მარია მერიკოს მამა, სოციალ–დემოკრატი ვანო
ალიხანიშვილი 1921 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1923 წლამდე ცხოვრობდა
კონსტანტინოპოლში, 1923 წელს კი მთელი ოჯახი გადავიდა პარიზში. ვანო ალიხანიშვილი 1926 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1937 წლამდე
ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, ამავე დროს წერდა ისტორიულ თხზულებას საქართველო–სპარსეთის
ურთიერთობაზე. ვანო ძალიან დარდობდა თავის ქალიშვილთან დაშორებას, ცდილობდა როგორმე
ჩამოეყვანა საქართველოში – მიზეზად გამოუყენებია ბავშვის სუსტი აგებულება,
შეუგროვებია საბუთები, რომ საქართველოს ჰავა აუცილებელი იყო მისთვის და, როცა მერი
უკვე მარსელში იყო ჩამოსული საქართველოში გამოსამგზავრებლად, უეცრად ვანოს ახლო მეგობრები დააპატიმრეს და ვანომ,
სასწრაფოდ უდეპეშა გოგონას, რომ უკან დაბრუნებულიყო. მართლაც, ამხანაგებს მიაყოლეს
ვანოც და 1937 წელს დახვრიტეს კიდეც.
მარიამმა
განაგრძო საფრანგეთში სწავლა და დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ შევიდა
გომონ–პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში, მაგრამ სუსტი აღნაგობის გამო იძულებული
გახდა, დაეტოვებინა სასწავლებელი.
1941
წელს იგი ირიცხება პარიზის ხელოვნების აკადემიაში, ქანდაკების განყოფილებაზე. სუსტი
აღნაგობის გამო აქაც ვერ შეძლო სწავლის გასრულება – ეძნელებოდა ქვის ლოდის კოდვა და 1943 წელს დაიწყო ხელახლა ბედის
ძიება.
1945
წლიდან იწყება მარია მერიკოს თეატრალური მოღვაწეობა. 1946 წელს მას პირველი
აღტაცებული რეცენზიები უძღვნა პარიზულმა კრიტიკამ. მას შემდეგ პარიზისა და სხვა
ქალაქების თეატრებსა და ფესტივალებზე გრძელდება მარია მერიკოს წარმატებული გამოსვლები
კლასიკურ და თანამედროვე პიესათა დადგმებში. („ოიდიპოს მეფე“, „ბერნარდა ალბას
სახლი“, „კორიოლანოს“, „ფედრა“ და სხვ.)
დიუმას
რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმ „გრაფინია დე მონსოროში“ შესანიშნავად შეასრულა
ეკატერინე მედიჩის როლი.
სხვა
ფილმებიდან აღსანიშნავია მის მიერ ნათამაშევი როლები:
ალბერტინა (საშა გიტრის „მკვლელები და ქურდები“),
ქალბატონი ჟორჟი (ანდრე იუნებელის „პარიზის საიდუმლოებანი“), ქალბატონი ფლორინდი (ფილიპ
დე ბროკას „გამოუსწორებელი“), ქალბატონი პაკო (ანატოლი ლიტვაკის „მანდილოსანი
მანქანაზე სათვალეებითა და თოფით“), მადემუაზელ ვინევა (პატრის ამბარდის“მიჰყევით
ამ თვითმფრინავს“), კატრინი (კრისტინა კომენჩინის „პირადი ცხოვრების
გასართობებში“) და მრავალი სხვა. |