში ის, როგორც ზემოთ ითქვა, თვით თათბირის მსვლელობიდანაც ჩანს. როგორც მკითხველმა ნახა, თათბირის მონაწილეთაგან სიტყვაც არავის დაუძრავს ამის შესახებ.

განა თვით იმერეთის წარმომადგენლები კი წამოჭრიდნენ აღმოსავლეთ საქართველოსთან გაერთიანების საკითხს, რეალური საფრთხე რომ არსებულიყო თურქეთის მხრიდან? ანდა აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულები რატომ ასე დაჟინებით მოითხოვდნენ იმერეთის შემოერთებას, თუკი ეს შეუძლებელი იყო თურქეთის წინააღმდეგობის შედეგად? იქნებ იასე ცინცაძე და მისი თანამოაზრენი ფიქრობენ, რომ ერეკლეს ესმოდა მხოლოდ მაშინდელი საქართველოს საგარეო სირთულენი და იმერეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები კი გრძნობას აყოლილი ფანტაზიორები იყვნენ?

საქართველოს გაერთიანებაზე ერეკლეს უარის ერთადერთი მიზეზი რომ მეფე-დედოფლის პირადული ინტერესები იყო, ეს მთელი სიცხადით ჩანს თვით თათბირზე ერეკლესა და დარეჯანის საამებლად წარმოთქმულ იოანე მუხრანბატონის პანეგერიკულ სიტყვაში: ,,რათ ვიქმნეთ პატრონად ქვეყანასა, რომელსაც ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილისშვილი მეფისა?'' აი კონკრეტული მიზეზი, რამაც გამოიწვია საქართველოს გაერთიანების ჩაშლა.

დიდებული მამულიშვილი და შორს გამჭვრეტი პოლიტიკოსი სოლომონ ლეონიძე სხვა პროგრესიულ მოღვაწეებთან ერთად საქართველოს ხსნას არა რუსეთისაკენ მზერაში, არამედ ქვეყნის გაერთიანებაში ხედავდა. მას ესმოდა, რომ დარიალის კარის გაღება და რუსეთის ქვეშევრდომობაში მოქცევა დამღუპველი იქნებოდა ქართველი ერისათვის და ვეღარავითარი ძალა ,,ვეღარ დახშავდა საჭიროების შემთხვევაში'' ამ კარს, როგორც ეს ჩვენს  მეფეს ეჩვენებოდა.

რაკი ჩაიშალა საქართველოს გაერთიანების საქმე, სოლომონ ლეონიძე შეეცადა გარეგნული კავშირი მაინც დამყარებულიყო საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის.

ამ მიზნით მან ბევრი იმოღვაწა. იგი კარ-კარ დადიოდა და მეფე-მთავრებს არწმუნებდა, რომ „ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული. ერი სხვათა მფლობელობასა შინა ქვეშე შესული არის მონა და მონა მზაკვარი, დაცინებული, მასხარად აგდებული. ვითარცა დამკარგველი თვითმყოფობისა, ჰკარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღირსებასა. უძლური სულითა, ჰკარგავს სხეულისაცა ძალასა: ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა'' (პლ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 23-24).

მართალია სოლომონ ლეონიძის თაოსნობით 1790 წელს საქართველოს მეფე-მთავართა შორის ერთობის ხელშეკრულება გაფორმდა ,,გარნა სადღა იყო ძალი დამაკავშირებელი მათი? ოდეს მეფემან ირაკლი მეორემან დაკარგა ერთმეფობისა იმერთა ერისა თხოვა, დაკარგაცა ძალი კავშირისა'' (იქვე, გვ. 24).

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq