XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ეთერ ფაღავა დაიბადა პარიზში, 1932 წელს. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ხელისუფლის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქალიშვილის – ასმათის მხრიდან. მისი ბავშვობის წლებს ასე ახასიათებს ლონდონში გამოცემული საბალეტო ლექსიკონი: „ეთერ ფაღავა უკანასკნელი ომის დროს გამოჩნდა, როგორც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი და მაშინვე გახდა ვარსკვლავი ბალეტ შან–ზელიზესი, ჟანინ შარას და როლან პტის დადგმულ წარმოდგენებში. 13 წლის ეთერი სენსაციას იწვევდა, როცა იგი ასრულებდა პატარა აკრობატის როლს ბალეტ „ოინბაზებში”; შემდეგ მან შეასრულა ჰანიმედის როლი („იუპიტერის სიყვარული“). სამი წლის შემდეგ, 15 წლის ეთერის მიერ თავისებურად შესრულებული „მთვარეული“ (ბელინის და ბალანჩინის ბალეტი) და „ჯულიეტა“ (ჩაიკოვსკის და იფარის ბალეტი „რომეო და ჯულიეტა“) მარკიზ დე კუევას დადგმებში სამარადისოდ დაუვიწყარი დარჩა. ამჟამად ის მონაწილეობს სხვადასხვა ბალეტში, როგორც მთავარი მოცეკვავე–ვარსკვლავი...მისი ტექნიკა ლირიკულია. ფერმკრთალი პირისახე. შავი თვალები თავისებურ სითბოს და მიმზიდველობას იწვევს“. 1945 წლიდან დაიწყო ეთერ ფაღავას ბრწყინვალე არტისტული კარიერა: იგი გამოდის ბორის კოხნოს ლიბრეტოს მიხედვით კომპოზიტორ ანრი სოგეს, ქორეოგრაფ როლან პტის და მხატვარ ქრისტიან ბერარდის ერთობლივი ძალებით შექმნილ სპექტაკლ „კომედიანტებში“, რომელმაც დიდად გაუთქვა სახელი. მალე სერჟ ლიფარის მიწვევით ეთერ ფაღავა გაემგზავრა მონტე–კარლოში, მარკიზ დე კუევას საბალეტო დასში. აქ სერჟ ლიფარმა პ.ჩაიკოვსკის სიმფონიურ პოემა „რომეო და ჯულიეტას” მუსიკაზე განახორციელა ქორეოგრაფიული პოემა –დუეტი, სადაც ეთერ ფარავა ჯულიეტას განასახიერებდა. ამ როლმა მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. ნაყოფიერი გამოდგა ჯორჯ ბალანჩინთან თანამშრომლობაც: ბელინის მუსიკის საფუძველზე 1948 წელს ჯ. ბალანჩინის მიერ დადგმულ „სომნამბულაში“ ეთერ ფაღავას ხელოვნებამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ამის შემდეგ ეთერ ფაღავა მიიწვიეს პარიზის „გრანდ–ოპერაში“, რასაც მოჰყვა გასტროლები მილანის „ლა–სკალაში“; ერთხანს ეთერ ფაღავა ამსტერდამის ოპერის ნაციონალური ბალეტის პრიმა–ბალერინად ითვლებოდა. ქართული გაზეთი „კავკასიონი“ აღნიშნავდა: „ეთერ ფაღავა მუდამ იყო და დღემდე დარჩება პოეტთა, კომპოზიტორთა, მხატვართა და მოქანდაკეთა შთაგონების წყარო“. |