საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დიმიტრი შველიძე - ვასალურ-ქვეშევრდომული შეუღლებანი
დიმიტრი შველიძე

ვაქვეყნებთ ნაწილებს დიმიტრი შველიძის წიგნიდან "პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში". დღეს გთავაზობთ 3 თავს "ვასალურ-ქვეშევრდომული შეუღლებანი".


მაგრამ ცხადია, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქართულ და მაჰმადიანურ სამყაროს შორის პოლიტიკურ დამოყვრებას ადგილი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამგვარი შემთხვევები იყო და საკმაოდ ინტენსიური ხასიათიც ჰქონდა, მაგრამ მას სრულიად განსხვავებული, ვასალურ-ქვეშევრდომული ხასიათი ჰქონდა და ორი პოლიტიკური ძალის - მბრძანებელ-დამპყობლისა და ქვეშევრდომ-ვასალის არათანასწორ ურთიერთობას ასახავდა. ცხადია ისიც, რომ საქართველოს ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ფორტუნამ ვასალ-ქვეშვრდომობის მდგომარეობაშიც ამყოფა ჩვენი ქვეყანა და ძლიერების ხანაში, ყმადნაფიცი ქვეყნების მოთავეობაც არგუნა. ამიტომ ორივე შემთხვევაში არათანასწორუფლებიანი ტიპის პოლიტიკური შეუღლებანი განსხვავებული ტერმინებით რომ გაიმიჯნოს პირველ შემთხვევას ვუწოდოთ - ვასალური, ხოლო მეორეს კი - სიუზერენული.

ვასალური ხასიათის პოლიტიკური შეუღლება უმეტესად საქართველოს მიწა-წყალზე გაბატონების მსურველი აგრესორების ნებასურვილს გამოხატავდა და დამპყრობლებისა და დამორჩილებულის არათანასწორ ურთიერთობას ასახავდა. აქაც იყო განსხვავება. ხან დამპყრობელი დამორჩილებულ ქვეყანაში თავს სრულუფლებიან ბატონ-პატრონად გრძნობდა, ხან კი მისი მბრძანებლობა ნომინალურ ხასიათს ატარებდა. პირველ შემთხვევაში ესა თუ ის პოლიტიკური შეუღლება მეტროპოლიის პირდაპირი ბრძანებითა ხდებოდა. ამის მიხედვით შეიძლება შემდეგი სახეები გამოვყოთ. ყველაზე მძიმე იყო ვასალურ-მბრძანებლობითი, როცა ესა თუ ის შეუღლება გაბატონებული მხარის პირდაპირი მითითებით ხდებოდა.

ე. წ. ,,მშვიდობიანი ირანიზაციის’’ პერიოდში, როცა ქართლმა ბოლოს და ბოლოს სცნო ირანის ბატონობა, ხოლო ქვეყანას ქრისტიან მეფეთა მაგივრად, გამაჰმადიანებული ქართველი ხანები განაგებდნენ, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით, ვახტანგ V შაჰ-ნავაზ-ხანმა (1658-1675), ცოლად შეირთო სვიმონ გურიელისა და როსტომ მეფის ცოლყოფილი მარიამი. ამ დროისათვის შაჰ-ნავაზს უკვე ჰყავდა მეუღლე ,,სახელად როდამ, ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოველითავე საქმითა კეთილითა სრული სწავლითა, სამღთოთა და საეროთა, მეცნიერი და პირისწყალი დედათა’’. შაჰის ბრძანებას შაჰ-ნავაზი ,,ვერღარა ურჩექმნა’’ და ,,ქმნეს ქორწილი სახელოვანი და ესვა ოროვე ცოლად’’. (1) ცხადია, შაჰ-ნავაზს არავითარი სურვილი არ ჰქონდა მეორე ცოლის მოყვანისა, მაგრამ შაჰის ბრძანება მისთვის კანონი იყო და ამიტომ იძულებული გამხდარა ქართულ-ქრისტიანული ტრადიცია დაერღვია და ერთდროულად ორი ცოლი ჰყოლოდა. შაჰ-ნავაზს ყაფლან ბარათაშვილის ასულის როდამისაგან ექვსი ვაჟი და ორი ქალი ჰყავდა.

იგივე აბას II-ეს, ირანის შაჰს, ცოლად ჰყავდა ვახტანგ V შაჰ-ნავაზის ერთ-ერთი ასული ანუკა, რომლის შესახებაც ბერი ეგნატაშვილი წერს: ,,სულ ერანში მისი სიკეთე ისე განფენილიყო, რაც ქალი კარგს იქმოდა, რასმე, იტყოდნენ, ანუკა ბატონიშვილისაგან უსწავლიაო’’. (2)

ვასალურ-მბრძანებლობით საფუძველზე: ქაიხოსრო ათაბაგის ნათესავის, ოთარ შალიკაშვილის ქალიშვილი, ცოლად ჰყავდა შაჰ-თამაზს; ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის დაი - თინათინი ირანის მრისხანე შაჰ აბას I-ს: ,,და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ, მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაი თვისი ცოლად’’ (სხვა ცნობით - ლელა, რომელიც შაჰმა მოგვიანებით კახეთის ხანს ფეიქარს მისცა ცოლად. - დ.შ.).

იმავე შაჰ-აბასს ცოლად ჰყავდა კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის დაი - ელენე და ა.შ.

მაგრამ ირანელ შაჰთა თუ სხვა აგრესორ-სიუზერენთა ამგვარ ,,თხოვნებს’’ და ბრძანებებს ყოველთვის როდი ემორჩილებოდნენ საქართველოში.

VII ს-ში ხაზართა ხაკანმა ცოლად ითხოვა ქართლის ერისმთავრების იოანესა და ჯუანშერის დაი შუშანი. ერისმთავრებმა ხაკანის მოციქული უარით გაისტუმრეს. მაშინ, 764 წელს საქართველოში ხაკანის სპასალარი ბლუჩანი შემოიჭრა, კახეთის ერთ-ერთ ციხეში დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი და ხაზარეთის გზას დაადგა. ტყუილად როდი წერდა ქართველი მემატიანე: ,,არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა. მხეცის ბუნება, სისხლის მჭამელ’’. (3) ამიტომ იყო, რომ ქართლის ერისმთავართა დაი ბედს არ შეურიგდა, გზაში საწამლავი შესვა და ხაზართა დედოფლობას სიკვდილი არჩია. მემატიანის ცნობით, ხაკანი იმდენად იყო შეპყრობილი სილამაზით სახელგანთქმული ქართველი ასულის სიყვარულით, რომ თავისი ხელცარიელი სარდალი ცხენებს გააგლეჯინა შუაზე, რატომ შუშანის გვამი მაინც არ ჩამომიტანე, რათა მისი სილამაზე მაინც მეხილაო.

ანალოგიური სახის დაუმორჩილებლობა, ქვეყნის აოხრების ერთ-ერთ საბაბად გამოიყენა მრისხანე შაჰ-აბასმა. ევროპული წყაროების თანახმად შაჰ-აბასს შეუყვარდა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის დაი - ხორეშანი. თანამედროვე ირანელი ისტორიკოსი ნასროლა ფალსაფი, რომელსაც ეკუთვნის სამტომიანი შრომა ,,შაჰ-აბას პირველის ცხოვრება’’, წერს: ,,შაჰისა და ხორეშანის სიყვარულის ამბავი, ყველას პირზე ეკერა. პოეტები და მუსიკოსები აბასისა და ფერის სიყვარულზე ლექსებსა და თესნიდებს (სასიმღერო რომანსებს) თხზავდნენ, რომელთაც სეფიანთა ეპოქის დასასრულამდე ლხინისა და ნადიმის დროს მღეროდნენ ხოლმე’’. (4) (ხორეშანი, ირანში - ფერის სახელით იყო ცნობილი - დ.შ.)

მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ამ დროისათვის, აბასს უკვე ჰყავდა ცოლად ლუარსაბ II - ქართლის მეფის ერთი დაი - თინათინი. მუსლიმანთათვის ჩვეულებრივი ტრადიცია, მიუღებელი და გაუგონარი იყო ქართველებისათვის, თუმცა ლუარსაბს არც შაჰის გაცეცხლება სურდა

და თავისი სიძის ელჩები ცრუ დაპირებებით გაისტუმრა. როდესაც შაჰმა ანალოგიური წინადადებით ქართლში მეორე ელჩობა აფრინა, მას ლუარსაბმა განუცხადა: ჩემი დაი ხორეშანი კახეთის მეფე თეიმურაზზეა დანიშნულიო. თავად თეიმურაზ პირველმა ყური არ ათხოვა აბასის მუქარას, ლუარსაბის დაზე ხელი აიღე და ისპაჰანს მეახლეო. ქართველმა მეფეებმა მტკიცედ უარყვეს შაჰის მოთხოვნა: თეიმურაზმა ცოლად შეირთო ხორეშანი. შაჰმა მრისხანება ჯერჯერობით გულში ჩაიკლა, მაგრამ მეფეთა ,,ურჩობა’’ კახეთის გამანადგურებელი ლაშქრობის ერთ-ერთ საბაბად გამოიყენა. 1614 წელს მან კვლავ შეუთვალა თეიმურაზს, გაჰყროდა აწ უკვე თავის მეუღლეს - ხორეშანს და ირანში გაეგზავნა იგი, მაგრამ როცა მეფისაგან კვლავ ცივი უარი მიიღო, კახეთში შეიჭრა.

ხშირად ვასალური სახელმწიფო ისე იყო მოძლიერებული, რომ მხოლოდ ფორმალურად ცნობდა სიუზერენის უზენაესობას, ხოლო ეს უკანასკნელი იძულებული იყო ანგარიში გაეწია ვასალისათვის, ოღონდ კი რაიმე საშუალებით შეენარჩუნებინა მისი გარეგნული მორჩილება. რაიმე საშუალებებით იმიტომ ვამბობთ, რომ სიუზერენს ძალა არ შესწევდა იმჟამად ვასალის სამხედრო ძალით მოთოკვისათვის. იმ საშუალებათა არსენალში, რომლითაც სიუზერენი გაძლიერებულ ვასალ-სახელმწიფოს ,,იერთგულებდა’’, შედიოდა მაღალი საკარისკაცო ტიტულების მინიჭება, ძღვენ-საჩუქრების გაღება, იმ ვალდებულებათა მინიმუმამდე დაყვანა, რომელნიც ვასალს ეკისრებოდა და სხვ. ხომ ცნობილია, რომ ბიზანტიელი იმპერატორები კურაპალატობის, სევასტოსობისა და პანიპერსევასტოსობის ტიტულებს არ იშურებდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებისთვის, რომელთა უწინდებურად დამორჩილება აღარ ხელეწიფებოდათ.

ერთ-ერთი საშუალებათაგანი ვასალის ,,ერთგულების’’ შენარჩუნებისა იყო, მასთან დინასტიური დამოყვრებაც. ამგვარი სახით დანათესავება იმით განსხვავდებოდა ვასალურ მბრძანებლობითი დამოყვრებისაგან, რომ შედარებით და რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ნებაყოფლობითი ხასიათისა იყო. იგი ორივე მხარეს აწყობდა. სიუზერენი სცნობდა ვასალი-სახელმწიფოს გაძლიერებას, მაგრამ მისი შენარჩუნება სურდა, თუნდაც ფორმალურ-ნომინალურად, ხოლო ვასალი შინაგან დამოუკიდებლობას იმტკიცებდა და თან სიუზერენის კეთილგანწყობას თავისი მიზნებისათვის იყენებდა. რა თქმა უნდა, ინიციატივა ხან ერთი მხარისა იყო, ხან მეორესი. ეს იყო ე.წ. ვასალურ-ნაბაყოფლობითი ხასათის პოლიტიკური შეუღლებანი.

ვასალურ-ნებაყოფლობითი სახის შეუღლების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, V საუკუნის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა ქართლის სამეფო ირანის ვასალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. სახელოვანი მეფის ვახტანგ გორგასლის ალანთა ქვეყანაში ლაშქრობამ და დარიალის დაკავებამ საგრძნობლად გაზარდა ქართლის როლი ამიერკავკასიაში. ოს-ალანები და ჰუნები მახლობელი აღმოსავლეთის იმპერიებისათვის მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ. ირანი თავის გაძლიერებულ ვასალს - ვახტანგს, უნდა მოფრთხილებოდა, თორემ ხელსაყრელ შემთხვევაში ქართლი დარიალს გაუხსნიდა ალან-ოსებს და ეს უკანასკნელნი ირანის ჩრდილოეთ პროვინციებს მოედებოდნენ.

სწორედ ამიტომ ირანის მეფემ ჰორმიზდ მესამემ (457-459) ვახტანგ გორგასალს დაუყვავა და თავისი ასული - ბალენდუხტი მიათხოვა. მემატიანის ცნობით, ვახტანგი წარმატებით იყენებდა თავისი სიუზერენის კეთილგანწყობას მეორე ძლიერი მტრის ბიზანტიის წინააღმდეგ. ირანის მხარდაჭერით მან ჯერ რიგი ტერიტორიები წაართვა ბერძნებს, განამტკიცა თავისი საშინაო მდგომარეობა, თითქმის გააერთიანა ქვეყანა და ბოლოს თავად ირანს შეუტია.

XIII ს-ის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცა, საქართველოს მეფეთა პოლიტიკურ წონას მონღოლები მაინც პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. ამის გამო, ხშირი იყო მათ შორის - დამპყრობელსა და დამორჩილებულს შორის, პოლიტიკური დამოყვრების შემთხვევებიც. ილხანთა ირანის გამგებელი არღუნ ყაენი (1284-1291), ჩანს დააფიქრა მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში აღმოსავლეთ საქართველოს მეფის დემეტრე II-ის მონაწილეობამ. ვაზირთა რჩევით, არღუნმა, დემეტრეს სიკვდილის შემდეგ, ერთიანი საქართველოს მეფედ, დავით ნარინს შვილი - ვახტანგი სთხოვა, ხოლო ,,გასაერთგულებლად’’, აწ უკვე გაერთიანებული საქართველოს მეფე ვახტანგ III ნარინის ძეს (1289-1293), ცოლად თავისი დაი - ოლჯათ, მიათხოვა: ,,ამას ვახტანგს მისცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი, და დაი თვისი ოლჯათ ცოლად’’. (5)

ვახტანგის სიკვდილის შემდეგ მისი ქვრივი, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს მეფის დავით VIII-ის ცოლი გახდა. შემდგომში, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფემ, ილხანთა ყაენთან ყაზანთან მოსალაპარაკებლად, სხვა დიდებულებთან ერთად, ორჯერ გაგზავნა თავისი მონღოლი მეუღლე. მეორედ ,,ოლჯათ აღარ დაუბრუნეს’’ მეფეს! (6)

ვასალურ-ნებაყოფლობითი იყო ისეთი ხასიათის შეუღლებანი, როცა ვასალური საქართველოს მესვეურნი სიუზერენული სახელწიფოს ხელისუფლებს ან დიდი გავლენის მქონე პირებს უნათესავდებოდნენ. ასე მოხდა როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მეფემ დავით VII ულუმ ,,იქორწინა ცოლი, სახელით ესუქნი, დიდისა ჭორმაღო ნოინისა და დიდისა სირმა ნოინისა დაი’’.

 

1. ქართლის ცხოვრება, ტ. II გვ. 435.

2. დასახ. ნაშრ. გვ. 436.

3. ქართლის ცხოვრება, ტ. I გვ. 249.

4. ნასროლა ფალსაფი - შაჰ-აბას პირველის ცხოვრება. უცხოური ლიტერატურის რეფერატული კრებული. ჯ. სტეფნაძისა და ლ. ჟორჟოლიანის თარგმანი და წინასიტყვაობა. თბ. 1978. გვ. 7.

5. ქართლის ცხოვრება, ტ. II გვ. 289.

6. დასახ. ნაშრ. გვ. 251.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq