ამილახვართა მძიმე ჯვარი 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი ”მონანიება”. თუ რა თავგადასავლები და სირთულეები ახლდა თან ამ ნაწარმოებს, საყოველთაოდ ცნობილია და მათზე ახლა არ შევჩერდებით. მხოლოდ ერთ დეტალზე მივაპყრობთ მკითხველის ყურადღებას, რომელიც ერთ-ერთ მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მრავალი წლის შემდეგ იხსენებს “forum.ge”-ს საიტზე: ”რა თქმა უნდა ”მონანიება'' აკრძალული იყო. ვიდეოთი ვრცელდებოდა, მაგრამ მალე ''პერესტროიკამ'' მოუსწრო და ეკრანზე გამოვიდა. ჩემთვის ამ ფილმის აფიშის დანახვა უდიდესი შოკი იყო. პირველივე სეანსზე შევედი (დილის 11 საათზე) - ალბათ სხვა ფილმი თუა, ვფიქრობდი. მერე სულ ვიძახდი: აი, ის სცენა ამოჭრილი იქნება-მეთქი... მაგრამ შევცდი. ძირითადად იგივე ვერსია გაუშვეს, რაც ვიდეოთო მქონდა ნანახი. მარტო ერთი განსხვავება აღმოვაჩინე - ვიდეო ვერსიაში იყო: ”ყველა ამილახვარი მოვიყვანე'', ხოლო კინოში: ''ყველა დარბაისელი მოვიყვანე''. ეპიზოდი, რომელსაც მკითხველი იხსენებს, ეხებოდა ამილახვრების ერთიანად ამოწყვეტის ფაქტს, რისი პატივიც ქართველმა ბოლშევიკებმა ამ გვარს დასდეს მისი დიდიან-პატარიანად დიდი და მხურვალე მამულიშვილობის გამო! ამიტომაც იყო, რომ ეს სცენა არ გამოეპარა ჩეკისტის მოდარაჯე თვალს და, როგორც რეჟისორის თანაშემწე ნანა ჯანელიძე იგონებს, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის წინ, საპრემიერო გასინჯვისას, მაშინდელ უმაღლეს პარტიულ მოხელეს, ”ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა სამი შენიშვნა. ერთს ვერაფრით ვიხსენებ, მეორე იყო ის, რომ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი, საბარგო მანქანით მიიყვანეს ამილახვრები დასახვრეტად. რადგან ამილახვარი კონკრეტული გვარი იყო, მან გვითხრა, ეს ამოიღეთ და რომელიმე სხვა გვარი ახსენეთო. ჩვენ მაშინ ჩავწერეთ დარბაისელი, მაგრამ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ეს რეალური გვარია” (”open.ge”). ასე სურდათ პარტიულ ფუნქციონერებს თავიანთი წარსულის გადაკეთება, რათა იმ ავკაცობის კვალი დაეფარათ, რომლის თაობაზეც ლევან ღოღობერიძემ გააცხადა დაუფარავად: ”საქართველოში თავად-აზნაურობა მოსახლეობის 6 პროცენტს შეადგენს. ეს წარმოუდგენელი პროცენტია, რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ გვხვდება. თვით პოლონეთში - ”პანების” ქვეყანაშიც კი, თავად-ზანაურთა რიცხვი 4 პროცენტამდეა. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს პროცენტი”. ამილახვრების გვარი უნდა გაენადგურებინათ მისაფუძვლამდე და ეს ამოცანა წარმატებით განახორციელეს. გასაკვირი არ არის, რომ მთელი გაბოროტებით ებრძოდნენ იმ გვარს, რომელსაც სათავე დაუდო წმინდანმა. ეს გახლდათ წმიდა იოთამ ზედგინიძე, რომელმაც მეფის ერთგულებით მოიპოვა ქართველთა სამაგალითო გმირის სახელი. გადმოცემის თანახმად, მან შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. იოთამმა შესთავაზა გიორგი VIII-ს, რომ ღამით თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო თუ მოკლავდნენ, არ დაევიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგინიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟს „მიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურავობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათვის მამისა მისისა“. მომავალში ამ ისტორიულმა ფაქტმა საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა და ამილახვრების ერთ-ერთ გერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული, რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნეებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი - ამილახვრებად. რაც შეეხება ცნობებს თვით ზედგინიძეთა უძველეს გენეალოგიაზე, იოანე ბატონიშვილის ცნობით, ძვ. წ. 65 წელს, პომპეუსის ქართლში ლაშქრობისას, მას თან ახლდა რომაელი მხედარი, რომელმაც ქართლში დარჩენა განიზრახა და მისმა შთამომავლებმა, ზედგნიძეთა გვარით მოიპოვეს თავადის ტიტული მე-XI საუკუნეში. ამის შესახებ იგი წერს: „ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თვისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ”. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები. ამილახვართა გვარმა, იოთამ ზედგინიძის გარდა, ქვეყნისათვის თავდადებული არაერთი მამულიშვილი მისცა სამშობლოს: პაპუნა ამილახვარი — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მარაბდის ომის გმირი; იასე ამილახვარი — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თავი გამოიჩინა ლეკებთან ბრძოლაში; ალექსანდრე ამილახვარი - პოლიტიკური მოღვაწე, „გეორგიანული ისტორიის“ ავტორი, პაატა ბატონიშვილის შეთქმულების წევრი; დიმიტრი ამილახვარი — საფრანგეთის არმიის ოფიცერი, "საპატიო ლეგიონის” ორდენის კავალერი... ამილახვრების გერბის შუა ნაწილში გამოსახულია, თუ როგორ მოკლეს შეთქმულებმა იოთამ ზედგენიძე. |