საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე (ნაწილი I)
დიმიტრი შველიძე

უკანასკნელ წლებში არაერთი საინტერესო ნაშრომი გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესახებ. მკვლევარებმა შოთა ბადრიძემ, გივი ჟორდანიამ, გურამ ყორანაშვილმა, თენგიზ სიმაშვილმა, ნოდარ გრიგალაშვილმა და სხვებმა ბევრ საიდუმლოს ახადეს ფარდა, საუკუნის მკვლელობის მრავალი ფაქტი გამოავლინეს, არაერთი ახალი მოსაზრების დასაბუთება სცადეს.

სულ ახლახანს კი საზოგადოებამ შეიტყო, რომ მიმდინარეობს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება ილიას ტრაგიკული აღსასრულის შესახებ.

ზემოაღნიშნულ მკვლევართა ნაშრომების ძირითადი მიზანი ილიას ფიზიკური აღსასრულის კონკრეტულ გარემოებებს ეძღვნება. ამ გარემოებამ კი, ავტორებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ილიას მკვლელობის პოლიტიკური მოტივების პრობლემატიკისადმი ინტერესი თითქოს შეანელა. რა თქმა უნდა ზოგადად ცნობილია, რომ მკვლელობის მიზეზი ილიას დიდი ეროვნული მოღვაწეობა და ეროვნული მოძრაობის თავკაცობა იყო. მაგრამ ეს არ კმარა. ეს სავსებით მართებული თეზისი, ფორმულა, კონკრეტულ-ისტორიული ფაქტ-მოვლენებით ხორცშესხმას მოითხოვს.

მაინც, რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე; რაში გამოიხატებოდა ილიას კავშირი 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობასთან: რატომ გახდა საჭირო მისი ფიზიკური ლიკვიდაცია; ვინ იყო დაინტერესებული და რა კონკრეტული მიზეზებით იყო გამოწვეული ილიას თავიდან მოშორება; რა მიზნებს ისახავდა ილია უშუალოდ 1905-1907 წლების პერიოდში და რით განსხვავდებოდა მისი კონკრეტული მიზნები, მისივე ადრინდელი მოღვაწეობისაგან, რამაც მას პრაქტიკულად და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები; კონკრეტულად, რომელ ისეთ პროცესებთან იყო დაკავშირებული ილია ჭავჭავაძე, რაც მის მოწინააღმდეგეებს უშუალოდ უშლიდა ხელს თავიანთი მიზნების განხორციელებაში? ამ მიზეზების დადგენა-დაფიქსირება გვინდა, ზოგი ძველი არგუმენტის გახსენებით” ზოგიერთი ახალი გარემოების წარმოჩენით, საერთო სურათის წარმოდგენა გვსურს ვცადოთ.

1907 წლის ზაფხულში საქართველოში კვლავ მძიმე ვითარება იდგა. 3 ივნისს იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბირო გარეკა, რითაც რევოლუციის დამარცხება ოფიციალურად გაფორმდა. იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პეტრე სტოლიპინი მეთოდურად შეუდგა „რევოლუციის ლიკვიდაციის“ განხორციელებას, რომელიც პირველ რიგში რევოლუციური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების ნეიტრალიზებას გულისხმობდა. ციხეებსა და ციმბირის გადასახლებაში ან ემიგრაციაში აღმოჩნდნენ ცნობილი სოციალ-დემოკრატი მენშევიკები, ბოლშევიკები, სოციალისტ-რევოლუციონერები, ანარქისტები, ზედიზედ ანადგურებდნენ ტყეში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს, „ტყის ძმებს“, სხვადასხვა ჯურის პარტიზანულ თუ პარტიათა სამხედრო და გაყაჩაღებულ-გაბანდიტებულ დაჯგუფებეს, რაზმებს.

რევოლუციის დამარცხებამ განსაკუთრებით მძიმედ ბუნებრივია, ყველაზე გავლენიან სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაზე იმოქმედა. მკვეთრად შესუსტდა ქართველ „მესამე დასელთა“ აქტივობა. აი, ამგვარი თავისებური რევოლუციური დეპრესიის ფონზე, საქართველოში ჯერ კიდევ ფეხზე იდგა ეროვნული მოძრაობა. პატრიოტული ორგანიზაციები კვლავ აქტიურობდნენ. იმჟამინდელი, დავაკონკრეტოთ, 1907 წელს მოქმედი პატრიოტული მიმართულების პოლიტიკური პარტიები, დაჯგუფებები, უპარტიო ინტელიგენტური ჯგუფები, პრესის ორგანოები, ავტოკეფალისტები და სხვანი, კვლავ ენერგიულად მოქმედებდნენ.

1907 წლის საერთო ვითარებას თუ გადავავლებთ თვალს, ქართული ეროვნული მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით იღვწოდა და რამდენიმე დიდი პროექტის განხორციელებას კვლავ ცდილობდა:

ეროვნული მოძრაობის პირველი მიმართულება - ეროვნულ-პოლიტიკურ ძალებს თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სახით ჰყავდა, იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - რუსეთის სახელმწიფო საბჭოში. ეს იყო პარლამენტის ზედა პალატა, რომელსაც ადრე თვით იმპერატორი აკომპლექტებდა თავისი ყველაზე ერთგული მოხელეებით. 1906 წლიდან, რევოლუციის ზეგავლენით, სახელმწიფო საბჭოს ნახევარს კვლავ ნიკოლოზ მეორე ადგენდა, მაგრამ საბჭოს შემადგენლობის მეორე ნახევარში შედიოდნენ თავადაზნაურობის წრიდან არჩეული წევრები. ესენი იყვნენ გუბერნიების თავადაზნაურთა მარშლები, მაღალი რანგის ჩინოვნიკები, გრაფები, ბარონები, გუბერნატორები, და ა. შ.

ამ იმპერიისა და იმპერატორის ერთგულ დიდმოხელეთა შორის რამდენიმე პროგრესულმა მოღვაწემაც შეაღწია, რომლებმაც სახელმწიფო საბჭოში მცირერიცხოვანი მემარცხენე ფრაქცია შეადგინეს. მემარცხენე ფრაქციაში, საბჭოს 196 წევრიდან,სულ 13 დეპუტატი შედიოდა. სწორედ ამ ჯგუფში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა ილია ჭავჭავაძეს. ფრაქციაში შედიოდნენ მაშინდელი რუსეთის გამოჩენილი მეცნიერები - ეკონომისტები, ისტორიკოსები, სამართალმცოდნეები, ინტელექტუალები, მაგ., ვ. ი. ვერნადსკი - მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; ა. ა. მანუილოვი - მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორი; ა. ს. ლაპო-დანილევსკი - ცნობილი ისტორიკოსი; ვ. ი. სერგეევიჩი - პეტერბურგის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი; მაქსიმ კოვალევსკი - ცნობილი ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, პარლამენტარიზმის თეორეტიკოსი და პეტერბურგის აკადემიის წევრი და სხვ.

1906 წლიდან მაქსიმე კოვალევსკი პეტერბურგში სცემდა გაზეთ „სტრანას“. მან თავისი გაზეთის ფურცლებზე აღფრთოვანებული პასაჟები უძღვნა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ და დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსი აკადემიკოსის აზრით, ილია ჭავჭავაძე ღრმად იცნობდა საკუთარი ქვეყნის საჭიროებებს და „დაჟინებით მოითხოვდა განაპირა მხარეებისათვის ფართო თვითმმართველობას, მათი საერობო პალატების მიერ ადგილობრივი კანონების გამოცემის უფლებით.“ კოვალევსკი წერდა: „თავადი ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ „მიწების ჩამოშორების საკითხში აუცილებელია ყველაზე ფართო დათმობები მშრომელი მასების ინტერესებისათვის.“ ამგვარი უაღრესად დემოკრატიული პოზიციის გამო, კოვალევსკი ილიას უწოდებდა მემარცხენე პარტიების პროგრამების „ბრწყინვალე მომხრეს“. (გაზეთი „სტრანა.“ 1906. 11 აპრილი. მ. კოვალევსკი - „მომავალი სახელმწიფო საბჭო.“).

ილიას ფართო დემოკრატიული და ეროვნული პროგრამის წარმოსადგენად, მკითხველს გვინდა შევთავაზოთ, რუსულ პრესაში, ჩვენს მიერ მიკვლეული ინტერვიუ, რომელიც ილიამ მისცა გაზეთ „პეტერბურგსკი ლისტოკის“ კორესპონდენტს. ინტერვიუ ამავე გაზეთში გამოქვეყნდა. მოგვყავს ინტერვიუს ტექსტი შემოკლებით, რომელიც პირველად 1993 წელს გამოვაქვეყნეთ.

“პეტერბურგსკი ლისტოკის“ კორესპონდენტი გადმოგვცემს: „საქართველოს და საერთოდ კავკასიის წარმომადგენელი, სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრი, ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავისი პოლიტიკური მრწამსით სახალხო თავისუფლების (ე. ი. კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის - დ. შ) მომხრეა...

ჩვენ საშუალება მოგვეცა გვესაუბრა, შორეული საქართველოდან ჩამოსულ პატივცემულ თავადთან.

- სანამ ამომრჩევლად ამირჩევდნენ, ამისთვისაც მთელი ბრძოლის გადატანა მომიხდა, - გვითხრა თავადმა, - მე ვარ საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით, მით უფრო ყველა იმ საშინელებათა შემდეგ, კვლავ რომ გრძელდება კავკასიაში.

- ქართველი და საერთოდ კავკასიელი აზნაურობა ყოველთვის წავა აგრარულ საკითხში ყოველგვარ დათმობებზე, თუკი მიწების იძულებითი ჩამორთმევა მიჩნეული იქნება დიდი საერთო-სახალხო მნიშვნელობის საქმედ. მაგრამ ბევრნი წინ აღუდგნენ ძველი კავკასიელი აზნაურების ამ პატიოსან აზრს. დაიწყეს ლაპარაკი ფედერაციის შესახებ, ლაპარაკი, რომ ამგვარი აზრი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის დაქუცმაცების სურვილი და ა. შ.. .

- მე ვარ რეფორმირებული სახელმწიფო საბჭოს წევრი და მთელის ჩემის ძალით ვიქნები ამ თვალსაზრისზე. რა გამოვა აქედან, - თქვა თავ. ი. გ. ჭავჭავაძემ, - ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.“ (იხ: დიმიტრი შველიძე. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები. თბ., 1993. გვ. 185. გაზ. „პეტერბურგსკიე ვედომოსტი.“ 1906, 9 აპრილი).

უაღრესად დემოკრატიულმა და ეროვნულმა პროგრამამ, ილია ჭავჭავაძეს რუსეთის საზოგადოების წრეებში უფო მეტი მტერი შესძინა, ვიდრე მეგობარი. ერთი მხრივ მას წინ აღუდგნენ რუსეთის ერთიანობის ყველანაირი მომხრეები - ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, მემარჯვენეები, ნაციონალ-შოვინისტები. სახელმწიფო საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობა ცხადია ღია ან ფარულ მტრად გადაიკიდა ილიამ. აღმოჩნდა, რომ რუსეთის საკანონმდებლო უმაღლეს ორგანოში - სეპარატისტი იჯდა, რაც გაუგონარი ფაქტი გახლდათ სახელმწიფო საბჭოს ასწლოვან ისტორიაში.

მეორე მხრივ, ილიას ავტონომისტურ-სახელმწიფოებრივი იდეალები, არც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და სხვა ცენტრალისტური პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის იყო მისაღები, მათთვისაც ქართველი ხალხის წარმომადგენელი სახელმწიფო საბჭოში, პერსონა ნონ გრატად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობას, ილიას სახით, რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდა თავისი წარმომადგენელი, რომლის პოზიციას, სიტყვას და საქმიანობას, დიდი რეზონანსის და პრაქტიკული შესაძლებლობების პოტენციალი გააჩნდა, მთელი იმპერიის მასშტაბით.

ეროვნული მოძრაობის მეორე მიმართულება - საქართველოში წარმატებით დაიწყო და მიმდინარეობდა გამოკვეთილი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციის - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა-ჩამოყალიბების პროცესი.

1900-იანი წლების დასაწყისამდე ილია ჭავჭავაძეს საერთოდ არც უცდია და არც საჭიროდ მიაჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის შექმნა. მან ამგვარი პარტიის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ 1905 წლის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს მიიჩნია მიზანშეწონილად. დაახლოებით 1905 წლის მეორე ნახევარში, ილიამ ინტელიგენციის ერთ-ერთ შეკრებაზე, მხარი დაუჭირა კიტა აბაშიძის ინიციატივას, რომ საქართველოში უნდა შექმნილიყო წმინდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პარტია. 1905 წლის შემოდგომაზე, თანამედროვეთა ინფორმაციის მიხედვით, საადგილ-მამულო ბანკში შედგა პატრიოტულად განწყობილ მოღვაწეთა ყრილობა. მასში მონაწილეობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა, პავლე თუმანიშვილი, ნიკო თავდგირიძე, სხვანი. სწორედ ამ შეკრებაზე ილიამ „წარადგინა წინადადება ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნისა“.

პარტიის ჩამოყალიბების პროცესი გაგრძელდა, მაგრამ მას ადგილობრივი მნიშვნელობის მასშტაბი ჰქონდა. მას შემდეგ კი, როცა ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის, მისი პროგრამის, მიზნებისა და მასში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობის ფაქტმა, მთელს იმპერიაში გამოიწვია რეზონანსი. 1906 წლის აპრილში, პეტერბურგის გაზეთები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ თბილისში შეიქმნა პარტია, რომელმაც წამოაყენა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი. გაზეთი „სტრანა“ კი აუწყებდა იმპერიის საზოგადოებას, რომ ახალი პარტიის „ცენტრალურ კომიტეტში“, ქართველი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შედიოდა და „პარტიის პროგრამის შედგენაში, ენერგიული მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა თავადმა ჭავჭავაძემ.“(გაზ. „სტრანა.“ პეტერბურგი. 1906. 11 აპრილი).

ახლა, ცოტა ხანს შევჩერდეთ, და ამ ფაქტის ანალიზი ვცადოთ. სხვა ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ილიაზე ადრე წამოსწიეს ავტონომიის ფორმით ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნა, მაგ., იგივე სოციალისტ-ფედერალისტებმა. მათ, როგორც ცნობილია 1903 წელს პარიზში გამოცემულ გაზეთ „საქართველოში“ დაასაბუთეს ეს მოთხოვნა. მაგრამ ფედერალისტების პარტია იყო რევოლუციური. ის იარაღითაც ებრძოდა რუსეთის მონარქიას და ეს არავის უკვირდა. საქართველოში უფრო რადიკალური პარტიებიც იყვნენ, რომლებსაც სამყაროს გადატრიალება უნდოდათ და ესეც არავის უკვირდა

მაგრამ ილია ჭავჭავაძე იმპერიის საკანონმდებლო ორგანოში თავადაზნაურობამ აირჩია. ის იმყოფებოდა იმპერიის წარმომადგენლობით ორგანოში, რომლის 95% მაინც, იმპერიისა და იმპერატორის ერთგული ნაღები იყო. ამიტომაც, ქართველი დეპუტატის სიტყვას, პროგრამას და პოზიციას, რომელიც თავადაზნაურობის სახელით კი არა, მთელი საქართველოსა და კავკასიის სახელით გამოდიოდა, ბევრად დიდი მასშტაბი და რეზონანსი ჰქონდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძემ, ისე როგორც მანამდე არავინ ქართველთაგან, რუსეთის იმპერიის ნაციონალისტურ პოლიტიკურ ელიტას თვალწინ ააფარა ქართველობის უპირველესი მიზანი - ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ახლა უკვე ამ მიზნის განხორციელებისათვის იგი პოლიტიკურ პარტიას ქმნიდა. ეს უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ.

უკვე ამ დროიდან, როცა სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს და როცა საბოლოოდ დაფიქსირდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, ილია ჭავჭავაძე საბოლოოდ იქცა მისი ყველანაირი მოწინააღმდეგეების სამიზნედ. აქამდე საქართველოში მისი შეურიგებელი ოპონენტები სოციალ-დემოკრატები იყვნენ. ამის შემდეგ ილიას შეურიგებელი მტრების არმიას უცებ შეემატა რუსეთის სახელისუფლო და მემარჯვენე პოლიტიკური ელიტა. ცხადია, იმპერიის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს არც აქამდე ეხატათ გულზე ქართველობის აღიარებული ლიდერი, მაგრამ აქამდე თავადი ჭავჭავაძე ასე თუ ისე ახერხებდა რუსულ უმაღლეს ბიუროკრატიასთან კომუნიკაციას. მას პატივისცემით იღებდნენ, უსმენდნენ და ანგარიშსაც უწევდნენ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში. მაგრამ 1906 წლის აპრილიდან და ილიას მხრიდან ლამის რადიკალური ეროვნული და დემოკრატიული პროგრამის წამოყენების შემდეგ მის მიმართ ლოიალიზმს საფუძველი გამოეცალა.

ეროვნული მოძრაობის მესამე მიმართულება - 1905-1907 წლების განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქართველ სამღვდელოებასაც ჩაუსახა იმედი. მან ენერგიული ბრძოლა წამოიწყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. 1905 წლის დასაწყისიდან მთელს საქართველოში მიმდინარეობდა სხვადასხვა დონის კრებები, თავყრილობები ავტოკეფალიის მოთხოვნით. 1905 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარდა ქართველი სამღვდელოების კრება, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გეგმა (პროექტი).“ (გვანცა ბურდული - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე. თბ., 2007).

ამ დროს თვით რუსეთშიც მიმდინარეობდა რეფორმატორული მოძრაობა რუსული ეკლესიის მართვა-გამგეობის დემოკრატიზაციისათვის. რუსულ საეკლესიო წრეებს სურდათ სახელმწიფოს მეურვეობისათვის თავი დაეღწიათ. მათი მიზანი იყო გაუქმებულიყო რუსული ეკლესიის სახელმწიფო მმართველობის ორგანო - უწმინდესი სინოდი და მართვა-გამგეობა გადასცემოდა პატრიარქს და საეკლესიო კრებას. ამ საკითხების გადასაჭრელად გადაწყდა მოწვეულიყო სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება, მაგრამ იმისათვის რომ კრებაზე განსახილველი საკითხები მოემზადებინათ, გადაწყვიტეს კრებამდე მოეწვიათ წინარე თათბირი.

ქართველმა საეკლესიო მოღვაწეებმა განიზრახეს სწორედ ამ წინარე თათბირზე წამოეყენებინათ ავტოკეფალიის მოთხოვნის საკითხი. ასეც მოხდა. 1906 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პეტერბურგში მიმდინარეობდა რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა საეკლესიო მოღვაწეებმა კირიონმა, ლეონიდემ, მეცნიერებმა ნიკო მარმა, ალექსანდრე ცაგარელმა, ალექსანდრე ხახანაშვილმა მყარად დაასაბუთეს საქართველოს ეკლესიის აღდგენის კანონიერება, წინარე თათბირმა არ შეიწყნარა ქართული ეკლესიის მოთხოვნა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურად უჭერდა მხარს ავტოკეფალისტურ მოძრაობას, მჭიდროდ თანამშრომლობდა მოძრაობის ლიდერებთან.. მიუხედავად წინარე თათბირზე განცდილი წარუმატებლობისა, ქართველი ავტოკეფალისტები 1907 წელსაც აგრძელებდნენ ბრძოლას.სახელმწიფო საბჭოში არჩევის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე ქართველ საეკლესიო ლიდერებს ნამდვილ მფარველად და შუამავლად ეგულებოდათ რუს იერარქებთან და მსხვილ ბიუროკრატებთან ურთიერთობის დროს. პეტერბურგში გამგზავრების წინ ილია დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალთან შემდგარ თათბირს, რომელიც ავტოკეფალიის საკითხს იხილავდა. პეტერბურგში ილია ალექსანდრე ცაგარელთან ერთად სტუმრობდა და ხანგრძლივად ესაუბრა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს. იგი დაუზარელად მიჰყვებოდა ავტოკეფალისტ თავკაცებს და მათი თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუს მსხვილ ბიუროკრატებთან, საეკლესიო თანამდებობის პირებთან. ხმები დადიოდა რომ ილია ჭავჭავაძე საქართველოს ავტონომიისა და საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხებზე რუსეთის იმპერატორთან აპირებდა შესვლას.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ავტოკეფალურ მოძრაობასაც სასტიკად ებრძოდა. მაგალითისათვის 1905 წლის 31 მაისს თბილისში დატრიალებული ამბავიც საკმარისია. ამ დღეს მიმდინარეობდა ქართველი სამღვდელოების ყრილობა, რომელიც ბუნებრივია, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნას ეხებოდა. როგორც ჟურნალი „მწყემსი“ იუწყებოდა, ხელისუფლების მიერ სპეციალურად გამოწვეულმა „ყაზახებმა“ და „სტრაჟნიკებმა” მათრახების ცემით დაშალეს ყრილობა და დიდძალი ხალხი შენობიდან გამოყარეს.“

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი ნაწილი იყო. საერთო ეროვნული ფრონტის ამ უბანზე აქტიური მონაწილეობა კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი გახლდათ, რომ ეროვნული მოძრაობის მტრები დაპირისპირებოდნენ ილია ჭავჭავაძეს. მის მოწინააღმდეგეთა არმიას ემატებოდა რუსული საეკლესიო ცენტრალური და ადგილობრივ-კავკასიური იერარქია, რომლებსაც თავიანთ მოსისხლე მტრად უნდა მიეჩნიათ ავტოკეფალური მოძრაობის მფარველი და ერთ-ერთი მეთაურიც, სახელმწიფო საბჭოს წევრი თავადი ჭავჭავაძე.

ეროვნული მოძრაობის მეოთხე მიმართულება - ეროვნულმა ძალებმა საქართველოში ყველაზე გავლენიან და ძლიერ რევოლუციურ ორგანიზაციასთან, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. 1906 წლის ზაფხულში პეტერბურგში, სასტუმრო „ევროპაში“ ილია ჭავჭავაძე შეხვდა პირველი სახელმწიფო სათათბიროს ქართველ სოციალ-დემოკრატ დეპუტატებს: ნოე ჟორდანიას, ისიდორე რამიშვილს, ივანე გომართელს, სიმონ წერეთელს და სერგო ჯაფარიძეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ალექსანდრე ცაგარელი, ჟურნალისტი მალაქია ბოლქვაძე და ცნობილი ქართველი ბიზნესმენი დავით სარაჯიშვილი, რომელმაც მოაწყო ამ შეხვედრის ორგანიზაცია.

მოლაპარაკების საგანი საქართველოს ავტონომიის მოთხოვნის საკითხი იყო. იმხანად პირველ სათათბიროში შექმნილი იყო ავტონომისტების ფრაქცია. მასში იმპერიის სხვადასხვა ხალხების 63 წარმომადგენელი შედიოდა. მათ შეემატა სოციალისტ-ფედერალისტი დეპუტატი იოსებ ბარათაშვილი. სწორედ ის აპირებდა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნის აღძვრას სათათბიროში. მთავარი საშიშროება ავტონომიის მოთხოვნას, ისევ ქართველი სოციალ-დემოკრატებისაგან ელოდა. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლის წევრებიც ქართველი სოციალ-დემოკრატები იყვნენ, როგორც ცნობილია, ავტონომიის სასტიკ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა და ქართველი მესამე დასელებიც მწვავედ ებრძოდნენ ავტონომიის იდეას.

მიუხედავად ამისა, ილიამ მოახერხა ქართველი მარქსისტი დეპუტატების დათანხმება, რომ ისინი სათათბიროში ავტონომიის მოთხოვნის წინააღმდეგ კრინტს არ დაძრავდნენ. როგორც მალაქია ბოლქვაძე თავის ცნობილ მოგონებებში გადმოგვცემს, ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებს, ნოე ჟორდანიას და ისიდორე რამიშვილს ილიასთვის განუცხადებიათ: „ჩვენ საქართველოს ავტონომიას არც დავიცავთ და არც წინააღმდეგ ვიტყვით არაფერს.“ შემდეგში, მოლაპარაკების შედეგით კმაყოფილ ილია ჭავჭავაძეს ბოლქვაძისთვის აზრი გაუზიარებია: “ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგნი არიან. ეს ყველამ ვიცოდით. მაგრამ ის, რაც გუშინ გამოირკვა - ახალია. ამათთან, ბელადებთან, ისიდორესთან და ნოესთან შესაძლოა მოლაპარაკება, - სხვებთან კი ჩვენში... ფანატიკოსები არან დალოცვილნი. შეიძლება ორ სხვა და სხვა უკიდურესს პარტიას ვეკუთვნოდეთ, მაგრამ ჩვენ ერთად ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს.“(მალაქია ბოლქვაძე. ახლო წარსულიდან. ჟურნალი „განათლება.“ 1908. ¹3-4).

ეროვნულ ძალებსა და სოციალ-დემოკრატ ლიდერებს შორის შეთანხმება, თუნდაც პოლიტიკური რეალობის ერთ უბანზე - სახელმწიფო სათათბიროში, ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ მიღწეული კომპრომისი ქართველ მენშევიკ სოციალ-დემოკრატებთან, არც შემდგომ სახელმწიფო სათათბიროებში დარღვეულა. ქართველი მენშევიკი-სოციალ-დემოკრატები ავტონომიის წინააღმდეგ არც სხვა დროს გამოსულან სათათბიროში, თუმცა არც მხარდაჭერა გამოუხატავთ. შეიძლება ითქვას, რომ ავტონომიის საკითხში, სახელმწიფო სათათბიროებში, ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ამ საკანონმდებლო ორგანოში, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ - ნეიტრალიტეტის პოზიციაზე იდგნენ. ეს ილია ჭავჭავაძი დამსახურება იყო.

მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნის წინააღმდეგ, საქართველოში, არც მენშევიკებს და მით უფრო, არც ბოლშევიკებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. სათათბიროში შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ რეალობაზე არ ვრცელდებოდა და აქ სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთა, ილია ჭავჭავაძეს ებრძოდა, როგორც ავტონომისტური ბანაკის ლიდერსაც.

ეროვნული მოძრაობის მეხუთე მიმართულება - ეროვნულ-პოლიტიკური ბანაკის ერთი ჯგუფი ცდილობდა სახელმწიფოს აღდგენისათვის სამართლებრივი საშუალებებით ებრძოლა. ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის ისტორიული უფლების დასაბუთებას და პოპულარიზაციას, ევროპულ სივრჩეში, უკვე დიდი ხანია აწარმოებდა ვარლამ ჩერქეზიშვილი. 1906 წელს ცნობილი ანარქისტ-ნაციონალისტი სამშობლოში ჩამოვიდა და ახალი დიდი პროექტის განხორციელებას შეუდგა. 1907 წლის ზაფხულში, ჰააგაში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიო სამშვიდობო კონფერენცია. ჩერქეზიშვილის განზრახვა გახლდათ, რომ კონფერენციისთვის წარედგინათ ქართველი ხალხის პეტიცია, რომელშიც აღძრული იქნებოდა ქართველი ხალხის მოთხოვნა საკუთარი სახელმწიფოს აღდგენის კანონიერების შესახებ.

ვარლამ ჩერქეზიშვილმა გიორგი გვაზავასთან და მიხაკო წერეთელთან ერთად შეადგინა პეტიციის ტექსტი. პეტიციის არსი შემდეგი გახლდათ: რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის 1783 წელს დაიდო საერთაშორისო ხელშეკრულება.იგი გულისხმობდა რუსეთის მფარველობაში ქართული სახელმწიფოს შესვლას. 1801 წელს რუსეთმა დაარღვია ეს ხელშეკრულება და ქართული სახელმწიფო გააუქმა და დაიპყრო. დაირღვა საერთაშორისო სამართალი. ქართველი ხალხი მიმართავდა ჰააგის კონფერენციის სახით, საერთაშორისო სამართალს, რათა მას აღედგინა დარღვეული სამართლიანობა - მოეთხოვა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებისათვის, აღედგინა კანონიერება. ქართველ ხალხს ჰქონდა კანონიერი უფლება, ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო, რათა კუთვნილი ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიოს თავისუფალ ერებს შორის.

პეტიციის ინიციატორები შეუდგნენ ტექსტზე ხელმოწერების შეგროვებას. ხელს აწერდნენ პოლიტიკოსები, რევოლუციონერები, ინტელიგენციისა და კულტურის წარმომადგენლები, მეცნიერები, გლეხები, მუშები, სტუდენტი-ახალგაზრდები, ყველა, ვისაც პატრიოტიზმი და გამბედაობა ეყოფოდა. ბუნებრივია, რომ ხელმომწერთა ვინაობა გამჟღავნდებოდა და სპეცსამსახურების ყურადღების არეში მოხვდებოდა. პეტიციაზე ხელმოწერა სამოქალაქო გამბედაობის ხარისხზე იყო დამოკიდებული, თვითოეული ხელმომწერის მხრიდან. 

ბუნებრივია, ასეთი დიდი მასშტაბის ღონისძიება ილია ჭავჭავაძის მონაწილეობისა, მისგან რჩევის აღებისა და რეკომენდაციის გარეშე არც ჩაივლიდა და ვერც ჩაივლიდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი, ეს იმპერიისაგან დევნილი ანარქისტი, ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ილია იმასაც არ უფრთხოდა, რომ ევროპაში მყოფი ანარქისტი ემიგრანტის ათობით სტატია, თავის „ივერიაში“ გამოექვეყნებინა 1890-იან წლებში. ახლა, ამნისტიის წყალობით, 1906 წელს სამშობლოში ჩამოსული ჩერქეზიშვილი და მისი ფრანგი მეუღლე ფრიდა, ილიას ოჯახის სასურველი სტუმრები იყვნენ. 1908 წლის 25 სექტემბერს, უკვე დაქვრივებული ოლღა გურამიშვილი, მარჯორი უორდროპს წერდა ლონდონში: „ვისიამოვნე გულით, რომ ვაზიანი (ვარლამ ჩერქეზიშვილი) თავის ცოლით გინახამთ. დიდათ ვიკითხებ იმათ მაღალკეთილშობილება ადამიანობას. ორივენი შემკულნი არიან მაღალი გულკეთილობით. როდესაც ნახოთ, ან სწერდეთ, ჩემი უგულითადესი უღრმესი პატივისცემა უძღვენით.“ (გურამ შარაძე. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. თბ., 1984. გვ. 267). უფრო ადრე, ოლღა გურამიშვილი მარჯორის წერდა, ამას წინად, თქვენი ნაცნობი ინგლისელი ნევინსონი, ილიას ეწვია და სამწუხაროდ მე ვერ ვნახე, რადგან სახლში არ ვიყავიო. ეს ნევინსონი, ინგლისელი ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილმა ჩამოიყვანა და მთელი საქართველო მოატარა. ცხადია, ნევინსონი ილია ჭავჭავაძესთან ჩერქეზიშვილმა მიიყვანა და წარუდგინა. ილიასთან ინგლისელი ჟურნალისტის ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს პეტიციაც უნდა ყოფილიყო. ნევინსონი აქტიურად იყო ჩაბმული პეტიციის დანიშნულებისამებრ რეალიზაციის პროცესში. სწორე მან ჩაიტანა ლონდონიდან ჰააგაში პეტიციის ტექსტი და გაუგზავნა კონფერენციის ორგანიზატორებს. ისე რომ, როგორც ჩერქეზიშვილი იგონებს, როდესაც 1907 წლის ივნისში ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია გაიხსნა თუ მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთ დღეს, მონაწილე 44 ქვეყნის 250 წარმომადგენელს მაგიდაზე დახვდა კონვერტი წარწერით „საქართველოს პეტიცია.“

ერთი სიტყვით, ჩერქეზიშვილისა და ილია ჭავჭავაძის დიდი და რისკიანი მეგობრობა იმიტომ გავიხსენეთ, რომ ვფიქრობთ, საქართველოს ხალხის პეტიციაზე, ილია ჭავჭავაძესაც უნდა მოეწერა ხელი. სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია რომ ყოფილიყო, თუმცა ჯერჯერობით საამისო დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხალხის პეტიცის მომზადება და მასზე ხელმოწერები, 1906 წლის დასასრულსა და 1907 წლის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა. პეტიციის ტექსტი 1907 წლის 18 ივნისითაა დათარიღებული. ყოველივე ეს ილიას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა და ამ ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობა, ილიასა და ქართული სახელმწიფოს აღდგენის მტრებისათვის, ილიას ლიკვიდაციის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზ-ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო.

ეროვნული მოძრაობის მეექვსე მიმართულება - ქართულ ისტორიოგრაფიაში არის ანარეკლი იმ ხმებისა, რომელიც 900-იანი წლების საქართველოში დადიოდა - ილია ჭავჭავაძის შესაძლებელი განზრახვის შესახებ, რომ იგი აპირებდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან შესვლას. აუდიენციის მიზანი და საგანი რა თქმა უნდა საქართველოს ავტონომიის საკითხი უნდა ყოფილიყო. ისეთი ხმებიც დადიოდა, რომ თითქოს ეს შეხვედრა შემდგარიყოს. პირდაპირი არგუმენტირებული ცნობა ან ინფორმაცია ამგვარი შეხვედრისა არ არსებობს და არც უნდა ჰქონოდა ადგილი. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ვერ დაემალებოდა ვერც მაშინდელ საზოგადოებას და ვერც ისტორიოგრაფიას დარჩებოდა შეუმჩნეველი.

მაგრამ იმის დასაბუთება კი სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი განზრახვა ნამდვილად არსებობდა და რეალური იყო.

ილია ჭავჭავაძეს რომ 1906 წლის აპრილამდე მოენდომებინა რუსეთის იმპერატორთან აუდიენცია, შესაძლებელია ამის განხორციელება შეუძლებელი ყოფილიყო გასაგები მიზეზების გამო - მას საამისო მდგომარეობა არ გააჩნდა, არც თავადაზნაურობის მარშალი იყო, არც რაიმე სერიოზული ჩინის პატრონი, უკეთეს შემთხვევაში, ის ყოფილი რედაქტორი და ყოფილი ბანკის მმართველი გახლდათ. 1906 წლის აპრილის შემდეგ კი, როცა ილია რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო-სათათბირო ორგანოს წევრი გახდა, მას უკვე სრულიად ლეგიტიმური შესაძლებლობა გაუჩნდა, ეფიქრა იმპერატორთან აუდიენციაზე. ეს ერთი ფაქტორი, რომელიც რეალურს ხდის ილია ჭავჭავაძის იმპერატორთან აუდიენციის განზრახულობას. ამ გზას, როგორც ავტონომიის მიღწევის საშუალებას, განიხილავდა და მისი განხორციელებისათვის შესაძლოა იბრძოდა, ეროვნული მოძრაობის ერთი ჯგუფი. ეს ჯგუფი იბრძოდა აგრეთვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის და მის მისაღწევად ერთ-ერთ საშუალებად რუსეთის იმპერატორთან შესვლას და მისი მხარდაჭერის მოპოვებას მიიჩნევდა. ამ ჯგუფში შედიოდნენ საეკლესიო მოღვაწეები და პეტერბურგჩი მცხოვრები ქართველი მეცნიერები: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, მეცნიერები: ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.

მეორე ფაქტორი, რომელიც ბუნებრივს ხდის ილია ჭავჭავაძის განზრახვის შესაძლებლობას, თვით რუსეთის იმპერატორისაგან უნდა ყოფილიყო მოტივირებული. დავუშვათ, რომ ნიკოლოზ მეორე მართლაც იყო დაინტერესებული საქართველოს რაიმე ფორმით ავტონომიის აღიარების საკითხით. ვინ იყო იმ დროს საქართველოში ისეთი პიროვნება, რომელსაც იმპერატორი ამ საკითხის განსახილველად მიიწვევდა? რუსული ბიუროკრატიის ქართველი წარმომადგენლები იმპერატორის ცნობისმოყვარეობას ვერ დააკმაყოფილებდნენ. ამ საკითხზე მოსათათბირებლად ვერც თავადაზნაურობის მარშლები გამოდგებოდნენ, რადგან ისინი ერთი ვიწრო კლასის წარმომადგენლები იყვნენ და იმპერატორს საქმის რეალურ ვითარებას ვერ გადაუშლიდნენ. რევოლუციური და ეროვნული პარტიების აქტორებს რუსეთის იმპერატორი ვერ დაელაპარაკებოდა. სრულიად ბუნებრივად და ნათლად იკვეთება იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პიროვნება, რომელიც როგორც ერთის მხრივ მთელი საქართველოს წარმომადგენელი და მეორე მხრივ - სახელმწიფო საბჭოს წევრი, სრულიად აკმაყოფილებდა საიმპერატორო კარის ეტიკეტს. სწორედ მას და არავის სხვას შეეძლო რუსეთის იმპერატორს შეხვედროდა და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოს ავტონომიის საკითხზე და ამ მხრივ მისაღები კანდიდატურა ყოფილიყო ნიკოლოზ მეორისთვის..

დაბოლოს, მესამე ფაქტორი. მართლა იყო თუ არა რუსეთის იმპერატორი საქართველოს ავტონომიის საკითხით დაინტერესებული? დიახ, ნიკოლოზ მეორე მართლაც იყო დაინტერესებული ამ პრობლემით. იმისათვის რომ იმპერატორის დაინტერესება დავასაბუთოთ, ცოტა გრძელი გზა უნდა ავირჩიოთ და ერთ ჩვენს კარგა ხნის წინ გამოქვეყნებულ ნარკვევს გადავხედოთ, რომელშიც ნაწილობრივ შევეხეთ ამ საკითხს.


(გაგრძელება იქნება)

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq