ირაკლი გიორგის–ძე წერეთელი (1881 – 1959) იყო რუსული მენშევიზმის ლიდერი, დროებითი მთავრობის ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრი, მოგვიანებით – შინაგან საქმეთა სმინისტროს მმართველი. ირაკლი წერეთელმა ორი წლის ასაკში დაკარგა დედა და გაიზარდა მამის – მწერალ გიორგი წერეთლის და ბიძის – ნიკო ნიკოლაძის მეურვეობის ქვეშ. მშობლიურის გარდა, იცოდა რუსული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები. ჰქონდა ენციკლოპედიური განათლება, ბუნებითი არისტოკრატიზმი. 1900 წლიდან რუსეთში იმყოფებოდა თითქმის 18 წლის მანძილზე, რომლის ნახევარი გაატარა ციხეებსა და გადასახლებებში. ჩაირიცხა მისკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე – იყო არჩეული მოსკოვის სტუდენტური ორგანიზაციების აღმასკომის თავმჯდომარედ. 1902 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. ტუსაღობამ და ტუბერკულოზმა არ დაამთავრებინეს სწავლა. 1903–1904 წლებში თბილისშია და შედის რუსეთის სოციალ–დემოკრატიულ მუშათა პარტიაში – ხდება თბილისის პარტიული კომიტეტის წევრი. მიემხრო მენშევიკებს და ჩაუდგა სათავეში გაზეთ“კვალს“. 1905 წელს მონაწილეობდა ჟენევის სრულიად რუსეთის მენშევიკთა კონფერენციაზე. 1906 წელს არჩეულია მეორე სახელმწიფო დუმის დეპუტატად და 25 წლის ყმაწვილი ხდება სახელმწიფო დუმის სოციალ–დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი. მთელ რუსეთში გაითქვა სახელი სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო იმ მიმართულების კრიტიკით, რომელსაც იცავდა პეტრე სტოლიპინი. მეორე დუმის გარეკვის შემდეგ, 1907 წელს, დააპატიმრეს და მიუსაჯეს ხუთი წლით კატორღული სამუშაოები. გამოუშვეს 1913 წელს. პირველ მსოფლიო ომში ჰკიცხავდა როგორც პლეხანოვის „თავდაცვით“, ისე – ლენინის „დამარცხების“ პოლიტიკას. მისი ფორმულა იყო: მშვიდობა ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე. თებერვლის რევოლუციის ამნისტიის შემდეგ, ერთ–ერთი პირველთაგანი რევოლუციის ლიდერთაგან, 1917 წელს ჩავიდა პეტროგრადში. აკრიტიკებდა ლენინის „აპრილის თეზისებს“. აპრილის კრიზისის შემდეგ შევიდა პირველი კოალიციური დროებითი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრის პოსტი. იბრძოდა რუსეთის ერთიანობისათვის – ყველა გზით ცდილობდა, არ დაეშვა ქვეყნის რღვევა და სამოქალაქო ომი. თავისი ქმედებით ის ცხადყოფდა, თუ რა არის რეფორმიზმი რუსულ სოციალ–დემოკრატიაში. 1917 წლის 4 ივნისს, სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების პირველი ყრილობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღლა განაცხადა: „ ამჟამად რუსეთში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობდეს: „მოგვეცით ძალაუფლება, წადით თქვენ და ჩვენ დავიჭერთ თქვენს ადგილს!“ არსებობს მოარული თქმა, იმის თაობაზე, რომ სტალინმა კაკის საკ უთარ სახელზე გაურითმა ქართული გინება და თავის გვერდზე მჯდომ ლენინს დააძახებინა: „არის ასეთი პარტია! ეს არის ბოლშევიკების პარტია!“ სტალინმა ათქმევინა, თუ თვითონ წამოსცდა, ლენინის დარბაზიდან წამოსროლილი რეპლიკა ისტორიულ ფრაზად იქცა და მხატვარ იუონის ფართო ტილოზეც აისახა – თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე, ტრიბუნაზეა ირაკლი წერეთელი, დარბაზში ლენინს გვერდზე უზის სტალინი, ხოლო წამომდგარია ლენინი. ასე და ამრიგად – რუსული რევოლუცია და მისი „ბელადი“, რეალურ ქართველ ბელადთა გარემოცვაში! წერეთელმა კორნილოვის ამბოხი შეაფასა, როგორც დემოკრატიულ ძალთა გამარჯვება. 8–24 ივლისს ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მოვალეობას. პეტროგრადის საბჭოს მიერ 31 აგვისტოს ბოლშევიკური რეზოლუციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების საბჭოების ხელში გადაცემის თაობაზე, აღმასკომის პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად გადადგა. ყველა მისი პოლიტიკური მიზანი დასამარდა და სექტემბერში გაემგზავრა საქართველოში, რასაც საკუთარ პოლიტიკურ სიკვდილად მიიჩნევდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში. დაგმო მომხდარი და გააფრთხილა მოძალადენი: „დამპყრობთა პოლიტიკა განუხრელად მიიყვანს მათ ძალაუფლების დაკარგვასთან“. დამფუძნებელი კრების მეოხებით ცდილობდა დიდი რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო. იქ, ქართულმა საზოგადოებრიობამ, თავისი თვისტომი „დიდი პოლიტიკოსი“ (თითქოს მას თითი მაინც გაენძრიოს საკუთარი სამშობლოს სიუზერენისაგან თავდახსნაში) მაშინვე ჩააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობის სამსახურში და 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთ–ერთ ხელმძღვანელად გაისტუმრა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რამაც ევროპელთა დიდი გაკვირვება გამოიწვია, თუ რა ხელი ჰქონდა რუსეთის ამ თავგადაკლულ პატრიოტს ქართულ თვითმყოფადობასთან. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია დიდი ქართველი მამულიშვილის, რევაზ გაბაშვილის მოგონება – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინდღით, 1918 წლის 25 მაისს: „ბ–ნი კაკი წერეთელი, 25 მაისის კრებაზედ, გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიო–„ისტორიულ“ სიტყვებს: „რას შვრებით, თქვენა ღუპავთ რუსეთის დემოკრატიას!“–აო?“ ხოლო, მოგვიანებით, გაბაშვილი, მისი გამოსვლებისთვის დამსახურებისამებრ მიუზღავდა ხოლმე დიდ ორატორს და ერთხელ, როცა: „გაფითრებული „ერეკლე“ ჩამოვიდა კათედრიდან, მენშევიკებმა მისაყვედურეს: როგორ შეიძლება, ციხეებში დატანჯულ, დაჭლექებულ რევოლუციონერს, ეგრე სასტიკად ლანძღავო! –რ უ ს ე თ ი ს ა თ ვ ი ს იტანჯებოდა და რ უ ს ი ს ციხეებში ლპებოდა, საქართველოსთვის რა გაუკეთებია?–მეთქი, წავიდეს იქვე!“ |