|
ნიკო ნიკოლაძე
ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე (დ. 9 (27.IX) ოქტომბერი, 1843, დიდი ჯიხაიში — გ. 5 აპრილი, 1928, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ „ცისკარში“ (NN 9,10) მოათავსა თავისი პირველი წერილები. 1861 წელს შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა 1861 ცნობილ გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1862 ჟურნალ „ისკრაში“ (NN 11,12,28,29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი „პეტერბურგის მხარეზე“, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. 1862 სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ „ნაროდნოე ბოგატსტვოს“ რედაქტორობდა. 1864 ჟურნალ „სოვრემენიკში“ გამოქვეყნდა მისი ნარკვევი „პროვინციული სურათები“, ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ „სანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. ა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა „კოლოკოლში“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, «„მოსკოვსკიე ვედომოსტის“ სამსჯავროს წინაშე», „თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლში“ თანამშრომლობა ნიკოლაძემ ა. გერცენთან და ნ. ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში პ. ლაფარგის მეშვეობით გაიცნოკ. მარქსი, რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია. 1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“, 1868 ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ „სოვრენნოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანი „რა ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. 1870 იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ „დროების“ თანამშრომლად. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კრებულს“, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1872 პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით „სხვათა შორის“ ჟურნალ „კრებულში“ გამოაქვეყნა. 1873 იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. 1873 წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ „დროშის“ გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „კრებულში“; 1878-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა.
1881 წელს ნიკოლაძე სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“ და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. 1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891 თბილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოამბეში“. 1894-1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. 1917 თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. 1917–1918 წლებში ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919–1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1920 ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა ი. ჭავჭავაძისა და გ. ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.
ნიკოლაძის სახლ-მუზეუმია სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი). |
|