ნაჭარმაგევი საკმაოდ ცნობილი ადგილია საქართველოს ისტორიაში. დღეს ამ სოფელს კარალეთი ჰქვია, გორიდან რვა კილომეტრში მდებარეობს. ნაჭარმაგევში საქართველოს მეფეებს სანადირო და გასართობი სასახლე ჰქონიათ. ბევრი რამ ახსოვს ნაჭარმაგევს. თამარისთვისაც ნაჭარმაგევი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო. 1178 წელს დემნა უფლისწულისა და ორბელების აჯანყების დამარცხების შემდეგ, მეფე გიორგიმ დაალაგა ქვეყანა, ვინც მის წინააღმდეგ გამოვიდა, დასაჯა, ზოგი სიკვდილით, ზოგი ქვეყნიდან გააძევა ან დაამცრო. შემოირიგა ეკლესია, დაუბრუნა შეუვალობა, ახალი პატრიარქი აიყვანა მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე. შემდეგ, შვიდივე სამეფოს დიდებულები მოიწვია ნაჭარმაგევში. საქართველო შვიდი სამეფოსაგან შემდგარ, ანუ დიდ სახელმწიფოდ ითვლებოდა. ნაჭარმაგევში გამოცხადდა - სამეფოს ამიერიდან ორი მეფე მართავდა, გიორგი მესამე და მისი ასული, თანამოსაყდრე თამარი. რამდენიმე რეზიდენცია ჰქონდათ საქართველოს მეფეებს ქვეყანაში, მთავარი სასახლე, დედაქალაქში, ტფილისში გახლდათ. ასევე, სამეფო რეზიდენციები იყო ქუთათისში, გეგუთში, ნაჭარმაგევში, კოლაში, სოხუმში... იმ წელსაც, ნაჭარმაგევში მდგარა თამარ მეფე სამეფოს დიდებულებთან ერთად. როგორც ჩანს, დარბაზის სხდომა მიმდინარეობდა. განაგეს სახელმწიფო საქმეები მეფემ და დიდებულებმა. ეკლესიებისა და მონასტერთა საქმეებიც მოაგვარეს. თამარ დედოფალი დიდ შესაწირავებს უგზავნიდა უცხოეთში ქართულ სავანეებს, არც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული მონასტრები რჩებოდნენ სამეფო შეწირულობების გარეშე. ღარიბებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი ჰქონდა მთელი თავისი შემოსავლის მეათედი, „ნაათალი“... ნაჭარმაგევში ყოფნისას გამოუვლინდა რაღაც დაავადება დედოფალთა დედოფალს. დღითი-დღე მძიმდებოდა, თურმე, მისი მდგომარეობა. დიდხანს მალავდა თამარი ავად ყოფნას, რათა არავინ შეეწუხებინა. მაგრამ ჭირმა არ დამალა თავი. შეუძლებელი გახდა საიდუმლოდ შეენახა მეფეს თავისი სნეულება, რადგან ვეღარ შეძლებდა მგზავრობას. უთხრა დიდებულებს სიმართლე. რა დაავადება ჰქონდა თამარ მეფეს, ძნელი სათქმელია. შესაძლებელია ჭლექი, კიბო, ძვლების დაავადება, ან სხვა რამ. იქნებ, თანამედროვე ეპოქაში ადვილად იკურნება ის სენი, რომელიც თამარ მეფეს სჭირდა, მაგრამ, მაშინ უკურნებელი იყო. ძლიერი ტკივილები აწუხებდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხელმწიფეს. 50 წლისა თუ იქნებოდა, შეიძლება ნაკლებისაც. დასნეულებული მეფე ვეღარ შეძლებდა მგზავრობას. სპეციალური ტახტრევანი გაუკეთებიათ თამარ მეფესთვის, სნეულისთვის მოსახერხებელი საწოლი, რათა წამოეყვანათ ტფილისში, სახელმწიფოს დედაქალაქში. დედაქალაქში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ინება და ჩვეულებისამებრ ქალაქგარეთ, დასოს რეზიდენციაში გადაუყვანიათ, ტყიან ადგილას. ძალიან გაურთულდა დაავადება. იქიდან ტახტრევანით გადააბრძანეს დიდი საქართველოს მეფეთა-მეფე აგარაში, კოჯრის ციხეში. იქაც ერთ-ერთი რეზიდენცია ჰქონდათ ჩვენს ხელმწიფეებს. სამეფო კარის მკურნალები, ალბათ, ფიქრობდნენ, იქაური ჰავა მოუხდებოდა, ან, იქნებ, ასეთი იყო მეფის სურვილი. მკურნალები ამაოდ ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას. მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, დღისითა და ღამით, შეუწყვეტლად ლოცულობდნენ და ცრემლმორეულნი შესთხოვდნენ ღმერთს საყვარელი ხელმწიფის გამოკეთებას. ყველა მოქალაქე, მდიდარი თუ ღარიბი ევედრებოდა ღმერთს, გადაერჩინა მათი მფარველი მეფე. უღონობისა და უძლურების განცდამ მოიცვა მოქალაქეები, მთავრები სახეში იცემდნენ ხელსო, ღარიბები თავში ირტამდნენო მუშტებს, და თითოეული შეჰღაღადებდა ღმერთს, თამარის ნაცვლად საკუთარ თავსა და შვილებს სთავაზობდა სასიკვდილედ: „ოღონდ ის გადარჩეს და ჩვენ თუ გინდა ყველა დავიხოცოთო“, ტიროდნენ თურმე საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ტაბახმელა-კოჯრის ციხე-სასახლეში იწვა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შირვანშაჰი და შაჰანშაჰი, მპყრობელი ყოვლისა დასავლისა და აღმოსავლისა, ჩრდილოისა და სამხრისა. ქვეშევრდომები არ სცილდებოდნენ სასახლის საძინებლის კარებს, ოთახებს, ციხის კიბეებს, შესასვლელებს, ციხე-სიმაგრეს, კოჯორ-ტაბახმელას, თითქოს სიკვდილის არ შეშვებას ლამობდნენო. ბრძენმა ხელმწიფემ ბრძანება გასცა და დარბაზში დაიბარა სამეფოს წარჩინებულები. თავს ძალა დაატანა, წამოდგა, თავისი ფეხით შევიდა დარბაზში და ფეხზე მდგომარემ მიმართა ერთგულ ქვეშევრდომებს, საქართველოს თავკაცებს. „ძმანო ჩემნო და შვილნო, მიხმობს ამ ქვეყნის მეფეებზე მაღალი მსაჯული, რომელიც იბარებს მთავართა სულებს. მოწმენი ხართ, როგორი სიყვარული მქონდა თქვენდამი. თქვენი სარგებლობისა და კეთილდღეობისათვის არ დამიკლია არზაგნი (შესაბამისი პატივი), სანამ განგების ნებით ვიყავი თქვენი მეფე. ახლა, უფლის ნებით,მეც მივდივარ, ჩვენი მამები რომ გაუყვნენ, იმ უცხო გზაზე. გევედრებით ყველას, რათა ყოველთვის კეთილად მოეპყათ ერთმანეთს და მეც გასხოვდეთ“. გადახედა თავის აცრემლებულ შვილებს თამარ დედოფალმა და განაგრძო: „ჩვენი სახლის მემკვიდრედ გიტოვებთ ჩემს შვილებს, რომელნიც მომცა ღმერთმა, გიორგისა და რუსუდანს. ესენი გეყოლებათ ჩემ მაგიერ. ისინი აანაზღაურებენ ჩემგან დაკლებულს“. შეავედრა შვილები დიდებულებს, ქრისტეს ხატისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე. შემდეგ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, მთელი თავისი ცხოვრების კრედო, პრიორიტეტების, მნიშვნელობის მიხედვით, თანმიმდევრობით დაალაგა და გამოხატა, არავითარი სულიერი სისუსტე, არავითარი წყენა უდროოდ დაავადების გამო, არავითარი საყვედური ბედისადმი, არავითარი შიში სიკვდილის წინაშე არ გამოუმჟღავნებია - და შეჰღაღადა უფალს: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“. დაემშვიდობა ერთგულ ქვეშევრდომებს, დიდი ხნის მეგობრებსა და თანამდგომებს და თავისი ფეხით გავიდა ატირებული დარბაზიდან. დიდებულებმა ქვითინით დატოვეს დარბაზი. 18 იანვარს გარდაიცვალა თამარ მეფე. მთელი კავკასია-წინა აზია, მთელი რეგიონი მოიცვა გლოვამ: ვაებდნენ დაობლებული ქართველნი, რომელთაც დედა მოუკვდათ, გლოვობდნენ სომხები, რომელთაც მტერთაგან დამცველი გარდაეცვალათ, ტიროდნენ ოსები, რომლებსაც სიამაყე, დედით ოსი სუზერენი გამოეცალათ ხელიდან, ქვითინებდნენ მაჰმადიანნი, რომელთაც მეგობარი გამოაკლდათ, ცრემლებს ღვრიდნენ ებრაელები, რომელთაც შემწე დაკარგეს... ტიროდნენ შირვანელები, ღუნძები, ქაშაგები, დარუბანდელები, და სხვები, რომლებიც თამარის მფარველობით თავისუფლები იყვნენ და მტერთაგან დაცულნი. გულამოსკვნით ტიროდნენ დიდებულები, აზნაურები, მეომრები, ვაჭრები, მოქალაქეები, გლეხები, მსახურები, ღატაკები და მდიდრები, ქალები და კაცები, დიდები და პატარები. უნუგეშო იყო გლოვა და გაუსაძლისი იყო ტკივილი... ვაებდნენ ქართველნი, ვისღა ეყვარებოდა ისინი დედასავით... რაღაც ჩაუწყდათ გულში, რაღაც იგრძნეს, რაღაცის დამთავრება, რაღაცის დასრულება - იქნებ მშვიდობის, იქნებ თავისუფლების, იქნებ ძლიერი სახელმწიფოებრიობის, იქნებ დიდებული ეპოქის, ოქროს ხანის... რაღაცის შეწყვეტა იგრძნეს, იქნებ უფლის მადლის, რომელიც გამარჯვებებს ანიჭებდა ქართველებს, ბოლო ასი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით თამარის დროს... იქნებ ინტუიტურად მიხვდნენ, რომ ჩაესვენა დიდი საქართველოს მზე... ვინღა გაუმკლავდებოდა უამრავ მტერს?! ვინღა შეძლებდა ქართველთა დამშვიდებას, შერიგებას, ერთად შეკრებასა და დარაზმვას?! ვინღა მოახერხებდა მუდამ ფხიზლად ყოფილიყო ქართული სახელმწიფო... რომელ წელს გარდაიცვალა თამარ მეფე, დღესაც საკამათოა, ზოგი 1207, ზოგი 1210, ზოგი 1213 წელს ამბობს... ერთი უდავოა, უდროოდ, ძალიან ადრე გამოაკლდა მეფეთა მეფე და დედოფალთა დედოფალი თამარი საყვარელ სამშობლოს. მასთან ერთად უფლის შეწევნა დააკლდა ჩვენს ქვეყანას, რადგან, ქრისტიანული ზნეობით მის მემკვიდრეებს აღარ უცხოვრიათ. თამარის მერე სახელმწიფოზე ზრუნვა მასსავით ბრძნულად ვეღარავინ შეძლო, კარგა ხანი... თამარის მერე, შვიდ სამეფოდ წოდებულმა სახელმწიფომ ორგანიზებული ქმედების უნარი დაკარგა... საყვარელი მეფის ცხედარი მცხეთაში დაასვენეს ცოტა ხნით. შემდეგ გელათში გადაასვენეს და დაკრძალეს მამა-პაპათა საძვალეში. „იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა“... |