საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

რუსეთის როლის არასწორი შეხედულებების დამკვიდრების მიზეზები
მ. ნადიდგორალი

ზოგიერთი მასალა შეიძლება არ გამოხატავდეს საიტის ადმინისტრაციის აზრს, ან ჩვენი რედაქცია მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებოდეს წარმოდგენილ იდეებს...

საიტის ადმინისტრაცია


რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და საქართველოს წინაშე რუსეთის როლის არასწორი შეხედულებების დამკვიდრების მიზეზები

რუსეთის ორიენტაციის დამწყებად კახთა მეფე ალექსანდრე გიორგის ძე (1476-1511) ითვლება. მან პირველმა აიღო გეზი ერთმორწმუნე რუსეთისაკენ. ალექსანდრეს კურსს მტკიცედ გაჰყვნენ იმ დროის დაქუცმაცებული საქართველოს ყველა მომდევნო მთავრები. მიუხედავად ამ ორიენტაციით გამოწვეული დამღუპველი შედეგებისა, საქართველოს მესვეურები 1491 წლიდან 1801 წლამდე ე.ი. 300 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბრმად მიჰყვებოდნენ ერთხელ აღებულ ხაზს, ვიდრე 1901 წელს საქართველო არ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

მართალია რთული იყო მაშინ საქართველოს მდგომარეობა ისეთი აგრესორების ხელში, როგორც ირანი და თურქეთი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთთან დაკავშირებამ კი არ გააუმჯობესა საქართველოს მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო გააუარესა. რამდენადაც რუსეთის დამკვიდრება საქართველოში უდიდესი საშიშროების წინაშე აყენებდა ირანს, თურქეთს, და მთელი კავკასიის მაჰმადიანებს. აღნიშნულმა აქტმა წარმოუდგენელი რეაქცია გამოიწვია ამ უკანასკნელთა მხრიდან. ისინი კოალიციურად აღსდგნენ საქართველოს წინააღმდეგ და მიზნად დაისახეს ქართველი ერის მთლიანად აღმოფხვრა, რათა მოესპოთ რუსეთისათვის კავკასიაში დამკვიდრების შესაძლებლობა. ხოლო რუსეთს არა თუ რაიმე დახმარება გაუწევია საქართველოსათვის, იგი პირიქით თვითონვე აბამდა ხოლმე საქართველოს თავის ავანტიურისტულ ქსელში და იყენებდა მას თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ ბრმა იარაღად საკუთარი ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა შემოსევა, რომელიც საქართველომ განიცადა მე-17, მე-18 საუკუნეში, გამოწვეული იყო საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით.

დღეს ისე ხელისგულივით ჩანს რუსეთის უსინდისო როლი საქართველოს წინაშე, აგრეთვე რუსეთთან ორიენტაციის მცდარობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ცნობილია, ძმობა-მეგობრობის დემაგოგიურ ლოზუნგებს ამოფარებულმა საბჭოთა რუსეთმა დღეისათვის უკვე შთანთქა ათეულობით პატარა ერი. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აგრეთვე საქართველოს არსებობის საკითხიც. ამის მიუხედავად ზოგიერთი გულუბრყვილო ქართველი, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას,  გაეცნოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილ ისტორიას, ხოლო მიმდინარე რთულ ამბებს უყურებს მტრის მიერ ჩაგონებული მატყუარა ლოზუნგების მიხედვით, თავდაჯერებულია იმ შეგნებით, რომ რუსეთმა ჩვენ გადაგვარჩინა, იგი ახლაც გვიცავს და მაშასადამე, სწორი იყო რუსეთის ორიენტაციაო.

დღევანდელი ქართველი რომ ასეთი შეზღუდული გონებით უყურებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ისე განსაკუთრებით წარსულ ისტორიას და ჯერაც ვერ გარკვეულა სადამდე მიიყვანა საქართველო ჩვენი წინაპრების დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, ადვილი წარმოსადგენია რამდენი ფანატიკოსი მიმდევარი ეყოლებოდა ჩვენს რუსეთუმე მეფეებს, როცა თვით ამ ორიენტაციის ბედი წყდებოდა. მითუმეტეს, რომ მაშინ ჩვენი წინაპრებისათვის სავსებით უცნობი იყო რუსის ერი თავისი ბუნებით და მისწრაფებებით.

მაგრამ, რელიგიური დოგმებით გონებაშეზღუდულ უნიათო ხელმძღვანელთა შორის მაშინაც ყოფილან საღად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც დამღუპველად თვლიდნენ ამ ნაბიჯს. აი, რას წერს ამის შესახებ ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრე ფრონელი: ,,თითო ოროლანი მაშინაც იყვნენ, რომელნიც წინასწარმეტყველურის შორს გამჭვრეტელობით ჰქუხდნენ და ჰღაღადებდნენ, რომ საპოლიტიკო არსებობის მოსპობა კი არ აღაყვავებს სარწმუნოებას, პირიქით, დასთრგუნავს და დაამხობსო, მაგრამ ასეთი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მსოფლიო ისტორიაში ხშირია ისეთი მომენტები, როცა ერს, ქვეყანას გაიტაცებს რომელიმე აზრი, იდეა და ჰგონებს, თუ ეს აზრი, იდეა არ განვახორციელე, თავი ცოცხალი აღარ მინდაო და გამწარებული, ზოგჯერ ძლიერი სულისკვეთებით, იბრძვის და ეტანება თვისის იდეალის განხორციელებას. სწორედ ასეთი დრო დაუდგა საქართველოს მე-18 საუკუნის დასასრულს. ქვეყანას სჯეროდა, რომ დაღუპვისაგან მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთი დაგვიხსნის და სხვა არავინაო. უმრავლესობა ერისა ბედისწერას აჰყვა და გულხელდაკრეფილი დაემორჩილა ღვთის განგებას (ალ. ფრონელი, მთიულეთი 1804 წ. გვ. 206).

რუსეთის ორიენტაციას არ ეთანხმებოდნენ თავის დროზე ისეთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი, როგორიც იყვნენ: გიორგი სააკაძე, როსტომ მეფე, ბაქარი და პაატა ბატონიშვილები, სოლომონ ლეონიძე, ჭაბუა ორბელიანი, ასპინძის გმირი დავით სარდალი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, ალექსანდრე ბატონიშვილი და სხვა. რუსეთის ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა საერთოდ უარყოფდა საქართველოს შესვლას რომელიმე სახელმწიფოს მფარველობაში. ხოლო უარეს შემთხვევაში, ისინი მაინც ირანისკენ იხრებოდნენ: მე-18 საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ ლეონიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამი საუკუნის გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ მცდარი და დამღუპველი იყო რუსეთის ორიენტაცია. ის კარგად ხედავდა რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს ირან-ოსმალეთთან უფუჭებდა დამოკიდებულებას, ხოლო რუსეთი არავითარ დახმარებას არ უწევდა საქართველოს მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების შემთხვევაში. ამიტომ სოლომონ ლეონიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ქართველი ერის გადასარჩენად მიაჩნდა კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, საქართველოს გაერთიანება და გონივრული პოლიტიკის წარმოებით კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება ირან-ოსმალეთთან, როგორც ისტორიული ფაქტები გვიდასტურებენ, სავსებით შესაძლებელი იყო. მაგრამ, მაშინ იმდენად ძლიერი იყო ჩვენში რწმენა რელიგიის ერთობის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, როგორც ეს უკვე ითქვა, და იმდენ სიკეთესა და ბედნიერებას მოელოდნენ რუსეთიდან, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც რუსულმა მიმართულებამ გაიმარჯვა. მართალია რუსეთის ორიენტაციის მომხრეები სულ მალე მიხვდნენ თავიანთ საბედისწერო შეცდომას და დაიწყეს თითზე კბენანი, მაგრამ რაღა დროს. ეს მწუხარება ნათლადაა გამოხატული იოანე ბაგრატიონის ერთ ცნობილ ლექსში:

,,სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა,

არც კი მოგვცეს კაცი ერთი,

ქართლ-კახეთსა არ დაჰჯერდნენ,

ზედ დაიდვეს იმერეთი:

მწირობაში დავგლახავდით,

შემწე არ გვყავს არცა ერთი,

შევთხოვთ ზენას სამართალსა,

ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი’’.

ამგვარად, რუსეთის მიერ 1789 წლის ტრაქტატის ფეხქვეშ გათელვისა, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ანექსიისა და ქართველთა წინაშე არაერთი ბარბაროსული აქტის ჩადენის შემდეგ, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი დაწვრილებით, აგრეთვე დღევანდელ პირობებში რუსეთის მიერ საქართველოს შთანთქმის საშიშროების ზრდასთან დაკავშირებით, რუსეთის ორიენტაციის მომხრეთა რიცხვი თანდათანობით შემცირდა. მაგრამ ქართველი საზოგადოების ნაწილი, დღესაც ამართლებს ერეკლეს და მის წინამორბედებს აღნიშნული პოლიტიკური კურსისათვის იმ მოტივით, რომ ,,სხვა გამოსავალი არ არსებობდაო’’ და ის კი ავიწყდებათ, რომ რუსეთთან დაკავშირებამ საქართველო არა თუ გამოიყვანა იმ ,,გამოუვალი’’ მდგომარეობიდან, რომელიც რუსეთუმეებმა თვითონვე შექმნეს თავიანთი ბეცი პოლიტიკით, არამედ იგი კიდევ უფრო უარეს ჩიხში მოამწყვდია.

რუსეთის ორიენტაციის თაყვანისმცემლები იმაში ცდებიან, რომ ისინი უკრიტიკოდ იზიარებენ თითქმის უკვე დოგმადქცეულ ფრაზას ,,ირანის ან თურქეთისაგან საქართველოს დაპყრობისა და მოსპობის აუცილებლობის’’ შესახებ. ამ დებულების განუსჯელად მიღების საფუძველზე გამოჰყავთ მათ მცდარი დასკვნა: ,,თუ საქართველოს ირანის, ან ოსმალეთისაგან მართლაც მოსპობა მოელოდა, მაშინ ცხადია, რუსეთის მერ საქართველოს სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება პროგრესული მოვლენა იყოო’’. კი მაგრამ რატომ არ კითხულობენ, – საიდან მომდინარეობს ეს ფრაზა და რა მიზანს ისახავს იგი? ნუთუ დიდი დაფიქრება სჭირდება იმის ამოხსნას, რომ ეს დებულება ჩვენი ბატონ-მბრძანებლების შემუშავებულია და მიზნად იმას ისახავს, რომ ,,ირან-ოსმალეთის მიერ საქართველოს მოსპობის დაშინებით გაამართლოს თვით რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და რუსეთის პროვინციად გადაქცევა. აბა დაფიქრდით დ თვითონვე განსაჯეთ: საქართველო ამჟამად ირანის ხელში რომ იყოს, ანდა დამოუკიდებელი, მაშინაც ასეთი შეფასება მიეცემოდა რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინაშე? ცხადია, არა.

ჯერ წარსულ საუკუნეებში ჩადენილი უამრავი ბოროტებისა, ხოლო საქართველოს ძალდატანებითი შეერთების შემდეგ ამ ბარბაროსული მოქმედების შემდეგ განა უდიდესი შეცდომა არ არის ლაპარაკი რუსეთის მიერ საქართველოს შველა-დახმარებასა და რუსეთთან ,,შეერთების’’ პროგრესულ მნიშვნელობაზე?

მაშ, რით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ქართველობის გარკვეული ნაწილი წარსულშიაც და ამჟამადაც მადლიერი იყო და არის რუსეთისა? საიდან ჩაუჯდა თავში ქართველ კაცს ის უკუღმართი აზრი, რომ თითქოს ირან-ოსმალეთის შემოსევების დროს რუსეთი ეხმარებოდა საქართველოს და მანვე იხსნა საქართველო დაღუპვისაგანო? როგორც ითქვა, რუსეთის როლის ასეთი არასწორი გაგება ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილი ისტორიის უციდანარობით. როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორიის ახლანდელი სახელმძღვანელო აშკარად გაყალბებულია და შელამაზებული სახით ისწავლება იგი ქართულ სკოლებში. რუსეთის სახით – მტერს მოყვრად ასაღებს. არამარტო ე.წ. ,,საქართველოს ისტორია’’, არამედ აგრეთვე მასობრივი აგიტაციის ისეთი საშუალებანი, როგორიცაა პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო და თეატრი, რომლებიც სულ ერთთავად სახელმწიფოს სამსახურში არიან ჩაყენებულნი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქართველ კაცს გაუკუღმართებულად ესმის რუსეთის როლი საქართველოს მიმართ და ამიტომაა, რომ იგი რუსის დამპყრობელს თავის მეგობრად და დამხმარედ თვლის.

ეს რაც შეეხება დღეს. მაგრამ ისტორიულად ქართველი ერის ასეთ დეზორიენტაციას ხელი შეუწყო მთელმა რიგმა სხვა გარემოებებმაც: პირველი, რამაც რუსეთისადმი განუსაზღვრელი ნდობის დანერგვა გამოიწვია ქართველობაში, ეს იყო მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან საქართველოს დაპირისპირების გამო იმ ყალბი აზრის გაბატონება, რომ თითქოს ირან-ოსმალეთის შემოსევები გამოწვეული ყოფილიყოს განსხვავებული სარწმუნოებით. ამ ნიადაგზე ქართველმა ხალხმა იწამა, რომ სამაგიეროდ რუსეთი, როგორც ერთმორწმუნე, ჩვენი დამხმარე და გულშემატკივარი იქნებოდა.

ამგვარად, იმ კრიტიკულ ხანაში, მოვლენებისადმი საღი პოლიტიკური მიდგომის ნაცვლად ჩვენში დამკვიდრდა რელიგიური ფანატიზმი, რამაც ქართველი ხალხის მესვეურთ დაავიწყა ბიზანტია-საქართველოს შორის წარმოებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები და ამ ნიადაგზე პრაქტიკულად უკვე შემოწმებული ერთმორწმუნეობის სრული უსაფუძვლობა პოლიტიკაში!

ამრიგად, წარსული ისტორიული გამოცდილების უცოდინარობას თუ უგულებელყოფას ვინ ჩივის. საქართველოს მაშინდელი მესვეურები ანალიზს ვერ უკეთებდნენ თვით მათს თვალწინ მიმდინარე მოვლენებს, როცა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოები ერთის მხრივ, და მაჰმადიანური სახელმწიფოები (ირანი-თურქეთი) მეორე მხრივ, სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებდნენ ერთიმეორის გასანადგურებლად. სად იყო აქ გადამწყვეტი ფაქტორი ერეკლეს მიერ ქებული ერთმორწმუნეობისა?

პირიქით - ერების შეჯახებისას, როცა პატარა ერი იძულებულია თავი დაიცვას დამპყრობელი ერის წამლეკავი ზემოქმედებისაგან, განსხვავებული რელიგია და ზნე-ჩვეულებანი უფრო დადებითი ელემენტია, ვიდრე რელიგიისა და ზნე-ჩვეულებების ერთობა. მაგალითად, ირან-ოსმალეთის სახით ჩვენი მტრების განსხვავებული სჯული იყო სწორედ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ისინი ქართველების მხრიდან და ვერა და ვერ შეძლეს მათ მაჰმადიანურ ერებთან ქართველი ერის ასიმილაცია. ერთმორწმუნეობის ნიღბით შემოპარულმა ქრისტიანულმა რუსეთმა კი გასაოცარი ძალით შეაჩერა ქართველთა წინააღმდეგობა და შედარებით უმტკივნეულოდ ახდენს იგი რუსის ერთან ქართველი ერის შერწყმას.

რელიგიური ფანატიზმისა და პოლიტიკური სიბეცის გარდა ჩვენი მაშინდელი მეფეები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე ვერც ორგანიზატორული ნიჭით და ვერც ნებისყოფის სიმტკიცით. ისინი თავგზააბნეულნი მოქმედებდნენ არა მარტო საგარეო მოქმედების სფეროში, არამედ სახელმწიფოს შიგნითაც. ჩვენს სახელოვან მეფეებს – დავით კურაპალატს, ბაგრატ მესამეს, დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწყინვალეს და სხვებს კარგად ესმოდათ, რომ მტრისაგან საქართველოს როგორც თავდასაცავად, ასევე თავდასახსნელად ყველაზე უკეთესი გზა ქვეყნის გაერთიანება იყო. უკანასკნელი პერიოდის ზოგიერთი უნიათო მეფე კი მტკიცე ნებისყოფის უქონლობის გამო, არათუ თანმიმდევრულად იბრძოდა ფეოდალური პარტიკულარიზმის დათრგუნვისა და საქართველოს გაერთიანებისათვის, არამედ ცოლ-შვილის კარნახით თვითონვე აქუცმაცებდა სამეფოს შვილებსა და შვილიშვილებს შორის.

რუსეთის როლის შესახებ არასწორი შეხედულების მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი დიამეტრულად განსხვავდებოდა ქართველი ხალხის სხვა დანარჩენი მტრებისაგან თავისი ფარისევლური პოლიტიკით. ყველა მტერს, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, ხმალი ჰქონდა მოღერებული ქართველების წინააღმდეგ და აშკარად აცხადებდა საქართველოს დაპყრობის, ქართველი ხალხის გაძარცვისა და მასზე გაბატონების სურვილს. ისინი ამ მხრივ რაიმე მაქინაციებს არ მიმართავდნენ. პირიქით, მათი ტონი უაღრესად სასტიკი და აგრესიული იყო. ასეთ მტერს კი ქართველი ხალხი მომზადებული ხვდებოდა. მაგალითად, როცა არაბთა მხედრობა საქართველოს საზღვრებს მოადგა პირველად, მისმა სარდლობამ ასე შემოუთვალა ქართველებს: ,,ან დაგვმორჩილდით, მოდით და გვემსახურეთ, ან დასტოვეთ თქვენი ქვეყანა და სხვაგან წადითო’’. ამ უაღრესად მკაცრი განცხადებების მიუხედავად, აი, რით განისაზღვრა მათი ბატონობის პირობები საქართველოში, რასაც ,,დაცვის სიგელი’’ ეწოდა: 1) არაბები ქართველებს დაცვის და სარწმუნოების ხელუხლებლობას აღუთქვამდნენ, 2) ქართველები მორჩილებას უცხადებენ არაბებს და იხდიან ხარკს – ჯიზიათს თითო კომლზე თითო დინარს (დაახლოებით ხუთი მანეთი ოქროთი),  ,3) ქართველებს უფლება არა აქვთ რამდენიმე კომლი ერთ კომლად შეაერთონ და ამ გზით ხარკი შეამცირონ; 4) არც არაბებს აქვთ უფლება ერთი კომლი რამდენიმე კომლად გაჰყონ, და ამრიგად ხარკი გაადიდონ; 5) ქართველები ვალდებულნი არიან დაეხმარონ არაბებს სამხედრო ძალით; 6) თუ ქართველები მაჰმადიანობას მიიღებენ, მაშინ ისინი თავისუფლდებიან ჯიზიათის გადასახადისაგან, მაგრამ ერთხელ მაჰმადიანობაში გადასული, თუ ისევ ქართველობას დაუბრუნდებოდა, ის დაისჯებოდა.

არაბთა მიერ წამოყენებული ეს პირობები, ძირითადად ძალაში დარჩა. მაგ. კახეთს არაბთა ბატონობა თითქმის არ უგრძვნია. რაც შეეხება ბუღა-თურქისა და მურვან-ყრუს შემოსევებს, – პირველი გამოწვეული იყო თბილისის ამირას განდგომით, ხოლო მურვან-ყრუს ამაოხრებელი შემოსევა ქართველთა უპერსპექტივო და გაუმართლებელი აჯანყებით. იმ დროისათვის არაბთა ხალიფატი თავისი ძლიერების ზენიტში იყო და ამდენად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გამარჯვება არ ეწერა.

შევადაროთ ეხლა ერთმხრივ არაბთა აღნიშნული განცხადება თავისი სისასტიკით და ფაქტიურად წამოყენებული პირობები ქართველების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის თვალთმაქცური განცხადება საქართველოს მიმართ და ამ ყალბი განცხადების შემდეგ საქართველოს ფაქტიური მდგომარეობა რუსეთის ხელში იყო. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში საქართველოს სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I საზეიმოდ აცხადებდა: ,,არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთთვისა, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიისა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მმართებულობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა, მსმენმან ვნებულთა ვედრებისა, განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართველობა, რომელსაცა ეძლოს– ცა დამყარება მართლ-მსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროების და მიცემად თვითოეულისა დაცვა სჯული... მიეცა საყდროსანსა ქალაქს მოსკოვს, სექტემბრის დღესა ჩყა წელსა’’.

ამ გულჩვილი განცხადების საფარქვეშ რუსეთმა საქართველოში დაამყარა ჯერ არნახული სისასტიკე. გარდა იმისა, რომ მან მოსპო საქართველოში ყველაფერი ეროვნული და ერთი ხელის მოსმით მოინდომა ქართველი ხალხის გარუსება, საშინელი ეკონომიკური განსაცდელისა და მორალური დამცირების პირობებში ჩააყენა მთელი მოსახლეობა. რუსის სახით ქართველს მოევლინა ფლიდი, მექრთამე, ქურდი, ლოთი და გარყვნილი არსებანი. თვითონ ყოველმხრივ ზნედაცემულნი, ისე უყურებდნენ ქართველ ხალხს, როგორც პირუტყვებს. ისინი გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ ოჯახებს, ქმრების თვალწინ ქალების საჯარო გაუპატიურების ჩათვლით. გარდა ამისა, ქართველ გლეხკაცობას უკანასკნელ სარჩო-საბადებელს ართმევდნენ და მათი შენიშვნის პასუხად – რიღათი გამოვკვებოთ ცოლ-შვილიო – მიწაზე მიუთითებდნენ და ეუბნებოდნენ, ,,თქვენ ბალახი სძოვეთო’’ (ალ. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, გვ. 139).

აი, როგორ პარალელს ავლებს ჩვენი ერის დიდი მოჭირნახულე იაკობ გოგებაშვილი საქართველოს ძველ და ახალ მტერს – რუსეთს შორის: ,,მართალია საქართველო იშვიათად არ იყო გარეგან დამოკიდებულების ქვეშა, მაგრამ ეს დამოკიდებულება განისაზღვრებოდა ცოტაოდენი ყოველწლიური ხარკით, რომელიც უსიამოვნო საგანს შეადგენდა მხოლოდ მეფის თავმოყვარეობისათვის. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა, ერი მის გავლენას სრულიად არ გრძნობდა და ყოველ შემთხვევაში დამჩაგვრელ თვისებას მოკლებული იყო. კაცსა, ერსა სჩაგრავს სისტემატიური უსამართლობა, შინაგანი ბრიყვობა, ყოველდღიური უღელი, რომელიც კისერში აწევს ხალხსა და ქედს ძირს ახრევინებს. ქარიშხალივით დაცემა მტრისა, რომელიც დამარცხდება, თუ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში სტოვებს ქვეყანასა და ბრუნდება თავისს სამშობლოში – მხოლოდ დროებით ხიფათს, წამით უბედურებას შეადგენს, რომლის კვალი მალე სრულიად ქრება ხალხის ცხოვრებაში... სპარსეთი იშვიათად არ იყო გულწრფელი და გულითადი ჩვენი კეთილისმყოფელი. ბევრი ცუდი ნაკლოვანება ჰქონდათ სპარსელებს, მაგრამ პოლიტიკურს იეზუიტობას, სიკეთის დაუნახაობას და უმაგალითო უმადლობას კი მათში ვერ ჰპოვებდით. ისინი ავკარგიანები იყვნენ. თუ მტრობას გვიხდიდნენ მხეცური დაუნდობლობით და შეუბრალებლობით, სამაგიეროდ სიკეთისათვის იცოდნენ უხვი მოყვრობა და თავდაუზოგველი მეგობრობა (ი. გოგებაშვილი ,,რანი ვიყავით გუშინ?’’ გვ. 30).

იაკობ გოგებაშვილამდე ათეული საუკუნეებით უფრო ადრე იგივე აზრს გამოთქვამდა სპარსელთა შესახებ მე-5 საუკუნის სახელოვანი ორატორი აიეტი. იგი აცხადებდა, რომ სპარსელებმა ,,თუ ვინმე გაიხადეს თავიდან მეგობრად, ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული, ხოლო მტრის მიმართ რისხვას განაგრძობენ მანამდე, სანამ ის მტრად რჩება’’ (გ. გოზალიშვილი, ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მე-6 საუკ. გვ. 41).

ხოლო რუსი დამპყრობლების მოქმედებათა შესახებ, აი რას ვკითხულობთ ალ. ფრონელის 1812 წლის კახეთის ამბოხებაში: ,,ნეტა რა მოთმინება და შეძლება ჰქონია ერსა, რომ კვერცხივით ზედ არ შეასკდა ზნედაცემულს ჯარისკაცსა და მსუნაგსა და გაწუწკებულს მოხელეს! უსამართლობა, ცემა-ტყეპა, დარბევა დაწიოკება სოფლისა, ქურდობა, განზრახ დავა-დარაბის ატეხვა, უზნეობა გარყვნილობის შეტანა, ქალწულთა და დედაკაცთა ნამუსის ახდა აშკარად, ქმართა და მახლობელთა თვალწინ, ქალისა და კაცის უღელში შებმა, გატიტვლებულის დედაკაცის გაჯოხვა, – ეს რაღაც დაუჯერებელი ამბავია, ისეთი ველურობა, რომლის მსგავსი თვით თემურ-ლენგის დროს არ იქნებოდა. აკი სჩივიან ბოდბელნი და პრასიანელნი, რაც რუსობამ მწუხარება მოგვაყენა, მაგვარი თურქთა, ყიზილბაშთა და ლეკთა ჟამსა ბატონობის დროსაც არ გამოგვივლიაო!’’ (ალ.ფრონელი, ამბოხება კახეთის, გვ. 33).

აზიის დამპრობლებთან შედარებით, რუსების მიერ საქართველოში ჩადენილი ამ საშინელი საქციელის გარდა, რაც თითქმის მხეცური მოქმედების ნორმებსაც კი აჭარბებს, საგულისხმოა აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის მიერ ზემოთ გავლებული პარალელი იმ ეკონომიკური ჩაგვრის შესახებ, რასაც საქართველო განიცდიდა, ერთის მხრივ, ადრეულ მტერთა ბატონობის დროს და მეორე მხრივ, რუსთა ბატონობის პირობებში. როგორც აღნიშნული იყო, ადრინდელი დამპყრობლებისადმი ქართველების დამოკიდებულება განისაზღვრებოდა მხოლოდ ცოტაოდენი ყოველწლიური ხარკით. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა. რუსთა ბატონობის დროს კი მოსახლეობა სრულ ტოტალურ ძარცვას განიცდიდა, ხოლო შიმშილისაგან სასომიხდილ ადამიანებს, როგორც აღვნიშნეთ, ურჩევდნენ ბალახი ეძოვათ. ერთმორწმუნეობის ნიღბით მოვლენილ რუს დამპყრობლებთან შედარებით, რომლებმაც საქართველოში გაბატონებისთანავე მოსახლეობის ულმობელი ძარცვა-რბევის გარდა თავიანთ სრულ გამგებლობაში მოაქციეს მთელი ეროვნული სიმდიდრე და საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ ყაჩაღურ ექსპლოატაციას უწევდნენ მას, პირდაპირ სიცილს იწვევს მსოფლიოს ყველაზე საშინელ დამპყრობლებად ცნობილი მონღოლების მიერ ცალკეული კომლებისადმი ყოველწლიური ხარკის სახით წამოყენებული რაღაც ბავშვური მოთხოვნილებანი: ,,ასი ლიტრი ხორბალი, 50 ლიტრი ღვინო, 2 ლიტრი ბრინჯი, 3 ტომარა, 2 თოკი და ერთი ნალი’’. და მაინც ქართველ კაცს არაბი, მონღოლი და სპარსი ყველაზე დიდ მტრად მიაჩნდა, ხოლო რუსის მიმართ აზრადაც არ გაივლებს, რომ იგია ყველაზე დიდი მძარცველი ყველა წარსულ მძარცველებთან შედარებით. ამ გაურკვებლობის მიზეზი ისაა, რომ არაბობის, მონღოლებისა და სხვა დანარჩენი დამპყრობლებისაგან განსხვავებით რუსეთი იმთავითვე მოყვრის ნიღბით მოევლინა საქართველოს და ფარისევლურად იგი ყოველთვის ,,დამხმარისა’’ და ,,მფარველის’’ როლში გამოდიოდა. ამგვარი შენიღბული მტრის შესახებ შოთა რუსთაველი გენიალურად ამბობს:

,,ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;

მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება მოცინარობს’’.

ძველ მტრებთან შედარებით რუსეთი რომ ვერაგი მტერია, რომლისგანაც საქართველოს რეალური მოსპობის საფრთხე ემუქრება, ეს აზრი შესანიშნავად აქვს გამოთქმული აკაკი წერეთელს ერთ თავის ლექსში, რომლის სათაურია ,,ჩაფიქრება’’. იგი დაწერილია რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მოგვყავს ამ ლექსის შემოკლებული ტექსტი.

ჩაფიქრება

,,მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები საქართველოვ!

მეც ვჭკნები და შენცა ჭკნები, როგორც ზამთრის პირად მდელო.

თვით ბუნების კანონია, მე რომ დავჭკნე ვით ფოთოლი,

სამერმისოდ სხვა გამოვა ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!

 

მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა და აკვანო მთელი ერის,

მომავალი შავ-ბედითი სიკვდილის ზარს რად გიმღერის?

რაც კი გვქონდა სისხლად-ხორცად, შენაძენი ათას წლობით

მთლად მოგიკლა ასმა წელმა თვალთმაქცურის საძაგლობით.

მოგიხიბლა თვალი, გული, გიქარგავდა ზედაპირსა,

მაგრამ მითი იმავე დროს, როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!

 

და აღარ ხარ, რაც იყავი: ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა

ათასის წლის ჭირნახული ასმა წელმა მოგინელა.

რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო, ის მოყვრობამ აგისრულა

სულ ხელის სმით და ,,ნანინით'' შენი ძირი გამოხრულა.

შენს წაქცევას და დამხობას ,,ასი წელი'' შემოჰყურებს

შენ წახვალ და სხვა შემოვა, შენს ნადგომზე ისადგურებს''...

(აკაკი, შვიდტომეული, ტ. I, გვ. 774).

ამგვარად, მოყვრის ნიღბით მოსულმა რუსეთმა არა თუ დაიპყრო საქართველო, იგი სრულიად გააუქმა როგორც პოლიტიკური ერთეული და რუსეთის შემადგენელ ნაწილად აქცია. რუსეთის ვერაგულ მოქმედებასა და საქართველოს საშინელ ხვედრში გაურკვეველი ქართველობის ერთი ნაწილი კი დღესაც კმაყოფილებით გაიძახის – ,,რუსეთთან რომ არ ვიყოთ, დაგვიპყრობდნენო''. უფლებააყრილ, დაბეჩავებულ, გაძარცვულ და ტვინამოცლილ ასეთ ქართველს ,,დაპყრობა'' სხვა რაღა ჰგონია -  უბედური საქართველო!!! განა შეიძლება ერის ამაზე უფრო მეტი დაბეჩავება? შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერი თავისი ნაციონალური ხვედრის გაგების საკითხში არასოდეს ისე არ დაბეჩავებულა, როგორც ის დაკნინდა და დაბეჩავდა რუსთა ბატონობის პერიოდში. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

აღნიშნული მცდარი წარმოდგენის მესამე მიზეზია „110 წლის მანძილზე მტრის უღელქვეშ ყოფნა, მონობისადმი მიჩვევა და შეგუება, ხოლო მონობას მიჩვეულ ადამიანს, როგორც ცნობილია,  აღარ ამძიმებს მონობის უღელი. უფრო სწორად, ვეღარ გრძნობს იგი ამ უღელს. ეს შეჩვევა იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ ერთი  მოსწრებული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ,,მონობას მიჩვეული ადამიანი, უარს იტყვის განთავისუფლებაზე. სწორედ ასევე, ქართველი კაციც ისე შეეთვისა რუსეთის ბატონობას და ისე მშვიდად გრძნობს თავს ამჟამადაც მის უღელქვეშ, რომ ვერც კი წარმოუდგენია უბატონოდ არსებობა. ერის დამოუკიდებელი არსებობის ურწმუნოების დამღუპველი გამოხატულებაა ის, რომ ერების განთავისუფლების დღევანდელ ეპოქაშიც ზოგიერთი ქართველი ბავშვური გულუბრყვილობით კითხულობს: ,,რუსეთს რომ ჩამოვცილდეთ, მერე ვის ხელში უნდა ვიყოთო?''

რომელიმე ბატონის ხელში ყოფნის ეს მავნე შეხედულება ცხადია იმ გარემოებითაა გამოწვეული, რომ ქართველ ხალხს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ინსტიქტური შიში ირან-ოსმალეთისა. ამას კი დიდად უწყობს ხელს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ქართველებისადმი დამაშინებელი ანტისპარსული და ანტიოსმალური პროპაგანდა. ქართველის შეგნებაში იმდენად ავადმყოფური ხასიათი აქვს მიღებული თურქეთისა და ირანის მხრივ დაპყრობის საშიშროებას, რომ იგი ვეღარ ამჩნევს ეპოქის ცვალებადობას. ბევრი მათგანი კვლავ 300 და უფრო მეტი ხნის წინათ არსებული მდგომარეობის მიხედვით მსჯელობს და ვეღარ ხედავს, რომ არაბი, მონღოლი, თურქი და სპარსი დამპყრობელნი 1801 წლიდან უფრო მოქნილმა და უფრო საშიშმა რუსის დამპყრობელმა შეცვალა. ისინი შურისძიების გრძნობით უყურებენ ათა-პაპის დროინდელ მტრებს, რომელთა შორის ბევრი მათგანი (მაგალითად დაღესტანი) საქართველოზე უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ვერ ხედავენ რუსეთის სახით ამჟამად არსებულ მტერს, რომელიც ჩანთქმით ემუქრება დაღესტანსაც და საქართველოსაც.

ერთ დროს გრიგოლ ორბელიანიც ამგვარი მცდარი თვალსაზრისით გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა მთიელთა მიმართ. ,,იგი თავისი ხმლით საქართველოს დამპყრობლებს ეხმარებოდა კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეგონა, რომ სამშობლოს მტრებს ებრძოდა. მისი სიტყვით ,,იგი ლეკებთან ბრძოლაში, კახეთის სისხლს იღებდა, მაგრამ ამ პროცესში იგი ეხმარებოდა იმ ძალას, რომლის წინააღმდეგაც თვითვე იყო რამდენიმე წლით ადრე აღმართული. იგი შურს იძიბდა იმაზე, რაც იყო ოდესღაც. და მკაცრ სინამდვილეს კი ვეღარა ხედავდა, სადაც იყო ნამდვილი პატრიოტული ბრძოლა და შურისძიებაც. მთა თავისუფლებას არა სთმობდა. რუსეთის დამპყრობელი პოლიტიკა კი ამ თავისუფლებას ვერ იტანდა. ვის მხარეზე უნდა ყოფილიყო პატრიოტულ გრიგოლ ორბელიანის სიმპატიები? რასაკვირველია, მთიელების მხარეზე'' (ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, ნაწ. I, გვ. 8).

საქართველოს არაგონივრული პოლიტის შედეგად, რუსეთი რომ ერთიან წამლეკავ ძალად მოევლინა საქართველოსაც და კავკასიის სხვა ტომებსაც, აი, რა საყურადღებო დეტალს გვაუწყებს ამის შესახებ ცნობილი ქართველი სოციალისტ-ფედერალისტი, შესანიშნავი მემუარების ავტორი გიორგი ლასხიშვილი ერთი მეტად ღირსეული ყაბარდოელის პირით: ,,ორიოდე სადგურის შემდეგ, საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი, ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება: მაღალი მშვენიერი ტანადი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ, სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს, აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილო კავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არც თუ მაინც და მაინც უსწავლელი იყო... მე გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე...

როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოვკითხეთ ვინაობა. როცა გაიგო ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა: ,,როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე ვიფიქრე შამილს გულისხმობს მეთქი, და ამიტომ რაღაც ამის შესახებ ვკითხე. – არა, ყმაწვილო, მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე – საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლა’’.

საღი და სრულყოფილი ეროვნული აზრის დამკვიდრება ჩვენში პირველად ილია ჭავჭავაძემ და მისმა დასმა წამოიწყო. მაგრამ, ვიდრე ეროვნული გრძნობა და გაგება დამკვიდრებას მოასწრებდა, ქართველობაში თითქმის პარალელურადვე ჩნდება მარქსიზმის რუსული დიდმპყრობელური მიმართულება, რომელთა წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ ხაზს დაუპირისპირეს ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგები. ამან მთლად დააბნია თავისი ბუნებით სხვა ერების პატივისმცემელი ქართველი. მარქსიზმის ბრმა მიმდევრებმა რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებანი ინტერნაციონალიზმად მონათლეს. ხოლო  პატარა ერების სურვილი თავიანთი ენისა და ეროვნული თავისთავადობის დაცვისა, ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად გამოაცხადეს. გულუბრყვილო ქართველთა, ანუ თუ შეიძლება ასე ითქვას – გარეწარ ქართველთა ერთმა ჯგუფმა რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებათა შესანიღბავად გადმოსროლილი ,,ინტერნაციონალიზმის’’ ეს დემაგოგიური ლოზუნგი უმალვე აიტაცა ხელში და იგი მტერზე არა ნაკლები თავგამოდებით იბრძოდა თავისი ნაციონალური მეობის, ,,როგორც კომუნიზმისათვის მავნე და საშიში გამოვლინების’’ მოსასპობად, საქართველოში უცხო ტომის ხალხთა ჩამოსასახლებლად, ქართული ენის ნაცვლად ,,ინტერნაციონალური’’ რუსული ენის დასამკვიდრებლად და ისტორიული ქართული მიწა-წყლის მეზობელი ერებისათვის გადასაცემად (რამდენადაც, კომუნიზმის დროს სულ ერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო). ანტიპარტიულად განწყობილი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად მტკივნეულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა ,,კომუნიზმისა’’ და ,,ინტერნაციონალიზმის’’ დემაგოგიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი ნაწილი.

ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავს იმით იცავდა, რომ წარსული ეპოქა ვაჟკაცური შემართების ხანა იყო. ხმალდახმალ ბრძოლაში კი ქართველს თითქმის ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ, როცა ხმალი მელურმა დიპლომატიამ შეცვალა, იგი დაიბნა და ვეღარ ერკვევა მტრის თაღლითურ ფანდებში. რა ლოზუნგებს იყენებს დღეს მტერი ქართველი ერისა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა ასიმილაციისათვის? ეს ლოზუნგია ,,ინტერნაციონალიზმი’’ და ამ ტერმინოლოგიის დემაგოგიურ გაშუქებასთან დაკავშირებით სსრ კავშირში შემავალი ,,ერების დაახლოება’’ და ,,ერთიანი ძმური ოჯახის შექმნა’’. რა მოჰყვება მაგალითად ამ ლოზუნგის პრაქტიკულად განხორციელებას ყველა პატარა ერის რუსულ ქვაბში გადახარშვა და სსრ კავშირის გარდაქმნა ველიკორუსულ სახელმწიფოდ. აი იმპერიალიზმის ახალი ნიმუში, რომელიც დღემდე არ დასიზმრებია არც ერთი წესწყობილების არც ერთ აგრესორ სახელმწიფოს.

ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ინტერნაციონალიზმი და განვიხილოთ თვით ,,ძმური ოჯახის’’ იაფფასიანი ფრაზა, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. პირველ რიგში ჯერ სადავოა საკითხი, გამოხატავს თუ არა ინტერნაციონალიზმი შეგნებული კაცობრიობის მისწრაფებებს, მითუმეტეს, როგორც იგი ესმით რუსის დიდმპყრობელ შოვინისტებს. ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში რომელიმე იდეოლოგიური მიმართულება ჯერ თვითონ შექმნის ხოლმე რაღაც მოსაზრებას და მის გამომხატველ ტერმინს, შემდეგ კი მთელ კაცობრიობას ახვევს თავს, როგორც სავალდებულოს.

ინტერნაციონალიზმი კომუნისტური მოძღვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ეს მოძღვრება სასარგებლოა და მისაღებია თუ არა მთელი კაცობრიობისათვის, ეს ჯერ საკითხავია. მაგრამ უამისოდ ინტერნაციონალიზმის სიტყვა-სიტყვით განმარტება, ,,საერთაშორისო’’ მიგვანიშნებს არა კაცობრიობის გაერთიანებაზე, არამედ ერების არსებობაზე, ერთა შორის განწყობილებასა და ინტერესთა შეთანხმებაზე. რუსი ასიმილატორები კი ინტერნაციონალიზმის ველიკორუსულ ვარიანტს გვთავაზობენ. ამ ვარიანტის მიხედვით კომუნიზმი ისე ვერ აშენდება, თუ არარუსმა ხალხმა თავისი ენა და ეროვნული თავისებურება შეინარჩუნა. ამიტომ, თანდათანობით უნდა განიდევნოს ცხოვრებიდან ნაცუმცირესობათა ენები და ზნე-ჩვეულებანი და მათ ნაცვლად დამკვიდრდეს რუსული. რაა ეს, ინტერნაციონალიზმი თუ იმპერიალიზმი? ცხადია, იმპერიალიზმი. განვიხილოთ ახლა გამოთქმა – ,,ძმური ოჯახი’’. ცხადია ეს ლოზუნგი ერების რუსულ ქვაბში თავმოყრას და მათს რუსულად გადახარშვას ითვალისწინებს. თანაც ეს გამოთქმა ხელოვნურად შეთითხნილია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია პრაქტიკულ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც პირველყოფილ ადამიანთა ჯოგი დაიშალა და დამოუკიდებელი ოჯახები შეიქმნა, განსაკუთრებით დღევანდელი ცივილიზაციის ხანაში, ძმები არა თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, პირიქით, დამოუკიდებელ ოჯახებს ქმნიან, რადგან სისხლხორცეული ერთობის გარდა მათ მთელი რიგი განმასხვავებელი თვისებები და პიროვნული ინტერესები გააჩნიათ. მაგრამ, თუ გარემოებამ ძმებს ერთჭერქვეშ ცხოვრება არგუნათ, ისინი ამ არაბუნებრივი მდგომარეობის გამო ერთიმეორის მოძულენი ხდებიან. და თუ ღვიძლი ძმები ვერ უთავსებენ ერთიმეორეს აზრებს, ხასიათებს და მისწრაფებებს, რანაირად შეიძლება სხვადასხვა ტომის ხალხის ინტერესთა შეთანხმება, თუ არა ყველა სხვა ტომელთა დამთრგუნველი რუსული ჩექმა?

ამგვარად, ე.წ. ,,ძმური ოჯახი’’ წმინდა წყლის დემაგოგიაა და მას არაფერი აქვს საერთო არც ცხოვრებისეულ სინამდვილესთან და არც ერების თანასწორობასთან. ნაცუმცირესობათა ხალხებისათვის რუსული ,,ძმური ოჯახი’’, ეს იგივე პროკრუსტეს ბუნაგია, სადაც თვითოეულ ერს გარდაუვალი სიკვდილი ელის.

აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ მარქსისტული მოძრაობის გარიჟრაჟზე ამოიცნო მარქსიზმის დროშას ამოფარებული რუსი ,,სოციალისტების’’ იმპერიალისტური მისწრაფებები. ამიტომ იგი საქვეყნოდ ამხელდა მათს ბოროტულ ჩანაფიქრს, რაც არარუს ეროვნებათა უარყოფასა და საკუთარი ერის გაბატონებას ითვალისწინებდა. აი რუსი ,,მარქსისტებისადმი’’ მიმართული აკაკის კრიტიკული შენიშვნები, რაც დღეს ფაქტად იქცა:

მტერი იძახის: ვინ გაიგონა ახლანდელ დროში ეროვნებაო?

მხოლოდ ერთია ,,მუშათ საკითხი’’, გულს დაიბეჭდეთ, ,,მარქსის მცნებაო!’’

ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვანაირად გაიყურება:

სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავისს ერს ემსახურება.

ჩვენს ქართველებს – კი ,,მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა’’ ჰგონიათ

და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.

სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა, სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!

ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური ,,ძმობა, ერთობა და სიყვარული’’

(აკაკის შვიდტომეული, ტ. I, გვ. 789; ლექსი ,,ჩემი ჭმუნვა’’).

ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალისტური ბუნება ინ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს. სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვძულდეს სხვა ერები იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არაფერს გვიშავებენ. აკაკის თქმისა არ იყოს: ,,დეე სუყველამ იბედნიეროს თვის სამშობლოში, თავის მხარეში’’. მაგრამ სისულელეა გიყვარდეს შენს მოსასპობად მოსულ დამპყრობთა ნაშიერები, მიუხედავად იმისა, თუ რა ნიღბით მოგვევლინებიან – ,,უფროსი ძმისა’’ თუ ,,ტყუპის ცალის’’ სახით. ქართველი კაცი კი ისეა დაშინებული ამ ეგრეთწოდებული ნაციონალიზმით, რომ თავისი დამპყრობლისადმი სიძულვილიც მას დანაშაულად მიაჩნია. სინამდვილეში ,,მონისა სიყვარულია საზიზღარი და არა სიძულვილი. ძლიერი, მკაცრი სიძულვილი ბატონისადმი მას სულიერად თავისუფლად ჰხდის, იგი სრულიად კანონიერი, ღირსეული და დიადი გრძნობაა, რომელიც დიდ საქმეებს ჩაადენინებს მონასა, – ნამდვილს, ეროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ვინც არ დაიშლის და მასაც შოვინიზმს უწოდებს, – ჩვენ არც სიტყვის გვეშინია, ვიტყვით მხოლოდ: მონათა შოვინიზმი ბატონთადმი – კეთილი ყოფილა და არა ბოროტი გრძნობა. გაბატონებულნი ერნი სცდილობენ ტერიტორია წაართვან დამონებულთა და თავისი ელემენტით დაასახლონ, რომ ან გადააგვარონ ეროვნულად, ან განფანტონ იგინი და მოუსპონ თვით სახსენებელი სამშობლოსი. აი, ეს არის ნამდვილი შოვინიზმი, და არა ის, რომ მონას თავისი ბატონი სძულდეს და სცდილობდეს მის კლანჭებს თავი და თავის სამშობლო გამოსტაცოს’’ (მ. წერეთელი, ერი და კაცობრიობა, გვ. 139).

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც დღევანდელ საქართველოს არსებობას უფრო მეტი საშიშროების წინაშე აყენებს, ვიდრე ეს იყო წარსულში. მართალია, საქართველო ხშირად ექცეოდა წინათ მტრის კლანჭებში, მაგრამ მაშინ საქმეს ის აიოლებდა, რომ ერს სამშობლოსადმი თავდადებული თავისი საკუთარი მთავრობა და ხელმძღვანელობა ჰყავდა. და ისინი არა მარტო სათავეში ედგნენ სახალხო-განმათავისუფლებელ ბრძოლებს, არამედ პირველ რიგში თვითონ ეწირებოდნენ ერის ინტერესებს. სამშობლოსადმი თავდადებულთა ამ პლეადის შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, ნერსე ერისთავი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, დემეტრე თავდადებული, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და სხვა მრავალნი.

დღეს კი ჩვენი ერის მართვის საქმე მტრის მსახურთა ხელშია, რომლებიც კარიერაზე ჰყიდიან თავისი ერის ინტერესებს. ამის გამო არავითარი საერთო არ არსებობს დღეს ქართველ ხალხსა და მის ლიდერებს შორის. ხალხის მისწრაფება ეროვნული თვითმყოფადობის დაცვაა. ხელმძღვანელი კასტა კი პირიქით, ახშობს პატრიოტულ გამოვლინებებს, რასაც ,,ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს’’ უწოდებს და დამპყრობლის გაბატონებას უწყობს ხელს საქართველოში ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგებით.

ისე რომ, ახლანდელი ,,ქართული მთავრობა’’ სინამდვილეში მტრის მე-5 კოლონაა, რომელზე დაყრდნობითაც დამპყრობელი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ქართულ მიწაზე ქართული სიტყვის მოსასპობად, ვიდრე იგი შეიძლება არაქართული მთავრობით: რატომ? ,,ქართული მთავრობა’’ ერში ქმნის მოჩვენებითი თავისუფლების ილუზიას და ამცირებს წინააღმდეგობის გაწევის ძალას, ამ მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკის მიმართ. რუსული მმართველობა კი ერს თავისთავად გამოაფხიზლებდა საღათას ძილისაგან და წინ აღუდგებოდა იგი რუსეთის წამლეკავ გავლენას. აი რატომ აწყობს დამპყრობელს საბჭოთა იმპერიაში შემავალი ერების გასარუსებლად ნაცუმცირესობათა ანტიეროვნულ კადრებზე დაყრდნობა.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq