საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

თამარ მეფის სიზმარი, რომლის მერეც თორმეტ მღვდელს ტანსაცმელი მოუქსოვა
გაიოზ მამალაძე

ხელსაქმე უყვარდა თამარ მეფეს, სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს. ეს მისი გართობა კი არ იყო, არამედ შრომა და ამ შრომით უფლის მსახურება, თავის მთავარ, სამეფო მოვალეობასთან ერთად - სამეფოს პატრონობასა და ქრისტიანთა დაცვასთან ერთად.

თამარ დედოფალთა დედოფალმა და მეფეთა მეფემ კარგად იცოდა ქრისტიანობის არსი. ამიტომ მუდამ ფიქრობდა ჭეშმარიტებაზე გონიერი ხელმწიფე, რათა უფრო მეტად გახსნოდა გონება უფლის ნების აღსასრულებლად. იცოდა, რომ  ადამიანისათვის მთავარი არის სასუფევლისთვის მზადება, ამ საქმეში კი ქველმოქმედება ერთ-ერთი უმთავრესია.

ვერ მოხიბლა იგი წუთისოფლის გასართობებმა, ვერც ძალაუფლებამ, ვერ შეაცდინა გვირგვინმა და სკიპტრამ, ვერც უამრავი თვალ-მარგალიტის ქონამ, ვერც არმიის სიმრავლემ და სიძლიერემ.

ვერც სიმდიდრემ მოატყუა, ისევე, როგორც ძველი ბრძენი მეფეები, მათ შორის მისი სანატრელი მამა, გიორგი მეფე, და ყველა ბრძენზე ბრძენი და უპირატესი მეფე სოლომონი, მისი წინაპარი, ისრაელის ხელმწიფე, რომლებიც არად აგდებდნენ სიმდიდრეს და ქონებას.

ყველას უფლებას იცავდა ჩვენი ხელმწიფე. თამარის მეფობის დროს არავინ იყო ქვეყანაში დაჩაგრული, ვერავინ წაართმევდა უფრო სუსტს მამულს თუ სხვა რამ ქონებას. მის დროს აიკრძალა დამნაშავეთა სიკვდილის დასჯა და დასახიჩრება, თვალების დაწვა, ხელის ან ფეხის მოკვეთა და ა. შ.

სხვა ბრძენ მეფეებზე მეტად ბრძენი იყო თამარი, შეიყვარა ღმერთი და განეშორა ამსოფლიურ საცდურებს. ისმინა ღვთის სიტყვა და ყოველ ღამით ჰქონდა მღვიძარება, ლოცვა, მუხლმოდრეკა-მეტანიები და ცრემლით ვედრება ღმრთისა. ყოველ ღამით ხელსაქმობდა, ქსოვდა, კერავდა და მერე გლახაკებს ურიგებდა თავის ნაშრომს.

მას შეეძლო დაკმაყოფილებულიყო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწყალებით. იმ დროს საქართველოს სამეფოს ბიუჯეტის 10 % გამოყოფილი იყო გლახაკებისათვის. ეს იყო სავალდებულო კანონი. განა ეკლესიისათვის, და ეკლესიის მეშვეობით გლახაკებისათვის, არამედ როგორც ვთქვით, კონკტრეტულად გლახაკებისათვის -სახელმწიფოს შემოსავლებიდან. ქართულ-კავკასიური იმპერია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სოციალურ პროგრამებს და ამისთვის ბიუჯეტის მეათედს გამოყოფდა.

მნიშვნელოვანი თანხა ხმარდებოდა სამკურნალო დაწესებულებებს, რომლებიც ქვეყნისთვის აუცილებელი გახლდათ. ასეთ დაწესებულებებში მკურნალობა, რა თქმა უნდა, იყო უფასო.

დანარჩენი ფულით სახელმწიფო სხვა აუცილებელ პროექტებს აფინანსებდა.

ქართული სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სჭირდებოდა არმიის შენახვას და ლაშქრობებს. არმია უმთავრესი საფუძველი იყო ქართული სახელმწიფოებრიობისა. ქართული ჯარით შეიქმნა ერთიანის სამეფო და ქართული ჯარის მეშვეობით გადარჩა დიდგორში, შამქორში თუ ბასიანში ჩვენი ქვეყანა.

ჯარს სჭირდებოდა კარგი კვება, შეიარაღება, წვრთნა, ცხენებით მომარაგება, გადაადგილებისა თუ ვარჯიშობის დაფინანსება, საალყო კოშკების, ლოდსატყორცნებისა და სხვა მოწყობილობების აგება. საზღვრების დაცვა, ციხე-სიმაგრეების მშენებლობა და ა. შ.

ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდა.

გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა დაზვერვა, სპეცსამსახურები.

ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა გზების გაყვანა, განახლება, ხიდების აგება, წყალგაყვანილობების შექმნა, ქალაქების მშენებლობა, ქუჩების შეკეთება და ა. შ.

ეკლესიასაც ეხმარებოდნენ. თამარის დროს ეკლესიას ჰქონდა შეუვალობა და დიდი ქონება და თვითონაც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მაინც. სხვადასხვა მონასტრებს დიდ შესაწირს სწირავდა მეფე თამარი, აგებდე ეკლესიებს და მონასტრებს.

კულტურის განვითარებაშიც დიდი ფული ჩაიდო თამარის დროს. წიგნების გადაწერა, ხელოვანთა დაფინანსება, ეკლესია-მონ

ასტრებისა და სასახლეების მოხატვა და გამშვენება.

საქართველოს სახელმწიფო დიდი იყო და ტოლს არ უდებდა არც ერთ დიდ სახელმწიფოს ამ საქმეში, შესაძლოა აჭარბებდა კიდეც.

ბიუჯეტის ნაწილი იხარჯებოდა მმართელობის სისტემაზე, სახელმწიფოს აუცილებელ პროექტებზე, ხელქვეითების შენახვაზე და სხვა საქმეებზე.

მნიშვნელოვანი იყო ასევე სასახლეებისა და ცერემონიების ხარჯებიც, რადგან საქართველოში ბევრი ელჩი თუ სტუმარი ჩამოდიოდა და მათ შესაბამისი დახვედრა სჭირდებოდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედის გლახაკებისათვის გაცემის გარდა, როგორც ვთქვით, თამარი ეწეოდა პირად ქველმოქმედებას, როგორც ადამიანი, ერთი პერსონა და არა როგორც მეფე. თავისი ხელით ქმნიდა ხელმოკლე ადამიანებისათვის ტანსაცმელს, ართავდა, ქსოვდა,  კერავდა, ქარგავდა, და თავის პირად ნაშრომს გლახაკებს ურიგებდა.

ერთხელ ლოცვითა და ხელსაქმით დაღლილ წმიდა თამარს ჩათვლიმა. სიზმარში იხილა ძალიან ლამაზი ადგილი, ყვავილებით, მცენარეებითა და ნერგებით გამშვენებული. იმდენად ლამაზი, მთხრობელი რომ ვერ აღწერს, რადგან  შეუძლებელია სამოთხის აღწერა.

იდგა საყდრები ოქროსა და ვერცხლის სარკმლებით შემკული. იდგა გამშვენებული სკამები დამსახურებული ადამიანებისათვის, საქმეების მიხედვით მათ დასაფასებლად. სულ მაღლა იდგა ოქროს ტახტი, ყველაზე მაღალი, ლამაზი და საპატიო დასაჯდომად, შემკული პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით.

ამ სამოთხეში შეიყვანეს იქ შეყვანის ჭეშმარიტად ღირსი ჩვენი დედოფალი. იხილა ტახტები და გაიფიქრა:

„მეფე ვარ თვითმპყრობელი და ჩემი არის ეს უზენაესი და უმთავრესი ტახტიო“. და გაემართა მასზე დასაჯდომად.

მაგრამ მეფეთ-მეფესა და დედოფალთ-დედოფალს წინ დაუდგა ნათლით მოსილი კაცი, მოჰკიდა ხელი და უთხრა:

„შენი არ არის ეს დასაჯდომი, შენ ვერ შეძლებ მის დაკავებას!“

საქართველოს ხელმწიფემ იკითხა: „ ვინ არის ჩემზე უპატიოსნესი, რომელიც დაიკავებს ამ პატიოსან ტახტს?“

ნათლით მოსილმა კაცმა უპასუხა:

„ეს ტახტი შენი დიასახლისის, მოსამსახურის არის, რადგან თორმეტ მღვდელს აცვია მის მიერ შექმნილი შესამოსელი, და იმ სამოსლით წარდგებიან ტრაპეზთან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შეწირვისას. ამიტომ ეს დედაკაცი შენზე მაღლა დგას. და თუ შენ მეფე ხარ, შენთვის ეს დიდებაც საკმარისია, შენი საყოფი ესაა“ და უჩვენა უფრო მდაბალი დასაჯდომელი.

რომ გაიღვიძა კავკასიის მეფეთა-მეფემ, მოაყვანინა ის დიასახლისი, რომელმაც აღიარა, რომ თორმეტ მღვდელს შეუქმნა შეუქმნა სამღვდელო შესამოსელი, სრულად, კვართიდან ფილონამდე და მიუძღვნა. კვართი მღვდლებს აცვიათ ფილონის ქვეშ, და ის სიმბოლურად მიანიშნებს მაცხოვრის კვართზე. ფილონი კი უსახელო შესამოსელია, ზემოდან მოსაცმელი მღვდლებისათვის, რომელი ქრისტეს სუდარის სიმბოლური მინიშნებაა.

თამარ შვიდმნათობიერმაც დაიწყო ზრუნვა პირადად მისი ხელით შექმნილი ტანსაცმლით მღვდლების შემოსვაზე, ალექსანდრიიდან ვაჭართა მიერ შემოტანილი მატყლის დართვა, ნაჭრების დამზადება და თორმეტი სრული სამღვდელო შესამოსლის შეკერვა.

გარდა ამისა, რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა დღეში, იმ ფასის საქონელს, თავისი ხელით შექმნილს, გაყიდდა ხოლმე და მიღებულ ფულს გლახაკებს აძლევდა, რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ბიუჯეტის 10 %-ის გარდა. ან გლახაკებს უქსოვდა და უკერავდა ტანსაცმელს იმ ფასისას, რასაც ჭამდა.

ღვთისმსახურება მის სასახლეში დაუკლებლად აღესრულებოდა, როგორც ტიბიკონი მოითხოვს და განწესება პალესტინის მონასტრისა, ზუსტად ისე. სამეფო კარზე მყოფი ვერავინ დააკლდებოდა წირვა-ლოცვას, დილას, სამხრისას, მწუხრისას...

ასეთი იყო ჩვენი მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი თამარი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-21
ღირსისა ექვთიმესი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804); წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq