''ბრძოლა შეიქმს შეიქმს სულის ძალსა, სულის ძალა - სიყვარულსა, სიყვარული - სამართალსა, სამართალი -სიხარულსაო''. ოთარ ჭილაძე. რკინის თეატრი - რკინის დრო, რომელიც მხოლოდ ერთგვარ წარმოდგენად ქცეულა, სინამდვილეს - ჭეშმარიტებას მოკლებული; ხელოვნურად შექმნილ-შემძიმებული გარემო, რომელიც ცხოვრებას ჩაენაცვლა და იქცა ურგებ სანახაობად. ყველაფერი როცა თამაშია, ქვეყნისთვის არასახარბიელო, უძლური, არაგულწრფელი. მასაც - მაყურებლის ამპლუაში, ორმოშია სიმბოლურად, იქიდან ამოცქერს ამ ერთგვარ წარმოქმნილ, წარმოდგენილ, გარდაქმნილ სამყაროს. ბათუმია მოქმედების ადგილი, სადაც ყველაფერი ყველაფრად ღირს და საღდება არასასიკეთოდ, მოჩვენებითად, პატიოსნებისა და ზნეობის გარეშე. არავინ არაფერს აპროტესტებს, არც კმაყოფილია, შუალედური მდგომარეობაა. თავის თავს აღარ ჰგავს საქართველო, აღარც ერთმანეთს ჰგვანან. სხვა ელფერი აქვს გადასხვაფერებულ უნდილ ცხოვრებას. ახალ დროს ანგარება მოაქვს. ''იქამდე რომ ჭირდებოდი მეორე კაცს, ვიდრე ფეხზე იდექი და სუფრის გაშლა შეგეძლო''... ზღვის ბობოქრობას ცხოვრება ტალღად ვერ აჰყოლია, მდორეა, ფუჭი. ზღვისპირა ქალაქს სულაც არა აქვს ჩვეული ხალისი. დადებითი პერსონაჟები გვხვდებიან, როგორიც დიმიტრი და მისი უდრტვინველი ოჯახია, მაგრამ ერთგვარი რუტინით მიდის მათი მზედაუკრავი ცხოვრებაც, სანამ თბილისელი მსახიობი არ გამოჩნდება. რატომ მსახიობი? მისი როლი მისი მისიაა. ის მეამბოხე სულისაა, განსხვავებული თვალით უყურებს გარემოს. მას უყვარს თავისუფლება და ცოლის სახლეულობასაც კი გამოერიდა. დარწმუნებულია, რომ ცვლილების შეტანა ნამდვილად ძალუძს ვითომდაც უშფოთველ, მაგრამ სნეულ და გაუკუღმართებულ დროში. ჯანსაღი სულის ადამიანსაც კი რაღაც დათმობები მაინც უწევს. ბოლომდე ვერც ის იდებს თავს ყველას ტვირთს და სცენის მიღმა ვერ გააქვს თავგანწირვა. ისევ მარწუხებში რჩება და ეწირება კიდეც ამას. უკან ბრუნდება ცოლთან ერთად და თვითმკვლელობით უღებს ბოლოს გაუსაძლისობას. მოწოდებამ შესაბამისი სარბიელი ვერ ჰპოვა. აი, სურათ-ხატი ეპოქისა: ''ქვეყანა ციხედ იყო ქცეული''. ცენზორებს ''სიტყვა ''საქართველო'' რომ არ გაჰპაროდათ რამდენჯერმე გადაშლილ სიტყვას ზემოდან ''ჩვენს მხარეს'' ანდა ''ჩვენს კუთხეს'' დააწერდნენ ხოლმე.'' ''ახალი ბევრ რამეს გადააჩვევდა, ბევრ რამეზე ააღებინებდა ხელს...'' ასეთ დროს ჩნდება ამგვარ გარემოში თბილისელი მსახიობიც, რომელიც გმირის ნაცვლად მარცხს შეამზადებს თავის თავში. ჩვეულებრივები, შეგუებულნი ჩვეულებრივობას განუწყვეტელ სეირს მოითხოვდნენო არაჩვეულებრივისაგან, რჩეულისაგან... იმისგანო, ვისაცო ნაგემი ჰქონდა დიდების შხამი, ამიტომ ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავს ეკუთვნოდა, ეს სიტყვებიც მას უკავშირდება, რომელმაც პროტესტი სინამდვილედ ვერ აქცია. თაყვანისმცემელნი კი ჰპოვა, მაგრამ არა მომხრეები ანდა მსგავსები, ვინც ფეხს აუწყობდნენ. გმირსაც იმპულსი კვებავს, მდორე, ხელგამოუღებელი, მორჩილი ცხოვრება იმპულსს ვერ იძლევა. ''ახლა ისეთი დროა, რამენაირად თუ არ გამოიცვალე ხასიათი, სხვას კი არა, საკუთარ თავსაც ვერ დაიცავო''. იყო კატეგორიაც, ის ნაწილი, ვინც - ''შიშს შიშში ემალებოდა''... ''ყველანი ერთნაირად იყვნენ გადამცდარნი ძველი გზიდან, რამდენადაც თავად ძველი გზა აღარ არსებობდა''... გრანდიოზული ჩართვა-პასაჟიც, რაც სრულად ცხადყოფს სავალალო დროების სიმწვავეს, რაც ყაზბეგს შეეხება - სიკვდილის მერეც უნდობლობით უყურებდაო ხელისუფლება, ''არ აფასებდა, ძეგლს არ უდგამდა, როცა ყაზბეგმა სიცოცხლეშივე თქვა უარი ყველაფერზე... იციან ყაზბეგის ძალა, მკვდარსაც ებრძვიანო''... შემდგომ კვლავ უბრუნდება - ''ეშინიათ ყაზბეგისა, იმიტომ რომ, ყაზბეგმა სიმართლე იცოდა...'' ქართველთა ჰომეროსი დავარქვითო, მაგრამ საქმე ისე გავუხადეთ საგიჟეთში ამოყო თავიო... და პარადოქსიც, როცა მან სული განუტევაო, მთელი თბილისი მუშტაიდისკენ მიისწრაფოდა გაუგონარი სასწაულის სანახავად, ჰაეროსტატით ვირი უნდა აეყვანათო ცაში და ''რა გასაკვირია, თავიანთი მწერალი რომ დავიწყებოდათ'' მიუღებელიო, უარყოფილი, ''მაგრამ ბოლოს
 | მაინც თავად მოტყუვდნენ'', რადგან იმ დღეს ვირი კი არ აფრინდა, არამედ ყაზბეგის სული მიეახლაო უფალს. ვირი კი ჩვენ შორის დარჩაო - სიმბოლურად ასრულებს სათქმელს... ნამუსშეშლილ, არეულ დროში სარგებელს მეტად ეძიებენ, ვიდრე განდგომას, ამიტომ გაფრთხილებად ჟღერს, როცა ''ბოროტების სამსახურში დგები, ეშმაკს უამხანაგდები''. რად ღირს, რაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის არჩევანსა თუ მიმღებლობაზეა თქმული, ან თუნდაც პამპულობაზე... მერეღა რომ იკითხავდა კაცი - ''ვარდს ვთესავ და რა ამოდისო?'' და ეს იქნებოდა ყველას სატკივილოცა და თავსახლელიც, რადგან თავის დროზე ვერ გაიგეს სწორი გზის დაკარგვა და ფეხისშეშლა, რადგან ერთხელ დაუშვეს თუ გამოეპარათ თავგზის არევა... თუმცა ამ უღონო ადამიანთა ამარა არ გვტოვებს მწერალი, მათ გვერდით არიან გამონაკლისებიც, რომელნიც ''იმიტომაც არიან გამონაკლისები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ბუნებას რომ უჯანყდებიან, მეფეს კი არა, გუბერნიის მთავარ მოსამართლეს კი არა'' და ა. შ. საკუთარი თავის დაძლევითა და გადალახვით იწყება სარგებლობის მოტანა მრავალთათვის... უმწეობაა ირგვლივ, ჟინი აღარ მიერეკება ადამიანებს. ერთის აღტკინება მეორესთვის აღარაა გადამდები, ასე ჩაცხრა ნიჭიერი მსახიობის თავგამოდებაც. რადარა სადღეგრძელოები აღარ გაჩნდა კრული დროებისგან, მათ შორის ერთიც იპყრობს ყურადღებას -''ჩვენს წარსულს გაუმარჯოს. წარსული მაინც უფრო სანდოა.'' ადამიანებს აღარ შეუძლიათ ''სიყვარულს სიყვარულით უპასუხონ.'' დავიწყებოდათ ერთთავად კერიის მოვლა-პატრონობა რომ ევალებოდათ, როგორც ერთ გმირზე ამბობს და ყველაზე ვრცელდება, და არა გზააბნეულთა, მომხვეჭელთა, მედღეურთა აყოლა, რომელთა სამშობლოც იქ არისო, სადაც გაძღებიან და არა იქ, სადაც ბევრ რამეზე უნდა თქვანო უარი. ''ახლა, ვინც რამეს ხვდება ენას უნდა დააჭიროს კბილი, თორემ...'' აკი სიჩუმეც ზაფრავდა ხალხს. ვერ გადაედოთ ვერც თბილისელი მსახიობის პათოსი... სტომაქდამძიმებულნიო - ესეც ერთგვარი მითითება...''სადაც ხეა, იქ ცულიცაა''. ვერც მარტოკაცი გახდება რამეს თუ ამყოლი არაა... ''ჩაუდენელი დანაშაულის ზიდვა მცოდნეთა და რჩეულთა ხვედრიაო.'' ის შენიშნეს, თვალშიც ამოიღეს. მის შვილსაც აწვნევინეს და აზღვევინეს... ჯერ კი არაფერი იცვლებოდა, ''ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა... ყველანაირი ფული გადიოდა... ყველანაირი ფული ერთბაშად უფასურდებოდა''... ქალთა ემანსიპაციაზეც ალაპარაკდნენ, რითაცო - ''ქალი გაუფასურდება, სსსსხვათა შორისსსს კააააციც'' - ბგერათა გაგრძელებით მახვილიც კეთდება, სიმძაფრე ვლინდება... აქ ყველაფერი ზარივით რეკს, არა თეატრის, არამედ სამრეკლოს ზარის ხმით... ავტორს უწევს ერთგვარი ისტორიული წიაღსვლები - როგორც ალექსანდრე ბატონიშვილს ახსენებს, ანდა ყაზბეგს, ვინც ჩაგვაგონა გვახსოვდეს ''ვისი გორის ვართ''. აი, ვინ არიან ქართული ზნისა და ვინაობის. აი, როგორთა მეობაა მეტყველი მაგალითი. ასეთივე გამოხმობაა წარსულისა ხმალზე თქმულიც შაჰის წინაშე, იმ წარსულის, რომელსაც სენი არ ჰქონდა და პაპას ვენახივით მხოლოდ ყურძნისა და ატმის სურნელ -სიტკბოება ჰქონდა, როგორც იელვებს ხოლმე დიმიტრის მეუღლის მოგონებებში. ამგვარი გამოხმობაა ეს თვალსაჩინო ადგილიც -''მე კარგად ვიცნობ ჩემს ხმალს, ის ამჯობინებს ჩემს გულში გადატრიალდეს, ვიდრე მტერს ემსახუროს... მე და ჩემი ხმალი ქართველები გახლავართ...''ეს სიდიადე გაცამტვერებულიყო, თავისთავადობა. ნიჭი აღარ ფასობდა...''მოწყალებას იღებდა და არა ჯილდოს'' -დროის ნიშანი! ''მელია საქათმეს იცავდა, მგელი - ფარეხს, წამებული ლაფში ეგდო, წამებულის გვირგვინი მლიქვნელს ედგა თავზე.'' ლოზუნგებიც შეცვლილიყო - ''გარყვენი და დასაჯე'', ''გაღმა შეედავე და გამოღმა შეირჩინე'' და ა. შ. ''იმაზე მეტი თუ არ მიეცი, რამდენიც არსებობისთვის სჭირდება, მაშინ ხომ ისიც გაპირუტყვდება?.. განა ზედმეტიც არ აპირუტყვებს ადამიანს?'' ''რკინის უღელი'' კი ყველას ედგა. ''გაღმა გასვლის მსურველთ, აქამდე, თურმე უკუღმა მიყავდათ ბორანი.'' სიკვდილს კი მართლაც რომ კაპიკის ფასი აღარ ედოო... ყველაფერი საუკეთესო დაფარვას ითხოვდა, გამოზოგვას საგზალივით, რომ არ წაერთმიათ ეს არსებითი, მნიშვნელოვანი... რუსთა ახალი მეფის გვირგვინის კურთხევის ამბავიც ხომ განსაკუთრებული სარკაზმით გადმოსცა - ქართველი თავადაზნაურობა რაოდენ სასაცილო და საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა, სასაცილოსა თუ სატირალში, ერთი რომ მეორეცაა ზოგჯერ ქვეყნისთვის! კურთხევაზე დასასწრებადო ლამის ხანჯლებით დაერია ერთმანეთსო, ''ლამის ცოლშვილი რომ დაყიდეს, ცხენის, ჩოხისა და იარაღის შესაძენად და სექტანტებივით ფეხშიშველნი, დაკონკილნი და მშიერ-მწყურვალნი რომ ჩამობრუნდნენ''... ჩინ-მედლები კი არადა, ფულიც ვერ იშოვეს სასესხებლად სახელმწიფოს ხელა ქალაქშიო და მამასისხლად შეძენილი კი მეწვრილმანე ვაჭრებივით დაყიდესო ქუჩა-ქუჩა... ხაზგასმებიც - სექტანტებივით, ვაჭრებივით, სახელმწიფოს ხელა - არაშემთხვევითი, საგანგებო როა და ყურადსაღები, საგულდაგულო...''ნეტარ არიან ბრიყვნი.'' განა ტრაგიკულ-კომიკური არ არის მათი ისტორია და ეს უიღბლო თავგამოდება?! დავით კლდიაშვილის მაღალზნეობრივი ქმედებაც ჩაქსოვილია თხრობაში, ცნობილი ფაქტი, როცა არ ისროლა და ხელი არ აღმართა ქართველის საწინააღმდეგოდ, ''მე ჯერ ჩემს სინდისს ვუსმენ და მერე თქვენს გიჟურ ბრძანებებსო''... დემონსტრანტების დარბევისას ბათუმში, მუნდირს ღირსება არ ანაცვალა... ტკივილით დაბადებული ერთი პერსონაჟის ფიქრიც ხომ იმ მორჩილებას ამხელს, რაც ირგვლივ იყო როგორც სავალდებულო ნორმა და რომლის უარყოფაც გაძევებდა სამუდამოდ - ძალაუნებურად რომ გაკეთებინებს და გალაპარაკებს, რისი თქმაცა და გაკეთებაც თავად სურს, და რასაც არასოდეს გააკეთებდი ან იტყოდი შენითო. დროდადრო ჩნდება პოლიცმეისტერი ვეზირიშვილი - ''მაქვს პატივი, მაქვს პატივი''. ამის გარდა, არავითარი ფუნქცია. ესეც ერ თგვარი ტრაგი-კომიზმი. პატივ-ღირსებას დაშორებული ამაოდ ჩემულონს იმას, რაც მთელ ქვეყანას წაართვეს. მისი ''უპირატესობაც'' ხომ არარეალურია სხვისი ხელქვეითის, არათავისუფალ პირობებში. თვალთვალი თუ ჩასაფრებაც წესად ქცეულა. მოხელე საბა ლაფაჩიც გაორებული ადამიანის სახეა. მუნდირს შეწირა თავისუფლება, ნამდვილკაცობა. უნაყოფოდაც გადაეგო და ბოლოს მიხვდა რა არარაობადაც აქცია პურისთვის მსახურებამ. თავიდანვე შეეგუა სიყალბეს, რამაც გადაიყოლა და პიროვნულად შეიწირა. მუნდირი კი ყველა შემოხეტებულ შემთხვევითსაც აცვია დუქანში, შავ ბაზარზე რომ ეყიდათ და ესეც კომიკური შტრიხი. მუნდირი ვერ დაიცავს ადამიანს, უძალოა, ძალა მხოლოდ ღირსებაშია. სხვაობაც კი დაკარგულია ამ განურჩევლობაში, ''ხელმწიფის'' კაცი , მუნდირიანი გატოლებულია ნებისმიერ მაწანწალასთან, ვისაც ასევე მოსავს ის... საბა ლაფაჩი ცხოვრებამ გარიყა, უსაჭიროოდ, უსასოოდ... ორგზის ჩადენილი სიკეთის მიუხედავად, როცა მანაც არ ესროლა დემონსტრანტებს და ნატოს ტყუილსაც დაემოწმა, რითაც გადაარჩინა განწირული ადამიანი. დედის სიკვდილით ჩაწვდა იგი ამაოებას, რასაც წლები შეალია და შეახარჯა. მისი ცხოვრება დაკარგული დროა. ამ შემგუებლობას ისევ ურჩობა სჯობდა, ურჩობა მონად მაინც არ აქცევდა... ბოლოს ასე წამხდარ-გაბითურებულსაც მიტომ ვხედავთ - ამგვარი სამსახური არ ფასობს... ადამიანს არა აქვს მხოლოდ ხორციელ-მიწიერი გაგება, მას გაცილებით მეტი ევალება, მით უმეტეს, როცა ქვეყნის თავისუფლებაა სასწორზე. სამშობლოს ერთგულება მუნდირში არ იცვლება. განა შემთხვევითია ამ ქაოსში ყაზბეგის თავდადებაზე მონათხრობი? ანდა ხმალზე თქმული, შაჰს როცა მოახსენებს გმირი - მე და ჩემი ხმალი ქართველები გახლავართო? ვერ იქნება ორთა ბატონთა მსახურება. საბა ლაფაჩი კი იმპერიის ომშიც მონაწილეობდა, საიდანაც კიდევ უფრო გაცამტვერებული დაბრუნდა. ბედნიერება სხვის სამსახურში არ არის, ბედნიერება საკუთარი ქვეყნის შვილობაა... რას წარმოიდგენდაო დიდმპყრობელი ხელმწიფე მისი ''გადაბრეცილი ფაცხისა და ერთი მტკაველი ყანის მოშურნე თუ იქნებოდაო.'' გვიანღა რომ მიხვდა ამას, უცხოდ მიჩნეული მათთვისო, - არა იმათნაირი და ამიტომაც ზედმეტიო, ხელისშემშლელი, სასწრაფოდ ამოსაძირკვი ან გადასაგვარებელი... ამბავთა მთხრობელ საბას, სხვისა ომგადახდილს, მომსმენიც კი აღარ ჰყავს, ზღაპრად რომ ეჩვენებათ გარშემო ყოველი და ''ტყუილის ღირსნიც არ იყვნენ ისინი,'' მერეღა რომ გაიაზრებს... სხვაა მოწოდება ადამიანის, აცდა ის ამას და გვიან მიხვდება, რომ საბად გაჩნდები თუ ლაბადო, ''კაცად გაჩენილი, პირუტყვად რომ არ იქცე, შენიანი არასოდეს არ უნდა გახდეს შენთვის სულერთი'' - ეს რომ არის მთავარი! ასეთია მისი დასკვნა, მისი დაღდასმული ცხოვრების ფინალი... დავუბრუნდეთ მთავარ გმირებს. თბილისელ მსახიობს შვილი რჩება და ვაჟს არჩადენილი დანაშაულისთვის სჯიან ან იქნებ წარსულისთვისაც? რეჟიმს ხომ მორჩილნი სჭირდება და მამის ამბოხი ახლა თითქოსდა შვილში გადასულიყო, უფრო ცხადად, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ვინ იცის; თუმცა ის ახერხებს გაქცევას პატიმრობიდან, რითაც თავისუფლების არდამთმობად გვევლინება. სიყვარულსაც დაიმსახურებს და შვილიც ჩნდება, რომლის შესახებ ისევ შორეთს გაქცეულმა არაფერი იცის. განსაცდელის გზასაც გადის, მაგრამ მკვლელად მაინც არ იქცევა და ლაბირინთიდან, ''უგზოობის'' გზიდანაც ბრუნდება, რადგან ადამიანობა არ შებღალა, ხორციელ გადარჩენას სულიერი არჩია და ჯილდოდ ხსნაც მიიღო... სადღაც მაინც ხარობს სიმართლის ნერგი, შეურყვნელი ცხოვრება, შეუბილწავი. შეჩეჩებული რევოლვერიც თოვლში მოისროლა... თავდაღწეული გმირია, მომავლის შვილი... ''სჯობია, გინდოდეს და არ შეგეძლოს, ვიდრე შეგეძლოს და არ გინდოდესო.''- ესეც ერთგვარი შეგონება სხვა სიბრძნეთა შორის. სიყვარულს შესწევს ძალა დროს გაასწროსო. შეყვარებული ადამიანი მთელი თავით მაღლა დგას თავის თანამედროვეობაზეო, როგორც პოეტი, ანდა სხვა შემოქმედნი თუ მეცნიერიო... მოთხოვნა თუ მოპოვება? - ეს გადაწყვეტაცაა დასმული საკითხად, ვისაც ''ბედნიერების მოსაპოვებლად თითის განძრევაც არ შეუძლია, მაგრამ, იმავე დროს, ბედნიერებას მოითხოვს ცხოვრებისგან.'' მოთხოვნას მიაჩვიესო ვინაც და არა მოპოვებას... ასეთი სახისმეტყველებაც გვხვდება - ''მოაზროვნე ლერწამი'', რომელიც ჩვეულებრივისგანო მხოლოდ იმით განსხვავდება, იცის, რატომ იხრება... ''უპატრონო პატრონი'' - ამგვარი სიტყვაც გაჩნდება სიტყვათმარაგში... რას გაუყვია ადამიანები?! არჩევანს, მაგრამ ცუდისკენ ზურგშემქცევი უფრო ცოტაა, ვიდრე კარგისკენ. ''კაცს სიკარგე არ უნდა, აღიზიანებს, რადგან ძნელია, მწარეა, მტკივნეულია''... ''სურვილი ექვემდებარება წესს და არა წესი სურვილს'' - ესეც ის განაზრახია, რაც ადამიანობას გიმორჩილებს და არ გაკარგვინებს. ''ცხოვრება თუ გინდა, უნდა დაამტკიცო კიდეც, ღირსი რომ ხარ ცხოვრებისა.'' ცხოვრებაც მძაფრი დრამაა სხვადასხვა გმირებით კუთვნილ სცენაზე: თავ-თავიანთი ტკივილებით, ნაკლით, მარცხით... ზოგიც მხოლოდ ეპითეტებით იხსენიება - სათვალიანი, ბრტყელსახიანი, ვინ სად გაუხიზნავს და გაურიყავს ცხოვრებას, ვინ იცის, როცა ''ქვეყანაა ნანგრევებში'' მოყოლილი მართლაც. რა ჭირი არ მალავს თავს... დიმიტრის უსუსურობაც თვალშისაცემია და უილაჯოა თავისმართლებაც - ''მე ქვეყანაზე ადრე დავიღუპე და ახლა რაც უნდა ის მოხდესო''... საზოგადოებას ვერ ვხედავთ, სამაგიეროდ ქალაქში ხროვაა, ბრბო ლოთების, უწესო თავგაყიდულ დიაცთა, მეგროშეთა, მორიგე ჯარისკაცებიც გამოჩნდებიან ხანდახან ''წესრიგისდასამყარებლად'' რომ პატრულირებენ... ცხოვრება ''დუღს და გადმოდუღს'' სხვადასხვა დროში სხვადასხვაგვარად, ამჯერად მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობით და ბევრგზის შემთხვევით არ იმეორებს მწერალი ამ ფრაზასაც, რადგან ''კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს და რითი შეიძლება დამთავრდეს ის, რასაც აკეთებს.'' როგ ორი სხვა სურნელი აქვს ადრეულ ხანას, შეუბღალავს, ბუნებამოსილს. წარსულის მონატრების მეტაფორაც - ''ვერაფრით რომ ვერ მოიკლავდა მერე თავისდროზე მოუკვლელ შიმშილს; სულ რომ ეშიებოდა, რადგან ჭკუაში ჩავარდნილს, სუფრა უკვე დიდი ხნის ალაგებული დახვდებოდა, ხოლო მოშიშვლებულ მაგიდაზე საცოდავი ნაფხვენებიღა ეყრებოდა მხოლოდ, რითაც ერთი ბეღურაც ვერ ამოივსებდა ჩიჩახვს.'' რაოდენ ტრაგიკული და მტკივნეული უნდა იყოს დრო, რომ ადამიანმა გაიაზროს ის ამაოება, სულისშემძვრელი, რაც ამ სტრიქონებით გადმოსცა ავტორმა - ახლა კეთილშობილებისა და პატიოსნების იმედზე ყოფნა იგივეაო, ქვის ცულითა და მშვილდისრით რომ გამოხვიდე ტყვიამფრქვევის ან ტანკის წინააღმდეგ. ახლა ის იმარჯვებს, ვინც უფრო დაუნდობელია, ვინც მეორე ლოყასაც კი არ უშვერსო შეურაცხმყოფელსო, არამედ თვალის წილ თვალს მოითხოვსო... ასეა შეფასებული დრო, რომელიც განუკითხავია... ნიშანდობლივი და საცნაური ფრაზაც - ''პოეტობით იწყებენ და ოხრანკის აგენტობით ამთავრებენ.'' ღირსების ტოლფასი არავინ და არაფერია... მხოლოდ ზღვის შხუილია ოდინდელი, უცვლელი, ხმაურიანი, თითქოსდა ის ესიტყვება დამდორებულ ცხოვრებას. ნატოც მას სტუმრობს ხშირად, მის ტალღებში ითქვამს დაღლილ სულს, სიყვარულით ანთებული გულიც აქ იშვებს. ნატოც ზღვასავით არ ეპუება ცხოვრებას. გელა შორსაა, თოვლიან მხარეს. წყალიც, თოვლიც სიწმინდის გამოხატულებაა და ეს გმირებიც შემთხვევით არ ექცევიან მასში. მხოლოდ ეს ახალგაზრდები ნატო და მისი რჩეული, თბილისელი მსახიობის ვაჟი - გელა ახერხებენ ბრძოლისუნარიანობას, შეუპოვრობას, მსხვერპლის გაღებას. ნატო თავდადებულია, წინ აღუდგება ყველას სიყვარულის შესანარჩუნებლად და შვილსაც აჩენს, თავსდამტყდარი დაბრკოლებებისდა მიუხედავად. ისიც კი არ უწყის ცოცხალია თუ არა გაქცეული, ძებნილი მისი რჩეული... მან იცის, რომ გელა განსხვავებულია და უტყუარად სჯერა მისი, დამნაშავედ მიჩნეულის, განწირულის. შვილით აგრძელებს და აგვირგვინებს ამ სიყვარულს. დედობაა მისი თავგვირგვინი იმ დროში, როცა ეს საფრთხედაც კი შეიძლება იქცეს. გულით გრძნობს ვაჟკაცის სიმართლეს, მისას, ვინც - უშეცდომოდ იცოდაო, რა უნდოდა, რისი მიმატება დააკნინებდა და რისი დაკარგვა ატკენდა გულსო. ''არსებულის გარდაქმნა'' ვიღაცას ხომ უნდა ეტვირთა?! გელა კი ''იმდენივე იყო სულისა, რამდენიც ხორცისა''... მას უნდა თავად ეძლია ყოველივე, ვისაც მხოლოდ განზოგადებულად რომ ვთქვათ, ''ცხოვრებისგან გასაქცევი გზა ასწავლეს და არა ცხოვრებაში დასარჩენი''... ბევრჯერ დააყენა ცხოვრებამ გამოცდის წინაშე, ხოლო ღირსება მისი ერთადერთი არჩევანია. ყველას დაღუპული ჰგონია, თუმცა ცოცხალი ჩნდება. ის უნდა გადარჩეს და გაგრძელდეს, აკი გრძელდება კიდეც შვილის სახით. მხოლოდ დედამ იცის, რომ ცოცხალია და კატასღა მიახარებს ბოლოს, შემოჩვეულ ერთადერთ არსებას. სულდგმულთა შორის ქანდაკებად ქცეული ქალი შვილს სიხარულით ელის და გულგრილობით შენიღბული, გასალკლდევებული ყველას საპირისპიროს უფრო აფიქრებინებს. ერთი კითხვაც იჩენს თავს, რატომ არ იღებს თუ ვერ იღებს გელას დედა ნატოს და მედიდურად ეკიდება? იქნებ იმიტომაც, რომ ნატოში უფრო ცხადად ხედავს იმას, რაც თავად ვერ მოახერხა თავის დროზე. ნატო გამღებია და არაფერს ითხოვს. ელენემ ყოველივე ვერ უმსხვერპლა სიყვარულს. იქნებ ნატოს წინაშე თავის თავს უფრო ემალება ანდა დედის შიშს ფარავს, გელას უფრო უფრთხილდება... დედის ვალი ცალკე ხაზია საერთოდ, სხვადასხვაგვარობაც იხატება მასთან და დედის მისიაც იკვეთება - ''დედა სამ დროში განფენილი უსაზღვროებაა'', წარსულს, აწმყოსა და მომავალს რომ მოიცავსო... ნატოც თავის მხრივ შვილის გადარჩენას ცდილობს და თვალისასახვევად საბა ლაფაჩს გამოსთხოვს აღიაროს ბავშვის მამობა. ისიც იწირება ამ რკინის ''თეატრის'' თუ ''უღლის'' ქვეყანაში და ბოლოს ზღვის ტალღებში უჩინარდება, წყალი ხომ განწმენდი და განახლების სიმბოლოა... ნიშანდობლივი ფრაზაა, როგორ ეშინია დედობის, უფრო სწორად ''ურჩისგან'' შვილის დარჩენის, რაც დიდი ალბათობით დაუშვებელი იქნებოდა ზედამდგომთათვის, ვინაც ფრთხილობდნენ, რაიმე არ გაჰპარვოდათ თვალთახედვიდან, მით უფრო შემჩნეულისა და მიზანში ამოღებულისგან - ''თუკი მამის მიდრეკილებები განუვითარდებოდა და ბატად განწესებული, გედობას მოინდომებდა.'' ''ცხოვრება ღირსი რომ არ იყო სიყვარულისა და, რაღა თქმა უნდა, არც მსხვერპლისა... ყველაზე სულელი ის გამოდიოდა, ვინც ამ უგულო, გაპირუტყვებულ ცხოვრებაში თავგანწირვაზე ფიქრობდა და არა გადარჩენაზე.'' ''თუკი სიყვარული სენია და არა მადლი'' მაშინ... ზოგთათვის ხომ ცხოვრება მართლაც ''ერთ გაუთავებელ ბანკეტად'' გადაქცეულიყო... რომანს არ ჰყავს გამარჯვებული გმირები, მაგრამ გადარჩენა გელასი და მისი ძის არსებობაც უკვე თავისთავად მოწმობს გადარჩენილ მერმისსა და სიყვარულს. როგორ მდუღარე ცრემლებით მოიკვლევს იგი თოვლიან გზას და ხაზგასმაც - ''მტირალს დასცინიან და არა მგლოვიარეს,'' რადგანაც ტირილი ფარხმალის დაყრააო, გლოვა კი შეურყევლობას, სიცოცხლისუნარიანობას ადასტურებსო და შენს ერთგულებას. ხოლო, იქვე მას გარდაცვლილ მამასთანაც აკავშირებს და ისევ მთავარფრაზაც, რომელიც შეჯამებაცაა ერთგვარი, როცა რაღაცის დაკარგვაო - ''გასუსტებს, მაგრამ არ გაბეჩავებს, რადგან რაც თვალს აკლდება, ის სულს ემატება, ხოლო სულის მოსპობა გაცილებით ძნელია, ვიდრე ხორცისა.'' ''რკინის თეატრსაც'' დაუდგება დასასრული და ჩამოეფარება ფარდა, ხოლო მის მიღმა განახლებული ცხოვრება გაგრძელდება, ძალამოცემული, სულმოდგმული, სიყვარულით ნასაზრდოები. განზოგადებულად თუ ვიტყვით მწერლის პერიფრაზით, ამ ქაოსში იყვნენ ისეთებიც, ვისაც - ''სიყვარულის პური მოჰყავდათ... შეიძლება ცოტა, ერთი პეშვი, მაგრამ მაინც საკმარისი.'' ლალი ბარძიმაშვილი - გიორგობისთვე. 2019. |