დღეს (15. 11.2013) ”grani.ru”-ს საიტზე დაიბეჭდა ვალერია ნოვოდვორსკაიას წერილი ”მონობის ტრიუმფი”. “The New Times”-ის კოლუმნისტისა და ვიდეობლოგერის ამ მასალას, ავტორისეული ყველა დებულების სრულად გაუზიარებლობის მიუხედავად, გთავაზობთ კომენტარის გარეშე: ”პუტინს, ბოროტების იმპერიის ტახტის ადგილმონაცვლეს, მორიგი ტრიუმფის დღე დაუდგა. მის ტახტრევანდს, მორთულს ტკბილი კახური ყურძნით და მომჟავო აფხაზური მანდარინებით, უკან საქართველოს მიადევნებენ. ძველ დროში სამხედრო ტყვეებს რომაული ეტლების უკან ბორკილებგაყრილთ მიერეკებოდნენ ხოლმე, როგორც გალიელ ბელად ვერცინგეტორიქსს. საქართველო კი თავად მიჰყვება ამ ეტლს - ვეფხისტყაოსანთა ნაცვლად გაქცეული მონები უბრუნდებიან მოსკოველ პატრონს. ეს უკვე ქართველი ხალხის მეორე სატურნალიებია. პირველი ხანმოკლე იყო, ზვიად გამსახურდიას პერიოდში. ხვეწნითა და მუდარით (ყოფილი ”კაგებეშნიკების” ჩათვლით, რომლებიც უფრთხოდნენ დამსახურებულ სახრჩობელებს მეტისმეტად ემოციური ქართველებისაგან) თითქმის ძალისძალად აიძულეს მეცნიერი, მეოცნებე და დისიდენტი გამხდარიყო პრეზიდენტი, მისცეს მას არჩევნებში 92%, მაგრამ ძალიან მალე გაუორგულდნენ. საჭმლის ნაკლებობა კი იყო 1992 წელს, მაგრამ იმხანად ზვიადი ებრძოდა იმპერიას, გამოიყურებოდა თეთრ ყვავად ნომენკლატურულ პრეზიდენტებს შორის, მზად იყო ყალყზე შემდგარ აფხაზეთს კონფედერაციაზე მოლაპარაკებოდა, ფეხით ჩადიოდა ცხინვალში, რათა ომი აეცილებინა თავიდან. ჰქონდა უთანხმოება რუსეთთან და მერაბ მამარდაშვილთან, რუსეთთან კავშირებისა და თვით კულტურული თანამშრომლობისაგან ქართული ინეტლიგენციის ჩამოცილების მცდელობის გამო. ხალხი განიხიბლა თავისი პრეზიდენტით და ყველაზე უკეთური გზით - არალეგიტიმურად და იარაღით ხელში დაამხო მისი ხელისუფლება. სანაცვლოდ ხალხმა მიიღო ედუარდ შევარდნაძე, გულქვა თვალთმაქცი, განთქმული ციხეებში დისიდენტების წამებით და ყურმოჭრილი მონის ცნობილი გამონათქვამით იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის მზე ამოდის ჩრდილოეთიდან და არა - აღმოსავლეთიდან. შევარდნაძემ დაუყოვნებლივ დაიწყო ტერორი ბანდიტ ჯაბა იოსელიანის დახმარებით, სცადა აფხაზეთის ძალისმიერად ხელში ჩაგდება, რითაც კიდევ 500 წლით წააჩხუბა ორი ხალხი ერთმანეთს, შემდეგ დაატუსაღა ბანდიტი, გადააგდო რუსეთი, აირჩია დასავლეთი (ერთადერთი გონიერი საქციელი მთელ მის ცხოვრებაში) და თავად ისიც გადაგდებულ იქნა ვარდების რევოლუციის თავბრუდამხვევი სურნელების ქვეშ. ზვიადის ღალატით საქართველომ მიიღო ტერორი, შიმშილი, სამოქალაქო ომი, დე-ფაქტო დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). ზვიადი გმირულად დაიღუპა ბრძოლაში. ალყაში მოქცეულმა მან თავი მოიკლა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო და ამით გახდა შოთა რუსთაველის პოემის პოტენციური ფიგურანტი. ეს ძალიან კარგად გაიგო მშვიდობიანმა, გონიერმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დე-იურედ საქართველოს გმირებად გამოაცხადა და დაკრძალა მთაწმინდაზე იმ სოციალ-დემოკრატების ადგილზე, რომლებმაც თავის დროზე საქართველო უბრძოლველად ჩააბარეს რუსეთს, ლენინისა და სტალინის ”სამშვიდობო ელჩის” - სერგო ორჯონიკიძისაგან სილის გაწვნის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს მშვენიერი, ნაყოფიერი, წარმოუდგენელი რეფორმები (ჩვენსას რომ არა ჰგავს), ძირიანად მოთხარეს კორუფცია, ნარკომანია, სიზარმაცე, საბჭოური წარსული (სამწუხაროდ, არა გონებიდან, არამედ - ძეგლები და დღესასწაულები), გადააჩვიეს ახალგაზრდა თაობა რუსულად ჟღურტულს და დააჩვიეს ინგლისურს, ჩამოიყვანეს მასწავლებლები დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ბათუმმა და თბილისმა მიიღეს მოდერნული შენობები, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა შურდათ თვით ესტონეთში; პარტიების რეგისტრაცია ხდებოდა 30 ლარად, ქუჩას დაარქვეს ამერიკის პრეზიდენტის სახელი. რუსეთმა გაილაშქრა ამ ენით აუწერელი თავისუფლების დასამხობად - წაართვა საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო და ლამის თბილისამდე მივიდა ომით. ტანკები შეჩერდნენ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. ასეთი გაშმაგებული სიცოფის დამსახურება, ცხადია, საშინელი და შემაძრწუნებელი გახლდათ, მაგრამ საქართველოსთვის ეს იყო ღირსება! ხოლო ამჟამინდელი საუბრები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია, სწორედ რომ უღირსობაა. მებატონის რისხვა რუსეთის ყოფილი კოლონიებისთვის - მათი წარმატების მაჩვენებელია. მებატონის სიყვარული - დამარცხების ნიშანია. საბჭოურ-ქართული ”ოცნების” პრეზიდენტის ინაუგურაცია - ეს არის პატივახდილი საქართველო და რუსეთის დანაშაული და აკი ამ ინაუგურაციის კვირაძალზე ჩვენ მეორეგზის ვიღებთ საჩუქარს ” НТВ”-საგან: აგიტკერძს, სახელწოდებით: ”ერთი განხიბვლის ისტორია”. რაკი საქართველოს ძალით დაპყრობა მიხეილ სააკაშვილისა და ამჟამად ციხეში გამომწყვდეული ვანო მერაბიშვილის დროს ვერ მოხერხდა, საჭირო გახდა ეშმაკობა: ტროას ცხენი, კრემლის დამქაში (ფარული და არა გამჟღავნებული, როგორც ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მხოლოდ ხმების 10$ მიიღო). ივანიშვილად სახელდებული ცხენის სახით ხდება დამშვიდობება რეფორმების საახალწლო ნაძვისხესთან. ნუთუ ისე მოხდება, როგორც კიდევ ერთი ქართველის, ბულატ ოკუჯავას სიმღერაშია: ”შენ სიჩქარეში ჩამოგხსნეს ჯვრიდან; შენი აღდგომაც აღარ იქნება”? ”НТВ”-ის ფილმში ადამიანები (60-ს გადაცილებულები) სინანულით იგონებენ საბჭოთა დროებას, როდესაც საქართველოს უგდებდნენ სამოწყალო ლუკმას, როდესაც ის, სააკაშვილის სიტყვებით თუ ვიტყვით, იყო ”თეთრი მეპატრონეებისთვის ადგილობრივი ყმა, რომელიც წვავდა მწვადს და ცეკვავდა ლეკურს”. აი ამ საბჭოელებს სურთ კიდევ ერთხელ დააბიჯონ ფეხი ფოცხს (ნეტა ვინ არის მათი მწყალობელი დღეს - რამზან კადიროვს ძლივს აუდიან და საქართველოსა და უკრაინისთვის რა გადაურჩებათ) და მშვიდად ღალატობენ ქვეყანას. ესაოდა სსრკ ჩვენს ღვინოს ყიდულობდაო. რა თქმა უნდა, არ იყო ბაზარი და მოლდავურ და ქართულ ღვინოებს ალტერნატივა არ გააჩნდათ. ახლა კი რუსეთის დახლებს მოაწყდა იტალიური, ესპანური, ფრანგული ღვინოები. ამას ჰქვია კონკურენცია! სააკაშვილს უღალატეს მათ, ვისაც სურდა ნაბიჯის გადადგმა უკან, მაძღარი მონობისაკენ. სატურნალიები - ეს იყო რომაელ მონათა დღესასწაული. ეს მონები ერთი დღით იღებდნენ თავისუფლებას და იმ ერთ დღეს ეძლეოდათ წესრიგის დარღვევის უფლება ქუჩებში. ხოლო შემდეგ, როდესაც გამოფხიზლდებოდნენ, თავიანთ მეპატრონეებს უბრუნდებოდნენ. ვეფხისტყაოსნებს - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - უღალატეს სტალინის თაყვანისმცემლებმა, რომლებმაც არ აპატიეს მას გორელი კერპის გადატანა მოედნიდან მუზეუმის ბარიერს იქით; რუსული ენის მასწავლებლებმა; ზოგიერთი ქართული თეატრის უსამშობლოო ”ინტერნაციონალისტებმა”, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი გასტროლებისთვის; სიმაძღრე უნდა დაიმსახურო და - აკი თვით მსხვილი ბიზნესრეფორმატორებიც გააწამეს გადასახადებით ”დამცირებულთა ად შეურაცხყოფილთა” სახელით; უღალატეს ასევე დაპატიმრებულ ბოროტმოქმედთა ნათესავებმა (რუსეთის მასშტაბით დაპატიმრებულთა რიცხვმა შეადგინა მილიონი). ანუ, უღალატა ყველამ: მექრთამეებმა; ნარკომოვაჭრეებმა; კანონიერმა ქურდებმა; ჯიბგირებმა; რუსეთის საელჩოსთან აყუდებულმა ქვეყნის ინტერესების გამცემლებმა; გიმნაზიების დირექტორებმა, რომლებიც ითხოვდნენ რუსული ენის დამკვიდრებას სკოლებში. ”მონობის ტრიუმფი” - ვინ გადაიღებს ამ ფილმს? მიხეილ სააკაშვილი იქცა ბრწყინვალე დისიდენტად. გაეროში წარმოთქმული სააკაშვილის სიტყვის გამო პუტინი ჯილდოს არ დაინანებს, ვინც მის თავს მიართმევს. საქართველოს დაავიწყდა, როგორები არიან ნამდვილი ჯალათები. ახლა გაიხსენებს. რუსეთმა უკვე დაიწყო საქართველოს მონელება. ღმერთო, მიეცი რუსეთს კუჭის შეკრულობა, წყლული და გასტრიტი!” |