ფიცხელაური (ფიცხელაუროვი) ალექსანდრე პეტრეს–ძე (1878–1928) – იყო დონზე „თეთრების“ კაზაკთა მოძრაობის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, გენერალ–ლეიტენანტი. ალექსანდრეს მამა, პეტრე ფიცხელაური, კავკასიური ენების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, თარჯიმნობასაც სწევდა რუსებისათვის მთიელებთან ურთიერთობაში – არსებობს გორშელტის ფერწერული ტილო: „შამილის დატყვევება“, სადაც გამოსახულია რუსი მხედართმთავრებით გარშემორტყმული შამილის გვერდით მდგომი პეტრე ფიცხელაური, რომელიც მთარგმნელის მოვალეობას ასრულებს. ალექსანდრე ყმაწვილობიდან სამხედრო სამსახურში იყო ჩაბმული. კადეტთა კორპუსისა და კავალერისტთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა დონის მე–20 პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს დონის 36–ე პოლკის მეთაურია, 1915 წლიდან – პოლკოვნიკი. სამოქალაქო ომში „თეთრების“ ხელმძღვანელობაში ერთ–ერთ– საკვანძო ადგილი უჭირავს – კაზაკთა მხრიდან: 1918 წლიდან მეთაურობს პარტიზანულ რაზმს, იმავე წლის 11 მაისს აიღო ქალაქი ალექსანდრო–გრუშევსკი, რის შემდეგაც „წითლებისგან“ გაათავისუფლა მთელი ქვანახშირის რაიონი; 28 მაისს შეუტია სტანიცა მოროზოვსკაიას და ოთხდღიან ბრძოლაში გაანადგურა შჩადენკოს ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილები. ეს იყო დონელების პირველი ისეთი გამარჯვება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა – დაიწყო სტანიცების და სლობოდების სისტემატური გაწმენდა წითელი გვარდიისაგან. 1918 წლიდან ცარიცინის რაზმებს მეთაურობს – ხუთდღიან ბრძოლებში გაანადგურა მირონოვის შენაერთები, რომლებიც სარატოვის ოლქში შეიჭრნენ; 9 აგვისტოს აიღო ბოგუჩარი, შემდეგ კალაჩი, პავლოვსკი და კანტემიროვკა
 | გორშელტი - „შამილის დატყვევება” | და მიადგა ცარიცინს. ერზოვკისა და პიჩუჟინსკაიას აღების შემდეგ იგი გავიდა ვოლგაზე და გაწყვიტა კავშირი ცარიცინის საბჭოთა ხელმძღვანელობასა და მოსკოვს შორის. ბედის ირონიით ამ დროს „წითლების“ მხრიდან აქვე იმყოფება სტალინი და, როგორც აქამდეც არაერთხელ მომხდარა ქართველთა ისტორიაში, თავისი მაოხრებელი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ორი მხრიდან ორი გენეტიკური ქართველი ებრძვის ერთმანეთს – და ერთ–ერთის წარმატების აღსანიშნავად, მოკლე ხანში ცარიცინს „სტალინგრადი“ დაერქმევა! ჩვენ კი პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ – ფიცხელაური 1918 წლის დეკემბრიდან სტარობელსკის რაიონის გუბერნატორია, 1919 წელს დონის მე–5 დივიზიის მეთაური... 1919 წელს მიიღო გენერალ–ლეიტენანტის წოდება, 1920 წელს დაინიშნა მე–8 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად, ხოლო იმავე წლის მაისში ევაკუირებულ იქნა ყირიმში და დონის კორპუსის თადარიგში ირიცხებოდა. 1920 წლიდან ემიგრაციაშია – გაზეთ „დონსკი მაიაკის“ პასუხისმგებელი რედაქტორია, სადაც გამოდიოდა კაზაკთა ზნეობრივი ფასეულობების დამცველად: „რაჟამს კაზაკთა საზოგადოებაში ფეხის შედგმას გადაწყვეტ – მოძღვრავდა ერთგულ მკითხველს – ნუ აჩქარდები, დააკვირდი, განსაჯე, ხოლო მასში ჩართვის შემდეგ ემსახურე მას მთელი გულით, მთელი გრძნობით. დაე შენი სამსახური იყოს ხალხისა და ღმერთისათვის, იმისათვის, რისთვისაც მოევლინე შენ ამ ქვეყანას!“ ყოველი კაზაკი ვალდებულია ემსახუროს თავის მშობლიურ რუსეთს – უნდა ახსოვდეს, რომ მტერია ყველა, ვინც აუმხედრდება მის სამშობლოს; „მშვიდობა“, „სიყვარული“, „სილამაზე“, „სიმართლე“ – ეს იყო ლოზუნგები კაზაკთა დროშაზე! ალექსანდრე ფიცხელაური გარდაიცვალა პარიზში 1928 წელს. |