კორნელი ბოროზდინის მოთხრობა „იმერეთის დედოფალი მარიამი“ ნაკლებად არის ცნობილი ქართველი მკითხველისათვის. მოთხრობა გამოქვეყნდა 1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ (№189 და №190-ში). იმერეთის დედოფალი მარიამის“ თარგმანს ხელს აწერს ს. დავითიანი. იგი ფსევდონიმია ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სარგის კაკაბაძისა და მოთხრობაში დართული მეცნიერული შენიშვნებიც მის კალამს ეკუთვნის. (რედაქცია)
მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, პირველ ათეულ წლებში, ე.ი. ლიტეინი პროსპექტისაკენ მიმავალ ქუჩაზე, განმარტოებულ ხის სახლში, როგორიც მაშინ ასე ბლომად იყო პეტერბურგს, ცხოვრობდა მოხუცი ქალი - იმერეთის დედოფალი მარიამი. თავის ცხოვრებას ის მშვიდად, სადად ატარებდა, სხვაგან ძვირად დადიოდა, ტანთ იცვამდა თავის ეროვნულ ტანისამოსს და უკვე მოხუცის სახეზე, კარგად ჩანდა უწინდელი მისი გასაოცარი სილამაზის კვალი. დედოფლის შტატს შეადგენდა რამდენიმე მასთან დაახლოებული ქალ-ვაჟი, მოხუცი და ახალგაზრდა. ესენი დედოფალს მოჰყოლოდნენ შორეული სამშობლოდან და რაღაც განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ყოველ კვირას, დედოფალი სასახლის კარის კარეტით მიდიოდა მახლობელ ეკლესიაში ან, ნეველის ლავრაში, ხოლო საუფლო დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ესწრებოდა სამეფო გამოსვლას და მეჯლისებს. სადღესასწაულო ტანისამოსი მისი ყოველთვის ერთნაირი იყო: თეთრი ატლასის კაბა, ასეთივე ოქრომკედით ნაკერი ქათიბი, რომლის ქვეშ მოჩანდა წმ. ეკატერინეს ორდენის ლენტი და ვარსკვლავი, ხოლო თავზე გაკეთებული ჰქონდა თავსაკრავი, ძვირფასი ქვებით შემკული და გრძელი ლეჩაქით დაფარული. მოხუც დედოფალს ძლიერ ეალერსებოდა ორივე იმპერატრიცა. ხელმწიფეც განსაკუთრებული მოწყალებით ეპყრობოდა, მაგრამ, მის ღირსებით, სიკეთითა და სიმშვიდით სავსე სახეზე ძვირად თუ გაირბენდა ღიმილი. თავის სიცოცხლეში ამ მანდილოსანმა ძლიერ ბევრი მწუხარება გადაიტანა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ მისმა ქმარმა, იმერეთის მეფემ სოლომონმა დაარღვია ფიცი და გაიქცა ოსმალეთში. ეს ამბავი მოხდა შემდეგ გარემოებათა გამო: ქუჩუკ-კაინარჯის ზავის ძალით 1783 წ (2) ამიერკავკასიის საქრისტიანო ქვეყნების ყველა მთავრები განთავისუფლდნენ ოსმალეთის ქვეშევრდომობისაგან და სამარცხვინო ხარკის - ქალ-ვაჟის - ძლევისაგან, ცნობილ იქნენ დამოუკიდებლად. მაგრამ, ნამდვილად კი ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ სახელით იყო. როცა რუსის ჯარი, სპარსთა და ოსმალთა დამარცხების შემდეგ, ამიერკავკასიიდან გავიდა, სპარს-ლეკებმა წინანდებურად იწყეს ქართლ-კახეთის აოხრება, ხოლო ოსმალნი დროგამოშვებით თავს ესხმოდნენ იმერეთს, სამეგრელოსა და ქართლ-კახეთს, ერთმანეთზე ამხედრებდნენ მეფე-მთავრებს და აოხრებდნენ ქვეყანას. ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანდა. მუდამ ორ წყალს შუა ყოფნა ვერ აიტანეს ამიერკავკასიის ქრისტიანმა მთავრებმა. მას შემდეგ, რაც 1801 წელს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XII-მ, სიკვდილის წინ გადასცა თავისი სამეფო რუსეთის იმპერატორს. (3) მის მაგალითს 1803 წ. მიბაძა სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა, ხოლო 1804 წ. კავკასიის მთავარმართებელ თავ. ციციანოვთან მოლაპარაკების შემდეგ მოლაპარაკება სწარმოებდა გრაფ. მ. ს. ვორონცოვის - შემდეგში კავკასიის მეფის ნაცვლის - შუამავლობით) მასში მონაწილეობა მიიღო იმერეთის მეფემ სოლომონმაც: მაგრამ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას ადგებოდა, სოლომონი ვერ ჰგრძნობდა სავსებით, როგორც ამ საქმის სიდიადეს, ისე იმასაც, რომ პასუხს აგებდა, თუკი მომავალში ცოტათი მაინც თავისი მოქმედებით უგულებელყოფდა რუსეთის მთავრობების ინტერესებს. ეგრეთ წოდებულ თხოვნის მუხლთა ძალით, სოლომონი, რუსეთის მეფის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ, ჰკარგავდა უფლებას, თავის ქვეშევრდომთა სიცოცხლესა და პიროვნებაზე. ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ერთმეოდა სისხლის სამართლის საქმეების გარჩევის უფლება და თავის სამეფოში სრულ ბატონად მხოლოდ სამოქალაქო საქმეებში რჩებოდა, ამასთანავე, ყოველგვარი ურთიერთობა მისი სამეფოს მოსაზღვრე ოსმალეთის მოხელეებთან მხოლოდ კავკასიის მთავარმართებლის შუამავლობით უნდა ჰქონოდა. ქუთაისში ჩადგა რუსთა ჯარის ნაწილი, მოაწყო იქ თავისთვის ბინა, ხოლო მეფესთან დანიშნულ იქნა ერთი მოხელე, განსაკუთრებული ინსტრუქციითა და უფლებებით მოსილი. ამგვარ რეჟიმს ვერ შეურიგდა სოლომონი, უფრო კი, მასთან დაახლოებულ თავადების, თვისისა და დედოფლის ნათესავების ოინების წყალობით. ამათ დიდი გავლენა ჰქონდათ თავიანთი სუსტი ხასიათის ხელმწიფეზე, რაც სურდათ, იმას აკეთებინებდნენ და რადგანაც ეშინოდათ რუსთა მთავრობა ამ თვითნებობას ალაგმავსო, ამიტომ მეფეს რუსთა წინააღმდეგ შეგულიანება დაუწყეს. ჩვენი რეზიდენტისა და თვით მთავარმართებელის მოთხოვნილებანი ან უგულოდ სრულდებოდა, ან სრულიად არ მოჰყავდათ სისრულეში, ხოლო ამავე დროს, მეფეს საიდუმლოდ მიწერ-მოწერა ჰქონდა გამართული ახალციხის ფაშასთან, რომელიც სთხოვდა, ხონთქრის ქვეშევრდომობა იკისრე ისევ და განდევნე რუსნი შენის სამეფოდანო. თავის მხრივ, ფაშამ ჯარით დახმარებაც აღუთქვა. ეს მიწერ-მოწერა ხელში ჩაუვარდა მთავარმართებელს, რომლის ადგილი მაშინ ეჭირა არა თავ. ციციანოვს, რომელსაც მეფე განუსაზღვრელად ენდობოდა; მის შემდეგ მთავარმართებლად იყო გრაფი გუდოვიჩი, ხოლო შემდეგ გენერალი ტორმასოვი, რომელსაც სოლომონი ნაკლებად იცნობდა. ტორმასოვი მეფესთან მიწერილ წერილებში ნიადაგ მკაცრსა და ოფიციალურ კილოს ხმარობდა და როცა, სოლომონის მიწერ-მოწერა ახალციხის ფაშასთან მთავრობისათვის ცხადი შეიქმნა, მთავარმართებელმა მიზეზების აუხსნელად გამოიწვია მეფე ტფილისში. (4) წაუსვლელობა შეუძლებელი იყო, რადგან, ერთის მხრივ, ის ამით აშკარად გამოაჩენდა თავის გუარშვილობას და მეორეს მხრივ, მეფემ იცოდა, რომ თუკი დასჭირდებოდათ, ძალით მაიძულებენ წასვლასო. ტფილისში მეფეს ბინად მიუჩინეს ერთი ორბელიანთა სახლთაგანი, რომელიც მტკვრის პირად იდგა. მეფემ ინახულა ტორმასოვი, რომელმაც განუცხადა, რომ შენი მოღალატებრივი ურთიერთობა ოსმალეთთან გამოაშკარავებულია, ამის შესახებ უკვე მოხსენებაა გაგზავნილი პეტერბურგში და სანამ იქიდან რაიმე გარდაწყვეტილი ბრძანება მოვიდოდეს, უნდა შინაურულად დაპატიმრებული იყვეო. მის ბინას მიუჩინეს ყარაული. ამ დღიდან მეფისთვის დაიწყო ერთგვარი, ყოვლად თავმომაბეზრებელი ხანა ლოდინისა. ვისიმე ნახვა მეფეს შეეძლო მხოლოდ მოდარაჯე ოფიცერის ნებართვით და ისიც მხოლოდ იმათი, რომელნიც რუსთა მთავრობისათვის ცნობილი იყვნენ, როგორც კეთილსინდისიერნი. მსახურთაგან დატოვეს ივანე სარალიძე, რომელიც განუშორებლად თავის ხელმწიფესთან იმყოფებოდა. მაგრამ, მეფის თანამოსაგრეთ, თ. თ. ანდრონიკაშვილებს, აბაშიძეებს, წულუკიძეებს არ ეძინათ. საიდუმლოდ და დიდის მოხერხებით მიწერ-მოწერა ჰქონდათ გამართული მეფესთან და საქმე იმით გათავდა, რომ როცა ერთხელ სოლომონთან შევიდა მოდარაჯე ოფიცერი, ნახა ტახტზე წამოწოლილი მეფის ტანისამოსით გლეხი სარალიძე, ხოლო თვით სოლომონი კი გაქცეულიყო. ეს ყველაფერი ამნაირად მოახერხეს: სარალიძე დღეში რამდენჯერმე ჩადიოდა მტკვარზე კლდოვანის ნაპირით, გაავსებდა წყლით სპილენძის ჭურჭელს (თუნგს) და უკან ბრუნდებოდა მეფის ოთახში. მის ამგვარის ხშირი სიარულის გამო დარაჯები ისე მიეჩვივნენ მსახურის სახის გულუბრყვილო მეტყველებას და მისს უბრალო ტანისამოსს, რომ ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ; ის - კი სულ იმავე თუნგით ხელში, მიდიოდა მეფის თანამოსაგრეთა სანახავადაც. როცა ყოველივე მზად იყო, სოლომონმა ჩაიცვა თვისის მსახურის ტანისამოსი, ჩამოიფხატა შუბლზე ქუდი და თუნგით ხელში ჩაეშვა მტკვრისაკენ, სადაც უკვე უცდიდნენ თავადნი შეკაზმულ ბედაური ცხენით. როცა ეს ამბავი გამოაშკარავდა, თუმცა, მეფეს ყოველი მხრისაკენ დაადევნეს მდევრები, მაგრამ ამაოდ: სოლომონი მთის ბილიკებით ახალციხისაკენ წასულიყო და მეორე დღეს უკვე ფაშასთან იმყოფებოდა, საიმედო ადგილას. ამ ამბავმა დიდი ალიაქოთი გამოიწვია ტფილისსა და იმერეთში. ბევრი დააპატიმრეს, ხოლო გლეხი ივანე სარალიძე ჩასვეს მეტეხის ციხეში, სადაც რამდენიმე თვე იტანჯებოდა, ხოლო შემდეგ სადღაც გაგზავნეს ციმბირის შორეულ ადგილებში. იმერეთში განზრახული იყო ამბოხების მოხდენა, მაგრამ რუსთა მთავრობამ დაასწრო და ამ ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდა რუსთა მთავრობა. (5) მეფე სოლომონის მეუღლე, მარიამ დედოფალი კი პატივით გადაიყვანეს პეტერბურგში და მას შემდეგ, როგორც უკვე ვთქვი, აქ სცხოვრობდა ხელმწიფისაგან და სამეფო ოჯახისაგან მოწყალედ მიღებული. ქმრის შესახებ დედოფალს არასასიამოვნო ამბები მოსდიოდა. ახალციხის ფაშამ ვერ შესძლო მეფისათვის რაიმე დახმარების გაწევა და საქმე იმით გათავდა, რომ სოლომონს უთხრეს, ტრაპიზონში იცხოვრეო და დაუნიშნეს მცირე პენსია. რასაკვირველია, გულწრფელად რომ მოენანიებინა თავისი შეცოდება, და მიქცეულიყო რუსეთის იმპერატორის სულგრძელობისადმი, ნებას დართავდა რუსეთში დაბრუნებულიყო და თავის მეუღლესთან ერთად მშვიდად იცხოვრებდა ერთ-ერთ ჩვენს საგუბერნიო ქალაქში, როგორც კერძო კაცი. მაგრამ მეფესთან დაახლოვებულნი, რომელნიც ტრაპიზონშიც გადაჰყვნენ, ამას არ ურჩევდნენ და სულ რაღაც ფუჭის ოცნებით აიმედებდნენ თავიანთ მეფეს. დედოფალიც სთხოვდა, იწვევდა, მაგრამ მისმა წერილებმა ვერ გასჭრა. 1820 წელს, სოლომონი მიიცვალა ტრაპიზონში. (6) ამ ამბავმა ისეთი თავზარი დასცა დედოფალს, რომ რამდენიმე ხანს ექიმებს კიდეც ეშინოდათ, ვაი თუ ჭკუაზე შეიშალოსო. მაგრამ, როცა მარიამი გონს მოვიდა და დამშვიდდა, საკვირველის სიცხოველით წარმოუდგა თვალწინ თავისი ბედნიერი წარსული, მოაგონდა ცოლ-ქმრობის პირველი უშფოთველნი წელნი. ქმარი გაშმაგებით უყვარდა და შეუძლებელიც იყო ისეთი გულითადი, უვერაგო, უკიდურესობამდე მიმნდობი და თუმცა ფიცხი, მაგრამ განუსაზღვრელად კეთილი კაცი არ ჰყვარებოდა, როგორიც იყო სოლომონი. მათდა სამწუხაროდ, ორი შვილი სიყრმეშივე მოუკვდათ, ხოლო შემდეგ კი დედოფალი უნაყოფოდ დაშთა. ამ გარემოებამ, ცოტა არ იყოს, მჭმუნვარის ელფერი დასდო მათ ცხოვრებას. როგორმე თავი რომ ენუგეშებინათ, ჰყავდათ აყვანილი სხვისი ობლები, რომლებსაც შვილებივით ზრდიდნენ და უვლიდნენ. ერთი ამისთანა ობოლი აზნაური გიორგი გეგიძე, რომელიც მეფეს საჩუქრად მიჰგვარა თავადმა მაჭუტაძემ, ძლიერ უყვარდა სოლომონს. მეფე-დედოფალი უბრალოდ ცხოვრობდნენ, ყველასათვის თვალსაჩინოდ, ასე რომ ყველას ნება ჰქონდა, მეფის პირადად ნახვისა. მაგრამ, მხოლოდ ერთი გარემოება არ იყო კარგი - ეს იყო საშინელი მტრობა სოლომონისა და სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს შუა. მათი სამფლობელოები ერთმანეთის მოსაზღვრე იყო და მთელი საზღვრის სიგრძეზე სულ მუდამ გამოტყვრებოდა ხოლმე რაიმე საბაბი იმერლების მეგრელებთან წვრილმანის უსიამოვნობისა; სულ უბრალო რამეზე ატყდებოდა ჩხუბი, ამას მოჰყვებოდა იარაღის ხმარებაც, რაც იმით თავდებოდა, რომ საქმეში ჩაერეოდნენ თვით მეფე-მთავარიც. ხოლო მაშინ, მომეტებულ წილად, მათ შორის ატყდებოდა ხოლმე ომი, და მეფე გაიმარჯვებდა, თუ მთავარი, ორივეს ქვეყანა ოხრდებოდა დიდს მანძილზედ და ტყვედ წაყვანილი ქალები და ბავშვები კი ოს
| მალეთში იყიდებოდა. შეუძლებელია იმ საცოდაობის აღწერა, რაც მაშინ ხდებოდა. ხალხს ახლაც ახსოვს ეს საშინელი ხანა დასავლეთ საქართველოში, რომლის დროსაც შიმშილითა და ჟამით მოსწყდა ორი წილი მცხოვრებთა და სიცოცხლით სავსე ქვეყანა მთლად გაპარტახდა. რამდენს ეცადნენ ორსავე სახელმწიფოს ეპისკოპოსნი და სხვა სასულიერონი მათს შერიგებას, მაინც ვერას გახდნენ. ჭეშმარიტი მშვიდობიანობა მათ შორის არ დამყარდა და არა. და აი, 1802 წელს ახლად ამტყდარ ომში მეფემ საბოლოოდ დაამარცხა დადიანი. წაართვა სამეგრელოს მთიანი ნაწილი, ლეჩხუმი და აპირებდა სამთავროს დანარჩენის ნაწილის დაპყრობასაც. მაგრამ, დადიანმა ასეთ უკიდურესობაში მიჰმართა რუსეთის მეფეს შემწეობის სათხოვნელად და თავის მხრივ ქვეშევრდომობა აღუთქვა. დადიანის დასახმარებლად გაგზავნილი ჯარი გადმოვიდა ზღვის ნაპირას რედუთ-კალეში, მისი უფროსი, პოლკოვნიკი რიკოფი ენერგიულად გამოესარჩლა დადიანს, რომელსაც ლეჩხუმი უკან დაუბრუნეს, სამეგრელო განთავისუფლებულ იქმნა იმერეთის მეფის ჯარისაგან, ხოლო თვით სოლომონი კი საშიშ მდგომარეობაში ჩავარდა. აი, ამ დროს დაიწყო მან მოლაპარაკება ციციანოვთან რუსეთის ქვეშევრდომობის შესახებ. ყველა ეს სწრაფად ხდებოდა, რადგან ეშინოდათ იმ ერთმანეთის მოქიშპე პარტიებისა, რომელნიც მეფეს გარს ერტყნენ. ზოგი რუსეთის მომხრე იყო, ხოლო დანარჩენნი - კი წინააღმდეგნი. (7) სოლომონი ამათ ხელში სათამაშო ბურთად გადაიქცა. ასე რომ, თუმცა, იმერეთმა მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ ეს საქმე არ იყო კარგად მოფიქრებული მეფის მიერ. ყველაფერი შემთხვევით მოხდა და როცა რუსები შევიდნენ იმერეთში, მეფე თავის ახალ მდგომარეობაშიც ყოყმანობდა, ხოლო მასთან დაახლოებული თავადები კი ნიადაგ მისთვის საზარალო საქმეებზე აქეზებდენენ. ყოველივე ეს აგონდებოდა დედოფალს და მწარედ დასტიროდა ბედს თავის უბედურ ქმრისას, რომელმაც თავისნი დღენი უცხო, მაჰმადიანთ ქვეყანაში დალია. აი, ასეთი მწუხარების დროს დედოფალი ჰპოვებდა დიდს ნუგეშად რუსეთის ხელმწიფის უავგუსტოესს ოჯახში. თვით ხელმწიფე, ორივე იმპერატრიცა და დიდნი მთავარნი ხშირად ინახულებდნენ ხოლმე. ხელმწიფე ხანდახან ერთს საათზე მეტს რჩებოდა მასთან სამუსაიფოდ და დედოფალი არასოდეს ივიწყებდა, თუ როგორ მოწყალედ და დაწვრილებით გამოიკითხავდა ხოლმე იმპერატორი მის ამბავს. ერთ ასეთ მუსაიფის დროს დედოფალმა გადაწყვიტა განეცხადებინა ხელმწიფისათვის თავისი გულითადი თხოვნა. - "ეხლა, რადგან ჩემი უბედური ქმარი მკვდარია, - დაიწყო დედოფალმა, - კეთილ ინებეთ ხელმწიფევ და უმოწყალესად მიაქციეთ ყურადღება იმ უბედურ გლეხს, რომელიც უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც იტანჯება შორეულ ციმბირში, მართალია, ის იყო ჩემის ქმრის დამხმარე მოღალატეობაში, მაგრამ, ისეთი დამხმარე იყო, რომელიც დაუფიქრებლად თავის თავს სწირავდა მსხვერპლად თვის ბატონს განუსაზღვრელი ერთგულების გამო. მე ვიტანჯები იმისი უბედურის ბედით, ის ჩემთვის ძვირფასია და გადავწყვიტე, გთხოვოთ, ხელმწიფევ, მაპატიეთ და დააბრუნეთ აქ, ჩემთან, რათა შემეძლოს მისთვის ზრუნვა". ამ სიტყვებით დედოფალი დაეცა იმპერატორის ფერხთა ქვეშ. ხელმწიფეზე ამ სანახაობამ ძლიერ იმოქმედა. თვალთ ცრემლები წამოადგა, ააყენა დედოფალი და შეჰპირდა, ეხლავე ვუბრძანებ გლეხის სარალიძის უკან დაბრუნებას და შენთან მოყვანასო. ამის შემდეგ, ხელმწიფე მალე გაეშურა პეტერბურგიდან თავისი იმპერიის შიდა გუბერნიისაკენ, ხოლო უბედურ დედოფლის ცხოვრება, მისთვის ძვირფასი სარალიძის მოლოდინში, წინანდებურად წყნარად, ერთფეროვნობით მიდიოდა. მაგრამ, ამაოდ უცდიდა დედოფალი თავის ერთგულ გლეხს. როგორც მთავრობამ აუწყა. სარალიძის კვალი ციმბირში დაკარგულიყო, ასე რომ, არც კი იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. გავიდა ექვსი თვე, სრული წელიწადი და მის შესახებ ვერაფერი ამბავი ვერ შეიტყვეს, ასე რომ, დედოფალმა უკვე იწყო შესანდობელ ლოცვაში ქმართან ერთად მისი მოხსენიებაც, რადგან უკვე მკვდარი ეგონა. მაგრამ აი, ერთხელ მარიამს მოახსენეს, რომ ვიღაც უცნობს, უბრალოდ ჩაცმულს მოხუცს, სურს თქვენი ნახვაო. ამგვარი მნახველები ხშირად დადიოდნენ დედოფალთან შემწეობის სათხოვნელად, რადგან, იცოდნენ მისი გულკეთილობა და ქველობა. მარიამმა იფიქრა, ერთი ამისთაგანი იქნებაო და უბრძანა, შემოიყვანეთო. მოხუცი შემოვიდა და ერთის თვალის გადაკვრაც საკმაო იყო დედოფლისათვის, რომ ეცნო სარალიძე. ხმაამოუღებლივ მოეხვივნენ ერთმანეთს და დიდხანს სტიროდნენ. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რამდენად სასიხარულო წუთები იყო ეს ორთავესათვის. ბოლოს, როცა ორნივ დამშვიდდნენ და მეფის სოლომონის ერთგული მსახური დედოფალს ფეხთ მოუჯდა, საცოდავმა უამბო, მარიამს ყოველივე, რაც კი გადაიტანა ციმბირში ათის წლის მანძილზე. ტფილისიდან გაგზავნეს აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში დარჩა რამდენიმე წელიწადს მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ. შემდეგ ციმბირის სხვა ქალაქებში შესვლის ნება დართეს. აქ შოულობდა საქმესა და სამუშაოს სხვადასხვა მრეწველებთან და ვაჭრებთან და ერთიდან მეორესთან გადადიოდა, თავდაპირველად რუსული ენის უცოდინრობა ძლიერ უშლიდა ხელს, მაგრამ, არა თუ ლაპარაკი, არამედ წერა-კითხვაც კი შეისწავლა. ერთის ადგილიდან მეორეს გადასვლის შემდეგ ბედმა ბოლოს მოიყვანა დასავლეთ ციმბირში, სადაც მადნებზე მუშაობდა. აი, რატომ ვერ მონახეს ამდენ ხანს აღმოსავლეთ ციმბირში და მხოლოდ ორი თვის წინად ნახეს ეკატერინბურგში, განუცხადეს პატიება, და პეტერბურგამდე სამგზავრო ფულიც მისცეს. მაგრამ, ამ სამწუხარო წანწალის შემდეგაც ძლიერ მადლიერი დარჩა რუსეთის ხალხისა, რომელიც ყველგან მხურვალე თანაგრძნობით ეპყრობოდა. უჭირს ცხოვრება ამ ხალხს და აკი ამიტომაც შეუძლიან სხვების უბედურებათა თანაგრძნობა! მაგრამ, მხოლოდ ციმბირის მკაცრ ჰავას ვერ შეეთვისა სარალიძე. ხშირად ავადმყოფობდა მთელის თვეობით და ეხლაც კი. დედოფალმა თვითონ მიაცილა სარალიძე ოთახის კარებამდე და დაემშვიდობა. აბა, რას იფიქრებდა, დედოფალი, რომ ეს უკანასკნელი დამშვიდობება იყო ერთგულ მსახურთან... მეორე დილას, როცა (დედოფლის მოსამსახურე ქალი) წავიდა მოხუცის გასაღვიძებლად, რათა დედოფალს წაჰყოლოდა წირვაზე, ნახა, მისი უსულო და უკვე გაცივებული გვამი, იმ ღამეს გულის დამბლით მომკვდარიყო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა თავზარი დაეცა დედოფალს ამ ახალი და მწარე უბედურებით. ბედმა ასე მოულოდნელად და შეუბრალებლად წაართვა უკანასკნელი ძვირფასი არსება. ეს უბედურება ვერ აიტანა დედოფალმა და რამდენისამე თვის შემდეგ თვითონაც მიიცვალა. (8) საფლავი წყალობა იყო ამ ტანჯული ადამიანისათვის... ეს მოთხრობა დავწერეთ დედოფალ მარიამის დროინდელს, უკვე ოთხმოცი წლის მოხუცის უგ. თ. გრიგოლ ივანეს ძის (9) დადიანის ნაამბობისამებრ. ს. დავითიანი მინაწერი: "ბატონის ერთგულებისათვისო?" მთავარმართებელმა, ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა, არა თუ დასაჯა, არამედ აზნაურობითაც დააჯილდოვა სარალიძეო. ან რა დასაჯერებელია, რომ ისეთი დიდმნიშვნელოვანი პატიმარი განთავისუფლებით დაეჯილდოვებინა? ამასთანავე, ნუ დავივიწყებთ, რომ მეფის თავი რუსებისაგან, სანამ მათ ხელში ჩაუვარდებოდა, შეფასებულ იყო 2000 ოქროდ და, ამას გარდა, მის მკვლელს კი ადგილ-მამულს და ჩინის ბოძებასაც ჰპირდებოდნენ. ------ 1) ბ-ნი ბოროზდინი კარგად ცნობილია კავკასიის მწერლობაში. მისი თხზულებანი "სამეგრელო-სვანეთის სამთავროების მოსპობა" და "ბატონ-ყმობა საქართველოში" ქართულად არის თარგმნილი. ეს მოთხრობა, რომელიც ბოროზდინისათვის, როგორც თვითონ აცხადებს წერილის ბოლოში, უამბია უგ. თ. გრიგოლ ლევ. დადიანს, დაბეჭდილი იყო რუსულ "ნივას" 1893 წლის კრებულში. ზოგიერთი ცნობა ამ მოთხრობისა, ჩვენის ისტორიისათვის გამოსადეგი იქნება და ამისათვის საჭიროდ მივიჩნიეთ მისი თარგმნა მხოლოდ აქა-იქ, სადაც საჭიროდ დავინახეთ. რამდენიმე შენიშვნა წარვუმძღვარეთ. დედოფალი მარიამი იყო ასული სამეგრელოს მთავრის კაციასი, დაი მთავრის გრიგოლ დადიანისა, და მეუღლე უკანასკნელი იმერეთის მეფის სოლომონ მეორისა. 2) შეცდომაა. ეს ზავი რუსეთ-ოსმალეთს შორის 1774 წ. დაიდო. 3) ეს ფაქტი არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს (რედ.). 4) ეს ასე არ იყო. 25 აპრილს 1804 წ. მეფე იძულებული გახდა ძალას დამორჩილებოდა და რუსთა იმპერატორის ერთგულებაზე ფიცი მიეღო იმ პირობით, რომ თუ საჭირო საბუთებს წარმოადგენდა, ლეჩხუმი მისთვის უნდა დაემტკიცებინათ. მაგრამ, რადგანაც რუსთა მთავრობამ კარგად იცოდა, რომ მეფეს რუსები ჭირივით ეჯავრებოდა, ამიტომ თავისი საიდუმლო მტრის დასასუსტებლად გადაწყვიტა ლეჩხუმი ჩამოერთმია მისთვის და დადიანისათვის მიეცა, რომელიც რუსეთის მომხრე იყო. მართლაც, ლეჩხუმი დადიანს მისცეს. მაშიმ მეფემაც გაბათილებულად ჩათვალა თავისი ფიცი და იწყო მიწერ-მოწერა ოსმალეთთან რუსების გასარეკად. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობამაც გადაწყვიტა მეფის ტახტიდან გადაყენება და რუსეთს გადასახლება. ასეთი დიპლომატიური ომი რამდენსამე წელიწადს გაგრძელდა, ბოლოს, 1810 წლის 20 თებერვალს იმპერატორის პროკლამაციით სოლომონ მეორეს მეფობა ჩამოართვეს. სოლომონ მეორე მცირე ჯარით გამაგრდა ხანის-წყლის ხეობაში. რუსნი შემოერტყნენ. რადგან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, მეფემ მოლაპარაკება გამართა რუსის ჯარის უფროსებთან, რომელთაც შეჰფიცეს, რომ თუ ტფილისში წაბრძანდებით, მთავარმართებელთან მოსალაპარაკებლად. თქვენს ღირსებას არა მოაკლდება-რა, და ისევ მეფედ დარჩებით იმერეთშიო. მეფეც დიდძალის ამალით, 500 კაცით, წავიდა ტფილისს... 5) მეფე გაიპარა ტფილისიდან 9-10 მაისს ღამით ახალციხის საფაშოში თ. თ. წერეთლების (მათ შორის ერია თ. სვიმონ წერეთელი, შვილი სახლთუხუცესის ზურაბისა, რომელიც მეფეს ჰღალატობდა), ერისთავებისა და სხვების - სულ 23 კაცის თანხლებით. აქედან 17 მაისს პროკლამაციები გაგზავნა იმერეთში. მეფის პროკლამაციებმა დიდად ააღელვა მთელი სამეფო და, როგორც კი სოლომონმა ფეხი შედგა (2 ივნისს იმავე 1810 წ.) თავის ქვეყანაში, მაშინვე მთელმა იმერეთმა იარაღი აისხა და ბრძოლოს ველზე გავიდა. მაგრამ, უბედური მეფე ვერას გახდა. მრავალგან და მრავალჯერ დამარცხებული ბოლოს, 18 ნოემბერს ივლტო ოსმალეთს. მაგრამ, ამ დიდი ხნის ბრძოლამ საშინელი გავლენა იქონია იმერეთზე. ყანები დაუთესავი დარჩა, რადგან ხალხი ბრძოლის ველზედ იყო გასული, რაც დაითესა, ისიც ზაფხულის დიდმა ნიაღვრებმა წაახდინა. ამის გამო, მეორე წელს საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა, რასაც ზედ დაერთო ახალციხიდან გადმოტანილი შავი ჭირი (ჟამი) ეს უბედურება გაგრძელდა 1812 წ. შემოდგომამდე. 6) სოლომონ მეორე მიიცვალა 7 თებერვალს 1812 და არა 1820 წ. და დამარხულია იქვე. 7) რუსების მომხრე იყვნენ მთავრობის მიერ მოსყიდული თავ. ზურაბ წერეთელი და მისი დამქაშნი. 8) 1841 წელს. 9) უნდა იყოს ლევანის ძის. |