როდესაც ახლო წარსულში - საბჭოურ ეპოქაში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას რელიგიური კუთხით განიხილავდნენ, ოღონდ მისი ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის გვერდი აევლოთ და, ათეისტობის ბრალდებასაც რომ თავი ვანებოთ, ხან პანთეიზმის, ხან ანიმიზმის და ხან ლამის ჰილოძოიზმის მიმდევრად რაცხდნენ პოეტს. დავა არ შეწყვეტილა ჩვენს დროშიც - ოღონდ ახლა მისი, როგორც ქრისტიანული მოძღვრების ერთგულების თვალსაზრისით. ამ საკითხის გარკვევას ემსახურება ის ორი პოლემიკური წერილიც, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
ადვილ ნუ იტყვით ვაჟაზე, არა ვარგაო, იმასა* წინამდებარე წერილში შევეხებით ვაჟა–ფშაველას პოემის, „ალუდა ქეთელაურის“ ერთი სტროფის არასწორ გაგებას და ამ გაგებიდან გამომდინარე მცდარ დასკვნას. აი ეს სტროფი: „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი, ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ, განა ვინაცა ჰფიციან?!“ და აი, დასკვნაც, რომელიც გააკეთა ქ–ნმა მანანა ყიფიანმა ვაჟას შესახებ: „ლიტერატურათმცოდნეობაში ტრადიციულად გაგებული ალუდას პიროვნების ამაღლება ქრისტიანულ დოგმატებზე, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ქრისტიანობისაგან განდგომაა. ვაჟა ალუდას სახით ეკუმენისტურ იდეებს ქადაგებს, ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ყველა რელიგიას მაცხოვნებლად მიიჩნევს, უარყოფს ქრისტეს გამომსყიდველ მისიას კაცობრიობის წინაშე, ეწინააღმდეგება საკუთარივე ლექსის „შობის“ (ალბათ იგულისხმება შობის თემაზე შექმნილი ლექსი „ვარსკვლავი“) სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. ცხონება ქრისტეს გარეშე – რელიგიური თვალსაზრისით ეს დევიზი სულის წარმწყმედი დევიზია და ალუდასაც, როგორც კეთროვანს, როგორც სხვათა სულებისათვის საშიშ პიროვნებას, ისე მოიკვეთს ერი. ვაჟას ბიოგრაფიაში ზემოთაღნიშნული შემზარავი ფაქტი** “ალუდა ქეთელაურში“ თითქოს ცოცხლდება, ახალ ძალას იძენს, როგორც ჩანს პოეტის ცნობიერებაში ერთხელ დაძრული ცდომილება უკვალოდ არ გამქრალა. ხე ნაყოფით იცნობა; სამწუხაროა, რომ დღეს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან, მებრძოლი ძალები ვაჟას სწორედ ამ ცდომილებას აფრიალებენ ბაირაღად – ეროვნულ ტრადიციებს სწორედ ამ გადასახედიდან ებრძვიან“. წერილი გამოქვეყნებულია კრებულში: „მანანა ყიფიანი, „ლიტერატურული წერილები“, თბილისი - 2006“, სათაურით: „ვაჟა–ფშაველას რელიგიური მრწამსისათვის“. იგი, რატომღაც, გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში დამოწმებული სამართლიანი არგუმენტების ძალით ავტორი ვაჟა–ფშაველას მართლმადიდებელ მწერლად მიიჩნევს: „ვაჟა–ფშაველას მრავალი ნაწარმოებია შექმნილი რელიგიურ თემაზე. ისინი ერთმანეთისაგან მხოლოდ სიუჟეტით განსხვავდებიან, რელიგიური მრწამსი კი მათი შემკვრელია, ერთ დიდ თხზულებად წარმომდგენელია. ყველა მათგანისათვის დამახასიათებელია თბილი რელიგიური გრძნობები. არცერთი მათგანი არ სცილდება სახარების სწავლებას, რითაც აშკარად ჩანს მართლმადიდებელი მწერლის მსოფლმხედველობა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ვაჟა ამ მსოფლმხედველობაში თანმიმდევრული აღარ არის. ეპოქის რევოლუციურმა განწყობილებებმა თავისი კვალი დაამჩნიეს მის სარწმუნოებრივ მრწამსსაც“. ჩვენს წინაშეა ერთ წერილში არსებული ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნა, მაგრამ მთავარი, როგორც ყველგან, აქაც ბოლო დასკვნაა (ანუ პირველი ციტატა), ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვათ: „საქმის ბოლოა სადარდო, ამატკივარი თავისა“. თუ დავუკვირდებით, პირველი დასკვნა (ანუ მეორე ციტატა) ისეა ჩამოყალიბებული, რომ უფრო მეორესთვის მზადებას ჰგავს, ამიტომ მოვიხმეთ ბოლო დასკვნა პირველ ციტატად და საუბარიც მხოლოდ მასზე გვექნება. ახლა კითხვა მაქვს ავტორთან: რას ნიშნავს აქ ჩართული სიტყვები - „ხე ნაყოფით იცნობა“, იმას ხომ არა: ვაჟა არის ბოროტი ნაყოფის გამომღებელი ხე? ვაჟას ასეთ შეფასებაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა ორი პწკარი ისევ ვაჟას პოემიდან „სისხლის ძიება“, მაგრამ ამ პწკარების გამოყენება ჩემი მხრიდან მართლაც სისხლის ძიება იქნებოდა, ამიტომ ამჯერად ამ ციტატას არ გამოვიყენებ, ვინც ვაჟას პოეზიას კარგად იცნობს, ის ისედაც მიხვდება. მოდით, ცოტა ხნით დავუშვათ, რომ მითითებული სტროფის მარქსისტულ–ლენინური გაგება, რასაც ქ–ნმა მანანამ, შეცდომით, ტრადიციული უწოდა და თავისი დასკვნით დაეთანხმა , არის სწორი, ე.ი: ვაჟა–ფშაველას ამ სტროფში უარყოფილი აქვს ნათლობის დოგმატი (ანუ, როგორც ამბობენ: ვაჟა–ფშაველა ამაღლდა ვიწრო ქრისტიანულ დოგმატებზე) და განვიხილოთ, ერთის მხრივ: ამ შემთხვევაში აქვს თუ არა ვინმეს ასეთი მკაცრი დასკვნის გამოტანის უფლება და, მეორეს მხრივ: თვით ვაჟა როგორ მოიქცეოდა ასეთი ცდომილებისას. ზემოთ ციტირებულ დასკვნაში ვაჟა–ფშაველა ცალსახად შერაცხულია მწვალებლად, უბრალოდ, ეს სიტყვა არაა ნახმარი, ამას ვერ უარყოფს თვით ქ–ნი მანანაც თავისივე წერილის პირველი ნაწილითაც კი, სადაც ვაჟა–ფშაველას წარმოადგენს მართლმადიდებელ მწერლად, მაგრამ ადამიანის მწვალებლად შესარაცხად საჭიროა: 1. მას ჰქონდეს მწვალებლური აზრი, 2. ის ამ აზრს ჰქადაგებდეს და 3. ის ამ აზრს იყენებდეს ეკლესიის წინააღმდეგ. პირველი პუნქტი ჩვენ დავუშვით, მაგრამ არ სრულდება მეორე და მესამე: არსად სხვაგან ვაჟას შემოქმედებაში არ გვხვდება დოგმატური ცდომილება, მით უმეტეს იგი ასეთ ცდომილებას ეკლესიის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებდა. ე.ი კლასიკური გაგებით „ხე ნაყოფით იცნობა“ არ გამოდის. ახლა, ვთქვათ, ეს იყო ვაჟას უნებლიე ცდომილება: როგორც ეკლესიის ისტორიიდანაა ცნობილი, უდიდეს წმინდანებსაც კი ჰქონდათ ცდომილებები, მაგრამ ეს ჩაითვალა მათ კერძო აზრად და მათზე არავის უთქვამს „ხე ნაყოფით იცნობაო“, იცით რატომ? – მათი უდიდესი დამსახურების გამო. ამაში მდგომარეობს სწორედ ჭეშმარიტების ეკლესიური და არა პიროვნული დაცვის არსი. ვფიქრობ, ვაჟას დამსახურება ქართველი ერის წინაშე, როგორც მოაზროვნის, როგორც მამულიშვილის და როგორც „თბილი ქრისტიანული გრძნობების მქონე“ (სიტყვები ქ–ნ მანანას ამავე წერილიდან) პოეტისა, სადაო არ უნდა იყოს არავისთვის, ამიტომ იქნებ ეს „ცდომილება“ გვეპატიებინა მისთვის? გარდა ამისა, ეკლესიის ისტორიიდან კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, თუმცა არ მახსოვს სად წავიკითხე, ამიტომ წყაროს ვერ მივუთითებ და სიტყვა–სიტყვითაც ვერ გადმოგცემთ, მაგრამ, ალბათ არსი არ შემეშლება, არც იმაში მეპარება ეჭვი, ვინმემ ეს შემთხვევა მონაჭორად ჩათვალოს, რადგან მასში აღწერილი ამბავი სრულიად ეთანხმება ქრისტიანულ სწავლებას: მამები მდინარეზე მიცურავდნენ ნავით, მათ დაინახეს ნაპირზე მლოცველი ადამიანი, მიაყურადეს და ჩათვალეს, რომ იგი არასწორად ლოცულობდა, ამიტომ „მამაო ჩვენო“ ასწავლეს და თავად გზა განაგრძეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ დაინახეს მდინარეზე მათკენ მორბენალი კაცი, რომელშიც ის მლოცველი შეიცნეს. მიუახლოვდა რა, მლოცველმა სთხოვა, ის საუცხოო ლოცვა დამავიწყდა და გამახსენეთო. ამ სასწაულის მხილველმა მამებმა გულისხმაჰყვეს და მიუგეს: „ჩვენ შენ რა უნდა გასწავლოთ, შენი ლოცვა ღმერთამდე მიდის და ისე ილოცე, როგორც იცი და როგორც შეგიძლიაო“. როგორც ვხედავთ, მამებმა თავიდან ის, რასაც ვერ ჩასწვდნენ, შეცდომად ჩათვალეს, მაგრამ სასწაულის ძალას ენდნენ, კეთილგონიერება გამოიჩინეს და თავმდაბლობით აღიარეს ამ კაცის სიდიდე ღვთის წინაშე. ნუთუ ჩვენთვის ვაჟას შემოქმედება არაა სასწაული? არ ჰგავს ვაჟა იმ, მდინარეზე ფეხით მოსიარულე კაცს? ამიტომ, იქნებ ამ სასწაულებრივი შემოქმედების შემხედვარე, დავფიქრდეთ, კეთილგონიერება გამოვიჩინოთ, ეს სტროფი სხვანაირად გავიაზროთ და ერთი ხელის მოსმით ცდომილებად ნუ ჩავთვლით იმას, რაც შეიძლება არ გვესმოდეს, მაგრამ „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ (ვაჟასადმი ასეთ მიდგომას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი). ზემოთქმულიდან ჩანს: ასეთი მკაცრი დასკვნის გაკეთების უფლებას ქ–ნ მანანას ამ სტროფის მცდარი გაგებაც კი არ აძლევს. მოდით ახლა ვნახოთ: თვით ვაჟა როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთი დოგმატური ცდომილების შემთხვევაში, ნებსითი იქნებოდა იგი, თუ უნებლიე. თუ ეს ცდომილება იქნებოდა ნებსითი და ის ამას არ უარყოფდა, მაშინ მას მოუწევდა ამ აზრის განმეორება შემდგომშიც. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი მონდომებითა და შეუპოვრობით ცდილობს უბრალო ადამიანიც კი საკუთარი მრწამსისმიერი აზრის დამტკიცებას; მით უმეტეს ვაჟა, ვისაც გონებაც უჭრიდა, ენაც და კალამიც – არ შეეცდებოდა საკუთარი შეხედულების დასაბუთებას და მხოლოდ ამ ერთ სტროფს იკმარებდა? – რა თქმა უნდა არა. არსებობს კიდევ ერთი გასათვალისწინებელი გარემოებაც: ეს სტროფი რომ ასეთნაირად ყოფილიყო გაგებული, მაშინ ვაჟას აუცილებლად გამოუჩნდებოდნენ მოწინააღმდეგეები მართლმორწმუნე მამულიშვილების სახით და მას, სურვილიც რომ არ ჰქონოდა, იძულებული გახდებოდა პასუხი გაეცა მათთვის უფრო გაღრმავებული ახალ–ახალი ფორმებით. ხოლო თუ ეს ცდომილება იქნებოდა უნებლიე და ის აღიარებდა ამას, მაშინ მას შემდგომ ნაწარმოებებში უნდა უარეყო იგი. აქ შეიძლება გვითხრან, რომ მართლაც მის შემოქმედებაში მანამდეც და მერეც &n
![](images/15920877397340.png) | bsp;„არაფერი არასახარებისეული არ გვხვდება“ (ციტატა ქ–ნ მანანას ამავე წერილიდან) და იქნებ მართლაც მოინანიაო? – არა, ბატონებო, ეს რომ ასე იყოს, ვაჟა ამას გააკეთებდა ღიად და არა შეფარვით (ცდომილების სიმძიმიდან გამომდინარე), რადგან მას კარგად ესმის, რომ საქვეყნო ცოდვას საქვეყნო სინანული სჭირდება. გახსოვთ ალბათ პავლე მოციქულის პასუხი, როცა მოედანზე უსამართლოდ ნაცემს და დატყავებულს ჩუმად გათავისუფლება დაუპირეს: მოედანზე გვცემეთ უდანაშაულოდ? – თავად მოდით და საქვეყნოდ გაგვათავისუფლეთო. როგორც ვნახეთ, არც ვაჟას საქციელი შეესაბამება იმ დაშვებას, რომ თითქოს ეს სტროფი დოგმა–ტურ ცდომილებას შეიცავს. ყურადღების ღირსია დასკვნაში არსებული მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაც, კერძოდ, ავტორი წერს: „ვაჟა ალუდას სახით ეკუმენისტურ იდეებს ქადაგებს“ და იქვე: „ალუდას, როგორც კეთროვანს, როგორც სხვისი სულებისთვის საშიშ პიროვნებას, ისე მოიკვეთს თემი“. კი მაგრამ, ვინ განაგებს ალუდას ბედს? განა ალუდას ბედი ვაჟას ხელში არ იყო და თუ ვაჟას ალუდას პირით ეკუმენიზმის ქადაგება სურდა, რატომ მოაკვეთინა იგი თემს, როგორც „კეთროვანი და სხვისი სულებისათვის საშიში პიროვნება“? რომ მოაკვეთინა, ეს გასაგებია, რადგან იგი ასეთ ქარგას ხშირად იყენებს, მაგრამ რატომ, „როგორც კეთროვანი და სხვისი სულებისათვის საშიში პიროვნება“ და არა როგორც ფიზიკურ პლანში დამარცხებული სიმართლე? ე.ი. ვაჟა ალუდას პირით ან არ ქადაგებს ეკუმენიზმს, ან თემს ალუდა მოაკვეთინა არა „როგორც კეთროვანი და სხვისი სულებისთვის საშიში პიროვნება“. მე კი ვიტყოდი: –არც ერთი და არც მეორე, ანუ: არც ეკუმენიზმს ქადაგებს და არც „კეთროვან და სხვისი სულებისათვის საშიშ პიროვნებად“ დაუხატავს ვაჟას ალუდა. შეიძლებოდა წერილის აქ დასრულება, მაგრამ დასკვნაში ხაზგასმულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: „სამწუხაროა, რომ დღეს ქრიტიანულ სარწმუნოებასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ძალები ვაჟას სწორედ ამ ცდომილებას აფრიალებენ ბაირაღად –ეროვნულ ტრადიციებს სწორედ ამ გადასახედიდან ებრძვიან“. თუ ეს მართლაც ასეა და ვინმე ამ სტროფის მცდარ გაგებას მზაკვრულად იყენებს, მაშინ საჭიროდ ვთვლი რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ამ სტროფის და ზოგადად პოემის შესახებ, ასევე ქ–ნ მანანასაც ვთხოვ უფრო გულმოდგინედ მოეკიდოს ვაჟას შემოქმედებას და ვინც „ამ ცდომილებას ბაირაღად აფრიალებს“ მას განუმარტოს ზოგი რამ, ვფიქრობ ასე აჯობებს ჩვენი ერისთვისაც და ეროვნული ტრადიციებისთვისაც. განსახილველი სტროფის შესახებ არაა ცნობილი, მაგრამ აღაზას აღსარებაზე, - ზვიადაური დავიტირეო: „იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე რა ვქნაო.“ თუ რა პასუხი უნდა გაეცა ჯოყოლას, ვაჟას თურმე ორი თვე უფიქრია*** და ნახეთ, – პასუხიც მისი ორი თვის ნაფიქრის შესაბამისია: სცილდება ყველა მაშინდელ საზოგაგოებრივ აზრს, მთაში (და არა მარტო მთაში) არსებულ წესს და გამომდინარეობს მხოლოდ მართლმადიდებლური კაცთმოყვარეობიდან: „იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა, დიაცს მუდამაც უხდება, გლოვა ვაჟკაცის კარგისა“ სავარაუდოდ, აქ განსახილველ სტროფზეც და უამრავ სხვა რამეზეც ბევრი აქვს ნაფიქრი ვაჟას და რადგან მან ასე დაწერა, მოდით ნუ მივუდგებით მას მოკამათის პოზიციიდან, ჩვენც ვიფიქროთ და ჩავწვდეთ, რას გულისხმობდა იგი. ახლა მინდა მკითხველს მოვახსენო ამ სტროფის ჩემეული გაგება: ალუდამ მოკლა მუცალი ბრძოლაში, სადაც შეიძლებოდა თავადაც დაღუპულიყო. მუცალის ვაჟკაცობამ შეძრა ალუდას სული და ბევრი რამ სხვაგვარად დაანახვა მას - მოდის ალუდა ბრძოლის ველიდან: ყმა მოდიოდა გორიგორ არ ეწონება თავია; პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი შავია. უყურებს ბევრი სისხლის და მტრობის მნახველ ბუნებას, მას გულში ამ დროს სინანულის გრძნობა აქვს გამძაფრებული და არა გამარჯვებით აღძრული სიამაყისა. აი, რას ფიქრობს იგი: ვისაც მტერობა მასწყურდეს, გააღოს სახლის კარია, სისხლ დაიგუბოს კერაში, თვითონაც შიგვე მდგარია. ღვინოდაც იმას დაჰლევდეს, პურადაც მოსახმარია. პირჯვარი დაიწეროდეს, მითამ საყდარში არია. სისხლშია ჰქონდეს ქორწილი, იქ დაიწეროს ჯვარია, დაიპატიჟოს სტუმრები, დაამწკრიოდეს ჯარია. სისხლში დაიგოს ლოგინი, გვერდს დაიწვინოს ცალია. ბევრი იყოლოს შვილები, ბევრი ვაჟი და ქალია. იქვე საფლავი გათხაროს, იქ დაიმარხოს მკვდარია. შენ რომ სხვა მოჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია. სოფელში შემოსულს კი რა ხვდება: ...მიულოციან ალუდას:–„სახელიანიმც ხარია!“ ის კი თანასოფლელებთან ბრძოლის ამბავს ისე ჰყვება, რომ მუცალს აქებს და შენდობას უთვლის მის სულს: „... იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა...“ და აქ ხდება სწორედ პირველი შეპაექრება უშიშასთან და ახალგაზრდებთან. განსახილველ სტროფსაც იგი უშიშას – ბებერ ხევსურს, ეუბნება და არა ბერდიას, როგორც ამას ქ–ნი მანანა წერს. ეს სიტყვები განკუთვნილია ერისკაცებისთვის და არა ღვთისმსახურთათვის - ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. პოემაში ალუდას ორ მხარესთან აქვს დავა, ერთს წარმოადგენს უშიშა - ერისკაცი და მასთან მყოფი ახალგაზრდები, მეორე მხარეს კი – ბერდია, ღვთისმსახური. ახალგაზრდებისა და უშიშას პოზიცია ასეთია: „მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, უკან მისდევდი მა რადა?“ ბერდიასი კი – ასეთი: „როგორ ვახვეწო უფალსა, ძაღლი, ძაღლების ჯიშისა?“ ეს ორი დავა განვიხილოთ ცალ–ცალკე. თანასოფლელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთა აღზრდა და სწორ გზაზე დაყენებაა საჭირო, ალუდას სისასტიკისკენ მოუწოდებენ, რაც სულიერი თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელია. მინდიაც კი, რომელმაც მორალურ დონეზე გაუგო ალუდას და ახალგაზრდებს მორალური, და არა სულიერი, გაკვეთილი ჩაუტარა, ამ სისასტიკის მომხრეა: „წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა“ სწორედ ამ მრწამსის წინააღმდეგ ამბობს ალუდა ამ სტროფს: „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი, ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი“ და ამით ამხელს მათ და წრთვნის ახალგაზრდებს: თქვენ გაუმართლებელ სისასტიკეს მაიძულებთ და ამავე დროს ცხონებაზე საუბრობთ?! „ამის თქმით ვწარა-მარაობთ“ ხედავთ რას ამბობს ალუდა? ეს ხომ იგივე მესამე მცნებაა: „არ მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა“, ანუ ტყუილად, ფარისევლურად, არასაჭირო ადგილას, ხიბლიდან გამომდინარე. თუ არა ხიბლი, აბა რა უნდა ეწოდოს ამ ორი ფრაზის ერთდროულად მთქმელი ადამიანების მდგომარეობას? „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა“ ვითომ რჯულის თავგამოდებული დამცველები არიან და იქვე ამბობენ: „მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, უკან მისდევდი მა რადა?“ შემდეგი პწკარი განსახილველ სტროფში: „ღთიშვილთ უკეთეს იციან“ რას უნდა ნიშნავდეს ეს? როგორც ვნახეთ, ჯერჯერობით, ალუდას არსად უარუყვია ნათლობის მადლი და რასაც ის თანამოძმეებს ეუბნება, არის მხილება და მწარე მათრახი. რა თქმა უნდა, ცხონების გზა, რომელიც ადამიანებს ღვთისგან მოგვეცა, არის იესო ქრისტე და ეს გზა ნათლობაზე გადის, მაგრამ ამა თუ იმ პიროვნების ცხონება–წარწყმედას უფალი წყვეტს, რომელიც ხედავს გულებს. ჩვენ არ ვიცით თითოეული ადამიანი ბოლო წამს, სიკვდილის მიჯნაზე, უფლის პირისპირ რას ფიქრობდა და განიცდიდა, იქნებ იმ პირველი ცხონებული ავაზაკივით იყო? ალბათ, ის ავაზაკი ავაზაკად დარჩა ქრისტეს არამიმდევარ თანამედროვეთათვის. ასევე, მისი ცხონების შესახებ ვერ გაიგებდა, ალბათ, მისი თანამედროვე ყველა ქრისტიანიც, ე.ი აქედან რა გამოდის? –მისი ავაზაკობის მცოდნეთაგან ბევრი ფიქრობდა, რომ ის წარწყმდა, სინამდვილეში კი,– უკანასკნელ წამს უფლის პირისპირ მოხდა მისი განწმენდა. ასე ფიქრობდა ალუდაც, რომ კონკრეტული ადამიანის ცხონება ჩვენთვის დაფარულია (აქ არ იგულისხმება საქვეყნო ღვაწლის, ან საქვეყნოდ მოუნანიებელი ცოდვის ჩამდენი), ჩვენ ამისთვის ლოცვის ძალა და მადლი მოგვეცა და ამავეს ნიშნავს ეს პწკარიც. და სტროფის ბოლო ნაწილი: „ყველანი მართალს ამბობენ განა ვინაცა ჰფიციან?“ აქ ისევ აშკარად ჩანს სარწმუნოებისადმი უსიყვარულო, ფარისევლური და, ასე ვთქვათ, „ბუკვაედური“ მიდგომის გაკიცხვა. ახლა განვიხილოთ ალუდას დავა მეორე მხარესთან - ღვთისმსახურ ბერდიასთან: მარჯვენის მოჭრა და გალავანზე გაკვრა მტრის მოკვლით თავმოწონებას და კმაყოფილებას ნიშნავდა, ალუდამ კი მოძმეებს მტრის მკვლელობის შემდეგ სინანულისა და მტრის სულისათვის ლოცვის მაგალითი უჩვენა, როგორც ქრისტია ნმა: „–ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა– მუცალს ეტყოდენ სახელად,–მოუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზი ძმისთვინა.“ სწორედ ამ ლოცვას უკრძალავს ბერდია: „...გაურჯულებელს არჯულებ შენ ეგ არ შაგიხდებისა“ და კიდევ: „როგორ ვახვეწო უფალსა ძაღლი, ძაღლების ჯიშისა.“ აი, ესაა ბერდიას მუქარა–პასუხი, მისთვის უცხო აღმოჩნდა სულიერი განვითარების შესაძლებლობა, ანუ გარკვეული ცუდი საქმეების ჩადენის შემდეგ ამ საქმეებზე უარის თქმა და მათი სინანულით გამოსწორება: „რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია. ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის, მარჯვენეების ხიდია; ციკანიც არვის დაუკალ, განღამც კურატი დიდია“. ალუდას კი სხვა ხმაც ესმის: გიყვარდეს მტერი შენი. მან ამ ხმას მოუსმინა და ამიტომ აღარ ემორჩილება ბერდიას. ალუდა მისწვდა ამ მცნების სიდიადეს: ხორციელი მტერიც ღვთის შვილია, ამიტომ არ უნდა დაისახო იგი სულიერ მტრადაც და არ უნდა გინდოდეს მისი სულიერი სიკვდილი, რადგან „სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაჲ“ (იოანე 4.24). ფიზიკური მტრობა იმდროინდელი ყოფიდან გამომდინარეობდა და მტრის მოკვლა ხშირად გარდაუვალი იყო, რასაც არც ალუდა უარყოფს: „მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა.“ მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ალუდას ხორციელი მტრის წარწყმედა და რატომ არ შეიძლება მისი სულისთვის ლოცვა? –აი, ამ კითხვას არა აქვს დამაჯერებელი,– სარწმუნოებიდან გამომდინარე პასუხი. აქვე ცალკე უნდა ითქვას ბერდიას შესახებაც. ვაჟა–ფშაველას არ სჩვევია ბოლომდე გაწირვა, ყველა, ასე ვთქვათ, უარყოფით გმირს, რაც არ უნდა ცუდის მოქმედი იყოს იგი, ერთ სიტყვას მაინც შეაშველებს ხოლმე სადმე, მით უმეტეს ბერდიას, რომელიც დახატული ჰყავს, როგორც ერის მოყვარული და ღვთის მოშიში ადამიანი, რომელიც ერთგულად იცავს იმას რაც, მისი აზრით, მინდობილი აქვს. ეს ჩანს ბერდიას სიტყვებიდან: „მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის–პაპითა გონს მოდი ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა;“ მისთვის მთავარი აღმოჩნდა ფორმა და არა არსი, ამიტომ არ ეყო მას სულიერი ძალები გაეგო ის, რაც ალუდამ გაიგო და: „ფერი დაედო ბერდიას ფერი სხვა რიგის შიშისა.“ მაგრამ ეს შიში ალბათ უფრო მონის და მსახურის შიშებს შორისაა და არაა მეგობრის შიში, მით უმეტეს არაა შიში შვილისა. ღვთისადმი ოთხივე სახის შიში არსებობს და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ მის აღყვანას პირველიდან მეოთხემდე: შიში სასჯელისა (მონა) უნდა ავამაღლოთ საზღაურის არ მიღების შიშამდე (მსახური), შემდეგ განშორების შიშამდე (მეგობარი) და ბოლოს უნდა მივაღწიოთ შვილის შიშს: შიში მამის არ წყენინებისა,- რაც უკვე, სინამდვილეში სიყვარულია, ამაზე წერდა რუსთაველი: „შიში შეიქმს სიყვარულსა“, მაგრამ ეს ცალკე, დიდი თემაა. ალუდას შიში ღვთისადმი და მისი სინანული უფრო მაღლა დგას ბერდიას შიშზე, ამიტომ ვერ გაუგო მას ბერდიამ, ამიტომ გაწირა იგი. ამ ქვეყნად ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები, როცა იერარქიული, ან სხვა ძალაუფლების მქონე პირი სულიერად უფრო დაბლა დგას ვინმე ერისკაცზე და იგი მას წირავს ერისა და სარწმუნოების სახელით: ასეთი რამ ჩვენს თვალწინაც მოხდა 90–იან წლებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი საბუთი აქვს ალუდას ბერდიას გულის გასანედლებლად: „მითომ ერთნი ვართ ბერდიავ, მცხოვრებნი ერთის მთისაო“ მაგრამ აქაც ყრუ და ბრმაა ბერდია: „ტყუილად სცთები, ალუდავ, ტყუილად იცვეთ პირსაო“ ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი აზრი ვაჟას ძალიან კარგად, – წინასწარმეტყველურ დონეზე აქვს გაშლილი და განმარტებული „სტუმარ–მასპინძელში“, მაგრამ ესეც სხვა დიდი თემაა და ცალკე გამოყოფის ღირსია. გავაგრძელოთ ალუდას განწყობაზე და სულიერ ძვრებზე საუბარი. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ალუდას სიზმარი: მტრისთვის მარჯვენის მოჭრა რიტუალურ დონეზე იყო დაყენებული - მტერი მოკლულად ითვლებოდა მხოლოდ მარჯვენის მოჭრის შემდეგ, გავიხსენოთ მინდიას სიტყვები: „წესი არ არის მტრის მოკვლა თუ ხელ არ მასჭერ დანითა“ ეს რიტუალური დონე აისახა სწორედ სიზმარში: ალუდას განგმირული გულით ეცხადება ცოცხალი მუცალი და ისიც მარჯვენის მოჭრას თხოულობს მისგან: „...ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა, ტარი ჩამიდვა ხანჯრისა. შავხედენ, მუცალი იყო, ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა, გულზე ემჩნივა ნიშანი მე-დ იმის ბრძოლის წამისა, ეფინა ნატყვიარშია ლეგა საფევი ბრძამისა,.. …„მინდა სიკვდილი, არ ვკვდები, მომკალო, – მითხრა ხვეწნითა“ რითიღა უნდა მოკლას ალუდამ მუცალი, გული ხომ ტყვიით „გაუნაძოძა?“ – ე.ი. მარჯვენის მოჭრით. სიზმრის შემდეგი ზმანება კაცის ხორცით დამზადებული კერძებით გაწყობილი სუფრაა, სადაც ალუდაც ერთ–ერთი მეინახეთაგანია. აქ სუფრა–ამქვეყნიური ყოფაა, კაცის ხორცის ჭამა კი – ცხოვრების წესი. სიზმარშიც ეწინააღმდეგება ალუდა უსულგულობას: „რასა ვსჩადიო?–ვსჯავრობდი– უმსგავსი, შეჩვენებული“ მაგრამ აქაც გამოჩნდენ უშიშები: „ჭამეო – რამამ მიძახა, – ნუ ჰხდები გაშტერებული, კიდევ მიმირთვით ალუდას წვენ-ხორცი გაცხელებული“ პოემაში სხვებთან შედარებით მართალი და ნათელი პიროვნება მინდიაა, მან, როგორც უკვე აღვნიშნე, ღირსების დონეზე გაუგო ალუდას და მოძმეებიც დამოძღვრა: „ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს ენითა ქარიანითა“ და „ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა, მის ვაჟკაცობის რჯულითა!“ თუმცა ბოლომდე ვერც ის ჩასწვდა ალუდას წუხილს, ამიტომ არც მას ეყო სულიერი ძალა ალუდას დასაცავად და აცრემლებული - თანაგრძნობით გამსჭვალული გვერდზე გადგა, არ დაიდო წილი უკეთურებაში. ვერ გაიგო თემმა ალუდას გულისთქმა და სწორედ იმ მიზეზით მოიკვეთა, რისთვისაც თავად ალუდა იბრძოდა - სჯულის დასაცავად: „გიყვარდეს მტერი შენი და ულოცევდით მაჭირვებელთა თქვენთა“ (მათე 5.44.). ამგვარი უსულგულობის გასამართლებლად მოძალადეს მუდამ სჭირდება ცილისწამება, არც ალუდა იყო გამონაკლისი - სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის თავდადებულს ცილისმწამებლური ბრალი წაუყენეს და სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: „მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის ცა–ღრუბლის შანამზირები“ ასეთია ზოგადად ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ხვედრი, რადგან ასეთი იყო თვით ქრისტეს ხვედრიც - იგი ხომ რჯულის დარღვევისათვის აცვეს ჯვარს. ალუდა ბოლომდე რჩება ქრისტიანად, ის ვერც ასეთმა უსამართლო და სასტიკმა მოპყრობამ გააბოროტა - ესეც ხომ ჭეშმარიტი ქრისტიანის თვისებაა? გახსოვთ ალბათ, რას პასუხობს იგი თემის მიმართ გამოთქმულ დედის არც თუ ისე უსაფუძვლო საყვედურს: „...დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა! მოდით, მომყევით ვიდინოთ, ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა, ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა!“ ვაჟას რომ მართლაც ბევრი აქვს ნაფიქრი ამ პოემაზე ამის დასტურად კიდევ ორ არგუმენტს მოვიშველიებ: პირველი, – რატომ მოსჭრა ალუდამ მუცალის ძმას მარჯვენა? ვაჟა–ფშაველა ღრმად მორწმუნე ადამიანია და კარგად იცის, რომ ცოდვა ასე,– ერთი ხელის მოსმით არ იკურნება. ალუდა მარჯვენის მოჭრის წეს–ჩვეულების სისასტიკეს მუცალის პიროვნული ღირსებების დანახვის მერე ჩასწვდა და ამის შემდეგ პოემის მსვლელობისას, ჩვენს თვალწინ იზრდება იგი: ჯერ მხოლოდ მუცალს არ სჭრის მარჯვენას, შემდეგ: „მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა.“ და ბოლოს: „ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა–ბრალითა“ ისედაც ცნობილია, რომ ყველა მოვლენას აქვს ინერცია,– შეხედულების ცვლილებასაც, მათ შორის. მეორე: სასტიკი და უსამართლო განაჩენის აღსრულებისას მსაჯულს აღგზნებული ბრბო სჭირდება და არა მოაზროვნე, გაწონასწორებულ ადამიანთა კრებული–თემი; არც ეს დეტალი გამორჩენია ვაჟას: „შასმულებმ ხევსურთ შვილებმა მაიმარჯვიან ფარები, უნდა სცან ქეთელაურსა, კაპასად ჟღერენ რვალები“. მოდით, ახლა დასკვნის სახით, გადავხედოთ რა დამოკიდებულება აქვს ალუდას მუცალისადმი: „…ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო…“ „…კარგი გყოლია გამდელი, ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!..“ „…იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა!..“ „…კაის ყმის მარჯვენა არი, გული მეწვება ბრალითა…“ „…- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა.“ „მუცალს ეტყოდენ სახელად, მაუნათლავის შვილისა…’ „…ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო...“ როგორც ვხედავთ, იგი მისთვის, – მისი ცხონებისათვის ლოცულობს და თუ სადმე მის ნაკლს ახსენებს, ეს არის მხოლოდ მოუნათლავობა, ანუ, ეს მიაჩნია მუცალისათვის მთავარ დამაბრკოლებლად ცხონების გზაზე, ცხონებისათვის ლოცვაც ხომ სწორედ ასეა აგებული: „უფალო მიუტევე შეცოდებანი და დაუმკვიდრე სასუფეველი“. აი, ქ–ნო მანანა, მუცალის რომელი ცოდვის მიტევებისთვის ლოცულობს ალუდა. ვაჟა ალუდას პირით ნათლობას კი არ უარყოფს, არამედ მოუნათლავობასთან შედარებით, ის არც კი ახსენებს ისეთ ცოდვებს, როგორიც მკვლელობა და ქურდობაა, რაც უდავოდ ჰქონდა მუცალს. აქაც შეიძლებოდა ამ წერილის დასრულება, მაგრამ კიდევ ერთი სამწუხარო გარემოება უნდა აღვნიშნო: თედო სახოკიას მოგონება, ჩემის აზრით, ქ–ნ მანანას მოჰყავს, როგორც დამატებითი არგუმენტი თავისი შეხედულების დასამტკიცებლად, ანუ: „ვაჟა ალუდას პირით ეკუმენიზმს ქადაგებს.“ თუმცა ერთი შეხედვით წერილის დასაწყისში, თითქოს ეჭვით უყურებს მოგონებაში აღწერილი ფაქტის არსებობას, ამიტომ საჭიროა თვით ამ მოგონების უტყუარობაზეც ითქვას ორიოდ სიტყვა, კერძოდ: მოგონებაში აღწერილი შემთხვევის ნამდვილობა დიდ ეჭვს იწვევს სამი უდავო გარემოების გამო. პირველი ის, რომ თედო სახოკია თავად იყო რევოლუციონერი და ათეისტი, მისი მრწამსი ამ მოგონებაშიც კარგად ჩანს („...როგორც მოწაფეებში, ისე ბნელში მყოფი გლეხებისთვის თვლებზე გადაფარებული სარწმუნოებრივი ლიბრი მოეშორებინა და თვალები აეხილა...“ თედო სახოკიას სიტყვები გახლავთ). მეორე: ეს შემთხვევა სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, მაშინ ბოლშევიზმის 70–წლიან ხანაში მას ძალიან ეფექტურად გამოიყენებდნენ და არაერთხელ მოიხსენიებდნენ, თუნდაც ზემოხსენებულ სტროფთან ერთად იმის დასამტკიცებლად, რომ „ვაჟა ამაღლდა ვიწრო ქრისტიანულ დოგმატებზე.“ და მესამე: ეს ამბავი თუ გაუხარდებოდათ სოც–დემოკრატებს და სათავისოდ შეეცდებოდნენ მის გამოყენებას, სამაგიეროდ გულს მოუკლავდა და შეაშფოთებდა მამულიშვილებს როგორც ერისკაცებს, ისე სამღვდელოთ (იმ პერიოდში არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა საქართველო) და აუცილებლად სადღაც ჰპოვებდა გამოხმაურებას, თუნდაც ზეპირი გადმოცემის სახით... ბადრი დანელია
*სათაური წარმოადგენს ვაჟას ამავე პოემის ერთი ტაეპის პერიფრაზს: „ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არა ვარგაო, იმასა“ **საუბარია თედო სახოკიას მოგონებაზე, თითქოს ვაჟამ წმიდა გიორგის ხატს ესროლა. ***ვაჟა–ფშაველას წერილი „კრიტიკა იპ. ვართაგავასი“
ვაჟა-ფშაველას რელიგიური მრწამსისათვის ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაში არის ერთი მეტად მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც მხოლოდ თედო სახოკიას მოგონებებშია შემორჩენილი: ,,ყველას ახსოვდა მისი ისტორია სოფელ თონეთში (მანგლისის ახლოს). ის სკოლა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა'' იყო და მასწავლებლადაც ვაჟა იყო გამწესებული. როგორც ვიცით, ვაჟა ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1881 წელს ამ სასწავლებელში სწავლის დამთავრების შემდეგ ვაჟა მამამისმა მიაბარა გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც დირექტორად იყო სემიონოვი, ცნობილი ხალხოსანი და იმავდროულად მოწინავე აზრების მატარებელი. ამ სემინარიაშივე სწავლობდა ცნობილი რევოლუციონერი მიშო ყიფიანი, შემდეგ გაციმბირებული. გორში და, კერძოდ საოსტატო სემინარიის მოსწავლეთა შორის ამ ხალხოსნობისა და რევოლუციის სუნი ტრიალებდა. ჩვენი მომავალი პოეტი ვაჟა მთელი თავისი არსებით ჰყავდა ჩაკრული სემინარიის ზღუდეთა შორის შემოჭრილ ახალი აზრების მოძრაობას. აქ ეზიარა ვაჟა რევოლუციონერობას, ათეისტობას, აქ შეიმუშავა კრიტიკული შეხედულება სარწმუნოებისა და სახელმწიფოს წესწყობილების შესახებ, აქ გაეცნო მოწინავე სოციალისტური მიმართულების, მოქალაქისა და ადამიანის მოვალეობას მოყვასისა და ქვეყნის წინაშე, აქ გამოიჭედა მომავალი მებრძოლი ქვეყნად გამეფებული უსამართლობისა და უკუღმართობის წინააღმდეგ. გორის საოსტატო სემინარიის კედლებიდან ცხოვრებაში გამოსული ვაჟა თონეთის სკოლაში, როგორც მასწავლებელი, შეეცადა როგორც მოწაფეებში, ისე ბნელში მყოფი გლეხებისთვის თვალებზე გადაფარებული სარწმუნოებრივი ლიბრი მოეშორებინა და თვალები აეხილა. დაიწყო იქიდან, რომ როგორც მოწაფეთ, ისე სოფლელთ უქადაგებდა, რომ ხატები,რომლებზედაც ისინი ლოცულობდნენ, გაკეთებული იყო ადამიანის ხელით, მაშასადამე, მათ არავითარი ღვთიური ძალა არ ჰქონდათ, თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად წმინდა გიორგის ხატი საკლასო ოთახიდან გარეთ გამოუტანია, მიუყუდებია ერთი ხისთვის და რამდენჯერმე თოფი უსვრია – აბა, თუ რამე დამაკლოსო. საქმეში ჩარეულა მამასახლისი დიმიტრი შავშიშვილი და მაგარ-მაგარი სიტყვები უკადრებია ვაჟასთვის. აბა ლანძღვა ასე კი არ უნდა, უთქვამს ვაჟას, დაუწვენია მამასახლისი და მისი ტანის სიგრძე-სიგანე გაუერთიანებია. საქმე თურმე მოხსენდა მაზრის უფროსს ერასტი ჩოლოყაშვილს, რომელმაც მაშინ არ იცოდა, თუ ვინ იყო ვაჟა და ყველაფერი შესაძლებელია მეტად არასასიამოვნოდ დატრიალებულიყო ახალგაზრდა მასწავლებლისთვის, რომ არ ჩარეულიყო სკოლის მზრუნველი, ადგილობრივი მემამულე, კოტე ყავრიშვილი, პიროვნება დაახლოებული ჩოლოყაშვილთან და საქმე არ მოესპობინებინა!'' (თ. სახოკია ,,ჩემი საუკუნის ადამიანები, ,,ნაკადული'' თბილისი, 1969 წ.). თედო სახოკიას ეს მოგონება ვაჟას წარმოაჩენს როგორც ტიპიურ რევოლუციონერს, ხატმებრძოლ, ღვთისმგმობ კაცს, რომელიც არა მარტო განუზომლად მკრეხელობს, არამედ საკუთარ მამასაც შეურაცხყოფს. ძნელი წარმოსადგენია, ,,ბახტრიონის'' ავტორი ჯერ კიდევ მართლმადიდებელ საქართველოში ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რომელსაც მხოლოდ მძვინვარე ბოლშევიკური ტერორის ხანაში ჩაიდენენ და მაშინაც ასეთი გულმოდგინენი არცთუ მრავლად აღმოჩნდებიან და ისინიც ყველასთვის საცნაურად გამორჩეულად დაისჯებიან. ძნელი წარმოსადგენია, არათუ დასაჯერებელი! ვაჟა თავის პუბლიკაციაში ,,ნიჭიერი მწერალი'' წერს: ,,დიდი საქმეა მწერლისთვის სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის ერთ ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს ცხოვრების ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან ,,ვაის'' წარმოსთქვამს ან ,,უის''... სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს, ნიჭიერი ადამიანისა, ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და თუ არაფერმა შეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდ ხედ გაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც. ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნიჭის ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირმა და რუსთაველმა გაგვაგონეს ხმები ,,გულისა გასაგმირონი''. სად ამოვიდა პირველად პატარა ყლორტი ვაჟას დიდი ნიჭისა და რისი შთაბეჭდილებანი აღვივებდნენ ამ ყლორტს? რა თქმა უნდა, თავის მშობელ გარემოში და უპირველეს ყოვლისა, თავის ოჯახში... მის საკუთარ ფესვებში, რომლებიც მღვდელი პავლე რაზიკაშვილის, მთელს მთაში ქადაგებებით განთქმული მართლმადიდებელი მოძღვრის ოჯახში იყო განტოტილი. აი, რას იგონებს ვაჟა თავის მამაზე: ,,მამაჩემი, ეს პატარა ტანის კაცი, განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო. ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი... ქართულ ენაზე წიგნი არ მოიძებნებოდა, იმას არ შეეძინა, არ წაეკითხა... ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეთებლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს''. რაზე ესაუბრებოდა მწიგნობარი მღვდელი თავის შვილებს? მისი ერთ-ერთი ქადაგება, გუდანის სალოცავში წარმოთქმული, ასე იწყება: ,,ძმებო, მე ქრისტესგან ვალდებული ვარ, რასაც თქვენში სჯულის წინააღმდეგ დავინახავ, უნდა დაგიშალოთ და დაგარიგოთ, როგორც უნდა მოიქცეთ ქრისტიანობაზე... მე ეხლა ძალიან შეწუხებული ვარ, რადგანაც დაგინახეთ, რომ თქვენ დაგიხოცნიათ საკლავები, თვითონაც სისხლით მოსვრილხართ და სახატო ადგილიც სისხლით მოგისვრიათ იმ აზრით კი, ვითომც ხატიც გაანათლეთ და თვითონაც გაინათლეთ. აბა, მითხარით, რომელს ქრისტიანებში დაინახეთ ესრეთი საქციელი?...'' ,,ქრისტესგან ვალდებული'' მამა პავლე არც ოჯახისთვის დაიშურებდა ღვთის სიტყვას და ამიტომაც უგდებდნენ გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს მისი შვილები. დავუშვათ, ვაჟამ ჩაიდინა ზემოთაღწერილი ის საზარელი საქციელი, კონკრეტულად წმინდა გიორგის ხატი შეურაცხყო და აქედან გამომდინარე, შეურაცხყო მთელს საქართველოში აღმატებულად პატივცემული კაბადოკიელი წმინდანი; პოემა ,,ბახტრიონი'' ამგვარ ავტორს უბრალოდ ვერ მოირგებს. მიხეილ საბინინის ,,საქართველოს სამოთხეში'' ბახტრიონის ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ: ,,ხოლო ახოვანთა მათ და ღუთის მსახურებით განშუენებულთა ელიზბარ და შალვა დიდითა გულსმოდგინებითა მოირთეს ძალი რაისაცა ოდენ შემძლებელ იყუნეს სპითა თვისითა. მოვიდეს თიანეთს და იხმნეს თუშნი და მთიულნი და მცირედნი კაცნი თუ სადამეღა იპოვებოდა და ღამესა ერთსა ბნელსა და უმთვაროსა გარდავლნეს მთა იგი და ჩავლეს ახმეტა და მივიდეს უგრძნობელად მათ ზედა და დაესხნეს მუნ მდგომთა თათართა ზედა. ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა და მეოხებითა და წინა ძღომითა წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისათა და დაუწყეს სრვა და ხოცვა და ეს ოდენ სწყვდეს ვიდრე სრულიად მოსპოვადმდე და აოტეს და განაბნიეს და მოსრეს პირითა მახვილისათა და თუით სულტან იგი მთავრად მათდა ჩინებული. ძლიათღა შეესწრა ცხენსა და მცირედითა ოდენ კაცთა ივლტოდა და დამტევებელი ცოლთა და შვილთა თვისთა. ხოლო მათ ყოველთვე ასწყვდეს და იავარ ჰყუეს და სრულიად მოსპოვადმდე და აოტეს და განაბნიეს და ესრეთ ძლევა შემოსილნი მადლობდეს ღმერთსა და წმიდასა დიდებულსა მოწამესა გიორგის. რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარი მოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომასრბოლი წინა მავლად მათდა...'' წმინდა გიორგის ან საერთოდ წმინდანების ხილული შემწეობა მართლმადიდებელი მეომარი ქართველებისათვის პირველი შემთხვევა არ იყო. ხილულად შეეწეოდა წმ. გიორგი დიდგორის ომში დავით აღმაშენებელს. შავნაბადას წმ. გიორგის ეკლესიის ისტორიაც ქართველთა უთანასწორო ბრძოლებში წმ. გიორგის ხილული შემწეობის ფაქტთან არის დაკავშირებული. აი, როგორ აღწერს წმიდა გიორგის ხილული შემწეობის ფაქტს ვაჟა-ფშაველა ,,ბახტრიონში'': ,,ცამ გადიბანა პირიდამ მური ნაცხები ღრუბლისა, გადაეფინა სამყაროს ლოცვა-კურთხევა უფლისა. შუქი დაეცა ლაშქარსა მეხის ბრწყინვალის შუბლისა, ლაშარის გორზე წავიდა ლაშქარი დროშის ჟღერითა. ,,შადეგით'', ჰყვირის ლუხუმი, სამკლავიანის ხელითა: ,,ვერა ჰნახეთა, ბატონი წინ მიგიძღვება ცხენითა?! '' პირველი მხედარი – ვნახე, ცის ტატნად დავატყვე, მთა გადალახა სწრაფადა; გარს ევლო შუქი ბრწყინვალე, ციდან მოსული ძაფადა. – მეორე მხედარი ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი სხივი თავს ედგა ღვთიური; რო ვნახე, გულში ჩამიდგა სიამოვნება ციური. მესამე მხედარი მე ტრედის-ფერად მეჩვენა, სხივი მისდევდა მზიური; შორს გაანათა ელვასებრ ასი ბარული დღიური. მეოთხე მხედარი – ჯერაცა ვხედავ, მივალის, ტურფა, სიტურფით ქსოვილი; ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე გაზაფხულისა ყოილი. ლაშქარი – იდიდოს შენი სახელი, ჩვენო ბატონო, ძლიერო! ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა, საყმოს საშველად, მშიერო! ადიდე ლაშარის ჯვარი, ცისა და ქვეყნის იერო! ნეტა, რა მტერი იქნება, ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო, ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა, ლურჯაის დანაბიჯებო! ლაშარის ჯვარის ცხენისა ნატერფალია ელვარე; აღტაცებულსა ლაშქარსა გული გახდია მღელვარე...'' ამ ეპიზოდის შექმნისას ხომ თავად ვაჟასაც ,,გული გახდია მღელვარე''. ეს პოემა 1892 წელს დაიწერა. დიდი თონეთის ინციდენტი კი, თედო სახოკიას მიერ გულდაგულ დამოწმებული, 1886 წლით თარიღდება. ამ მოგონების მიხედვით ვაჟა ათეისტი, ღვთისმბრძოლი კაცია; დავუშვათ, რომ მღვდლის ოჯახში გაზრდილი ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელმა ისე დაამახინჯა, რომ გორის საოსტატო სემინარიის თავისუფალი, ღვთისმბრძოლი აზროვნების მონა შეიქნა. იქიდან გამოსულმა პირდაპირ ეკლესიასა და ხატებს უმტრო. ხატმებრძოლეობა მწვალებლობა იყო, რადგან იგი ამახინჯებდა ღვთისადმი რწმენას. ხატმებრძოლნი ისევ ქრისტეს სახელით ვითომ ებრძოდნენ კერპთაყვანისმცემლობას. ვაჟას საქციელი არ არის ხატმებრძოლის საქციელი ტრადიციული გაგებით, თითქოს წმინდა გიორგის, როგორც წმინდანისადმი პატივისცემას ინარჩუნებს, მხოლოდ ებრძვის მის გამოსახულების, ადამიანის ხელით შექმნილს. ამ ეპიზოდის მიხედვით ვაჟა უღვთო კაცია, მას არ სწამს ღმერთის არსებობის და სხვათა ,,განსანათლებლად'' ირჯება. შეიძლება შემოგვედავონ, 1886 წლიდან 1892 წლამდე კვლავ მოხდა მისი შემობრუნება ტრადიციული ფესვებისკენო, მაგრამ ამგვარი მძიმე სულიერი სნეულებისგან განკურნება არცთუ იოლად ხდება, მაგრამ ჩვენ ამ არგუმენტის მოშველიება არც დაგვჭირდება. 1886 წლისთვის, სავარაუდო ინციდენტის დროისათვის ვაჟა უკვე ცნობილი მწერალი იყო. იგი იყო ავტორი ისეთი ლექსებისა, როგორიცაა: ,,ვის ჰქვია კაცი'', ,,პოეტი და მისი ბედი'', ,,ამირანი'', ,,მთას იქით მთვარე ამოდის'', ,,ნეტავი გამაგებინა'', საქვეყნოდ ცნობილი მოთხრობა – ,,შვლის ნუკრის ნაამბობი''. ამ ნაწარმოებების ერთი თვალის გადავლებითაც კი უნდა იგრძნოს მკითხველმა ხატების ტყვიითგანმგმირავი კაცის რევოლუციური სულისკვეთება, მაგრამ ამგვარი არაფერი ხდება. კიდევ უფრო მეტიც – 1886 წლის მარტით თარიღდება ლექსი ,,ფშაველის სიმღერა''. აი, ეს ლექსიც: ,,მკვდარი ნურვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა დავკარგავ იმედსა? რად-რა ჩავიცვამ შავებსა? რა მაქვს მე სამგლოვიარო, ვენაცვლე შენსა თვალებსა?! სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული, შევყურებ მზეს და მთვარესა, შენს სიბეჩავეს დავაცვეთ ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა, თუ გიღალატო, დედაო, ნუმც დავიმარხო მთაშია, ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა ხმალი სატირლის თავშია. ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა საკაცეზე და კარშია; შავეთში გამგზავრებულსა ცხენი წამექცეს წყალშია; ქვეყნისგან შაჩვენებულმა ბინა დავკარგო ცაშია, გამიწყდეს ბეწვის ხიდია, ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!'' ამ ლექსიდან ნათლად ჩანს, რომ პოეტი თავისი ზნეობრივი პრინციპების გადმოცემისას მხოლოდ ქრისტიანული კატეგორიებით აზროვნებს; მას აქვს რწმენა, რომ ყოველ ქრისტიანს ზეცაში გამზადებული აქვს ბინა და თუ მიწაზე ქვეყნის შესაჩვენებელ საქმეს ჩაიდენს, იმ ბინას უსათუოდ დაკარგავს, ანუ დაკარგავს ცათა სასუფეველს და ცათა სასუფევლის დამკარგავი კაცი უსათუოდ კუპრის ზღვაში, ანუ ჯოჯოხეთში ჩაინთქმება. კიდევ მეორე ლექსი, კიდევ ერთი უტყუარი საბუთი დაპირისპირებისა მემუარულ ცნობასთან ასევე 1886 წლით დათარიღებული: ,,ვაჰმე, რა მეტად ბევრს უჭირს''. ,,ვაჰმე რა მეტად ბევრს უჭირს, ვაჰ, რა ბევრია ტანჯული, როგორა ხარობს სხვის ტანჯვით, გულგაყინული მსაჯული! აბა, გაჰხედეთ მდინარეს – სისხლია განა წყალია... ვაჰმე, რით უნდა ვუშველო, ამდენი ცოდვა-ბრალია! იქნება ცრემლმა უშველოს, მოვრთოთ ქვითინი, გოდება, მიყეფე, ჩემო მურიავ, გულზედ ცეცხლს მინდა მოდება. შენა ხარ ჩემი ფარ-ხმალი, სიცოცხლე, თვალის ჩინია. მე მიყვარს შენი ღავღავი და გესლიანი ღრინია. სხვა ვინ მყავს სანდო ამ ქვეყნად მეშველი გასაჭირშია?! ჩემის მტრის გამმჟღავნებელო, გენაცვლე ენა-პირშია. სანამ შენ ჰყავხარ პატრონსა, მგელს არ დავაჭმევ ბატკნებსა, მით არ დაულევ საწირავს ჩემთა წინაპართ ხატებსა. აყეფდი, ნეტავ, რას უცდი, პირით წაყარე დორბლები... ეგება მგლები შემოფრთხნენ, დაგვიშოშმინდნენ ობლები. ეგება მიწამ შეჭამოს ერთიან ჩვენი მგმობლები!'' როგორც ხედავთ, ვაჟა არც ფიქრობს, ოდესმე შესაწირი შეუწყვიტოს ხატს, არათუ ბრძოლა გამოუცხადოს მას. იმავე 1886 წელს იწერება ვაჟას კიდევ ერთი ლექსი – საშობაო ,,ვარსკვლავი''. ეს ლექსი ღრმად რელიგიური ლექსია, იგი მორწმუნე კაცის შექმნილია, მასში ზუსტად და ზედმიწევნითაა გადმოცემული პოეტის საშობაო, საზეიმო განწყობილება. სადად და მარტივადაა ახსნილი მაცხოვრის განკაცების ზესაკაცობრიო მნიშვნელობა: ,,უცხო გაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეშხში ჰკოცნის პატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუმებულა სამყარო, შეყენებულა წყალია, ბუნების არსთა ყველათა კლდისაკენ ჰრჩებათ თვალია. გადახალისდა ქვეყანა, უცხო რამ იგრძნო ძალია, ,,არ წავსწყმდებიო, არაო'', – ბუნებამ დაჰკრა ზარია. შავეთში გადაგდებული ადგომას ჰბედავს მკვდარია, მაცხოვრის შობა შაიტყო, შავეთის ტყდება კარია. გახარებულმა ზეცამა უხვად დაყარა ცვარია. ტყდება მონობის ბორკილი, ეშმაკს დაუდგეს თვალია!'' საჯაროდ ათეიზმის პროპაგანდა, წმ. გიორგის ხატის უსასტიკესი შეურაცხყოფა სხვა კი არაფერია, თუ არა ქვეყნისგან შესაჩვენებელი საქმის ჩადენა. ვ ერც ამ საქციელის ჩადენამდე და ვერც მისი ჩადენის შემდეგ ვერ უნდა შეძლოს კაცმა ამგვარი ლექსის შექმნა. ჩვენ წინ დევს ე.წ. ორი საბუთი. პირველი – თავად რევოლუციონერი თედო სახოკიას მოგონება ვაჟაზე და თავად ვაჟას ლექსები, რელიგიური სულისკვეთებით, ლექსები, რომელიც შესაძლოა, თუნდაც სწორედ იმ დღეს დაწერილიყო, რა დღესაც სახოკიას თქმით ტყვია ესროლეს წმ. გიორგის ხატს. ეს ორი საბუთი სასტიკად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არადა თანამედროვე მკითხველს, მეორე საბუთის მხურვალე მხარდამჭერს პირველთან შეგუება მოუწევს, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს იგი. ვაჟას ბიოგრაფიაში უტყუარად დასტურდება ეს ვანდალური საქციელი, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს, გარდა ისევ თავად პოეტის შემდგომი ღრმა სინანულისა, აფექტური მდგომარეობიდან გონს მოსვლისა და პატიების თხოვნისა. როდესაც თედო სახოკიას მოგონების არმიღება გვსურდა, ამით ვაჟას ათეისტობის უარყოფაც გვსურდა. მიუხედავად იმ ფაქტის რეალობისა, ვაჟა მაინც არ არის ათეისტი ადამიანი. მას აქვს გარკვეული რელიგიური მრწამსი. სხვა საკითხია, როგორია მისი რწმენა, რამდენად შეურყვნელი და დაცულია იგი ტრადიციული, მართლმადიდებლური სარწმუნოების პოზიციებიდან. ერთია, რა უნდა სწამდეს ადამიანს, მეორე – როგორი უნდა იყოს იგი ამ რწმენის გზაზე. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრებისას ვაჟამ სემინარიის დირექტორის – სემიონოვისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა: ,,ძვირფასო მოწაფეებო, ამჟამად კი ჩემო მეგობრებო! – ცოდნით შეიარაღებულნი დღეიდან თქვენ ხელი უნდა მოჰკიდოთ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კეთილი და პატიოსანი! გახსოვდეთ მხოლოდ, რომ მიზნის მისაღწევად მარტო ცოდნა არ კმარა. საჭიროა მასთან ერთად მტკიცე ხასიათის გამომუშავება... ...კერძოდ, შენ, ჩემო ლუკა! გეტყვი იმას, რაც შენთვის ხშირად მითქვამს! ბუნებით პოეტო, ტალანტი არ დამარხო, განავითარე გონება, დააკვირდი და შეისწავლე ცხოვრება, იკითხე სხვადასხვა მიმართულების წიგნები და მაშინ შეიძლება, რომ ყოველმხრივ ჩვენი სინამდვილე დაასურათო''... ვაჟას რელიგიურ მრწამსზე ამ სხვადასხვა მიმართულების წიგნების კითხვამ ღრმა კვალი დაამჩნია. ტრადიციული მართლმადიდებლური აზროვნება ეკუმენისტურმა აზროვნებამ შეცვალა. ჰუმანისტური იდეებმა ძალა გამოაცალა პოეტის სარწმუნოებრივ შემართებას და ჭეშმარიტების შემეცნების კალაპოტიდან ამოაგდო. პოემა ,,ალუდა ქეთელაური'' ამის აშკარა დასტურია. ალუდასა და ბერდიას შერკინებაში ნამდვილი სარწმუნოებრივი დავაა. სანამ მოუნათლავი მუცალის სულის დასამშვიდებლად ალუდა კურატის შეწირვას მოინდომებს, მანამ იგი ერთხელ და სამუდამოდ ასე გააფორმებს თავის სარწმუნოებას: ,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ, განა ვინაცა ჰფიციან?!'' რას ნიშნავს ალუდას ეს სიტყვები, თუ არა ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატის – ნათლობის უარყოფას?!.. ნათლისღება ცხონების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. აი, რას წერს მღვდელი პავლე რაზიკაშვილი ნათლობის შესახებ: ,,ძმებო და დებო, დღეს ყველას გმართებთ სიხარული, რადგანაც ეს ახალი მონათლული განთავისუფლდა პირველშობილის ცოდვისგან. ე.ი. ადამის ცოდვისგან, რომელიც ადამის შეცდომიდგან მოსდევს კაცსა და მოშორდა ის ეშმაკიცა, რომელიც ჰყავს მოუნათლავს დაპატრონებული და დაიბადა ემბაზისგან სულიერის ცხოვრებისთვის, მაგრამ თუ ნათელღებულმა ის არ აღასრულა, რასაც თხოულობს ქრისტე ნათლისღებულისგან, უფრო მძიმე ცოდვაშიც ჩავარდება კაცი. ნათელღებულის ვალია – უნდა იცნოს სამებით ერთი ღმერთი: მამა, ძე და სულიწმინდა, სამება, ერთარსება და განუყოფელი; მამა – უშობელი, ძე, მისგან პირველსაუკუნიდან შობილი უდედოდ და ხორციელად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან განხორციელებული და სული წმიდა, მამისგან გამომავალი, რომელიც გვაძლევს ცხოვრებასა – სულიერსა; უნდა უყვარდეს და ადიდებდეს და მისგანაც წყალობას თხოულობდეს''. ვაჟა-ფშაველას გმირი ამ განცხადებით ყველაფერს თავდაყირა აყენებს. სულიერი ბზარი იზრდება და ბოლოს კატასტროფულ მასშტაბებს იღებს. ,,ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისგან და სულისა ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა'' (იოანე, 3,5). ალუდა თვალს ხუჭავს სახარების ამ სიტყვებზე. იგი მოძალადედ იქცევა. მან იცის მხოლოდ თავისი საკუთარი სიმართლე, ერთგულებს კაცს და ღალატობს ღმერთს. ეს არის პიროვნული ამპარტავნების უკიდურესი გამოვლენა. ალუდა ჯიუტად დგას და ელის, როდის შეუწირავს ხუცესი მუცალის სახელზე სამსხვერპლოს: ,,ეს სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა. მუცალს ეტყოდენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზის ძმისთვინა''. ბერდიას ელდა ეცემა. ის მოწმე ხდება ქრისტე მაცხოვრის უარყოფისა, რაც მთავარია, ამის ჩადენა მისი ხელით სურთ! ,, – გაურჯულებულს არჯულებ, შენ ეგ არ შაგიხდებისა, ქისტისად საკლავის დაკვლა კარგად არ მოგიხდებისა. მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა, გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა. ეშმაკს ნუ მისდევ, ეგ სიტყვა როგორ ამოგცდა ბაგითა?'' ბერდია ამ საქციელს ვერ ჩაიდენს. ღმერთს ვერ უღალატებს, კაცის გულისთვის ღმერთს ვერ გაწირავს: ,,მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ, ზურგი გამისკდეს მიწისა, ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ, სადილი ვსჭამო ქვიშისა! ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვა-რიგის შიშისა.'' რა იყო ეს ,,სხვა რიგის შიში'', რომელიც იგრძნო ბერდიამ? ეს იყო შიში ეშმაკეული იდეით შეპყრობილი ადამიანის წინაშე დგომისა. ეს იყო პირისპირ შეყრა ღვთის გმობასთან. ამან შეაშინა და ააღელვა ბერდია. ალუდამაც აღარ დაახანა, არნახული ურჩობით თავად დაკლა სამსხვერპლო: ,,ალლადა ჰქონდეს მუცალსა მაგ მოუნათლავ გმირსაო''... რა საქციელი იყო ეს საქციელი? ალუდამ ქრისტიანობის ამ უმთავრესი მაცხოვნებელი დოგმატის, ნათლობის არმიღებით, უარყოფით, საფრთხე შეუქმნა თავის სულს, ფაქტიურად სულიერად მოკვდა და ეს მოხდა ბერდიას თვალწინ. სულიერად თითქმის წარწყმედილმა ალუდამ იმავე ღმერთს მისი მცნებების დარღვევით თავისი საკუთარი სიმართლით მოჭრილი თხოვნა მიართვა. ამიტომ ყვიროდა აღშფოთებული ბერდია: ,,გაგონილაა, – იძახდა, – ესრე აგდება რჯულისა''. ნიშანდობლივია, რომ ვაჟა ბერდიას მეტად ცოცხალ, მაღალოსტატურ სახეს ქმნის. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ჟესტი ბერდიასი ზედმეტი არ არის. ის სულისკვეთება, რითაც იგი იცავს სარწმუნოებას, მორწმუნე ადამიანისთვის აბსოლუტურად მისაღები და მხარდასაჭერია. ბერდიას სახე მხატვრულად ძალზედ ძლიერია. ბერდიას წინ – სულის წარსაწყმედად გამზადებული ადამიანი დგას და მერე ვინ? ალუდა ქეთელაური, მთელს ხევში განთქმული ვაჟკაცი, ,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი'', ის ვაჟკაცი, რომელიც თავის ყველა წარმატებას ჯვრის ძალას მიაწერდა, თავს ,,გუდანის ჯვრის'' ყმას უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ ,,გამმარჯვედ'' ჯვარი დაჰყვებოდა. აშკარაა, რომ ალუდას არსებაში ძლიერი ცვლილებები მოხდა, რასაც ვერაფრით დავარქმევთ ფერიცვალებას, უფრო მართებული იქნება თუ მას ტრაგედიას ვუწოდებთ, რადგან ამ ცვლილებებმა კატასტროფული ხასიათი მიიღო და პიროვნების სულიერი კვდომა გამოიწვია. ლიტერატურათმცოდნეობაში ტრადიციულად გაგებული ალუდას პიროვნების ამაღლება სარწმუნოებრივ დოგმატებზე სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ქრისტიანობისგან განდგომაა. ვაჟა ალუდას სახით ეკუმენისტურ იდეებს ქადაგებს, ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ყველა რელიგიას მაცხოვნებლად მიიჩნევს, უარყოფს ქრისტეს გამომსყიდველ მისიას კაცობრიობის წინაშე, ეწინააღმდეგება საკუთარივე ლექსის ,,შობის'' სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. ცხონება ქრისტეს გარეშე – რელიგიური თვალსაზრისით ეს დევიზი სულის წარმწყმედი დევიზია და ალუდასაც როგორც კეთროვანს, როგორც სხვათა სულებისთვის საშიშ პიროვნებას ისე მოიკვეთს თემი. ვაჟას ბიოგრაფიაში ზემოთაღნიშნული შემზარავი ფაქტი ,,ალუდა ქეთელაურში'' თითქოს ცოცხლდება, ახალ ძალას იძენს, როგორც ჩანს, პოეტის რელიგიურ ცნობიერებაში ერთხელ დაძრული ცდომილება უკვალოდ არ გამქრალა. ხე ნაყოფით იცნობა; სამწუხაროა, რომ დღეს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან, მებრძოლი ძალები ვაჟას სწორედ ამ ცდომილებას აფრიალებენ ბაირაღად – ეროვნულ ტრადიციებს სწორედ ამ გადასახედიდან ებრძვიან.
მანანა ყიფიანი
|