|
ლოვარდ ტუხაშვილი – ცხელსისხლიანი ყვარყვარე ათაბაგი ლოვარდ ტუხაშვილი
,,ცხელსისხლიანია გვარი ჯაყელთა’’ - გვიდასტურებს ძველი მატიანე ქართველთა. უძლიერესი დაჰკრავდათ ბუნება მუდამ: - ამაყი, დაუდგრომელი, ანცი, ლაღი, თავხედი, მოძრავი, მკაცრი, შმაგი. არავინ იცის, ვინ იყო პირველი ჯაყელი, მიუდგომელი ჯაყის ციხის მფლობელი. სისხლი ჯაყელთა განივთდა ახალციხელებში, სამძივარებში. ალბათ ამ სისხლმა იყივლა ძალუმად, პირველ პარლამენტზე მეოცნებე ბუნზარ ყუთლუ-არსლანში, ,,შავლეგოდ“ ხმობილ შალვა ახალციხელში, ჯალალედინმა რომ აჩეხა არაზის პირას 1225 წელს სამშობლოს ერთგულებისათვის, ჯაყელთა სისხლი სჩქეფდა აგრეთვე ბოლშევიკური რუსეთის დიდი დემონის ლავრენტი ბერიას დაჭიმულ ძარღვებში. ეს ამბავი, ჩვენ რომ ვაპირებთ მოგითხროთ ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჭეშმარიტ ჯაყელს ეხება, მამაცს, ნიჭიერს, შეუპოვარს, მოჯანყე სულის სამცხის მთავარს ყვარყვარე ბექას ძე ჯაყელს, დიდ ყვარყვარე მესამედ წოდებულ სამცხის ათაბაგს. ესოდენ უმართებულოდ რომ ხარჯავდა ენერგიას დაუოკებელს! იდგა წელი 1483. დრო - ზაფხული, თვე - აგვისტო. გაუძლისი სიცხე თანგავდა ნუხის მბრძანებელთა სამფლობელოს. ხვატი იდგა პატარა ქალაქ არეშის ვიწრო შუკებშიც. და, აი, მოდუნებულ მოქალაქეთა მთვლემარე მყუდროება უეცარმა გნიასმა დაარღვია. მდინარის ნაპირას მდებარე დუქანში, სახელგანთქმული შექური ნედლი აბრეშუმი რომ იყიდებოდა, საოცარი ხმაური ატყდა. შექის ვაჭართა საძმოს უსტაბაში სოვდაგარი დერვიშ-ჰუსეინი გურჯისტანის მესხეთის თემის ვაჭარს არდაშელ გოკიელს ეჩხუბებოდა. ჩხუბის ადგილას მორბენილმა მეზობლებმა დაინახეს, რომ დერვიშ-ჰუსეინი არ იყო მართალი. გამოირკვა: დერვიშ-ჰუსეინი არდაშელ გოკიელს შექის მთავარ ბაზრობაზე შეთანხმებოდა: 100 ოქროდ, გურჯი ვაჭარი არეშის საწყობებიდან წაიღებდა 10 საპალნე შექურ აბრეშუმს. გულძვირი იყო დერვიშ-ჰუსეინი, ბოროტი, ბოღმიანი, მტაცებლური ბუნების ვაჭარი. მხოლოდ არეშში შეიტყო გურჯი არდაშელ გოკიელი თურმე კახეთის ,,გურჯისტანიდან“ კი არ ჩამოსულიყო, არამედ საიდანღაც მოთრეული სამცხელი გურჯი ყოფილიყო. დაშლილი იყო მაშინ ჩვენი დიდებული ქვეყანა. ერთიანი ,,ყოველი საქართველოს“ ნაცვლად რვა გურჯისტანი წარმოშობილიყო. ქართველ ვაჭარს აღარავინ სცემდა პატივს უცხოეთში. ნუხის სამთავროში, და მითუმეტეს, არეშის პატარა სასულთნოში, სცნობდნენ მხოლოდ კახეთის ,,გურჯისტანს“. არც კი იცოდნენ სად იყო სამცხის სამთავრო. ამიტომაც, ძალზე სასაცილოდ გაისმა მიუსაფარი მესხი ვაჭრის არდაშელ გოკიელის ქადილი: ,,წავალ დიდ ქალაქ ახალციხეს, დიდ ათაბაგს ყვარყვარე III-ს მოვახსენებ ჩემს დამცირებას. მასთან აგე მხოლოდ პასუხი!“ - ,,აჰა“ - თქვა დერვიშ-ჰუსეინმა, - ,,მაშ შენ შენი მთავრით მაშინებ? უცებ აქ არ შემოიჭრას, დუქნის დარაბას ფეხი არ მოჰკრას და ყურით შუაბოძზე არ მიმაჭედოს!“ - თქვა დერვიშ-ჰუსეინმა, წაიგდო ფეხთ მესხი ვაჭრი და სასტიკად გვემა. სამწუხაროდ, გურჯს არავინ გამოქომაგებია. ატირდა არდაშელ გოკიელი. შავი ფალასი შემოიხვია სახეზე, ტირილით გამოიარა კახეთი, ქართლი, ერთ კვირაში გამათხოვრებულმა მესხეთს ჩამოაღწია. დიდ ხუთშაბათს ქალაქ ახალციხეში წარსდგა საერთო მიღებაზე, დაუჩოქა ყვარყვარე III-ს და ეს ყველაფერი მოახსენა. ჯერ დაიდუმა ათაბაგმა ყვარყვარე III-მ, არაფერი უთხრა ნაგვემ-ნაცემ, მგზავრობით განაწამებ ვაჭარს, მორჩილება უბრძანა მხოლოდ და მოთმინება. მაგრამ, ხომ ვთქვით უკვე, ცხელსისხლიანი იყო ჯაყელთა მოდგა, ცხელსისხლიანი, როგორც ყოველი ქართველი დიდებული შუასაუკუნეებისა. სამი დღის შემდეგ სამასი რაინდი გამოიხმო სამცხე-საათაბაგოდან. სამასი ჭაბუკი მოვიდა ჯავახეთიდან, სამცხედან, სპერიდან, კლარჯეთიდან, ტაოდან, ბასიანიდან, შავშეთიდან და აჭარიდან. ორ ჭაბუკს ერთი ჭარმაგი მეომარი ჩაუყენა, ორმოცდაათი მცველითურთ თვითონ ჩაუდგა სათავეში რაზმს. ყველას ურა კვიცებზე შეჯდომა უბრძანა. ურა კვიცი გაუხედნელს ან ახლად გახედნილს ნიშნავს. ურა კვიცს ერთი ნაკლი აქვს და ერთიც დიდი უპირატესობა. უპირატესობა ის არის - ჯანმაგარია, ძლიერი და შეუპოვარი, მოუღლელიც, არც დაუჭედაობას უჩივის. ნაკლოვანება კი ისაა, რომ გამოუცდელია ბრძოლებში, განზე მხტუნავია და სიდინჯე აკლია. მებატონეებს შორის ერთნაირი აზრი არაა, რამდენი კაცი მოიხმო ათაბაგმა - 300 თუ 500. ჩვენი აზრით რიცხვი 300 შემორჩა 300 ჭაბუკი მეომრის მიხედვით. თუ ჩავთვლით დამატებით 150 ჭარმაგ მეომარს, ყვარყვარე III-ს და მის პირად დაცვას, მაშინ 500 კაცი გამოდის. მგლის მუხლით იარა ურა კვიცებზე ამხედრებულმა 500 მხედარმა. მესამე დღეს დაბა დმანისს ჩააღწია. იქ უმასპინძლათ ორბელიანთა საგვარეულომ. ახლო ნათესაობა აკავშირებდათ ჯაყელებს ორბელიანებთან. არ გაუმხელია ყვარყვარე III-ს სვლაგეზი. უთენია დილით ადრე აიყარა. ჩაჰყვა მტკვარს სამხრეთით, ხუნანის ნაქალაქევთან გადაიარა მდინარე. ძველი რომაელი მხედართმთავრის გნეუს პომპეურის ნაცად გზას დაადგა, უწყლო შირაქის ველებს ქვემოდან შემოუარა. გვერდი აუარა ქალაქ ნუხის ანუ შექის, იგივე გიშის ანუ ნუხპატოს ციხე-სიმაგრეებს და მეხუთე განთიადისას გრიგალივით შეიჭრა არეშში. მთელი ამ ლაშქრობის დროს თან ჰყავდა არეშში გალახული არდაშელ გოკიელი. გამოიხმო ვაჭარი ათაბაგმა და უთხრა: ,,არა შენი სურვილისათვის, არა შენი გალახვისათვის, არამედ ჩემი შეგინებისათვის და უფრო მეტად იმისათვის, რომ ქართველ კაცს აღარავინ აწყენინოს ამ ქვეყანაზე, მოვედი აქ. აწ წინ წამიძეხ და მაჩვენე სახლი შენი შეურაცხმყოფელისა...’’ გაუძღვა წინ არდაშელ გოკიელი. მიადგა მესხთა მხედრობა დერვიშ-ჰუსეინის ფანჩატურებს. დააწიოკეს მესხმა ქართველებმა მაჰმადიანი ვაჭრის სადგომი, ერთად შეყარეს მისი ჰარემი, მსახურები, ნოქრები, სამალავიდან გამოათრიეს დერვიშ-ჰუსეინი, წამოაჩოქეს ათაბაგის წინაშე. - ,,მაშ, შენ გინდა დარაბას ფეხი გიკრა და დუქნის შუაბოძზე ყურით მიგაჭედო, ჩემო აღა? ასეც იქნება!“ - უთხრა ყვარყვარე III ათაბაგმა. - ,,მაგრამ ჯერ კუთვნილი აბრეშუმი მიუთვალე არდაშელ გოკიელს. მისხალიც არ გვინდა მეტი“. მიუწონა დერვიშ-ჰუსეინმა არდაშელ გოკიელს კუთვნილი. წამოათრიეს შემდეგ მესხმა აზნაურებმა არეშელი ვაჭარი. გადმოხტა ცხენიდან ყვარყვარე III, ფეხი უკრა დუქნის დარაბას. ერთიანად ჩაულეწა. მიათრიეს თავხედი არეშელი დუქნის შუაწელზე, მოიტანეს ახალციხეში გამოწრთობილი დიდი სამსჭვალეები (ლურსმნები), ყურებით მიაჭედეს დერვიშ-ჰუსეინი საკუთარ დუქანს. ,,ჰაიდა, გურჯისტანისკენ!“ - შესძახა ათაბაგმა. აქ აღარაფერი ჰქონდა საქმე. შესხდნენ მესხი აზნაურები ურა კვიცებზე, ჯორებზე აჰკიდეს კუთვნილი აბრეშუმი, ქათამიც არ წაუღიათ ზედმეტი. მშვიდობიანად გასცილდნენ არეშს. ჯირითით გაიარეს ნუხის სამთავროს ველები, გაჭრეს ალაზანი, იორი, შემოიარეს ყარაია, მხარი უტიეს თბილისს, მცხეთას და შიდა ქართლში შემოვიდნენ. არავინ იცის რატომ, მაგრამ აღარ გაუარა ყვარყვარე III-მ ორბელიანებს დმანისში. ბევრი მტერი ჰყავდა მესხეთის ათაბაგს. კახეთში მაშინ იჯდა მეფე ალექსანდრე I გიორგის ძე, ქართლში - მეფე კონსტანტინე I დიმიტრის ძე. არც ერთს არ მოსწონდა მესხეთის მთავრის სითამამე. თუმცა არც ერთმანეთი უყვარდათ. დასავლეთ საქართველოც ერთ სასმეფოდ და ოთხ სამთავროდ გათიშულიყო. ამ დროს ძალზე ბევრი იყო ქართლში მესხეთიდან გადმოხვეწილი ლტოლვილი. ისინი უზუნ-ჰასანის ლაშქრობის დროს შემოეხიზნენ ქართლს. ყვარყვარე III-ის მმართველობის დროს მესხეთში უკან დაბრუნებას აპირებდნენ, რასაც ქართლის მეფე კონსტანტინე I უშლიდა. არ არის გამორიცხული, ყვარყვარე III-მ ამ შორეული ლაშქრობის უკუქცევის ესოდენ უცნაური სვლაგეზი, სწორედ ამ ლტოლვილთა უკანდაბრუნების მიზეზად გამოიყენა. მემატიანეთა ცნობით, მეფე კონსტანტინემ არაფერი იცოდა ყვარყვარე III-ის არეშში შეჭრის შესახებ. ვინ იცის, შესაძლოა ასეც იყო. თუმცა ძალზე გაუგებარია ამ შემთხვევაში მეფის პოზიცია. ყოველ შემთხვევაში, ქართლის მეფეს დადებითად არ ახასიათებს ის გარემოება, რომ მისმა მოქიშპე ქართველმა მთავარმა ისე გაკვეთა და გამოკვეთა ქართლის სამეფო, რომ მეფეს არაფერი შეუტყვია. სამაგიეროდ, თურმე ძალზე ფხიზლობდნენ შიდა ქართლის ფეოდალები. შიდა ქართლელებმა სოფელ არადეთთან გზა გადაუღობეს მესხებს. აქ შეიკრიბა საციციანოს, საჯავახიანოს და სამაჩაბლოს ლაშქარი. აქტიურობდნენ ციციშვილები, განსაკუთრებით ციცი და ზაზა. სხვათაშორის, ეს ის ზაზა გახლავთ, რომელმაც შემდგომში სახელი გაითქვა ცნობილი სამკურნალო კარაბადინით! ციციშვილები შიდა ქართლში ახლად დამკვიდრებულები იყვნენ. წარმოშობით ისინი მომდინარეობდნენ სამხრეთ საქართველოდან, ფანასკერტიდან. ფანასკერტელ-ციციშვილებსა და ჯაყელებს შორის ძველი მტრობა მიმდინარეობდა. ჯაყელებმა მთლიანად ჩაყლაპეს ფანასკერტელთა მამული. შესაძლებელია ძველი მტრობის გამო, ან უფრო სწორად მეფე კონსტანტინე I-ის განკარგულებით შიდა ქართლელებმა ზაზა და ციცი ციციშვილების მეთაურობით არადეთთან გზა გადაუღობეს მესხებს. ათაბაგ ყვარყვარე III-თან შიდა ქართლელებმა მიაგზავნეს რუისის ეპისკოპოსი მროველი. ყვარყვარე III-მ ასე მიუგო მროველს: ,,მე თქვენს მამულში არა წამიხდენია და თქვენგან არა მიმაქვს რა. ჩვენს და თქვენს შორის არაფერი მტრობა არ არის, ძმობისა და მეზობლობის გარდა. თქვენთან სადაო არაფერი მაქვს. მე ჩემს მტერს პასუხი უყავ არეშს და ამით საერთოდ, ქართველთა სახელი განვადიდე ქვეყნად. თქვენ რა სიმართლით მიდგებით წინ?“ მაშინ ეპისკოპოსმა მროველმა მიუგო, რომ შიდა ქართლელნი მესხებს ემდურიან, რადგან ისინი საერთოდ საქართველოს მეფეს არ ემორჩილებიან. ამიტომაც მოსთხოვეს ყვარყვარე III-ს იარაღის დაყრა და მეფე კონსტანტინე I-თან გამოცხადება. როდესაც სამცხელის უარი მიიღო, ეპისკოპოსმა დაამატა: ,,განა არ იცი, მთავარო, რომ ძალა აღმართსა ხნავს?!“ აკი აღვნიშნეთ ზევით, ცხელსისხლიანი იყოო ჯაყელთა მოდგმა! ყვარყვარე III-მ ფიცხლად შეუტია მრავალრიცხოვან შიდა ქართლელებს. მოხდა საარაკო ურთიერთშეტაკება ძმათა შორის 1443 წლის 12 აგვისტოს. იმდენად საზარელი შეტაკება, რომ თითქმის არავინ დარჩა დაუკოდავი. ამ ბრძოლის შემდეგ არადეთის მახლობელ ნაომარ გორას შეერქვა ,,ცეცხლის ჯვარი“. ამ მრისხანე შეჯახებისას იძლივნენ შიდა ქართლელები. გამარჯვება დარჩათ მესხებს. საინტერესოა, როგორ ხსნის ამ პარადოქსალურ ფაქტს მემატიანე. ,,ქართლის ცხოვრება“ აღნიშნავს: ,,გაუმარჯვდათ მესხთა, სძლია ათაბაგმა, რადგან სამართალი იყო მისი!“ ე.ი. მესხთა გამარჯვების მთავარ მიზეზად ,,ქართლის ცხოვრება“ ასახელებს სამართლიანობას! ზნეობრივ ფაქტორს! ბრძოლა უაღრესად დრამატული გამოდგა. ორივე მხარე არნახული სიმამაცით ერკინებოდა ერთიმეორეს. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ ორმხრივი ქართული სიმამაცე მიმართული იყო არა ქართველთა მტრების, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ! არადეთის ბრძოლის დროს ერთმანეთს შეხვდა ქართლელი თავადი მაჩაბელი და მესხი თავადი შალიკაშვილი. ორივე სახელოვანი რაინდი იყო. აძგერა შუბი ძალუმად შალიკაშვილმა მაჩაბელს და ეს უკანასკნელი ცხენიდან გადააგდო, თან შეუძახა: ,,თუ არა კვიცზე მჯდომელი ვყოფილიყავ, შუაში გაგიტარებდიო!“ წამოიჩოქა ძირს დაცემულმა მაჩაბელმა, მოუქნია ხმალი შალიკაშვილის ცხენს, თავი მოჰკვეთა და შეუძახა: ,,თუ არა გადმოგდებული ვყოფილიყავ, თავს მოგკვეთდიო!“ გამარჯვებულ ათაბაგს მრავალი ტყვე დარჩა, მათ შორის იყო რუისის ეპისკოპოსი. ათაბაგის ბრძანებით ეპისკოპოსი ცხენს გამოაბეს და მიწაზე ათრიეს: - ,,უკეთუ, ძალა აღმართს ხნავს, დაე ნებამ ფარცხოს დაღმართიო!“ მესხთა ათაბაგმა ესოდენ იმიტომ შეურაცხყო რუისის ეპისკოპოსი, რომ მან მშვიდობა კი არ ჩამოაგდო ქართველთა შორის, არამედ უბიძგა ურთიერთშეჯახებას. მესხთა გამარჯვებას თვით მათთვის არ მოუტანია დიდი სიხარული. როდესაც ბრძოლის შემდეგ დასასვენებლად ჩამოხტა ათაბაგი ყვარყვარე III, მან დაინახა მეტისმეტად მოწყენილი საკუთარი ამილახვარი, რომელიც მარტოოდენ იჯდა ნაღვლიანი - ,,რაო, - იკითხა მრისხანედ ათაბაგმა - რად მოგიწყენია, ვერ იშოვე ამ ომში კაცი? (ესე იგი ტყვე ვერ ჩაიგდე ან შემბრძოლებელი ვერ ნახეო?) მესხმა ამილახვარმა უჩვენა ათაბაგს ძეძვებში ჩაგდებული სამკლავიანი (ე.ი. შეჯავშნული) კაცის ხელი და აუხსნა, რომ ეს სამკლავიანი ხელი მან მოკვეთა ქართლელ მეომარს, მაგრამ ამ მარჯვე დარტყმას მოწინააღმდეგეზე მისთვის სიხარული არ მოუტანია, რადგან მოკვეთილი მარჯვენა ქართველ ვაჟკაცს ეკუთვნოდა. ათაბაგი მდუმარედ მოშორდა ამილახვარს. ვაი, რომ ,,გამარჯვებულ“ მესხ რაინდებს მართლაც არაფერი ჰქონდათ საზეიმო და გასახარელი! 300-მა მესხმა საარაკო გმირობა გამოამჟღავნა: მოაწყვეს არნახული ლაშქრობა ნუხის სამთავროს პატარა ქალაქ არეშზე, შემუსრეს ყველა მოწინააღმდეგე და ყველანი გამარჯვებულნი დაბრუნდნენ უკან. წმინდა სამხედრო ბატალიების თვალსაზრისით 300 მესხი არც 300 სპარტანელს ჩამოუვარდება, არც 300 არაგველს, მაგრამ ისინი შთაინთქნენ ისტორიის დავიწყების უფსკრულში. ეს ჭკუისსასწავლებელი ამბავი ეფუძნება ძველთაძველ სენტენციას - მხედრულ შემართებას სამარადისო დიდებას ანიჭებს მხოლოდ ნათელი მიზანი. დიდებას ვერ მოიხვეჭს ის, ვინც უსაგნოდ ხარჯავს უსაზღვრო ენერგიას და არ ემსახურება სამშობლო ქვეყნის ძლიერებას. ცხელსისხლიანი იყო ყვარყავრე III, ვითარცა შუასაუკუნეების ყველა მესხი რაინდი: მეფე გიორგი VIII-ც დაატყვევა, კონსტანტინე I-საც სძლია, შორეული არეშიც დალაშქრა, ბევრი მწარე დღე გაუთენა თურქებსაც, არზრუმიც დახარკა, დასავლეთ საქართველოც მოდრიკა. მაინც ვერ გახდა დიდი ქართველი მოღვაწე - იგი არ ემსახურებოდა მშობლიური ქვეყნის ერთიანობას! ჩვენი ისტორია გმირობად არ თვლის განკერძოებისაკენ სწრაფვას. ამიტომაც ჩვენი მეხსიერებიდან წარიხოცა 300 მესხი რაინდის არნახული, თითქმის ზღაპრული სიმამაცე და ვაჟკაცობა.
|