ქართველ კაცს მეფეზე არათუ უარი უთქვამს, არამედ ის არასდროს არ დავიწყებია. ის კი არ იყო საქართველოსთვის ყველაზე ცუდი, ჯალ ალ ედ-დინი რომ შემოიჭრა საქართველოს საზღვრებში ან ის - თემურ–ლენგი 8-ჯერ რომ შემოესია საქართველოს - ყველაზე ცუდი ჩვენი ერისთვის იყო ის, რომ მონარქია გაგვიუქმეს! 1800 წელს გააუქმეს ქართლ–კახეთის სამეფო გიორგი XII (XIII)-ის გარდაცვალების შემდეგ: მის ვაჟს, დავით ბატონიშვილს ნება დართეს დროებით გამგებელი ყოფილიყო ქართლ–კახეთის. ერთი წლის შემდეგ ის რუსეთში გადაასახლეს. მასთან ერთად გადაასახლეს სხვა ბატონიშვილებიც, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ რუსეთის იმპერიისთვის. 1809 წელს გაუქმდა იმერეთის სამეფო. წმინდა მეფე სოლომონ II მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა ასეთი დიდი იმპერიის წინააღმდეგ და ოსმალეთში გადაიხვეწა. 1812 წელს მთიულეთში რუსმა ჯარისკაცებმა ორსული ქალი გააუპატიურეს, ამასთან ერთად, რამდენიმე მთიელი მამაკაციც დაასაჭურისეს. მეორე დღეს აჯანყდნენ ფშავ–ხევსურები; მათ მხარი აუბეს კახელებმა და კახეთი მთლიანად გაწმინდეს რუსებისგან, მეფედ კი გრიგოლი (ერეკლე მეორის შვილთაშვილი) მოიწვიეს, გაამეფეს მაგრამ წარმატებას დიდი დრო არ ეწერა, რადგან მოღალატე თავადების წყალობით იგი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. ეს ბაგრატოვანთა მასიური გადასახლება დიდი დარტყმა იყო ქართველი ხალხისთვის, რადგან ქართველებს ყოველთვის მიაჩნდათ, რომ, როგორც ხანჯალი იყო ჩოხის განუყოფელი ნაწილი, ისე - ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელს, იქნებოდა ის მეფე, თუ უბრალოდ დიდგვაროვანი, უნდა ებრძოლა და წინ წაძღოლოდა ქართულ ლაშქარს. საქართველო რუსეთს რომ შეურთდა 770 000 კაცს არ აღემატებოდა ქართველი მოსახლეობა. საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დრო და გამრავლება. რუსეთი რომ ისევ მოძლიერებულიყო, ყველა გზით ეცდებოდა ქართული სული გაენელებინა. ამისთვის ანგრევდა და ძარცვავდა ეკლესია ციხე სიმაგრეებს, აჯანყებებს კი სისხლში ახშობდა. რუს ჯარისკაცებს უფლება ჰქონდათ შესულიყვნენ ნებისმიერ ოჯახში და თუ ნახავდნენ კედელზე დაკიდებულ ხმალს, მიჰქონდათ და ნაწილებად ჭრიდნენ. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ჩვენ გვქონდა ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც მსოფლიო დღეს ”სამბოს” სახელით იცნობს. ”სამბო” არის სამი ქვეყნის გაერთიანებული სამი სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნება, რომელშიც შედის დაახლოებით 70% ქართული ილეთი, 25% - მონღოლური და 5% - უზბეკური. ქართველებმა ამჯერად ერევანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი მოიწვიეს, შატილში აიყვანეს და იქ გამაგრდა. იქიდან კი ხელმძღვანელობდა აჯანყებებს. რუსები შატილისკენ დაიძრნენ. არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით - ფშავლებს რომ არ გამოეტარებინათ რუსები, ეს უკანასკნელნი ვერას გახდებოდნენო. რამდენიმე დღე აკავებდნენ მათ გმირი ხევსურები. 700 ხევსური დაეცა, მაგრამ მაინც შეძლეს ალექსანდრეს დაღესტანში გადაყვანა. დაღესტანში მას გლეხის ქალისგან ვაჟი შეეძინა - იმამი შამილი. მოგვიანებით ის რუსეთის დიდი მტერი ხდება. მან შეძლო ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება, 200 000 კაციანი კორპუსიც ჩამოაყალიბა და 25 წელი ებრძოდა რუსებს. მან კარგად იცოდა თავისი წარმომავლობა და ოცნებობდა თავისი წინაპრების დაკარგული ტახტი აღედგინა, მაგრამ ქართველს ქართველი თუ მოერევა და ორბელიანის დახმარებით შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს ქართველებს მეფე არც 1923 წელს დავიწყებიათ: რუსეთის მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობას ვერ ეგუებოდნენ კოტე აფხაზი, სიმონ ბაგრატიონ–მუხრანელი და სხვები. ისინი ბოლშევიკებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ამიტომ შეიპყრეს და დახვრიტეს. ჩემი მოსაზრებით, ჩვენს თანამემამულეთა შორის ყველაზე დიდი მონარქისტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. მისი ინიციატივა იყო მუხრანის (ქართლის) და გრუზინსკების (კახეთის) გაერთიანება. მათ 2009 წელს სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს. ბევრი ქართველი პატრიარქს მიემხრო და უკვე მეფით გატაცება იყო ხალხში. ამან ძალზე შეაშფოთა ხელისუფლება. ისინი დაკვირვებით თვალს ადევნებდნენ მოვლენებს, სადაც იყო მონარქიის აღდგენის მოთხოვნა და შეძლებისდაგვარად უწევდნენ წინააღმდეგობას. 2010 წელს ბაგრატიონთა წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა. მონარქიზმის ადეპტებს იმედი გვაქვს, რომ მას საპატრიარქო აღზრდის ისე, როგორც მის წინაპრებს ზრდიდნენ. ბევრისგან გაგვიგია - ევროპა გვინდა და რაღა დროს მეფეაო. მათ მინდა ვუთხრა: მსოფლიოში ორასზე მეტი ქვეყანაა და აქედან 41 სახელმწიფოში არის მონარქია, განსაკუთრებით წამყვან სახელმწიფოებში, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია. რუმინეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია და რუსეთი ის ქვეყნებია, სადაც მონარქისტთა გამოსვლები არ წყდება. ზოგი იმასაც გაიძახის: მონარქია თუ აღდგა, თავადობაც აღდგებაო. ეს ტყუილია, რადგან კონსტიტუციური მონარქიის დროს მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს; თანაც ის იქნება საპატრიარქოს მიერ აღზრდილი. მას კანონით ეკუთვნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რადგან იწოდება: მეფედ აფხაზთა, ოსთა, ქართველთა და იმ ქვეყანათა, რომლებიც მოინდომებენ საქართველოსთან შეერთებას მონარქიას რაც შეეხება, სრული მართველობა თვით ლაშა–გიორგისაც არ ჰქონდა. როდესაც ის მეფედ ეკურთხა, განჯის ხანმა გადაწყვიტა საქართველოსგან გამოყოფა. ეს რომ გაიგო მეფემ, ჩუმად შეკრიბა 4000 რჩეული მეომარი და განჯისკენ დაიძრა. განჯის ხანს 10000 კარგად შეიარაღებული არმია ჰყავდა და ციხე სიმაგრეში იყო გამაგრებული. რომ დაინახა ქართველი მეფე მცირე ამალით, გამოვიდა და ეკვეთა. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. განჯის ხანი იძულებელი გახდა ისევ ხარკი ეხადა საქართველოსთვის. ეს რომ დიდებულებმა გაიგეს, უსაყვედურეს მეფეს. მას რომ სრული მეფობა ჰქონოდა, თავს ასე არ დაიმცირებდა და ბოდიშს არ მოიხდიდა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ - რა ურჩევნიათ: რომელიმე ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დასმული პრეზიდენტი, თუ საპატრიარქოს მიერ აღზრდილი მირონცხებული მეფე, რომლის დინასტიამ 1300 წლამდე იმეფა. ვფიქრობ, მეფე კიდევ ერთ შანსს იმსახურებს: მამა გაბრიელი ამბობს, სანამ საქართველოს მეფე არ ეყოლება არაფერი ეშველებაო - ჟორდანიადან დაწყებული მარგველაშვილით დამთავრებული (გამსახურდიას არ ვგულისხმობ - ის პატრიოტი და ჭეშმარიტი მონარქისტი იყო). საქართველო ტერიტორიებს კარგავს. ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება, მეფეს, ზოგი ჩვენი პრეზიდენტივით, დიდი განსაცდელის დროს ნერვებს ეღალატა ან ომიდან ლაჩრულად გამოქცეულიყო - პირიქით, პირველები მიდიოდნენ და მაგალითს აძლევდნენ თავიანთ ლაშქარს; ბევრი თავს აკლავდა, ბევრიც ჭრილობებით გარდაცვლილა! |