საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ბაგრატიონთა რომელი შტოდან და რა გვარის უნდა იყოს საქართველოს მომავალი მეფე (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
ეს წერილი დაიწერა xxi საუკუნის პირველ წლებში. შემდეგ, 2007 წელს შევიდა ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". მას მერე ვითარება გარკვეულად შეიცვალა, ამიტომ, წერილი ოდნავ შევცვალე და განმარტებები დავურთე.      
მთავარი პრინციპი, რაც ყველაზე უმთავრესად მიმაჩნია - მორიგება ბაგრატიონთა შტოებს შორის, და ბაგრატიონთა ყველა შტოს დაფასება, ისევ აქტუალურია, რადგან ჯერ ვერ მოხერხდა, სამხუხაროდ.

გია მამალაძე

ბაგრატიონთა რომელი შტოდან და რა გვარის უნდა იყოს საქართველოს მომავალი მეფე 1    
               
                      "საპატრიარქოში ინახება ბაგრატიონების ტახტი, რომელიც პატრონის მოლოდინშია. მეფობა საქართველოში აუცილებლად აღდგება".         
    
      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

   მონარქისტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ტახტის მემკვიდრის თაობაზე. გარდა ამისა, უამრავ ადამიანს თავისი პოლიტიკური თვითშეგნების სრულ გამონარქისტულებაში ხელს უშლის ის, რომ არ არის ცნობილი პიროვნება, რომლის გარშემოც უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კონსტიტუციურ-მონარქისტული, სახალხო-მონარქისტული ძალები.

  პრინციპში, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია მოძრაობისათვის.    თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციურ-მონარქისტული წყობა პერსპექტივის საკითხია. ამიტომ უმთავრესია ქართველი ხალხის მიერ პრინციპული გადაწყვეტილების მიღება - ტახტის აღდგენის შესახებ.

   დანარჩენი, დროისა და მემკვიდრის აღზრდის საკითხი, ადვილად გადასაჭრელი იქნება. ზრდასრული ადამიანი ამ საქმისთვის არ გამოდგება. მეფობისათვის ადამიანი ბავშვობიდან უნდა ემზადებოდეს, წლების მანილზე, თან უნდა დაიმსახუროს. დამსახურება არის უმტავრესი, მარტო ლეგიტიმიზმი საკმარისი არ იქნება.

   საქართველოს რეალობაში სულ სამიოდე შტოს შეიძლება ჰქონდეს ობიექტური პრეტენზია სამეფო ტახ
ტზე ასვლისა. 

   პირველია ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი. ნუგზარ ბაგრატიონი არის ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მემკვიდრე. მას ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი დაქორწინებულნი  არიან არადიანასტიური ქორწინებით, თუ დავაზუსტებთ, არაბაგრატიონებზე2. საქართველოში ბოლო ათასი წლის მანძილზე მხოლოდდამხოლოდ ბაგრატიონების დინასტია მეფობდა. არცერთ სხვა გვარს არ შეეძლო დაეკავებინა დავით წინასწარმეტყველის მამრობით შთამომავალთა ტახტი.   ერეკლე II-ს თორმეტი ძე ჰყავდა, გიორგი XII-ს ცამეტი ვაჟი, სამწუხაროდ, მათი მამრობითი ხაზი აღარ გრძელდება. ქართული ტრადიციით კი ტახტზე ქალის ასვლა, თუ გვარს ჰყავს ვაჟი ბაგრატიონები, არ შეიძლება, ვინაიდან შემდეგი თაობიდან დინასტიის გვარი შეიცვლება. საქართველოში კი, ვიმეორებთ, მხოლოდ მამრობითი ხაზით ბაგრატიონი შეიძლება იყოს მეფე. ქალის ტახტზე ასვლა შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ ქალი მეფის შვილია, ძმა არა ჰყავს, ან მისი ძმა, მეფის მემკვიდრე ფიზიკურად ან გონებრივად არასრულფასოვანია, და თუ მისი მეუღლეც გვარად ბაგრატიონი იქნება, რათა დინასტიის გვარი არ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება, ე. ი. მონარქი იქნება ქალი, მაგრამ მეუღლის ბაგრატიონობა დინასტიის გვარის უცვლელობას უზრუნველყოფს. ასე იყო თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინების შემთხვევაში. 

  რუსუდანი დროებითი მეფე იყო, ფაქტიურად რეგენტი, მას დავით ლაშას ძე უნდა აღეზარდა და დაეთმო ტახტი, უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩემი წერილი: "უფლის აღთქმა დავითიანთა (იესეან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი"). 

   მეფობის პრეტენდენტთაგან ერთ-ერთია ესპანეთიდან დაბრუნებული გიორგი (ხორხე) ირაკლი ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის3 ოჯახი, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავს და ერთი ძმისშვილი. ეს ოჯახი არის ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის მეორე ვაჟის, დიმიტრის ძის, ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის მემკვიდრე. ამ ოჯახის მეთაური, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონი 2006 წელს გადმოსახლდა სამშობლოში.  

  ალექსანდრე
დიდის შემდეგ გამეფდა მისი უფროსი ვაჟი, ვახტანგ IV, იგი გადაეგო უძეოდ, შემდგომ ტახტზე ავიდა ძმათა შორის მესამე - გიორგი VIII. გიორგი VIII-მ ერთიანი საქართველოს ტახტი დაკარგა და კახეთში გამეფდა. ძმათაგან მეორე შვილის, დიმიტრის ძემ, კონსტანტინემ შემდეგში ქართლის ტახტი დაიკავა (კონსტანტინე II).

  კონსტანტინე II-ის უფროსი ვაჟის, მეფე დავით X-ის ხაზი 1658 წელს შეწყდა, როსტომი უძეოდ გადაეგო. ტახტზე ავიდა კონსტანტინე II-ის ვაჟის, - ბაგრატის, რომელიც მუხრანბატონთა შტოს ფუძემდებელი იყო, - შთამომავალი, თეიმურაზ მუხრანბატონის ძე, ვახტანგ V, შაჰნავაზი, რომელიც ნაშვილები ჰყავდა როსტომ მეფეს.  

  ქართლის მუხრანელ ბაგრატიონთაგან შვიდმა იმეფა. მათ შორის ერთმა ცოტა ხნით კახეთსა და იმერეთშიც. 1724 წელს ამ შტოს წარმომადგენელი, ქართლის მეფე ვახტანგ VI რუსეთს გაემგზავრა.    

 1919 წელს შეწყდა ქართლის "მუხრანელი" მეფეების შთამომავლობა, რომელნიც რუსეთში გრუზინსკების გვარს ატარებდნენ. ქართლის (მუხრანის) ბაგრატიონთა შტოში უფროსი გახდა რუსი ბოლშევიკების მიერ მხეცურად მოკლული გენერლის, ალექსანდრე მუხრანბატონის ძე გიორგი. დღეისათვის მისი შვილიშვილის, გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე მუხრანბატონის ოჯახი არის უფროსი ქართლელ ბაგრატიონთა შტოში. იგი არის ვახტანგ V-ის ძმის შთამომავალი.     

1490 წელს ფაქტობრივად გაფორმდა საქართველოს დაშლა, თუმცა ერთგვარი უპირატესობა ქართლის შტოს ჰქონდა, ვინაიდან ისინი უფრო ახლოს იყვნენ ლეგიტიმიზმთან (კონსტანტინე II-ეს უფრო ეკუთნოდა ტახტი, ვიდრე გიორგი VIII-ს და მის შთამომავლობას. ამასთან, ქართლის მფლობელი ტფილისის, მეტროპოლიის მეფე იყო).    

1790 წელს დაიდო "ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა" (ერთგვარად ეს იყო ერეკლე მეორის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოსთვის იმერეთის პირდაპირ შემოერთებაზე უარის თქმის სანაცვლო). ამ ტრაქტატის ხელისმომწერთაგან ერთგვარი უპირატესობა კახეთის შტოს მიენიჭა, ვინაიდან ამ დროს ქართლის და კახეთის გაერთიანებული სამეფოს ტახტს კახეთის შტოს წარმომადგენელი ერეკლე II ფლობდა. თუმცა, ერთიანი საქართველოს დინასტიად ერეკლეს შთამომავლობა არ გამ
ოცხადებულა.  

 საქართველოს გასაბჭოების მერე ემიგრაციაში მოხვდნენ მუხრანბატონი გიორგი და მისი ვაჟი ირაკლი, რომელიც მაშინდელმა ტრადიციონალისტთა კავშირმა 1942 წელს ტახტის მემკვიდრედ აირჩია. რუსეთის საიმპერატორო ოჯახის მეთაურმა, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა 1946 წლის აქტით აღიარა ბაგრატიონთა სამეფო ღირსება. დინასტიის მეთაურად გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გამოცხადდა.    

ირაკლი ბაგრატიონი გახდა ესპანეთისა და ბავარიის სამეფო ოჯახების სიძე, ხოლო მისი და, ლეონიდა რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, დიდი მთავრის ვლადიმერ კირილეს ძის მეუღლე.

   იმერეთის მეფეთა ჩამომავალთაგან მხოლოდ იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის ვაჟის, ბაგრატ ბატონიშვილის (სოლომონ I-ის ძმის) შთამომავლობა გრძელდება მამრობითი ხაზით. იმერეთში, სოფელ ღვანკითში ცხოვრობს ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი ირაკლი  გრიგოლის ძე ბაგრატიონი4.

  ირაკლი იმერთბატონიშვილს ჰყავს ვაჟი დავითი და შვილიშვილები ირაკლი, ქეთევანი და თამარი. სხვა მამრობითი შტოები იმერეთის ბაგრატიონებისა შეწყვეტილია. ამ ოჯახის წინაპრები არ ყოფილან ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის ქვეშევრდომები.   არსებობს, ასევე, ბაგრატიონ-დავითიშვილების შტოც.   ბევრი მორწმუნე, მართლმადიდებელი მკვლევარის აზრით, საქართველოს უბედურება, დაშლა-დაქუცმაცება იმის ბრალია, რომ დაირღვა ლეგიტიმიზმის პრინციპი, ჯერ გიორგი III-მ ტახტი წაართვა ძმისშვილს, დემნას და მოკლა იგი, გიორგი VIII-მ ტახტი წაართვა ძმისშვილს, კონსტანტინეს და სხვა.


   ასე რომ, ლეგიტიმიზმის პრინციპს ისევ უნდა დავეყრდნოთ, თუმცა ყველაფერი უფლის ხელშია. თუმცა, ტახტის პრეტენდენტმა უნდა დაიმსახუროს ხალხის სიყვარული თავისი თავმდაბლობითა და ერისადმი მსახურებით. როგორ მოისურვებს ღმერთი, არ ვიცით, მე მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომელსაც ეთანხმება ქართველ მონარქისტთა ფართო წრე.
 
  ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოს რეალობაში გვარის გაგრძელება მხოლოდ მამაკაცური ხაზით შეიძლება. ვიმეორებთ, ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ წმიდა თამარ მეფის მაგალითი აქ არ გამოადგებათ, მის
ი ქმარი დავით სოსლანი გვარად ბაგრატიონი იყო და დინასტიის გვარი არ შეცვლილა. 
 
თუ ჩვენ გვჯერა, რომ ბაგრატიონები არიან ბიბლიური წმიდა დავით მეფის შთამომავლები, ჩავხედოთ სახარებას, მათე მახარებელი მოგვითხრობს: 

"აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ... იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაÁს ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია... ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა... ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე~. მარიამისეული ქართლის ცხოვრების მიხედვით დავითიანების გვარი ასე გრძელდება: "იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი, კლეოპა შვა ნაომ, ნაომ შვა სალა, სალა შვა რობუამ,... ისაკ შვა დან, დან შვა სოლომონ, სოლომონ შვა შვიდნი ძმანი, რომელნი იგი მოსცა ღმერთმან ტყვეობასა შინა... და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს, ხოლო ერთი მათგანი სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატიონნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისი".  

 არსად არ არის ნახსენები ქალის ხაზით გვარის (დავითიანობის) გაგრძელება. ჩვენ მხოლოდ შემოკლებულად მოვიტანეთ სქემა, ვისაც სურს გადაამოწმოს.

 
  თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ხელმწიფე გვარად ნამდვილი ბაგრატიონი, თუ ჩვენთვის სულერთია რა გვარის მონარქი გვეყოლობა, მაშინ მოვკიდოთ ხელი ნებისმიერ კარგად გაზრდილ ქართველს და დავსვათ ტახტზე (დღეისათვის არც ერთი ბაგრატიონი არ არის სამეფოდ აღზრდილი). ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოვაცხადებინოთ კონკურსი და გამარჯვებული ავიყვანოთ ტახტზე, ან  ვიქტორინა ჩავატაროთ...

   დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ, თანამედროვე ქართველებმა, შეგვიძლია გავიმეოროთ საქართველოს ისტორიაში არსებული ბრწყინვალე მაგალითი: ერთიანი საქართველოს მომავალი პირველი მეფე, ბაგრატ
III, იშვილა უძეო დავით III კურაპალატმა. ასევე, აფხაზეთის უძეო მეფემ, თეოდოსიმ, თავისი დისწული, იგივე ბაგრატ III გამოაცხადა თავის მემკვიდრედ.    

შედეგად საქართველო გაერთიანდა. ქართველები არ ვიარსებებდით, ალბათ, რომ არა იმ შესანიშნავ მამულიშვილთა, ასევე იოანე მარუშისძის, რომელიც ამ საქმის იდეოლოგი იყო, და სხვა, დღეისათვის უცნობები პატრიოტების, ვაჟკაცური საქციელი.

   ვინაიდან ქართლ-კახეთის (თუ კახეთის, გააჩნია როგორ შევხედავთ) შტოს გრუზინსკების მემკვიდრეს, გიორგი XII-ის შთამომავალს, ბატონ ნუგზარს, არაბაგრატიონებზე დაქორწინებული ქალიშვილები ჰყავს, კარგი იქნება თუ იგი იშვილებდა იმერთბატონიშვილ ირაკლი დავითის ძეს (ან მის მომავალ ძეს) ან გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის რომელიმე ვაჟს,  რომლის ძეც მერე ავიდოდა ტახტზე (ან მომავალ ძეს) 5. ნურავის ეწყინება ჩემი ნათქვამი. მე ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები მალაპარაკებს, რომელიც კრძალავს ქალის ასვლას ტახტზე. პირიქით, ჩემს წინადადებაში, თუ დავაკვირდებით, დიდი პატივია გამოხატული.  

  ვიმეორებთ, ზრდასრული ადამიანი ამ საქმისთვის არ გამოდგება.   

  დაქორწინების მერე ირაკლი იმერთბატონიშვილი და მისი მეუღლე, გიორგი მუხრანბატონის ძეები და ძმისშვილი და მათი მეუღლეები, ლეგიტიმური უფროს-უმცროსობის მიხედვით უნდა გამოცხადდნენ სამეფო წყვილებად. მარტო ერთი ოჯახის გამოცხადება სამეფო წყვილად არ შეიძლება, იქნებ ვაჟი არ ეყოლოთ 6. 


  ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის უნდა მიენიჭოს ბაგრატიონთაგან უმთავრესი რეგენტის წოდება და პატივი. 
 
  პატივი და წოდება, ჩემის აზრით, უნდა მიენიჭოთ იმერეთის ბატონიშვილს ირაკლი გიორგის ძეს და გიორგი მუხრანბატონს.   რასაკვირველია, უმთავრესი რეგენტი იქნება საქართველოს პატრიარქი (მათ გარდა რამდენიმე დამსახურებულ მონარქისტსაც უნდა მიენიჭოს რეგენტის წოდება).   

გარდა ამისა, საქართველოში, სამეფო ტახტის აღდგენის შემთხვევაში, რომელიც მერე მემკვიდრეობით გადავა, შეიძლება შეიქმნას კიდევ ორი მემკვიდრეობითი ინსტიტუტი, რომლებსაც სათავეში ჩაუდ
გებიან გრუზინსკების (ეს გვარი, დღევანდელი დემოკრატიული კანონებით, ქალთა შთამომავლებმა დაიტოვეს. საქართველოს რესპუბლიკის კანონი, განსხვავებით ქართული სამეფო ლეგიტიმური წესისა, ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას ატაროს ნებისმიერი გვარი) და იმერთბატონების ან მუხრანბატონების (გააჩნია რომელთა წარმომადგენელიც არ ავა სამეფო ტახტზე) უფროსი ოჯახების მეთაურები.      ჩემი აზრით, ასეთი მემკვიდრობითი თანამდებობა შეიძლება იყოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ხელმძღვანელთა პოსტები. ამ ოჯახების მხოლოდ უფროსებს შეიძლება მიენიჭოს ევროპული ჰერცოგის მსგავსი წოდება, მაგალითად მთავარი, ერისთავი ან სხვა.

  რა თქმა უნდა, სხვა, უფრო დაბალი არისტოკრატიული წოდებები, იურიდიულად, საქართველოში არ უნდა აღდგეს.  


   თუ კარგად დავაკვირდებით ჩემს წინადადებას, მივხვდებით, რომ, პირველი - სამეფო ტახტის ძველი პრეროგატივა სასამართლო ხელისუფლებისა აღდგება, სიმბოლურად, დინასტიისთვის; და მეორე - ვინაიდან საქართველოში იურიდიულად და კონსტიტუციურად  არ იარსებებს არისტოკრატიული წოდება, როგორც ამას მოითხოვს "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაცია", ასე  დაფასდება ბაგრატიონთა გვარის სხვადასხვა შტო. ბაგრატიონებს კი "ჯერ თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამთ" (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II).    გარდა ამისა, იმ პიროვნებამ, რომელიც დაეუფლება აღდგენილ სამეფო ტახტს, და მისმა პირდაპირმა მემკვიდრეებმა, უნდა მიიღონ გვარად სხვა, უბრალო ბაგრატიონებისაგან განსხვავებული ფორმა, რათა გამოირჩეოდეს განახლებული სამეფო დინასტია.    


საქართველოს ისტორიაში არის ცნობილი, რომ წმიდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი ბაგრატიონები დაუნათესავდნენ ქართლის სამეფოს ფუძემდებლის, ფარნავაზის ჩამომავლებს, ფარნავაზიანებს.   
  
 ფარნავაზიანები იყვნენ ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის (ქარდუს, ქალდის) პირდაპირი მემკვიდრეები.   ვფიქრობთ, საქართველოს მომავალი მეფეები უნდა იყვნენ ბაგრატიონ-ფარნავაზიანები. 
;    

 შესაძლოა მხოლოდ სამეფო ოჯახისათვის გამოიყენებოდეს გვარის ასეთი ფორმა - ბაგრატოვანი. ორი შტოს დაქორწინების შემთხვევაში კი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 7

-----

1 – ეს წერილი დაიწერა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაქორწინებამდე და მათი ვაჟის - გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე.

2 –საქართველოს სამეფოს ტრადიციული კანონებით ქალი (დედა ან ბებია) სამეფო გვარს და სამეფო მემკვიდრეობას ვერ გადასცემდა თავის შვილებს.  დავით ბატონიშვილი (გამგებელი) თავის “მიმოხილვის“ მეორე თავში - „მეფე და სამეფო სახლი“ ხაზგასმით წერს, რომ საქართველოში სამეფო ხელისუფლება თვითმპყრობელური და მემკვიდრეობითია... ძველი დროიდან დაწესებულია, რომ სამეფო ტახტი გადადის მამიდან უფროს ვაჟზე, თუ მეფეს ვაჟი არ ჰყავს ძმის ვაჟზე და ა. შ. ... დაქვრივებულ დედოფალსა და პრინცესებს არ შეიძლება ტახტი გადაეცეს“ (დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმთცოდნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და  გამოკვლევებით, თბილისი 1959).

როგორც ცნობილია, მოხდა ისე, რომ შემდგომში ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსი ასული, ბატონიშვილი ანა, პირველ ქმარს გაშორდა და მეორე ქორწინებით ცოლად გაჰყვა დავით გიორგის (ხორხეს) ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს. ამგვარად, ეს უკვე დინასტიური ქორწინებაა და ანასი და დავითის ვაჟი, უფლისწული გიორგი სამეფო ტრადიციების თვალსაზრისით ბაგრატიონის გვარს ატარებს სრულიად კანონიერად, მამის მხრიდან, და რადგან უფლისწული გიორგის დედა სამეფო ოჯახის შვილია, და შვილის შეეძინა ბაგრატიონთა გვარიდან, მას სრულიად კანონიერად შეულია გადასცეს თავისი მხრიდანაც ბაგრატიონის გვარი თავის შვილს, ამ შემთხვევაში.

3 – გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი გარდაიცვალა 2008 წლის 16 იანვარს.

4 - ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი გარდაიცვალა 2013 წელს.

5 - ეს იდეა ჩვენი არ გახლავთ, ამგვარი რამ ადრეც, რამდენჯერმე, მომხდარა, როგორც წერილშია აღნიშნული, X საუკუნეში, დავით III კურაპალატმა იშვილა თავისი მოგვარე ბაგრატი (მომავალი ბაგრატ III) და XVII საუკუნეშიც, როდ
ესაც უძეო როსტომ მეფემ იშვილა მუხრანელ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი ვახტანგი (შემდგომში ვახტანგ V შაჰნავაზი). სხვათა შორის, მანამდეც რამდენიმე კანდიდატურა ჰყავდა ამ მიზნით გამორჩეული როსტომს, მაგრამ არ გამოვიდა, ზოგი მოკვდა, ზოგიერთი ვარანტი კი, მაგალითად, იმერელი ბატონიშვილის მამუკა ბაგრატიონის შვილობისა, ჩაიშალა.

    ამგვარი იდეა მუსირებდა იმ პერიოდშიც, როცა ეს წერილი დაიწერა. ერთ-ერთი სამთავროს მთავრების საგვარეულოს შთამომავალმა შემომთავაზე ეს იდეა გამეხმიანებინა, რა თქმა უნდა, მისი პერსონის დასახელების გარეშე.

   ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბატონიშვილი ნუგზარის ქალიშვილები არაბაგრატიონებზე იყვნენ დაქორწინებულნი და ამიტომ ისინი ბაგრატიონთა გვარს ლეგიტიმურად ვერ გააგრძელებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ანა ბაგრატიონს ქალიშვილები თავის გვარზე ჰყავდა დაწერილი, როგორც ამბობენ,  პატრიარქის კურთხევით.

   პატრიარქს კი შეუძლია ვინმეს კურთხევა მისცეს ამა თუ იმ გვარზე დაწეროს შვილი (ან დათანხმდეს ამგვარი ნაბიჯის კურთხევას), მაგრამ ეს სამეფო ლეგიტიმიზმს ვერ შეცვლის. სანამ საქართველოში, ქართულ ეკლესიაში მღვდელი ვერ გახდება ქალი, მანამდე მეფე შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცი. ან გამონაკლის შემთხვევაში, მეფე შეიძლება გახდეს მეფის ქალიშვილი, როგორც აღვნიშნეთ, თუ ოჯახში და შტოში არ არის სხვა მამრობითი სქესის ადამიანი, თუ ქმრად მოიყვანს ბაგრატიონს, რათა დინასტია გაგრძელდეს.

   პატრიარქს და თვით საეკლესიო კრებასაც კი არ შეუძლიათ სამეფო ლეგიტიმიზმის წესები შეცვალონ და ასეთ რამეს არც ცდილობდა არც ერთი პატრიარქი საქართველოს ისტორიაში. თან გვარის მიცემა ერთია, თუნდაც პატრიარქის კურთხევის შედეგად, და მეორეა ტახტის მემკვიდრეობა, რაც აუცილებლად მამაკაციდან მამაკაცზე გადადის. თამარ მეფისა და რუსუდანის საკითხები ამ წიგნში განხილულია და ამ შემთხვევაში არ გამოდგება არგუმენტად.

   მხოლოდ ღმერთი ადგენს ტახტის მემკვიდრეობის რიგითობას - დაბადებით, უფროსი ვაჟის შობით. ეს მხოლოდ უფლის კომპეტენციაა, თუ შეიძლება ასე ითქვას.

     თუმცა, როგორც ვთქვი, მეფობა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა, მა
რტო ლეგიტიმიზმი საკმარისი არ არის.
   სამწუხაროდ, კამათი მუხრანის (ქართლის) ბაგრატიონებსა და გრუზინსკებს შორის ტახტის მემკვიდრეობაზე კვლავ მიმდინარეობდა.        

  მოკლედ ამგვარად, დავით კურაპალატისა და როსტომ მეფის მაგალითების გამეორებით, მონარქისტთა ერთი ნაწილი ფიქრობდა პროლემის გადაწყვეტას.

    ჩემი წინადადება, რომ ნუგზარ ბაგრატიონს დავით კურაპალატისა და როსტომ მეფის მსგავსად ეშვილა სხვა შტოს ბაგრატიონი ვაჟი, სულაც არ იყო უპატივცემლობა მისი, პირიქით ბატონიშვილი ნუგზარის დაფასება იყო, მისი აღიარება.
  
  ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა ოჯახის შვილობას, ოჯახში შვილებას, არამედ გულისხმობდა სამეფო ტრადიციების გამეორებას და პოლიტიკურ ქმედებას. რა თქმა უნდა, ყველა შვილი, ყველა ადამიანი თანაბარია, ქალი იქნება თუ კაცი, მაგრამ სამეფო ტახტის მემკვიდრეობა დადგენილია თავად ამ ოჯახის წინაპრის ძმის, გიორგი XII-ის უფროსი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის – დავით ბაგრატიონის (ბატონიშვილის) მიერ (იხ. დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმთცოდნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და  გამოკვლევებით, თბილისი 1959). ასე რომ, თავად ამ ოჯახის წინაპრების მიერ დადგენილ პრინციპებს მივყვებოდით ჩვენც.

    მართლმადიდებლურ ეკლესიაში მხოლოდ მამაკაცია მღვდელი და მღვდელმთავარი, მაგრამ ეს სულაც არ არის ქალთა უფლებების უგულებელყოფა და ჩაგვრა.

    ზემოთქმული წინადადება, ბატონიშვილი ნუგზარის ქალიშვილების, მით უმეტეს უფროსის, ანა ბატონიშვილის უპატივცემლობა სულაც არ გახლდათ... 

    თუ უნებურად ვაწყენინე ბატონიშვილ ანას, გულწრფელად ბოდიშს ვუხდი. პირიქით, მისდამი პატივისცემა არა ერთხელ გამოგვიხატავს საჯაროდ, და ახლაც გამოვხატავთ.

    მეტიც, როდესაც ამ ოჯახის ახლობელმა მაცნობა, რომ ბატონიშვილ ანას აღარ ჰყავდა მეუღლე და იგი თანახმა იყო დაქორწინებულიყო დავით ბაგრატიონზე, მე მყისვე ვაცნობე ეს ამბავი პატრიარქს, რაც შემდეგ დააგვირგვინა კიდეც უწმინდესმა.

    ბატონიშვილმა ანამ, დავით ბაგრატიონზე გათხოვე
ბით, საშვილიშვილო საქმე გააკეთა, თავის შტოს შეუნარჩუნა ბაგრატიონის გვარის გაგრძელებისა და სამეფო ოჯახად დარჩენის საშუალება, მას შემდეგ რაც გაჩნდა მისი ვაჟი გიორგი. ამგვარად, ბატონიშვილი ანა არის გიორგი მეთორმეტის შთამომავალი, მამით ბაგრატიონი, და შვილიც ჰყავს მამით ბაგრატიონი, და შეუძლია გადასცეს მას თავისი მამისა (შესაბამისად გიორგი XII-ის) მემკვიდრეობა.

     მისი გადაწყვეტილება, ბაგრატიონზე გათხოვების შესახებ, იყო ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რადგან შენარჩუნდა ბაგრატიონ-გრუზინსკების  შტოს მემკვიდრეობა მამრობითი ხაზით. ასევე ბაგრტიონ-მუხანბატონების შტოს დავითის ოჯახსაც უკვე ჰყავს მემკვიდრე, რომელსაც გადაეცემა მათი პრეტენზია - ქართლის მეფეების მემკვიდრეობა.
  
  არ ვიცი, როგორ გადაწყდება კამათი გრუზინსკებსა და მუხრანელებს შორის, მაგრამ როგორ დასკვნამდეც არ უნდა მივიდეს ლეგიტმისტების წრე და საზოგადოება, გიორგი ანასა და დავითის ძე არის ბაგრატიონ-გრუზინსკების მემკვიდრეობის გამგრძელებელიც. 

   ეს ღვთის წყალობაა გრუზინსკების გვარისთვის და ეს წყალობა დაიმსახურა ბატონიშვილმა ანამ, როცა დაიჯერა ლეგიტიმისტების იდეა შტოების დანათესავების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს უფროს მეგობარს, სამეფო კლუბის აწ გარდაცვლილ წევრს ლერი სიხარულიძეს და რომელსაც მე ვახმოვანებდი ვახმოვანებდი და გადადგა ღირსეული და ვაჟკაცური ნაბიჯი.

    ასე რომ, აღიარებს თუ არა დღეს ვინმე ამას, დინასტიური ქორწინება აუცილებელი იყო, ეს კარგად იცოდა პატრიარქმაც და ამიტომ უფლის ნებით ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ დღეს გვყავს ტახტის უმთავრესი პრეტენდენტი - უფლისწული გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომელიც ბაგრატიონთა ორივე შტოს მემკვიდრეა.

    გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი როგორც დედის (დედიდ მამის), ისე მამის მხრიდან ფლობს მემკვიდრეობას აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე, იმერელი ბაგრატიონები მას გადასცემენ თავის უფლებასაც დასავლეთ საქართველოზე, რადგან იგი იმერლებზე გაცილებით წინააა ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრეობაში და იმერელი ბაგ
რატიონები ვერ წავლენ მის წინააღმდეგ.

    ამგვარად, პატარა უფლისწული გიორგი გამოდის ის, ვისმა შობამაც დაასრულა (უნდა დაასრულოს) კამათი შტოებს შორის. იგი არის დინასტიისა და სამეფოებად დაშლილი დიდი საქართველოს სამეფოს კვლავ შემომკრები, გამაერთიანებელი (თუმცა უნდა დაიმსახუროს ხალხის სიყვარული და პატივისცემა, რათა ტახტზე ავიდეს).

   და თუ დავაკვირდებით, ეს გაცილებით მეტი პრესტიჟია, თუ მას მივიჩნევთ ორი შტოს გამაერთიანებლად, ვიდრე ის, თუ მას გამოვაცხადებთ მხოლოდ ერთი, მამის, ან დედის დინასტიის (შტოს) მემკვიდრედ.

    სად გამაერთიანებელი სამი დინასტიისა, სამი შტოსი და სად ერთი დინასტიის, ერთი შტოს მემკვიდრე.    

 და კიდევ ვიმეორებ, დღესაც ვაფიქსირებ, დიდ პატივისცემას ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისადმი, რომელმაც დავით ბაგრატიონთან ქორწინებით დინასტიისათვის აუცილებელი მამულიშვილური ნაბიჯი გადადგა და ქვეყანას აჩუქა პატარა უფლისწული. მისი ქალიშვილები ბატონიშვილებად მიმაჩნია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კარგ დობას გაუწევენ უფლისწულ გიორგის.

    ჩემი აზრით, ანა ბატონიშვილი, თუ ღმერთმა ინება და საქართველოში აღდგა მონარქია და პატარა უფლისწული გიორგი ავიდა ტახტზე, იქნება დედა დედოფალი, დავით ბატონიშვილი მამა მეფე, ხოლო ნუგზარ ბატონიშვილი კი პაპა მეფის (შესაძლოა მეფეთ-მეფის, როგორც ადრე ხდებოდა) ტიტულის მატარებელი.

6 - 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატობისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი, გიორგი. ასე რომ, ვაჟის, პირველი მემკვიდრის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. სხვა ბატონიშვილები თუ დაქორწინდებიან და ეყოლებათ ვაჟები, ისინი მემკვიდრეთა სიაში მიიღებენ იმ ადგილს, რაც ეკუთვნით კანონით. დანარჩენს მერე უფალი გვიჩვენებს. თუმცა, ვიმეორებ, ყველაფერი გადაწყდება დამსახურების მიხედვით.

7- დავით და ანა ბაგრატიონების ვაჟი, უფლისწული გიორგი უკვე ატარებს ყველა ბაგრატიონისგან განსხვავებულ გვარს – ბაგრატიონ-ბაგრატიონი, ამგვარად იგი უკვე გამორჩეულია სხვა ბაგრატიონებს შორის და თუ ტახტზე ავა, მისი დინასტიის გვარი გამორჩეული და განსხვავებული იქნება სხვა ბაგრატიონებისგან.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq