| ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926) – პოლიტიკური მოღვაწე. პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი. რუსული მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს თებერვალ-აგვისტოში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. XIX ს-ის ბოლოს საქართველოში შეიქმნა ახალი მიმდინარეობა, რომელსაც, „მეორე დასის“ მეთაურმა, გიორგი წერეთელმა „მესამე დასი“ უწოდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ეგნატე ნინოშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი და სხვ. ეს ჯგუფი იყო მუშათა ხალხის ინტერესების დამცველი და მარქსიზმის მიმდევარი. მათ საქართველოს სოციალ-ეროვნული მოძრაობა მთელი რუსეთის რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილად მიაჩნდათ და ეროვნული და სოციალური საზოგადოების შექმნის მთელ იმედებს პროლეტარიატზე ამყარებდნენ. რამდენიმე წელიწადში ეს ჯგუფი ერთიან სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციად გაერთიანდა. მათი მიზანი იყო ბურჟუაზიული წყობილების მოსპობა და სოციალისტურის დამყარება. კარლო ჩხეიძე 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელთა კრებაში, სწავლობდა საზღვარგარეთ, 1899-1900 ბათუმში ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. იყო მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან, მეოთხე სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის შვიდეულის ლიდერი. რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ლოჟა " რუსეთის დიადი აღმოსავლეთი“, რომელიც ყველაზე გავლენიანი იყო ; მას ფილიალი ჰქონდა თბილისში და ქუთაისში. თბილისის ლოჟა მისივე სახელს ატარებდა, ხოლო ქუთაისისას "კავკასიური ლოჟა " ერქვა. კავკასიური ლოჟა დააარსებული იყო იმდროინდელ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი მასონის, კარლო ჩხეიძის და, მასთან ერთად, ევგენი გეგეჭკორის მიერ. თებერვლის რევოლუციისას კარლო ჩხეიძე იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი. 1917 წელს, თებერვალ-აგვისტოში – მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. საინტერესოა მისი რეაქცია საკითხზე, უნდა მისულიყო თუ არა დროებითი მთავრობის სასამართლოზე ლენინი, რომელსაც გერმანიის ჯაშუშობა ბრალდებოდა – ჩხეიძემ განაცხადა: „თუ დღეს დააპატიმრეს ლენინი, ხვალ მე დამაპატიმრებენ ...“ (მასთან ერთად ამ ბრალდებას ირაკლი წერეთელმაც ბინძური ცილისწამება უწოდა, რომელიც ვერავის ვერ დააჯერებს!) 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წინ კარლო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. მონაწილეობდა მოლაპარაკებაში ანტანტის საბჭოსთან. იყო ერთ-ერთი ავტორი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. 1926 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. იყო ცნობილი ორატორი და სათათბიროს ტრიბუნიდან, პროლეტარიატის უფლებების დაცვასთან ერთად, დროდადრო ჩაგრული ხალხის – პოლონეთისა და ფინეთის შელახულ უფლებებსაც იცავდა. თუ ეროვნულ ღირსებას შეულახავდნენ, საკუთარი ერისა და თავის გამოსარჩლებასაც არ ახანებდა. ასე, მაგალითად, როცა IV სათათბიროს ერთ–ერთ სხდომაზე უკიდურესმა მემარჯვენე დეპუტატმა, რეაქციონერმა ვლ.პურიშკევიჩმა ესროლა დამამცირებელი რეპლიკა: „რა ენაზე ლაპარაკობს ეს კავკასიელი მაიმუნი?“, განრისხებულმა ჩხეიძემ უპასუხა: „როდესაც თქვენი წინაპრები ტყეებში დაძრწოდნენ, ჩვენები – სახარებას თარგმნიდნენ!“(„Когда Ваши предки по лесам бродили, наши – Евангелие переводили!“). მაგრამ, ყველაფრისდა მიუხედავად, ცხადია, კარლო ჩხეიძე უპირატესად მაინც რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე იყო. ამერიკელი მწერალი ჯონ რიდი შემთხვევით როდი უწოდებს კარლო ჩხეიძეს: „რუსული რევოლუციის ბებერ არწივს“. არც ის იყო შემთხვევითი, რომ დასაფლავებაზე მიცვალებულს შემდეგი გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა რუსეთის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კერენსკიმ: „განუსაზღვრელი და განსაცვიფრებელია კარლო ჩხეიძის მოღვაწეობა და დამსახურება მთელი რუსეთის მასშტაბით, და ამიტომ, გთხოვთ ქართველებს, კარლოს ცხედარი, საბოლოოდ მშობლიურ მიწაზე დაკრძალვამდე, უნდა გატარდეს რუსეთის დიდ ქალაქებში, რათა რუსის ხალხს მიეცეს საშუალება, რომ ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა, თავი მოიხაროს დაუვიწყარ კარლოს კუბოს წინაშე!“ მაშკევიჩის სურათი: „ლენინის ჩამოსვლა პეტროგრადში 1917 წლის 3 აპრილს, შეხვედრა ფინეთის საზღვარზე ( მარჯვნივ – კარლო ჩხეიძე)“. |