საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

სიმონ კოპაძე - "მეფეს შეუძლია იყოს დემოკრატიულ ფასეულობათა გარანტი"
ბელა ჩხარტიშვილი

ინტერვიუ უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორთან -  სიმონ კოპაძესთან.

 

-         როგორი მემკვიდრეობის წესი მოქმედებს დღეს საქართველოში?

– მემკვიდრეობითობა მონარქიულ-დინასტიური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია. მემკვიდრეობითი, წინასწარ განსაზღვრული ხელისუფლება და ხელისუფალი მიიჩნევა სიმშვიდის, მუდმივობის და ხელისუფლების უცვლელობის გარანტიად. ასეთი დინასტიიდან მომდინარე ხელისუფალი ერის სიღრმიდან, ტრადიციიდან, ისტორიიდან მომდინარე თილისმად და ერის მცველად გვევლინება. დინასტიურობის აუცილებელი თანამდევია მკაცრად განსაზღვრული მემკვიდრეობითობის წესი.

მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია მემკვიდრეობითობის სამი წესი: სენიორული, როდესაც ტახტზე ადის გვარში უფროსი მემკვიდრე; მაიორატი, გარდაცვალების მომენტისათვის მონარქის უფროსი ვაჟი; პრიმოგენეტურა პირმშოობის წესი, რომელიც გულისხმობს მემკვიდრეობის გადაცემას პირდაპირი დაღმავალი გზით, უფროს შტოზე (უფროსი ვაჟი...). ასეთი შტოს შეწყვეტის შემდეგ – მომდევნო უფროს შტოზე და ა.შ. საქართველოში ძირითადად, სამეფო ტახტის გადაცემის 2 წესი არსებობდა: უხუცესობის (სენიორული), მოგვიანო ხანაში კი – პირმშოობის (პრიმოგენეტურა) მიხედვით. სამეფო ოჯახი სწორედ ამ ორი წესის სიმბიოზია, ბაგრატიონ-მუხრანსკები – პრიმოგენეტურა, ხოლო ბაგრატიონ-გრუზინსკები – სენიორული.

-         მეფისა და მისი ოჯახის შენახვა ძვირი ხომ არ დაუჯდება ხალხს?

– სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულად გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც აპრიორი აპროტესტებს მონარქიას იმ მოტივით, რომ არ სურს ,,მეფის რჩენა''. დავიწყებ იმით, რომ სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილება განისაზღვრება კონსტიტუციით; ამჟამად არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ან ვიკამათოთ, რა და როგორ... ამ თემის ირგვლივ რაიმე დავა უსაფუძვლოა, თუ არ ჩავთვლით კერძო პირთა პირად მოსაზრებებს, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. იგივე შეიძლება ითქვას მათ პოზიციაზე, ვისაც ჰგონია, რომ დაიწყება მამულებისა და ტიტულების დაბრუნება და ახლების გაცემა. ამ კუთხითაც შემიძლია დავარწმუნო საზოგადოების ის ნაწილი და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამ ყველაფერს კონსტიტუცია და კანონმდებლობა დაარეგულირებს.

ქვეცნობიერად, ძნელია საბჭოთა სტერეოტიპების ერთბაშად დანგრევა: იმდენად ღრმად იქნა ბოლშევიკების მიერ ჩანერგილი ბოღმა და ზიზღი არისტოკრატიისადმი, რომ თაობები გაიზარდა, ბოღმა კი მაინც დარჩა ცნობიერებაში. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ქართული სახელმწიფო აერთიანებდა საზოგადოების ორ ძირითად ფენას – ვინც ღვრიდა სისხლს და ვინც ღვრიდა ოფლს, ანუ ერთნი იცავდნენ, ხოლო მეორენი კვებავდნენ. წყალობა დამოკიდებული იყო თავად პირსა და კომლზე, ვინ რას გაიღებდა ომიანობის ჟამს, რამდენი გამოვიდოდა ,,ქუდზე კაცად'' და ,,კომლზე კაცად''. შესაბამისი იყო წყალობაც – ქონებით, მამულითა და ტიტულით.

-         რა მნიშვნელობა ექნება სამეფო ტახტის აღდგენას პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით?

როგორც აღვნიშნე, ბაგრატოვანთა ტახტის აღდგენას უფრო საკრალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე – პოლიტიკური. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება აიხსნას იმ ბნელ ძალთა კონსოლიდირება, რომლებიც წინ ეღობებიან ამ სანუკვარ აქტს. თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, ცნობით თუ უმეცრებით, ისინი შენიღბულნი არიან სხვადასხვა სახის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შირმით და ყველა მეთოდით ებრძვიან ამ იდეას.

მათ არსენალშია ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება, ე.წ. კომპრომატებით ბრძოლა, ცრუბრალდებები, პიროვნული შეურაცხყოფა, შანტაჟის გზით ოჯახის ახლობლებისა და ბავშვობის მეგობრების გადმობირება, შემდგომი შუღლის დასათესად და ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დასაპირისპირებლად... ისინი ამისათვის იყენებენ ყველა საშუალებას – ტელევიზიას, ბეჭდვით მედიას, ასევე გრანტებს ,,რესპუბლიკელთა'' ცენტრიდან. ერთი სული აქვთ, როგორმე ბაგრატიონთა შორის შუღლის ჩამოგდება შეძლონ, რომ ისინი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირონ. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი რეაქცია, როცა გამომზეურდა, რომ მათ მიერ ათასჯერ ნაქილიკები სამეფო ოჯახი არ იყო დანგრეული და მემკვიდრეს ელოდებოდა, ხოლო როცა უფლისწულ გიორგის დაბადება შეიტყვეს, სრულიად გატყდნენ და ,,ეიფორიაში'' მყოფმა ჩანერგილმა აგენტებმა, ვითარებაში გაურკვევლობის გამო, თვითლუსტრაცია მოახდინეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და ბაგრატოვანთა მტრები, ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მიაღწევენ თავიანთ სანუკვარ მიზანს და ვერ მოახერხებენ ბაგრატოვანთა დინასტიის სხვადასხვა შტოს ურთიერთდაპირისპირებას. ყველა ამგვარი პროვოკაცია სათანადოდ იქნება აღკვეთილი.

-         დასრულდება თუ არა

ბაგრატიონთა შტოებს შორის კამათი ტახტის მემკვიდრეობის გამო?

 

– შედგა ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანსკების უძველესი დინასტიების გაერთიანება, რისი ხორცშესხმული დასტურიცაა ახალშობილი უფლისწული, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მომავალი მირონცხებული მეფე სრულიად საქართველოისა – ,,მესიის მახვილი'', რომელმაც დაბადებისთანავე გააერთიანა დინასტია და წერტილი დაუსვა რუსულ დაბოლოებებს საქართველოს სამეფო დინასტიაში.

-         თქვენ ახსენეთ სიმბოლური მნიშვნელობა სამეფო ხელისუფლებისა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიისა...

– საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმინდისა – კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მის ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. დასტურად ღვთიური წარმომავლობისა, ბიბლიური მეფე დავითის ქნართან და შურდულთან ერთად, უფლის კვართი მოთავსებულია სამეფო გერბზე, რასაც თან ახლავს საგერბო წარწერაც: ,,სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო''. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე პორფიროგენეტის (X საუკუნე) და ბაგრატიონთა გვარის ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის (X საუკუნე) საისტორიო თხზულებები, რომელთა მიხედვითაც, ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების – იესეს, დავითისა და სოლომონის შთამომავლები არიან და ამიტომაც იწოდებიან ,,იესიან, დავითიან, სოლომონიანებად'', ამდენად, ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი ნათესავები არიან. აქედან კი გამომდინარეობს მათი კავშირი იესო ქრისტესთან. სწორედ ამ გენეალოგიური კავშირით არის განხორციელებული ბაგრატიონთა ამქვეყნიური მისიის საკრალიზაცია. სამეფო ხელისუფლების კონცეფცია შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: 1. წარმომავლობა; 2. გვარის ხანდაზმულობა; 3. ლეგიტიმურობა, მემკვიდრეობა; 4. საერო და სასულიერო ფუნქციათა სიმბიოზი; 5. ტიტულატურათა იერარქია.

-         მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, თავად-აზნაურთა წარმომადგენლები ხომ არ მოითხოვენ პრივილეგიებს?

– თავადობა და აზნაურობა უპირველესად იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და არა – პრივილეგია; პასუხისმგებლობა უფლის, მეფის, მამულის, საკუთარი წინაპრებისა და ღირსების წინაშე, რაც დაადასტურა კიდევაც საკუთარი ქმედებით, როცა XX საუკუნის დასაწყისში ეროვნული კრების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა არისტოკრატიამ მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ქართულ სახელმწიფოს. ამჟამად, როცა ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლები იკრიბებიან, წინაპართა სისხლისეული და გენეტიკური დასაბამიდან გამომდინარე, კვლავაც ერთგული და პირუთვნელი სამსახური სწყურიათ უფლის, მეფისა და მამულისათვის, რასაც ყოველგვარი პრივილეგიებისა და მერკანტილური ინტერესების გარეშე ახორციელებენ.

-         რითი სჯობს მონარქია სხვა წყობილებას?

– საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გაანალიზებისას, ნათლად ვხედავთ, რომ სახელმწიფო მოწყობის აქამდე მოქმედმა მოდელებმა ვერ უპასუხა მოთხოვნებს... პოლიტიკურმა სისტემამ უნდა დაასამაროს ყოველგვარი შემდგომი მცდელობა, რევოლუციებითა და სხვა რაიმე ფორმით შეცვალონ ქვეყნის განვითარების ვექტორი. მან უნდა შეძლოს ეროვნული ტრადიციების, რწმენისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება გლობალიზაციის პირობებში.

ჩვენი სამიათასწლიანი ისტორია სახელმწიფოებრიობის დაცვისა და ბრძოლის ისტორიაა. ჩვენს ქვეყანაზე მუდმივად მოქმედებდა სხვადასხვა ძალის ინტერესები, რომელთა დაბალანსება ქართველ მეფეთა გონიერებასა და მოქნილობაზე იყო დამოკიდებული... ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობის პირობები დღესაც დაფუძნებულია არა სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ დოქტრინაზე, რომელიც მეცნიერთა ნააზრევს ემყარება, არამედ ცალკეული პიროვნებების განსაკუთრებულ ალღოსა და უნარზე. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მიმდინარეობს ბინძური ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნის მიერ ანგაჟირებულ პოლიტიკურ ძალთა შორის. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ანუ აბსოლუტური უმრავლესობით. ეს ნორმა დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით. კონსტიტუციურ ცვლილებებს ყოველთვის რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა უძღოდეს წინ და გადაწყვეტილება არა 2/3-ით, არამედ – 3/4-ით უნდა მიიღებოდეს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სახელმწიფოს სათავეში პოლიტიკურად ნეიტრალური და მირონცხებული პირის არსებობა, რომელიც ერთი მხრივ – სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო და მეორე მხრივ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი იქნება პოლიტიკურ მიმდინარეობათა და პარტიათა შორის პოლემიკისას; მირონცხებულ მეფეს შეუძლია იყოს დემოკრატიულ ფასეულობათა გარანტი და ურღვევი ხიდი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq