| ყველაზე დიდი მეფე ქართველთა არის დავით IV, ყველაზე პოპულარული - თამარი. პირველი ძალაა, მეორე სათნოება. დავითი მხვნელ-მთესველია, საფუძვლის ჩამყრელი - იმპულსი და სუბსტანცია, იგი აღმაშენებელია. თამარი სიმაღლეა, მოსავლის ამღები, განმანათლებელი. დავითისათვის სიკეთე ფუფუნება იყო, - იგი ,,პოლიტიკურ უნისონს’’ კრავდა. მან სისასტიკის მქადაგებელი ფილოსოფოსები და მხედრები ,,შემოიხვია’’ გარს. ბოროტებას ბოროტებით ებრძოდა. სიკვდილი და ბოროტება, წარმართული ბოროტების წინააღმდეგ, სიკეთედ იქცა. თამარი შლიდა მახვილზე დაყრდნობილ ,,პოლიტიკურ უნისონს’’; საერთო ჰარმონიას ზნეობრივ საყრდენებზე აგებდა. მას უკვე ჰქონდა ფუფუნების უფლება, - სულის ზრდისაკენ ისწრაფვოდა. მას სძულდა სისასტიკე, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო. დავითი გმირია, თამარი - წმინდანი, მზეთუნახავი ანგელოსი. დავითობა იყო ეროვნული ხსნის აუცილებელი მეთოდი, ოღონდ მეტისმეტად მძიმე, ქართველთა ბუნებისათვის მოულოდნელად ძნელადასატანი; მისი სჯეროდათ და ეშინოდათ! თამარობა არის ,,შიშისაგან გათავისუფლება’’, ფეოდალური ,,პლურალიზმი’’. მისი სჯეროდათ და უყვარდათ. დავითობა ბუნებრივად გადაიზარდა თამარობაში. სამწუხაროდ, ნაადრევი აღმოჩნდა გადასვლა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, კბილების სიბასრე არ უნდა დაგვეკარგა! ღრმად სწამდა ქართველობას: ძალას უნდა გაეკვეთა გზა მომავლის სინათლისაკენ. მაინც თამარის შვილებად დავრჩით. VIII საუკუნეა თავს ვუდრეკთ ღმერთკაც მეფეს - ერთადერთ და განუმეორებელ დავით მეოთხეს, გულით კი თამარისაკენ მივისწრაფვით, მას მივსტირით, მის საფლავს დავეძებთ. ეს ლტოლვა რელიგიური ექსტაზით არის ეგზალტირებული, საკრალური შინაარსისაა, გაუცნობიერებელი. ამაღლებული უფრო ბრმა თაყვანისცემით, ვიდრე ანალიტიკური ახსნით. დღემდე ამ ფენომენს ვერც შესაფერისი მხატვრული განზოგადება მივეცით, ვერც მეცნიერული განმარტება. თამარს გაურბის მწერალიც და ისტორიკოსიც. ვერცერთს ვერ შეუბედავს. დავით აღმაშენებლის ცხოვრება ზედმიწევნით ვიცით, თამარისა - ბუნდოვნად. უცნაური ხიბლი აქვს ყველაზე სასტიკ, მაგრამ უდიადეს მეფეს 900 წლის შემდეგაც. გაიძულებს იფიქრო, იაზროვნო; კრძალვა და რიდი ვერ მოგვიშორებია. თამართან მიახლოებისას კი სიყვარული გეუფლება, სიხარულის მაჟორული სიმფონია გეღვრება გულში; თამარის სახე ერთნაირად ჰგავს სატრფოსაც და დედასაც. დავითის სახე სამსხვერპლოს გაგონებს, თამარისა - საკურთხეველს. პირველი სალაშქრო სიმღერის რიტმით აგიყოლიებს, მეორე - საგალობელით გადუნებს. და მაინც, თამარის შვილები ლამპარივით მივჩერებივართ დავითს, ქართველთა ღმერთს, ქართველთ მესიას. ისტორიოგრაფიული ტრადიციებისა და ახალი მასალის გააზრების საფუძველზე ასე წარმოგვიდგება ჩვენ მეფეთა-მეფე თამარის ბიოგრაფია. დაიბადა 1166 წლის 1 მაისს. მამა - გიორგი III, ძე დემეტრე პირველისა, დედა - ხუდდან ოსთა მეფის ასული ბურდუხანი, საარაკო სილამაზის ქალი. ჰყავდა ორი და ,,მამამისის არასჯულიერი’’ ქორწინებისაგან. რუსუდანი, ჯერ ოსეთში გათხოვილი, შემდგომში მონაზვნად შემდგარი, მეორე, მასაც რუსუდანი ერქვა, გათხოვილი არზრუმის სულთან მეტაფრადინზე. თამარის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა მისმა მამიდამ - რუსუდანმა, იკონიის სულთნის ქვრივმა. 1177 წელს გიორგი III-ის წინააღმდეგ მოეწყო მრისხანე აჯანყება ლეგიმისტურ ნიადაგზე. ივანე ორბელის გავლენიანმა გვარმა გადაწყვიტა ,,კანონიერ’’ უფლებებში აღედგინა უფლისწული დემეტრე-დემნა დავით V-ის ძე. მეამბოხენი იმედოვნებდნენ უკიდურეს შემთხვევაში სამეფოს გაყოფას. გიორგი III-მ გადაიბირა ძმისწული, გაანადგურა მოწინააღმდეგენი, ამოჟლიტა ორბელები, გარდა მხოლოდ ირანში გაგზავნილი სუმბატისა, რომელთა ნაშიერები არიან შემდეგში სომეხი ორბელიანები (მათ შორის ცნობილი ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი). 1178 წელს 12 წლის თამარი გიორგი III-ის თანამოსაყდრედ გამოცხადდა. 1184 წელს კახეთში, სტაგირში (ე.ი. იყალთოში) აღესრულა მრისხანე გიორგი III. ბურდუხან დედოფალი კი 1188 წელს გარდაიცვალა. ორივე ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, მეფე დაახლოებით 45, დედოფალი 33 წლისა. 1188-1190 წლებში საქართველოში მიმდინარეობდა მძიმე ,,სამოქალაქო ომი’’ ფეოდალთა, მოხელეთა და ქალაქის წარჩინებულთა სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. თამარი მეორედ აკურთხეს. ამ პერიოდში მოხდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა. კათალიკოსმა მიქაელმა მიისაკუთრა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო. მეფის ინტერესებს მტკიცედ იცავდა მისი მამიდა - ქ. დმანისის მმართველი რუსუდანი (მაგრამ მნიშვნელოვანი დათმობის ფასად). თამარმა ორჯერ იქორწინა. პირველი ქმარი იყო გიორგი რუსი (,,სვეუბედური რუსი’’), ვლადიმერ-სუზდალის დიდი მთავრის - ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი იური (იგივე გიორგი). იგი გააძევა თამარმა ,,სკვითური’’ ბუნებისა (ლოთობისა და უხეშობის) და ,,სოდომური ცოდვის’’ გამო. მეორეჯერ, მამიდა რუსუდანის შუამავლობით თამარი დააქორწინეს ოს უფლისწულზე - დავით სოსლან ბაგრატიონ-ეფრემის ძეზე. ბაგრატიონთა ოსური შტო წარმოიშვა გიორგი I-ის ვაჟის დემეტრესაგან, რომელიც ოსეთში წაიყვანა დედოფალმა ალდემ (ოსეთის მეფის ასულმა). დავით-სოსლანის სამკვიდრო უნდა ყოფილიყო დასავლურ-ოსური სამეფო ალანეთი, რომელიც ადრიდანვე განიცდიდა ქართულ გავლენას აფხაზეთის გზით. სწორედ იქედან უნდა მოდიოდეს თამარის ვაჟის - გიორგის ზედწოდება ლაშა (აფხაზთა ენით - ,,სოფლის განმანათლებელი’’), რაც ალბათ ეფრემიან-ბაგრატიონთა, ეფრემისძეთა ერთ-ერთი ტიტული იყო. ამ საგვარეულოს უნდა უკავშირდებოდეს ლაშა-გიორგის მეორე წოდებაც - ,,ალასტანელი’’ და საუფლისწულო მამულების ცენტრი, ჯავახეთში აგებული ციხე-სიმაგრე ,,ალასტანი’’. ახალი ქორწინებით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია არ შეცვლილა. ამიტომაც არც რაიმე მანიფესტი გამოქვეყნებულა, როგორც ეს მოხდა 1080 წელს ,,აფხაზთა სამეფოში’’ ლევან II-ის ანოსიდური დინასტიის ბაგრატიონებით შეცვლის შემდეგ. დავით სოსლანის კუთვნილება ბაგრატიონთა გვარისადმი უეჭვოა. ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე აღნიშნავს, რომ იგი იყო ,,ტომი ბაგრატიონთა’’. არც იური-გიორგი რუსი, არც დავით სოსლანი მეფეებად არ უკურთხებიათ. დავით სოსლანი უებრო რაინდი, შესანიშნავი მხედართმთავარი აღმოჩნდა. მაგრამ მისი ყველა უფლება განსაზღვრული იყო მეფე-ქმრის სტატუსით. ის არც მთავარსარდალი, არც მმართველი, არც დარბაზის თავმჯდომარე არ ყოფილა. უზენაესი გამგებელი იყო თამარი, ამიტომაც შვილები: ლაშა-გიორგი და რუსუდანი, თამარის ძეებად იწოდებიან. 1188 წელს მეფე თამარმა მოახდინა სამხედრო ,,გადატრიალება’’, გაატარა ცალკეული ,,ქვეყნების’’ (,,ქართველთა სამეფო’’, ,,აფხაზთა სამეფო’’, ,,კახთა სამეფო’’, ,,სომეხთა სამეფო და ა.შ) პოლიტიკური ნიველირება. გაათანაბრა არისტოკრატია. აქამდე აშკარა პრივილეგია ჰქონდათ დასავლეთ-ქართული და სამხრეთ-ქართული ,,ქვეყნების’’ (ტაო-კლარჯეთის) ფეოდალებს. მეფის ღონისძიებებს მძაფრი პროტესტი მოჰყვა. აჯანყებულებმა მოიწვიეს გიორგი რუსი. გეგუთში მეფედ დასვეს - ,,რეცა-მეფედ’’, ე.ი. ვითომ
| მეფედ. დაიწყო ,,იმიერის’’ ბრძოლა ,,ამიერის’’ წინააღმდეგ. თამარის გარშემო დაირაზმნენ აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები. ,,აღმოსავლეთელებმა’’ სასტიკად დაამარცხეს ,,დასავლეთელები’’ და ,,სამხრეთელები’’. გიორგი რუსი ტყვედ ჩავარდა. გულმოწყალე თამარმა ისევ მიუტევა ქმარყოფილს, მშვიდობით გააცილა. 1191 წელს გიორგი რუსი განძის ათაბაგის ლაშქრით შემოიჭრა კამბეჩოვანში (ქიზიყში). მომხვდური სასტიკად დაამარცხა ხორნაბუჯის ერისთავმა სალირ მახატლის ძემ. სვეუბედური რუსის კვალი საბოლოდ გაქრა. 1191-1207 წლებში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. მან ჩაატარა წარმატებული ომების სერია (1193 წ. შამქორი, 1203 წ. ბასიანი და ა.შ.) შემოიერთა ჩრდილოეთი სომხეთი, აღშარვანი, კარი; თავის გავლენას დაუქვემდებარა ჩრდილოეთ კავკასია, სამხრეთ აზერბაიჯანი, დარუბანდი, განძა, ხლათის სასულთნო, არზრუმი, ერზინკი; დააარსა ნახევრადქართული ქრისტიანული ტრაპიზონის საკეისრო, მფარველობდა კილიკიის სომხეთს. საქართველო საერთო-კავკასიურ იმპერიად გადაიქცა. მეფეთა-მეფე თამარმა გარდაქმნა ქართული სახელმწიფოს დავითისეული, ძალაზე დამყარებული სტატუსი. სათავე დაუდო რენესანსული ტიპის - სახარებისეული მმართველობის განმტკიცებას. შექმნა პროქართული ორიენტაციის პოლიტიკური ერთგულების კოალიცია. საშინაო და საგარეო ურთიერთობის ნორმად ქრისტიანული სათნოება გამოაცხადა. 1205 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი. თამარმა 12 წლის ვაჟიშვილი ლაშა-გიორგი თანამესაყდრედ აიყვანა სამეფო ტახტზე. სრულწლოვანებამდე უფლისწულს რეგენტად დაუყენა მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი, რომელსაც ებოძა ათაბაგის სახელი. სავარაუდოა, რომ ამავე დროს თამარი სიცოცხლეშივე შერაცხეს წმინდანად. თამარი მძიმედ დასნეულდა. აღესრულა 41 წლის ასაკში 1207 წლის 12 იანვარს, ტაბახმელას. ზამთრის სიმკაცრის გამო დროებით დაასვენეს ჯერ მცხეთას, მერე კი დამარხეს გელათის მონასტრის საგანგებო ეკვდერში. 1207-1210 წლებში საქართველოს განაგებდა რეგენტთა საბჭო ივანე ათაბაგის მეთაურობით, - კვლავ თამარის სახელით. 1210 წელს მოხდა სრულწლოვანი ლაშა-გიორგის მეფედ კურთხევა. მოიჭრა ფული მხოლოდ მის სახელზე. პირველ ხანებში ახალგაზრდა მეფე სახელმწიფოს მართავდა აღმზრდელი ათაბაგის უშუალო ხელმძღვანელობით. მოგვიანებით ლაშა-გიორგიმ თამარისდროინდელ მოხელეებს ზურგი შეაქცია, ერთპიროვნულად იწყო ქვეყნის მართვა. ივანე მხარგრძელი ბერად აღიკვეცა. 1210-1222 წლებში ლაშა-გიორგიმ შეასრულა დედის ანდერძი და მისი ნეშტი იერუსალიმში გადაასვენა ფარულად. აქ ექსპედიციის დეტალები სახელმწიფო საიდუმლოებად დარჩა (მკითხველს ერთხელ კიდევ ვაფრთხილებ: ჩვენს მიერ დადგენილი ბიოგრაფია ზოგიერთ ნაწილში ჰიპოთეზურია). მეორე საკითხი, რომელსაც გვინდა შევეხოთ, ეს არის ლეგენდა თამარის საფლავის შესახებ. ერთი შეხედვით პრობლემა მოულოდნელია. ,,ქართლის ცხოვრებაში’’ სამგზის დაბეჯითებითაა ნათქვამი, რომ მეფე დამარხეს გელათის მონასტერში: ა)ლაშა-გიორგისდროინდელი მემატიანე: ,,დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს’’. აქ მხოლოდ ერთია გაუგებარი, რატომაა გელათი ახალი მონასტერი მისი კურთხევის 90 წლის შემდეგ. ალბათ, არსებობდა ძველი გელათიც, ადრინდელი მომცრო ტაძარი; ბ),,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი’’ - ,,წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა’’; გ),,ცხოვრება მეფეთა მეფის თამარისი’’ - ,,...უკუ აღმოიყვანეს (ე.ი. ტაბახმელადან) და მცირეთა დღეთ მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელი თვით მუნვე დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხთასა. ბასილი ეზოსმოძღვარი’’. აქ უადგილოდაა ჩასმული ,,მუნვე’’. ვფიქრობთ, ზევით იქნებოდა გელათში დავით სოსლანის დაკრძალვის ამბავი. სწორედ ამას შეიძლება უთითებდეს ,,მუნვე’’, ე.ი. ,,იქვე’’. მაშასადამე, წერილობითი წყაროები არავითარ ეჭვს არ სტოვებენ, რომ გარდაცვალების ჟამს მეფეთა მეფე თამარი მცირე ხანს დაასვენეს მცხეთას და შემდეგ დამარხეს გელათში, სადაც დღემდე არსებობს მისი სახელობის ეკვდერი. მიუხედავად ამისა, ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებას დაჟინებითი სიჯიუტით ჩარჩა ლეგენდა ქართლის მზის საიდუმლო დამარხვისა. როდის გაჩნდა ეს საკრალური მითი? რამდენი ხანი ახელებს მზეთუნახავი ანგელოსის აკლდამის ძიება ქართლოსიანთა შთამომავლებს? ვფიქრობთ, იმთავითვე დაირხა ხმა თამარის გელათიდან ფარული გადასვენების შესახებ. მეტყველი მოწმეა ფრანგი რაინდის დებუას წერილი: ,,მიემართება 15 წლის ჭაბუკი მეფე და მიასვენებს დედამისის ძვლებს’’. ამ წერილის უტყუარობაში ეჭვი არ ეპარებოდათ ს. კაკაბაძეს, შ. ამირანაშვილს და ა.შ. მათი ვარაუდი არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ჩვენი აზრით, არაპირდაპირი მითითება ამის შესახებ შემონახულია ,,ქართლის ცხოვრებაში’’. მხედველობაში გვაქვს XII საუკუნის II მეოთხედის წყარო, რომელსაც ივ. ჯავახიშვილმა პირობითად უწოდა ,,ლაშა-გიორგისდროინდელი მემატიანე’’, თუმცა ის სრულიად აშკარად რუსუდანის ეპოქისაა. ასევე XIV საუკუნის I მეოთხედის ისტორიკოსის ჟამთააღმწერლის თხზულება. პირველი ქრონიკა გვაუწყებს: ,,მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თვრამეტს, დღესა ოთხშაბათსა, ქორონიკონით იყო ოთხი ორმოცდაორი’’ (,,ქართლის ცხოვრება’’). რა საოცარი დამთხვევაა... დედა - თამარი ასევე ოთხშაბათ დღეს, 12 იანვარს გარდაიცვალა. თუნდაც ამის გამო უნდა მოჰგონებოდა მემატიანეს ვისი ძე იყო 29 წლის უდროოდ დაღუპული ჭაბუკი მეფე. მაგრამ მემატიანეს თამარი არ ,,ახსენდება’’. იგი წერს: ,,წაიყვანეს მაშინვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისა’’. ეს კი მეტისმეტია, სრული მოულოდნელობაა! გიორგი IV იყო თამარის ძე და არა დავითის ძე. ძე მემკვიდრეს ნიშნავს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მამატიანეს ხაზი გაესვა არა გვირგვინოსანი დედისათვის, არამედ, მართალია, ბაგრატიონთა გვარის ოვსთა მეფის ძის, მაგრამ არა ქართველთა მეფის სახელისათვის. აქ რომ ,,მამისა’’ მხოლობით რიცხვში არ იყოს, მაშინ დასაშვებია, რომ იგულისხმებოდა ,,მამათა’’ - ე.ი. წინაპართა სამარხი. მაგალითად, დავით-ნარინი დაიმარხა გელათს, ,,სამარხსა მამათასა გელათს’’. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ არ უთითებენ გვირგვინოსან დედას - მეფე რუსუდანს. ასევეა ულუ-დავითიც. თამარი განსაკუთრებული მოვლენაა. თუნდაც ლაშა-გიორგის სახელისათვის ისტორიკოსი აუცილებლად აღნიშნავდა მეფის სახელოვანი დედის გვერდით დაკრძალვის ფაქტს. ასევე არაფერია ნათქვამი ჟამთააღმწერელთან. ,,...დამან მათმა რუსუდან აღასრულა გოდებანი. მრავალი დღე და წარიყვანეს სამკვიდროსა მათსა გელათს’’ (,,ქართლის ცხოვრება’’). ანალოგიური ცნობაა რუსუდანის დაკრძალვის შესახებაც: ,,აქა რუსუდან გარდაიცვალა, რომელიც დამარხეს სამარხოსა მამათა მათსა (ე.ი. საგვარეულო) მონასტერსა გელათს’’. როგორ უნდა ავხსნათ ეს უცნაური გარემოება? (უცნაურად მივიჩნევთ, რადგან თამარს ეხება, სხვა შემთხვევაში მშობლის სახელის მოუხსენებლობა მეფის დაკრძალვის დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო). ალბათ იმიტომ, რომ 1222 წელს თამარის ნეშტი გელათში აღარ იყ
| ო! ჩვენს მიერ ,,ქართლის ცხოვრების’’ ახლებური წაკითხვა, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს კატეგორიული მსჯელობის უფლებას. მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების საერთო ფონზე (ფრანგი ჯვაროსანის ცნობა, საერთო-სახალხო გადმოცემები, თამარის ანდერძი, მისი ღვთისმოყვარეობა, შოთა რუსთაველის ჯვრის მონასტერში დაკრძალვის მითი და ა.შ) ჩვენი ჰიპოთეზა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ამას აძლიერებს ის გარემოება, რომ ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გელათში, თამარის სახელით მონათლულ ეკვდერში, ვერავითარი ნეშტი ვერ იპოვა, - საფლავი ცარიელი აღმოჩნდა. დგება ერთი საკითხიც: შეეძლო თუ არა რეალურად ლაშა-გიორგის დედის ანდერძის შესრულება? სრულიად თავისუფლად!.. საქართველოს შესწევდა ძალა იერუსალიმში შესულიყო როგორც ლაშქრით (სწორედ ამას იმედოვნებდნენ ჯვაროსნები), ისე ინკოგნიტოდ. აკად. შ. ამირანაშვილი უშვებდა, რომ ლაშა-გიორგიმ ქართული ლაშქრით წაასვენა დედის ნეშტი. ჩვენი აზრით ეს სწორი არ არის, - ეს ფაქტი აუცილებლად აისახებოდა. ლაშა-გიორგი დიდხანს ემზადებოდა პალესტინაში სალაშქროდ. ამის შესახებ იგი სწერდა რომის პაპსაც. ეს ჩანს რუსუდანის წერილებიდანაც პაპისადმი. აპირებდა ქ. ბაღდადის აღებასაც, მაგრამ ვერ მოასწრო. ამ მზადებამ დაბადა ეჭვი: ხომ არ მოწამლეს ასასინებმა ქართველი მეფე. ამიტომაც თამარის ნეშტის (,,ძვლების’’) გადასვენება მოხდა ფარულად. დასაშვებია ორი ვარიანტი. ეს აქტი განხორციელდა 1208-1210 წლებში ივანე ათაბაგის რეგენტობის დროს, ლაშა-გიორგის ხელმეორე კურთხევამდე (გავიხსენოთ, დებუას მიხედვით, დედის ნეშტს მოასვენებს 15-16 წლის ჭაბუკი) ან მონღოლთა პირველი ლაშქრობის შემდეგ. შესაძლოა, დაჭრილი ლაშა შეშინდა, რომ ვეღარ შესძლებდა იერუსალიმში ლაშქრით შეჭრას და მშობლის ანდერძი საიდუმლო ვითარებაში აღასრულა. ქართველებს შეეძლოთ ადვილად წაეღოთ წმინდა ნეშტი საზღვაო გზით. ბიზანტიის იმპერატორი და ეგვიპტელი მამლუქები მაშინ საქართველოს მოკავშირეები იყვნენ. ასე რომ, ჩვენი ღრმა რწმენით, მეფეთა-მეფის თამარის საფლავი განისვენებს პალესტინის რომელიმე ქართულ სავანეში. ,,დასცხრა მზე ქართლისა’’ ,,ადამიანი მარტოა სამყაროში, სიმარტოვე აშაკარად იგრძნობა სიკვდილის ჟამს’’, - ამტკიცებენ ეგზისტენციალისტები. ,,ცხოვრება სიკვდილისათვის მზადებაა. ეგოისტური და გაუცხოებული. იდეალი ლამაზად სიკვდილია, რაც მამაკაცისათვის ბრძოლის ველზე მიიღწევა, ქალისათვის სიყვარულის სარეცელზე’’, - მოთქვამენ ,,დროიდისტი’’ ლიტერატორები, ,,როდესაც სილამაზე იკარგება, ვხედავთ ნამდვილ გრძნობათაგან დაცლილ სიშიშვლეს’’; ,,სიცოცხლეს ქალი დედის, მეუღლის, შეყვარებულის ნიღაბში ატარებს, სულ ბოლო წამს ქრება ნიღაბი და გვრჩება ფილისტერული ცდა სულის გადარჩენისა’’; ,,გადაამოწმეთ ქალი სიცოცხლის უკანასკნელი გაელვებისას, ხელში შემოგვადნება სათაყვანო არსება. შემოგვრჩება გაავებული შიში საკუთარი ,,მეს’’ გარდა ყველაფრისადმი ცხოველური გულგრილობით’’ - ეს ამონაწერებიც ,,ფსიქოანალიტიკოსების’’ კალამს ეკუთვნის. გამოდის დასაჯერია ნიზამი განჯელის ეჭვი ქალის ინტელექტუალიზმზე: ,,თუნდაც მახვილი შეაბი წელზე, ქალად დარჩება ის სარეცელზე’’. ან თითქოს სარწმუნო იყოს დასავლეთ-ევროპული ,,სექსუალური რევოლუციის’’ სენტენციები ქალის ქმედების საფუძვლად ორგაზმისაკენ სწრაფვის შესახებ. ამ თეორიების მიხედვით მხოლოდ მედეა კოლხის სახეა რეალური; უნდა უარვყოთ შუშანიკის, ქეთევან წამებულის საზოგადოებრივი ფუნქცია; პირველს ვარსქენის, მეორეს კი შაჰ-აბას I-ისადმი პირადი შურისძიების სურვილი აძლევდა გაძლების ენერგიას. ამ თეორიებმა შეიწირეს ფრანგი ჟანა დარკი: ,,ორლეანელი ქალწული’’ თურმე ომში მამაკაცებთან სიახლოვის ვნებას წაუყვანია. ზოგიერთი ლიტერატორი ისტორიულ ეპოქებს ცნობილი ქალების მიხედვით ალაგებს. არ არსებობსო ე.წ. ქვის, ენეოლითის, ბრინჯაოს ხანა, არამედ ბაბილონელი სემირამიდას, ეგვიპტელი ნეფერტიტის, ბერძენი ელენეს, ბერძენ-ეგვიპტელი კლეოპატრას, კოლხი მედეას, ქართველი თამარის, შოტლანდიელი მარიამ სტიუარტის და ა.შ. ეპოქები. სოციალურ-ეკონომიკური იმპულსები კი არა, პოლიტიკურ პროცესებს ამ ქალთა ვნებები ახელებდაო, ამტკიცებენ ისინი. პროტაგონისტ ქალებს კი წარმართავდაო ეროტიული ხურვება, ზოგს ერთობ გამძაფრებული (ეკატერინე II), ზოგსაც შენელებული (ინგლისელი ელისაბედ II); სიკვდილის ჟამს იხსნებოდაო დაფარული კოდი - ყველა ,,დიდი ქალი’’ მარტო რჩებოდა საკუთარ ვნებებთან. საბედნიეროდ, შემონახული გვაქვს მეფე თამარის ცხოვრების ბოლო დღის აღწერა. ვნახოთ, თუ ჩაეტევა იგი აღნიშნულ ,,თეორიებში’’. ,,დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო’’, არ გასჭრა არც სადღეღამისო ლიტანიობამ, არც მკურნალთა მეცადინეობამ. ,,დღემან იწყო მოდრეკად და მზემან დასვლად’’: ,,იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა’’, დადგა საათი საბედისწერო, ქვეყანას ეთხოვებოდა თამარი. ,,არ ინება სიკვდილი სარეცელზეო...’’, ,,შემოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა’’, ,,განიმტკიცა თავი თვისი’’, საზეიმოდ გამოეწყო, ტახტზე დაბრძანდა. ,,მხნედ მჯდომარე ესრეთ იტყოდა: ძმანო ჩემნო და შვილნო, მე ესერა მოგიწოდებს მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქვეყნისათა. მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემის თანა მაქვდა სიყვარული თქვენი. სარგებელსა და სათნოსა თქვენსა არა დავაკლდე თითოეულისა არზანგისა (ე.ი. ღირსებისა), ვიდრე განგებისა, ღმერთისათა ვიყავ თქვენ ზედა მეფედ. აწ მეცა წავალ მამათა ჩვენთა თანა გზასა უცხოსა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნენ მახსენებელი ჩემდა, აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევენ... შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან... მაგათ აღმოგიკვეთონ დაკლებული ჩემი’’... არც ,,მიშველეთო’’ დაუკვნესია, არც ცრემლი დაუფრქვევია. თხოვნა მაინც ,,მიწიერია’’, - ,,არ დამივიწყოთო’’, შვილებს მიმიხედეთო. უნდა გავუგოთ მომაკვდავ მეფეს, იგი წარჩინებულთ ელაპარაკება. სულ სხვაგვარია თამარი, როდესაც უშუალოდ ღმერთს მიმართავს: ,,ქრისტეო, ღმერთო ჩემო, მხოლოო დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ამ ქვეყნისათა, შენ შემოგავედრებ სამეფოს ამას, ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, შვილთა ჩემთა, და მერე სულსა ჩემსა’’. ჯერ საქართველო შეავედრა, მეორედ მთელი კაცობრიობა (ერი, სისხლით მოსყიდული ნიშნავს ადამიანთა მოდგმას), მესამედ შვილები, ბოლოს გაახსენდა სული თვისი. რა დაამთავრა ვედრება, უბრძანა ყველას გარეთ გასვლა და ესრედ მჯდომარედ ,,დაიძინა ძილი იგი მართალითა’’, განეშორა სიცოცხლეს. ,,დასცხრა მზე ქართლისა’’, თვეს იანვარს 18-ს, დღესა ოთხშაბათს, თბილისის მახლობლად აგარას, სამეფო ციხე-დარბაზში, 1207 წელს - დაბადებიდან ჯერ არ გასულიყო წელი 41-ი. ასე უწყალოდ დასცინა XIII საუკუნის სიღრმიდან ყველაზე დიდებულმა ქართველმა ქალმა ეგზისტენციალურ და ფროიდისტულ ნააზრევს. დაასრულა ლამაზი სიცოცხლე ისეთი გრაციით, თვით სიკვდილსაც მიანიჭა კეთილშობილება.. |