საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ირაკლი ბატონიშვილის მიმართვა ქართულ ემიგრაციას (დაბადების დღისადმი)
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი
 ირაკლი ბატონიშვილის მიმართვა ქართულ ემიგრაციას

ძვირფასო თანამემამულენო,

წარსული მსოფლიო ომის მიმდინარეობამ შეჰქმნა ისეთი ჯურის გარემოებანი საერთაშორისო ურთიერთობაში, რომელთა მეოხებით გაადვილდა და ბოლოს შესაძლებელიც გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ჩვენი სამშობლო არამც თუ თვითმყოფი შეიქმნა, მან თავის წიაღში შემოჰკრიბა ამერ-იმერეთში მოსახლე მთელი ქართველი ერი და ამრიგად გაამართლა, მეთხუთმეტე საუკუნიდან დასერილი და დაკუწმაწებული სხეული საქართველოისა. ჩვენდა სავალალოდ, სრულიად საქართველოს მეუფება ხანმოკლე გამოდგა: მას განმეორებით მზაკვრულად ჩასცა მახვილი ისევ იმავე რუსეთმა, ამჟამად უკვე ინტერნაციონალურ წითელი დროშით შემოსეულმა.

მას უკან მოყოლებული, აგერ მეცხრამეტე წელიწადია გმინავს აწიოკებული და შებოჭილი ქართველი ხალხი. განუსაზღვრელია მისი მწუხარება და ვაება: საგონებელში ჩავარდნილი არის მთელი ერი, მთელი თავისი სამკვიდრებელით, მთელი თავისი არსებითა და ბუნებით. რუს-ბოლშევიკების ნავარდობა ჭეშმარიტად მიჩნეულ უნდა იქმნას ერთ-ერთ სუსხიან ხანად ჩვენი ქვეყნის მატიანეში, ნამდვილ განსაცდელად, ეროვნულ ღირებულებათა შემმუსრავ მოვლენად...

ამიტომ არის, რომ ქართველი ერი ბითუმათ და ერთობლივათ აღიმართა აბეზარ მტრის წინააღმდეგ. ქართველების აწინდელმა დატაკებამ რუსეთთან, უკვე მიიღო გარკვეული სახე ნამდვილ ეროვნული ბრძოლისა: დაპირისპირებულ არის ორი განთვისებული სახეობა, ორი ისტორია, ორი კულტურა, ორი ნაციონალ-სოციალი წყობილობა, ორი ადათი და ზნე, ორი ფსიქიკა და შეიძლება თამამად ითქვას - ორი მსოფლმხედველობა...

ტანჯვითა და სევდით აღსავსე არის ეს გამუდმებული მძიმე ბრძოლა, მაგრამ მას განა ძალუძს სასოება და რწმენა აღართვას აღშფოთებულ ერს? წითელ მპყრობელთა მუხანათობ
ა და მრისხანება პირიქით უფრო აკაჟებს ჩვენს ხალხს, უმტკიცებს მას ნებისყოფას, უნერგავს ურყევ გადაწყვეტილებას, რათა მტარვალის უღლიდან სამშობლოს გამოხსნით, განახლებულად აღადგინოს დღეს უფლებააყრილი და დევნილი არსება ქართული სახელმწიფოებრიობისა; პატივით შემოსოს ივერიის ღვაწლით მოსილი ეკლესია, ისტორიულად გადაბმული ხალხის სვე-ბედთან, მისი მესაიდუმლე, ეროვნული ძალისა აღფრენის მიმნიჭებელი, ცხოველი სულის ჩამდგმელი; კვლავ კეთილად წარმართოს ერის გონებრივი და საგნობრივი შესაძლებლობანი.

ქართველი ხალხის ბრძოლა გამხნევებული არის იმით, რომ მოწინავე კაცობრიობის თანაგრძნობა უკლებლივ თანასდევს მას, თუმცაღა ამ თანაგრძნობის განაარსებას ჟამთა სვლაში ეღობებოდნენ მრავალი გარემოებანი, მართლა სრულებით სხვა ბუნებისა და მიმართულებისა. ხოლო ამ ბრძოლის დასაყრდნობი ძალა მისი წამახალისებელი და მისი გადამწყვეტი, დაფუძნებული არის თვით ქართველი ერის შეგნებასა, ყოფაქცევასა და გადაწყვეტილებაზე.

სამშობლოსა და ისტორიის წინაშე მოვალეთა ვრაცხ ჩემს თავს განვაცხადო, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესზე და რიგზე არა სრულდება, ხოლო აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს წესუდებლობა შეადგენს მხოლოდ და განსაკუთრებით ქართული ემიგრაციის ნაკლს: იმ დროს, როცა ტყვეთქმნილ საქართველოში პოლიტიკური აზროვნებაცა და მოქმედებაც სავსებითა და მთლიანად ემსახურება ეროვნულ განთავისუფლების დიად საქმეს; როცა იქ ჯგუფური და პარტიული მოსაზრებანი განზე მინებებულნი არიან, რათა ამით საქვეყნო სამსახურს რაიმე დაბრკოლება არ მიჰყენდეს, _ აქ, გადმოხვეწილებაში, რა ხანია თავი იჩინა ჯგუფურმა გაუტანლობამ და საერთო აღრევამ: პარტიათა სიმრავლე განა შეეფერება ჩვენს პირობებს? ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ გაანჩხლებული კამათი და შეურიგებლობა, საზოგადოთ ეხებიან ისეთს საკითხებს, რ
ომელთაც არავითარი კავშირი აქვთ საქართველოს განმანთავისუფლებელ ბრძოლასთან. მეტსაც ვიტყვი: ღვარძლი და შუღლი, პირველ რიგში, სწორედ ამ ბრძოლასა ჰვნებს და აფერხებს.

თვითეული მეომარი დაუფასებელი განძია ქართულ მხედრობაში, თვითეული მამულიშვილი აღრიცხული უნდა იყოს და მიჩნეული ჰქონდეს შესატყვისი ადგილი. ომს ეწევა მთელი საქართველო. არავის აქვს უფლება სხვათა დაწუნებისა თუ ათვალისწუნებისა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თეორიული გეგმები არ ეგუებიან ერთმანეთს.

მაგრამ თუ წინა წლებში კიდევ შეიძლებოდა განცალკევებულად მოქმედება, ამჟამად ამგვარ ყოფაქცევას მე ვთვლი მიუტევებელ დანაშაულად ჩვენი ტანჯული სამშობლოს წინაშე: დრო საამისო არ არის.

ვითარცა წარმომადგენელი საქართველოს სამეუფეო გვარისა, იმ გვარისა, რომელიც თორმეტი საუკუნის განმავლობაში იღვწოდა მთელი ქართველობის გაერთიანებისა და დიდებისათვის, მე ყოველივე პარტიის გარეშე მდგომი, სხვა ჩემს თანამემამულეებთან ერთად ჩემს თავსა ვთვლი მდაბალ მეომრად სამშობლოს ხსნისათვის დარაზმულ გუნდებში. ყოველი ქართველი და საზოგადოდ საქართველოს ყოველი მკვიდრი, ამ საქმისათვის ამოქმედებული, ჩემთვის თანაბრად მისაღები და ძვირფასია.

ჩვენ შევდივართ გარდამწყვეტ ხანაში. კალაპოტიდან ხელმეორედ აშორებული მსოფლიო ჰქუხს და ზანზარებს. ავარდნილი ხანძარი საქართველოსაკენაც მიჰქრის. მე ღრმათა მჯერა, რომ ამ ავარვარებულ ცეცხლის ალში გადიბუგება ჩვენი სამშობლოს ჯალათი.

ვახსენოთ ყოვლადშემძლე უფალი და აღვმართოთ ერთობლივათ საქართველოს სახელისათვის შეწირულთა სისხლის ემბაზში განბანილი ჩვენი წმინდა დროშა და მისი კალთების ცემით მწუხრი განუბნიოთ სიდუხჭირეში მყოფ ქართველობას.

ირაკლი ბატონიშვილი
დღესა წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინოისა, ქართველთა გამანათლებულისა, რომი, 1940 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq