ძველად სახელმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა დინასტიური ქორწინებები. ამ აქტით სიმბოლურად გამოიხატებოდა და მტკიცდებოდა ქვეყნებს შორის დამყარებული შეთანხმებები, სამოკავშირეო ხელშეკრულებები, ერთი სახელმწიფოს გავლენის გავრცელება მეორეზე და ა.შ. პოლიტიკური დამოყვრებანი თავისი ხასიათით, ფორმით და მოტივით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მათ ხასიათში ნათლად ირეკლებოდა ქვეყნის სიძლიერე, სისუსტე და საერთაშორისო პრესტიჟი. ერთიანი საქართველოს ხანაში, ბაგრატიონთა საგვარეულო სახლი ძირითადად უმოყვრდებოდა სომხეთის, ბიზანტიის, შირვანის, რუსეთის, ტრაპიზონის, ოსეთის, თურქ-სელჩუკების და სხვა სამეფოს საგვარეულოებს. 1184 წელს, როდესაც საქართველოს მეფედ ეკურთხა თამარი, მწვავედ დადგა მისი დაქორწინების საკითხიც. საქართველოს ძლიერი და მდიდარი მონარქიის ვაკანტური სამეფო ტახტი ბევრი სახელმწიფოს ხელისუფალისთვის გახდა სასურველი. ქართველებს კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდათ, რადგანაც უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელს ქართველთა სამეფო ტახტი, შესაძლებელია, საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. გარდა ამისა, ბაგრატიონთა გვარში, მამაკაცი აღარ იყო, ამიტომ თამარზე იყო დამოკიდებული მისი დინასტიის ბედიც. თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოსულები იყვნენ ოსეთის მეფეების შვილები ,,შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი’’, მაგრამ მათი განზრახვა უქმ იქნა. უკან გაბრუნებულთაგან ერთ-ერთმა ვერ გადაიტანა თამარის სიყვარული, მისგან მიღებული უარი და გზაშივე გარდაიცვალა. იგი წმ. რაჟდენის სახელობის ნიქოზის ტაძარში დაკრძალეს. თამარის დაწუნებულ სასიძოთა შორის, ასევე იყვნენ: ბიზანტიის იმპერატორის მანუელ I-ის (1123-1178) უფროსი შვილი, რომელიც თამარისადმი სიყვარულის გამო ,,გაჭრითა და გახელებით’’ იყო. სულთან ყიზილ-არსლანის ერთ-ერთი ვაჟი კი, მაჰმადიანობის დაგდებასაც აპირებდა, მაგრამ სულთანმა ,,დაიჭირა’’ და საქართველოში არ გამოუშვა. თამარის ქმრობის ერთ-ერთმა მოსურნემ, მუტაფრადინმა კი თავი ვერ შეიკავა და თვითონ ეწვია მეფეს. საქართველოში სალდუხის ძეს შესაფერისად დაუხვდნენ: ზამთარი სომხითს გაატარებინეს. არც ნადირობა-დროსტარება და სუფრა-ნადიმი დააკლეს, მაგრამ მისი კანდიდატურა მაინც უარყვეს. დაწუნებულ უფლისწულს თამარის ნახევარდა, გიორგი III-ის უკანონო შვილი შერთეს ცოლად და ძვირფასი ძღვენით სამშობლოში გაისტუმრეს. დიდებულების ნაწილი თამარს ბიზანტიელ ალექსიზე დაქორწინებას სთავაზობდა, ნაწილი კი შარვანშა აღსართანს ურჩევდა, რომელმაც დიდებულების გადმობირების მიზნით არც საჩუქრები დაიშურა და არც ქრთამი. იგი მზად იყო სარწმუნოებაც კი შეეცვალა. ორივე მათგანი თამარს დავით აღმაშენებლის ქალიშვილების - კატაის და თამარის მხრიდან ენათესავებოდბენ. სწორედ ამ მიზეზის გამო უარყვეს მათი კანდიდატურები. დაწუნებულ სასიძოთა შორის აღმოჩნდა რომის საღვთო იმპერიის მბრძანებლის ფრიდრიხ I ბარბაროსას ვაჟი, ჰერცოგი ფრიდრიხ შვაბელიც. საქართველოს სამეფო კარს ერჩივნა, რომ ბაგრატიონთა სიძე ყოფილიყო ისეთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც ვერც ძალით და ვერც პოტენციური შესაძლებლობებით კონკურენციას ვერ გაუწევდა საქართველოს, ხოლო სასიძო კი მეფე-ქალისა და სახელმწიფოს მესვეურთა ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ სამეფო კარმა არჩევანი თავის სამეფოდან გამოგდებულ ანდრია ბოგოლიუბსკის ძეზე - იურიზე შეაჩერა. როგორც ჩანს, გიორგი რუსი არ აპირებდა ყოფილიყო მეფე-ქალის უბრალო მეუღლე და მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი, რის გამოც მისი უარყოფითი თვისებების მიზეზით საქართველოდან გააძევეს და დიდი საჩუქრებით კონსტანტინეპოლში გაისტუმრეს. თამარის მეორედ დაქორწინებისას, სამეფო კარი აქცენტს სასიძოს ჩამომავლობაზე აკეთებს. დავით სოსლანი დედითაც და მამითაც ბაგრატიონთა სამეფო გვარს ეკუთვნოდა. დედით - ქართველთა, ხოლო მამით - ოსეთის ბაგრატიონთა შტოს. ოსეთის ბაგრატიონებს დასაწყისი მოაქვთ გიორგი I-ის (1014-1027) ძის, დიმიტრის შვილის, დავითისაგან. აფხაზეთში მცხოვრებ დიმიტრის დარჩა შვილი დავითი. იგი თავის დედასთან, ალდესთან ერთად, რომელიც ოსი იყო, გადასახლდა ოსეთში. აქ მან შეირთო მაშინდელი ოსეთის მეფის ქალი და შემდეგში გამეფდა კიდეც. ამით დავითმა საფუძველი დაუდო ოსეთის ბაგრატიონების დინასტიას. ამ დავითს ჰყავდა შვილი დავითი, რომელმაც ცოლად შეირთო დავით აღმაშენებლის ასული რუსუდანი. მათ ეყოლათ ათონი, ათონს ჯადრონი, ჯადრონს კი დავით სოსლანი, რომელიც 1187-1188 წლებში თამარის მეუღლე გახდა. საქართველოში ფეხმოკიდებული საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით, შეუღლება შეიძლებოდა ნათესაობის მეექვსე ხარისხის შემდეგ. თამარი და დავით სოსლანი გიორგი I-ის საშუალებით ნათესაობის მეექვსე ხარისხში, ხოლო დავით აღმაშენებლის ასულის რუსუდანის მხრიდან, ნათესაობის მესამე ხარისხში იმყოფებოდნენ. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საეკლესიო დოგმატიკაზე უფრო ძლიერი მომავალი ტახტის მემკვიდრის მამით ბაგრატიონების სურვილი აღმოჩნდა. |