საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

საინგილო

რომ დაიარო ქვეყანა მთელი - 

უფრო ლამაზი მიწა ვერ ნახო!

როგორი მთები, როგორი ველი,

რა ვენახი და რა სავენახო!

ხუტა ბერულავა

 

„...ჭარის ლეკებთან ნაომარი, ბრძოლაში გამარჯვებული ქართველი მხედრიონი უკან ბრუნდებოდა. ჯარს წინ მშვენიერ ბედაურზე ვაჟკაცურად ამხედრებული მეფე ერეკლე მოუძღოდა. გზა საინგილოზე მოდიოდა. ერეკლე ჯარითურთ ერთ განიერ ორღობეში შემოვიდა ბაღ-ვენახებისა და ნაყოფით დახუნძლული ხეივანი რომ გასდევდა.

უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე მთელი ბღუჯა ქლიავი გადმოაყარა. გაოცებულმა მეფემ ბედაური შეაყენა, შეჩერდა ჯარიც. მიიხედ-მოიხედეს და ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა დაინახეს.

- შე ბრიყვო, ეს რა ჰქენი? მეფე ერეკლეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაუბედე? ეხლავე ბოდიში მოითხოვე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება!

- რაო? მეფე ერეკლეო? - ჩამოსძახა გოგონამ, - რას ამბობ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? მე ქლიავი სპარსელს გადმოვაყარე, ჩვენს მოსისხლე მტერს და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ქართველებს ღმერთივით გვიყვარს.

თქვა გოგონამ და უფრო მაღლა წავიდა ხეზე.

ინგილო გოგონას პასუხმა ერთიანად გამოაცოცხლა მეფე ერეკლე. გულიანად გადაიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას სპარსეთში ყოფნისას, ყმაწვილკაცობაში დაეჩვია და პატარა ქალს შესძახა:

- ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლით. ბარაქალა შენს ქალობას!“

ქართველთა უკვე რამდენი თაობა ეზიარა დიდი ქართველი პედაგოგის ი. გოგებაშვილის უკვდავ მოთხრობას „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, რომელშიაც ასე მიმზიდველად არის გადმოცემული ხალხური თქმულება პატარა ინგილო ქალის შესახებ.

ჩვენმა თანამედროვე პოეტმა გ. კალანდაძემ ნათელი მხატვრული ფერებით გადმოგვცა ეს თქმულება ოთხსტროფიან ლექსში, რომლის სათაურია „საინგილოში“:

ის როგორ იყო, მიამბე. როგორ? -

ნუ გამიჩინე სულში ჭაღარა!

ერეკლე მეფეს ინგილო გოგომ,

თავს რომ ქლიავი გადმოაყარა?

მსგავსი თქმულება გახსოვს მრავალი?!

მიტომ მომწყურდა დღეს შენი ნახვა.

მითხარ, იმ გოგოს შთამომავალი,

საინგილოში თუ სახლობს ახლა.

ეჭვგარეშეა, ძნელბედობის ჟამს იშვა ეს ხალხური თქმულება, ხოლო იმდენი ჭირი და ბედუკუღმართობა, რაც ისტორიამ არგუნა საინგილოს, საქართველოს ალბათ არც ერთ კუთხეს არ განუცდია.

ძველი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღევანდელი საინგილოს ტერიტორია ქართველებითა და ქართველთა მონათესავე ტომებით - ჰერებით ყოფილა დასახლებული.

ისტორია ამბობს, რომ ახლანდელი საინგილო უძველეს დროში ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს შეადგენდა. კახეთსა და ჰერეთს ხომ ძველთაგანვე მჭიდრო კავშირურთიერთობა ჰქონდათ.

უკვე მე-5 საუკუნეში ჰერეთი საქართველოს სახელმწიფო ფარგლებში მოექცა და მის ერთ-ერთ საერისთავოდ იქცა (ნ. ბერძენიშვილი). მეფე ვახტანგ გორგასალს საერისთავოს აღმოსავლეთ ნაწილში საეპისკოპოსო დაუარსებია (გიშის საეპისკოპოსო). სხვათა შორის, გიში მე-8 საუკუნიდანვე ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს ადგილსამყოფელი ყოფილა ჰერეთში.

„ჰერეთი ჯერ მე-11 საუკუნეში, შემდეგ კი მე-15 საუკუნიდან კახეთის სამეფო საზღვრებშია. მე-15 საუკუნიდან სახელწოდება „ჰერეთი“ ქრება პოლიტიკური ნომენკლატურიდან და მთელ ტერიტორიას (კახეთ-ჰერეთის), მდ. არაგვიდან მოყოლებული მდ. გიშისწყალამდე კახეთი ეწოდება“* (*გ. ჩანგაშვილი, „საინგილო“, თბ., 1970 წ.).

როგორც ცნობილია, საქართველო ძველ დროში არასოდეს ყოფილა განებივრებული ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდებით. ეს მთლიანად ეხება ქართლ-კახეთის სამეფოსაც.

მე-7 საუკუნის დასაწყისში ქართლის ტერიტორიაზე გავლენის უზრუნველსაყოფად ერთმანეთს შეეჯახნენ ირანი და ბიზანტია; საუკუნის ბოლოს დაიწყო არაბების შემოსევა, რაც მომდევნო მე-8 საუკუნეშიც გაგრძელდა. დაიწყო სამეფოს დაშლა სამთავროებად: ქართლს ჯერ კახეთი გამოეყო, შემდეგ ჰერეთი.

მე-11 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამემ შეძლო კახეთ-ჰერეთი გაერთიანებული საქართველოს ფარგლებში მოექცია, მაგრამ შემდეგ, ერთიანობის მოწინააღმდეგე დიდებულებმა ბიზანტიელთა დახმარებით კვლავ ჩამოაცილეს კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს. საინგილოს ტერიტორია მაჭის საერისთავოში შევიდა და სხვა ექვს საერისთავოსთან ერთად კახეთის სამეფო შეადგინა.

მე-12 საუკუნის დასაწყისში დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა კვლავ საქართველოსთან გააერთიანა კახეთის სამეფო.

მე-13 საუკუნეში საქართველოში მონგოლები შემოიჭრნენ. 1385 წლიდან დაწყებული 17 წლის მანძილზე რვაჯერ შემოესიენ ქართველთ თემურ-ლენგის* (*მ. ჯანაშვილის ცნობით, მონგოლ მპყრობელთა სახელები შერჩათ საინგილოს სოფლებს: ალათემურს, ემირ-ჯანლოს, მუღანლოს, ფალდარლოს, ალიაბათს და სხვა („საინგილო“, თბ., 1910 წ., გვ. 17) ურდოები, რომლებიც ყველაფერს წვავდნენ და ანგრევდნენ, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს, არ ინდობდნენ ბავშვსა და ქალს, დევნიდნენ ქრისტიანობას და ძალით ნერგავდნენ მაჰმადის რჯულს, ადგილობრივ მცხოვრებთ შორეულ ტყვეობაში ერეკებოდნენ და მათ ნასახლარზე მომთაბარე მონღოლურ-თურქმენულ ტომებს ასახლებდნენ.

ქართველთა წინააღმდეგობა დღითიდღე იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მაგრამ ურიცხვ და ვერაგ მტერთან მარტოდმარტო რას გახდებოდნენ? ქრისტიანულ საქართველოს დამხმარე ძალად ერთმორწმუნე რუსეთი ესახებოდა.

პოლიტიკურ ორიენტაციაში ამ ცვლილებამ ახლა უკვე ირანის მმართველი შაჰ-აბასი გააცოფა, მე-17 საუკუნის დასაწყისიდანვე არაერთგზის ილაშქრა მრავალრიცხოვანი ჯარით და (მონგოლთა ურდოებისაგან გადარჩენილს თუ გამოცოცხლებულ) საქართველოს მიწასთან გასწორება მოუნდომა.

კვლავ ნახანძრალებითა და გვამებით აივსო ქართლ-კახეთი. ისევ გაკაფული ვენახები და სამშობლოდან შორს ტყვეებად გარეკილი ქართველობა, ისევ გამაჰმადიანების შეუბრალებელი პოლიტიკა, ქართულ სოფლებში ლეკების ჩამოსახლება. ი. პეტრუშევსკის ცნობით, საინგილოში მაჰმადიანი მოსახლეობის რიცხვი იზრდებოდა, ქრისტიანი მოსახლეობა კი, პირიქით, დღითიდღე მცირდებოდა, ერთი მხრივ, გამაჰმადიანების, ხოლო მეორე მხრივ, ალაზანგამოღმა კახეთში გადმოსახლების გამო.

მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში საინგილო საქართველოს ჩამოაცილეს.

საინგილოს ბედ-იღბალს დაღესტნური წარმოშობის ბეგები და მოლები დაეპატრონენ, ჭარელმა ლეკებმა ქართული სოფლები დიდი გადასახადებით დაბეგრეს (ამ ბეგარას „ქეშქელს“ უწოდებდნენ).

საქართველოსათვის აღმოსავლეთ კახეთის დაბრუნება ვერ შეძლო თვით ერეკლე მეფემაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მან სასტიკად დაამარცხა დაღესტნელი ფეოდალების გაერთიანებული ლაშქარი და ჭარ-ბელაქნელი ლეკებიც.

საქმეს ვერ უშველა რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წლიოს 24 ივლისს ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ („გეორგიევსკის ტრაქტატი“), რომლის მიხედვითაც საინგილო ქართლ-კახეთის შემადგენლობაში იხსენიებოდა.

საბოლოოდ ეს საკითხი გადაიჭრა 1803 წლის გაზაფხულზე, როცა რუს-ქართველთა ერთობლივმა ჯარმა (პროფ. მ. დუმბაძის ცნობით, ამ ბრძოლებში 4.500 ქართველი და 1.482 რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა) ჭარ-ბელაქნის შემოერთებისათვის ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინა, ხოლო 1830 წელს მთლიანად გაათავისუფლა საინგილო ლეკთა ბატონობისაგან. საინგილო ჯერ გაერთიანდა ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქში, ხოლო შემდეგ (1860 წ.) – ზაქათალის ოლქში, რომელიც თბილისის გუბერნიაში შედიოდა.* (*გ. ჩანგაშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ.52).

1921 წლიდან საინგილო სამი ადმინისტრაციული რაიონით (კახი, ზაქათალა, ბელაქანი) მოძმე აზერბაიჯანის სსრ შემადგენლობაში მოექცა.

დოც. გ. ჩანგაშვილის ცნობით, საინგილოს ყველა ქართველი მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის ირანის, თურქეთისა და ლეკ ხელისუფალთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გამაჰმადიანებული იყო. მათი უმრავლესობა სხვათა დასანახად ლოცულობდა მაჰმადს, ფარულად კი ქრისტიანულ ადათ-წესებს მისდევდა და ქრისტიანობის აღდგენაზე ოცნებობდაო.

„ცოტა მოეფონათ თუ არა, ინგილოებმა გამოგზავნეს ქალაქს (1849 წ.) თავისი წინამძღოლები (ივან-ბაბა ბულუღაშვილი,** (**ივან-ბაბა ბულუღაშვილის ძეგლი დგას კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში. ძეგლში დატანებულია მისი სურათი წარწერით: ივან-ბაბა ბულუღაშვილი

1801-1872 წ.

ქრისტიანობის აღმადგენელი

საინგილოში

1850 წ.

ძეგლი ესე

აღუმართა მადლიერ

შთამომავლობამ

1914 წ.

(მოგვაწოდა მ. ყულოშვილმა)., გიორგი ჯანაშვილი, კოტე ბულუღაშვილი და კიდევ 4 სხვა) და გამოუცხადეს მთავარ-მართებელ ვორონცოვს - ჩვენ ქრისტიანები ვართო და გამოგვიგზავნეთ ქართველი მღვდლები, რომ „მოუნათლავი ქრისტიანები“ მოგვნათლონო... მოსულები მაშინათვე მონათლეს სიონის ტაძარში (გ. ჯანაშვილის მიმრქმელად იყო თვით ვორონცოვი, ხოლო ი. ბუღულაშვილისა - მისი მეუღლე). მეორე წელიწადს ამავე ინგილოებმა ქალაქში ჩამოიყვანეს კიდევ 70 კაცი, მათ შორის 9 წლის დიმიტრი ჯანაშვილიც, ესენიც მონათლეს და ქართველ სამღვდელოებით დაბრუნდნენ და გააქრისტიანეს ყველა ქართველობა“* (*მ. ჯანაშვილი, საინგილო, გვ. 18) - წერდა მ. ჯანაშვილი.

მ. ჯანაშვილი მიუთითებდა, ინგილოთა მონათვლას დიდი ამბითა და ინტერესით მიეგება ქართველი საზოგადოება. მათ ნათლიებად იყვნენ ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, მეფის ძე ოქროპირი, თავადი ანდრონიკაშვილი, გენერალი რეუტი და სხვანი.

ახალმონათლულებმა კახში თან წაიყვანეს სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი იოველ ცისკარაშვილი (თუში), რომელიც დაბინავდა კაკის ციხეში და შეუდგა კაკელების მონათვლას.

1851 წლიდან 1860 წლამდე მთელი საინგილო შეუერთდა საქართველოს ეკლესიას და გაიხსნა სამრევლო სკოლები.

საინტერესოა ითქვას, რომ ამ პერიოდში ინგილოებთან ერთად ზოგი თათარი და ლეკიც მონათლულა.

სახელწოდება „ინგილოს“ სხვადასხვაგვარად ხსნიან. ალექსანდრა ჩხენკელი წერს, რომ თვითონ ინგილოები ამ სიტყვის შემოღებას უკავშირებენ შაჰ-აბასის შემოსევას, რომლის დროსაც საინგილო ამოვარდა (სპარსულად იგი ამოძირკულის, ამოგდებულის შესატყვისია) და ინგილოები გადარჯულდნენ, სპარსელების აზრით, - მორჯულდნენ, ე.ი. გამაჰმადიანდნენო.

სხვა ვარიანტით, როგორც ამას დოც. გ. ჩანგაშვილი შენიშნავს, „იანგილო“ თურქულად ნიშნავს ახალს, ახლადმორჯულებულს.

მოსე ჯანაშვილი არ იზიარებს სახელწოდება „ინგილოს“ ახსნის ასეთ ვერსიას. „ესრეთი ახსნა, ცოტა არ იყოს, აჩქარებულიაო“, წერს იგი. საინგილოში ბევრი სახელი, სახელწოდება ისეთივეა, როგორც იმერეთში, უმეტესად სამეგრელო-აფხაზეთშიო, შენიშნავს მ. ჯანაშვილი. „ინგილო“ მას მიაჩნია იმავე ინგირად, „ეგრელად“ ანუ იმ ხალხად, რომელსაც ბერძენი მწერლები (მე-5 ს. ქრ. წ.) იხსენიებენ ფოთ-სამეგრელოს მოსახლედ და უწოდებენ ჰენიოხად, ე.ი. „მეეტლედ“. მ. ჯანაშვილი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ „მტარვალების მიერ მთელი ხალხის ცნობილ აყრა-დაყრის დროს ეს ჰენიოხები გადმოტყორცნილი ყოფილიყვნენ დღევანდელს საინგილოში“. იგი შენიშნავს, რომ საინგილოში სიტყვა ჰენგა ნიშნავს ცხენოსან ქალს (შეადარეთ „მეეტლე“), რომელიც მაყრიონით სხვა ჰენგებთან ერთად მიდის პატარძლის მოსაყვანად.* (*მ. ჯანაშვილი, საინგილო, გვ. 40).

ა. ომარაშვილს ყველაზე მართებულად მიაჩნია „სახელწოდების დაკავშირება ცნობილ სოფელ ენგიანთან (სა-ენგ-ილ-ო)“.** (**ჟურნ. „ცისკარი“, N 6, 1972 წ., „საინგილო ქართულ მწერლობაში“).

საინგილოში ცხოვრობენ ქართველები, ლეკები, აზერბაიჯანელები, რუსები, სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

საინგილოს ქრისტიანი ქართველები ძირითადად კახის რაიონის შემდეგ სოფლებში ცხოვრობენ: კახი, თოფახი, ალიბეგლო, ქოთოქლო, დიდალათემური, პატარაალათემური, მეშაბაში, ყორაღანი, ქეშხუთანი, ხარაბთალა, ყიმურუ.

მაჰმადიანი ინგილოების სამივე რაიონში – კახი, ზაქათალა, ბელაქანი – ცხოვრობენ. მათგან სოფლების ალიაბადის, მოსულის,* (*ჭავჭავაძეთა გვარს მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე საინგილოში ჰქონია სამკვიდრო. 1726 წლის სიგელში ჭავჭავაძეთა გვარის სამკვიდროდ დასახელებულია დღევანდელ მაჰმადიან ინგილოთა სოფლები ჰენგიანი, ყანდახი და მოსული, ხოლო ზაქათალის რაიონის ალიაბათში (საინგილოს ენისელი) ჰქონიათ „სახელო“. (გ. ჩანგაშვილი, „საინგილო, გვ. 57). ითითალას ინგილოთა სალაპარაკო ენა ქართულია, ძაგამსა და თასმალოში ქართული მხოლოდ ბავშვებმა არ იციან, ხოლო ჰენგიანსა (ენგიანსა - გ.მ.) და ქაფანახჩში მოხუცები დღესაც ქართულად ლაპარაკობენ.

მაჰმადიან ინგილოებს ამჟამად გვარიც მაჰმადიანური აქვთ.

ანაზდად მაგონდება ასეთი ფაქტი:

გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ 1960 წლის ერთ-ერთ ნომერში მოთხრობილი იყო ინგილო დასტაქარ ალი ისმაილოვის შესახებ. მისი მშობლიური სოფელი მოსული გახლავთ. იქ მცხოვრებ ქართველებს მირზანელებს ეძახიან, ვინ იცის, იქნებ ალის წინაპრები კახეთიდან, მირზაანიდან გადმოსახლდნენ და ისევ ალაზნისპირად სოფ. მოსულში დაიდესო ბინა, შენიშნავს წერილის ავტორი.

მშობლებს - რამაზსა და ასფათს, რომელთაც კარგად ხსომებიათ თავიანთი ქართული გვარი, ალი სოფ. ალიაბადის ქართულ საშუალო სკოლაში მიუბარებიათ, ხოლო 1955წელს ალი ისმაილოვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაუმთავრებია. ჯერ კრასნოსულინოში, შემდეგ კი ქარელის რაიონის სოფ. რუისის საექიმო უბანში უმუშავია.

1950-60-იან წლებში ზოგმა ინგილომ თავისი ქართული გვარი და ეროვნება „ქართველი“ აღიდგინაო, წერს დოც. გ. ჩანგაშვილი. მას, სხვათა შორის, ერთი ასეთი საინტერესო ცნობაც მოაქვს:

„საინგილოში, განსაკუთრებით ბელაქნის რაიონში, ბევრი დღევანდელი ლეკის წინაპარი ქართველი იყო. ისტორიამ შემოგვინახა ცნობა, რომ ყოფილი ვაჩნაძეები დღეს გალაჯოვების გვარს ატარებენ, ერისთავები – ნასტალგოვის და სხვ. საინგილოში ბევრმა ლეკმა იცის, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ, იციან თავიანთი ქართული გვარებიც“.* (*გ. ჩანგაშვილი, „საინგილო“, გვ. 57)

მკვლევარი მიუთითებს, რომ ქართულად მოლაპარაკე მაჰმადიანი ინგილოები უფრო სალიტერატურო ქართულს ლაპარაკობენ, ვიდრე ქრისტიანი ინგილოები, რასაც იმით ხსნის, რომ მუსულმან ინგილოთა სოფლები, ქვემოთ, ალაზნის მახლობლად მდებარეობენ და საქართველოსთან, წითელწყაროელ ქართველებთან უფრო კონტაქტში არიან.

კონტაქტები ვახსენეთ და აქვე უნდა ვთქვათ იმ მეგობრული ურთიერთობის შესახებ, ამ კუთხისა და კახეთის მშრომელებს რომ აკავშირებთ.

ყვარლისა და კახის რაიონების მშრომელები, ინტელიგენცია სისტემატურად უზიარებენ ურთიერთს გამოცდილებას.

1968 წელს ესტუმრნენ კახელები (კაკელები)** (**კახს ყველა ინგილო კაკს ეძახის) ყვარელს, დაათვალიერეს რაიონის ღირშესანიშნავი ადგილები, გაეცვნენ ადამიანებს, მათ შრომით საქმიანობას. მეგობრულ შეხვედრაზე მასპინძლებს მიესალმნენ კახის რაიონის სოფელ კახი-ინგილოს ნიზამის სახელობის  კოლმეურნეობის თავმჯდომარე მარიამ ბულუღაშვილი, ალიბეგლოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე ი. ასლამაზაშვილი და რაიონის დელეგაციის სხვა წევრები.

მომდევნო წელს ყვარელის მშრომელთა დელეგაცია ესტუმრა კახის რაიონს და ორი დღის განმავლობაში ეცნობოდა საინგილოს ისტორიულ ადგილებს. იყვნენ სოფელ თასმალოში, თოფახში, ილისუსა და ალიბეგლოში.

1960 წელს მახარაძის რაიონის წარმომადგენლები პირველად ესტუმრნენ კახის რაიონს.

ორი დღის შემდეგ კვლავ ჩავიდნენ მახარაძელები საინგილოში. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი სალუქვაძე და საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი ვანო სალუქვაძე.

ისტორიული ძეგლების გაცნობა-დათვალიერების შემდეგ მახარაძელ მშრომელთა წარმომადგენლები სკოლებს ესტუმრნენ და საჩუქრებიც გადასცეს: ორ საშუალო, ორ რვაწლიანს და ორ შვიდწლიან ქართულ სკოლებს, აგრეთვე აზერბაიჯანულ-რუსულ სკოლას. თოფახის ქართულ რვაწლიან სკოლას სტუმრებმა გადასცეს ფიზიკის ლაბორატორიისა და სასკოლო სახელოსნოსათვის საჭირო ხელსაწყოები, სპეცტანსაცმელი.

სტუმრებმა მოუსმინეს სკოლის სიმღერისა და ქორეოგრაფიულ წრეებს. გ. სალუქვაძემ წრის ხელმძღვანელს, მასწავლებელ ნანა ჯანაშვილს, შეასწავლა სიმღერა „ფარიკაობა“.

კახის რაიონის მარქსის სახელობის კახმუღალის კოლმეურნეობის სოფ. ამბარჩაიში მახარაძელებმა კახის რაიონის კოლმეურნეებს ასწავლეს ჩაის უკეთ გასხვლის წესები.

სტუმრები ეწვივნენ „ციმბირელი პაპის“ ნესტორ კალანდარიშვილის შვილიშვილის* (*ნ. კალანდარიშვილის შვილიშვილი, ალექსანდრა კირილეს ასული, არჩილ გამხარაშვილმა ცოლად შეირთო ქ. ირკუტსკში (ცნობა მოგვაწოდა მ. ყულოშვილმა) ოჯახს, გადასცეს მხატვრული ლიტერატურა სახელოვან პაპაზე.

კახში მახარაძელთა სტუმრობის შესახებ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ფურცლებზე მკითხველთ აღტაცებით მოუთხრობდა სოფ. თოფახის ქართული რვაწლიანი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ისტორიის მასწავლებელი ი. სუყაშვილი.

მკითხველისათვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი სალუქვაძემ აღადგინა ინგილოური ცეკვა „შიპრობა“, რაც წარმოადგინა კიდეც ბავშვთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მის მიერვე მოწვეული წარმომადგენლები საინგილოდან – პედაგოგები შალვა ტარტარაშვილი, ივანე სუყაშვილი და ოთხი მოსწავლე.

ამ თხუტმეტიოდე წლის წინ საინგილოს ესტუმრა მხატვარი მ. გვაჯაია და სიყვარულით გამთბარი რამდენიმე საინტერესო ჩანახატი გააკეთა. ჩანახატების ერთი წყება იმავე წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ფურცლებზე. უყურებთ მოსწავლეთა საწარმოო ბრიგადის მოწინავე მერგოლურ ბაფთიან ნათელა თამაზაშვილს, კახის ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეებს – ცისანა გამხარაშვილს და ჟუჟუნა ყულოშვილს, უხვი მოსავლის ოსტატს, ნიზამის სახელობის კოლმეურნეობის მეთამბაქოე მერგოლურს, იმ დროს აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ორდენოსან ვალენტინა თაგოშვილს, მათ სიცოცხლით აღსავსე სახეებს და გული სიამაყით გევსებათ – აი, ისინიც, „ინგილო გოგოს“ შთამომავალნი!

ნიზამის სახელობის კოლმეურნეობის კულტურის სახლის (გამგე ს. საკნელაშვილი) სცენაზე პირველად წარმოადგინეს თოჯინების სპექტაკლი.... კახის ქართული სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

ამ კეთილშობილური საქმის თაოსანია თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თოჯინების განყოფილების დიპლომანტი ი. ზეინალაშვილი, რომელმაც თავის მშობლიურ კუთხეში ქართული სკოლების მოსწავლეთაგან ჩამოაყალიბა თვითმოქმედი წრე და კულტურის სახლის სცენაზე ბავშვებისთვის წარმოადგინა ჩერნიაკისა და გოლდის პიესა-ზღაპარი „გიული და თაზოლანი“.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მ. მურადხანაშვილი, რ. ბაბაჯანაშვილი, ნ. ბაბუცაშვილი, მ. ფოლადაშვილი. გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განსაკუთრებით აქებდნენ მოსწავლე ე. ფოლადაშვილს, რომელმაც წარმატებით აითვისა ორი თოჯინის მატარებლობა.

თბილისის თოჯინების თეატრის დირექციამ (დირექტორი თ. ჯანელიძე) კახის კულტურის სახლს უსასყიდლოდ გადასცა აღნიშნული სპექტაკლის სრული აღჭურვილობა და შეფობა აიღო საინგილოში ჩამოყალიბებულ ნორჩ მეთოჯინეთა კოლექტივზე.

1973 წლის მაისში საინგილოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახელოვანი კოლექტივი ესტუმრა. კახის ქართული სასოფლო კულტურის სახლის სცენაზე რუსთაველელებმა ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვას“ ორი სპექტაკლი გამართეს. სპექტაკლებმა დიდძალი მაყურებელი მიიზიდა.

კულტურის სამინისტროსა და კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემკიური თეატრის თაოსნობით 1975 წ. ივლისში მოეწყო მარჯანიშვილელთა ორდღიანი გასტროლები საინგილოში. კახისა და ალიბეგლოს მშრომელთა წინაშე თეატრის დასი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის ვ. გოძიაშვილის მეთაურობით წარსდგა თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო დადგმით „ძველი ვოდევილები“. წარმოდგენებს დიდი წარმატება ხვდათ წილად, მაგრამ, ამასთან, მორიდებით საყვედურიც გამოუთქვამთ, იშვიათზე-იშვიათი სტუმრები ბრძანდებით, რა იქნება თბილისიდან უფრო ხშირად გვესტუმროთ და გაგვახარათო. (გაზ. „კომუნისტი“, 1975წ. N 155).

სტუმრებმა ალიბეგლოს კლუბს სამახსოვროდ გადასცეს სპექტაკლის მონაწილე მსახიობთა ავტოგრაფიანი ბუკლეტები, ქართული წიგნები და კოტე მარჯანიშვილის დიდი პორტრეტი.

მარჯანიშვილელებს სამადლობელი სიტყვით მიმართა ალიბეგლოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო ასლამაზაშვილმა.

შოთა რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეო დღეები ფართოდ აღნიშნეს საინგილოში. კახში რუსთაველის სახ. კოლმეურნეობის გამგეობის ეზოში დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი.

1958 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საშეფო კომისია, რომლის მუშაობაში ოცზე მეტი სამეცნიერო დაწესებულება ჩაება. შეფები სისტემატურად, წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდნენ საინგილოში, ჩაჰქონდათ სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, სასწავლო ნივთები, სასკოლო და სპორტული ინვენტარი, ლაბორატორიების მოწყობილობა, ჩაჰყავდათ მეთოდისტები, ლექტორები, სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი კოლექტივები. საშეფო კომისიის დახმარებით და ზემდგომი ორგანოების ხელშეწყობით, საქართველოს უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებლებში 600-ზე მეტი ინგილო მოეწყო.

განსაკუთრებულ, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საშეფო მუშაობაში: ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ენათმეცნიერების, აღმოსავლეთმცოდნეობის, გეოფიზიკის, ფსიქოლოგიის, ზოოლოგიის, ქართული ხელოვნების ისტორიის, ქიმიის, ხელნაწერთა, მათემატიკის ინსტიტუტები, გამოთვლითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, აკადემიის გამომცემლობა, აკადემიის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ფიზკულტურისა და სპორტის რესპუბლიკური კომიტეტი...

ინგილოები, აზერბაიჯანელები, ლეკები, მუღალები და საბჭოთა მრავალეროვანი ოჯახის სხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მხარდამხარ შრომობენ და ცხოვრობენ დღევანდელ საინგილოში. ამასთან, ინგილოს ახსოვს, რომ იგი ქართველია, სისხლი – სისხლთაგანი, ხორცი – ხორცთაგანი: „ამ ჰერეთ, იმ ჰერეთ მუდამ ზმებ იყვნენ, ერთა იყვნენ კაი-ფინთში“.* (*ალექსანდრა ჩხენკელი, „მზიან საინგილოში“, 1957 წ., გვ. 96). 

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq