ბაგრატიონთა ნათესაური კავშირები ევროპაში 1672 წელს, მეფე ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზმა სადილზე სტუმრად მიიწვია საქართველოში მყოფი ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. შარდენის სიტყვით, სადილის ბოლოს მეფემ ჰკითხა სტუმარს: „როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებსა და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო“. შარდენი წერს: „დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა. ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიან. კაპუცინებს ვკითხე – როგორ ესმის-მეთქი ეს ნათესაობა მთავარს (მეფეს, შაჰნავაზს - გ. მ.). მათ მიპასუხეს, რომ კლიმენტი VIII თეიმურაზისადმი (თეიმურაზ პირველი - გ. მ) მიწერილ წერილებში იგი ფილიპე II-ს ნათესავად, ხოლო იბერიელები და ესპანელები ძმებად მოიხსენიაო; ამის გამო თეიმურაზი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრეები დაჟინებით იჩემებენ ამ მოგონილ ნათესაობასო“. აქ შარდენს პატარა შეცდომა მოსდის, თეიმურაზ მეფესთან მიმოწერა ჰქონია პაპ ურბან მერვეს. რა თქმა უნდა, ბაგრატიონები არ იყვნენ ესპანეთის მაშინდელი დინასტიის, ჰაბსბურგების ნათესავები. ჰაბსბურგთა გვარი წარმოშობით გერმანულია. ისინი მართავდნენ ავსტრიისა და გერმანიის საღვთო რომის იმპერიებს, ასევე, ევროპის არაერთ ქვეყანას. მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეების მიჯნიდან ჰაბსბურგების ერთი შტო გახდა ჯერ ესპანეთის ნაწილის, მერე მთელი ესპანეთის მმართველი. მაგრამ, ჩვენი წინაპრები ასწლეულების განმავლობაში ნათესავებს ეძებდნენ ევროპაში, დაწყებული იოანე მთაწმინდელიდან, რომელიც მეათე საუკუნეში, „სპანიის ქართველთა“ სანახავად ესპანეთში აპირებდა წასვლას. შაჰნავაზის დროინდელი ქართველებისთვის ევროპა იყო ჰუმანური, ქრისტიანული სამყარო, რომლის მეშვეობითაც აზიური დესპოტიისგან, აზიელი დამპყრობლებისგან თავდახსნას ცდილობდნენ. საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონები დაუნათესავდნენ ძველი დინასტიების წარმომადგენლებს, ბიზანტიელებს: პალეოლოგოსებს, კომნენებს, დუკებს, ბოტინაიტებს და სხვებს. კავკასიაში: სომეხთა, ოვსთა, ჩერქეზთა, დაღესტნელთა, ყაბარდოელთა. აზიაში: მონღოლთა, თურქთა და ირანის დინასტიებს. მაგრამ ეს უკანასკნელად დასახელებულნი იძულებითი მოვლენა იყო. შაჰნავაზის დროს, მაინც, ქართველი მეფეებისთვის საინტერესო ევროპელი მეფეები იყვნენ. ჩვენი მეფეები თავს ევროპის ქრისტიანი ხალხების მოკავშირედ თვლიდნენ. ესპანეთში შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის მამრობითი ხაზი. 1700 წელს ტახტზე ავიდა ესპანეთის ბოლო ჰაბსბურგი მეფის, კარლ მეექვსის დის, მარია ტერეზიას შვილიშვილი, ფილიპე მეხუთე. მარია ტერეზია ავსტრიელი და ესპანელი იყო საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტის (სულხან საბა ორბელიანი რომ ეწვია) პირველი ცოლი. მათ უფროს ვაჟს, ლუი დოფინს, მარია ანა ბავარიელთან შეეძინა სამი ვაჟი. მეორე ვაჟს ერქვა ფილიპე და ის გახდა ესპანეთის მეფე ფილიპე მეხუთის სახელით. გავიდა დრო. 1919 წელს შეწყდა ქართლის მეფის, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის შთამომავალობა. ქართლის ბაგრატიონთა შორის უფროსები გახდნენ მუხრანელი ბაგრატიონები, შაჰნავაზის ძმის შთამომავლები. მათ შორის უფროსი იყო გიორგი ალქსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი. მას ჰყავდა სამი შვილი, მარიამი, ლეონიდა და ირაკლი. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ოჯახი გაემგზავრა ქვეყნიდან. მაგრამ მაინც დავბრუნდნენ. ვერ გაძლეს უცხოეთში. 1924 წელს ბოლშევიკებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი პატრიოტების აჯანყება. დაიწყო რეპრესიები. გიორგი ბაგრატიონ-მუხრაბატონმა თავისი ვაჟი ირაკლი ნიცაში, საფრანგეთში გააგზავნა, თავის დასთან. 1930 წელს გიორგი მუხრანბატონი დააპატიმრეს. ორი წელი ციხეში იჯდა. 1931 წელს მაქსიმ გორკის დახმარებით გიორგი ბაგრატიონის მეუღლემ და ქალიშვილებმა საფრანგეთში წასვლა მოახერხეს. ასევე, მაქსიმ გორკის დახმარებით, ციხიდან გამოვიდა თუ არა, გიორგი ბაგრატიონიც გაემგზავრა უცხოეთში. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ქალიშვილმა, მარიამმა ვერ გაძლო უცხოეთში და სწავლის დამთავრების მერე სამშობლოში დაბრუნდა. 1948 წელს იგი დააპატიმრეს და მაგადანში გადაასახლეს 8 წლით. გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მარიამ ბაგრატიონი ცხოვრობდა თბილისში. ოჯახის სხვა წევრები ემიგრაციაში დარჩნენ. 1940 წელს ირაკლი ბაგრატიონმა იქორწინა იტალიელი გრაფის უგო პასკვინის ასულ მარია-ანტუანეტაზე. 1944 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, გიორგი. დედა მშობიარობას გადაჰყვა. გიორგი ბაგრატიონი და მისი ოჯახი გადასახლდა ესპანეთში. ესპანეთში ცხოვრება გაცილებით უსაფრთხო იყო. ესპანეთი არ იღებდა მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში. ესპანეთში ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა გაიცნო ესპანეთის ბოლო მეფის, ალფონსო მეცამეტის დის, ინფანტა (პრინცესა) მარია ტერეზას ასული, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი. ინფანტა მარია დე ლას მერსედესის მამა, პრინცი ფერდინანდი იყო ბავარიის ბოლო მეფის, ლუდვიგ მესამის ძმის, ლუდვიგ ფერდინანდის ვაჟი, გვარად ვიტელსბახი. ინფანტა მარია დე ლას მერსედესის დედის, ინფანტა მარია ტერეზას დედა, ესპანეთის მეფე ალფონსო მეთორმეტის მეორე ცოლი, იყო მარია ქრისტინა ავსტრიელი - ჰაბსბურგების პრინცესა. ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს და მარია დე ლას მერსედეს ბავარიელს და ბურბონს ერთმანეთი შეუყვარდათ და გადაწყვიტეს დაქორწინება. ახლა ევროპაში სამეფო ოჯახებში, რძლებად და სიძეებად, შედიან არასამეფო წარმოშობის ადამიანები, მაშინ კი გლეხური, აზნაურული და თავადური წარმოშობის ადამიანებს სამეფო ოჯახის წევრები არ უნათესავდებდნენ. საქართველო რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ესპანეთის სამეფო ოჯახში იცოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, გარკვეული წარმოდგენა ექნებოდათ ბაგრატიონთა დინასტიის თაობაზეც. თვითონ ირაკლი ბაგრატიონიც, ალბათ, შეყვარებულს და მის ოჯახს უამბობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზეც. მაგრამ, პრინცმა ფერნანდმა მაინც გაუგზავნა წერილი რუსეთის იმდროინდელ ტახტის მემკვიდრეს, დიდ მთავარს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს და ჰკითხა, თუ იქნებოდა თანასწორი მისი ასულის ქორწინება ირაკლი ბაგრატიონთან. შეკითხვაში იგულისხმებოდა, თუ არის საქართველო რომანოვთა დინასტიის იურისდიქციის გარეთ და თუ აქვთ ბაგრატიონებს შენარჩუნებული სამეფო ღირსება. აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელ მეფეებს – ერეკლე II–სა და გიორგი XII-ს არ უთქვამთ დინასტიის სამეფო ღირსებაზე უარი და ტახტის გაუქმებაზე რუსებისთვის თანხმობა არ მიუციათ. ქართლის სამეფო დინასტიის წევრებს, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის შთამომავლებს და იმერეთის სამეფოს სამართალმემკვიდრეებს, ასევე, არ უთქვამთ უარი სამეფო ღირსებაზე რუსეთის მეფეების სასარგებლოდ. და ღმერთმაც ისე განაგო საქმე – სამეფო დინასტიების დონეზე, იურიდიულად და მორალურად მაინც, სამართლიანობა აღდგენილიყო. რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრემ, დევნილობაში, დაადასტურა, რომ ბაგრატიონთა დინასტიას სამეფო ღირსება აქვს... სხვანაირად ვერც მოიქცეოდა, სიმართლე მაინც გაირკვეოდა. ისტორია არ დაიმალებოდა. იმ დროს ემიგრაციაში ბევრი ქართველი მამულიშვილი იყო, რომლებიც, ნამდვილად, მთელ მსოფლიოს გააგებინებდნენ სიმართლეს. ვლადიმერ კირილეს ძე ვერ შეძლებდა სიმართლის დამალვას, ამას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა ევროპაში... ეს არც აწყობდა სამშობლოდან გაძევებულ რომანოვს. ამიტომ, ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა არა მხოლოდ ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, მეტიც, ქართული სახელმწიფოებრიობის გამაუქმებელი იმპერატორების, პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის მემკვიდრემ, ოფიციალური დოკუმენტით, თავისი წინაპრების საქციელს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას - მუხანათობის ზღვართან მდგომი ქმედება უწოდა. ეს იყო, ერთგვარად, ბოდიშის მოხდა ბაგრატიონებისა და ქართველების წინაშე. ირაკლი ბაგრატიონი და ინფანდა მერსედესი მადრიდში დაქორწინდნენ. ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელი გახდა ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების შთამომავლების, ესპანეთის ბურბონთა დინასტიის სიძე. განგება უცნაურია, ინფანტა მერსედესზე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის დაქორწინებით, აღსრულდა ვახტანგ მეფის სიტყვები, ქართული და ესპანური დინასტიები ნათესავები გახდნენ. ევროპაში, პირველ რიგში, მაინდამაინც, ესპანელებს დაუმოყვრდნენ ბაგრატიონები. ასე დანათესავდა ორი იბერიული დინასტია. ირაკლი ბაგრატიონს და ინფანტა მერსედესს ორი შვილი შეეძინათ: 1947 წელს მარია (მარიამ) დე ლას პასი და 1949 წელს ბაგრატ ჟან მარი. ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანელი და ბურბონი და ესპანეთისა და ბავარიის მემკვირეთა სიაში იყო, მართალია, პირველ რიგებში არა, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეობის სიაშიც გახლდათ, მართალია პირველ ათასეულში არა, მაგრამ მაინც. ევროპაში ყველაფერი ჩამოწერილი აქვთ და გარკვეული. ახლა მისი ადგილი მისმა ვაჟმა დაიკავა. ბაგრატ ირაკლის ძე მადრიდის ეპისკოპოსმა, ვესტ ინდოეთის ტიტულარულმა პატრიარქმა, ლეოპოლდო ეიხო-ი-გარაიმ მონათლა. მისი ნათლიები იყვნენ ბარსელონის გრაფი და გრაფინია, ესპანეთის მეფის, ხუან კარლოს პირველის მშობლები. გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონს ორი ქორწინებიდან შეეძინა ოთხი შვილი: მარიამი, ირაკლი, დავითი და გურამი (უგო). ირაკლის ნათლიაა ბულგარეთის ყოფილი მეფე (ახლა უკვე ყოფილი პრემიერი) სიმეონ ბულგარელი. ბაგრატ ბაგრატიონს შეეძინა ორი შვილი: ვაჟი იოანე და ქალიშვილი ინესა. ირაკლი ბაგრატიონის ყველა შვილიშვილი მართლმადიდებელია. ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა ბაგრატიონთა სამეფო ღირსების აღიარების მერე გაიცნო ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის და, ლეონიდა. მათაც შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. შეეძინათ ქალიშვილი - მარია, რუსეთის დღევანდელი ტახტის მემკვიდრე. ლეონიდა ბაგრატიონსა და ვლადიმერ რომანოვს დიდ პატივს სცემდა ესპანეთის ლიდერი, კაუდილიო - ფრანცისკო ფრანკო. როცა კაუდილიო შეხვდა ახალდაქორწინებულებს, მას ესპანური ტრადიციისამებრ, მუხლი მოუყრია ქართული და რუსული სამეფო საგვარეულოებების წარმომადგენელების წინაშე წინაშე და ასე მიულოცნია მათთვის გაბედნიერება. ირაკლი ბაგრატიონს, ბულგარეთის მეფე სიმეონთან და რუსეთის დიდ მთავარ ვლადიმერ კირილეს ძესთან ერთად მადრიდში დაუარსებია მართლმადიდებლური ეკლესია. თუ საქართველოში აღდგება მონარქია, საქართველოს (აღმოსავლეთის იბერიის) მეფეს შეეძლება თქვას, თავისი შორეული ნათესავის, ესპანეთის (დასავლეთის იბერიის) მეფის სადღეგრძელო. |