დავით აღმაშენებელმა 1124 წლის მაისში დაიკავა სომხითში ანუ ქვემო ქართლში, „ვრაც-დასტში“ (სომხურად ქართველთა ველი) და სადაც მაჰმადიანები ბატონობდნენ. დავით მეფემ აიღო ციხეები „"აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი". 20 აგვისტოს ქალაქ ანისის სომეხი დიდებულები ეახლნენ დიდი საქართველოს ხელმწიფეს და მოახსენეს, გითმობთ ჩვენს ძველ დედაქალაქ ანისს და მის მიმდგომ ქვეყანასო. მაშინ სომხური სამეფოები კარგა ხნის გაუქმებული იყო. სომხურ კუთხეებში სელჩუკები, ან გამაჰმადიანებული ქურთები ბატონობდნენ. სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაელის სიტყვებით ანისი სამოცი წელი იყო ტყვეობაშიო. მართლაც,1064 წელს ანისი აიღეს ჩვენს რეგიონში შემოჭრილმა თურქ-სელჩუკებმა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ახლა ქალაქ ანისის ნანგრევები თურქეთის ტერიტორიაზეა, ყარსის რეგიონში. ის მიტოვებული ქალაქია, მიუტოვებიათ 1319 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში ანისი ჯერ კიდევ იყო მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქალაქი, განსაკუთრებით სომხებისთვის და ქართულ სახელმწიფოსაც აინტერესებდა სტრატეგიულად. ანისის ადგილას დასახლება და ციხე სომხურ წყაროებში მეხუთე საუკუნიდან მოიხსენიება. მეათე საუკუნიდან ანისის სამეფოს ცენტრი გახდა. ანისი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით, მასზე გადიოდა სავაჭრო გზები. აშენებული იყო მდინარე არაქსის მარცხენა შესართავის - მდინარე ახურიანისა (თურქულად არფაჩაი) და მის ორი შენაკადს შორის. მდინარე ახურიანისა და მისი იმ ორი შენაკადის ხეობაში არის სამკუთხედის მსგავსი კლდოვანი ამაღლება, რომელსაც გარს უვლიან მდინარე ახურიანი და მისი შენაკადები და რომელზეც გაშენებული იყო ქალაქი. ამგვარად, სამი მხრიდან მდინარეზე და მის შენაკადების ნაპირებზე არსებულ ამაღლებებზე იყო გაშენებული ქალაქი და ეს ამაღლება მტრისათვის ძნელად მისადგომს ქმნიდა ანისს. დაახლოებით ისე, თბილისში, მეტეხის ტაძართან რომ იწყება მტკვრის ხეობის მარცხენა მხარეს კლდე და მთელ ისნის უბანს რომ მოიცავს მდინარის მხრიდან. იმიტომაც აუშენებიათ ანისი იმ ადგილას და ითვლებოდა კარგად გამაგრებულ ქალაქად. გარდა მდინარის ხეობებზე აღმართული კლდეებისა, ანისს იცავდა ძალიან სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები, გალავნები, კოშკები. ანისი სომხური კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ანისში სომეხთა კათალიკოსიც მჯდარა. 1041 წელს, ანისის სამეფოს სომეხი მეფის, ოვანეს-სმბატის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი, და სამეფო მთლანად, გარდაცვლილი მეფის იძულებითი ანდერძით, ბიზანტიას უნდა გადასცემოდა. სომხებმა სცადეს ქალაქის შენარჩუნება, ოვენეს-სმბატის ძმისშვილმა, 16 წლის გაგიკმა, ერთგული ადამიანებისა და სომხური ჯარის დახმარებით, რომელსაც მეთაურობდა სპარაპეტი ვაჰრამ ფაჰლავუნი, მოახერხა ორგანიზება და ბიზანტიის ჯარმა ვერ აიღო ანისი. ამბობენ, ამ ომში სომხებმა 20 000 ბერძენი მოკლესო. გაგიკი მეფედ ეკურთხა. ბიზანტიელებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს ანისის აღება, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა კონსტანტინოპოლში მიიწვია გაგიკ მეფე, ვითომდა მეგობრული მოლაპარაკებების გასამართავად. ერთგული მრჩევლები სთხოვდნენ გაგიკს არ წასულიყო ბიზანტიაში, კათალიკოსი პეტროს პირველი გეტადარძი, მეფის რეგენტი სარქის ჰაიკაზნი და სხვები კი არწმუნებდნენ, აუცილებლად უნდა წახვიდეო. გაგიკი ენდო იმპერატორს, საკუთარ კათალიკოსს და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს, სადაც ის დაატყვევეს და აძალებდნენ ხელი მოეწერა გადადგომისა და ანისის სამეფოს ბიზანტიისათვის გადაცემის დოკუმენტზე. გაგიკი უარზე იყო. ამ დროს გაიგო, რომ სომეხთა კათალიკოსმა პეტროს პირველმა და პრობიზანტიურად განწყობილმა სარქისმა ქალაქ ანისის გასაღები გაუგზავნეს იმპერატორსო. გაგიკს აღარ რჩებოდა ბრძოლის შანსი და გულგატეხილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. ანისის სამეფო გაუქმდა და ტერიტორია შეუერთდა ბიზანტიის იმპერიას. გაგიკს კომპენსაციის სახით ერთ-ერთი ბიზანტიური თემის მმართველობა მისცეს, სარქისი ბიზანტიის ჩინოვნიკად იქცა და დიდი თანამდებობები მიიღო. კათალიკოსი პეტროს პირველი შემდეგში დიდხანს ნანობდაო, ამბობენ. 1045 წელს ბიზანტიელი დამპყრობლების მიერ შეწუხებულმა სომეხთა თავკაცებმა ანისი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს, მისი დედა, დედოფალი მარიამი ვასპ ურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო და შეიძლება ითქვას, ამგვარად მემკვიდრეობითაც ეკუთვნოდა. თუმცა, მალე, ლიპარიტ ბაღუაშის ღალატის გამო ბიზანტიელებმა ისევ ჩაიგდეს ხელში ანისი. როცა თურქ-სელჩუკები შემოიჭრნენ წინა აზიასა და კავკასიაში, ფაქტობრივად უმეფოდ დარჩენილი სომხები წინ ვერ აღუდგებოდნენ თურქებს, მით უმეტეს, ბერძნების ხელმძღვანელობით (ბოლო სომხური სამეფო.....აქ უნდა ჩავამატო,,,. საქართველოს სამეფოსაც ებძროდა ბიზანტია და უნდოდა მისი ჩაყლაპვა, მაგრამ ვერ შეძლო. ბიზანტია მეფე ბაგრატ მეოთხის ოპოზიციას, მოღალატე ლიპარიტ ბაღუაშს უჭერდა მხარს. ბაგრატ მეოთხემ შეძლო შეენარჩუნებინა ხელისუფლება, მას ვერ გაუბედა ბიზანტიამ ის, რაც გაუბედა სომეხთა მეფეებს, ვერ გააუქმა ქართული სახელმწოფოებრიობა. კავკასიის ხალხთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, როგორც ყოველთვის, საქართველო ხელმძღვანელობდა. სომხებს გაუჩნდათ შანსი, ქართულ სახელმწიფოსათვის შეეფარებინათ თავი და ამგვარად ეხსნათ არმენული ეთნოსი განადგურებისაგან, რომელიც ელოდათ მაჰმადიანებისგან. ამას მიხვდნენ სომეხი დიდებულები და ამიტომ ეწვივნენ ქართველთა მეფეს ანისის სამეფოს გადაცემისა და ქვეშევრდომობის მოთხოვნით. იცოდნენ არმენებმა, ქართველები დაიცავდნენ სომხებს მტრებისაგან და განადგურებისაგან. როგორც ვთქვთ, 1064 წელს ანისი ძლივს აიღეს თურქ-სელჩუკებმა 25-დღიანი ალყის შედეგად, ამ დროს თურქთ-სელჩუკთა სულტანი იყო ალფ-არსლანი (1063 -1072), რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა შტურმს. ალფ-არსლანი უნიჭიერესი სარდალი გახლდათ. მან მოახერხა და 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის არმია და ტყვედ ჩაიგდო ბიზანტიის იმპერატორი. იმპერატორს უღალატეს სარდლებმა და ბრძოლის ველზე მიატოვეს, რათა წაერთმიათ კეისრობა. ბიზანტიის აღმოსავლეთი საზღვრები მოიშალა. ბერძენთა გარნიზონები ტოვებდნენ ციხეებს და გარბოდნენ. ერთადერთი ძალა, რომელიც წინ აღუდგა სელჩუკებს აღმოსავლეთში, იყო საქართველოს სამეფო. 1072 წელს ანისი სელჩუკებმა მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს. შედადიანები თავიდან ნორმალურად იქცეოდნენ, მოსახლეობაც დაბრუნდა მიმდებარე ტორიტორიებიდან, ქალაქიც აღდგა, დასახლდნენ ქურთებიც, თურქებიც და სხვები. თუმცა შემდეგ, მაჰმადიანმა მმართველებმა დაიწყეს ქრისტიანების დევნა და ტაძრების მეჩეთებად გადაკეთება., რამაც გაამწარა სომეხი მოსახლეობა. 1118 წელს გარდაცვლილი მანუჩერ შედადიანი შეცვალა მისმა ვაჟმა, აბულ-ასვარმა. მან ქალაქ ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის დიდი ნახევარმთვარე და ანისის ტაძრის თავზე წამოჭიმა, რომელიც მეჩეთად აქცია. ჩვენმა ხელმწიფე დავითმა ჯარის მზადყოფნის ბრძანება გასცა. დაგზავნეს წვევის წერილები ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში და სასწრაფოდ შეიყარა სამოციათასიანი ქართული არმია. მივიდა ქართული ჯარი სომხეთში. სამ დღეში აიღო დავით აღმაშენებელმა ანისის გარშემო არსებული ციხეები, მთელი კუთხე გაუჭირვ ებლად და ქალაქიც. შეიპყრეს ალფ-არსლანიანნიო ანუ თურქები და ამოწყვიტეს ისინი, რომელთაც ანისის ტაძარი მიზგითად გადაეკეთებინათ და ქრისტიანების სისხლით ჰქონდათ მორწყული ტაძარი და მთელი ქალაქი. სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, 20 000 მაჰმადიანი მეომარი მოუკლავთ ქართველებს ანისის აღებისას. ანისში, თურმე, ერთ-ერთი ტაძარი აშენებული იყო ბერძენთა მეფის ასულის, კატრონიტეს მიერ და თვითონაც იქვე იყო დასაფლავებული. ხელახლა აკურთხეს ტაძარი, პანაშვიდი გადაუხადეს დედოფალს. მივიდა დავით აღმაშენებელი დედოფლის საფლავთან და სამგზის ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა საყდარი შენი უსჯულოთა ხელიდან”. ამბობენ, სიხარულით დედოფლის ძვლებმა საფლავიდან ხმა გამოსცესო. რადგან საუბარია ბერძენ დედოფალზე და მას წმინდანად მოიხსენიებს დავით აღმაშენებელი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტაძარი მართლმადიდებლური იყო. მაშინდელ ანისში, ამბობდნენ, 1001 ტაძარი იდგაო, მათ შორის იქნებოდა მართლმადიდებლურებიც. შეიპყრეს ანისის მთავარი, წარმოშობით ქურთი, მაჰმადიანი აბულასვარი, გვარად შედადიანი, თავისი რვა ძითა და მთელი ოჯახით და აფხაზეთს გამოაგზავნეს ტყვედ. ქართველთა და სომეხთა ხელმწიფემ ანისის მცველად დატოვა მესხი აზნაურები თავისი ციხიონით. თვითონ დავით მეფე დაბრუნდა ქართლში. ამგვარად, ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთდა. |