ქალბატონ ელენეს წერილი არის გამოხმაურება ჩვენს მასალაზე: "განხილვა - მონარქისტული კონსტიტუციის საკითხი" (http://georoyal.ge/?MTID=104&TID=87&id=690), რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მას. გამარჯობა, ყურადღებით წავიკითხე სტატია და მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: საქართველოს მართლაც რომ ესაჭიროება მონარქიული წყობილების აღდენა, ამას,მგონი, ქართველთა დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მით უფრო, რომ ეს ჩვენი სახელოვანი წინაპრების, წმინდანების და ბოლო ჟამის ერთი უძლიერესთაგანის - წმიდა ბერ გაბრიელის, აღმსარებელისა და სალოსის წინასწარმეტყველება და სურვილი იყო! ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ნათესავ-ახლობლების და მეგობრების აზრითაც, საჭიროა საზოგადოებამ დიდი ძალისხმევა მიმართოს ამისკენ და ვფიქრობ - შორს არ არის დრო, როდესაც ცხებული მეფე გვეყოლება. წმიდა ბერი გაბრიელი ამბობდა, ის რა ერია, ვისაც არ ჰყავს ცხებული მეფე. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუ როგორ უნდა გაბრწყინდეს იდეურად საქართველო მონარქიული წეს-წყობილების აღდგენის გარეშე. და ისიც ხომ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა, უფლისა და მისი დედის - მარიამის წილხვედრია და სანამ მათი სუფევის ჟამი დადგება, ჩვენ, ქართველები მთელი შეგნებით უნდა ვცდილობდეთ მოვიყვანოთ ცხებული მეფე, რომლის ოჯახი კეთილშობილებითა და სარწმუნოებრივი კეთილზნეობით ქვეყანას ააღორძინებს, ბიძგს მისცემს და განახორცილებს ერის პოტენციალს, მის მაღალ ღირებულებებსა და იდეალებს. მეფე,რომელის თავისი ღირსეული ცხოვრებით ჩვენ მაგალითს მოგვცემდა და დათრგუნავდა დღესდღეობით გავრცელებულ და ჩვენდასაუბედუროდ, ფესვგამდგარ ცრუ, ფუჭ ღირებულებებს - უბრალოდ აუცილებელია! ერი თანდათან კარგავს თავის მამოძრავებელ ძალას, ენას, რწმენის სიძლიერეს, ცუდ დღეშია, ასევე ახალგაზრდობაც, რომელიც ფსევდოკულტურის, ცრუ ღირებულებების მსხვერპლნი გამხდარა და გაორებული დღეს ცრუ იდეალების ტყვეობაში იმყოფება! სამშობლოსთვის თავდადებული ჩვენი წინაპრების ოცნება და მიზანი ეს არ ყოფილა. მე არ მოვყვები კონკრეტულად ჩემი გვარის, ჩემი დიდი წინაპრების, დემეტრაძეების ღვაწლს საქართველოს წინაშე, წინაპრებისა, რომლებმაც თავად ჩხეიძეებთან უაზრო ბრძოლას მეცხრე საუკუნის ბოლოდან რაჭის საერისთავოში გასახლება და ტკბილი, უფლისთვის სათნო კეთილშობილური-აზნაურული ცხოვრება აირჩიეს თავიანთ მამულში, და თავი არ შეირცხვინეს ქიშპობის გაღივებით. დედის შტო-თავადებს - გრიგოლაშვილებს ეკუთვნის, ჩემი წინაპრები ეს ის ძმები გრიგოლაშვილებია, რომლებიც სოლომონ მეორეს იმერეთის მეფეს ახლდნენ თვით პეტერბურგში და გამალებით იცავდნენ მას მოქიშპე სხვა თავადებისაგან. მათ ასევე თავი გამოიჩინეს თურქობასთან ბრძოლაში, მესხეთში. მათ თურქთა სარდლებს ბნელი ღამით თავები წაკვეთეს, რითაც ძირძველი მესხები უცილობელ გაჟლეტას გადაარჩინეს... პირადად ჩვენმა გვარმა ასევე არა ერთი და ორი ცნობილი მკურნალი ექიმი, მეცნიერი და ქირურგი უშვა ჩვენს ქვეყანას. სამაგალითოდ ჩემი შორეული წინაპრის, ქართული ქირურგიისა და ტოპანატომიის კათედრის პირველი დამფუძნებლის ნიკოლოზ დემეტრაძის სახელიც კმარა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა უბრალოდ იმას, რომ რომ ჩემი წარმომავლობა ძალას და სიხარულს მანიჭებს და რაც მთავარია, შეგნებული მაქვს, რომ წინაპრები ყოველივე ამას ანგარებით არ სჩადიოდნენ -ისინი,უბრალოდ ემსახურებოდნენ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს მეფისა და ღმერთის კურთხევით. ვიცი, თითქმის ყველა ქართული გვარი კეთილშობილია, თითქმის ყველა მათი წინაპარი სახელოვანი და შეურცხვენელი არისტოკრატია, თავად ქართული წარმომავლობა არისტოკრატული, დარბაისლური და საამაყოა, ხოლო ცისა და ქვეყნის დეოფალი - მარიამი არის თავად ბაგრატიონთა შტოდან! სულ ესაა ამ ეტაპზე,რისი თქმაც მინდოდა, გმადლობთ. პატივისცემით, ელენე დემეტრაძე. |