საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

გერმანია - საქართველო: მოგონებები მომავალზე
გერმანული ნაწილების შემოსვლა თბილისში. 1918

ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აფრთხილებდა ნატოელ კოლეგებს, რომ საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (ანუ ე.წ. "მაპ"-ის) მიცემა არ შეიძლებოდა.

უშუალოდ სამიტზე სწორედ მერკელის დახმარებით შეძლო რუსეთმა ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველოს და უკრაინის მიღებას ამ ორგანიზაციაში, ღიად თუ ფარულად, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება. მთავარი მათ შორის გერმანია იყო.

2008 წლის "აგვისტოს ომს" და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას მათმა ორჭოფულმა პოზიციამაც შეუწყო ხელი.

არადა, რარიგ დასანანია, რომ ასმა წელმა დიამეტრულად შეცვალა ჩვენს მიმართ იმ კეთილგანწყობილი ქვეყნის დამოკიდებულება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენთვის ასი წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენაში.

”საქართველო-გერმანია: ისტორიის შეხსენება” - ასეთია საიტ ”tabula.ge”-ზე 2010 წელს გამოქვეყნებული წერილის სათაური, სადაც იმ კეთილად მოსაგონარ პერიოდზეა საუბარი:

 

”პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება - რეალურად მხოლოდ პატრიოტთა წარმოსახვაში არსებული სახელმწიფოს ნულიდან შექმნა (ერთიანი საქართველო ხომ მე-16 საუკუნიდან აღარ არსებობდა), რომელიც დღეს გარდაუვლად მოჩანს, სწორედ გერმანიის გააზრებული და ჩამოყალიბებული პოზიციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეს მკაფიო პოზიცია რომ არა, სრულიად შესაძლებელია, დამოუკიდებლობა 1918 წელს დროულად არ გამოცხადებულიყო. ამავე დროს, თუ ბოლშევიკები საქართველოში შემოსვლას უფრო ადრე მოახერხებდნენ, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ბევრად უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია ექნებოდა როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ისე - პოლიტიკური თვალსაზრისით.

 1918 წელს, ბოლშევიკური პუტჩის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის რუსეთ-კავკასიის ფრონტი დაიშალა და ასეულათასობით რუსმა ჯარისკაცმა სამშობლოსკენ გასწია (გზად ძარცვაგლეჯის თანხლებით), რითაც ხელ-ფეხი გაეხსნა თურქეთის ამბიციას, მიეღწია სრული დომინაციისთვის სამხრეთ კავკასიაში. ცნობილ პანთურქისტ ენვერ ფაშას წინამძღოლობით თურქებმა სწრაფად დაიკავეს ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი და საკუთრივ ბათუმიც. დაშლის პირას მყოფ ამიერკავკასიის ფედერაციასა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ - ბათუმში. ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებული მოვლენებით სრულიად დაბნეული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილი დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევდა. დამოუკიდებლობას აქტიურად უჭერდნენ მხარს მემარჯვენე პარტიები, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთა, ისევე როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი და საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი. დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დელეგაციაზე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობაზე გერმანიის დელეგაციის ლიდერმა და თბილისში გერმანიის ყოფილი კონსულის, ფრიდრიხ ფონ შულენბურგის მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ. შულენბურგი არაფორმალურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ჯერ თბილისში, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი - ბათუმში ჩასულ ნოე ჟორდანიასთან. შულენბურგსვე ეკუთვნის ე.წ. Schutzstaat-ის (დაცული სახელმწიფო) იდეა, ანუ გერმანიის პროტექტორატის ქვეშ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა.

 მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბერლინის მხარდაჭერა მხოლოდ მისი იმპერიული ამბიციებით იყო ნაკარნახევი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელმოწერის ანუ გერმანიასთან რუსეთის დამარცხების შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გამო გერმანია ღია კონფრონტაციაში შევიდა საქართველოზე ზომითა და მნიშვნელობით ბევრად დიდ, თავის მოკავშირე თურქეთთან და მას ბრესტ-ლიტოვსკის პირობებიდან უკან დახევა, ანუ ბათუმის ოლქის დათმობა აიძულა. 1918 წლის ზაფხულში დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ რამდენიმე შეტაკებაც კი მოხდა გერმანულ და თურქულ ნაწილებს შორის აჭარაში (საინტერესოა, რომ შეტაკებებში გერმანულ ფორმაში ჩაცმული საქართველოში მცხოვრები გერმანელები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაგან რაზმები ფრიდრიხ ფონ შულენბურგმა და კავკასიაში გერმანული კორპუსის სარდალმა გენერალმა კრეს ფონ კრესენშტაინმა ჩამოაყალიბეს). ამ რაზმის შექმნა საკმაოდ თავზეხელაღებული ნაბიჯი იყო და ეს მოხდა გერმანიის ჯარების ძირითადი ნაწილების შემოსვლამდე. ბათუმის გათავისუფლებისას გერმანულმა ნაწილებმა მოკლულების სახით დანაკარგიც განიცადეს. „ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა,” - იგონებს გენერალი კრესენშტაინი.

 გერმანიის საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა და გაძლიერების იდეისადმი სიმპათიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოქმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმაც. წლების განმავლობაში ქართველი ნაციონალისტი ინტელექტუალების ეს ჯგუფი ეწეოდა საქართველოს, როგორც გერმანიის მომავალი საიმედო მოკავშირის პროპაგანდას და საქართველოს პოპულარიზაციას გერმანულ პრესასა და გავლენიან წრეებში. ამ ჯგუფის თაოსნობით, რომლის თვალსაჩინო წევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე, გერმანიის სარდლობის უშუალო ხელშეწყობით და ლეო კერესელიძისა და შულენბურგის მეთაურობით ჩამოყალიბდა ქართული ლეგიონი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ერთი სიტყვით, ბერლინში დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობის გამო გერმანიის პოლიტიკურ ელიტას ბევრად უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს მნიშვნელობასა და მის სახელმწიფოებრივ პოტენციალზე, ვიდრე სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოებს.

 არანაკლებ მივიწყებული ფაქტია იმ დროის საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული გერმანული თემი და ამ თემის კეთილგანწყობა საქართველოს სახელმწიფოს იდეის მიმართ. 1918 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ათასი ეთნიკური გერმანელი არა მარტო თბილისის სამხრეთით, გერმანულ კოლონიებში, არამედ საკუთრივ თბილისშიც (ძირითადად მარცხენა სანაპიროზე), რომელთაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოწინავე პოზიციები ეჭირათ. გერმანელებს ჰქონდათ ეროვნული საბჭო, რომელიც აქტიურ კონსულტაციებს მართავდა საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას ორი გერმანული ხელმოწერა ამშვენებს. თბილისში გამოდიოდა გერმანულენოვანი გაზეთი ”Der Kaukasische Post”, რომლის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი და ვეფხისტყაოსნის გერმანულად მთარგმნელი არტურ ლაისტი.

 აი, ასეთ ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ორ დღეში მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და გენერალმა ფონ ლოსოვმა ფოთში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც, ერთი მხრივ, გერმანიამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღო მისი რკინიგზითა და ბუნებრივი რესურსებით უპირატესი სარგებლობის პრივილეგია. ამას დაერთო ისიც, რომ საქართველოში არ არსებობდა მტრული განწყობა გერმანელების მიმართ. პირიქით, როგორც ცნობილი ქართველი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი იხსენებს, ქართველები მათში “ხედავდნენ ევროპული კულტურის, ევროპული ცოდნისა და უნარის რიგიან წარმომადგენლებს, ბრწყინვალე მეომრებს...”

 გერმანიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაში გაწეული როლი, ისევე როგორც იმ პერიოდის ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მეტ შესწავლას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, საკუთრივ ეს ფაქტი არავითარ ეჭვს არ იწვევს და უდავოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტში, ცნობილ მიზეზთა გამო გერმანიის საკუთარი ისტორიისგან დისტანცირების მიუხედავად.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq