|
შალვა ალექსი-მესხიშვილის ერთი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში
შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (* 26 აპრილი/8 მაისი, 1884, თელავი ― † 18 ივნისი, 1960, თბილისი), ქართველი ადვოკატი, პოლიტიური და საზოგადო მოღვაწე, ლადო მესხიშვილის ვაჟი.
1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს. ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1917-1918 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტს. 1918-1919 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობაში. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი. 1921 წლის შემდეგ საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორგზის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. შალვა ალექსი მესხიშვილის ერთი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე. დაპატიმრების წესთან დაკავშირებით: იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი მესხიშვილი (სოციალისტ-ფედერალისტი) – პარლამენტის წევრნო! როგორც შეკითხვიდან სჩანს, თითქმის ყველა ის პირი (ბუდუ მდივანი და სხვები) დატუსაღებულია ადმინისტრატიული წესით. ადმინისტრატიული წესით დატუსაღების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: რევოლუციის პირველ დღეებში რუსეთის მთავრობამ კერენსკის იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს უკუაგდო ადმინისტატიული წესით დატუსაღება. ხოლო რეალურმა პირობებმა, პოლიტიკურმა ბრძოლამ, ბრძოლამ ანარქიის მთესველებთან და ნაძირალებთან აიძულა იგივე კერენსკი 1917 წლის აგვისტოს 2-ის დეკრეტით კვლავ აღედგინა ეს წესი. ამ დეკრეტის ძალით შინაგან საქმეთა მინისტრს სამხედრო მინისტრთან შეთანხმებით, ნება აქვს ადმინისტრატიული წესით დაატუსაღოს ის პირები, რომლებიც ანარქიას სთესავენ ქვეყანაში და მთავრობის წინააღმდეგ მოუწოდებენ.არც საქართველოს მთავრობაში, არც პარლამენტში არ მეგულება ისეთი პირი, რომელიც მომხრე იყოს ადმინისტრატიული წესით დატუსაღებისა. მაგრამ თქვენ თუ გაითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ სინიდის ახდილი ვაჟბატონები ძირს უთხრიან საქართველოს დამოუკიდებლობას იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობას 6 თვის განმავლობაში ექვსი დღე არ ჰქონია თავისუფალი, განა შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ მარტო სასამართლოს წესით მოხდეს დატუსაღებაო, იმ სასამართლოსი, რომელთა ძველი მოხელეები საქართველოს დამხობის მიზნით სისტემატიურ საბოტაჟს ეწევიან? (ძლიერი ტაში).ეს არის ფორმალური მხარე, რომელიც ცხადჰყოფს თუ რამდენად უსაფუძვლოა თარხანოვისა და თუმანოვის შეკითხვა. მაგრამ მე, როგორც სოლიდარულ კაბინეტის წევრს,
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | არ მინდა ამ ფორმალური არგუმენტით მოვიცილო თავიდან პასუხისმგებლობა და შინაგან საქმეთა მინისტრს გადავცე იგი, რომ მან გასცეს პასუხი ადმინისტრატიული წესით დატუსაღების შესახებ. მე მინდა არსებითად გავცე პასუხი ამ შეკითხვას.ვისთვისაც ეს ნგრევა და დამხობა დამოუკიდებელ საქართველოსი ხელსაყრელია, ის მოითხოვს, რომ მხოლოდ სასამართლოს წესით იქნეს დატუსაღება.„როდის იქნება მოსპობილი ადმინისტრატიული წესი დატუსაღებისაო?“ გვეკითხებიან თარხანოვი და მისი კომპანია. მოსპობილი იქნება მაშინ, როდესაც საშუალებას მოგვცემენ ისეთ კალაპოტში ჩავაყენოთ საქართველოს ცხოვრება, რომ საკმარისი იყვეს მხოლოდ სასამართლოს წესით დატუსაღება.ყველა გულწრფელად ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს აღმშენებლობის საქმეს და არ უთხრიდეს მას ძირს და მაშინ საქართველოს მთავრობა შემოვიტანს კანონპროექტს, რომ მოსპობილ იქნეს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება (ძლიერი ტაში ყველა სკამზე).
|
|