საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

დეკანოზი მირიან სამხარაძე - ,,ყველაზე დიდი ქადაგება ადამიანის ცხოვრების წესია’’
ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი

ინტერვიუ მამა მირიან სამხარაძესთან

საქართველოს ეკლესია, ქართველი სამღვდელოება ტრადიციულად დიდ როლს ასრულებდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ეკლესია სულიერ საზრდოს აძლევდა ხშირად უიმედო მდგომარობაში ჩავარდნილ ქვეყანას და მრევლთან ერთად იზიარებდა მის ჭირ-ვარამს. ასეა დღესაც.

თბილისის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მირიან სამხარაძე 10 წელი ზემო აჭარაში მოღვაწეობდა. ამ დიდებულ და ჭირვარამგამოვლილ მხარეზე წმინდა ილია მართალი ამბობდა: ,,აქ დაირწა ჩვენთვის დიდების აკვანი, აქედან გავრცელდა ჩვენი სწავლა-განათლებაო’’. მოგეხსენებათ, ისტორიული უკუღმართობის გამო, აჭარაში 300 წლის წინ შეწყდა ეკლესიის ზარების ხმიანობა, ,,დადუმდა სხალთისა და დიდაჭარის სალოცავი’’. და აი, 300 წლის შემდეგ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც მთელ საქართველოში ახალი ძალით აღდგა ეკლესიური ცხოვრება, სხალთაშიც ისევ ახმიანდა ზარები და ქვეყანას ამცნო ახალი ეპოქის დასაწყისი. პოეტ ნოდარ სურმანიძის სიტყვებით:

,,გადაურჩა მგლების ხროვას,

მუხლმაგარი დარჩა ხარი,

მაინც ზეობს გურჯის ენა,

ისევ ზარობს სხალთის ზარი’’.

აჭარლების ტრადიციული სარწმუნოებრივი ცნობიერებისაკენ მობრუნებაში დიდი წვლილი იქ მოღვაწე სასულიერო პირებს მიუძღვით. გაზეთ ,,სხალთის ზარებში’’ გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ხულოელები უდიდეს სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ მამა მირიანის მიმართ. წერენ: ,,სიკეთე ანთებულ სანთელსა ჰგავს, რომელიც მუდამ იწვის და არ ქრება. სიკეთის საზღაური კი მადლია... მადლი, რომელიც უფლისგან გვენიჭება.

და ჩვენც გვინდა დიდად მადლმოსილ და მოღვაწე ადამიანს, სულიერების სიძეს, მამა მირიანს მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რაც ზემო აჭარაში გააკეთა.

თქვენ ჩვენს გულებში ჩაუქრობელი სიყვარულის ცეცხლი აანთეთ.

,,სტუმრის სხვანაირი გულთბილი მიღება იციან ზემოაჭარაშიო’’, - ხშირად ამბობთ და იხსენებთ, როგორ შეხვდით პირველ ხულოელს გოდერძის უღელტეხილიდან ფეხით მიმავალი და როგორ იქცა ის თქვენს სავიზიტო ბარათად აჭარაში. გზისპირას მჯდარ სულიემან ბაბუას ღამის მგზავრი რომ დაუნახიხართ, შინ წაუყვანიხართ. გულთბილად გაგმასპინძლებიათ და თან მამის ანდერძიც მოუყოლია: ,,როცა ვინმე მგზავრი ნახო ღამით მიმავალი, არ გაუშვა, ისტუმრე და დააპურეო... ჰყვებით ამ ამბავს და თანაც ძალიან გიხარიათ. ასე აცნობთ მთელ საქართველოს აჭარლებს და აქაურ ტრადიცებს. ჩვენც ბევრი რამ დაგვიტოვეთ სასიხარულო და საამაყო. იმ ამაგს, რაც თქვენ ხულოში გააკეთეთ, ვერავინ გადაგიხდით, თუმცა მთავარი საზღაური მაინც მიიღეთ, - ესაა გულწრფელი სიყვარული, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი და ვერც ვერავის ძალით წაართმევ. თქვენ აქ ყველას უყვარხართ, განურჩევლად რწმენისა და ასაკისა. თქვენი ცხოვრების წესი ჩვენთვის მისაღები ყველაზე დიდი ქადაგებაა. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მორწმუნე!’’

მამა მირიანმა მართლაც რომ ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ამ მხარეში. არ დაუზოგავს ძალა და ენერგია. ხულოს გიმნაზია, ბაღი, გაზეთი, რადიოსტუდია... ეს კი ცოტა არ გახლავთ ერთი ადამიანისთვის. ხულოზე უზომოდ შეყვარებულს მეუღლეც (ქალბატონი ნანა) ხულოელი შეხვდა. შვილებსაც (ქეთევანს, თამარს, გიორგის) ,,ჰოი და ნანას’’, ,,მეჩონგურის ბალადის’’, ,,მითხარ, როგორაა მემლექეთის’’ სიყვარულით ზრდიან. მამა მირიანი, ერთი წელი არ არის, რაც თბილისში ჩამობრძანდა.

გზა ეკლესიამდე

დავაბიდე ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. მამაჩემი მაღაროელი გახლდათ. ბავშვობიდანვე მაძიებელი, ბობოქარი სულის პატრონი ვიყავი. არ მაკმაყოფილებდა ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი. ამიტომ სულ რაღაცას ვთაობდი. დედა არცკი მახსოვს. წლინახევრის ვიყავი, როდესაც ჩემი ტყუპი დის მშობიარობას გადაჰყვა. მზრდიდა ბებია, რომელიც ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. ბებიაჩემი უბისელი გახლდათ. ამიტომ ბავშვობაში ხშირად დავდიოდით უბისის ტაძარში, რომელსაც იმხანად ქიმიკატების საწყობად იყენებდნენ. ბებია სთხოვდა დარაჯს, ტაძრის კარები გაეღო. შევიდოდა, სანთელს აანთებდა, ლოცულობდა. ხანდახან ღამესაც ვათევდით იქ. ბავშვობისასვე ქვეცნობიერად ილექებოდა ჩემში ეკლესიისადმი მოწიწება და სიყვარული. ბებიაჩემი მარხვას არასოდეს დაარღვევდა. მიცვალებულისთვის საკურთხს ყოველთვის ამზადებდა, რადგან მღვდელი არ იყო მაშინ, შინ თვითონ აკმევდა საკმეველს, სანთელს თვითონ ჩამოქნიდა ხოლმე. ასე მიდიოდა ჩემი ბავშვობა.

შემდეგ დავამთავრე თბილისის ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დავამთავრე რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი და მუშაობა დავიწყე ხარაგაულის კულტურის სახლში. დავაარსე საქართველოში ერთ-ერთი პირველი ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრალური სტუდია, რომელმაც შემდეგ სახალხო თეატრის წოდება მიიღო. ამ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელშიც აქტიურად ჩავები. თითქმის ყველა აქციაში ვმონაწილეობდი. ხარაგაულში დავაარსე წმინდა ილია მართლის საზოგადოება და ვიყავი მისი თავმჯდომარე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებს: მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან (1975 წლიდან) დავუახლოვდი. ვავრცელებდით ჟურნალ ,,ოქროს საწმისს’’. კარგად მახსოვს უწმინდესისა და უნეტარესის, დავით V-ის (დევდარიანი) დაკრძალვა სიონის ტაძარში, შემდეგ იკლია II-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. ამას მოჰყვა 1978 წლის 14 აპრილი - მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ქართული ენის დასაცავად. მაშინ უნივერსიტეტიდან დავიძარით. ეს იყი ეროვნული სულის ზეიმი. მგონია, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი სწორედ პატრიარქის აღსაყდრების დღიდან დაიწყო.

1990 წელს დავინიშნე ხარაგაულის კულტურისა და განათლების განყოფილების გამგედ, მერე, როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელს, მდევნიდნენ. ვეძებდი გზებს მოღვაწეობის გასაგრძელებლად. იმხანად ხულოში ჩემი სულიერი მოძღვარი მამა ზაქარია (ფერაძე) მსახურობდა. საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას და ხულოში მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გამოსათხოვად ჩავედი. მახლდა ხარაგაულის პრეფექტი თემურ ყურავა, რომელიც ამჟამად ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია. მამა ზაქარიამ არ გაგვიშვა. დავრჩით ხულოში და დავიწყეთ ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მამა ზაქარია. იმხანად ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსი იყო მეუფე იობი და, რა თქმა უნდა, მისი ლოცვა-კურთხევით დაიწყო ამ ეკლესიის მშენებლობა.

მე მეთოდისტად დავიწყე მუშაობა ხულოს სასწავლებელში, რომელიც გაიხსნა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ეროვნული ხელისუფლების დროს (1991 წ.). მისი პირველი რექტორი გახლდათ მამა გრიგოლ აბულაძე (ახლა ეპისკოპოსი სპირიდონი). ყველასთვის ცნობილია, რომ მეუფე იობთან მოხვედრილი ყველა ახალგაზრდა ბერობაზე ფიქრობს. მათ შორის მეც ვიყავი და ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. მეუფე მღვდლობაში სხალთაში მსახურობდა და ძალიან დიდი სიყვარული დათესა იქაურებში. თითქმის ყველა ოჯახშია ნამყოფი, ყველა კუთხე-კუნჭული აქვს მოვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ბერობაზე ვფიქრობდი, თანაც უკვე 37 წლის ვიყავი, შევხვდი საოცარ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა სკოლაში. ჩემს მეუღლეზე მოგახსენებთ - ნანაზე, რომელსაც ნათლობამდე ციცინო ერქვა. ჩემი მეუღლის ოჯახი, ნათესავები და მთელი გარემოცვა მუსლიმანურ სარწმუნოებას მისდევდნენ. დედამისი სოფელში მუსლიმანური სჯულის მასწავლებელი გახლდათ. ჩემი ცოლი ჩუმად მოინათლა. იმხანად ძალიან დიდი გაბედულება სჭირდებოდა ამას. ჯვარი მამა ზაქარიამ დაგწერა ბათუმის საკათედრო ტაძარში. მეუფე იობმა გულთბილად მიგვიღო და გზა დაგვილოცა.

ჩემი და ჩემი მეუღლის წმინდანები არიან მირიანი და ნანა. ამიტომ ტრადიციად მაქვს, მას შემდეგ, რაც მღვდლად მაკურთხეს, ყოველ სვეტიცხოვლობას სამთავროს ტაძარში ვასრულებ წირვას.

ხულოში ადრეც დაქორწინებულან ქრისტიანი და მუსლიმანი, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები ისლამის აქტიური მიმდევრები იყვნენ, მათთვის ჩვენი შეუღლება მიუღებელი აღმოჩნდა. დაგვიპირისპირდა მთელი ნათესაობა, მუსულმანური საზოგადოება. ძალიან დიდი ბრძოლები გადავიტანეთ. ჩემი მეუღლის დედა მხოლოდ სიკვდილის წინ შემირიგდა. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ღვთის მადლისა და შემწეობის გარეშე შეუძლებელია იმ სიძნელეების გადატანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო ჩემი მეუღლე. წარმოიდგინეთ, იგი უნდა ყოფილიყო ქმარსა და დედას შორის. დედამისი აიძულებდა რამაზანის მარხვის დაცვას. ისიც იძულებული იყო, დაეცვა რამაზანი, მაგრამ იცავდა ქრისტიანულ მარხვებსაც. მოგეხსენებათ, ქადაგებაზე მეტად ცხოვრების წესი და პირადი მაგალითი ჭრის, ფოფოდია ყოველმხრივ ცდილობდა, დედისთვის დაენახვებინა, რომ ქრისტიანობა მოძალადე რელიგია არ არის, არამედ მისი არსი სიყვარულია.

მეუფე იობის რუის-ურბნისის ეპარქიაში გადაყვანის შემდეგ ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი გახდა. მეუფე დიმიტრიმ დამიბარა და მითხრა, რომ სასულიერო პირობისთვის მოვმზადებულიყავი. მეგონა, ცეცხლს დავანთებდი და ქრისტიანობის მგზნებარე მქადაგებელი გავხდებოდი, მაგრამ ერთი რამ დავინახე: ჩემს მიერ გადაგმულ ერთ ზედმეტ ნაბიჯსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა. ამიტომ მიზნად დავისახე, მუსულმანებისთვის დამენახვებინა ჩვენი ცხოვრების წესი.

1997 წლის 4 დეკემბერს (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე) მეუფე დიმიტრიმ დიაკვნად მაკურთხა, ხოლო ამავე წლის ამაღლებას მღვდლად დამასხა ხელი.

,,ისევ ზარობს სხალთის ზარი’’

1997 წლის ივნისში დავინიშნე ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. იმ წელსვე დავაარსე ხულოს აბუსერიძე ტბელის სახელობის გიმნაზია. მხოლოდ პირველი კლასი. 12 ბავშვი ძლივს მოვძებნეთ. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მათი შვილები ამ სასწავლებელში მოსულიყვნენ. ფოფოდია კარდაკარ დადიოდა და როგორც იქნა, 12 ბავშვი მივიღეთ გიმნაზიაში. დღეს ხულოს გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და უკვე 125 ბავშვი სწავლობს.

10 წელი გავატარე ხულოში და 700-მდე ხულოელი ადამიანი მოვნათლე. დაახლოებით 80-მდე ნათლული მე მყავს, 70-მდე კი - ფოფოდიას. იმ ნათესავებისა და ახლობლების უმრავლესობა, რომლებიც ყველაზე მეტად გვიპირისპირდებოდნენ, ქრისტიანი გახდა. ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა ერთი რამ: ყველაზე დიდი ქადაგება არის ადამიანის ცხოვრების წესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ცხოვრობს სასულიერო პირი. თუ შენი ქადაგება და ცხოვრების წესი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამან შეიძლება დააბრკოლოს ადამიანი. ჩვენ შევეცადეთ ადამიანებისთვის დაგვენახვებინა ქრისტიანული ცხოვრების წესი. თავისთავად მოდიოდა ხალხი, რადგან ადამიანს მაინც სული ურჩევნია ხორცს. ქადაგებაც აღარ გვჭირდებოდა უკვე. თვითონ ცდილობდა ხალხი, რომ ჩვენს გვერდით მდგარიყო.

იმ 12 პირველკლასელთაგან, რომლებიც 1997 წელს გიმნაზიაში შემოვიდნენ, თავიდან მხოლოდ ერთი იყო მონათლული. დღეს კი ერთიღა დარჩა მოსანათლი. ერთი სიტყვაც კი არასდროს გვითქვამს მათთვის, რომ უნდა მონათლულიყვნენ. საბავშვო ბაღმა უფრო მეტი შედეგი გამოიღო. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ბაღში სწავლობს ლოცვას და როცა მიდის სახლში, თავის ბებიას და ბაბუას, რომელთაც ძალიან უყვართ შვილიშვილი და რომლებიც არაბულად ლოცულობენ, ქართულ ლოცვას ასწავლის. ყოფილა შემთხვევა, 80 წელს გადაცილებული ადამიანები მონათლულან. 87 წლის კაცი - იაკობ მელაძე (ცნობილი მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი) მოვიდა და მითხრა: მონათვლა მინდაო. იცით, რატომ უნდა მონათვლა? მითხრა, როდესაც არაბულად ვლოცულობდი, ვერ ვიგებდი ლოცვის მნიშვნელობას. მე ქართველი ადამიანი ვარ, მსურს ქართულად ვადიდო ღმერთი. რა არის ამაში ცუდიო?

აღსანიშნავია, რომ ხულოში არის იმხელა მადლი, როგორიც სხვაგან არსად მიგრძვნია. ხულო არის ის ადგილი, საიდანაც ქრისტეს სჯული ექადაგა საქართველოს. მოციქულმა პირველად ხულოში დადგა ფეხი და პირველი ტაძარი ხულოში (სოფელ დიდაჭარაში) აიგო. საქართველოში პირველი მღვდელი ხულოელი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ანდრია მოციქულის მადლი დღესაც ისე მოქმედებს, რომ ნებისმიერი საქმე, რაც უნდა იყოს, ოღონდ ჩაიფიქრე და ლოცვა მიაშველე და თავისთავად კეთდება. ღმერთი თავისთავად აგვარებს ყველაფერს.

რაც შეეხება ხალხს, ეს კიდევ ცალკე თემაა. აჭარაში საოცარი ხალხია. დღესაც ჩამოდიან ჩემთან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ერთად გაკეთებული. აჭარაში დღესაც მკვიდრად არის შემორჩენილი ძველი ქართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ქართული ენა, სტუმართმოყვარეობა, იერარქია ოჯახში. საქართველოს თითქმის არცერთ კუთხეში არ მიაგებენ უფროსებს ისეთ პატივს, როგორსაც აჭარაში. მათ შეინარჩუნეს თავიანთი სისხლი. თუნდაც ის რად ღირს, რომ არც ერთი ქართველი არ გაჰყოლია თურქს და არც ერთ ქართულ ოჯახში არ შემოსულა თურქი. არის ერთი ასეთი ლექსი:

,,მოკვეთილი მშობელ მხარეს

იმედს გულში არ ვკარგავდით,

შვილებს მაინც გურჯად ვზრდიდით,

კეცზე ჯვრიან ჭადს ვაკრავდით’’.

სხვათა შორის, ჩემი სიდედრი მჭადს რომ დააკრავდა, თან ხელის სწრაფი მოძრაობით ზედ ჯვარს დაასვამდა (რადგან წინაპრებს შიში ჰქონდათ, თურქებს ეს არ დაენახათ). ასე რომ, ოდითგანვე ჯვრიან მჭადს მიირთმევდნენ. მათ მეტყველებაში შემორჩენილია ისეთი სიტყვები, რომლებიც ქართული მეტყველებიდან დიდი ხანია დაიკარგა. გაგაოცებთ მათი ტოპონიმიკა. სხვათა შორის, ასეთი წყევლა იციან აჭარაში: ,,ღმერთმა ამოგაბარძიმაო’’. თუმცა ბარძიმის მნიშვნელობა ბევრმა იქაურმა არ იცის.

მინდა აღვნიშნო, რომ უწმინდესი ყოველთვის მხარში გვედგა, სიტყვითა და საქმით გვამხნევებდა, გვანუგეშებდა.

ჩემი მეუღლე მძიმედ განიცდიდა ერთ ფაქტს. ერთხელ ჩვენს ოჯახს ესტუმრა ფოფოდიას ბიძაშვილი, რომელიც მუსულმანი გახლავთ. მაშინ რამაზანი (მუსულმანური მარხვა) იყო. სთხოვა: მალოცე სადმეო. ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა სალოცავად. ამის მერე სულ აწუხებდა, სწორად მოიქცა თუ არა. შემდეგ უწმინდესის ქადაგება მოისმინა. უწმინდესმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მის ოჯახშიც მოსულან მუსულმანი ლეკები. მამამისს ცალკე ოთახში შეუყვანია სალოცავად. ჩვენ კი აქეთ ოთახში, ჩვენთვის ვლოცულობდითო. ამ სიტყვების მერე ფოფოდიას თითქოს ტვირთი შეუმსუბუქდა და უწმინდესი კიდევ უფრო მეტად შეიყვარა. ,,თქვენ უნდა მოაქციოთ საქართველოო’’, - გვეტყოდა ხოლმე. გიმნაზიაში ბავშვები ხშირად მღერიან ხალხურ მოტივებზე შექმნილ სიმღერას: ,,სამასი წელი, სამასი წელი’’. ამ სიმღერას ჩვენმა ერთმა მასწავლებელმა დაამატა სიტყვები:

,,უფალო ღმერთო, მე მჯერა შენი

და როგორც წყალი ღვინოდ აქციე,

ისე მოგვხედე და მოგვაქციე!’’

,,მეგობრობა გზად და ხიდად’’

უაღრესად სასიკეთო შედეგი გამოიღო ხულოსა და თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიებს შორის მეგობრობამ. ეს არის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მისი უწმინდესობისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, აგრეთვე ჩემი ინიციატივით. ამ საქმეში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის პედაგოგს, ქალბატონ ნინო კახიანს მთელი თავისი შესანიშნავი ოჯახით. თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისელი ბავშვები ჩადიოდნენ ხულოში და 3-4 დღე მუსულმანთა ოჯახებში ცხოვრობდნენ. ეს ხულოელებზე ძალზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა. ამის მერე უფრო მეტად უჩნდებოდათ მონათვლის სურვილი. ქალბატონი ნინოს ოჯახმა მოხიბლა აჭარის მცხოვანი საზოგადოება. საგანგებოდ მოდიოდნენ, რომ მოესმინათ მისი შვილების გალობა. თანაც უკვირდათ, თბილისელ ქალს ხუთი შვილი რომ ჰყავდა. ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. აჭარელი ბავშვებიც ასევე ჩამოდიოდნენ თბილისში და მცირე ხნით ოჯახებში ცხოვრობდნენ. ერთხელ ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა: მამაო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თბილისელებს დაანახეთ ჩვენი ბავშვებიო (მოსწავლეთა სახლში გამოდიოდნენ ჩვენი ბავშვები. აჭარის გაცნობა ხდებოდა).

დღეს ეს ბავშვები ერთმანეთს ეკონტაქტებიან, ურეკავენ, წერილებს უგზავნიან. უკვე ნათელმირონობაც აკავშირებთ. თბილისში რომ ჩამოვდიოდით, ყოველთვის გვღებულობდა მისი უწმინდესობა. დიდი ზეიმი და სიხარული იყო ბავშვებისთვის უწმინდესთან შეხვედრა. დალოცავდა, მოეფერებოდა ბავშვებს. კონვერტით ფულს გადმოგვცემდა და გვეტყოდა ხოლმე: რიკოთზე რომ ახვალთ, კანფეტები უყიდეთ პატარებსო. ვერცხლის ჯვრები აჩუქა ბავშვებს. ეს ჯვრები მოუნათლავებსაც ეკიდათ. უწმინდესის მხრიდან გამოჩენილი სითბო და სიყვარული მთელი წლის განმავლობში ჰყოფნიდათ პატარებს. და მათ ეს მთელი ცხოვრება არ დაავიწყდებათ.

 


ჟურნალი ,,კარიბჭე’’, N 4 (91), 2008 წ.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq