საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

ინტერვიუ ეროვნული გმირი მარო მაყაშვილის დის შვილთან - თამარ ერისთავთან

ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა. დღეს ქალბატონი თამარი აღარ არის. გვსურს გავიხსენოთ ქალბატონი თამარის მოგონებები მის დიდებულ წინაპრებზე და ეს ინტერვიუ საქართველოს სახელოვანი გმირის - მარო მაყაშვილის ნათელ ხსოვნას მივუძღვნათ.

ინტერვიუ თამარ ერისთავთან

,,სამშობლო - ჩვენი ფრთების გაშლა

და ჩვენი ტვირთი,

ჩვენი ტკივილი, ჩვენი ტანჯვა,

ჩვენი ოცნება,

სამშობლო - ჩვენი შუბლის დაღი

და ჩვენი ტვიფრი,

ჩვენი პირველი სიყვარული

და გაოცება...’’

ამ სტრიქონების ავტორი, ქალბატონი თამარ ერისთავი იმ გამორჩეულ ქართველთა ღირსეული შთამომავალი გახლავთ, რომელთათვისაც საქართველო იყო საწყისი ყოველივესი. საქართველოს მრავლად ჰყოლია ღვთაებრივი მისიით მოვლენილი გმირები, რომლებმაც  საპატიო ტვირთი ზიდეს უკომპრომისო, უშიშარი და უერთგულესი მამულიშვილობისა. მათ თვალხმიერად გვიჩვენეს, რომ სამშობლოსთვის მოღვაწეობა და პატიოსნად ცხოვრება უპირველესი დანიშნულება და უდიდესი ღირსებაა ჭეშმარიტი ადამიანისა.

ქალბატონი თამარის წინაპართა სიცოცხლის მიზანი ლაღად მხრებგაშლილ საქართველოში ლაღი ქართველის ხილვა იყო. სამშობლოსთვის მსხვერპლშეწირვის უწმინდესი და უმაღლესი იდეა განმსჭვალავდა მათ თვალთახედვას, ცხოვრებას და ეს სულისკვეთება თითქოს სისხლთან ერთად გადადიოდა თაობიდან თაობაში - მათ შთამომავლობას არ გადაუხვევია სამამულე გზიდან არც სიტყვით, არც საქმით.

თუ არა წინაპართა სულებთან თანაზიარობა, სხვა რა შექმნიდა იმ მშვენიერ კრებულს, რომელიც ქალბატონმა თამარმა აჩუქა მკითხველს? ლექსების წერა ბავშვობაშივე დაიწყო. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით. მისი ლექსებიც პირველად უნივერსიტეტის ჟურნალ ,,პირველ სხივში’’ გამოქვეყნდა. შემდეგ თარგმნას მიჰყო ხელი. ნათარგმნი აქვს დაახლოებით 25 მწერლის (მათ შორის ბაირონის, შექსპირის, ბლეიკის და ა.შ.) ნაწარმოებები.

ქალბატონი თამარი საოცრად სათნო და კდემამოსილი ქალბატონი გახლავთ - დედის მხრიდან გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ეკატერინე გაბაშვილის შვილთაშვილი, პოეტ კოტე მაყაშვილის შვილიშვილი და სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირული მარო მაყაშვილის დისშვილი, ხოლო მამის მხრიდან ასევე ერისა და სამშობლოსთვის პირნათლად მოღვაწე ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი.

ქალბატონი თამარის მოგონებებით ჩვენს წინაშე კიდევ ერთხელ ცოცხლდება სახელოვანი წინაპრების, დიდი და ღირსეული ქართველების მადლმოსილი ცხოვრების დაუვიწყარი ფურცლები, მათი ,,ფიქრებისა და ოცნებების საუფლო’’.

 

- მამაჩემი ლევან ერისთავი ინჟინერი გახლდათ. აჭარის წყლის ელექტროსადგურს აშენებდა. 1937 წელს გადაასახლეს. 28 წლისა იყო. მამას სთავაზობდნენ, სხვები დაებეზღებინა. რა თქმა უნდა, არ იკადრა და მისი წყალობით ბევრი გადაურჩა სიკვდილს. თვითონ კი მოკლეს. ჩვენი ოჯახი დაინგრა.

დედაჩემი ჩემს უმცროს ძმაზე ფეხმძიმედ დარჩა. ამის შემდეგ წამიყვანეს მამაჩემის მშობლებთან, ვანის რაიონის სოფელ სალომინაოში (მაშინ კიროვი ერქა). ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით მე და ჩემი ძმა. სკოლაც იქ დავამთავრე. საოცრად ლამაზი სოფელი გახლავთ. შორით კავკასიონი მოჩანს, კოლხეთის დაბლობი, აჭარა-ახალციხის მთები...

ბაბუაჩემი უაღრესად განათლებული და მრავალმხრივი ბუნების კაცი გახლდათ. პეტერბურგში სწავლობდა, ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. ბებიაჩემი ნიჟარაძის ქალი იყო. მისი ძმა - დათა ნიჟარაძე კარგა ხანს დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი გახლდათ, უაღრესად საინტერესო, საქვეყნო საქმისთვის თავდადებული პიროვნება. მან ერთ-ერთი გუბერნატორი სლავაჩინსკი გააძევა ქუთაისიდან - სვალანჩიკი უწოდა. გუბერნატორს იმპერატორისთვის გაუგზავნია მოხსენება - საქართველო სამოთხესავით ქვეყანაა. აქ რუსები უნდა დავასახლოთ, ქართველები კი, როგორც ბედოვლათი, ლოთი და წყალწაღებული ერი, ავყაროთო.

ბაბუაჩემი მეტად ცნობილი კაცი იყო. 1905 წლის გამოსვლების გამო რუსები დასავლეთ საქართველოს სოფლების გადაწვას აპირებდნენ. ბაბუაჩემმა გამოსთხოვა წერილი მაშინდელ გუბერნატორს, სტაროსელსკის, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი ჰუმანისტი გახლდათ, რათა გადაერჩინა ეს სოფლები.

ამგვარ გარემოში ვიზრდებოდი. შემდეგ მე და ჩემი ძმა გადაგვიყვანეს ქუთაისში, სადაც მაშინ ძალიან საინტერესო ცხოვრება მიდიოდა. ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი ცხოვრობდა იქ, რომელთაგან ბევრი შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ვიცი, არაფერი დამიკარგავს იმით, რომ სოფელში გავიზარდე. პირიქით, ჩემი ლექსების მასაზრდოებელი სწორედ ჩემი ბავშვობის მოგონებები და განცდები გახლავთ. მამიდები თბილისიდან წიგნებს მიგზავნიდნენ და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ხშირად ჩამოდიოდნენ და გვნახულობდნენ.

- ქალბატონო თამარ, დედათქვენი, ნუნუ მაყაშვილი 1921 წელს კოჯორთან დაღუპული გმირის, მარო მაყაშვილს უმცროს დაა. კომუნისტებმა მაროს საფლავიც აღგავეს პირისაგან მიწისა. მისი სახელი ჩემმა თაობამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაიგო. სწორედ მაროს დაკრძალვის ადგილას დაიღვარა მასავით ,,სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებულ, მხიარულ და თავდავიწყებით მოცეკვევავე’’, ამავე დროს ,,მჭმუნვარე და სამშობლოს ბედზე სერიოზულად დაფიქრებულ’’, უმანკო გოგონათა სისხლი. მხოლოდ მერეღა გახდა შესაძლებელი მარო მაყაშვილის სახელის ხმამაღლა ხსენება. მისმა დღიურებმაც მერე იხილეს სინათლე. როგორ იხსენებდნენ თქვენს ოჯახში ამ შარავანდით მოსილ ქალიშვილს?

- მაროს დაღუპვის შემდეგ დაიბადა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს. მშობლები და ნათესავები ხშირად ამბობდნენ თურმე, ეს ბავშვი ნუგეშად დაიბადაო და ამიტომ სახელად ნუგეშა შერჩა. დეიდაჩემი - ნუგეშა იგონებს: ,,მაროს სახელი ჩვენს ოჯახში იდუმალებით იყო მოცული. ამიტომ იგი ჩემთვის ახლობელიც იყო და შორეულიც... ზღაპრული. დედაჩემის (თამარ გაბაშვილი) საწოლთან ეკიდა მაროს სურათი მისივე ხელით ნაქარგ ჩარჩოში. საწერ მაგიდაზე, ზარდახშაში, მაროს დღიურები და მისი მოჭრილი თმა ინახებოდა. ეს იყო ჩვენი ოჯახის წმინდათა წმინდა რელიკვია. დედისგან ანდერძად მქონდა - თმა მისთვის ჩამეყოლებინა საფლავში. ზარდახშა პირველად დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავხსენი. მაშინ წავიკითხე მაროს დღიურები...’’

კოტე მაყაშვილის მიერ დაწერილ მაროს მოკლე ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: ,,მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 აგვისტოს. სწავლობდა თბილისის ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს. შემდეგ შევიდა ქართულ უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო ამასთანავე იყო მეტად მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა. წერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში. სიკვდილის შემდგომ მას დარჩა ორი დიდი რვეული დღიურისა და პატარა მოთხრობები. სამშობლოს აღდგენის და ქართველი ერის კეთილდღეობის იდეით იყო მთლად განმსჭვალული. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეისკენ იყო მიმართული მისი გონება და გული. იგი იყო მისი ოცნება და ცხოვრების მიზანიც. ამ იდეამ იმსხვერპლა კიდეც’’.

ყველაფერი უეცრად მოხდა. როდესაც 1921 წლის თებერვალში საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას დაემუქრა რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენებული ახალი დამპყრობელი ძალა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს საბრძოლველად მოუწოდა: ,,ქართველსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი...’’ ახლა დადგა განსაცდელის ჟამი! უნდა დაანებოთ სწავლას თავი. წახვიდეთ და დაიცვათ სამშობლო!’’ მარო მაყაშვილიც სტუდენტთა ეშელონს მოწყალების დად გაჰყვა ფრონტზე. ,,ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გასჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრის ფრონტზე. 19 თებერვალს, საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცადა, უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობლებისთვის’’, - წერს კოტე მაყაშვილი.

იმდენად ბევრი მსურველი ყოფილა ფრონტზე მოწყალების დად წასვლისა, რომ სიაში ადგილი აღარ იყო დარჩენილი. მაროს უთხოვია მომღერალ ქეთო ჯაფარიძისთვის, შენი ადგილი დამითმეო. მაროსთან ერთად ფრონტზე გაემგზავრა მამიდაჩემი - ნათელა ერისთავი, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი გახლდათ. იუნკერთა შორის იყო ასევე მამიდაჩემის თანაკურსელი ქსენია ცხაკაია, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კათედრის გამგე გახდა. სხვათა შორის, ამ დროს ფრონტზე იბრძოდა მაროს უმცროსი ძმა შალვაც.

მარო დიდი პატივით დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში, ფრონტზე დაღუპულ იუნკერთა გვერდით. ცხედრებს საქართველოს სახელმწიფო დროშები ჰქონდა გადაფარებული. მთავრობის სახლის მშენებლობა რომ დაიწყო და სობორო დაანგრიეს, მშობლებს უნდოდათ მაროს ნეშტის გადასვენება, მაგრამ იმდროინდელი ვითარების გამო ეს ვერ მოხერხდა. დროთა დინებამ მაროს საფლავი წაშალა. მას შემდეგ ბებიაჩემს იმ ქუჩაზე აღარ გაუვლია. მოგვიანებით კოტე მაყაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში იოსებ გრიშაშვილმა გამოიტირა საქართველოს თავისუფლებისა და მაროს საფლავის დაკარგვა:

,,და ორი წელი დაგვრჩა იგავად,

ახლა სხვა დროა და სხვა ტაროსი,

გულიდან გრძნობა კვლავ აღიგავა,

როგორც საფლავი შენი მაროსი’’.

მაროს დაკრძალვაზე ტიციან ტაბიძემ თქვა: ,,წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის ქართველი საზოგადოება ამ ტრაგიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც. თითქოს სიწმინდემ აკურთხა პირველ უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა. სამშობლოს სიყვარული კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანა დ’არკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას’’. მაროს ხსოვნას ლექსები და წერილები უძღვნეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, რაჟდენ გვეტაძემ, ვარლამ რუხაძემ (პოეტმა და ჟურნალისტმა ნანა ღვინეფაძემ გამოსცა წიგნი მარო მაყაშვილზე. წიგნს ,,შარავანდედი’’ ჰქვია).

პოეტი მაყვალა მრევლიშვილი იმ გიმნაზიის უმცროსკლასელი იყო, სადაც მარო სწავლობდა. მისი ნაამბობიდან ვიცით, რომ ის და მისი ამხანაგები ჩუმად მიდიოდნენ მაროს საფლავზე და ყვავილებს აწყობდნენ.

დედაჩემი იგონებდა, რომ პირველად იოსებ იმედაშვილს ჩამოუტანია მაროს წერილი ფრონტიდან (სულ ორი ბარათის გამოგზავნა მოასწრო). მერე საღამოს მეზობელი მოსულა ჩვენთან და პაპაჩემი გაუხმია ამ საზარელი ამბის სათქმელად. ოთახიდან მთლიანად თმაგათეთრებული გამოსულა. მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე, პოეტი კოტე მაყაშვილი საკმაოდ ახალგაზრდა (51 წლისა) გარდაიცვალა. წლისთავზე შვილის ხსოვნას კოტე მაყაშვილმა უძღვნა ლექსი ,,ჩემს მაროს’’, რომელიც დაიბეჭდა 1922 წელს გაზეთ ,,პოეზიის დღეში’’. დედაჩემმა სამივე შვილს ცალ-ცალკე გვასწავლა ეს ლექსი:

,,არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი!

სამშობლო თუ შენ - რომელი, ახ, ვიტირო რომელი?!

დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლთა მშრობელი!..’’

ბავშვებს ბევრი რამ ყურმოკვრით გაგონილი გვქონდა. მაროს სახელი 1987 წელს, დედაჩემის დაკრძალვის დღეს პირველად ხმამაღლა ახსენა სუფრაზე თამადამ - აკადემიკოსმა ოთარ ჯაფარიძემ.

მაყაშვილების ოჯახში ინახება ღია ბარათი ბებია კატოს ხელმოწერით, მისთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში გაგზავნილი: ,,მაროს ვუსურვებ შრომის სიყვარულს, კეთილ გულს, ნიჭის გა

ფურჩქვნას, სიტყვას და საქმეს ერთგვარად სუფთას და სახელს განთქმულს’’. მარომ გაუმართლა ბებიას... უფროსი შვილიშვილის სიკვდილმა გაანადგურა უკვე მოხუცებული ეკატერინე გაბაშვილი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. 1921 წლის 20 მაისს იგი საპატიო სტუმრად მიიწვიეს ,,ქართველ ქალთა კრებაზე’’, სადაც ძაძით შემოსილი მივიდა. ერთ-ერთმა მომხსენებელმა მიმართა: ,,ძვირფასო ბებია კატო!.. ბებია კატო-მეთქი, ვინაიდან ისტორიული მნიშვნელობის ბებიობა გხვდათ წილად დღეიდან თქვენი უსაყვარლესი შვილიშვილის - მაროს დაღუპვისა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში... გესალმებით თქვენ, პატივცემულო მწერალო, მოღვაწე და ქველმოქმედო ბებია კატო და გიდასტურებთ - იქ, სადაც თქვენი დაუღალავი კალმითაა გაფანტული თესლი, იქ, სადაც მარო მაყაშვილის მსგავსთა სპეტაკი სისხლითაა გაპოხიერებული ნიადაგი, ღვარძლი ვერ იხეირებს... და ქართველი ქალი მტლად დაედება ტანჯულ სამშობლოს ოქროს ხანის მოლოდინში... იხარეთ, იდღეგრძელეთ... ძაძაში გახვეულო, მაგრამ ბედნიერო ბებია კატო!’’

- ბევრი რამ დაწერილა ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედებაზე, დაუცხრომელ საზოგადოებრივ საქმიანობაზე. ცნობილი მთარგმნელი და ლექსიკოლოგი თედო სახოკია მას უწოდებს ,,მოქმედებისთვის, საქმიანობისთვის გაჩენილ არსებას’’. ქალბატონო თამარ, თქვენ თუ გახსოვთ ბებია კატო?

- ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ თავად რევაზ თარხნიშვილისა (თარხან-მოურავის) და სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილის ქალიშვილი. ხუთი წლის გოგონა და მისი უმცროსი ძმა სოსიკო დედით დაობლდნენ. ბავშვებისთვის ზეიმი იყო, როცა მამა გორის ციხეზე აიყვანდა მათ და ქართლის ველების, ხეობების, მთა-გორების ცქერით მოხიბლულებს საქართველოს გმირული წარსულის ამბებს მოუყვებოდა. მამა იყო მათი გზამკვლევი და გეზის მიმცემი. ქართული წერა-კითხვაც მან ასწავლა შვილებს.

რევაზ თარხნიშვილი ადვოკატი გახლდათ. იგი ოცნებობდა, შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა. 11 წლის სწავლას მოწყურებული გოგონა მამამ თბილისში მადამ ფავრის პანსიონში მიაბარა. აქ პედაგოგებად მუშაობდნენ ღირსეული მამულიშვილები - ნიკო დედაბრიშვილი, ნიკო ინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი. გარდა ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულის გაღვივებისა, ისინი ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს უნერგავდნენ შეგირდებს. რევაზ თარხნიშვილს, სამწუხაროდ, მატერიალური საშუალება არ აღმოაჩნდა, რომ ქალიშვილი რუსეთის ან უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტში გაეგზავნა, მაგრამ ეკატერინეს გული არ გასტეხია. 17 წლისამ გორს მიაშურა. იყო ქალთა სკოლის გამგე და ერთადერთი მასწავლებელი. ჯერ კიდევ 13 წლის კატო მსახურ ბიჭს ანბანს ასწავლიდა. მამა ამით ბედნიერი იყო. ერთხელ ასეთი შეგონება მიუცია შვილისთვის: ,,ერთმა ფილოსოფოსმა თქვა, - კაცს, რომელმაც სიცოცხლეში სამი ხე დარგო, ახარა და ნაყოფი გამოაღებინა, შეუძლია თქვას, - ჩემი ადამიანური დანიშნულება შევასრულე, ქვეყნის სალაროში ჩემი წვლილი შევიტანეო. ის კაცი კი, რომელიც სამ ადამიანს მაინც ასწავლის წერა-კითხვას, კაცთაგან დიდი მადლიერების ღირსია. ვინძლო ეცადო და უდიდესი მადლიერება დაიმსახუროო’’. წლების შემდეგ ჟურნალი ,,ნაკადული’’ წერდა: ,,კატო მართლა რომ ნამდვილი მოძრავი სკოლა იყო და მისი დახმარებით და ხელმძღვანელობით მრავალ ქართველს აეხილა თვალი’’.

ერთხელ გიორგი წერეთლის ოჯახში მიწვეულ მოწინავე ქარველთა შორის ილია ჭავჭავაძემ საჯაროდ წაიკითხა ,,კაცია-ადამიანი?!’’. იმ თავყრილობას ეკატერინეც ესწრებოდა. ილია მისთვის სათაყვანებელი იყო. სწორედ ამ თავყრილობაზე გაიცნო ეკატერინემ მომავალი მეუღლე ალექსანდრე გაბაშვილი, ეროვნული და ხალხოსნური იდეებით გატაცებული, განათლებული ახალგაზრდა. რევაზ თარხნიშვილმა, რომელიც უაღრესად დემოკრატი ადამიანი გახლდათ, ქალიშვილისთვის სასურველ საქმროდ მიიჩნია თანამოაზრე ახალგაზრდა და მათი სიყვარული დალოცა: ,,კაცს თუ კაცის თავი უყვარს და ამ სიყვარულის ძალა იცის ღვთიური, იმას მთა და ბარი, წყალი და ზღვაც დაემორჩილება’’, - ვკითხულობთ შვილისადმი მიწერილ წერილში.

ეკატერინე კარგა ხანს მოსწყდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა შემდგომ წერდა: ,,მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე დედაკაცის სრულ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გავაკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდას და წინმსვლობას’’.

ეკატერინეს მოზარდებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება მათი სწორი აღზრდის აუცილებელ პირობად ესახებოდა. კიტა აბაშიძე წერდა: ,,ეკატერინეს სწამს შეურყვნელად, სწამს ღრმად, სწამს ფანატიკურად, რომ ადამიანი ყოველი სიკეთით აღსავსეა... ვისაც კი შეეხო მისი კეთილმოსურნე ხელი, ყველა გააადამიანა, ყველას ღვთაებრივი სული ჩაჰბერა’’.

1879 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის თაოსნობით დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ეკატერინე გაბაშვილი გამგეობის წევრად აირჩიეს. 12 წელიწადი იყო აქტიური წევრი ამ გამგეობისა. შედიოდა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის დამდგენ კომისიაში, იყო ჟურნალ ,,ჯეჯილის’’ დაარსების ერთ-ერთი მოთავე და მისი ერთგული თანამშრომელი. ასევე ერთგულად თანამშრომლობდა ჟურნალ ,,ნაკადულის’’ ფურცლებზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკატერინეს ღვაწლი ხელმოკლე ოჯახების ქალიშვილთა სასწავლებლის დაარსების საქმეში, რომელსაც ილიამ მხურვალედ დაუჭირა მხარი. მან თავისი სახლის ქვედა სართული (9 ოთახი) დაუთმო სკოლას. გამგეობის თავმჯდომარე იყო ოლღა ჭავჭავაძე, სკოლის გამგე კი ეკატერინე. სკოლაში ხელსაქმის გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც ასწავლიდნენ. სკოლაში რუსულ ენას დედაჩემი - თამარ გაბაშვილი აწავლიდა.

ეკატერინეს უფროსი ვაჟი - რევაზ გაბაშვილი ამ საუკუნის დასაწყისიდანვე საქართველოს დამოუკიდებლობისთის იბრძოდა. მის სახელს ბევრი საშვილიშვილო საქმე უკავშირდება: პრაქტიკული ზრუნვა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, თანამებრძოლებთან ერთად ეროვნული პარტიის შექმნა და ამ ახალი იდეოლოგიისთვის ყოველკვირეული ჟურნალის ,,კლდის’’ დაარსება. 1921 წელს რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა და სიკვდილამდე პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ მისი ფიქრი განუწყვეტლივ სამშობლოს დასტრიალებდა. წერდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიაზე. 1959 წელს მიუნხენში გამოსცა მოგონებათა მოზრდილი წიგნი ,,რაც მახსოვს’’, რომელიც შემდეგ თბილისში გურამ შარაძემ გამოაქვეყნა. ამ წიგნის შესავალში ვკითხულობთ: მისი ერთ-ერთი მეგობრის ცნობით, 1969 წლის 16 თებერვალს, ,,გარდაცვალების წინა დღეს რეზომ უკვე იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და არ დაჰფარა, რომ მან თითქმის მთელი საუკუნის სიცოცხლის პერიოდში მხოლოდ სამჯერ იტირა: ერთი იყო სიხარულის ტირილი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო, მეორე - ამ დამოკიდებლობის დაკარგვის შემდეგ და მესამე კი - უცხოეთის მიწაში ჩაწოლის ახალ მოლოდინში’’.

შვილის სამშობლოდან გადაკარგვის ტკივილი ბოლომდე არ განელებია ეკატერინე გაბაშვილს. ბოლო წლებში მას ხშირად დაჰყვებოდა უმცროსი ქალიშვილის, ელენეს შვილი მზია ანდრონიკაშვილი, რომელიც ბებიასთან იზრდებოდა. მოხუცებულობაში ბებია ეკატერინეს სმენა დაუქვეითდა. მწერალთა კავშირის სხდომებზე მზია უწევდა ,,თარჯიმნობას’’. მზია ანდრონიკაშვილი შესანიშნავი პიროვნება იყო, აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი.

ზაფხულობით სააგარაკოდ სოფელში მივდიოდით, ახალქალაქში, რომელიც მას განსაკუთრებით უყვარდა. უყვარდა ძაღლყურძენას ფოთლებით დაფარული ლამაზი სახლი და კიდევ უფრო ლამაზი კარ-მიდამო, უზარმაზარი კაკლის ხით ეზოს თავში. პატარა ნაკადული, რომელიც ჩამოუდიოდა ეზოს ქვემოთ, ბაღის მთელ სიგრძეზე ,,ღუღუნ-ჩუხჩუხით ტკბილად მიმავალი თავის ათასფრად აყვავებულ საწოლში’’.

ზაფხულობით იქ იკრიბებოდა მთელი ჩვენი დიდი ოჯახი და ჩვენს ფართო აივანზე სუფრას, რომლის თავში ბებო კატო იჯდა, ოცი კაცი მაინც მოუსხდებოდა ხოლმე.

- თქვენ მამიდას - მზია ერისთავს წიგნი მიუძღვენით. გვიამბეთ მის ღვაწლზეც...

- მზია ერისთავი პიონერთა სასახლეში არსებული ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის გამგე გახლდათ. ეს კაბინეტი მან დააარსა და 12 წელიწადი იმუშავა აქ. შემდეგ კი დააარსა ბავშვთა ტურისტული სადგური, სადაც 30 წელიწადი მუშაობდა. ბავშვები დავყავდით მთასა და ბარში. მთელი საქართველო ფეხით გვაქვს შემოვლილი. ყოველ წელიწადს ავდიოდით თრიალეთზე. იქიდან საოცარი ხედები იშლება. რა უგუნებოდაც უნდა ვიყო, იმ დღეებს და იმ სილამაზეს რომ ვიხსენებ, თითქოს ცა იხსნება. ამ მოგზაურობებმა სხვაგვარად დაგვაახლოვა და დაგვაკავშირა. ბევრი კარგი ადამიანი გამოზარდა ტურისტულმა კაბინეტმა. 60-ზე მეტმა პიროვნებამ დაწერა მოგონებები. მათ შორის არიან: დავით მუსხელიშვილი, გოგი თოთიბაძე, ლანა ღოღობერიძე, თენგიზ მირზაშვილი, ნოდარ ნათაძე, კობა ხატიაშვილი, ალექსანდრე სლოვინსკი და სხვები, თითქმის მთელი თაობა...

1951 წელს მაშინდელმა ცეკა-ს მდივანმა ვაჟა-ფშაველა აუგად მოიხსენია. ამ დროს სკოლას ვამთავრებდით. ვაჟა-ფშაველას სახელის ხსენება თემების წერისას გვეკრძალებოდა. ამის საპროტესტოდ, ტურისტული კაბინეტის წევრებმა გადავწყვიტეთ, ყოველ წელს ერთმანეთს შევხვედროდით ვაჟა-ფშაველას საფლავზე, მთაწმინდაზე.

- ქალბატონო თამარ, რამდენადაც ვიცი, ელენე ახვლედიანი თქვენი ნათესავი იყო და ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან...

- ელენე ახვლედიანი გახლდათ მამაჩემის მამიდაშვილი. მისი მამა - დიმიტრი ახვლედიანი ექიმი იყო, ფართო დიაპაზონის პიროვნება. მონაწილეობდა იაპონიის ომში. ელენე უფროსი შვილი იყო. ახვლედიანები ხშირად ადიოდნენ საირმეში. საირმის მთებსა და აჭარა-ახალციხის მთების ნაწილს საერისთავო მთებს ეძახდნენ. სხვათა შორის, საირმე აღმოაჩინა ბაბუაჩემმა, ალექსანდრე ერისთავმა. მან დაიწყო კურორტის მშენებლობა. ელენე იგონებდა, პირველად საირმის მთებიდან დავინახე სივრცეო. ბაბუაჩემი მთებს კარგად იცნობდა. საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა ტყის სპეციალისტები, მკვლევარები, რომლებიც მინერალურ წყლებს იკვლევდნენ. მამიდაჩემი ხშირად ამბობდა: ,,მამაჩემის წყალობაა, რომ ასე შემიყვარდა მოგზაურობა და მერე ბავშვებიც ვაზიარე საქართველოს ბუნების მშვენიერებასო’’.

ელენე და-ძმებთან ერთად ხშირად ჩამოდიოდა სოფელში. ჩვენ ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვიყავით. მამაჩემიც და მამიდებიც სწავლის დროს ახვლედიანებთან ცხოვრობდნენ თბილისში. ელენე უაღრესად საინტერესო პიროვნება იყო. თავის სახელოსნოში ხშირად მართავდა კონცერტებს. ამ კონცერტებზე უკრავდნენ მისი მეგობრები სვიატოსლავ რიხტერი, ჰენრიხ ნეიჰაუზი, მღეროდნენ ზურაბ სოტკილავა, ნადეჟდა ხარაზე... ელენეს უამრავი მეგობარი ჰყავდა რუსეთში, უკრაინაში... ყველგან, სადაც კი უხდებოდა მოღვაწეობა, ძალიან ადვილად ამყარებდა კონტაქტს. საოცრად გულთბილი ადამიანი იყო, ხალასი იუმორის პატრონი. მბრძანებლური ხასიათიც ჰქონდა. სულ ხატავდა, თან გელაპარაკებოდა. მუდამ გარშემორტყმული იყო მეგობრებით. მარტო იყო მაშინ, როცა წაიღებდა თავის მოლბერტს და თბილისის ქუჩებში გავიდოდა სახატავად. მე და ჩემი ძმა უმამოდ რომ დავრჩით, ელენე და მისი და - ნინა გვმფარველობდნენ.

- ქალბატონო თამარ, რას უსურვებთ მომავალ თაობას, დღევანდელ ქართველ ახალგაზრდობას?

- დღეს ხელაღებით მიდის ტრადიციების უარყოფა. მადლობა ღმერთს, ბევრი ახალგაზრდა ისე ფიქრობს, როგორც საჭიროა. მაგრამ ზოგი გაიტაცა უცხოურმა გავლენამ (ცუდ გავლენებს ვგულისხმობ, თორემ კარგს რა სჯობია). ეს მაინც ზედაპირზე მომდგარი ქაფია. ეს მდინარება მალე გაივლის და ისევ დავუბრუნდებით ფესვებს. უფესვოდ და უწინაპროდ არავინ და არაფერი არსებობს. ვისურვებდი, რომ არ გადაგვეხვიოს ჩვენი წინაპრების გზიდან, ჭეშმარიტების გზიდან. იმდენი საუკეთესო ტაძარი გვაქვს, იმდენი საუკეთესო აზრი გამოგვითქვამს პოეზიად თუ პროზად და იმდენი ღირსეული ქართველის სისხლით არის ჩვენი მიწა გაპოხიერებული, რომ იმედი მაქვს, გამოფხიზლდება ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელზეც მე გულდაწყვეტილი ვარ და არ გაქარწყლდება ჩვენი ქართული თვითმყოფადობა.

 

ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი

  

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq