ქვემოთ წარმოგიდგენთ საიტ ”apsny.ge”-ზე გამოქვეყნებული ლევან ჯინჭარაძის ვრცელი პოლიტიკური წერილის ეპილოგის თარგმანს. დედანში წერილის სათაურია: ”ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გულმოდგინედ მკურნალობდნენ ჩემს რუსოფილიას რუსეთი, ელცინი, პუტინი, მედვედევი”:
”ეპილოგის მაგიერ ჩემთვის, როგორც არასპეციალისტისათვის, ძნელია მსჯელობა ადრეული შუასაუკუნეების შესახებ - იყო თუ არა მაშინ რაიმე ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის. სამაგიეროდ, XVIII საუკუნიდან ეს საკითხი ძალიან კარგად არის შესწავლილი და ჟანგგადაცლილი საბჭოურ-სტალინური პროპაგანდისაგან... ჩემი მოკრძალებული ცოდნის პირობებში კი მაინც შემიძლია ვამტკიცო, რომ ქართულ ისტორიოგრაფიას არ მოეძევება ამ ურთიერთობაში საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისათვის რაიმე პოზიტიური ეპიზოდი... რუსულ-ქართული ალიანსის შექმნის პირველი სერიოზული და მწარე გაკვეთილი გახლავთ ვახტანგ VI-ის გამოცდილება - ”ერთმორწმუნე” მოკავშირის ყოლის ცდუნებას აყოლილი მეფე გაება რუსულ ავანტიურაში და ის უბრალოდ მოატყუეს, ანუ, როგორც რუსეთში იტყვიან ხოლმე - ”გადააგდეს”... რის შემდეგაც ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და დარჩენილი სიცოცხლე გაეტარებინა ჩრდილოეთში... არც ერეკლე II-ს გამოუვიდა ”მეგობრული ძაფების” გაბმა ”ერთმორწმუნე” რუსეთთან. 1783 წელს დადებული ”გეორგიევსკის ტრაქტატის” შემდეგ, უკვე 1801 წელს მისმა პირველივე მემკვიდრეებმა, არასრული ოცი წლის შემდეგ, იგემეს რუსეთთან კავშირის მთელი სიამეები და სიტკბოებანი... ქართულმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა თავისი არსებობა... კიდევ მეტი - გააუქმეს ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე VII – IX საუკუნით უფროსის...აიკრძალა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე... ყოველგნით გაანადგურეს და შეათეთრეს ქართული ფრესკები... ასეთი რამ არ მოსვლია თავში არცერთ ურჯულო დამპყრობელს... და ამას იქმოდნენ ჩვენი ”ერთმორწმუნე”ძმები... ჩაეშალა ურთიერთობა სოციალისტ ნოე ჟორდანიასაც - 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში - მიუხედავად: ორივე სახელმწიფოს მიერ ურთიერთცნობისა 1920 წლის მაისში და რუსეთის ყველა კაპრიზის შესრულებისა, მათ შორის სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტისა - მაინც ვერ აცდა საქართველო ოკუპაციას 1921 წელს ”შენ დამნაშავე ხარ იმდენად, რმდენადაც მე მშია ახლა”... და ნოეს მოუხდა საფრანგეთში გაქცევა. ვერ შეძლო ნორმალური ურთიერთობის დამყარება ზვიად გამსახურდიამაც. და ეს მას შემდეგ, რაც ელცინი მასთან ბრუდერშაფტებს სვამდა და გულში იხუტებდა... აიძულეს გაქცეულიყო ჩეჩნეთში და დაიღუპა გაურკვეევლ ვითარებაში... არ ჩაუვიდა ფეხი ”მისტერ ღიმილ” ”შევის” - შევარდნაძეს, მიუხედვად რუსული პოლიტიკური სამზარეულოს კარგი ცოდნისა...მიუხედავად ელცინ-პუტინისადმი გონებისათვის მისაწვდომი ყველა დათმობისა - დსთ-შე შესვლის ჩათვლით და კრემლის მოთხოვნით დანიშნული მინისტრებისა... არაფერმა არ უშველა...რუსეთმა მოსკოვისა და დაგომისის შეთანხმებებით განაიარაღა ქართული სამხედრო ნაწილები... შეაიარაღა აფხაზები, ჩრდილოკავკასიელები და კაზაკები...და როგორც შედეგი, მოაწყო ეთნოწმენდა 350 ათასი ქართველისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ვერ შეძლო კავშირების დამყარება მიხეილ სააკაშვილმაც---ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე მიხეილმა შესთავაზა მაშინ ჯერ კიდევ ”მშვიდობისმყოფელსა და მედიატორს”: - დამეხმარეთ მშვიდობის დამყარებაში კონფლიქტურ რეგიონებში, ლტოლვილთა დაბრუნებაში (სწორედ ეს იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით რუსეთისაგან მიღებული მთავარი დებულება 15 წლის მანძილზე), სამაგიეროდ გაგვანდეთ ყველა თქვენი სურვილი და მას ქართული სახელმწიფო შეასრულებს - ჰოდა, ჯანდაბას მაშინ ნატო და ყველა დანარჩენიც... რასაც მოჰყვა შოკისმომგვრელი სპეციფიკური, იაფფასიანი ”კაგებეშნიკური” ცინიზმით განმსჭვალული პუტინის იუმორი: -თქვენ ახალგაზრდა, განათლებული, ჭკვიანი ბიჭები ხართ - თავად მიხვდებით, ჩვენ რაც გვსურს... ან სხვა რისი მოლოდინი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული აკადემიის აღზრდილისაგან, ვისი სამყაროსეული აღქმაც მიპყრობილია ძირითადად გარეშე და შინაური მტრების გენიტალიებისაკენ... დიდად საეჭვოდ მეჩვენება, რომ საქართველ;ოს რომელიმე ხელისუფლებას გამოუვიდეს რაიმე სრულფასოვანი ურთიერთობა რუსეთთან... არა იმიტომ, რომ ჩვენის მხრიდან არ გვექნება სურვილი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი რამ პრინციპში შეუძლებელია... თუ, რა თქმა უნდა, ურთიერთობის რეგულირებად არ ვიგულისხმებთ ქინძისა და ოხრახუშით ვაჭრობას და ამისგან მოგვრილ კმაყოფილებასა და ხბოს აღტაცებას... ანუ, მე ვგულისხმობ სახელმწიფოთა შორის ცივილიზებულ ურთიერთობებს... და აქ არ იგულისხმება მხოლოდ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება. საუბარია საერთოდ რუსეთზე. ვიდრე მასში თუნდ ოდნავ გამოკრთის ”რუსული მიწების” შეკრების სურვილი და მესამე რომზე ბოდვა - პარტნიორული ურთიერთობები მასთან არავის არ გამოუვა... და თუ ქართველებს ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე რომელიმე პრეტენდენტი აიმედებს, რომ სწორედ მან იცის ამის გაკეთების საიდუმლო და მას აქვს ჯადოსნური გასაღები ცხრაკლიტულიდან, მაშინ ის ბანალურად ცრუობს ან მას სრულიად დაკარგული აქვს ისტორიული მეხსიერება და გამოვარდნილია რეალიებიდან, ან მას აქვს რაიმე იატაკქვეშა ინტერესები ხელისუფლებაში მოსასვლელად... ხოლო თუ გვსურს ისეთივე ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, როგორიც აქვთ ადიღეებს, ყალმუხებს, ყარაჩაელებს, ევენკებს, ჩუქჩებს, ჩერქეზებს და ასობით სხვა ეთნოსებს - მაშინ ეს არის სრულიად საძრახისი საქმე. ეს შეიძლება მოხერხდეს ხუთ წუთში... ჩვენ კი უნდა შევიგნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში ცნებები ”საქართველო” და ”ქართველი” გაქრებიან მიმოქცევიდან, როგორც სახელმწიფოებრიობის იდენტიფიკაცია და, შესაძლოა, ისინი გაჟღერდნენ მხოლოდ კრემლის დღესასწაულობებზე მორიგი ცეკვა-თამაშის დროს რიგითი სიუზერენის წინაშე... კიდევ მეტი - მომავალში ჩვენ რუსეთთან ტეტ-ა-ტეტ ძნელად რომ მივაღწიოთ სტალინ-ორჯონიკიძე-მახარაძის საქართველოს 1921 წლის მდგომარეობას, რომელიც 1992 წლამდე გვქონდა... უბრალო მიზეზის გამო - რუსეთი, რომელმაც იცის, რომ ქართველთა თაობებში არასოდეს ჩაქრება სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, აღარასოდეს არ დაუშვებს ქვეყნის იმ სტატუსითა და კონფიგურაციით არსებობას, რომლითაც ჩვენ ვარსებობდით 1921-დან 1992 წლამდე... ის აუცილებლად დაშლის საქართველოს მისი თვალთახედვით დასაშლელ ნაწილებად... ყოველივე ზემოთქმული არ გახლავთ ჩემი შიზოფრენიული წარმოდგენები, არამედ ისინი პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია რუსეთის გამხელილ სტრატეგიულ ინტერესებთან და გეგმებთან - ევრაზიული იმპერიის შექმნასთან, რადგან სხვა ფორმით მისი არსებობა შეუძლებელია... როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ სიტუაციაში ერთადერთი წინაღობა არის ”მიკროსკოპიული საქართველო”... ის, რომ სწორედ ასეა საქმე და რუსეთი საქართველოს ანიჭებს საკვანძო, თუ გნებავთ საკრალურ მნიშვნელობას, სრულიადაც არ გახლავთ დასაეჭვებელი და არ არის ავადმყოფური გაზვიადება და საქართველოს მნიშვნელობის გაბუქება... მსგავსი თვალსაზრისის უფლებას გვაძლევს რუსეთში აშშ-ის ელჩის - მაქსფოლდის გულახდილი აღიარება მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციაზე. მისი სიტყვებით, მოლაპარაკებების დროს რუსეთი წინადადებას აძლევდა აშშ-ს საქართველოში არსებულ რუსული ინტერესების გაცვლას აშშ-ის ინტერესებზე ირანსა და კსდრ-ში...უბრალო ენით თუ ავხსნით, ” საქართველოსა და სააკაშვილის თავისთვის რუსეთი აშშ-ს სთავაზობდა ირანსა და კსდრ-ს”... აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ ხარისხში, შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროისა და ხალხის აბსოლუტურ ჩემპიონად... ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე არცერთ დამკვეთს არ შეუთავაზებია კილერისათვის ამ საფასურთან მიახლოებული რაიმე ჯილდო. რა მოჰყვა მსგავს აღიარებას? რუსეთი აღშფოთდა ელჩის დაუშვებელი მოქმედებით და დახურული მოლაპარაკების გასაჯაროებით... დააკვირდით, რუსებს არ უთქვამთ, რომ ეს არის ”ბაზრის ჭორები”, მათ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ”საკუთარი ჭუჭყიანი თეთრეულის” დემონსტრირების მიზეზით... საქართველოში კი რატომღაც გენიალურ ქართველ პოლიტიკურ ექსპერტებს არც კი შეუნიშნავთ ეს ამბავი... აქედან გამომდინარე და კიდევ ბევრი ირიბი მიზეზების მიხედვით, ჩემი დასკვნა ასეთია: საქართველოს გარეშე ევრაზიის იმპერია - უბრალოდ არ შედგება! P.S. რუსეთთან ერთად ჩვენ ვიცხოვრეთ და მის ინტერესებს ვემსახურებოდით თითქმის 200 წელი. იქ ჩვენ ყველა განსაცდელი გადავიტანეთ და მათ უკვე საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობთ - იქ არ დაგვიტოვებია სინანულის გამომწვევი არაფერი - გარდა საკუთარი ახალგაზრდობისა, რასაც, სამწუხაროდ, უკან ვერ დაიბრუნებ... ხოლო, თუ ვისმეს ეძალება ნოსტალგია, ამ სნეულების რეცეპტი ისევ რუსულ ხალხურ სიბრძნეშია: ”თუ მიდიხარ - წადი!” |