1923 წლის 27 დეკემბერს სტუდენტმა ნამბამ სცადა პრინც-რეგენტის მკვლელობა იაპონიაში. დაისუკე ნამბა იყო დიდგვაროვანი ოჯახის შვილი. მისი პაპა წარჩინების ნიშანს ფლობდა თვით იმპერატორ მეიძისაგან. დაისუკეს მამასაც მაღალი პოსტი ეკავა იაპონიის ხელისუფლებაში. მაგრამ სტუდენტი ნამბა გახდა იაპონიის კომუნისტური პარტიის წევრი და აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური დაპირისპირება არსებულ წყობილებასთან. როგორც ჭეშმარიტი კომუნისტი, დაისუკე აღსდგა მამის - მონარქისტული ქვეყნის მაღალი რანგის მოხელისა და თვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. მის თეორიულ განვითარებაზე გავლენა მოახდინეს მარქსისა და ლენინის შრომებმა. მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია 1921 წელს გამოქვეყნებულმა პროფესორ კავაკამი ხაძიმეს ბროშურამ რუსეთის რევოლუციის შესახებ. მის ფსიქიკას გამოუსწორებელი კვალი დააჩინა 1923 წელს ჯერ ანარქისტების მკვლელობამ და მერე კანტოს დამანგრეველმა მიწისძვრამ სექტემბერში. 1923 წლის 27 დეკემბერს ნამბამ გაანხორციელა თავდასხმა უფლისწულ ჰიროგჰიტოზე. 1924 წლის ნოემბერში ის გამოცხადდა დამნაშავედ იაპონიის უზენაესი სასამართლოს რიგგარეშე სხდომაზე და რამდენიმე დღეში ჩამოახრჩვეს. ნიშანდობლივია, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მთელი ხმით შესძახა: ”გაუმარჯოს იაპონიის კომუნისტურ პარტიას!” თავიანთი ოჯახის წევრის სამაგალითოდ დასჯის შემდეგ მამამ (რომელიც საიმპერიო პარლამენტის წევრი იყო) და გათხოვილმა დამ ნებაყოფლობით დატოვეს იაპონია, გადასახლდნენ იავაზე და გვარიც შეიცვალეს. |