საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის თავგანწირულად მებრძოლი ყმაწვილი მეფე გიორგი I
გაიოზ მამალაძე



 1014 წლის 7 მაისს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, დიდი ხელმწიფე ბაგრატ III კურაპალატი და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი I – „მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი". 
 
  ის იყო პირველი უფლისწული, რომელიც დაიბადა გაერთიანებული ქვეყნის, – აფხაზეთის, ქართლის, ტაო–კლარჯეთის, – სამეფო ოჯახში. იგი პირველი იყო ბაგრატიონთაგან, ვინც გაერთიანებული სამეფოს უფლისწულად დაიბადა, 
გიორგი ერქვა და პირველი ეწოდა განგების მიერ.
 
   „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით ის ამ დროს სულ 12 წლის იყო, სიყრმესა და სიჭაბუკეს შორის (სუმბატ დავითის ძის მიხედვით კი 18. ალბათ უფროს სწორი უნდა იყოს პირველი ვარიანტი).
 
      რა კარგად შენიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის დიდებულ ნაწარმოებში, – „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, – საბავშვო სათამაშოების მაგივრად გვირგვინი შეაჩეჩეს ხელში და არიგებდნენ: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს,  მეფე ხარ და გევალებაო“ მეფურად მოქცევა და ბავშვობაზე უარის თქმა.
  
ბავშვობა არც ჰქონია ყმაწვილ მეფეს, ომი იყო მისი ბედისწერა, ომი სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის. თან უდიდეს იმპერიასთან, რომელიც ახერხებდა ჩაეყლაპა სომხური სახელმწიფოებრიობა, უძლიერეს იმპერატორთან, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ბულგარელებს სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ძალებს აღუდგა წინ ყრმა მეფე გიორგი პირველი.
   
 ერთიანობა რომ ყოფილიყო ქვეყანაში და საგარეო ფაქტორები ჩვენს სასარგებლოდ განვითარებულიყო, გაიმარჯვებდა კიდეც ჭაბუკი ქართველი მეფე. თუმცა ჩანს ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული ქართულ–კავკასიური იმპერიის ჩამოყალიბებისთვის სიტუაცია.
   
  ზოგიერთი აკრიტიკებს გიორგი პირველს, დაუფიქრებლად დაიწყო ომი უძლიერეს ბიზანტიასთან და უნიჭიერეს სარდალთან, ბასილი ბულგართმმუსვრელთანო. მაგრამ, თუ ცოტა დავაკვირდებით, ასე არ ყოფილა.
   დაუფიქრებლად არაფერი გაუკეთებიათ – არც მას, 12–13 წლის მეფეს, არც მის მრჩევლებს, ბაგრატ მესამის გამოცდილ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს, მათ შორის დიდ სარდალსა და ერისთავთ–ერისთავ ზვიადს, სამეფო კარს, და მეტიც, მის გვერდით არსებულ კოალიციას...     
  გამარჯვებისათვის ყველაფერი გაკეთდა... თუმცა დავიწყოთ თავიდან.
   
  ამიერ-ტაოს მეფის, ბაგრატ II-ის შვილიშვილი, ბაგრატ III იყო შვილობილი იმიერ–ტაოს დიდი ხელმწიფის დავით III კურაპალატისა, რომელმაც, თავის დროზე, 12 000–იანი ჯარის მიშველებით გადაარჩინა ბიზანტიის არასრულწლოვანი იმპერატორი ბასილი II და მისი უმცროსი ძმა კონსტანტინე VIII, ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას. ამის გამო საიმპერატორო კარმა მას, სიცოცხლის ბოლომდე დაუთმო ძველი ქართული ქვეყნის, ბასიანის სამხრეთი ნაწილი, რომელიც მიტაცებული ჰქონდა, და სხვა ტერიტორიები, მათ შორის სომხური  პროვინციები. დავით კურაპალატმაც თავისი ჯარის დახმარებით შეძლო არზრუმამდე, ვანის ტბამდე და ვალაშკერტამდე გაევრცელებინა სამეფო. ამ მიწების ნაწილი  გაათავისუფლა არაბთაგან. შემდგომში ქართველთა ხელმწიფემ გადაწყვიტა მოკავშირედ გაეხადა ბასილის წინააღმდეგ შეთქმული ბარდა ფოკა, რომელიც  ეტყობა მას პირდებოდა ამ მიწების დავითის მემკვიდრეებისთვის სამუდამოდ დათმობას. დავითის მემკვიდრე კი, მისი შვილობილი ბაგრატი ერთიანი საქართველოს მეფე ხდებოდა. დავით მესამისათვის ქვეყნის ინტერესები უმთავრესი იყო.
 
   ბარდა ფოკას, რომელსაც დავით კურაპალატის ჯარი ეხმარებოდა, დამარცხდა. ბასილიმ მოახერხა და მოირთო ძველი მტრები, რუსები და სხვები. ამ დროს შეხვდნენ ბრძოლის ველზე ქართველები და რუსები პირველად. სამხრეთ კავკასიის მეფე–მთავართა ლიდერისა და მედიატორის, სახელგანთქმული დავით კურაპალატის დასჯა და მისი სამეფოს დაპყრობა ბასილიმ ვერ გაბედა, – ამის გამო მას სხვა ქართულ სამთავროებთანაც მოუწევდა ომი, – და მოსთხოვა მისთვის ეანდერძებინა თავისი სამფლობელო ქართველ მეფეს. დავით III იძულებული გახდა დაეთმო და დათანხმდა. ქვეყანას ჯერ არ შეეძლო მოძლიერებული იმპერატორის წინააღმდეგ ომი.
  
 დავით კურაპალატის მემკვიდრეობა გახდა მწვავე განხეთქილების მიზეზი ბიზანტიასა და ქართლ–აფხაზეთის სამეფოებს შორის. ეს მიწა წყალი იყო უმნიშვნელოვანესი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, როგორც ახლა აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი.
 
  1001 წელს გარდაიცვალა დავით III და იმიერ–ტაო და ბასიანი ბასილი კეისარმა დაიკავა. სამაგიეროდ კი აფხაზთა და ქართველთა მეფე, ბაგრატ III და მისი მამა, ამიერ–ტაოს მეფეთ–მეფე, გურგენი კურაპალატად და მაგისტროსად გამოაცხადა. ქართველი პოლიტიკოსები იძულებულები იყვნენ დამორჩილებულიყვნენ, დროებით.
 
კურაპალატისა და მაგისტროსის ტიტულები ბიზანტურია. ამ ტიტულებს ბიზანტიის კეისრები თავის მოკავშირე ქართველ და სომეხ მეფეებს აძლევდნენ. ხშირად, რეალურად ეს ტიტულები არ იყო ვასალობის გამომხატველი, თუმცა ქართველ მეფეებს არ ეპიტნავებოდათ ისინი, მით უმეტეს ამ დროს, როცა აღმავლობის გზას ადგნენ. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ლაზეთ–ტრაპიზონს, ამ უძველეს ქართულ მიწა–წყალს, ასევე არზრუმს, ქარნუ-ქალაქს.
 
როგორც ვთქვით, 1014 წელს გარდაიცვალა ბაგრატ III და ტახტზე ავიდა გიორგი I.
 
  ამ დროს ბიზანტიას ძალიან ჰქონდა გართულებული სიტუაცია ბულგარეთში. ჯერ კიდევ 986 წელს ბულგარელებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები, ტრაიანის კართან და შემდეგ პლოვდივთან, ბულგარეთში. ბულგარელებმა ამ ბრძოლაში გაანადგურეს ბიზანტიელთა კავალერია – ცხენოსნები მთლიანად და ფეხოსანთა დიდი უმრავლესობა. კეისარმა ბასილიმ ძლივს გაასწრო დიდი არმიის მცირე ნარჩენებით და ასე გადარჩა ტყვეობას...
 
    ასე რომ, ბასილი ბულგართმჟლეტელი დაუმარცხებელი სარდალი არ ყოფილა, უბრალოდ მას იმაში გაუმართლა, რომ ძალიან დიდი ადამიანური რესურსის მქონე და უმდიდრესი სახელმწიფოს იმპერატორად დაიბადა. საინტერესოა რა უძღოდა წინ ამ ბრძოლას. ბულგარელების მეფეს ბასილი შეპირდა დას მოგათხოვებო, ბულგარელ მეფეს გაუხარდა, ომები შეწყდება და თავს დაგვანებებსო. ბასილიმ კი სრულიად უცხო ქალი და ბერძენი მიტროპოლიტი გაუგზავნა „სასიძოს“. თუმცა ტყუილი გამჟღავნდა...
 
    ბასილიმ ისევ შეკრიბა არმია და 992 წლიდან ისევ შეტევაზე გადავიდა ბულგარეთში. გიორგი პირველის საქართველოში გამეფების წელს (1014) ბულგარელები ისევ გააფთრებით ებრძოდნენ ბასილის... ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჰქონდა ქართულ სამეფო კარს.
ბასილი კეისარს ომები ჰქონდა ფატიმიდების სახალიფოსთანაც. ქართულმა სამეფო კარმა კავშირი დაამყარა ხალიფა ალ–ჰაკიმთან.
 
   ქართულმა პოლიტიკამ გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა „ერთმორწმუნე“  ბიზანტიის მიერ ოკუპირებული დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, „ბასიანს გადაღმა“ არსებული ისტორიული ქართული მიწები, ქართველებით დასახლებული და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკურ–იდეოლოგიურად, ისე ეკონომიკურად. რადგან, ეს მზარდი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი იყო. ეს ყველაფერი ქართული სამეფოსათვის მნიშვნელოვანი იყო მთელ კავკასიაში პრესტიჟის თვალსაზრისით.
 
   ამასთან, ბაგრატიონები ამ მიწებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად თვლიდნენ, რადგან იქიდან გავრცელდა მათი შემოსვლა დანარჩენ საქართველოში.
 
       ეს მიწები, სამხრეთ საქართველო სამხრეთ–დასავლეთ საქართველოსთან, ლაზეთ–ჭანეთთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო ბიზანტიისათვის საქართველოზე შემოტევის გასაგრძელებლად, ასევე სომხეთის მიმართულებითაც... ბიზანტიას კი გეგმაში რომ ჰქონდა ქართული და სომხური სახელმწიფოების გაუქმება და თავის იმპერიისთვის შეერთება, ეს ყველამ იცოდა. ბიზანტია ოკუპაცია–ანექსიის ნელი და თანდათანობითი მეთოდებით მოიწევდა.
 
   ამ საქმეში გიორგი პირველის მხარეს იქნებოდნენ სომხებიც.
 
   ამიტომ, ყმაწვილი, თუ სიჭაბუკეში ახლადშესული მეფის ტახტზე ასვლისთანავე ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ ბულგარელების აჯანყებით, ალ–ჰაკიმის ბიზანტიისადმი მტრობით, საერთოდ, ხელსაყრელი საგარეო ვითარებით და გაათავისუფლეს იმიერ–ტაო და ბასიანი, ბიზანტიური, საოკუპაციო გარნიზონებისგან. არის ვერსია რომ ქართული ჯარი ტრაპიზონსაც დაემუქრა, რომ ეს ძირძველი ქართული მხარეც გაეთავისუფლებინა ბერძენი დამპყრობლებისაგან.
 
    თუმცა სამეფო კარს ძალიან ცუდი სურპრიზი ელოდა. ამ პერიოდშივე გიორგი პირველს განუდგა კახეთ–ჰერეთი და კვლავ აღიდგინა თავისი ქორეპისკოპოსის ტახტი. ამ დროს კახეთის ხელმწიფე გახლდათ კვირიკე III დიდი, რომელმაც ჰერეთიც შემოიმტკიცა და მეფის ტიტულიც მიიღო. კვირიკე მეფემ მოახერხა და თავისი სამეფო, – რომელიც 1010 წელს, კვირიკეს ტახტზე ასვლისას შეიერთა ბაგრატ მესამემ, – ბაგრატის გარდაცვალებისთანავე, მცირეწლოვანი მეფე გიორგის I-ის მფლობელობიდან უკან დაიბრუნა. ეს მოხდა 1014 წელს. ზუსტად იმ დროს, როცა აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი I ბიზანტიელების წინააღმდეგ დაიძრა.
 
  საქართველოს სამეფო კარმა გადაწყვიტა ქართულ კახეთ–ჰერეთთან ომი არ გაემართა ამის გამო. რადგან ერიდებოდა ქართველთა შორის სისხლისღვრას და თან, უმთავრეს ამაცანად ითვლებოდა ბიზანტიის მიერ წართმეული მიწების კვლავ ქართველი ხალხის გამგებლობაში დაბრუნება. თუ აფხაზთა და ქართველთა სამეფო ამ ამოცანას გადაწყვეტდა, ის კავკასიაში უპირობო ლიდერი ხდებოდა და დანარჩენი ქართული მიწების შემოერთება მხოლოდ დროის საქმედ დარჩებოდა. გარდა ამისა, ბაგრატ მესამის მიერ მთელი კავკასიის გაერთიანების საქმე გაგრძელებოდა.
 
  ქუთათისის სამეფო კარმა მოახერხა და დიდებული ალავერდის ტაძრის ამშენებელ კვირიკესთან, რომელიც ქართულ საქმეებს ემსახურებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით, საქმე მოაგვარა და ის გიორგი I–ის მოკავშირედ დარჩა ბიზანტიასთან ბრძოლაში. თუმცა ერთიანი რომ ყოფილიყო მთელი საქართველო, ჯარის ორგანიზებაც და რესურსების სრული მოზიდვაც უფრო იოლი იქნებოდა.
 
  1018 წელს ბასილი კეისარმა, როგორც იქნა, დაამარცხა ბულგარელები. ბულგარეთში ბასილი ბუგართმმუსვრელმა ტყვედ ჩავარდნილ 15 000 ბულგარელს თვალები დათხარა, მხოლოდ თითოეულ ასეულში თითო მეომარ–ტყვეს, თითო თვალი დაუტოვა, რათა თავისი დანარჩენი 99 მეგობარი მიეცილებინა თავის მეფემდე. ეს რომ ბულგარელთა უბედურმა მეფე სამუელმა იხილა, გულგახეთქილი დაეცა უსულოდ...
 
სხვათა შორის, ბასილი მეორე იყო  ბასილი პირველის, ე. წ. მაკედონიელთა დინასტიის დამაარსებლის (867–886) შთამომავალი, რომელიც შეიძლება სომეხი ყოფილიყო წარმოშობით. ეს ის ბასილი პირველია, თავის შვილებს ქართული რომ ასწავლა წმინდა ილარიონ ქართველის სიწმინდის პატივისცემის ნიშნად.
ბულგარელებისათვის თვალების დათხრით უნდოდა თავზარი დაეცა თავისი მტრებისათვის ბასილი იმპერატორს. ასეთი იყო ბასილი იმპერატორი.
 
ბასილიმ მოიცალა აღმოსავლეთისათვის, საქარ
თველოსა და სომხეთისათვის. მან შეაგროვა დიდი არმია და მოირთო რუსები და სხვები. კეისარმა მოსთხოვა გიორგი მეფეს გასულიყო იმიერ–ტაოდან და ბასიანიდან, რომელსაც თავის საკუთრებად, ბიზანტიის „იბერიის თემად“ აცხადებდა.
 
  საქართელოს სამეფო კარმა მოახერხა და შექმნა ანტიზანტიური კოალიცია კავკასიაში, რომელსაც ჩაუდგა სათავეში გიორგი პირველი. ანტიბიზანტიურ კოალიციაში შედიოდნენ:
 
    სომხური სამეფოს,  ანისის მეფე იოვანე-სუმბატ III-ს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. იოანე–სუმბატის სამეფოს მიერთება უნდოდა ბასილი ბულგართამჟლეტს. გიორგი პირველის კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდის სამეფო (ცენტრით ყარსში) და ვანის ტბის სამხრეთით და აღმოსავლეთით არსებული ვასპურაკანის სომხური სამეფოს მეფე სენექერიმ არწრუნი, გიორგი პირველის სიმამრი, რომლის სამეფოც დაარბიეს თურქ–სელჩუკებმა, ხოლო ბიზანტიამ არ დაიცვა, მეტიც, მისი მიერთება უნდოდა.
 
   გარდა ამისა, გიორგი პირველის კარმა დაამყარა კავშირი ბიზანტიის დაუძინებელ მტერთან, ხალიფა ალ ჰაქიმთან, რომელიც მას ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისათვის ექიშპებოდა და შესთავაზა ორივეს თავ–თავისი სამფლობელოებიდან შეეტიათ ბიზანტიისათვის. ანუ, მეორე ფრონტს ახსნევინებდა ალ–ჰაქიმს ბასილისთვის.
 
 და კიდევ, ბიზანტიაში მზადდებოდა შეთქმულება, აჯანყება ბასილის წინააღმდეგ. ქართველი მეფე და მისი სიძე, დის ქმარი, ფერის ჯოჯიკის ძე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ამბებში.
 
 ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი კარგად გათვალეს. თუმცა, ცოტა იღბალმა უღალატა ჩვენს ყმაწვილ ხელმწიფეს. როგორც ვთქვით, ბასილი კეისარმა მოახერხა და დაამარცხა ბულგარელები. 1021 წლის დასაწყისში, 12 თებერვლის ღამეს, კაიროსთან ახლოს, ერთ–ერთ მთაზე გაუჩინარდა სალოცავად წასული ხალიფა ალ–ჰაქიმი, დაუძინებელი მტერი ბასილისა და მოკავშირე გიორგი მეფისა. მეორე დღეს მისი ტანსაცმელი დასისხლიანებული იპოვეს. არის ვარაუდი, რომ ის ბასილი იმპერატორმა მოაკვლევინა.
საქართველოსკენ გზა ხსნილი ჰქონდა ბულგარელების თვალების დამთხრელს.
  
 უზარმაზარი ჯარით ბასილი ბულგართმმუსვრელი შემოვიდა ბასიანში. მას როგორც ჩანს ეხმარებოდა 6 000 რუსი დაქირავებულიც და სხვა ძალებიც. მანამდე კეისარმა გაითამაშა და თითქოს სხვა მიმართულებით, ანტიოქიისაკენ აპირებდა წასვლას და იქით გააგზავნა არმიის ფურაჟი და თვითონაც თითქოს იქითკენ მიმავალ გზას გაუდგა. მაგრამ, მკვეთრად მოატრიალა ტავისი არმია და საქარტველოსკენ დაიძრა.
 
მაგრამ გიორგი პირველს ეს არ გამოპარვია და ბასიანში ბიზანტიის არმიას  წინ დახვდა ქართველი მეფე. რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველები და ბერძნები პირისპირ იდგნენ და ვერც ერთი ვერ ბედავდა შეტევაზე გადასვლას.
  
დაზვერვამ ქართველ მეფეს მოახსენა მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ. კოალიციაში ერთულოვნება აღარ იყო. ამიტომ მორიდა გიორგი მეფემ და ჯარს უკან დაახევინა. გზად გადაწვა ქალაქი ოლთისი, რათა მტერი ვერ დამკვიდრებულიყო იქ. ქართველთა უკან დახევამ გამბედაობა შემატა ბასილის და დაედევნა ქართველებს.
 
  რამდენიმე დღეში, ჩრდილის ტბასთან ახლოს, სოფელ შირიმნთან ქართული ჯარის არიერგარდს წამოეწია ბერძენთა ავანგარდი. მოხდა შეტაკება. ორივე არმია ჩაერთო ბრძოლაში. მეფე გიორგიც იბრძოდა, „უშიში ვითარცა უხორცო“. ქართველებმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს მტერს და გაიმარჯვეს. ბასილი იმპერატორი უკვე გაქცევას აპირებდა, მაგრამ ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს წარმატება.
 
    ხანდახან ღმერთი ბოროტის გამარჯვებას დაუშვებს ხოლმე...
 
  მეფე გიორგი თრიალეთში გამაგრდა. ამ დროს 19 წლის მეფეს მიეშველა კახეთ–ჰერეთის ჯარი. ბიზანტიის კეისარმა უკან დაიხია და ტრაპიზონისკენ წავიდა. ძალების მოსაკრებად, დასასვენებლად და გამოსაზამთრებლად. უმოწყალო ბასილი გზად ანადგურებდა ქართველთა დასახლებებს კოლაში, არტაანში, ჯავახეთში.
 
  აქ უნდა აღინოშნოს აუცილებლად, კახეთ–ჰერეთი რომ დარჩენილიყო ერთიან სამეფოში, ეს სამხედრო რესურსი უფრო ადრე იქნებოდა ჩართული ერთიან არმიაში.
  
შირიმნტან ბრძოლაში გიორგი პირველის დამარცხების გამო, იოჰანეს–სუმბატმა ბასილი მეორესტან სეპარატიული მოლაპარაკება დაიწყო...
 
ტრაპიზონში მყოფ ბასილისა და მეფე გიორგის შორის დაიწყო მოლაპარაკება. მეფეები ერთმანეთს სწერდნენ ზავის პირობებს. ამ დროს, გიორგი მეფე ცდლობდა დროის გაწელვას და ახალი ძალების მოკრებას. ასევე იმედი ჰქონდა აჯანყების, რომელიც მზადდებოდა ბიზანტიაში დიდებულების, ქსიფესა და ფოკას მეთაურობით.
 
  თუმცა, კეისარმა მალე შეიტყო აჯანყების ამბავი, შეიპყრო შეთქმულები და სიკვდილით დასაჯა. ფოკას მოჭრილი თავი კი ქართველ მეფეს გამოუგზავნა, შენი საქმიანობის ყველაფერი ვიციო. ამ დროსვე დასაჯეს სიკვდილით გიორგი მეფის დის ქმარი, ფერის ჯოჯიკის ძე, აჯანყების მონაწილე.
  ორი წელი გაგრძელდა ომი და მოლაპარაკება. გიორგი მეფე ისევ ყველაფრისთვის იყო მზად. მისი ჯარი, ზვიად ერისთავთ–ერისთავის მეთაურობით, ბასილის ჯარის წინ იდგა საქართველოს სიღრმეში შემოსვლის შესაჩერებლად, ბასიანში. თუ ბასილი დაიძვრებოდა საქართველოსკენ უნდა შებრძოლებოდნენ. ბასილი მზად იყო ზავისთვის, მაგრამ ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა შებრძოლება მოულოდნელად და მისი ჯარის ნაწილი გააქციეს კიდეც.
 
  შეშინებული ბასილი ბულგართმმუსვრელი თითქმის ღვთისგმობამდე მიიყვანა გიორგი მეფის ჯარის სასტიკმა შემოტევამ. მოაბრძანებინა წმინდა ჯვარი და ხატი და განწირულმა ყვიროდა თურმე, ბულგართა გამანადგურებელი:
 
- „თუ ჩამაგდებ მტრის ხელში, აღარასოდეს ვიქნები შენი თაყვანისმცემელიო“ და შუბზე წამოაცვა გიორგის წერილი და თითქოს ღმერთს აჩვენებდა.
 
ბედის სასწორი ისევ ბერძენთა სასარგებლოდ გადაიწია.
 
ქართველები ისევ დამარცხდნენ და დიდი ზარალიც განიცადეს. დაუშვა ღმერთმა კეისრის გამარჯვება... ალბათ, ჯერ კიდევ უნდა გამოწრთობილიყო ქართული სული, ქართული სახელმწიფო… 
  
თუმცა, რაც ბიზანტიამ მოსწია ბულგარეთს და სომხურ სახელმწიფოებს, ქართველთა მეფეს ვერ გაუბედეს. გიორგის პირველის სამი წლის ვაჟი კეისარმა მძევლად ითხოვა ორი წლით. ასევე მძევლად წაიყვანეს გიორგი მეფის დაც, ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლე. მას თან ახლდა მცირეწლოვანი გიორგი მთაწმინდელი.
 
სომხური სახელმწიფოები კი სომხური წარმოშობის ბულგართმჟლეტელმა ძალიან დასაჯა. კარგად გამოიყენა საბაბი მასთან ბრძოლისა. მართლაც გამართლდა სომეხი პოლიტიკოსების შიში და 1021 წელს ბასილი ბულგართმმუსვრელმა გააუქმა ვასპურაკანის სამეფო, არწრუნები გადაასახლა ბიზანტიაში და მათთან ერთად 60 000 სომეხი. ცოტა მოგვიანებით,  XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი (ედესელი) წერდა, რომ ბასილი ბულგართმმუსვრელმა მიიღო სომხური სარწმუნოება და თავის მემკვიდრე ძმას, კონსტანტინე VIII–ს ანდერძად დაუტოვა იზრუნე სომხებზეო. „კარგი ზრუნვაა“ – სახელმწიფოებრობის წართმევა, რაც მისმა ძმამაც „აღასრულა“.
 
 იოანე–სუმბატს ბასილიმ აიძულა და დააწერინა ანდერძი, რომ იგი ანისის სამეფოს დაუტოვებდა ბიზანტიას.
  
  ძალიან საინტერესოა, რომ ამ დროს სამხრეთ კავკასიასთან უკვე გამოჩენილი იყვნენ თურქი–სელჩუკები. თუმცა, სომხური სახელმწიფოების გამაუქმებელი ისინი კი არა, ბასილი და მისი მემკვიდრეები გახდნენ, იმის მაგიერ, რომ მაჰმადიან თურქებთან მოკავშირეები ეძება, მოკავშირეების ჩაყლაპვას ლამობდა ბიზანტია.
 
გიორგი მეფეს მოუწია მძიმე საზავო პირობებზე დათანხმება. ბასიანი, ტაო, კოლა, არტაანი და ჯავახეთი დაიკავა ბასილიმ, თუმცა ამ ტერიტორიებზე ზოგიერთი სოფელი და მონასტრები ისევ ქართველ მეფეს დაუტოვა გამარჯვებულმა ბასილიმ. სამი წლის უფლისწული ბაგრატი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში სამი წლით. საქართველოს სიღრმეში ბასილი არ დაძრულა. არც სამეფოს მემკვიდრეობით გადაცემა უთხოვია. მისი არმია ძალაგამოცლილი იყო და თან სხვა სურპრიზებისაც ეშინოდა.
 
ქართველი გმირების, პოლიტიკოსების, გიორგი პირველის, და შემდეგ მისი შვილის დამსახურებაა, რომ რაც სომხებს დამართეს, ის ვერ გაუბედეს, უფრო სწორად ვერ მოუხერხეს ქართველებს ბერძნებმა. საქართველომ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ძლიერდებოდა.
 
საინტერესოა ისიც, რომ გიორგი პირველი გაცილდა პირველ ცოლს და მეორე ცოლად მოიყვანა ოვსთა მეფის ასული ალდე, ამით ის, როგორც ჩანს ცდილობა ახლა ოსურ–ალანური სამხედრო რესურსი გამოეყენებინა ბიზანტიელებთან ბრძოლაში.
 
  1027 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა გიორგი მეფე, 25–26 წლის ასაკში. შეიძლება ვივარაუდოთ კიდეც, რომ ასეთი ახალგაზრდა, ის ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და ამაში მისი მტრის ხელიც კი ურევია. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე ბასილის ძმა, კონსტანტინე VIII იჯდა, ძმასავით სასტიკი. გიორგი მეფის ვაჟი ამ დროს მხოლოდ 7 წლის იყო.
    სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა დიდი მეომარი მეფე გიორგი I, მაგრამ დიდი სახელი კი დატოვა.
 
     „ქართლის ცხოვრება“ მოკლედ გვიამბობს მის შესახებ. კონსტანტინე გამსახურდია აღაშფოთა იმ უსამართლობამ, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ამ დიდ მეომარს მხოლოდ ერთი ფურცელი ჰქონდა დათმობილი.  თუმცა, ამ საკმაოდ მოკლედ მონათხრობშიც კარგად ჩანს მეფის დიდი გულმოდგინება საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში.
    ეს ერთი ფურცელი დიდ ინფორმაციას იტევს. ქართველთა ჭაბუკი მეფის ვაჟკაცობის, პატრიოტობის, პოლიტიკური ვითარებების სწორად გამოყენების უნარისა და სხვა სიქველეების შესახებ. მისი ცხოვრების აღწერაში ყმაწვილი მეფე ასეა დახასიათებული:
„გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არა-ვინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა“. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მას დიდ მეფეს უწოდებენ: „დიდი გიორგი, რომელმან ბასილი ბერძენთა მეფე გააქცია“...
მეფე გიორგი გარდაიცვალა თრალეთში, 1027 წლის 16 აგვისტოს. იგი დაკრძალეს მამამისის, ბაგრატის მიერ აშენებულ დიდებულ ტაძარში, ქუთათისში.
რაც „დიდოსტატის მარჯვენაში“ პოლიტიკური დაუნდობლობაა აღწერილი, ჯვრის მოწამვლა და ასრუკიძისთვის მკლავის მოჭრა, ეს, რა თქმა უნდა, მწერლის გამოგონილია სიუჟეტის გასამწვავებლად, თუმცა დიდი კონსტანტინე, ამ ნაწარმოების მიხედვით, სულაც არ თვლიდა ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მებროლთა, მოღალატეთა დასჯას მიუღებლად და გაუმართლებლად, სხვადასხვა მეთოდით, რაც მის სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. რაც მთავარია, დიდმა მწერალმა კარგად გახსნა 25 წლის მომაკვდავი მეფის ხასიათიც მის უკანასკნელ სიტყვებში.
 
გიორგი მეფის გარდაცვალება იგლოვა ყველამ, მთელმა სამეფომ. ყველას დასწყდა გული კეთილი, ახოვოვანი და ძალიან ახალგაზრდა მეფის გარდაცვალების გამო, რომელიც ყოფილა, როგორც ვთქვით –  „უშიში, ვითარცა უხორცო“.
 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-21
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: თბილისის, ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდადის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის, სეფიეთის (აბაშის რაიონი), ბერშუეთის (გორის რაიონი), აგარის (სიღნაღის რაიონი).
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
gaq