საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში 4. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ადრეული ეტაპები, სატრანზიტო ვაჭრობის განვითარება საექსპორტო-საიმპორტო ვაჭრობად ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. საქართველო, ამიერკავკასიის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი, თავისდაუნებლიეთ ოდითგანვე ჩათრეული აღმოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის საშუამავლო ვაჭრობაში. ელინისტურ ხანაში ამიერკავკასიაზე (და საქართველოზე რასაკვირველია) გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალი, რომელიც ინდოეთს აკავშირებდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან. სასანური ირანისა და ქრისტიანული ბიზანტიის აღორძინების პერიოდში ეს მხარე კვლავ ინარჩუნებდა სავაჭრო-სატრანზიტო ტერიტორიის მნიშვნელობას. ორ მძლავრ იმპერიას შორის სავაჭრო ურთიერთობის რეგულაციის მიზნით დადებული იქნა სპეციალური ედიქტი (კეისარების ჰონორიუსისა და ფეოდოსის დროს). ედიქტი არეგულირებდა საბაჟო მეთვალყურეობას. გადაწყდა სავაჭრო გაცვლა-გამოცვლა რეკომენდებული მხოლოდ სამ სასაზღვრო ქალაქში. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო არტაშატი (ედიქტი დაიდო 387 წელს). ამ დროიდან იბერია-ალბანეთი სომხეთის მეშვეობით უკავშირდება საერთაშორისო სავაჭრო გზებს (ამდროიდანვე ჩაეყარა საფუძველი სომხეთის სავაჭრო პრივილეგიას!). საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო მნიშვნელობის შესახებ საინტერესოა ე.წ. ,,ტაბულა პევტინგერიანა“, კასტორიუსის რუკა. ამ რუკის მიხედვით არტაშატიდან მიიმართება სავაჭრო მაგისტრალები ეგრისისაკენ, იბერიისაკენ და ალბანეთისაკენ. არსებობდა ე.წ. ,,შემოვლითი გზები“ (ეს საკითხი შესანიშნავად დაამუშავა დ. მუსხელიშვილმა). IV-VII ს.ს. საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ხვდებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები. V საუკუნისან VII საუკუნის დასაწყისამდე ბიზანტიის იმპერიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება საშუამავლო ვაჭრობა აბრეშუმით. აღმოსავლეთიდან ბიზანტიას შემოჰქონდა აბრეშუმი, ნელსაცხებელი, სპილოს ძვალი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი. გაჰქონდა ღვინო, მინა, საფეიქრო ნაწარმი, ძოწეული და ა.შ. აი ,,მთელი ეს საქონელი ილექებოდა საქართველოში“ (დ. მუსხელიშვილი), რადგან მთელი ეს საქონელი გადიოდა ამიერკავკასიის სატრანზიტო გზებზე. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ამ ეპოქის ქართულ ვაჭრობაზე? ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ მკვლევარებს (დ. მუსხელიშვილი, შ. მესხია და ა.შ.), რომლებიც სატრანზიტო ვაჭრობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ - სატრანზიტო ვაჭრობას არ შეუძლია რაიმე გადამწყვეტი როლი შეასრულოს ქვეყნის არც ეკონომიკურ და არც, მით უმეტეს, სოციალურ ცხოვრებაში. სატრანზიტო ვაჭრობამ შეიძლება გააფართავოს მომსახურების სფერო (ფუნდუკები, სასტუმროები, ხიდების მშენებლობა), მაგრამ ზოგჯერ პირობით, იგი აფერხებს ადგილობრივი საწარმოო ძალების განვითარებას (მაგ. იტალიური ქალაქები და ლევანტი, ევროპა-ინდოეთი და აფრიკის სანაპიროები და ა.შ). სატრანზიტო ვაჭრობის როლის შესწავლა (არა მხოლოდ ამიერკავკასიის, უფრო ვრცელ რეგიონებზეც) გვარწმუნებს, ეჭვით შევხედოთ ნუმიზმატების და არქეოლოგების კატეგორიულ დასკვნებს. მაგ. ყოვლად შეუძლებელია მხოლოდ ნუმიზმატიკური ფაქტებით რაიმე გადამწყვეტი დასკვნის გაკეთება (მაგ. მთელი აფრიკის სანაპიროები მოფენილია განძებით, მაგრამ იგი მიუთითებს სატრანზიტო ვაჭრობაზე აზიასა და ევროპას შორის და არ ნიშნავს ადგილობრივი, აფრიკული ეკონომიკური ცხოვრების აღმავლობას. 1965 წლის რევოლუციამდე იემენში ხმარობდნენ ავსტრიის იმპერატორის მარია-ტერეზას მიერ მე-18 საუკუნეში მოჭრილ მონეტას, მაგრამ ეს ფაქტი არ მიუთითებს იემენზე ავსტრიის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ გავლენაზე). სატრანზიტო ვაჭრობის დროს თანდათან დაწინაურდა ქ. დვინი. აგრეთვე არზრუმი (კარნუ-ქალაქი), ბარდავი, ნოქალაქევი, ვარციხე, უჯარმა, თბილისი. ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში ამიერკავკასიას რომ წამყვანი როლი ეკავა, ეს ჩანს ე.წ. თხზულებიდან ,,გზამკვლევი სამოთხისა ედემიდან რომაელებამდე“, რომელიც შემონახულია ქართულ და ბერძნულ ენებზე (დ. მუსხელიშვილი). ამ ურთიერთობას უდიდესი ზიანი მიაყენა ბიზანტია-ირანის ომმა (სწორედ მან მიანიჭა უპირატესობა ე.წ. ,,შემოვლით გზებს“). აბრეშუმისათვის ბიზანტია ეძებდა სხვა, თუმცა შორეულ, მაგრამ საიმედო გზებს; მაგ. შუა აზია - ალვანეთი - სვანეთი - აფხაზეთი. სვანეთის საკითხის მკვეთრი გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი უნდა ის გარემოებაც ყოფილიყო, რომ ჩრდ. კავკასიის სავაჭრო მაგისტრალები ამ მხარეში გადიოდა უმთავრესად (სვანეთი მაშინ მოიცავდა გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიას და მოსალოდნელია რომ ჩრდ. კავკასიაშიც, კავკასიის ძირითადი ქედის მიღმაც გადადიოდა). არაბთა სახალიფოს წარმოქმნამ ერთბაშად შეცვალა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი მიმართულებები. გაქრა სატრანზიტო ვაჭრობა. ეს პროცესი აისახა ნუმიზმატიკაშიც. VII საუკუნიდან ძალზე იშვიათად გვხვდება ბიზანტიური ან ევროპული (იტალიური) მონეტები. სატრანზიტო ვაჭრობის დაცემას თან გადაჰყვა ე.წ. მომსახურების სფეროც. მაგრამ VIII საუკუნიდან აღმ. საქართველო შევიდა არაბული სამყაროს სავაჭრო-ეკონომიკურ არეალში. ამ ვაჭრობამ ზენიტს მიაღწია X საუკუნეში. სწორედ აქედან იწყება ადგილობრივი ეკონომიკური ეროვნული ბაზრის შექმნა, ჩნდება ,,სავაჭრო კაპიტალის“ (ფეოდალიზმის შესაფერი დოზით) ნიშნებიც. აკად. დ. მუსხელიშვილის აზრით, VIII-X საუკუნეებში ვაჭრობის აყვავება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბიზანტიასთან ვაჭრობის საკომპენსაციოდ არაბებმა გააძლიერეს ვაჭრობა ჩრდ. კავკასიისა და ვოლგა-დონის აუზის ხალხებთან. ფართო მასშტაბი მიიღო ჩრდ. კავკასიის ვაჭრობამ. თბილისმა, განჯამ, დარუბანდმა (ე.ი. ჩრდილოეთის ქალაქებმა) დაჩრდილეს არტაშატი, დვინი და ა.შ. (ე.ი. სამხრეთის ქალაქები). სამხრეთიდან ამიერკავკასიაში შედიოდა აბრეშუმი, საფეიქრო ნაწარმი, ხალიჩები, ნელსაცხებლები, ჩრდილოეთიდან - ბეწვეული, ქარვა, ტყვეები... მაგრამ ეს ეკონომიკურ-სავაჭრო მიმართულება არ იყო ერთადერთი. ამ საუკუნეებში აღსდგა ურთიერთობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს განსაკუთრებით შეინიშნება IX საუკუნიდან, ე.ი. სახალიფოს დაკნინებისთანავე. ,,ამიერკავკასია კვლავ დაისერა სავაჭრო მაგისტრალებთ“. ახლა ისინი მხოლოდ არაბეთ-ჩრდ. კავკასიას კი არ აკავშირებდნენ, არამედ ბიზანტიას ინდოეთთან, ოღონდ დიდი არაბული სახალიფოს ნანგრევებზე აღმოცენებული მაჰმადიანური სამფლობელოების გავლით. აღორძინდა დვინი, გაძლიერდა ტრაპეზუნდი, წარმოიქმნენ ახალი ქალაქები: ანისი, კარი, არტაანი, არტანუჯი. IX საუკუნეში არტანუჯი გადაიქცა მნიშვნელოვან ქალაქად. ეკონომიკა გახდა ტაოს სამთავროს აღზევების ერთ-ერთი საფუძველი. სწორედ ამავე მიზეზებმა გაამძაფრა ტაოს პრობლემა საქართველი-ბიჭვინთის ურთიერთობაში (ანალოგიური მიზეზით აიხსნება თრიალეთის საერისთავოს ესოდენი ძლიერება, რომელიც სატრანზიტო ვაჭრობის გარდა ძალზე მცირე რა
| მეს ემყარებოდა ეკონომიკურად). ეს პერიოდი ქართულ ისტორიოგრაფიაში აღინიშნება ,,ახალქალაქობის“ ცნებით (,,ახალქალაქობა“ ღრმად შეისწავლეს შ. მესხიამ, განსაკუთრებით ლ. ჭილაშვილმა, აგრეთვე მ. აფრასიძემ). მათ ხაზი გაუსვეს ძალზე სამართლიანად, რომ ,,ახალქალაქობის“ მთავარი საფუძველი იყო მაინც ადგილობრივი საწარმოო ძალების განვითარება. ე.ი. მათ დაუშვეს, რომ სატრანზიტო ვაჭრობას ნელ-ნელა დაემატა ექსპორტი ადგილობრივი საჭიროებისათვის და იმპორტი ასევე ადგილობრივი საჭიროებისათვის. ,,ახალქალაქობის“ ხანაში თითქმის იგივე დარჩა გაცვლა-გამოცვლის საგნები. ბარდავი ვაჭრობდა აბრეშუმით, დარუბანდი - აბრეშუმით, ზაფრანით, ტყვეებით, ბაქო - ნავთით. ნავთი, ქართული წყაროების ,,კუპრი“ და ,,ზეთი“ საქართველოს ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. არსებობს ცოტა გვიანი ხანის ცნობები, რომ კუპრი და ნავთი ტყავისა და ხის ჭურჭლით გაჰქონდათ ჰერეთიდან და კამბეჩანიდან. თბილისიდან გადიოდა ენდრო და ენდროს საღებავი თვით ინდოეთამდე. კასპიისპირეთი იძლეოდა თევზს, ქვირითს, განჯიდან და შამქორიდან საქართველოს (ან თბილისის) გავლით ბიზანტიისაკენ და ვოლგა-დონის აუზისაკენ მიედინებოდა შალეული. X საუკუნიდან კვლავ გამრავლდა ბიზანტიური მონეტები, კვლავ დაიწყო უხვად დენა ბიზანტიურმა ოქრომ. XI საუკუნიდან დაეცა ჩრდ. კავკასიის ვაჭრობა. ჩრდ. კავკასიის ველები წალეკეს მომთაბარეებმა, მე-12 საუკუნეში, მომთაბარე ყივჩაღების სახელმწიფოებრივი მოწესრიგების (შედარებით!) მეშვეობით ვაჭრობა ჩრდ. კავკასიასთან კვლავ გაცხოველდა. ოღონდ ესაა, ახლა ხალიფატის ადგილი მტკიცედ დაიკავა საქართველომ. ეკონომიკური კავშირები ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე მომთაბარე ტომებთან და მთიანეთში მცხოვრებ ხალხებთან უძველესი ეპოქიდან მცხოვრებ ხალხებთან უძველესი ეპოქიდან აგებულია მეტნაკლებად ერთნაირ პრინციპზე; ყოველთვის საქმე გვაქვს მეტად თავისებურ მოვლენასთან: მთას (და მომთაბარეებთან) საქართველოსთან თანაცხოვრების მთელ სიგრძეზე არ შეეძლო არსებობა ქართულ ბართან ეკონომიკური კავშირების გარეშე. ამავე დროს ამ კავშირში მთა და მომთაბარეები ყოველთვის პასიურ მხარედ რჩებოდნენ; საქონელი ბრუნვისას მთიელებისა და მომთაბარეების სანაცვალგებო საშუალებანი ყოველთვის შეზღუდული იყო. ამიტომ პასიური მხარე მუდმივად სძებნიდა მოხერხებულ ეკვივალენტს. საქართველოდან გატანილი საქონელი იცვლებოდა ცოცხალ ძალაში. ,,როქის სპა“ ხელსაყრელი იყო მთისთვისაც... დაქირავებული მხედრების გარდა მთის მოსახლეობა ძალზე ხშირად ჩამოდიოდა ,,საშოვარზეც“. სწორედ ამიტომ მთისა და ბარის მშვიდობიანი ურთიერთობის გარანტიას ბარის (ე.ი. ქართული სახელმწიფის) ეკონომიკური შესაძლებლობა რაიმე ფორმით (სამხედრო ან შრომითი) დაესაქმებინა მთის ჭარბი მოსახლეობა. გვიანდელ შუა საუკუნეებში საქართველოს აღარც დაქირავებული მხედრები სჭირდებოდა და აღარც ,,საშოვარზე“ ჩამოსული მთიელების შრომითი მოწყობა შეეძლო. ამან გამოიწვია უარყოფითი მოვლენა - მთიელთა პერმანენტული თავდასხმები საქართველოზე. რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ფაქტია, რომ დაღესტნელთა უწყვეტი თარეში ქართლ-კახეთზე მე-16 - მე-17 საუკუნეებში ადრინდელ ეკონომიკურ ურთიერთობათა გაუკუღმართებული იმიტაცია იყო. მე-12 საუკუნეში საქართველოში გზა გამოიკაფა იტალიის ქალაქების სავაჭრო კაპიტალმა. უხვად გაჩნდა ბრუნვაში ვენეციური ოქროს დუკატები. ამ ფულის შემოჭრას ჰქონდა თავისი წმინდა ფინანსური საფუძველიც: - ვენეციურ ოქროს დუკატს საერთაშორისო ბაზარზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული, ვენეციური ვალუტა ყველაზე მყარი იყო მაშინდელი ევროპის მასშტაბით. მაგრამ ვენეციური ოქროს დუკატების თითქმის ერთაბაშად და საკმაოდ მძლავრ შემოსვლას სხვაგვარი ახსნაც აქვს: უკვე მე-12 საუკუნიდან ჯერ გენუელებმა 1170 წლიდან, შემდეგ კი ვენეციამ 1204 წლიდან, უფრო მოგვიანებით კი პიზელებმა მტკიცედ ჩადგეს ფეხი შავ ზღვაში (დაიპყრეს მთელი ყირიმი, სამხ. უკრაინის ველები, შექმნეს ფაქტორიები: კაფა, ტანა, ბალაკლავა და ა.შ.). იტალიელთა დამკვიდრება შავ ზღვაში, მართალია მცირე, მაგრამ გარკვეულ კვალს ახდენს საქართველოს საზღვაო ვაჭრობაზე, რომელიც ჩვენი აზრით ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1204 წ.) ტრაპიზონის ხელში უნდა ყოფილიყო (რ. ქებულაძე. საქართველოში ვენეციური ოქროს დუკატების მიმოქცევის საკითხისათვის. ,,მაცნე“, 1965, N 4. აგრეთვე А. Тадеев, ,,Меч и золото на берегах Абхазии“ Сухум, 1933). რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროები თვით ქართველებსაც ჰქონდათ ათვისებული და მათთვის უცხო არ იყო საზღვაო ნაოსნობა. მაგრამ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ფეოდალურმა საქართველომ მიუტევებელი გულგრილობა გამოამჟღავნა საზღვაო ნაოსნობის მიმართ. საქართველოს ისტორიაში არ ჩანს საზღვაო ფლოტი (ფლოტის კლასიკური გაგებით!). იტალიურ კოლონია-ფაქტორიებში ყირიმში თანდათან გაჩნდა ქართული მოსახლეობა (დასტურდება მოგვიანებით). არსებობს მოსაზრება (რ. ქებულაძე, ა. ფადეევი), რომ იტალიელებმა ფეხი მოიკიდეს ქართულ სანაპიროებზეც და შექმნეს ფაქტორიები (იხ. თ. ბერაძე. ,,ზღვაოსნობა ძველ საქართველოში“). 1. ჰაკარი - გაგრა; 2. სანტა-სოვია - ალახაძე; 3. პეცონდა - ბიჭვინთის ყურე; 4. კაფო და რექსო - გუდაუთას მხარეში; 5. ნიკოფა - ახალი ათონი; 6. სევასტოპოლი - სოხუმი; 7. სანტა-ანჯელო - მდ. ენგურის შესართავი; რ. ქებულაძის აზრით, ამ ფაქტორიებიდან თანდათანობით დაწინაურდა სევასტოპოლი, სავაჭრო ფაქტორიების პროტექტორის რეზიდენცია - მოგვიანებით იტალიელებმა მოახერხეს შესვლა გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, შეიქმნა ფაქტორია ქუთაისშიც. იტალიელებს შემოჰქონდათ მარილი, ხმელი თევზი, იარაღი (ფრანგული), ქსოვილები, სამკაულები, სანელებლები. გაჰქონდათ ბზა, თაფლი, ცვილი, მიწათმოქმედების პროდუქტები და რაც მთავარია... ტყვეები. საერთოდ, დასავლეთ საქართველოში იტალიური ქალაქების (ვენეცია, გენუა, პიზა) სავაჭრო ფაქტორიების არსებობა საბოლოოდ დასაბუთებული არაა. არსებობს როგორც ამ მოსაზრების შემმაგრებელი არგუმენტაცია (რ. ქებულაძე, ა. ფადეევი), ისევე საწინააღმდეგო შეხედულება (თ. ბერაძე). მკვლევართა ნაწილი შეუძლებლად მიიჩნევს გაერთიანებული საქართველოს სანაპიროებზე მისი ძლიერების ეპოქაში უცხო ფაქტორიების დაშვებას. ასევე შეუძლებლად თვლიან ტყვეების გაყვანას XI-XII საუკუნეებში. ვფიქრობთ, ეს მკვლევარები ყურადღებას არ აქცევენ რამდენიმე მომენტს: 1. პრეცენდენტს, რომ ვენეცია და გენუა ქმნიდნენ ფაქტორიებს ძლიერი სახელმწიფოების შიგნითაც... აქ მთავარია რა უფლებრივი სტატუსი ჰქონდა ამ ფაქტორიას - თვით მისი არსებობა არაფერს ნიშნავდა. ეს იყო ე.წ. ,,პორტო-ფრანკოები“ დღევანდელი ,,თავისუფალი ზონებით“. როგორც ჩანს, დას. საქართველოდან ტყვეების გაყვანა გვიანი შუა საუკუნეების მანკი არ იყო. მე-16 საუკუნის შემდეგ იგი მომძლავრდა, გაუკუღმართდა და კატასტროფულად საშიში ხასიათი შეიძინა, მაგრამ ეს მოვლენა უკვე მე-12 საუკუნიდან არის სავარაუდო. ჯერ ერთი ქართველი მამლუქები დაწინაურებულნი ჩანან უკვე სალადინის ეპოქიდან... მეორეც, რადგან ტყვე შავი ზღვის სანაპიროზე ადრიდანვე პასიური სავაჭრო ბალანსის საეკვივალენტო საშუალებად გადაიქცა, თვით ასეთი ეკვივალენტის აუცილებლობა პრინციპში უშვებდა ტყვის სახით ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი ფენების წარმომადგენლების გაყვანასაც (ომში მოპოვებული ტყვეების რაოდენობა მტკიცედ განსაზღვრული არ იყო). ეს პროცესი ინტენსიური გახდა მე-13 საუკუნის ბოლოდან და დამღუპველი შინაარსი მიიღო XVII-XVIII საუკუნეებში. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |