21 დეკემბერი ითვლება იოსებ სტალინის (ჯუღაშვილის) დაბადების თარიღად. იგი რუსეთის საბჭოთა ხელისუფლების მესაჭეობას სწევდა სხვადასხვა თანამდებობებით – ეროვნებათა საქმის სახალხო კომისრის, მუშურ–გლეხური ინსპექციის კომისრის, კომპარტიის გენერალური მდივნის, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებულ ძალთა უმაღლესი მხედართმთავრის, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, შეიარაღებულ ძალთა სახალხო კომისრის და სხვა პოსტების მეშვეობით. იყო პოლიტბიუროს წევრი, სსრკ სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი. მისი გვარი – „ჯუღაშვილი“ მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან "ჯუღა", რაც „მდნარ ფოლადს" ნიშნავს, რითაც აიხსნება მისი ფსევდონიმი. სტალინის როლის შესახებ რუსეთის ისტორიაში წერდნენ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები. ჩერჩილი სტალინის შესახებ: *სტალინი იყო უდიდესი, უბადლო დიქტატორი, რომელმაც რუსეთი ხის გუთნით ჩაიბარა და ატომური შეიარაღებით აღჭურვილი დატოვა. ასეა, ისტორია და ხალხი ასეთ ადამიანებს არ ივიწყებენ.“ დე გოლი: „სტალინი ხედავდა რუსეთს იდუმალს, მის წყობას უფრო ძლიერსა და მტკიცეს, ვიდრე სხვა რეჟიმების დროს. მას იგი უყვარდა თავისებურად. მანაც მიიღო იგი, როგორც მეფე, საშინელი დროის პერიოდში და მხარი დაუჭირა ბოლშევიზმს, რათა მისი იარაღი გამხდარიყო“. ჰიტლერი სტალინის შესახებ: „პოლიტიკური და სამხედრო უნარით სტალინი მნიშვნელოვნად აღემატება ჩერჩილსა და რუზველტს. ჩვენი ამოცანაა, ისე დავაქუცმაცოთ რუსეთი, რომ მან სტალინის მასშტაბის ადამიანი ვეღარასოდეს წარმოშვას.“ მაო–ძე–დუნი – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაო ძედუნს პეკინში ახლდნენ ამერიკელი ჟურნალისტები და მისგან ინტერვიუ აიღეს. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვა ასეთი იყო: „იქნება თუ არა თქვენი გარდაცვალების შემდეგ მაოს პიროვნების კულტის კრიტიკა ჩინეთში?” მაო ძედუნის პასუხი ერთობ მოკლე და ლაკონური იყო: „არ იქნება, ჩინელები მე არ გამაკრიტიკებენ, რადგან მე ჩინელი ვარ”. მაომ ყველას მიახვედრა, რომ „ველიკორუსმა“ ნაციონალისტებმა ვერ აიტანეს ქართველი სტალინი, რომელიც 30 წელი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს. 1917 წელს, ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების დაპყრობიდან სულ მოკლე ხანში, სტალინმა სწრაფად წაიწია წინ პარტიის რიგებში. სამოქალაქო ომის წლებში მისი ხელმძღვანელობით გაანადგურეს წითელარმიელებმა ყველა მოწინააღმდეგე. 1922 წელს ის უკვე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანია. ამ წელს, მისი უშუალო მონაწილეობით, შეიქმნა სსრკ. ლენინის სიკვდილის შემდეგ, 1924 წლიდან ნელ–ნელა იცილებს გზიდან მეტოქეებს და 20–იანი წლების ბოლოსთვის ის უკვე ფაქტიური დიქტატორია ქვეყანაში. სტალინის პოლიტიკამ შექმნა ხელისუფლების განსაკუთრებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებს ემყარებოდა. სტალინის შესახებ არის ორი რადიკალურად განსხვავებული აზრი რუსეთში – ერთი ემყარება სოციალიზმის ადეპტთა შეფასებას და მის სახელს უკავშირებს რუსეთისათვის უმაგალითო ძალმოსილების მინიჭებას: სსრკ–ს დაჩქარებულ ინდუსტრიალიზაციას, მსხვილი მექანიზირებული სოფლის მეურნეობის შექმნას,ფაშისტური ნაციზმის განადგურებას, სსრკ–ს ზესახელმწიფოდ – „დერჟავად“ ჩამოყალიბებას, ქვეყნის ატომბირთვული იარაღით აღჭურვას, მსოფლიოში გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას – და ბირთვული პარიტეტის შექმნას: აშშ–მ ატომური ბომბი შექმნა 1945 წელს, სსრკ–მ მოიპოვა 1949 წელს; აშშ–მ წყალბადის ბომბი გამოსცადა 1952 წელს, სსრკ–მ – 1953 წელს. მეორე – „დემოკრატთა“ კრიტიკას და აღნიშნავს: ფორსირებულ კოლექტივიზაციას და შიმშილობას მთელ რიგ რეგიონებში, დიქტატორულ ტოტალიტარულ რეჟიმს, ადამიანთა დიდძალ მსხვერპლს გადასახლებულთა ბანაკებში, მსოფლიოს დაყოფად ორ მტრულ ბანაკად, ცივი ომის დასაწყისს, ხრუშჩოვის მიერ შემოტანილ განსაზღვრებებს და ნეგატიურად აფასებს მის მოღვაწეობას: „მეოთხედი საუკუნის მანძილზე საბჭოთა უმაღლესი ხელისუფალი, სტალინი იყო ერთიყველაზე სისხლიანი დიქტატორი კაცობრიობის ისტორიაში. იგი დამნაშავეა 20 მილიონი ადამიანის სიკვდილში, რომელთაგან 14,5 მილიონი დაიხოცა შიმშილით, ხოლო სულ ცოტა 1 მილიონი – დაიხვრიტა „პოლიტიკური დანაშაულის“ გამო. სტალინმა მოახდინა 9,5 მილიონი ადამიანის დეპორტაცია, ან გაასახლა შრომით ბანაკებში. 5 მილიონამდე (ზოგი გამოთვლებით – 18 მილიონი) მოხვდა „გულაგ“–ში, საიდანაც ცოცხლები არ გამოსულან. სტალინის ბიოგრაფიაში მოხსენიებულია მისი პიროვნების კულტი, რაც ნიშნავდა სრულ დაქვემდებრებას ბელადისადმი. არავის შეეძლო მის სიტყვაზე გადასვლა. ტოტალური კონტროლი ხორციელდებოდა ყოველ ადამიანზე. ერთი შეხედულებით: სტალინიზმი – ეს არის სახელმწიფო სისტემა – კონტროლისა და მორჩილების სასტიკი ფორმებითა და ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინებებით. ეს რეჟიმი იყო ფაშიზმის ანალოგიური: ეს ორი სისტემა ეფუძნებოდა ტოტალურ სიცრუეს – დეკლარირებული იყო ერთი და რეალიზდებოდა – მეორე.“ მეორე შეხედულებით სტალინი რუსული სახელმწიფოებრიობის და სულიერების გადამრჩენია: მეფე ნიკოლოზ მეორის გამოსყიდვითი მსხვერპლი იყო იმის საწინდარი, რომ მომავალი გამარჯვებული მეფე გააფთრებით გაწმენდდა რუსეთს მეფესთან და ადამიანური მოდგმის მტრებისასგან. სტალინის ხელით ღმერთი თავის დიდ ჩანაფიქრს ახორციელებდა: ააღორძინა სატანის მსახურთაგან დანგრეული ღვთის ხალხის სახელმწიფო; ღვთისაგან რჩეული რუსი ხალხის რესურსებით შექმნა მძლავრი მრეწველობა, მძლავრი შეიარაღებული ძალები, უზრუნველყო მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მშრომელთა სოციალური დაცვის განვითარება; ღირსეული მიაგო ღვთისაგან ცხებულის მოღალატეებს და თებერვლის ბუნტის მოთავეებს; აღადგინა რუსეთის იმპერია (მსოფლიოში საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა ხალხს თვლიდნენ რუსებად); შექმნა ღვთისგან რჩეული ერისთვის ბირთვული ფარი; მისცა რუსული ეკლესიის ძე–შეცთომილთ მონანიების საშუალება, გახსნა მანამდე დაკეტილი ტაძრები და მონასტრები – ამრიგად რუსმა იმპერატორმა პეტრე პირველმა და რუსეთის უმაღლესმა ხელისუფალმა სტალინმა აღასრულეს უფლის განაზრახი დიადი რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს შესახებ. იგი იყო „რუსოფობ“ ბოლშევიკთა მესაფლავე და რუსული „დერჟავული“ სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე. საქართველოშიც არის ორგვარი დამოკიდებულება – მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ბელადს სურდა ტაო–კლარჯეთის დაბრუნება და რომ არა ამერიკელთა მიერ ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა, დაუბრუნებდა საქართველოს თავის ტერიტორიებს; და რომ სტალინმა გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, თუმც კი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ მაინც პირველმა კვლავ შეკრა ერთიანი საქართველო. მეორე შეხედულებას მხარს უმაგრებს რუსი პუბლიცისტის, რაძინსკის პოლიტიკური ნაშრომი – მისი გადმოცემით, სტალინი თავის ქვეყანას უწოდებდა „რუსეთის პატარა ტერიტორიას, რომელსაც ჰქვია საქართველო“ ("Маленькая территория России, именующая себя Грузией"). ხოლო მის პოლიტიკურ ქმედებებში ვლინდებოდა სამშობლოსადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება – 1921 წელს სტალინი წერს ორჯონიკიძეს: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო“. 25 თებერვლის ბოლშევიკური ოკუპაციის შედეგად სტალინმა საქართველო მსხვერპლად შესწირა რუსეთს, რათა გაენაღდებინა თავისი ადგილი წითელი იმპერიის მთავარბანაკში – თუ მას ემიგრანტის სტატუსით მოუხდებოდა რუსეთში ყოფნა, ვერ დაეუფლებოდა იმპერიის სამეთაურო პოსტებს; ამიტომ ჩქარობდა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას და გამოსთხოვდა ლენინს, ნება მიეცა რუსული არმიები შესეოდა საკუთარ სამშობლოს. თუ რაგვარად ელტვოდა სტალინი ტაო–კლარჯეთის დაბრუნებას, ეს ალბათობის საკითხია, რეალურად მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია: სტალინის ხელდებით მომხდარი ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი. აზერბაიჯანს ხვდა 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კ – 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით. საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაო–კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების: აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სტალინი ჩამოდის საქართველოში. სადაც კი მივიდა – სამთავრობო სასახლეში, უნივერსიტეტში თუ მუშებთან შეხვედრაზე, ყველგან ასეთი შეძახილებით ამკობდნენ: გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ! ქართველი ხალხის სამართლიანი გულისწყრომით გაბოროტებულმა სტალინმა შურისძიება ასეთი სიტყვებით გამოხატა: „საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი “(სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი). ეს დანაქადი მან იშვიათი სიზუსტით აუსრულა ქვეყანას. |