გიორგი მთაწმინდელის (ათონელის) დამსახურება უდიდესია მისი საყვარელი ქართველი ხალხის წინაშე. ის გახლდათ მწერალი, მთარგმნელი, გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, დიდი ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმინდელის საქმის გამგრძელებელი. დიდი გიორგი ათონელი პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე, სამცხეში ცხოვრობდა გავლენიანი ოჯახის შვილი, სახელად იაკობი. მისი უფროსი ძმები, როგორც ჩანს, დავით მესამე კურაპალატისა და ბაგრატ მესამის კართან დაახლოებული პირები იყვნენ. თვითონაც გარკვეულ მოვალეობებს ასრულებდა ბაგრატ მესამისა და გიორგი პირველის კარზე. ერთხელ, მეფის დავალებით იაკობი სპარსეთს გაემგზავრა. გზად თრიალეთში, ერთ დაბაში გაჩერდა. იქ გაიცნო ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი, რომელთაც ერთადერთი შვილი ჰყავდათ, სათნო მარიამი. იაკობს ძალიან მოეწონა მშვენიერი, ნარნარი მარიამი და სთხოვა მის მშობლებს, სპარსეთიდან რომ დავბრუნდები, თქვენი ასული მომათხოვეთო. მშობლებს უძნელდებოდათ დედისერთა შვილთან განშორება, თორემ ქალიშვილის მთხოვნელები ბევრი ჰყავდათ. იაკობი შეჰპირდა, რომ საცხოვრებლად მათთან დამკვიდრდებოდა.
სპარსეთში იაკობმა კარგად შეასრულა დავალება და მეფე დიდად მოიმადლიერა. შემდეგ გაემგზავრა თრიალეთში და იქორწინა თავის გულისსწორზე.
მალე მარიამ ი დაფეხმძიმდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი ღმერთისთვის შეეწირათ. დაიბადა ასული, რომელსაც თეკლა დაარქვეს. როცა თეკლა 7 წლის გახდა, ტაძრისის მონასტერში მიაბარეს, აღთქმისამებრ.კეთილმორწმუნე იაკობს და მარიამს სულ 6 შვილი შეეძინათ, სამი ძე და სამი ასული. თეკლას მერე შეეძინათ ვაჟი თეოდორე. იაკობმა და მარიამმა განიზრახეს, თუ კიდევ შეგვეძინება შვილი, ღმერთს შევწიროთო.
ღვთისადმი შეწირვა შვილისა მისგან განშორებას და მის მოცილებას, ან ზვარაკად შეწირვას კი არ ნიშნავს. არც საკუთარი ინტერესებისთვის შეწირვას და სამაგიეროდ, ღვთისგან რაიმეს მოთხოვნას. ეს შვილზე ზრუნვა იყო, რადგან სიყრმიდანვე ეკლესიაში იქნებოდა და სულზე იზრუნებდა. ქრისტიანული რწმენით, მშობლის უმთავრესი დანიშნულებაა შვილის სულზე ზრუნვა, მისი დაყენება ღვთის გზაზე, რათა სასუფეველში შესვლა დაიმსახუროს. სწორედ ეს იყო მშობლების განზრახვის მიზეზი.
გარდა ამისა, ამგვარად, ბავშვობიდან ეკლესიის წიაღში მყოფნი, შესანიშნავ განათლებას იღებდნენ, ძალიან კარგ სასულიერო მოღვაწეებად ყალიბდებოდნენ და დიდ სამსახურს უწევდნენ ეკლესიასა და ქვეყანას. ცხოვრებაში მართლაც საოცარი რამ ხდება ხოლმე, სწორედ შეწირული ბავშვები ასრულებენ ხშირად დიდ მისიებს...
როგორც გიორგი ათონელის მოწაფე და მისი ბიოგრაფი გიორგი მცირე გვიამბობს, გიორგი მთაწმინდელის შობის წინ, დედამისმა, კეთილმორწმუნე მარია მმა სიზმარი ნახა, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: „შეგეძინებათ ძე, რჩეული ვერძი ღვთისა, უწოდეთ მას გიორგი და ღმერთს შესწირეთ!“
მარიამმა რომ გაიღვიძა, შიშით და სიხარულით ყველაფერი უამბო თავის ქმარს. იაკობსაც ძალიან გაუხარდა. რწმენაც უფრო განუმტკიცდათ და არც თავისი აღთქმა დავიწყებიათ.
მართლაც, ასე მოხდა, იაკობს და მარიამს ჩვენებიდან რამდენიმე დღეში ძე შეეძინათ და უწოდეს გიორგი. ის დაიბადა 1009 წელს, თრიალეთში. ამ დროს საქართველო უკვე ერთიანი სახელმწიფო იყო. საქართველოს ავტოკეფალიის მომავალი დამცველი სულ პატარაობიდანვე ავლენდა გამორჩეულ ნიჭს და ღმერთიც განსაკუთრებული მისიისთვის ამზადებდა.
პატარა რომ ყოფილა, სათამაშოდ იყო გასული მდინარე ქციის (დღევანდელი მდინარე ხრამი) ნაპირას. ღრმა წყალში დაინახა ცეცხლოვანი ჭაბუკი, რომელიც თავისთან იწვევდა წყალში: მოდი ვიმღეროთო. ის იყო ბავშვი უნდა გადამხტარიყო მდინარეში, რომ გამოეცხადა სპეტაკით მოსილი ჭაბუკი, ანგელოზი, ხელში ხელი წაავლო, არ გაუშვა და უთხრა: ჩემთან იყავი, მე უფრო უკეთესი მოყვასი ვარ შენიო.
7 წლის ასაკში ისიც ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. სამი წელი იქ იზრდებოდა პატარა გიორგი. ამ პერიოდში მისი ბიძები, მამამისის უფროსი ძმები – გიორგი მწერალი და საბა ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. მათ გაიგეს ტაძრისში მათი ძმისშვილის ყოფნის შესახებ და სთხოვეს უმცროს ძმას , იაკობს, ხახულში გადაეყვანა თავისი ძე.
იაკობმა 10 წლის გიორგი თავის ძმებთან, ხახულში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ჩაიყვანა და მათ ჩააბარა. გახარებულმა ბიძებმა პატარა ძმიშვილი ლავრის წინამძღვარს, მამა მაკარის წარუდგინეს. იმავე მონასტერში მოღვაწეობდა ბაგრატ მესამის ძე, გიორგი მესამის ძმა - ბასილი, განთქმული მწერალი, მთარგმნელი და მწიგნობარი. ასევე, ხახულში მოღვაწეობდა ცნობილი მნათე – ანტონი. ყველამ დიდი სიხარულით მიიღო პატარა მორჩილი მონასტერში. აღსაზრდელად და შეგირდად, ხახულელმა მამებმა პატარა გიორგი მიაბარეს ცნობილ ილარიონ თვალოელს (თუალელს), სახელგანთქმულ მთარგმნელსა და მწიგნობარს. მან შეასწავლა გიორგის ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, გალობა და საღვთო სჯული. რაც კი ქართულ ენაზე წიგნები იყო, ყველა მალე დაისწავლა და ბერძნულსაც დაეუფლა პატარა მორჩილი.
სასწაული ხახულის ლავრაშიც გადახდა ყრმა გიორგის. ერთხელ მონასტერში ხანძარი გაჩენილა. პატარა მორჩილს თურმე, ღრმა ძილით ეძინა. ამ დროს ის გააღვიძა სპეტაკით მოსილმა ჭაბუკმა, ხელი მოჰკიდა, გაიყვანა ცეცხლიდან უვნებლად და შეიყვანა ერთ-ერთ ეკვდერში, რომელიც ალმოდებული სენაკებიდან ერთი უტევანით – 143 ნაბიჯით იყო მოშორებული.
ერთხელ ხახულის მონასტერში მივიდა ფერის ჯოჯიკის ძე, მეფე გიორგი პირველის სიძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფის და, ბაგრატ მესამის ასული. მან თავის კარზე, ტვარ წატაფში, მიიწვია გიორგი მწერალი, ოჯახის მოძღვრად და მწიგნობრად. ბიძამ თან წაიყვანა პატარა გიორგიც, რომელიც მას ეხმარებოდა, გალობდა, მსახურებდა და ხმამაღლა უკითხავდა ტექსტებს, რადგან ბიძამისი უკვე მოხუცებული იყო.
ბაგრატ მეფის ასულმა ძალიან გაიხარა და შვილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის მომავალი მნათობი. მათი ოჯახი ამ დროს ბიზანტიის ქვეშევრდომად ითვლებოდა, რადგან დაპყრობილი ჰქონდათ ბერძნებს ეს ტერიტორები.
ბასილი ბულგართმმუსვრელი, რომელიც ცდილობდა, კავკასიის ქვეყნების ჩაყლაპვას, არ ურიგდებოდა გიორგი პირველისა და ქართველების თავისუფლებისმოყვარე პოლიტიკას. როცა ბასილის ომები ჰქონდა ბულგარეთში, მეფე გიორგიმ ისარგებლა და დაიკავა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა ბიზანტიას. განრისხებულმა ბასილი ბულგართმჟლეტელმა საქართველოს დიდი არმიით შემოუტია. რა თქმა უნდა, ქართველი ფერის ჯოჯიკის ძე საქართველოს მეფეს ემხრობოდა და ზურგიდან აუჯანყდა ბიზანტიის კეისარს. მას უნდოდა არზრუმის, ბასიანის, ტაოს, სპერისა და სხვა ძველი ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება. გიორგი პირველმა ერთხელ კი შეძლო მრისხანე ბასილის დამარცხება, მაგრამ მეორედ ღალატის გამო წააგო ბრძოლა და იძულებული გახდა კეისარს დაზავებოდა და თავისი ძე, ბაგრატი მძევლად გააგზავნა კონსტანტინოპოლში. ბასილი კეისარი არ აპატიებდა ფერის ჯოჯიკის ძეს. მან შეიპყრო ის და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე კი, საქართველოს მეფის და, კონსტანტინოპოლში მძევლად წაიყვანა.
მეფის ასულსა და სხვა მძევლებს თან გაჰყვნენ გიორგი მწერალი და მისი ყრმა ძმისწული. ეს მოხდა 1022 წელს. კონსტანტინოპოლში გიორგიმ გაიღრმავა ცოდნა ბერძნული ენისა და საფუძვლიანად შეისწავლა ბიზანტიური კულტურა. ეზიარა მაშინდელი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრების მიღწევებს.
1034 წელს დაბრუნდა საქართველოში და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში, მაშინ 25 წლის იყო. ცოტა ხნით ადრე, საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე, რომელიც მამამისივით ებრძოდა ბიზანტიას, დაუზავდა კეისარს, რომანოზ მესამეს და ცოლად შეირთო მისი ძმის, ბასილის ასული – ელენე.
სხვათა შორის, მალე ბიზანტიამ მოახერხა სომხური სახელმწიფოებრიობის გაუქმება, ქართველებმა კი სისხლისმღვრელი ომებით სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს.
ამის შემდგომ, ახალგაზრდა ბერი გაემგზავრა უცხოეთში. ჯერ შავ მთაზე წავიდა, სირიაში და იქ ცნობილ ქართველ წმინდა მამას, გიორგი დაყუდებულს (შეყენებულს) დაუმოწაფდა. გიორგი დაყუდებული ზრუნავდა ნათარგმნი წიგნებითა და ორიგინალური ნაწარმოებებით გამდიდრებულიყო ქართული ეკლესიისა და ხალხის ბიბლიოთეკა და მისთვის ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდის ხილვა დიდი ბედნიერება გახლდათ. მოძღვარმა სამი წელი რომანწმიდის მონასტერში გააჩერა გიორგი ბერი, განამტკიცა & nbsp;სიმდაბლესა და მორჩილებაში, სქემმონაზონად აკურთხა და შემდეგ იერუსალიმის მოსალოცად წარგზავნა.
უფლის საფლავის მოლოცვის მერე, ახალგაზრდა ბერი დაბრუნდა მოძღვართან. აქ კი გიორგი დაყუდებულმა გაუმხილა თავისი მიზნები უნიჭიერეს შეგირდს და სთხოვა, გამგზავრებულიყო ათონის მთაზე და გაეგრძელებინა დიდი ექვთიმე მთაწმინდელის საქმე, საღვთო წიგნების თარგმნისა და ორიგინალურების შექმნისა.
ახალგაზრდა სქემმონაზონი თავმდაბლად უარობდა, ეს მხოლოდ განმღრთობილთა საქმეაო, მაგრამ მოძღვარმა დაარწმუნა: ჩვენი ქართველი ხალხი ძალიან უყვარს და ეწყალვის ღვთისმშობელს და ის მოგიმართავს ხელსო... მორჩილად გაემგზავრა ახალგაზრდა სქემმონაზონი ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში, სადაც დიდი სალიტერატურო სკოლა არსებობდა და მალე სათავეში ჩაუდგა ამ მონასტერს.
გიორგი მთაწმინდელმა უდიდესი სამსახური გაუწია ქართველობას სხვადასხვა მიმართულებით და სანამ ქართველი ხალხი იარსებებს, იარსებებს მის მიერ დაცული ავტოკეფალია ქართული ეკლესიისა და ამ ეკლესიაში ყოველი ღვთისმსახურების დროს, ყოველდღე, უამრავ ტაძარში წაიკითხავენ მის მიერ რედაქტირებული ქართული სახარებიდან რომელიმე ნაწყვეტს და სხვა საეკლესიო ტექსტს. |