|
დაიბადა აფხაზეთში, სოფელ მერხეულში,
სადაც მამამისი სამეგრელოდან გადასულა;
დედით კეთილშობილი გვარეულობის – ჯაყელების შთამომავალი იყო. ბერიას დედა,
მართა ჯაყელი, ამავე დროს, ღრმად მორწმუნე ქალიც ბრძანდებოდა.
ბერიას დამსახურება რუსეთის აბჭოთა
იმპერიის წინაშე სრულიად შეუფასებელია – მან აღჭურვა იმპერია ისეთი იარაღით,
რომლის წინაშეც დღემდე უძლურია ყოველივე სხვა იარაღი – ეს გახლავთ ატომური ბომბი.
1943 წელს სტალინმა ხელი მოაწერა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის
გადაწყვეტილებას, ატომური ბომბის შესაქმნელად სამუშაოთა პროგრამის შესახებ.
წლინახევრის შემდეგ ამ პროცესების ხელმძღვანელობა დაევალა ლავრენტი ბერიას.
ამერიკელების მიერ ალამოგორდოს უდაბნოში პირველი ამერიკული ატომური გამოცდის
შემდეგ საბჭოთა კავშირში დაჩქარდა სამუშაოები საკუთარი ბირთვული იარაღის
შესაქმნელად. 1945 წლის 20 აგვისტოს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შექმნა
სპეციალური კომიტეტი ბერიას ხელმძღვანელობით. ბერია უწევდა კურირებას მთელ პროექტს.
1949 წლის 29 აგვისტოს ატომური ბომბი
წარმატებით იქნა გამოცდილი სემიპალატინსკის პოლიგონზე და ლავრენტი ბერიას
მიეკუთვნა საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის წოდება. ბერიას ამ დამსახურების
შესახებ მოლოტოვი წერდა: „რაც შეეხება ატომურ ბომბს – ეს მისი
საქმეა. ავიაციის საწინააღმდეგო წრიული დაცვა მოსკოვის გარშემო – ესეც მას
ევალებოდა.“
თავისი მოღვაწეობის ზენიტს ბერიამ ხალხის
დიდძალი მსხვერპლის ფასად მიაღწია. მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის გარშემო დიდი
თავდაცვითი ზღუდეების შექმნას ბერიას მიერ
ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჯერ თავის სამშობლოში და მერე მთელ
იმპერიაში. ყმაწვილობიდან ბოლშევიკური რუსეთის
სადაზვერვო სამსახურში იდგა და მონაწილეობდა კავკასიის საბჭოთა იმპერიაში
ინტეგრაციის საქმეში; ომის დროს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი,
რუსული ბოლშევიკური იმპერიისთვის არაკეთილსაიმედო ეთნიკური ჯგუფის დეპორტაცია
მშობლიური მხარეებიდან.
1941წლის იანვრიდან მიენიჭა სახელმწიფო
უშიშროების გენერალური კომისრის წოდება. ომის დაწყებიდან იყო თავდაცვის სახელმწიფო
კომიტეტის წევრი და ევალებოდა ამ კომიტეტის გადაწყვეტილებათა კონტროლი
თვითმფრინავების, ძრავების,
ნაღმტყორცნების და სხვა სახის შეიარაღების წარმოებისადმი; მასვე ევალებოდა
ქვანახშირის მრეწველობისა და საგზაო
მიმოსვლათა სახალხო კომისარიატების მუშაობაზე დაკვირვება. 1944 წლიდან იყო
თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარე, რომლის ამოცანასაც
წარმოადგენდა კონტროლი და დაკვირვება თავდაცვის მრეწველობის ყველა სახალხო
კომისარიატის, რკინიგზისა და საწყლოსნო ტრანსპორტის, შავი და ფერადი მეტალურგიის,
ქვანახშირის, ნავთობის, ქიმიური, რეზინის, ქაღალდ–ცელულოზის, ელექტროტექნიკური
მრეწველობის, ელექტროსადგურების მუშაობაზე. ბერიასვე ევალებოდა თითმფრინავებისა და
სარაკეტო ტექნიკის წარმოების კურირება.
1945 წლის 9 ივლისს ბერიას მიენიჭა საბჭოთა
კავშირის მარშლის წოდება. 1946 წლის 18 მარტს ხდება პოლ იტბიუროს წევრი, ერთი დღის
შემდეგ – მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1953 წლის 5 მარტს კომპარტიის
ცკ–ს, უმაღლესი საბჭოს პტრეზიდიუმის და საბჭოთა მთავრობის მინისტრთა ერთობლივ
სხდომაზე ბერია დანიშნულ იქნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ და სსრკ შინაგან საქმეთა
მინისტრად. მისი ინიციატივით გადახედილ იქნა დაპატიმრებულთა ბევრი საქმე და
მრავალნი განთავისუფლდნენ პატიმრობიდან. 26 მარტს ბერიამ პრეზიდიუმს გაუგზავნა
მიმართვა ამნისტიის შესახებ 5 წლამდე სასჯელმისჯილთათვის სხვადასხვა სამეურნეო,
თანამდებობრივი და ცალკეული სამხედრო დანაშაულებებისათვის. საგანგებო მუხლით უნდა
გათავისუფლებულიყვნენ ბავშვების პატრონი ქალები, ხეიბრები, ხანდაზმულნი...
ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო, მამამისზე
დაწერილ წიგნში მას ფარულ პროგრესულ მოღვაწედ სახავდა: თითქოსდა მას სურდა
დემოკრატიულ პრინციპებზე გადაერთო მთელი სახელმწიფოებრივი წყობა – ეკონომიკაში და
მრეწველობაში რეფორმების გატარებით, სოფლის მეურნეობის კაბალისაგან დახსნით,
ინტელიგენციისთვის ფართო გასაქანის მიცემით...საგარეო პოლიტიკაში მამას ასახელებდა
გერმანიაში დემოკრატიული რეფორმების
მომხრედ და იქ სოციალიზმის ძალდატანებითი მშენებლობის მოწინააღმდეგედ; მაგრამ,
ცნობილია, რომ სწორედ ბერიამ ჩაახშო სისხლში ბერლინის აჯანყება 1953 წლის ზაფხულში
და მაშინვე უწია ცოდვამ – პრაქტიკულად აღარავის უნახავს ბერლინიდან გამარჯვებით
დაბრუნებული ნამდვილი ბერია!
ბერიას სინდისზეა საქართველოში საბჭოთა
რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველი მამულიშვილების სისხლიც 1924 წელს – ამ
აჯანყების წინარე მოვლენებს იხსენებს ალექსანდრე პაპავა, როდესაც სტალინს
ქართველმა ბოლშევიკებმა აჯანყების აღკვეთის საკუთარი ღონისძიებები დაუსახეს:
„სტალინმა... სარკასტული ღიმილით მოგვმართა: „თქვენ თუ ასეთი
ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის
ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას
სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ,
რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც
მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან
თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი
ოპერაციისათვის. ერთი მათგანი ლ. ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე ლ. ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი
არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული.
ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის
ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად
ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ
იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები,
გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა.“
ავტორის ვარაუდით, რეპრესირებულთა საერთო
რაოდენობა 15-ათასს აღწევდა, აქედან დახვრეტილები – არანაკლები 5-6 ათასი კაცი
უნდა ყოფილიყო!
|