საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

თამარ მეფისა და მისი დედის „შედარება“ ღვთისმშობელთან
გაიოზ მამალაძე

 

მეფე გიორგი მესამეს მამამისმა, დიმიტრი პირველმა ცოლად მოუყვანა ოსთა მეფის, ხუდანის ასული ბურდუხანი. საქართველოს სამეფო ცდილობდა ტერიტორიებისა და გავლენის გაფართოებას. ამ საქმეში სჭირდებოდა ჩრდილოეთის ხალხების სამხედრო რესურსი. ქართველ მეფეებს არა ერთხელ გამოუყენებიათ ოვსთა თუ ძურძუკთა ძალები სამხრეთში. დავით აღმაშენებელმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ოსურ სამეფოებთან და ისინი აქცია არა მარტო ვასალებად, არამედ მეგობრებადაც. მან შეარიგა ერთმანეთზე  გადამტერებული ოსები და ყივჩაღები. გამოატარებინა ოსებს ყივჩაღები, რომლებიც დაქირავებულ ჯარისკაცებად სჭირდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში, ტრადიციულად დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ქართველ მეფეებს.

იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა, მინიმუმ ოთხი ოსური სამეფო-სამთავრო. ერთი იყო ხუდან მეფის სამეფო, რომელთანაც დემეტრე მეფემ ნათესაური კავშირი შეკრა, როცა ხუდანის ასული შერთო თავის ვაჟს, გიორგის. მეორე უნდა იყოს იმ ოსი უფლისწულების სამთავრო, რომლებიც თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდნენ, შემდეგში. ერთი მათგანი თამარისადმი მიუწვდომელი სიყვარულის გამო დარდით გარდაიცვალა, როცა იმედგაცრუებულნი უკან მიემგზავრებოდნენ, და დაკრძალულია წმინდა რაჟდენის ტაძარში, ნიქოზში, ცხინვალთან ახლოს. მესამე სამთავრო უნდა ყოფილიყო, ალბათ, დაახლოებით ყარაჩაის ოლქში. მეოთხე, კი უფრო ჩრდილოეთით. თავისთავად ცხადია, დავით სოსლანი, ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი პირველის შთამომავალი, ხუდან მეფე, თამარის ბაბუა,  და ნიქოზში გარდაცვლილი ოსი უფლისწული სხვადასხვა ოსური დინასტიების წარმომადგენლები იყვნენ.

ბურდუხანი ყოფილა ძალიან ლამაზი. თავისი ქმრის, "პირმზე და ლომისტანიანი" გიორგი მეფის შესატყვისი მშვენიერებით. როგორც წერდნენ, გარეგნობითა და ხასიათით მიმსგავსებული ყოფილა მზისა, რომელიც ანათებს ცოდვილებსა და გულმართალ ადამიანებს, ყველანაირი მშვენიერება და ხორციელი სიტურფე „გარდამეტებულად“ ჰქონდაო. იმდროინდელ საქართველოში ფიქრობდნენ, მანამდე მისებრი რძალია არ ჰყოლიაო საქართველოს.

ქრისტიანული სარწმუნოების ისეთი ერთგული იყო, წმინდა დიდმოწამეებს, ეკატერინესა და პენელოპა ირინეს ემსგავსებოდაო (ორივე ხელმწიფის ასული იყო). მეტიც, თვით მარიამის, ცისა და ქვეყნის განმანათლებლის მიმსგავსებულიც კი იყოო (აქ მარიამ ღვთისმშობელი იგულისხმება) წერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი.

კარგა ხნის მანძილზე შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას.

ვაჟი, ძე, მემკვიდრე, ეს იყო ძველი მსოფლიოს ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ, განსაკუთრებით სამეფო ოჯახებისათვის. თუ სამეფო დინასტიას არ ეყოლებოდა ვაჟი, მიიჩნეოდა რომ დინასტია წყდებოდა.

გიორგი მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი ძმისწული, დიმიტრი (დემნა), მისი უფროსი ძმის, დავით მეხუთეს ვაჟი. მეფეს ძმის წინაშე სიტყვა ჰქონდა მიცემული, რომ გაამეფებდა დემნას, როგორც კი ის მიაღწევდა სრულწლოვანებას. თუმცა, მეფეთ-მეფე გიორგი, - რომელიც საკმაოდ ძლიერი მეფე აღმოჩნდა, კარგი სარდალი და პოლიტიკოსი, რომელმაც გააფართოვა საქართველოს საზღვრები, რომელმაც თავისი პაპის, დიდი დავით აღმაშენებლის მსგავსად აქტიური პოლიტიკისა და შეტევის სტრატეგია არჩია მიღწეულით დაკმაყოფილების პოლიტიკას, - არ აპირებდა ტახტის დათმობას. რას ფიქრობდა მეფე ძნელი სათქმელია, უყვარდა თუ არა ძმისწული, არ ვიცით. მაგრამ, უშვილობას, ალბათ, ძალიან განიცდიდა...

წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, ბურდუხანის მიერ თამარის დაბადებას ადარებს ანა წინასწარმეტყველის მიერ სამოელ წინასწარმეტყველის შობას. ანა წინასწარმეტყველს და მის ქმარს, ელკანას, კარგა ხანს არ ეყოლათ შვილი, ამიტომ ელკანასმა მეორე ცოლი მოიყვანა. მრავალი ლოცვისა და აღთქმის შემდეგ ანასაც მიეცა შვილი. სამოელი ნიშნავს „უფლისგან გამოთხოვილს“.

გიორგი მესამეს ჰყოლია სხვა შვილიც, ასევე ასული, ქორწინების გარეშე შობილი. ძნელი სათქმელია, თამარის შობამდე დაიბადა ის თუ თამარის მერე. შეიძლება ვივარაუდოთ, უძეობა ძალიან აწუხებდა მეფეს და ცდილობდა, სხვა ქალთან მაინც გაეჩინა ვაჟი. ძველ დროში თვლიდნენ, რომ უშვილობა, მხოლოდ ქალის ბრალი შეიძლება ყოფილიყო და არა მამაკაცის. გარდა ამისა, რადგან მხოლოდ ასულები შეეძინა ბურდუხანს, შესაძლოა ესეც მას ბრალდებოდა. აღმოსავლეთის ქვეყნებში ქმარს ჰქონდა უფლება გაშორებოდა ცოლს, თუ ის მხოლოდ ქალიშვილებს გაუჩენდა. თუმცა, ჩვენთან ასეთი წესი არ არსებობდა.

1161 წლის ზაფხულში, ანისის აღების შემდეგ, - როცა ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებიათ 80 000 მაჰმადიანი, - გამოაგზავნა მეფე გიორგიმ მაცნე სამეფო კარის, პატრიარქისა და ხალხის გასახარებლად. სომხეთიდან დაბრუნებული პირველად ეწვია თავის მამიდას, თირღვის აღმშენებელს, თამარ დედოფალთა-დედოფალს, რომელიც მისთვის და და ჩვენი სამშობლოსათვის ლოცულობდა მუდამ. მერე თავის ულამაზესი ცოლის, დედოფალ ბურდუხანის სანახავად გაემართა გამარჯვებული მეფეთა-მეფე. ამ დროს, სულ პატარა, ჩვილი იქნებოდა, საქართველოს მომავალი დედოფალთა დედოფალი და მეფეთა მეფე, თამარი, და ახარებდა დედ-მამის გულს.

თამარის დედა ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე, შვილებს ზრდიდა ქრისტიანულად. მათ არა მარტო დედის  სილამაზე, მისი კეთილშობილი ხასიათიც გამოჰყოლიათ. მამა მკაცრი ჰყავდათ, დედა კი შემნდობი და მას დაემსგავსა ჩვენი მომავალი საამაყო ხელმწიფეც, თამარი.

დედო

ფალი ბურდუხანი ყოფილა ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები. გატაცებული იყო პოეზიით. შესაძლოა თავადაც წერდა და ხატავდა.

დემნას აჯანყების შემდეგ, 1178 წელს, ნაჭარმაგევში, შვიდი სამეფოს დიდებულების წინაშე გიორგი მესამემ თანამეფედ გამოაცხადა თამარი. იქვე ესწრებოდა, „დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სვიანი ცოლი მისი ბურდუხანი“.

დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი, „სწორი ძისა ღმრთისა დედისა“, წერს მემატიანე. აქაც „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ადარებს. ოღონდ აქ სწორი ნიშნავს მიმსგავსებულს, ღვთისმშობლის მიმდევარს და არა თანასწორს.

მეფე გეგუთში იმყოფებოდა, როცა  აცნობეს მეუღლის გარდაცვალების შესახებ. მწარედ დაიტირა, იგლეჯდა თურმე თმასა და წვერს, მწარედ ტიროდა და გულში ირტყამდა მუშტს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა ცოლი და თანაც, ეტყობა მოულოდნელად გარდაიცვალა დედოფალი. კარგა ხანს იგლოვა მეფემ ძვირფასი მეუღლე. ყველას დაუტირია ოსი ხალხის ღირსეული წარმომადგენელი, ქართველების საყვარელი რძალი, საქართველო-კავკასიის დედოფალთა დედოფალი.

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორისათვის უცხო არ იყო  ქება, გადაჭარბებული ქება და, ერთი შეხედვით მკრეხელური შედარებანი. შემდეგში, თამარ მეფის მიერ ლაშა-გიორგის შობას იგი ადარებს ბეთლემში მაცხოვრის შობას: „ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა". თუმცა, უნდა ითქვას, აქაც საქმე, ალბათ, გვაქვს მეტაფორასთან და არა თამარის ან მისი დედის ღვთისმშობელთან შედარებასთან. „სწორი“ აქ ნიშნავს მიმსგავსებულს და არა თანაწორს. ავტორი ლაშასაც ვერაფრისდიდებით ვერ შეასწორებდა, ვერ გაატოლობდა მაცხოვართან. ეს უნდა იყოს ავტორისეული მეტაფორა, სახისმეტყველება.  

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი ერთგან წერს: „აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული“. ამ ფრაზაში, თითქოს, თამარ მეფე ყოვლადწმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტასადაა გამოცხადებული. მაგრამ, ასე არ უნდა იყოს. ალბათ აქ იგულისხმება, რომ მეფე თამარი არის ყოვლადწმინდა სამების დამხმარე ამ ქვეყნად, სამების მიერ მეფედ გამორჩეული, სამების საქმის გამტარებელი, მისგან ცხებული, წმინდა ადამიანი. ასეთი „უცნაური“ მეტაფორები კიდევ გვხვდება თხზულებაში. ალბათ, ამგვარმა მეტაფორებმა, ავტორის მეტისმეტად გადაჭარბებულმა, ზეაღმატებულად მხატვრული გადმოცემამ, გაუგებრობა გამოიწვია, განსაკუთრებით ჩვენს თანამედროვეებში. თუმცა, ეს ფრაზები გვიჩვენებს, როგორ უყვარდა თამარ მეფე ავტორს (ასევე ბურდუხან დედოფალი და საერთოდ, სამეფო ოჯახი), და როგორი შეიძლება იყოს, სადამდე შეიძლება მივიდეს მწერლისეული მეტაფორა, სახისმეტყველება. ისე, იდოლოგიურად რომ განვიხილოთ, იზოთეიზმის (მეფეთა განღმრთობის, მეფეების ღვთისგან წარმომავლობის) თეორიები მრავალ დინასტიას ჰქონდა მონოთეისტურ რელიგიებამდე. ქრისტიანობამ შეცვალა ვითარება. თუმცა, ბაგრატიონებს ჰქონდათ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე აღმატებული წარმოშობის ისტორია, თითქმის იზოთეისტურთან გაიგივებული. მათ წინაპრად ითვლებოდა წმინდა დავით მეფსალმუნე მეფე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების წინაპარი. ანუ, ისინი ქრისტეს, ღვთის ნათესავებად თვლიდნენ თავს (ასეთი თეორია ქრისტიანულ სამყაროში ჰქონდათ მხოლოდ ბაგრატიონებს, სომეხ ბაგრატუნებს (თუმცა ყველა სომეხი ამ თეორიას არ იზიარებდა) და ეთიოპიის მეფეებს). ქრისტესთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ნათესაობის თეორია ქრისტიანულ დოგმებს არ ეწინააღმდეგებოდა. ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობას აღიარებდა ქართული ეკლესიაც და საზოგადოებაც. ამ თეორიამ, ალბათ გამოიწვია ავტორის ამგვარი სახისმეტყველების შექმნა.

ქართველ მკვლევართა შორის არის ვარაუდი, რომ აღნიშნული ვითარება ქალის კულტის, თამარის სიწმინდის, თამარისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, თუმცა დოგმატიზმის დარღვევა არ არის და მხოლოდ მხატვრული გააზრებაა. არის ასევე მოსაზრება, თითქოს თამარი მის თანამედროვე ქართველებს (თუ ნაწილს) სულიწმინდის  განხორციელდებად მიაჩნდათ, მისი სიწმინდისა და კეთილშობილების გამო. რამდენად დამაჯერებელია ეს, ძნელი სათქმელია. არის ამ ვარაუდის კრიტიკაც.

ჩემი აზრით, ლაშა-გიორგის დაბადების მიმსგავსება და არა გათანაბრება უფლის განკაცებასთან, ან თამარის თუ ბურდუხანის შედარება, უფრო სწორად მიმსგავსება, და არა გათანაბრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, მაინც, მეტისმეტად გადაჭარბებული მეტაფორაა და ასეთი მეტაფორები მთლად გამართლებულად, არ მიმაჩნია. აქვე გავიხსენოთ, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორის სიტყვები, მეფე გიორგი მესამე თავისი სეხნია წმინდა გიორგის მიმსგავსებული გახლდათ და მიმღები იყო მოწამეთა ღვაწლისა და გვირგვინისაო. თუ წმინდა გიორგიმ ერთი ვეშაპი მოკლა, გიორგი მეფემ ბევრზე-ბევრი ასპიტისა და იქედნეს მსგავსები დაამარცხაო. ნამდვილად არ მომწონს ასეთი შედარება თუ მეტაფორა.

როგორც ჩანს, იმ დროს ჩვენი წინაპრები ზედმეტად გაუთამამდნენ ღმერთს და კალამი გაექცათ. იქნებ წარმატებებმა ბაბილონის გოდოლის მშენებელთა სინდრომი (თუკი შეილება ასე ითქვას) დაბადა ზოგიერთი ავტორის გონებაში.

შეიძლება „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი ძალიან ემოციური იყო და აღმერთებდა მეფის ოჯახს.

სხვაგან, მაგალითად, „აბდუმესიანში“ ასეთ მკრეხელობასთან მიახლოებული მეტაფორები თუ გადაჭარბებული ქება ნაკლებად ჩანს, რაც არის, ასევე ახსნადია და ქრისტიანულ დოგმატიკას არ ეწინააღმდეგება.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-21
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: თბილისის, ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდადის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის, სეფიეთის (აბაშის რაიონი), ბერშუეთის (გორის რაიონი), აგარის (სიღნაღის რაიონი).
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
gaq