საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

ნიკო ბაგრატიონი - ბურების თავისუფლებისათვის მებრძოლი

ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (1868, მუხრანი ― † 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე.წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს.

ნიკო ბაგრატიონი ნამდვილი გოლიათი ყოფილა – იგი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო და რვა ფუთს იწონიდა. იყო კარგად გაწვრთნილი ფიზიკურად და ზნეობრივად. ხუთი წლიდან ჯდებოდა ცხენზე, მშვენივრად ჭიდაობდა, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, შესანიშნავად ისროდა მიზანში, ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ნიკო ბაგრატიონი 1899 წელს პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან - პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. მოგზაურობის მიზეზი იყო მისი მეგობარი – კოლა ორბელიანი, რომელმაც შეაგულიანა ცხელ ქვეყნებში ლომებზე სანადიროდ გასამგზავრებლად, მაგრამ  საქმე–საქმეზე რომ მიდგა, ვერ დათმო პარიზის სიამენი. ამიტომ იყო, რომ ბაგრატიონი მარტო გაემგზავრა აფრიკაში.  იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ამ დროს ასე იგონებს ალექსანდრიაში მყოფი ბაგრატიონი: „ხალხის მღელვარებამ მეც შემიპყრო. დავბრუნდი სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა მითხრა: „საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურები უნდათ გადააქციონ მონებად, ხოლო მათი ქვეყანა – კოლონიად. გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი, დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.“

ბაგრატიონი,  როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს – პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდალებს პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას. ნიკო ბური ამ ხალხის ეროვნულ გმირად იქცა. წელიწადნახევარი, 1899 წლის დამდეგიდან 1900 წლის 5 მაისამდე იგი ყოველდღე პირისპირ ხვდებოდა სიკვდილს – მონაწილეობდა ბრძოლებში პრეტორიასთან, ბლიკფონტეინთან, აბრამცალისთან, ბოშოვანთან... ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

1900 წლის 5 აპრილს ჩაუგდიათ იგი ბაღლინჯოებით სავსე საკანში. დილით მას, ისევე, როგორც ბურების სხვა 100 სარდალს, დახვრეტა ელოდა. დახვრეტის წინ  ქართულ ეროვნულ სამოსელში ჩაცმული დედის სურათი ამოუღია. ინგლისელი ოფიცერი, რომელიც დახვრეტას ხელმძღვანელობდა, დაინტერესებულა უცნაურ სამოსელში გამოწყობილი ქალის ვინაობით. როცა შეუტყვია, რომ ტყვე ძველი ქართული საგვარეულოს მთავარი იყო, ვერ გაუბედავს უფლისწულის დახვრეტა და უფროსისათვის მიუმართავს. ასე მოხვდა იგი ინგლისის არმიის მთავარსარდალ კიტჩენერთან. როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმიდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

კუნძულზე იგი ყველა ტუსაღის ხვედრის შესამსუბუქებლად ირჯებოდა. ერთხელ აზრად მოუვიდა ტყვეთა ძალებით გასართობი სანახაობის მოწყობა, რათა მათთვის მწირი ულუფა ცოტაოდნად მაინც გაეზარდათ  – პირველ  განყოფილებაში სრულდებოდა მუსიკალური ნომრები, ხოლო მეორე განყოფილება ეთმობოდა დოღს, რომელიც  უნდა დამთავრებულიყო მის მიერ შესრულებული ნომერი–სიურპრიზით.  ყველა გაფაციცებით ელოდა ამ სიურპრიზს. დადგა მისი გამოსვლის დროც, რომელსაც თავად  ასე აგვიწერს: „შუაგულ

მოედანზე საკომენდანტოს მეჯინიბე ოთხმა ზანგმა გამოიყვანა ორი ცხენი, ორ ზანგსაც მათზე გამობმული თასმები ეჭირათ. ცხენებს რომ შევხედე, ცოტა შიშმა გამკრა – მეტად ფიცხნი და ღონივრები ჩანდნენ, მეჯინიბეები ძლივს უჭერდნენ თავებს. ეტყობა,  კომენდანტს განგებ შეურჩევია ყველაზე დიდი და ღონიერი ცხენები, რომ ამდენი ხალხის წინაშე სირცხვილი მაჭამოს...რა გაეწყობა, უკან დახევა უკვე გვიანაა. მოვიკრიბე მთელი ძალ–ღონე და მტკიცე ნაბიჯით გავედი მოედანზე. ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, თითქოს მთელ არე–მარეზე ერთი კაციც არ ყოფილიყო. მარჯვენა ფეხს დავეყრდენი, მარცხენა ოდნავ წინ წავდგი და მკლავები მოვხარე; მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები როგორც კი ჩამომაცვეს მკლავებზე, მყისვე კისერზე გამოდებულ მაგარ ღვედს ჩავავლე ხელები. ამრიგად, ყულფები იდაყვებთან მოვიქციე. ეს მთავარი იყო. –გაუშვით ხელი! – ვიყვირე მე და მეჯინიბეები, რომელთაც ცხენები აქეთ–იქით აღვირებით ეჭირათ, განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ  მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ, როცა ადგილიდან ოდნავადაც ვერ დაძრეს, ყალყზე აიმართნენ. ვატყობდი, ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული ყოფილიყვნენ. გახელებული ცხენები ცდილობდნენ გამსხლტომოდნენ, მაგრამ ამაოდ. მეჯინიბეებმა კვლავ გადაჰკრეს შოლტები და თან უცნაური ხმით დასჭყივლეს ისედაც ცეცხლმოდებულ მერნებს. ცხენები ერთხელ კიდევ აიტოტნენ, მერმე გაქაფულებმა ერთხელ კიდევ გაბედულად დაჰკრეს ტორები მიწას და თანდათან დაცხრნენ, დაოკდნენ. ყულფები მკლავებიდან წამოვიყარე და მოედნიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ამ დროს მოირღვა რკალი და ხალხის ტალღამ გზა გადამიღობა – ატყდა უცნაური ყვირილი, აღტაცებულთა ყიჟინა, ტაში; ყველას უნდოდა ხელი ჩამოერთმია, შემხებოდა, გადავეკოცნე.“

სამშობლოში გამგზავრების წინ მისთვის ტყვე ოფიცრების ჰოლანდიურ ენაზე დაწერილი ადრესი გადაუციათ:

   „მოწყალეო ხელმწიფევ“! ჩვენ, ტრანსვაალისა და ორანჟის რესპუბლიკის ტყვე ოფიცრები, ამ წერილით მადლობას გიცხადებთ იმისათვის, რომ თქვენ აჰყევით თქვენი კეთილშობილური გულის რაინდულ ლტოლვას, არ დაზოგეთ არც შრომა, არც ხარჯი და პირადად მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს ბრძოლაში ინგლისის ურიცხვი ჯარების წინააღმდეგ. ჩვენი მართალი საქმისათვის თქვენ სიცოცხლის შეწირვა განიზრახეთ. ერთხელ კიდევ გმადლობთ იმ მამაცობისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ. იმედი გვაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ყოველთვის თანაგრძნობით გაიხსენებთ ჩვენს სამართლიან საქმეს. ჩვენ კი პირობას გაძლევთ, რომ ყველა იმას, რაც თქვენ, უცხოელმა, ჩვენთვის გააკეთეთ, ჩვენი ხალხი ყოველთვის მოიგონებს. იყოს კურთხევა ღვთისა თქვენსა ზედა. ეს არის ჩვენი გულწრფელი სურვილი“.

ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი “ბურებთან”. პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.

1902 წელში თურმე მეეტლეები მღეროდნენ:

„В стране чужой, в стране далекой,

Где смерч все небо закрывал,

Грузинский князь Нико Мухранский

Несчастных буров защищал!“    
              
თენგიზ ქირია 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq