საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

საძირკველმორღვეული დროის ანუ უგვირგვინო საქართველოს დაუმორჩილებლობა მწერლობაში
ლალი ბარძიმაშვილი
გენიოსებს ხშირად შეუფერებელ გარემოსა და გამრუდებულ ხანაში უწევთ ცხოვრება. მეფობის გაუქმებამ და უცხო ძალის დაინტერესებამ საქართველოთი მხოლოდ გადაგვარება მოიტანა. ქართული სულის დასაცავად მწერლობა აღსდგა. 


ნიკოლოზ ბარათაშვილის დედა - ეფემია, ერეკლე მეორის შვილთაშვილი იყო. მეფური ღირსება ჰქონდა ძარღვებში პოეტს. იდეურ აღმზრდელად - სოლომონ დოდაშვილი არგუნა ღმერთმა. მეტად უიმედო დრო სუფევდა საქართველოში, ძალით შეჩერებული დრო. არათავისუფალ გარემოში იშვნენ თავისუფლების მოტრფიალენი. სოლომონ დოდაშვილი თავისუფლების ძიებას შეეწირა, ახლა თითქოს ტატოს ჯერი იყო. უდიდესი ქართული ენერგია დაიძრა ადგილიდან. დაიწყო აზრმა მოძრაობა. შეურიგებელმა სულმა აკრძალული ჯებირები გადალახა. ''ქართველთ არ სძინავთ გონებით'' - რუსულ ინსტანციებსა და კულუარებში კვიმატი აზრი გაკრთა და მსჯავრი ქართველთა მიმართ არ აყოვნებდა... ქართული ნებაც არ ნებდებოდა გარსმოხვეულ რეჟიმს. 


ერთ-ერთი ლიტერატურული ცნობა იმ დროის შესახებ - ''1832 წ. შეთქმულება ჩაიშალა, პროგრესული ძალები დაფანტული ან განიარაღებულია. სალონებში ტრიალებდა მეშჩანური სულისკვეთება, ცეკვები და ჭორი''... ასეთიაო იმდროინდელი საზოგადოების სულიერი ანატომია. ისევ ერთის გულში იყრის ყველა სათქმელი თავს და ტატოს შემოქმედებაში ჩნდება რადიკალური სტრიქონები, ასევე ნიკოლოზ 1-ზე, მაგრამ არც ცენზურა თვლემს და ბარათაშვილს როგორც არასასურველს, თავიდან იშორებენ, (ამაზე კი დაწვრილებით მოგვითხრობს პავლე ინგოროყვას ნაშრომი, განზრახ გაგზავნეს მალარიით სნეულ განჯაში). 

არის დაუსაბამო, უთავბოლო ჭიდილი ხვედრთან და თავისუფლების ნატვრა. ფიზიკური გაწირვის, მიუსაფრობის მიუხედავად, პირადი ღირსება შენარჩუნებულია. ქართული ცნობიერება მწერლობამ უნდა შეინახოს და გადაარჩინოს სასურველ დრომდე. სულიერი სარბიელის შეზღუდვის პირობებში ჩნდება სტრიქონები, რომელშიც მუდმივი ღვიძილის მუხტია ჩადებული და ეროვნულ ნებას აფხიზლებენ. ქართველობის ძარღვი არ უნდა მოდუნებულიყო.  ''მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.'' ამ ღვთიურ მზეობასაც აღწევდნენ და სხვებსაც ათბობდნენ დაკარგული და სახეშეცვლილი საქართველოს ეს მჭმუნვარე შვილები. ასე სწამდათ - სიყვარული სიყვარულს შობსო და არსად უღონობის განცდა, მხოლოდ თავგამეტება ამ სიყვარულისთვის და სამომავლო ზრუნვა, რომ ვიღაც ისევ გაიმეორებს ამ საძნელო გზას. ისინი ტოვებენ კაცობის, თავისუფალი შემოქმედის, უღალატო ქართველობის ამაყ და უტეხ მაგალითს. მათთვის სხვა ხვედრი და დანიშნულება გაცხადდა - ეროვნული სახე უნდა დაუბრუნონ ქვეყანას, დაჩრდილული ხატი უნდა აღადგინონ! 

''საფლავი მეფის ირაკლისა'' - ობლადშთენილ საფლავთან ცრემლით თქმული - ''უკანასკნელი ივერიის სიმტკიცის სულო!'' ამ სიმტკიცეს ვეღარსად პოულობდნენ, გარდა საკუთარი თავისა. ასე შესდგომიან სიყვარულის სამსხვერპლო საკურთხეველს სიტყვის რაინდები. მათ მარადიულობა - წარუვალობის სწამთ მხოლოდ, ამადაც არ უფრთხიან სიკვდილსა და განსაცდელს. 

რეპრესიული ღონისძიებები გაატარეს აკაკი წერეთლის ოჯახის მიმართ, რადგან ამ ოჯახის წევრები იმერეთის უკანასკნელ მეფეს - სოლომონ მეორეს გაჰყვნენ ტრაპიზონში, ხოლო დედის მამა ივ. აბაშიძე 1820 წ. აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას და რუსეთის მეფის მთავრობის მიერ აკლებულ-დატუსაღებულ იქნა. ბავშვობა აკაკის მძიმე ატმოსფეროში გაუტარებია და დაუმორჩილებელმა სულმა თავიც იჩინა... 

ცხადია, თუ სამშობლო ილევა და ნადგურდება, ქრება პიროვნებაც, მაგრამ ხომ იყვნენ გამონაკლისებიც რჩეულთა სახით. ცნობიერება ყოველთვის როდი მორჩილებს უბადრუკ ყოფიერებას. ''ეროვნებავ, ღვთის ნიჭი ხარ, არც საპოვნი, ვერც სასყიდი.''- წერდა იგი.   საგულისხმო ცნობა იმ ხანაზე - ''საბედისწერო ჟამს განიცდიდა ქართველი ერი. მოისპო ქართველის სამხედრო, სამოქალაქო და საეკლესიო გამგეობა, სამართალი და განათლება. დაინგრა ძველი, ნაცადი ფუძე ეროვნული მთლიანობისა... ეროვნული იდეა განიცდიდა მწვავე კრიზისს.'' ასეთ დროს უხდება აკაკის სამოღვაწეო სარბიელზე გამოსვლა. 

თამარის სახეს ხშირად აცოცხლებს პოეტურ შედევრებში, ნინოსა და ქეთევანთან ერთად, როგორც მისაბაძ ხატებას, ქართველთა ძლიერება - ერთიანობის სიმბოლოს. მოუხმობს ისტორიულ წარსულს, რომელსაც უფრო უკავშირდება სულიერად, ვიდრე თანადროულობას. 

ისიც მეფური ღირსების მატარებელია ნახევრად, რადგან დედამისი -ეკატერინე, იმერეთის მეფის, სოლომონ 1-ის ქალიშვილის დარეჯანის შვილიშვილი იყო. ძალით შეცვლილ სინამდვილეს, თავის ოჯახივით, არც თავად ეპუებოდა. ''ჩვენი დედები მართლა დედები და ცოლები იყვნენ. იმიტომაც დაურქმევიათ ''ცოლი'' ე. ი. ''ცვალი'', რომ ქმრის გამონაცვლება, (ჩანაცვლება), შეძლებოდა, ანუ მეუღლე, რომ ქმართან ერთად ცხოვრების უღელი გაეწია'' - შენიშნავს იგი. ახლა კი სხვა დრო იყო - ''ის დრო, როდესაც ინგლისურ ხელთათმანებში გამოწყობილი რუსეთის მეფის მოადგილე (ნაცვალი) ''თავს ევლებოდა'' მაღალ წოდებას და წვრთნიდა მათ ესთეტიკურ ალღოს იტალიური ოპერით, რუსული დრამით, ცხენთა ჯირითით და ზეიმებით''... ამ უდროობის ლაბირინთსა და წყვდიადში გზა ებნეოდა ქართველობას. ეროვნული შეგნების გაძლიერებისთვის მწერლობა იქცა ბურჯად და ორიენტირად გვინგვინაყრილ საქართველოში... აკაკიმ საქართველო წაქცეულ კაცს შეადარა, რომელსაც ადგომა არ სურს და შექმნა სნეული საქართველოს მხატვრული სახე. სამშობლო ხან მიჯაჭვულ ამირანადაც წარმოუდგება. '' ყველაზე პირველ მე ქართველი ვარ, მერე, თუ გინდა, სხვა გვარი ისტი.'' (''გამოტეხილი სიტყვა''). რაოდენ წაადგება დღევანდელობასაც ეს მისი თქმა. 

''რაც არ იწვის, არ ანათებს'' - მამულიშვილური წვა კი ნიადაგ ხდება, ის სიყვარულით საქმიანობა და გულით მსახურებაა. ''სიყვარული არის რჯული'' - თავადვე ამბობს და ცდილობს სხვათა სულიც დააპუროს სიყვარულით. უგვირგვინო საქართველოში კაცობის, ადამიანობის გვირგვინსა თუ იმედს თავის ხელითვე ქმნიდნენ და გაფერმკრთალებულ ცხოვრებას სიცოცხლის აზრს უბრუნებდნენ.  ინსულტით გარდაიცვალა ცხოვრების მატერიალურ სიკეთეს მოკლებული გენიოსი... 


პირველი სადისერტაციო ნაშრომი ყაზბეგზე მქონდა, შემდგომ ალ. ხახანაშვილის თემით შეიცვალა, მათზე მოკვლევები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. საოცარია ის ისტორიული ფაქტები, დოკუმენტური წყაროები და მხატვრული სიმართლე, რასაც ყაზბეგის შემოქმედებაში ვხვდებით. ჩეჩენთა სიქველე-ვაჟკაცობაზე, რუსეთის მხრიდან ყოველგვარ ადამიანური თუ ეროვნული თავისუფლების გაქელვაზე დაუფარავად საუბრობს, მარტო ''ელგუჯაში'' მოყვანილი მასალები რად ღირს ანდა შამილზე რასაც წერს. სამაგიეროდ, სადღაც უკეთური ხელით მოიხაზა მისი ბედის განაჩენიც. თანამედროვენი მას, ერთ დროს გამორჩეულ, დიდებული გვარის წარმომადგენელს - ეულს, უგულშემატკივროს, მაიმუნი ჟაკოს ამარა ხედავდნენ, დახეული ჩოხა-ახალუხით, სიძველისაგან გაცრეცილ-შელანძღული ქუდითა და ნაბდით. შეძლებული სიძე, დის ქმარი, მოხელე - ვინმე ფურმანი, მრავალოთახიანი ბინის პატრონი, ღამის გასათევადაც არ უშვებდა შინ. სამადლოდ სარდაფში უმასპინძლდებოდნენ ხოლმე ადამია და თელაველი სიკო ყაზახაშვილი, ხან ასეთ სამადლო გამასპინძლების ერიდებოდა და ხელნაწერ რვეულს ტოვებდა გირაოდ. ასე აღმოჩნდა გარდაცვლილის რვეული მათთან, ანუ ისევ ვალში დაუტოვებია ბოლოს, (სამი მანეთის ოდენობის ვალი გაიყოლა მწერალმა თან). პროგრესული დამბლის დიაგნოზით მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში... ერთიც აღსანიშნავია, როცა თხზულებები გამოიცა, ჰონორარის მისაღებად ფურმანი გამოცხადდა, მაგრამ ხელმოცარული და იმედგაწბილებული გამოაბრუნეს. მას, რომ არაფერი ერგებოდა, ეს მაინც კაცური საზომით გაზომეს და ჯეროვნადაც მოექცნენ. 

ასე უსწორდებოდა უღმერთო დრო ღმერთისდარ ადამიანებს. თავისუფლება მხოლოდ სულშიღა ცოცხლობდა... ილიამ ხომ მთელი შემოქმედება უძღვნა ადრინდელ ხანას თუ შემდგომი დროის სურვილს - ''რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს''... რომ არანაირი სხვა მმართველობა არ გაამართლებდა, გარდა იმ ისტორიული გამოცდილებისა, როდესაც ძალმოსილი იყო ქვეყანა და შემოქმედებაში თუ წერილებში ამასვე ადასტურებდა. ტრაგიკულ სიმშვიდეს ასე არღვევდნენ ბუმბერაზები და თავისუფლების გაუქრობი ტკივილითაც ისინი ვიდოდნენ.  ''თამარს ცოცხალსა გხედაო'' - აი, რატომ ამბობდა დიდი ვაჟაც, - სასურველი ღირებული სინამდვილე არაღირებულ რეალობას ჩაენაცვლა და სულიერი ერთობა უწყვეტი გახდა... ცხადად ეზმანებოდათ მადლმოსილი, გვირგვინკურთხეული საქართველო და არც არაფერს შეეძლო ამის გაცამტვერება ან შექმნა სამაგიეროსი. ''ჯვარცმული ქვეყანა'' - მწერლობაში ეს ცნება კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა, ასევე ''უმითო დრო'' - უგმირო ხანაზე. მანაც ისტორიულ წარსულს მიმართა და დავით აღმაშენებლის დაუვიწყარი მხატვრული სახეც შექმნა. ნებისმიერ მძიმე ხანაში ერი თავს ართმევდა გარემო-სირთულეებს, დაუძლეველმა გენიამ შექმნა სვეტიცხოველიც, აქტიურ ნებას, ქართულ ენერგიას ვერაფერი აფერხებდა ხანგრძლივად, ამის მხატვრულ ილუსტრირებას ახდენს მწერალი, მხოლოდ თანამედროვეობა იყო გაურკვეველი და წარსულის სამზერიდან სინჯავდა გულდაწყლულებულ სამშობლოს მწერალი. გმირული და შეუპოვარი სული კი ახლა მარტოოდენ მწერლობაშიღა ბინადრობდა. 

''ბაგრატიონების გვირგვინი არც ისე იოლი სატარებელია'' - გახმიანდება მინიშნება ''დიდ იოსებში'', ბაგრატიონთა თავგვირგვინი აკლდა ქვეყანას და ეს დანანებით ისახებოდა შემოქმედთა გულის ვარამშიც. ძლიერი იყო ოდესღაც დარღვეულის აღდგენის ხაზი და სურვილი. სხვა ვერავინ უერთგულა ქვეყანას - ამის წარმოჩენაა დამხობილი თავისუფლების და არეულობის აღწერა. (მოთხრობა ბოლშევიკთა შემოსვლას ეძღვნება)... დიდთა ნატერფალზე ახლა სხვა ბოგინობს და ღირსეულად გამკლავებელიც არ აღმოჩნდა. ერის სასიცოცხლო ძარღვი ისევ ბაგრატიონთა გვირგვინშია. იქვე, მტკივნეული ხაზგასმა - ''ფარაჯიანი ლანდები დაღოღავდნენ მიტოვებულ ხეივნებში (იმ ღამეს დაჰკლეს ვიღაც გარეწრებმა სასახლის ბაღში უკანასკნელი რომანტიული გედი).'' 

მსახვრალი ხელი სამყაროს ყველაზე დიდ რომანტიკას - თავისუფლებას ანადგურებდა. მშვენიერების ადგილს უსახური ძალადობა იკავებდა. 

საქართველოსთვის შესაფერისი გარემოს ლოდინმა კი დიდხანს გასტანა... ქართულ ლიტერატურაში მისტიკურად რეკდა თავისუფლების ზარები. ერთი გენიალური პოეტის გენიალური თქმა თავის თავზე - ''ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა'' - ყველაზე გავრცელდა.

მეფობის დაკარგვით მადლი გაეცალა საქართველოს... მომავალი კი კვლავ ელოდება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას!

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq