|
მამამისი, ლაზარე გრიგოლის–ძე
ლაშქარაშვილი–ბიბილური ჩავიდა რუსეთში ვახტანგ მეექვსის ამალის შემადგენლობაში.
1762 წელს ახალგაზრდა ლაშქარიოვი გაიგზავნა
უცხოეთის საქმეთა კოლეგიაში აღმოსავლური ენების შესასწავლად და 1767 წელს მიავლინეს
რეზიდენტ ა.მ. ობრეზკოვთან. ოჯახიდან ათვისებული ქართულის გარდა მან შეისწავლა
თათრული, ძველი და ახალი ბერძნული და სომხური ენები. პირველი თურქეთ–რუსეთის ომის
დროს, თურქეთის სულთანმა ის დაიტოვა საელჩოში. იგი მთლიანად წარმართავდა დიპლომატიურ
მოლაპარაკებებს სულთანსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, და, მიუხედავად
მასზე გამუდმებული თვალთვალისა, ახერხებდა
მიმოწერას დატუსაღებულ რეზიდენტთან, რუსულ ფლოტთან ერთად არქიპელაგში მყოფ გრაფ
ორლოვთან, და გრაფ რუმიანცევთან. ლაშქარიოვმა მოასწრო რუსი ვაჭრების საქმეების
წარმატებით მოგვარება და გამოგონილი სახელებით
თურქეთის არეებიდან სხვადასხვა უცხოური გემების მეშვეობით მათი რუსეთში
გამომგზავრება ჰოლანდიის გავლით. იმხანადვე მიაწოდა უმნიშვნელოვანესი საიდუმლო
ცნობები თავად გოლიცინს პეტერბურგსა და ვენაში. მისიის სათავეში მყოფი ლაშქარიოვი
მხარს უჭერდა დაწყებულ მღელვარებებს ეპირსა და საბერძნეთში. არაერთხელ ემუქრებოდა
მას სიკვდილი თურქთა ხელიდან, მაგრამ ყოველთვის იძვრენდა თავს მოხერხებულობის,
თურქული ენისა და თურქების ხასიათის ცოდნის წყალობით. როდესაც თურქეთის
სახელმწიფომ მისი თურქეთში ყოფნა არასაჭიროდ ჩათვალა, ობრეზკოვის ოჯახთან ერთად
1771 წელს ის გამოემგზავრა რუსეთში და 1972 წელს ჩამოვიდა პეტერბურგში, სადაც ის
დაინიშნა „სამი კოლეგიის მთარგმნელად“.
ლაშქარიოვი
მონაწილეობდა ფოქშანის კონგრესზე, შემდეგ არქიპელაგზე რუმიანცევისგან
მნიშვნელოვანი ცნობებით – დავალებებს ასრულებდა დიდი რისკის ფასად.
ქუჩუკ–კაინარჯის ზავის შემდეგ პოლკოვნიკ პეტერსონთან ერთად გაგზავნილი იყო
კონსტანტინოპოლში ტყვეების გასაცვლელად. იქიდან გაეშურა დარდანელს 30 სავაჭრო გემზე
არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულებიდან იქაურ მცხოვრებთა ტაგანროგში
გადასასახლებლად. ლაშქარიოვის თურქებთან კეთილი ურთიერთობით და დიპლომატიური
ნიჭიერებით, დარდანელში გატარებულ იქნა არა მარტო სავაჭრო გემები, არამედ სამხედრო ფრეგატაც, რაც იმ დროისათვის
კონვენციის დარღვევა იყო. მას შემდეგ XIX საუკუნის შუახანებამდე რუსული სამხედრო გემები დაუბრკოლებლივ იყენებდნენ დარდანელით
სარგებლობის უფლებას. ამ წარმატებისთვის ლაშქარიოვმა მიიღო „კოლეჟის ასესორის“
ჩინი, მამული ეკატერინბურგის გუბერნიაში და 100 სული გლეხობისა.
1779
წელს დაინიშნა კონსულად სინოპში, 1780 წელს – გენერალურ კონსულად მოლდავეთში,
ვალახიასა და ბესარაბიაში და ქმედით მონაწილეობას იღებდა თურქეთთან
მოლაპარაკებაში, ვაჭრობისა და გადმოსახლებულების საკითხებში. წარმატებების
მიღწევის შემდეგ იგი 1782 წელს დაინიშნა რეზიდენტად უკანასკნელ ყირიმელ ხან
შაგინ–გირეისთან. 1783 წელს ის ყირიმს გაემგზავრა. მას წაყენებული ჰქონდა ამოცანა: შაგინ–გირეი უნდა
გამოსულიყო თურქეთის მფარველობიდან,
დაეტოვებინა ყირიმი და გადასახლებულიყო რუსეთში, რაც ყირიმს საბოლოოდ
დაუქვემდებარებდა რუსეთს. ლაშქარიოვმა სულ მალე მიაღწია ხანის კეთილგანწყობას;
უკვე 1783 წელს ათხოვნინა მფარველობა ეკატერინე ІІ–სთვის და რუსეთში გადასახლების
უფლება! ამ დიპლომატიური წარმატებული ოინისათვის ლაშქარიოვმა მიიღოკანცელარიის
მრჩევლის ჩინი და 400 სული ყმა–გლეხისა ბელორუსიაში. ამას გარდა იმპერატრიცამ
საკუთარი ზარდახშიდან გადაიხადა მისი ვალები 12000 რუბლის ოდენობით და აჩუქა
ბრილიანტის ბეჭედი. ხანი, რომელიც ტამანში დასახლდა, არ აპირებდა აქედან დაძვრას,
მაგრამ ლაშქარიოვმა დაარწმუნა ვორონეჟში, ორიოლში ან კალუგაში გადასვლის
უპირატესობაში. 1784 წელს ხანი დაჰყვა მის ნებას და ამ წლიდან ლაშქარიოვი გახდა
მისი პრისტავი და დაჰყვებოდა ხანს ყველგან, სადაც კი ის გადაადგილდებოდა –
დაწყებული ვორონეჟიდან , ყველა სხვა ქალაქში. ხანი ცოტა არ იყოს, გაუწყრა
ლაშქარიოვს, როდესაც ყირიმი რუსეთმა თავის იმპერიაში შერთულად გამოაცხადა, ვერაგობაში
ამხილა, მაგრამ მაინც კიდევ სხვა რუსებზე უფრო დადებითად ეკიდებოდა.
ყირიმის
მიერთებისათვის ლაშქარიოვი სრულიად
განსაკუთრებული პატივით იქნა შემკობილი საიმპერატორო კარზე. 1786 წელს ის დაინიშნა
რწმუნებულად სპარსეთის საქმეებში, მაგრამ პოტიომკინმა თავისთან დაიტოვა საგანგებო
დავალებებისათვის. 1786 წელს ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, თურქეთთან მოსალაპარაკებლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოს უფლისწულების მიერ რუსეთისათვის მფარველობის თხოვნასთან დაკავშირებით.
ლაშქარიოვი დარჩა პოტიომკინის განკარგულებაში, რომელიც ამ დროს ყირიმში
იყო; ლაშქარიოვი თან ახლდა ეკატერინეს ტავრიაში მოგზაურობის დროს. ის ახლდა
პოტიომკინს თურქეთთან მეორე ომში ამ ომის დასასრულამდე. ქართულ მოლაპარაკებებში
წარმატებისათვის 1787 წლის 16 დეკემბერს მიიღო 400 სული პოლტავის გუბერნიაში, ხოლო
1788 წლის 22 ნოემბერს ებოძა მამული
ყირიმში. მაშინ დაინიშნა „სტატსკი სოვეტნიკად“ და ოჩაკოვის აღების შემდეგ
პეტერბურგში ჩამოუძღვა დატყვევებულ ოჩაკოვის ფაშას. შემდეგ იყო მოლდავეთის
სამთავროს მმართველი; რამდენიმეგზის იყო მივლინებული დიდ ვეზირთან საზავო
მოლაპარაკებისათვის; 1791 წელს მიიღო მადლობა რომის პაპისაგან, რადგან ამ
მოლაპარაკებებზე ყურადღებას იჩენდა კათოლიკების საზრუნავებისადმი მოლდავეთში.
ლაშქარიოვი დაინიშნა მესამე რწმუნებულად ზავის ჩამოსაგდებად – მონაწილეობდა
ყველა 13 კონფერენციაზე 1791 წლის 10 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე და ხელი მოაწერა
მშვიდობიან ტრაქტატს. ამისთვის მიიღო „ნამდვილი სტსტსკი სოვეტნიკის“ ჩინი და 565
სული მინსკის გუბერნიაში. ზავის დადების
შემდეგ დაინიშნა უცხოეთის საქმეთა კოლეგიის წევრად და აზიის საქმეთა გამგებლად,
იმპერატრიცისათვის პირადი მომხსენებლობის უფლებით. იმპერატორმა პავლე პირველმა
დანიშნა ლაშქარიოვი უცხოეთის საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის აზიური დეპარტამენტის
წევრად და უბოძა მას მამული ლიტვის გუბერნიაში.1799 წელს მიიღოსაიდუმლო მრჩევლის
ტიტული. მიიღო არაერთი უმაღლესი ჯილდო იმპერიის ორდენების სახით.
1800
წელს ლაშქარიოვმა, გრაფ როსტოპჩინის დამხმარეს სახით მიიღო ცხოველი მონაწილეობა
თურქეთთან და სქართველოსთან მიმოწერაში, ამ უკანასკნელის რუსეთთან მიერთებაში
ხელშეწყობისთვის. ქართული საქმეების წარმართვა მას ევალებოდა პავლეს შემდეგ,
იმპერატორ ალექსანდრეს მმართველობის დროსაც და, მოღორებული ყირიმის ხანის მსგავსად, ქართველ გვირგვინოსნებსაც ეხმარებოდა ზურგზე მოკიდებული ძნელად სატარებელი საკუთარი სამშობლოს მძიმე
ტვირთისაგან განთავისუფლებაში. მისი უმთავრესი მონაწილეობით მოხდა საქართველოს
საბოლოო მიერთება რუსეთის იმპერიის უზარმაზარ სხეულთან.
1807 წელს გაიგზავნა იასსა და ბუქარესტში
მოლდავეთისა და ვალახიის მმართველად, ამ ორივე დივანის თავმჯდომარის ტიტულით. იგი გაიგზავნა თურქეთის ბანაკში დიდ ვეზირთან
მოსალაპარაკებლად და პატივით იქნა მიღებული, მაგრამ ახალი ხელმძღვანელის, კამენსკის
მიერ ჩაიშალა მოლაპარაკება – ლაშქარიოვი დაბრუნდა თავის მამულში და სიკვდილამდე
ფეხმოუცვლელად ცხოვრობდა ბელორუსიაში – გარდაიცვალა ვიტებსკში.
ლაშქარიოვი
რუსეთში დიდად დაფასებული დიპლომატი იყო. თვითონ კავკასიელი, ზედმიწევნით იცნობდა
თავის თანამემამულეთა და წინა აზიელთა ხასიათს და ზნე–ჩვეულებებს. ის სხვა
დიპლომატებზე უფრო ოსტატურად იყენებდა ფარული
მზაკვრობებისა და ვერაგობის იარაღს და მარტო ამ ერთი კაცი ძალისხმევას უნდა
უმადლოდეს რუსეთი მთელი ყირიმის, საქართველოს შემოერთებას და თავისი მბრძანებლობის
გაფართოებას მოლდავეთსა და ვალახიაში.
საგულისხმოა, რომ იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ ლაშქარიოვი სომეხთა
თესლ–ტომად არის მოხსენიებული: „იოანემ: სხუა თქვენი წინამძღოლი ვიღა იყოო? გარსევანმან: ლაშქაროვი სერგი ლაზარიჩ. იოანემ: ოფრეთელი სომხის გვარი, შულავრელი
გლეხი? გარსევანმან: დია“. თუმცა ამით
მის ბოროტებას, ჩადენილს საქართველოს მიმართ,
არც რა აკლდება და არც რა ემატება! |