თამარ მეფის წინასწარმეტყველება მეფე მთავართა, მფლობი ჯავართა, სოფლისა წყალთა დამამშვენალი. თამარს უამბო დედამა, შვილო სიზმარი ვნახეო; საწუთროს ჯამში ჩავხედე სოფელი დავინახეო, შენ იყო მთელი ქვეყანა შეგნებით შეინახეო. მალე ასრულდა დედის სიტყვები, თამარი შეიქმნა მპყრობელი მთელი საქართველოსი; იმის ხმალს ვეღარავის ფარმა ვერ გაუძლო, ყველას უნდა ქედი მოეხარა იმის დიდების წინაშე და ეძლია ხარჯი. თამარმა ყველას ხარჯი დასდვა. მარტო ზღვა-ღა იყო თავისუფალი და ჯერ კიდევ არ უხრიდა თავს. მაგრამ ისიც მალე მოდრიკა თამარმა: უბრძანა ქარს, მოატანინა ზღვის პირზედ ჩალა-ბზე, თივა-ფიჩხი, გადააყრევინა ზღვაში და დაასხა ნავთი. ზღვამ თივა ზევით მოიგდო; მერე მიაკიდებინა ცეცხლი: აპრიალდა ცეცხლი, და გაერთხა ბოლო ზღვის პირს. შესწუხდა ზღვა, შეინძრა თავით ბოლომდე, შესწუხდნენ ზღვის ცხოველები, - ზღვას ეგონა ცეცხლი მეკიდებაო, და გამოუგზავნა კაცი თამარს: ოღონდ ნუ დამწვავ და რაც გინდა, ის ხარჯი გამომართვიო. თამარმა შეიწყნარა ზღვის თხოვნა, გამოართვა კამეჩები, ქარვა, მრავალი თვალ-მარგალიტი და ცხოველები. ამის შემდეგ გაჩნდა ქვეყანაზედა კამეჩები და თვალ-მარგალიტი. წიგნიდან ,,თამარ მეფის დღესასწაული“ თბილისი ელექტრო-მბეჭდავი ,,შრომა“, მუხრანის ქ. № 12. 1916 |