საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი / ერთობის ფორმულა
გაიოზ მამალაძე
ეს წერილი დაიწერა დაახლოებით 20–22 წლის წინ, მაგრამ ბოლო ხანს ამ თემამ, ვფიქრობ, აქტუალობა კვლავ შეიძინა. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ ქართველთა შორის რელიგიური შუღლის ჩამოგდებას. დაახლოებით ათიოდე წლის წინ მცირე ცვლილება შევიტანე წერილში. ახლაც, ახალი რედაქციის გამოქვეყნებისას რამდენიმე წინადადება ჩავამატე.

პირველი, რაც უნდა ითქვას -  სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობა ხელს არ უშლის ქართველთა ერთობას.  


 თავისთავად ცხადია, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ქართველთა შორის არ ვგულისხმობთ ტოტალიტარული სექტების მიმდევრებს, არამედ ვგულისხმობთ მართლმადიდებელ, კათოლიკე და მუსულმან ქართველებს, რომელთა სარწმუნოებაც არის ტრადიციული და ცივილიზაციური, განსხვავებით ტოტალიტარული სექტებისაგან, რომლებიც თავისი არსით ანტიცივილიზაციური მოვლენაა ყოველ დროში და ყოველ სივრცეში.   კათოლიციზმი და ისლამი არაქართული ცივილიზაციების მიერ არის შემოტანილი ქართული ცივილიზაციის სფეროში. მართლმადიდებლობა კი არის ქართული ცივილიზაციის შემქმნელი უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძილზე. უფრო თუ დავაზუსტებთ, ქართული ცივილიზაციისათვის ყველაზე მისაღები და იმთავითვე გათავისებული.


იმ შემთხვევაში, თუ ერთი ცივილიზაციის რელიგია სხვა ცივილიზაციის ტერიტორიის ნაწილს (მოსახლეობითურთ) იკავებს, ადგილობრივი ცივილიზაცია იმ ანექსირებულ ტერიტორიებზე, ფაქტობრივად, უკან იხევს და მოქმედებაში მოჰყავს ქვეცნობიერი, მითოსური ხანის რელიგიურ-ფსიქოლო¬გიურ-კულტურული ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც თუ ხსენებული ადგილობრივი ცივილიზაცის ელიტა სწორად გეგმავს და ახორციელებს ცივილიზაციურ გამოწვევათა პასუხებს, დრო მართლაც მკურნალად გვევლინება და უცხო ცივილიზაცია უკან იხევს.

რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მკითხველს ვაცნობებ, რომ ამ წერილის ავტორი თავად მართლმადიდებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მრევლი გახლავართ, რომელიც ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ვიყო რეალისტი. უფრო მეტიც, მავალდებულებს რეალისტობას, სიფრთხილეს და საქართველოსთვის ყველა საკითხში ოპტიმალური ვარიანტის ძიებასა და შემუშავებას.როგორც ვიცით, დღევანდელ ქართველებში ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევარი ორ რელიგიას ჰყავს: მართლმადიდებლობასა და ისლამს. დავიწყოთ სუნიტი ქართველებით. მათი დიდი ნაწილი ძირითადად ქართულ ისტორიულ ტერიტორიებზე სახლობს დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოში. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რიცხვი რამდენიმე მილიონია. ქართველ მაჰმადიანთა მცირე ნაწილი აჭარაშიც სახლობს, ასევე აზერბაიჯანში (საინგილოში). ეს უკანასკნელნიც ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე, ჰერეთში ცხოვრობენ.


უნდა აღინიშნოს ირანში მცხოვრები შიიტი ქართველობაც, რომელთა რიცხვი, სხვადასხვა მონაცემებით, ოცდაათი ათასიდან ასი ათასამდეა. ისინი უდიდესი სიყვარულით შეხვდნენ ირანში სტუმრად მყოფ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქს ილია II-ს და თვითმხილველთა თქმით, მათი ქართველი მოლებიც კი ცრემლმორეულნი ხელებსა და სამოსის კალთებს უკოცდნიდნენ უძვირფასეს ქართველს. 

ქართველი მუსულმანებით დასახლებულ ქართულ ტერიტორიებს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სამაჰმადიანო საქართველოს უწოდებდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მარტო რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას არ მოუხუდენია. მისი პარტნიორი ამ საქმეში თურქეთი გახლდათ. 


თურქეთმა რელიგიური და შემდგომ მოქალაქეობრივი ნიშნით გააერთიანა თავისი ქვეშევრდომები. თურქეთში ადამიანის, მოქალაქის ეროვნება არსად აღინიშნება. სინამდვილეში ეს მხოლოდ პოლიტიკაა, თუმცა შესაძლოა უპერსპექტივო (ქურთების გამოსვლები, ევროკავშირის მოთხოვნები და სხვა). ასე რომ, თურქეთს სახელმწიფო ნაციის პოლიტიკამ ვერ უშველა. ვფიქრობ, დროის მოთხოვნის შესაბამისად, თურქეთს მინიმუმ მოუწევს დემოკრატიის განვითარება და თავის ფარგლებში მოქცეული სხვა ცივილიზაციების ნაწილებისათვის უფლებების მიცემა... შესაძლებელია, თურქეთს უფრო მეტის დათმობაც მოუწიოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი დღეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა (ის რომ თურქეთი ცდილობს თავისი ეკონიმიკური და პოლიტიკური ინტერესები გაატაროს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენც უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესები გავატაროთ თურქეთში და რაც მთავარია - დავიცვათ აქ. ასეთი სახელმწიფოთა მეგობრობისა და ურთიერთობის ფორმა, და ამ ფორმებს ვერავინ შეცვლის, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.


ქართველი მართლმადიდებლები ვსახლობთ მეორე საშინელი იმპერიის, რუსეთის გავლენის სფეროში, ასევე ქართულ მიწა-წყალზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორი ანექსიის შედეგად მეოცე საუკუნეში - 1921 წელს და 1992- 2008 წლებში რუსეთის იმპერიამ იარაღით დაიკავა ჩვენი ტერიტორიების 20%. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული სუვერენიტეტი გვაქვს. ამასთან, პოლიტიკის გონივრულად დაგეგმარების შემთხვევაში, საქართველოს სუვერენიტეტი გაიზრდება (გეოკუპაცია, ეკონომიკის გაჯანსაღება და ა. შ.). მომავალში მოდერნიზების გზაზე დამდგარი რუსული იმპერია (დსთ და რფ) დიდი პრობლემების წინაშე დადგება, განსაკუთრებით კავკასიაში და დაპყრობილი ხალხები თავისუფლებას მიიღებენ...


 მსოფლიოში ხშირად ხდება ტერიტორიათა ხელახალი გადანაწილება.. 


ჩვენ, ქართველები ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად, ვისარგებლოთ ღვთის წყალობით და აღვადგინოთ დიდი საქართველო.

ზოგიერთს ჩემი ნა

თქვამი, შესაძლოა, რომანტიულადაც მოეჩვენოს, მაგრამ არა უშავს, ღვთის წყალობით, იმედიანები მრავლად არიან ქართველთა შორის. ასე რომ, შევუდგეთ მზადებას. ერთიანი ქართული სხეულის აღდგენა, დიდი საქართველოს აღდგენა თითოეული ქართველის მიზანი უნდა იყოს!   


ამასთან, ქართველობა, გარკვეულ წილად, რომანტიულობასაც ნიშნავს, აქტიურ (ოპტიმისტურ) რომანტიულობას. გავიხსენოთ ისტორია: დაშლილ, დაქუცმაცებულ, დასუსტებულ, გაპარტახებულ საქართველოში მხოლოდ აქტიურ რომანტიკოსებს შეეძლოთ  ტახტიდან გადაეყენებინათ ფარცხისის ომის გმირი მეფე გიორგი II და ტახტზე აეყვანათ 16 წლის ყმაწვილი დავით IV, რომელმაც მართლაც სასწაული მოახდინა თავის თანამოაზრეებთან ერთად და აღაშენა საქართველო ნიკოფსიიდგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე. რაც ყოფილა, ისევ იქნება, რაც შეგვძლებია, ისევ ძალგვიძს.


იმ დიდი მიზნის აღსრულებისათვის, რასაც დიდი საქართველოს აღდგენა და კავკასიასა და წინა აზიაში მისი ლიდერობა ჰქვია, სხვა ფაქტორებთან ერთად, საჭიროა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ქართველთათვის შეთავსებადობის ისეთი იდეოლოგიისა და მექანიზმების შექმნა-შემუშავება (თუ აღდგენა), რომელიც შეგვაძლებინებს ჩვენი დიდი მიზნის განხორციელებას, მანამდე კი აგვაცილებს მრავალ ხიფათს, რომლებიც დღეს ემუქრება ქართველობას სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან.

ასე რომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და თვალსაწიერის გაფართოებაა საჭირო ჩვენთვის, თითოეული ქართველისათვის, მით უმეტეს, მათთვის, ვინც პოლიტიკოსობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმას, ვისაც ეროვნულობის, ნაციონალისტობის პრეტენზია აქვს.


ნაციონალიზმი, მამულიშვილობა მარტო დამპყრობლების, მოღალატეებისა და პროვინციელი კოსმოპოლიტების სიძულვილი არაა.  


 ნაციონალიზმი არის მწყობრი სისტემა, ჩამოყალიბებული კონცეფცია, რომელიც მოდის წარსულის საფუძვლებიდან, ითვალისწინებს აწმყოს სინამდვილეს, რეალობას და, რაც მთავარია,  რომელშიც კარგადაა გააზრებული მომავლის პერსპექტივა.  


ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სამაჰმადიანოს ქართველებმა ზოგ საკითხებში ჩვენზე, სხვა ქართველებზე მეტად გამოიჩინეს ვაჟკაცობა და ქართველობა, რომ მათი ცხოვრების წესში, ხშირად უფრო მეტია ზნეობა და, უნდა ითქვას, გულწრფელად ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაც, ვიდრე ჩვენში, სადაც უმრავლესობა ფორმალური მორწმუნეა, ფორმალური ქრისტეანია და სანთლის დანთება ჰგონია მართლმადიდებლობა.  


ჩემი აზრით, მართლმადიდებლობა უკვდავების წყაროა, როგორც პიროვნებისათვის, ასევე ნაციისათვის. რასაკვირველია, ასევეა ცივილიზაცისათვის.   


 ჩვენი ქართული ცივილიზაციის გადარჩენის, არსებობის უმთავრესი ფაქტორი, ვფიქრობ, არის მართლმადიდებლობა და საქართველოს მისია. ქართულ ცივილიზაციაში იგულისხმება სრულიად კავკასია წინა აზიისა და მცირე აზიის ნაწილებითურთ და ერებითურთ, რომელთაგან ყველა, მათ შორის, ჩვენი მორწმუნე იბერიულ-კავკასიური და ასევე არამონათესავე, ისტორიულად, გეოპოლიტიკურად და ჩვენთან საერთო ბედისწერით დაკავშირებული ხალხები, წარმოვადგენთ ერთ ცივილიზაციას, რომელსაც მიუხედავად კავკასიის ერთა უდიდესი ნაწილის არაქრისტიანობისა, ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად ქრისტიანობა აქვს, ვინაიდან საქართველო არის კავკასიის მეტრო

პოლია.  


როგორც ზემოთ ვამბობდი, ცივილიზაცია ტერიტორიის (მოსახლეობითურთ) დაკარგვის შემთხვევაში აამოქმედებს ხოლმე ფარულ ფაქტორებს (რასიულ, გენეტიკურ და სხვა) და მერე დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.თუ გამოვაცხადებთ, რომ ჩვენი ეროვნულობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა (და არა ნიშანი) მართლმადიდებლობა, მაშინ ოთხი მილიონი ვყოფილვართ შესაბამისი დემოგრაფიული პირობებით. (და, შესაძლოა, "ბალკანიზაციის" პერსპექტივითაც), ხოლო თუ ჩვენი ეროვნულობის პირობაა საერთო მსოფლმიმართება (მიმართება უფალთან, სამყაროსთან, ბუნებასთან, ეროვნებასთან, მოყვასთან; წესი, ჩვეულება, ზნეობა), მაშინ ოთხ მილიონზე გაცილებით მეტი ვყოფილვართ შესაბამისი დემოგრაფიული პირობებითა და პერსპექტივებით, ასევე ტერიტორიით.


მოკლედ, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, მათ შორის მილიონობით ქართველის განცდა, ტკივილი, ხელი არ უნდა ვკრათ მათ. ჩვენ არა გვაქვს უფლება ფუნდამენტალისტური დოგმები პოლიტიკად ვაქციოთ, უფრო სწორად, ჩვენთვის ანტიპოლიტიკად.დღევანდელ თურქეთის სახელმწიფოში ცხოვრობენ ჩემი მოგვარეებიც, მაჰმადიანი მამალაძეები. მათ შორის, ჩემი ხნის მამაკაცებიც არიან. რითი შეიძლება მე მათ ვჯობდე? ისინი ისეთივე სისხლის არიან, როგორც მე, ჩემი გვარისა და ჯიშის და, შესაძლოა, ჩემზე მეტიც ჰქონდეთ სიყვარულისა და სიკეთის ნიჭი. ოღონდ ეგაა, ისინი იქ დაიბადნენ, მე აქ, ქრისტიანულ ოჯახში, ეს კი სულაც არ არის ჩემი დამსახურება.


ისტორია ვინც იცის, დამეთანხმება, რომ ქართველთა ნაწილის მუსულმანობა ან კათოლიკობა ისტორიული პროცესების შედეგია და ისინი, თუმცა სხვა ცივილიზაციის რელიგიის აღმსარებლები არიან, მათი რწმენა ტრადიციონალისტურ საფუძვლებზეა დამყარებული და ზოგადად ანტიცივილიზაციური არ არის, როგორც სექტანტობა. მით უმეტეს, მათი ცხოვრების წესში, მათ ტრადიციონალიზმში უამრავია მხოლოდ ქართული ცივილიზაციისათვის ქვეცნობიერი მახასიათებლები. 


იდეურად ქართველობა მარადიული რაობაა, რომელსაც  აქვს თავისი მეტაფიზიკური და ფიზიკური გამოვლინებანი. ქართული სული არის განსაკუთრებული მისიის (ფუნქცის) მატარებელი, რომლის განხორციელებისათვის, აღსრულებისათვის მას სჭირდება თავისი ფიზიკური გამოვლინების, სხეულის (ხალხის) არსებობა და ერთიანობა.  


 როგორც ადამიანის შუაზე გაკვეთილი სხეული ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ასევე ნებისმიერი მიზეზით ერის შუაზე გახლეჩილი სხეული, ორად გაყოფილი ხალხი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას, ანუ არ აღსრულდება მისია. ეს კი კვდომის საფუძველია.


როდესაც ერთიანი ხალხის ერთიანი სხეული ასრულებს თავის ფუნქციას, ანუ როცა აღსრულებადია მისია, მაშინ სხეულის ყოველი მიკრონაწილი, ყოველი ადამიანი, ინდივიდი მაქსიმალურად ახერხებს პირადი ფუნქციის შესრულებას, პირადი მცირე მისიის აღსრულებას და სულიერობის თვალსაზრისით ეძლევა შესაძლებლობა მაქსიმალური გამოვლენისა, მოვალეობის შესრულებისა.


ხოლო თუ ხალხი ვერ ასრულებს ფუნქციას, ანუ არ ღსრულდება ერის მისია, ხალხის მიკრონაწილებს, ადამიანებს, ინდივიდებს აკლდებათ, უმცირდებათ საშუალება საკუთარის გამოვლინებისა, პირადი ფუნქციის შესრულებისა, ანუ მცირე მისიის აღსრულებისა, რაც საწინდარია ცოდვის მრავლობის, ეგოიზმის, სულიერი განვითარების გზათა გამრუდებისა, საბოლოო ჯამში, მართალია, არა ყველასი, მაგრამ მრავალთა ტანჯვისა.


როგორც ვთქვით, ერის სულიერი მისიის აღსრულების, ანუ ფუნქციის შესრულების აუცილებელი პირობაა სხეულის (ხალხის) ერთიანობა. ამას ყოველივეს სჭირდება ხელისშემშლელი ფაქტორების, ხელისშემშლელი იდეების (იდეოლოგიის) განადგურება, ანუ კვდომის საშიროების მოსპობა და სიცოცხლის წყაროს, ერთიანობის იდეის (იდეოლოგიის) არსებობა.


გამაერთიანებელი იდეის ფორმულირებას, იდეოლოგიურად გადმოცემას, განმარტებას და მის მოქმედებაში მოყვანას (განხორციელებას) თუ რა დაერქმევა სახელად, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი არის ჭეშმარიტების ის გზა, რომელზეც უნდა გაიყვანოს იდეამ (იდეოლოგიამ) ქართველი ხალხი მასზედ ღვთის მიერ დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად, ანუ ქართველი ერის სულიერი მისიის აღსასრულებლად.


ქართველების მსოფლმხედველობა იმთავითვე, უუძველესი ხანიდან, მითოსური ხანიდან მზად იყო და ატარებდა შეგნებას ერის სულიერი მისიისა. ხალხის ერთიანობის შენარჩუნებისათვის, რათა განხორციელებულიყო ფუნქცია, იმთავითვე საჭირო იყო რაღაც ინსტიტუტი. ზუსტად ამიტომაა "ქართლის ცხოვრებაში" ქართველების წინაპრები თაგამოსი, ქართლოსი წარმოდგენილი უმაღლეს რანგში, ხოლო სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე ფარნავაზი კი კეთილმსახურ მეფედაა წარმოდგენილი.


ქართული მსოფლმხედველობა მარად თანმდევი იყო ჩვენი არსებობისა და განმსაზღვრელიც (გენთან ერთად). დროისა და ვითარების შესაბამისად, წინსვლის შესაბამისად, მას სარწმუნოებრივი საფუძვლებიც გააჩნდა და ეცვლებოდა.


ყოველ დროში ერის არსებობისათვის და ერთიანობისათვის (მისიის შეგნებით) ჩვენი წინაპრების მიერ იქმნებოდა არსებული ვითარების შესაბამისი კონცეფცია, ეროვნული და სახელმწიფოებრივი. წარმართული ხანის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფრაგმენტები წერილობით წყაროებში შემონახული არის.


მაგალითად, "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთა მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან"... "ამან (ფანავაზ) განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა" ("ფარნავაზის ცხოვრება").


ქართული მსოფლმიმართების გამომხატველი ქართული წარმართული რელიგია, რომელმაც საკმაოდ დიდი კულტურული მონაპოვარი დაახვედრა ქრისტიანობას და რომელიც  ჰუმანური, ადამიანური თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებოდა სხვათა რელიგიებს, შეცვალა ქრისტიანობამ, რომელსაც თავისი არსებობა "სიპ ქვაზე" არ დაუწყია. მან კარგად გაითავისა ქართული მსოფლმიმართება და სწორედ ამიტომაც დამკვიდრდა იგი ჩვენში და სწორედ ამიტომაც დამკვიდრდა მართლმადიდებლობის სახით. წარმართობის არსებობას საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ჰქონდა თავისი ტრადიციული საფუძვლები და მისი წილიც არსებობს ქართულ კულტურაში, განსაკუთრებით ფოლკლორში.


თემას ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ქართველი მწერლები ხანდახან გამოიყენებდნენ ქართული წარმართული პანთეონის სახელებს თავიანთ შემოქმედებაში ბერძნულ-რომაულის ნაცვლად. ეს უფრო კარგად გააცნობს მკითხველს ჩვენს კულტურას.


ქართული მსოფლმიმართება შემორჩენილია და საკმაოდ მტკიცეა ქართველ მაჰმადიანებში, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ და მეტს აღარ გავაგრძელებ.უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი სარწმუნოების მიმდევარი ქართველებიც - კათოლიკე ქართველები. როგორც ვთქვით, კათოლიციზმის არსებობას ჩვენში, ისევე როგორც მართლმადიდებლობისა და ისლამისა, ისტორიულ-ტრადიციული საფუძვლები აქვს, თუმცა სხვადასხვა, მაგრამ მაინც. კათოლიკენი არცთუ მრავლად არიან ქართველთა შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათაც დიდი მოფრთხილება სჭირდება. ქართული მსოფლმიმართება მათში ყოველთვის წამყვანი იყო და ამის დასტურია მრავალი ქართველი კათოლიკეს ცხოვრება.


როგორც მოგახსენებდით, ქართველობა ყოველი დროისათვის შესაბამის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას ქმნიდა. ამოსავალი ფორმულაც, შესაბამისად, იცვლებოდა მხოლოდ ფორმით, შინაარსი (არსი) მისი ყოველთვის ერთი რჩებოდა.


გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამედროვეების მიერ შემუშავებული იყო შემდეგი კონცეფცია: "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღრაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". 


ბაგრატ III-ის დროინდელია: "დაპყრობა ყოვლისა კავკასიისა თვთმპყრბელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე".


დავით IV აღმშენებლისეული: "ნიკოფსიიდგან დარუბანდისა ზღუადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე";


თამარისეული: "ზღვით პონტოსით ზღვამდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკვითამდის", ანუ "თვითმპყრობელობა ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა და ჩრდილოეთისა";


გიორგი ბრწყინვალის დროს, როცა სახელმწიფოს გაერთიანება, აღდგენა (რესტავრაცია) იყო საჭირო, სამოქმედო კონცეფცია ასეთი გახლდათ: "ყოველგნით უცილობლად ქონებასა შინა სამეფოჲსა ჩვენისასა და უცილობლად პყრობასა ტახტისა და სკიპტრისასა ვიყავნით".


ეს რაც შეეხება სახელმწიფოებრივ კონცეფციებს, ფორმულებს. იყო ამის იდეოლოგიური საფუძვლები, ანუ ეროვნულ-მესიანისტური იდეოლოგია. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელის მიე

რ ბაგრატოვანთა "უფლის მიერ შვილად" ცნობა, გამოცხადება, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" (იოანე ზოსიმე), შემდეგ "(დავით ხარ) კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის, ბუნებითი ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის" (არსენ ბერი დავით აღმაშენებლის შესახებ), თამარის გამოცხადება "სამებისაგან ოთხად თანააღზევებულად". ("ისტორიანი და აზმანის" უცნობი ავტორი) და სხვა მრავალი (ამ თემის შესახებ უფრო დაწვრილებით სხვა დროს).


მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამებრძოლების მიერ ერთიანობის იდეამ მიიღო შემდეგი ფორმულირება "ენა, მამული, სარწმუნოება", ხოლო სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რეალიზმიდან გამომდინარე, ავტონომიის ფარგლებში ჩაჯდა, თუმცა სრულ დამოუკიდებლობაზე ფიქრი არ შეწყვეტილა და პერსპექტივიდან იგი არ გამორიცხულა: "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოს". აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიასეულ სამ პოსტულატს - ენა, მამული, სარწმინოება", დღეისათვის აქტუალურია და აუცილებლად უნდა დაემატოს - ოჯახი, გვარი, ერი (ამაზე იხილეთ ჩემი წერილი "ქართული ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები").


მეოცე საუკუნის მეორე ათასწლეულში ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის ეროვნულ-სოციალისტურ-დემოკრატიული კონცეფცია, უფრო სწორად, გაიმარჯვა ამ კონცეფციამ, რადგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში სოციალ-დემოკრატები იყვნენ. არსებობდა არასწორი, დანაშაულებრივი ბოლშევიკური კონცეფციაც, რომელიც მშვენივრად გამოიყენეს რუსებმა თავისი მიზნებისათვის, ხოლო მისი ავტორები კი მოიშორეს მას მერე, რაც ეს უკანასკნელნი მიხვდნენ, რომ დააშავეს (ე. წ. ნაციონალ-უკლონისტები).


ასე რომ, არასწორი, გაუმართლებელი კონცეფციის ფორმულის ავტორობა დანაშაულია. ეს ყველამ გაითავისოს, განსაკუთრებით მსოფლიო მოდას აყოლილებმა.


მეოცე საუკუნის უკანასკნელ ოცწლეულში ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ შექმნეს ნაციონალ-დემოკრატიული კონცეფცია. თუმცა, ზ. გამსახურდია თავის იდეოლოგიას ხანდახან ქრისტიანულ-დემოკრატიულს უწოდებდა.


აღნიშნულ კონცეფციაში (იდეოლოგიაში მთლიანად) ეროვნული ელემენტები გადაჭარბებულად მოეჩვენა ზოგიერთ პროვინციელ-ინტერნაციონალისტს და ნებსით თუ უნებლიედ გაიმეორა ე. წ. ნაციონალ-უკლონისტების შეცდომა.


აბსურდამდე არ უნდა მივიდეთ იდეოლოგიური მზადებისა და ეკუმენისტები (მით უმეტეს, პანეკუმენისტები) არ უნდა გავხდეთ და არ უნდა დავიწყოთ ასეთი რამის ქადაგება. არ უნდა მოვითმინოთ აგრეთვე ისეთი სექტების არსებობა, მით უმეტეს, პროპაგანდა, რომლებიც ხელს უშლიან ქართველთა ერთიანობას, ზნეობრიობას, ადამიანის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ წესრიგს...


რადიკალური სექტანტობის არსებობას საქართველოში არც ისტორიული და არც ტრადიციული საფუძვლები არ გააჩნია. სხვათა შორის, მათ არსებობას არც პერსპექტივა აქვს.


დღეს ეს არადემოკრატიული სექტები ზიანს აყენებენ ჩვენი ეროვნული სხეულის ისედაც სუსტ მთლიანობას, ასუსტებენ ეროვნულ სულს. ეჭვგარეშეა, ისინი განგებაა ჩვენში ჩამოთესლილი მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ, რომელთაც სურთ ქართველი ერის დასუსტება, დაშლა-დანაკუწება, საკუთარ პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების რეალიზაცია და იქნება ჩვენი გასაგისის მოსპობაც. ამ სექტებს აქვთ დიდი თანხები, ბეჭდვითი და ტელე-ვიდეო საშუალებანი, რითაც ბოლშევიკთა მიერ შემზადებულ ნოყიერ ნიადაგზე, რომელსაც ხელს უწყობს ხელისუფლების უვარგისობა, საკმაოდ გაიდგეს ფესვები.  საქართველოში ქართული ეროვნული სულისა და დემოკრატიის საზიანო ყველა სექტის არსებობა და მით უმეტეს, პროპაგანდა, უნდა აიკრძალოს. ამისათვის და კიდევ სხვა პრობლემებისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც გამოწვლილვით შეისწავლის ყოველი სექტის არსებობის მიზეზებს, ფინანსურ და სხვა საქმიანობას. 


აღმსარებლობას ჩვენ არავის ვუკრძალავთ, დანაშაულის პროპაგანდას - კი. ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, სხვაგვარად ამ სენის მოცილება შეუძლებელია. რამეთუ ისინი (სექტების უმრავლესობა) მოქმედებენ ადამიანთა ყველაზე მდაბალ ინსტინქტებზე, ქადაგებენ, აღვივებენ ეგოიზმს, ნიჰილიზმს, ჰომოსექსუალიზმს, ბისექსუალიზმს, მხეცური ინსტინქტების პრიმატს და სხვა მრავალ უბედურებას. ამ პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს საქართველოში მართლმადიდებლობის  სახელმწიფო რელიგიად აღდგენა.

 

ქართული ეროვნული  იდეოლოგია არის ეროვნული იდეის (ერთობის იდეის), ღვთისა და ისტორიის წინაშე ქართველი ერის ვალდებულება  - დანიშნულების (მისიის, ფუნქციის) შეგნება, ანუ ქართული მესიანისტური იდეა (იდეოლოგია), რომელიც მუდამ ეფუძნებოდა წარსულის გენეტიკურ ხსოვნას, წარსულიდან და რწმენიდან გამომდინარე დანიშნულების ცოდნას, ოპტიმიზმს, მსოფლმხედველობასა და სულიერ ტრადიციებს.  


იგი ამ სახით ჩამოყალიბდა ძირითადად საეკლესიო წრეებში და ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა ისტორიული წყაროებითა და ზეპირი გადმოცემების მეშვეობით. მეოცე საუკუნის უკანასკნელ ოცწლეულში ამ იდეოლოგიის თანამედროვე განმარტება და აწმყოს სინამდვილესთან მისი მიმართება შემოგვთავაზეს ზ. გამსახურდიამ ("საქართველოს სულიერი მისია"), მ. კოსტავამ ("ფიქრები საქართველოს მისიაზე" (ვგულისხმობ ამ წიგნის მხოლოდ დასაწყისს) და ა. ბაქრაძემ ("დავიწყებული იდეა").


მათ მიერ წარმოდგენილი იდეოლოგიური განმარტებანი მისაღებია ნებისმიერი აღმსარებლობის პატიოსანი, პატრიოტი ქართველისათვის. საყრდენი წერტილი ამ იდეოლოგიისა, მისი პირველადი იდეა, ეროვნული იდეა, ერთობის იდეა, ზუსტად რომ ვთქვათ, ფორმულირება მისი, ერთობის ფორმულის საფუძველი გამოუთქვამს როგორც ზემოთაღნიშნულ სამ პიროვნებას, ასევე სხვებსაც. მაგალითად, ზ. გამსახურდიას "მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესანსის კავშირისადმი" (ეს ერთ დროს ქართველ ნაციონალისტთა ერთობის სახელწოდება იყო, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორი ხელმძღვანელობდა).


ამ მიმართვაში გატარებულია აზრი, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებმა არ უნდა ჩავიდინოთ სავალალო შეცდომა და ნებსით თუ უნებლიედ ხელი არ უნდა ვკრათ მაჰმადიან ქართველებს და რომ ჩვენი ერთობის საფუძველია ჩვენი წარმომავლობა.


ვინაიდან ჩვენც ვგრძნობთ წამოჭრილი საკითხის სიფაქიზეს, აქტუალობასა და განსაკუთრებულობას, შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა პრობლემა, ყველა შესაძლო პირობა დღევანდელობისა და მომავლისა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა უნდა გამოვიდეს ეროვნული იდეის, ერთობის იდეის შემდეგი ფორმულირებით (ფორმულით):  ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე, დღეს და მომავალშიც, ქართველთა ერთობა და სახელმწიფოებრიობა უნდა დაეფუძნოს წარმოშობის (გენის), მსოფლმიმართების, კულტურის ერთიანობისა და საერთო ბედის შეგნებას.   


ქართული ნაციონალისტური მოძრაობა მთლიანობის, ერთობის მოძრაობაა. ამ საკითხში გამონაკლისი აკრძალულია, ამ საკითხში პრივილეგია აკრძალულია და ამ საკითხში შეცდომა აკრძალულია.


ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ როგორც ივერიის სამოციქულო ეკლესიას, თითოეულ ქრისტიანს, ასევე ქართველ მაჰმადიანებსა და მთელს სამაჰმადინო საქართველოს (საინტერესო ფაქტი: 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა აჭარის წარმომადგენელთა ყრილობა, მემედ აბაშიძისა და ოლქის ქართველ-მაჰმადიანთა საზოგადოების ინიციატივით. დადგენილება აცხადებდა: “ბათუმის ოლქის მუსულმანები მათი სისხლის, ენის, კულტურისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით ქართველები არიან”).


თითოეული ქართველის სულიერი ღირებულებანი იმდენად ძვირფასი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ნებისმიერისაგან ნებისმიერის თვით უმცირესი შეურაცხყოფაც კი მკაცრად უნდა ისჯებოდეს კანონით.


ადამიანი მართალი უნდა იყოს ღმერთთან. ეს ძალზედ სუბიექტური რამაა, ამ საკითხში ობიექტურობის განსაზღვრა კაცთ არ ძალუძს. ასე რომ, აღმსარებლობა ყოველი ინდივიდის პირადი საქმეა. რაც შეეხება ადამიანის მართლობას ერის წინაშე, ამის განსაზღვრა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ობიექტურად და, გარკვეულწილად, აუცილებელიც, რამეთუ ერის არსებობა ღვთის ნებაა და ერს (აქ ქართველს) აქვს ღვთის მიერ დაკისრებული მისიის აღსრულების დანიშნულება-ვალდებულება, ხოლო ყოველი შვილი ერისა მოწოდებულია, მოვალეა, თავისი წილი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში (მცირე მისია, ინდივიდის ფუნქცია).


სწორედ ამიტომ ჩვენთვის უმთავრესია ადამიანის მიერ ეროვნულობის გამოვლინება. ეს უკვე ღვთის სამსახურიცაა. ხოლო ღვთის სიყვარულში მთლიანად რამდენად სუფთაა თითოეული ქართველი პიროვნულად და რამდენად ჭეშმარიტია მისი გზა - ამას ჩვენ ვერა, ამას უზენაესი განსჯის. 


 საქართველო ჩვენია!                

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq