საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

ილარიონ ქართველი სასწაულთმოქმედი
გია მამალაძე

822 წელს კახეთში დაიბადა ქართული და ბერძნული ეკლესიის მომავალი წმიდანი, საკვირველმოქმედი ილარიონ ქართველი. მისი მამა მდიდარი აზნაური ყოფილა. მართალია, ილარიონ ქართველის ცხოვრების არც ერთ რედაქციაში გვარი მითითებული არაა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მათი ოჯახი დონაურთა ცნობილი  გვარიდან ყოფილა. დონაურების გვარი დიდი მეომრები იყვნენ. ამ გვარის წარმომადგენელი, სამუელ დონაური კახეთში ქორეპისკოპოსი ზუსტად ილარიონის ჭაბუკობისას გახდა. დონაურების მეთაურობით ქართველებმა სოფელ გავაზთან სასტიკად დაამარცხეს არაბთა სარდალი ხალიბ იბნ-იაზიდი, რომელმაც 840-842 წლებში ილაშქრა საქართველოში და ჯავახეთში ჰპოვა სიკვდილი.

შემდეგ დონაურებმა და კახელებმა, წანარებმა, გარდაბნელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ბუღა თურქს, არ შეუშვეს არაგვის ხეობაში და ფეხი არ მოაკიდებინეს კახეთის საქორეპისკოპოში.

მომავალი სიამაყე ქართველი ერისა პატარაობაში ძალიან დიდ ნიჭს ავლენდა თურმე. 6 წლის ასაკში მამამ ის თავისი დაბის მღვდელს მიაბარა აღსაზრდელად და პატარა ილარიონიც ბეჯითად სწავლობდა. მამა ძალიან კმაყოფილი იყო და გადაწყვიტა, შვილი ღმერთისთვის შეეწირა. დაიწყო მონასტრის მშენებლობა. მალე მონასტერში 16 ბერი შეიკრიბა.

14–15 წლის ასაკში ილარიონმა გადაწყვიტა გაცლოდა მშობლის ყურადღებას, ქრისტეს მოწოდების შესაბამისად, დაეტოვებინა მამა, დედა, აეღო ჯვარი და ნამდვილად შედგომოდა ქრისტეს გზას. ამ მიზნით, წავიდა გარეჯის მონასტერში და ერთ მღვიმეში დაემკვიდრა.  გარეჯის მამათა შორის მალე დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა და 11 მოწაფე გამოუჩნდა კიდეც.

მამა ილარიონის სიწმინდის შესახებ ცნობილი გახდა და უამრავი ხალხი მიდიოდა მის მოსანახულებლად. ამიტომ, თავის მაგიერ მისივე მოწაფე დაადგინა მღვიმის წინამძღვრად და თავის ერთ მოწაფესთან ერთად, იერუსალიმს გაემგზავრა, რათა განრიდებოდა დიდებას.

ნეტარმა მოილოცა  იერუსალიმი, თაბორის მთა, ბეთლემი, იორდანის უდაბნო, საბაწმიდის მონასტერი და სხვა. გადმოცემით, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მღვიმეშიც  იყო დაყუდებული ერთხანს. 

ერთხელაც წმიდა ილარიონს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთსმშობელი და თორმეტი ნათლით მოსილი კაცი. ყოვლადწმიდამ უბრძანა სამშობლოში გამომგზავრებულიყო.

სამშობლოში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მისი მამა და ძმა გარდაცვლილიყვნენ. დედამ მამისეული ქონება გადააბარა და უთხრა, როგორც უნდოდა ისე განეკარგა.

მამა ილარიონმა ააშენა დედათა მონასტერი და იქ დამკვიდრდნენ მისი დედა და და. ააშენა მამათა მონასტერიც. ასე შეასრულა ღვთისმშობლის დანაბარები. დარჩენილი ქონება გლახაკებს გაუყო.

მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედის ძმამ, რომელიც ითხოვდა წილს ქონებიდან და ნახშირით შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდა მონასტრის კედლებზე. იმუქრებოდა, რომ დაწვავდა მონასტერს, ილარიონს კი მოკლავდა. 

ილოცა მამა ილარიონმა ბიძისთვის, რომელიც ხმამაღლა გაჰყვიროდა და მიწაზე გორაობდა.  განიკურნა ნეტარის ბიძა და ფეხებში ჩაუვარდა საამაყო ნათესავს მონანიების სიტყვებით და თავისი ქონებაც მონასტერს შეწირა.

განითქვა წმიდა ილარიონის ამბავი ქართლის ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად. სთხოვდნენ, ეპისკოპოსობა მიეღო...

კვლავ გაერიდა დიდებას ნეტარი და ორ მოწაფესთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც არავინ იცნობდა. გზად ულუმბის მთაზე ავიდნენ მოსალოცად.  პატარა ეკლესია იპოვეს და იქ გაჩერდნენ. ყველიერის შაბათს, წმიდა ილარიონმა ეკლესიაში კანდელის ასანთებად მოსულ ბერს სთხოვა სეფისკვერი და ზედაშე. მოართვა ბერმა და აღასრულეს ქართველებმა წმიდა ჟამისწირვა, ქართულ ენაზე. ეს ამბავი შეიტყო მონასტრის მამასახლისმა, აღშფოთდა და ბრძანა მათი გაძევება, რადგან არ იყო დარწმუნებული მათ მართლმადიდებლობაში.

იმ ღამეს მამასახლისს სიზმარში გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი:

– როგორ არ შეიწყნარებ უცხოებს? ქართველები ხომ არიან ამ მთაზე, განა არ იცი? ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია, რადგან ჩემი ძის მიერ ჩემთვის არიან ისინი ჩაბარებულნი, ჩემი წილხვდომილები არიან შეურყეველი მართლმადიდებლობის გამოო! 

ატირებული მამასახლისი გაემართა წმიდა ილარიონისკენ, ფეხებში ჩაუვარდა შენდობის თხოვნით და აფიცებდა, დარჩით აქ, არ წახვიდეთო, რათა ღვთისმშობელს შური არ ეძია მასზე.

– „იყოს ნება შენი, მამაო“! – უთხრა ქართველმა წმიდანმა.

რამდენიმე ხანში, ილარიონ ქართველმა კანდელის ზეთის წასმით სასწაულებრივად განკურნა მამასახლისის ნათესავი ბერი, რომელიც სიყრმიდან მარჯვენა ფეხს იტკიებდა და სთხოვა, არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მაგრამ, განითქვა მისი სასწაულმოქმედების შესახებ და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად.

მოვიდა სამი ქართველი ბერიც. მამა ილარიონმა ულუმბოს მთაზე ქართველთა მონასტერი დააარსა. თუმცა, ქართველები იქ მანამდეც შეიძლება იყვნენ, როგორც ჩანს მამასახლისის სიზმრისეული გამოცხადების ტექსტიდან. მასთან მოდიოდნენ მოქალაქეებიც და სთავაზობდნენ დახმარებას, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა, ღვთისმშობელი განგვაძღობსო. თვითონ  მუშაობდნენ ფიზიკურად და ასე ირჩენდნენ თავს.

ხუთი წელი იყო ნეტარი მამა ულუმბოზე. განითქვა ილარიონ ქართველის სასწაულმოქმედების, სიწმიდისა და უპოვარების ამბავი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ნახვა.

ილარიონ ქართველმა თავის მოწაფეები დატოვა ულუმბოს ქართველთა მონასტერში, თან იახლა ერთი მოწაფე და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს ძელიცხოვლის სახილველად და მოსალოცად. შემდგომ რომში გაემგზავრა, პეტრესა და პავლეს საფლავთა მოსალოცად.

კონსტანტინოპოლიდან 12 დღის სავალზე, ერთ ქალაქთან ახლოს, ნახა ერთი ვენახი, რომლის შესასვლელთან კოჭლი კაცი იჯდა. სთხოვა ქართველმა, ერთი მტევანი მომიწყვიტეო. კოჭლმა უპასუხა: – 13 წელია, სიარული არ შემიძლია, მას მერე, რაც ფეხები მოვიტეხე. ამ ვენახის პატრონი მარჩენს... მიბრძანდი და მოკრიფე რამდენიც გენებოსო.

– უფალი გიბრძანებს, ადექი და მომიტანე მტევანი! – განუცხადა ქართველმა წმიდანმა კოჭლს. მართლაც, უმალ განიკურნა მისი ფეხები და სიხარულით გამოუტანა ვენახიდან სასწაულმოქმედ ბერს მტევანი სრულიად ჯანმრთელმა. მაგრამ ბერი იქ არ დახვდა.

ხელში მტევნით ეძებდა ბედნიერი ადამიანი ქალაქში მის განმკურნებელს. კოჭლის სასწაულებრივმა გამოჯანმრთელებამ კი დიდი სიხარული გამოიწვია მთელ ქალაქში და ერთად ეძებდნენ ბერს,  მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამა ილარიონი სხვა გზით წავიდა.

ორი წელი რომში გაჩერდა წმიდა ილარიონ ქართველი და მოილოცავდა იქაურ სიწმიდეებს, თან უამრავი სასწაული მოახდინა იქ. შემდეგ დიმიტრი თესალონიკელის საფლავის მოსალოცად გაემგზავრა. დიდი ქალაქის, თესალონიკის (სალონიკის) მთავრის სასახლის ჭიშკართან იხილა მსახური ქალი, რომელმაც 4 წლის უძლური ბიჭუნა მზეზე დააწვინა.

ქართველმა წმიდანმა სთხოვა მსახურ ქალს, წყალი მომიტანეო. მხევალი წყლის მოსატანად რომ წავიდა, წმიდა ილარიონი მიუბრუნდა პატარა ავადმყოფს, ჯვარი გადასწერა და უთხრა:

– სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა ადექი ჯანმრთელი და წადი შენს დედიკოსთან! 

გამოჯანმრთელებული ბავშვი ადგა და გაიქცა. როცა ბავშვის გადია მობრუნდა, პატარას სრულიად განკურნებულს შეხვდა. სიხარულით გაიქცა მხევალი და აუწყა ბავშვის დედას, თესალონიკის მთავრის მეუღლეს სასწაულის შესახებ.

მთავრის ბრძანებით, ქალაქის კარიბჭეები დაკეტეს და სასწაულმოქმედი ბერის ძებნას შეუდგნენ. ქალაქგარეთ, აღმოსავლეთ კარიბჭესთან იპოვეს ილარიონ ქართველი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და აუწყეს მთავარს. მიიჭრა ბერძენი დიდებული ქართველ მწირთან, მუხლებში ჩაუვარდა და ფეხებს უკოცნიდა. ნეტარმა წამოაყენა და დალოცა ბედნიერი მამა. თესალონიკის მთავარი ევედრა ილარიონ ქართველს დარჩენილიყო მათთან და შეჰპირდა, რომ ეკლესიას აუშენებდნენ, სადაც ისურვებდა. წმიდანი დათანხმდა. მხოლოდ ითხოვა, ხმელი ორცხობილისა და დამბალი ცერცვის მეტი არაფერი მიეტანათ მისთვის და მისი თაყვანისცემა არ დაეწყოთ.

875 წლის 19 ნოემბერს, 53 წლის ასაკში მიიცვალა დიდი ქართველი წმიდანი თესალონიკში. მთავარმა მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენებინა წმიდანის ცხედარი და დაკრძალეს იმ ეკლესიაში, სადაც მოღვაწეობდა. სნეულები მიდიოდნენ მის საფლავთან და იკურნებოდნენ.

ერთხელ მთავრის ვაჟი ავად გახდა. დაუსივდა სარცხვენელი და მუცელი. მთავარმა ბრძანა და მისი ვაჟი მამა ილარიონის ლუსკუმაში ჩააწვინეს. ღამით, ძილში გამოეცხადა ილარიონ ქართველი ახალგაზრდას და უთხრა:

– „პროკოპი, უნდა აღმითქვა, რომ წესიერად იცხოვრებ, თორემ ვერ განიკურნები?!“

პროკოპიმ დაიფიცა. მაშინ ქართველმა წმიდანმა მუცელზე დაადო ხელი მთავრის ვაჟს და განკურნა. ილარიონ ქართველის საფლავი სნეულთა განკურნების ადგილად იქცა. ეს ყველაფერი შეიტყო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი პირველმა (867–886) მაკედონელმა.

– არავინ დარჩა მისი მოწაფეებიდან? – იკითხა იმპერატორმა. მამასახლისმა ამცნო, რომ წმიდანის სამი ქართველი მოწაფე, აწ უკვე მოხუცები, კიდევ მოღვაწეობენ ულუმბოზე.

დიდი მოკრძალებით სთხოვა ბიზანტიის იმპერატორმა სამ ქართველ ბერს მასთან მიბრძანება და გაუგზავნა  საიმპერატორო გემი – დრომონი.  დიდი პატივით მიიღეს ქართველი მონაზვნები კონსტანტინოპოლის სასახლეში. კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქმა ფოტი პირველმა (858–867, 877–886) განაცხადა, რომ დიდი მადლი მიიღო ქართველი ბერებისგან. შესთავაზა ბერებს ბერძენთა მეფეთ-მეფემ, აერჩიათ რომელიმე მონასტერი და მათ დაუთმობდა, მაგრამ ქართველებმა არ იკადრეს სხვისი აშენებულის მისაკუთრება. მაშინ კეისარმა მოაძებნინა ქართველებს კარგი ადგილი სამონასტრედ და წამოიწყო ეკლესიის მშენებლობა. თვითონ ხელმწიფე ეზიდებოდა ქვებს. 7 თვეში გაასრულეს მშენებლობა. პატრიარქმა ფოტიმ აკურთხა ეკლესია და წმიდა ნაწილები გადასცა. იქვე, ააშენებინა ბერძენთა ხელმწიფემ თავისთვის სენაკი.

ასე დაარსდა კონსტანტინოპოლთან ახლოს რომანას (ჰრომანას) ქართველთა მონასტერი.

იმპერატორმა თავისი ვაჟები მიუყვანა ჰრომანაში ქართველ ბერებს – ლეონი და ალექსანდრე და სთხოვა, ესწავლებინათ მათთვის ქართული წერა-კითხვა და აღეზარდათ. ეს მოხდა, ალბათ, 879 წლის მერე, რადგან ამ დროს უფროსი ვაჟი იმპერატორისა, კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი ჩანს.

შემდგომში, 886 წელს ლეონი იმპერატორი გახდა და ეწოდება ლეონ მეოთხე ბრძენი. მის მერე, ტახტზე მისი ძმა, ალექსანდრეც ავიდა (912–913). 

ბასილი პირველმა მაკედონელმა მისწერა თესალონიკის მმართველ ეპარხოზს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში გადმოესვენებინათ ნეტარი ილარიონ ქართველის წმიდა ნაწილები. 

კეისარმა წმიდა ილარიონ ქართველსაც მისწერა წერილი:

„ბასილი, ცოდვილი მეფე, მონა ღვთისა, გევედრები, მამაო ილარიონ, მოდი დედაქალაქში. არ მეღირსა შენი ნახვა, მაგრამ მომეცი ნება, ვეამბორო შენს წმიდა ძვლებს და გაიხაროს სამეფო ქალაქმა, კონსტანტინოპოლმა“!

როცა იმპერატორის ბრძანება წაიკითხეს თესალონიკში, ადგილობრივებმა ამბოხი დაიწყეს და გადაწყვიტეს მეფის წარგზავნილების ქვებით ჩაქოლვა, რადგან არ ემეტებოდათ მამა ილარიონის წმიდა ნაწილები. მეფის შეშინებულმა  ანთიპატრიკიოსმა  აღუთქვა არშესრულება მეფეთ-მეფის ბრძანებისა და თავის ხალხთან ერთად გავიდა ქალაქიდან. მერე კი ღონე იხმარა, ერთ ღამეს ამოათხრევინა წმიდა ილარიონის ნაწილები საფლავიდან, ჩაასვენა ლუსკუმაში და წამოიღო, ხოლო საფლავი ისევ ისე დაახურინა.

მეორე დღეს მაინც შეიტყვეს თესალონიკელებმა მომხდარის შესახებ და გლოვას მიეცნენ.

დიდი სიხარულით შეეგება კონსტანტინოპოლში იმპერატორი ილარიონ ქართველის წმინდა ნაწილებს. სამეფო სასახლეში დაასვენებინა ერთ ეკვდერში და ფიქრობდა, აეშენებინა მისთვის სანაწილე.

მესამე ღამეს ნელსურნელება იგრძნეს იმპერატორმა და მისმა მსახურებმა. როცა  მიერულა კეისარს, გამოეცხადა ილარიონ ქართველი და აუწყა ბიზანტიის მეფეს, რომ გადაესვენებინათ ქალაქგარეთ.

ასეც მოიქცა ბერძენთა მეფე,  ილარიონ ქართველის წმიდა ნაწილები ლიტანიობით გადაასვენეს ჰრომანას მონასტერში.



მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-24
დიდმოწამისა მინასი (304); მოწამეთა ბიქტორისა და სტეფანიასი (II); მოწამისა ბიკენტისა (304); ღირსისა თეოდორესი, სტუდიელი აღმსარებელისა (826); მოწამისა სტეფანე დეჩანელისა (დაახლ. 1336)(სერბ.).
წმიდა მოწამე ბიკენტი (+304)
ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა. წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამომავალ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ. დილით ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს.
ღირსი თეოდორე სტუდიელი, აღმსარებელი (+826)
ბერი თეოდორე ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი ასრულებდა ყველაზე მძიმე შავ სამუშაოებს, მკაცრად იცავდა მარხვას, ყოველდღე ამბობდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა. რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრების დაჟინებული თხოვნით მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
gaq