თუ ღმერთის ნება იქნება და კვლავაც დადგება მონარქიის აღდგენის ჟამი, მაშინ ახდება წმიდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება და საქართველოს ეყოლება მირონცხებული მეფე - გაუქმდება საპრეზიდენტო ინსტიტუტი და მის მაგივრად დამყარდება კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდება მეფის შენახვა, ვიდრე პრეზიდენტის. მეფე არასდროს შეეცდება, რამით ავნოს თავის ქვეყანას, რადგან ეს წინ დახვდება მის შთამომავლებს. მეფე პირიქით, შეეცდება როგორმე მეტი და მეტი შესძინოს თავის სამშობლოს - არც რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებს დაიცავს თავისი ქვეყნის საპირისპიროდ და ხალხსაც უფრო მეტად შეაყვარებს თავს. წელიწადზე მეტია უკვე, რაც მთავრობა შეიცვალა და დიდი იმედი გვქონდა იმისა, რომ ისინი მაინც გადასცემდნენ ანჩის ხატს საპატრიარქოს, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაბრძანებული და სახელმწიფოს საკუთრებაა. ნაწინასწარმეტყველებია: როგორც კი ანჩის ხატი საპატრიარქოს გადაეცემა, სწორედ მაშინ დაიწყება ივერიის გაბრწყინება. იმედია მეფე მაინც მოახერხებს ამას! 1810 წელს, როდესაც წმიდა მეფე სოლომონ II -მ ერთგული გლეხის წყალობით ტყვეობას თავი დააღწია, ის და მისი ოცდაათამდე ერთგული თავადი ოსმალეთისკენ მიდიოდნენ. გზად ლეკების დაახლოებით სამასკაციანი მოთარეშე არმია დახვდათ წინ და დაყაჩაღებაც გადაუწყვიტეს, მაგრამ, როდესაც გაიგეს ვინ იყვნენ და სად მიდიოდნენ, ბოდიში მოუხადეს წმიდა მეფეს, სოლომონ მეორეს და პირადად გადააცილეს ოსმალეთში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბაგრატიონები არა მარტო ქართველებში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიელებშიც ითვლებოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხად. სამშობლოდან გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობდა - ხან ჩეჩნებთან, ხან ლეკებთან, ხანაც ავარელებთან. ისინი ალექსანდრეს, როგორც ლიდერს და მთავარსარდალს, ისე მიიჩნევდნენ. 1812 წელს, როდესაც ნაპოლეონი მოსკოვში შეიჭრა, ალექსანდრე ამოქმედდა: მან კავკასიის მკვიდრთ მოუწოდა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, მაგრამ საუბედუროდ ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. გიორგი VII-ის ეპოქაში ძალიან კარგად ჩანს ერთიანი კავკასიის თანამეგობრობა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. მიუხედავად ჩრდილოკავკასიელების ასეთი ფეხმოუდრეკლობისა, ისინი საგანგებო პატივს სცემდნენ ხოლმე ჩვენს სახელოვან მეფეებს და მათი დროშის ქვეშაც ხშირად იბრძოდნენ. მართალია, ჩვენს ერსა და ჩრდილო კავკასიელებში ბრძოლებიც იყო, მაგრამ ყოველთვის გვიყვარდა და ვაფასებდით ერთმანეთს, როგორც ღირსეულ მეტოქეებს. გარდა ამისა, ჩვენი და მათი გარეგნობა, ხასიათი და კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს; ნათესაური კავშირებიც ძალიან ხშირად გვქონდა ხოლმე ერთმანეთთან. გულდასაწყვეტია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელების საკმაოდ დიდი ნაწილი რუსულ გვარებს ატარებს. მსგავსი რამ შეიძლებოდა ჩვენც დაგვმართოდა, მაგრამ ჩვენ ისტორიული წარსულის თავისებურებამ გადაგვარჩინა. აღსანიშნავია, რომ სომეხი ტერტერები იძულებით გადაუკეთებდნენ ხოლმე გვარებს ჩვენს თანამემამულეებს - განსაკუთრებით ძალზედ გაჭირვებულებს. მართალია ჩდილო კავკასია ოკუპირებულია, მაგრამ მაინც განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისათვის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რომ კავკასიას და მის ერებს ასე იოლად ვერ გასტეხს. სხვათა შორის, იმ გარემოებაში, რომ ჩრდილოკავკასიელები ამჟამად მართლმადიდებლები აღარ არიან, თემურ-ლენგის გარდა, რუსების დიდი დამსახურებაცაა, რადგან მათ ეკლესიებში რუსი ჯარისკაცები წირვის რუსულ ენაზე აღსრულებას მოითხოვდნენ ხოლმე და ეს იყო მიზეზი, რომ გამუსულმანდნენ და დაივიწყეს სარწმუნოება თვისი. რამდენიმე წლის წინ დაღესტნის ერთი ტომის შვილები საქართველოსთან შეერთებას მოითხოვდნენ. მსგავსი სურვილი გამოწვეული იყო ხალხში არსებული უკმაყოფილებით, რადგან კულტურა და ისტორიული ტრადიციები ეკარგებოდათ და მის გადარჩენას საქართველოსთან შეერთებით ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ეს იდეა ვერ განხორციელდა, რადგან რუსებმა მათი ლიდერი მოწამლეს და ხალხმაც უკან დაიხია. ჩვენ მონათესავე ერები ვართ და ეს იდეა რომ ბოლომდე განხორციელებულიყო, დაღესტნის ერთი კუთხე ახლა საქართველოსთან კონფედერაციულ კავშირში იქნებოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად არც დაღესტნელები იგრძნობდნენ საკუთარ თავს დაჩაგრულად. რაც შეეხებ მათ კულტურას, მას, რუსებისგან განსხვავებით არ დავუკარგავდით - ყველაფერს გავაკეთებდით მისი პოპულარიზაციისთვის: აღვადგენდით და რესტავრაციას ჩავუტარებდით იქ მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და ციხე-კოშკებსაც და ამით კიდევ უფრო გაიზრდებოდა ჩვენს ერებს შორის ძმობა. ამის მნახველნი, ჩრდილო კავკასიის დანარჩენი ქვეყნები შემოუერთდებოდნენ კონფედერაციას და დაგვიდგებოდა დავითისა და თამარის ეპოქა. სამწუხაროა, ასე რომ არ მოხდა; თუმცა, შეიძლება დროის საკითხიც კი იყოს - ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის აღიზრდება უფლისწული. მთავრობისგან ამდენი იმედის გაცრუებისა და დაპირებების არშესრულებით გადაღლილი ხალხი (მათ შორის ისინიც, ვისაც მონარქიის აღდგენა სააცილოდ არ ყოფნით) როდესაც დაინახავს კეთილშობილური გარეგნობის გონიერ სამეფო გვირგვინოსანს, აზრს მალევე შეიცვლის. აი, მაშინ კი საქართველოს დაუბრუნდება დიდი ხნის ნანატრი მეფე. აღარასდროს მოუწევს საქართველოს არც ამერიკის და აღარც რუსეთის გზაზე სვლა. ქართველი მეფე საქართველოს და ქართველ ერს სწორი მიმართულებით წაიყვანს! |