საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

„საქმე, რომელიც ემსახურება ყველაზე დიდი სასწაულის - სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენას...“
ლელა ჩხარტიშვილი
ქალბატონი ელეონორა ბარამიძე


 

ეს  წერილი დაიბეჭდა 2017 წლის „კარიბჭის“ ნომერში. მისი დაბეჭდვიდან რამდენიმე თვეში ქალბატონი ელეონორა ბარამიძე გარდაიცვალა. ეს წერილი ეძღვნება მის ნათელ ხსოვნას...

 

არც თუ იშვიათად ადამიანის ცხოვრება აღსავსეა განსაცდელით, ტკივილით, სიმძიმილით. „რომელნი ვართ ხორცსა ამას შინა, ვკვნესით დამძიმებულნი“ (პავლე მოციქული). ხორციელი უძლურება, ჯანმრთელობის დაკარგვა ერთ-ერთი დიდი განსაცდელია ცხოვრებაში, რომელსაც, არც თუ იშვიათად, მოსდევს სიცოცხლის დაკარგვის შიში. არასათანადო მზადყოფნის შემთხვევაში -  სიკვდილის გამოცანის წინაშე დაბნეულობა, დრტვინვა, დეპრესია.

უმეტეს შემთხვევაში ძრწოლით გვავსებს საავადმყოფოების, სამედიცინო კლინიკების პირქუშად მომზირალი შენობები. ფანჯრები, რომელთა მიღმა მედიცინის მუშაკები მუშაობენ, ფაცი-ფუცობენ, მიდი-მოდიან, იბრძვიან, ეძებენ, დიაგნოზებს სვამენ. ზოგჯერ - საბედისწეროს.

ბევრისთვის შესაშურია მათი ხვედრი, პროფესიული არჩევანი, რადგან მათ თავიანთი ცხოვრების მთავარ საქმედ უზენაესი მისია გაიხადეს; საქმე, რომელიც ემსახურება ყველაზე დიდი სასწაულის - სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენას.

ცხოვრება, ბედისწერა ხშირად გვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც არასდროს გვავიწყდებიან, სულ რჩებიან ხსოვნაში თავიანთი კეთილშობილებით, პათოსით, თანადგომის იშვიათი უნარით და ყველა იმ ადამიანური და პროფესიული ღირსებით, რაც მათ ბუნებით თან დაჰყვათ ანდა ცხოვრების დიდ გზაზე შეიძინეს თავიანთი ნიჭის, დაუღალავი და შეუპოვარი შრომის, მტკიცე ნებისყოფის წყალობით.

 

ქალბატონი ელეონორა ბარამიძე (ბევრისთვის, უბრალოდ, ელიკო ექიმი) ერთ-ერთია იმ მოჰიკანთაგან, რომელთაც გამოჰყვათ თავიანთი თაობის ზნეობრივი ლაზათი, სიმტკიცე, პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება, უანგარობა, სიყვარული და სიკეთე; ასევე საღი და  ნათელი გასჯის უნარი. იმთავითვე თვალში მოგხვდებათ მისი ნელი, აუჩქარელი, მშვიდი, მხრებში გაშლილი და  ამაყად თავაღერილი   სიარული.  სჩვევია უშუალო, და უბრალო,  თბილი საუბარი. შეგეგებებათ  მუდამ გაქათქათებული ხალათით, მოწესრიგებული, მუდამ მზადმყოფი ყოველდღიური შრომისთვის. თითქმის 50 წელია ისევ ისეთივე მხნეობითა და შემართებით,  რუდუნებით, სიამოვნებით, ხალისით, ბედნიერების გრძნობით აღვსილი უძღვება საქმეს. სუფთა გულისა და სინდისის კარნახით ცდილობს პატიოსნად მოექცეს თითოეულ პაციენტს; გულისყურით ეკიდება და ჩაჰკირკიტებს თითოეულის ავადმყოფობის ისტორიას. ღრმა გულისხმიერებითაა განმსჭვალული მისი კონსულტაციები და რეკომენდაციები; საუბრის დროს მთელი სახით იღიმება, რაც მის ისედაც მიმზიდველ და უბერებელ სახეს კიდევ უფრო სანდომიანსა და ლამაზს ხდის. ეს საოცარი ღიმილი, რომელიც არის ჯილდო ღმერთისა  და სპეტაკად განვლილი ცხოვრებისა, შესაფერის განწყობას უქმნის ირგვლივ მყოფებს; შთააგონებს უდრტვინველი, ნაყოფიერი მუშაობისათვის. თავისი რბილი, მშვიდი ხმითაც კი, რომელიც აღსავსეა რწმენით, იმედით, ამხნევებს,  მხარს უბამს პაციენტებს გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვაში და მედიკამენტზე უფრო მეტად სალბუნად ეფინება მათ გულს.

ქალბატონმა ელეონორამ ბავშვობა ბათუმში გაატარა. მეან-გინეკოლოგის პროფესიის არჩევაში დიდი როლი შეასრულა ბათუმის სამშობიარო სახლმა, რომლის ფანჯრები მისი სახლის ეზოს  გამოსცქეროდნენ. პატარაობიდანვე დიდი გავლენა მოახდინა მასზე და  გაიტაცა   იმ სავადმყოფოს  ფანჯრების მიღმა მოფუსფუსე თეთრხალათიანთა სამყარომ და ადამიანებისთვის შველის დაუოკებელი სურვილი აუნთო გულში. დედის დაჟინებული სურვილის (დედას სურდა მის ქალიშვილს კონსერვატორიაში ესწავლა) მიუხედავად ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. 1970 წლიდან რკინიგზის სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ონკოლოგიას. 90-ანი წლებიდან მოყოლებული დღემდე იმავე სამშობიარო სახლის ობსერვაციული განყოფილების გამგედ განაგრძობს მოღვა

ირაკლი მაჭარაძე
წეობას.

როგორც თავად ბრძანებს, „ავადმყოფურად“ უყვარს თავისი პროფესია და  თითქმის შვილების სიყვარულთან აქვს  გათანაბრებული. მის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, სუნთქვა,  არსებობა. მთელი ცხოვრების მანძილზე, ზოგჯერ ძვირადაც უჯდება, მაგრამ მაინც თავს ძალას ატანს და სულ იღიმის. რადგან მიიჩნევს, რომ ექიმისთვის პაციენტთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღიმილი, განწყობა, აურა. დღემდე წარმატებით იყენებს აუტოტრენინგის მეთოდს. არაერთხელ, სარკეში  საკუთარი თავისთვისაც უწევს  შემოძახება: „აბა, ახლა დაწყნარდი, აიყვანე თავი ხელში, ყველაფერი  კარგად იქნება!“ რადგან საკუთარ თავში  და ძალებში თუ არ დარწმუნდა ექიმი, მას გაუჭირდება სხვათა ნდობის მოპოვება, შესაბამისად,  გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლა. ქალბატონი ელიკოს რწმენით, ექიმისგან წამოსული სითბო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა  პაციენტს თავის მდგომარეობას უმსუბუქებს, უღვივებს განწყობას განსაკურნებლად ბრძოლისთვის; აჯერებს მას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დრამატიზირება უსარგებლოა. რადგან ადამიანის ფსიქოლოგიაც  ხომ ისეა მოწყობილი, რომ იგი ებღაუჭება იმედს, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე გვიან კვდება. ქალბატონი ელიკოს აზრით,  ექიმმა სწორედ ეს იმედი არ უნდა ჩაუკლას  ავადმყოფს, არ უნდა გაწიროს იგი.

ელეონორა ბარამიძის მრავალწლიან  საექიმო პრაქტიკაში უხვად  იყო მძიმე შრომა, დაღლა. არაერთი დაავადება საკუთარ თავზე იწვნია, არაერთი სენი დაამარცხა.  გულის შუნტირების საკმაოდ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა; ორი კვირის მერე საკეისრო ოპერაციაზე  მოუწია გასვლა  და უფრო მეტად აქტიურ რეჟიმში განაგრძო მუშაობა. სენის დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ისევ და ისევ სიმხნევეს აკუთვნებს. მიაჩნია, რომ ექიმს არა აქვს მოდუნების უფლება, რადგან მისი სიმხნევე გადამდებია. ავადმყოფიც ტონუსში ექიმის მხნე განწყობას მოჰყავს. ყოველგვარი სიძნელის გადატანაში კვლავაც თავისი პროფესიის სიყვარული და ერთგულება ეხმარება. აგრეთვე თავგანწირვის ის  ჩაუქრობელი შუქი, რომლითაც განათებულია მისი ცხოვრების ყოველი დღე.

ქალბატონი ელეონორას მუდამ  ახალგაზრდულ და ხალისიან პათოსს კვებავს ისიც, რომ იგი არაერთხელ გამხდარა ახალი სიცოცხლის დაბადების თანამონაწილე და თანაზიარი, თანაშემოქმედი. მის ხელში, მის წინაშე დაბადებულა არაერთი ახალი სიცოცხლე, გაჟღერებულა არაერთი ახალი ხმა. უნიკალური მუსიკალური სმენის წყალობით საოცრად ზუსტად იხსენებს თითოეული ახალშობილის  ხმას (ასევე არ ავიწყდება არცერთის სახელი). ამ დროს იგი, როგორც თავად ამბობს, განიცდის სტრესს, ოღონდ არა მწუხარების, არამედ სიხარულისას. არაერთ ოჯახს ახსოვს ელიკო ექიმის სიკეთე; რამდენი უშვილო ქალი გამხდარა დედობის ღირსი მისი წყალობით; რამდენი კიდევ შეუჩერებია, რათა არ ჩაედინა აბორტის მძიმე ცოდვა. გადიან  წლები, მოდიან მერე  ეს დედები კლინიკაში ხელში ატატებული ლოყებღაჟღაჟა ბავშვებით და ქალბატონ ელიკოს  ემადლიერებიან; ხან ბავშვებს ხელში აჩეჩებენ მათ გადამრჩენელ მფარველ ანგელოზს და მადლიერებით აღვსილნი ეუბნებიან: „აი, ელიკო ექიმო, თქვენი  წყალობით შენარჩუნებული ჩვენი შვილები“. აბორტის გაკეთება კლინიკა „ჰერაში“, რომელშიც დღესდღეობით მოღვაწეობს ქალბატონი ელიკო, სასტიკად იკრძალება.  ელიკო ექიმს გული შესტკივა თითოეულ პაციენტზე, ადამიანზე. წუხს იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური სიდუხჭირის გამო  ბევრი უსახსრო ადამიანი მოდის, რომელთაც არ შესწევთ იმის უნარი, რომ გაიკეთონ გამოკვლევები, იმკურნალონ. თავისი მხრიდან ცდილობს ყველას ხელი შეუწყოს, სულგრძელად დაეხმაროს. საჭიროების შემთხვევაში  უანგაროდ და უსასყიდლოდაც  ემსახურება მათ.  მისი ყოველდღიური  ლოცვა უფლის მიმართ ძალიან უბრალოდ და მარტივად ჟღერს: „ღმერთო, გთხოვ, ყველა იყოს ჯანმრთელად!“

ქალბატონი ელიკო უფალმა ორი შვილით, ოთხი შვილიშვილით და ორი შვილთაშვილით დააჯილდოვა. ვაჟმა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი მაჭარაძემ სწორედ დედის გავლენით აირჩია მეან-

ლელა ჩხარტიშვილი
გინეკოლოგის პროფესია. მას გენეტიკურად გადმოეცა კეთილშობილება, სიხალასე, ადამიანებთან ურთიერთობის ის საოცარი უნარი, რომელიც პაციენტს ყოველთვის განაწყობს გამოჯანმრთელებისკენ, სიცოცხლის სიყვარულისკენ.

ბატონ ირაკლის თითქმის არასდროს ეშლება ავადმყოფობის დადგენა, რაც ნათელი და ღრმა ინტუიციის შედეგიცაა იმ ცოდნასა და განათლებასთან ერთად, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე დააგროვა.

 

ინტერვიუ ვთხოვეთ ბატონ ირაკლი მაჭარაძეს:

- რას ნიშნავს იყო კეთილსინდისიერი ექიმი? რა განცდას განიჭებთ ადამიანებისადმი სამსახური?

- კეთილსინდისიერი ექიმი გახლავთ ის, რომელიც ფიქრობს ავადმყოფობის დამარცხებას, როცა არა აქვს მნიშვნელობა, ეს ავადმყოფობა ვის სხეულშია დაბუდებული. სწორედ მასთან (ავადმყოფობასთან) გამარჯვება განიჭებს განსაკუთრებულობის განცდას, რამეთუ შენ დგახარ სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე.

- თქვენ ბრძანდებით კლინიკაჰერასდირექტორი. როდის დაარსდა  ეს კლინიკა და რამდენად უწევენ მისი თანამშრომლები ადამიანებს პროფესიულ, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ დახმარებას?

- კლინიკა „ჰერა - 2011“ დაფუძნდა 2011 წელს ორი სამშობიარო სახლის გაერთიანებით. რკინიგზის სამშობიარო სახლისა და სამშობიარო სახლი „ჰერას“ გაერთიანებით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, ის მხოლოდ სამშობიარო სახლი არაა, ჩვენს მრავალპროფილიან კლინიკაში არის ქირურგიული დეპარტამენტი, ამბულატორია, ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება. კეთდება გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს, უროლოგიური, ტრავმატოლოგიური ოპერაციები და ყველაფერს ამას ემსახურება პროფესიონალთა საკმაოდ დიდი გუნდი.

- ავადმყოფობის დასაძლევად და უდრტვინველად გადასატანად (პაციენტის მხრიდან), რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის განწყობას (იგივე რწმენას), სიმშვიდეს, სიმხნევეს.

- ცხადია უნდა შედგეს ურთიერთობა პაციენტსა და ექიმს შორის, როცა ყალიბდება ნდობა პაციენტისგან ექიმისადმი, ავადობის დამარცხება ნაკლებად მტკივნეული ხდება.

- ავადმყოფობის მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკაში შექმნილი მყუდრო გარემო, თბილი ატმოსფერო, მედიკოსთა მხრიდან გამოვლენილი სულიერ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ნუგეში?

- კლინიკა პირველ რიგში აღჭურვილი უნდა იყოს ყველა იმ სამედიცინო ტექნიკით, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი სამედიცინო საქმიანობისთვის, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს უსაფრთხო გარემოში, რომ მას რაც დასჭირდება, ყველა მანიპულაცია ჩაუტარდება. ცხადია ამასთან ერთად, თბილი სიტყვა, მყუდრო გარემო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ქმნის იმ ერთობლიობას, რომელსაც ქვია „კარგი საავადმყოფო“.

- ერთი მხრივ, საჭიროა ნუგეში, წახალისება ავადმყოფისათვის, რათა ის არ დაითრგუნოს, არ დაეცეს სულით. ხოლო მეორე მხრივ, ექიმმა უნდა უთხრას მას სიმართლე თავისი სნეულების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია,

რომ ავადმყოფმა იცოდეს სიმართლე და რა ფორმით უნდა უთხრას ექიმმა ეს სიმართლე მას,  რათა ზედმეტი დრამატიზირება არ მოახდინოს დაავადებისა და არც ცრუ იმედებში და ილუზიებში ამყოფოს ავადმყოფი. როგორ უნდა გამოინახოს ოქროს შუალედი?

- ექიმმა პაციენტს უნდა უთხრას სრული სიმართლე მისი ავადმყოფობის შესახებ. ცხადია ეს უნდა გააკეთოს კორექტულად, რაც შეიძლება ნაკლებად დამთრგუნველად, მაგრამ სიმართლე; რადგან მხოლოდ პაციენტი ირჩევს მკურნალობის მეთოდებს, მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და დაგეგმოს მომავალი.

- ავადმყოფობის ღირსეულად და ადექვატურად აღქმა, გადატანა ყველას არ შეუძლია. უფრო ხშირია შემთხვევები ავადმყოფთა მხრიდან მუდმივი წუწუნის, პროტესტის, სევდიან-პესიმისტური განწყობის. ეს პირქუში განწყობა ხშირად დეპრესიაში გადადის ხოლმე. ავადმყოფი ხშირად კარგავს იმედს, ცხოვრების აზრს და მიზანს, აქვს ნევროტული რეაქციები და ა.შ. რამდენად აზიანებს ეს მდგომარეობა გამოჯანმრთელების პროცესს და რა როლი ეკისრება აქ ექიმს?

- დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას მკურნალობის პერიოდში. დეპრესიული, სევდიან-პესიმისტური პაციენტების მკურნალობა ზუსტად იმეორებს ამ ადამიანების ცხოვრების სტილს, „ყველაფრის გართულება“, უნდობლობა პერსონალის მიმართ, კონფლიქტი ექიმებთან, ექიმების და კლინიკების ხშირი ცვლა და ა.შ. ცხადია ეს აზარალებს პირველ რიგში, თვითონ  პაციენტს, მის ჯანმრთელობას, ამიტომ ექიმის როლი მასა და პაციენტს შორის ნდობის დამყარებაში დიდია, რაც გარანტიაა მკურნალობის წარმატებისთვის.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაგიმარცხებიათ ისეთი სნეულება, რაც მანამდე უიმედო გეჩვენებოდათ. ამ დროს, როგორც წესი, ამბობენ ხოლმე, რომ საქმე აქვთ იღბალთან, ბედისწერასთან. არსებითად კი, აქ ზეციური მკურნალის შეწევნაზე, მის მოწყალებაზე, შეიძლება დაფიქრდეს კაცი და იმაზე, რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია: ჩვენი ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც. რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ექიმისთვის, ასევე ავადმყოფისთვის, ღმერთის ნებაზე მინდობას?

- არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე უფლის ნების გარეშე, ფოთოლიც კი არ ვარდება ხიდან მისი ნების გარეშე. ცხადია ავადმყოფობა, მისი მკურნალობა და შედეგები ყველაფერი უფლის ნებაა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაკეთდა ყველა ის სამედიცინო საქმიანობა, რაც ჭირდებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევას; ცხადია ყოფილა შემთხვევები, როცა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გადარჩენის შანსები მინიმალურია, შეიძლება ითქვას თეორიული, და პაციენტი გადარჩენილა, აი აქ კი ჩვენ ექიმები ვიძახით ხოლმე - ღმერთმა გადაარჩინაო.

- საექიმო პრაქტიკა და მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში რაღაც ცუდთან არის დაკავშირებული: უბედურებასთან, განგაშთან, შიშთან. მაგრამ მეან-გინეკოლოგის შემთხვევა ალბათ ერთადერთია, როცა ყველაფერი გვირგვინდება ბედნიერებით, რადგან ამ ქვეყანას ევლინება ახალი სიცოცხლე. რამდენად დიდი სიხარულია სხვათა სიხარულში თანამონაწილეობა, სხვათა ბედნიერების გაზიარება?

- მეან-გინეკოლოგი ყოველდღე ხდება ახალი სიცოცხლის დაბადების თანამონაწილე, ცხადია ეს არის ის, რაც გვაძლევს სტიმულს გავაგრძელოთ ჩვენი დამღლელი და შრომატევადი საქმიანობა.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. გრძელდება თუ არა ექიმობის მემკვიდრული ტრადიცია შთამომავლებში?

- მყავს მეუღლე ინგა ჩხაიძე და ორი შვილი ლაშა და ლიკა, ერთი შვილიშვილი - ანასტასია, დედა - ელენე ბარამიძე, ექიმობის მემკვიდრეობას ალბათ შვილიშვილი ანასტასია გააგრძელებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ფერისცვალება უფლისა (მარკოზი)
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
gaq